ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ნიშანი დემოკრატიაში: საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალ ქვეყნად რჩება
№7(91), 2007
ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ფრიდომ ჰაუსმა" 14 ივნისს სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა - "ქვეყნები გარდამავალ პერიოდში", სადაც საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა დემოკრატიების ხარისხია შეფასებული. საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერი სახის რეიტინგს დიდი ხმაურით მიესალმება და ფართოდ აშუქებს ხოლმე, თუკი მასში საქართველოს პოზიციები კარგად გამოიყურება. ამჯერად "ფრიდომ ჰაუსის" მიერ გამოქვეყნებულ "დემოკრატიის ხარისხის" შეფასების რეიტინგზე ოფიციალური რეაქცია იგვიანებს, ან საერთოდ არ იქნება, რადგანაც საქართველოს შეფასება კვლავ არცთუ სახარბიელოა - საქართველო ისევ "ნახევრად თავისუფალ ქვეყნად" რჩება. "ფრიდომ ჰაუსის" შეფასებებს მხოლოდ რამდენიმე ქართული გაზეთი გამოეხმაურა. მას რეაქცია ოპოზიციის მხრიდანაც მოჰყვება და მოხსენებას ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებებისათვის გამოიყენებს. თუმცა, უფრო მართებული იქნებოდა, რომ მოხსენებაში მოცემული შეფასებები სერიოზული ანალიზის საფუძველი გახდეს.

საქართველოს 2007 წლის "დემოკრატიის შეფასება" 4,68 ქულას შეადგენს. ესაა შეფასება 7-ქულიანი შკალით, სადაც 7 ქულა ნიშნავს სრულიად არათავისუფალს, 1 ქულა კი სრულიად თავისუფალს. ქვეყნები ძირითადად სამ ჯგუფად იყოფიან: თავისუფალი, ნახევრად თავისუფალი და არათავისუფალი. თავისუფალი ქვეყნების კატეგორია 3 ქულიდან დაბლა იწყება. როგორც ვხედავთ საქართველო კვლავ "ნახევრად თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიაში რჩება. არადა, თურმე, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამ ანგარიშის გამოქვეყნებას დიდი ინტერესით უცდიდა და მოელოდა, რომ საქართველოს თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდებოდა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს აღნიშნულ კატეგორიამდე ჯერ ბევრი უკლია.

ხელისუფლებაში ზოგიერთებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ "ფრიდომ ჰაუსის" ექსპერტებმა შეფასებებში შეცდომები დაუშვეს, ანდა ტენდენციურობა გამოიჩინეს, ოპოზიციაში პირიქით, საქართველოში დემოკრატიის დონის შეფასება გადამეტებულად შეიძლება მიიჩნიონ, რადგანაც ხელისუფლებას დიდი ხანია ბრალს სდებენ ავტორიტარული მმართველობის დამყარებაში.

დემოკრატიაში მიღებული საშუალო ქულა 7 სხვადასხვა კრიტერიუმით გამოითვლება, რომლებიც ასევე ცალ-ცალკე 7-ქულიანი სისტემით ფასდება. ესაა საარჩევნო პროცესები, მედიის დამოუკიდებლობა, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობები, კორუფციასთან ბრძოლა, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა, სასამართლოს მდგომარეობა. ამ შვიდი მაჩვენებლიდან საქართველოში პროგრესი დაფიქსირდა ოთხ კატეგორიაში: საარჩევნო პროცესის, მედიის თავისუფლების, ადგილობრივი დემოკრატიის და კორუფციის მდგომარეობის; დანარჩენ სამ კატეგორიაში კი შეფასებები არ შეცვლილა.

"ფრიდომ ჰაუსი" იმასაც აღნიშნავს, რომ დსთ-ის სივრცეში საქართველო ერთადერთია, რომლის დემოკრატიის ქულებიც ბოლო დროს გაუმჯობესდა. მაშინ როდესაც აშკარა უკუსვლა შეინიშნება საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანაში: რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და უკრაინაშიც კი. მაგალითად 2007 წელს სომხეთის დემოკრატიის ხარისხი შეფასებულია 5,21 ქულით, აზერბაიჯანის კი 6,00 ქულით. 2006 წელს ამ ქვეყნების მაჩვენებლები შესაბამისად 5,14-ს და 5,93-ს შეადგენდა.

მაშასადამე, საქართველოს სასარგებლოდ შეიძლება ითქვას, რომ მართალია ქვეყანა რჩება "ნახევრად დემოკრატიული" ქვეყნების კატეგორიაში, მაგრამ დემოკრატია პროგრესს განიცდის და წინ მიიწევს. დემოკრატიის მშენებლობა კი ადვილი საქმე არ არის,  თურქებს ან ჩინელებს სწრაფად რომ ააშენებინო ინვესტიციების მოზიდვის გზით.

შეიძლებოდა თავი დაგვემშვიდებინა მოხსენებაში დაფიქსირებული დემოკრატიის პროგრესით წინა წლებთან შედარებით, მაგრამ თუკი ამ საკითხს ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ საქართველოს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლებიც ჰქონდა - 4,17 ქულა 1999 წელს, 4,33 ქულა 2001 წელს, 4,58 ქულა 2002 წელს. როგორც ვხედავთ, დემოკრატიაში "ფრიდომ ჰაუსის" მიერ დაწერილი ქულები წლიდან წლამდე უარესდებოდა, მაგრამ მაინც უკეთესია 2007 წლის მაჩვენებელზე. წლევანდელი 4,68 ქულა პროგრესია 2003-2004 წლებში დაფიქსირებულ 4,83 და 2005 წელს დაფიქსირებულ 4,96 ქულასთან შედარებით. ანუ საქართველოში დემოკრატია "ერთ ადგილზე იტკეპნება" და პოსტსაბჭოთა პერიოდში თავისი საუკეთესო მაჩვენებლისათვის, რომელიც 1999 წელს დაფიქსირდა, ჯერ ვერ გადაუჭარბებია.

და მაინც რას ნიშნავს ქვეყნის მოქცევა "ნახევრად თავისუფალის" კატეგორიაში? მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ქვეყანა, რომელსაც ფორმალურად აქვს ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგრამ მათ ურთიერთდაბალანსებას და რაც მთავარია, რეალურ ფუნქციონირებას სერიოზული ხარვეზები ახასიათებს. ყველაზე დიდი ხარვეზი კი სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობაშია, რომელსაც თუ დღევანდელ ვითარებას გავითვალისწინებთ, ნაკლებად შეიძლება ეწოდოს "ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო". აქ 2006 და 2007  წელს საქართველოში არსებული მდგომარეობა 4,75 ქულით ფასდება, 2005 წელს კი საერთოდ 5,00 ქულა იყო.

ამ სფეროში არსებული მდგომარეობა 1999 და 2001 წლებში 4,00 ქულით იყო შეფასებული. ასე რომ, თუკი ხელისუფლება სათანადო ნებას გამოიჩენს, პროგრესი სასამართლო ხელისუფლების სფეროში მკვეთრად გააუმჯობესებს საქართველოს დემოკრატიულ რეიტინგს და შეიძლება "თავისუფალი ქვეყნების" კატეგორიაშიც გადაიყვანოს, რაც არცთუ ცუდი იქნება ქვეყნისათვის, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში შესვლას ესწრაფვის.

მალხაზ მაცაბერიძე