ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ფულის "გათეთრების" ხერხები და შემოსავლების ლეგალიზაცია
#6(90), 2007
ფულის "გათეთრება" (Money Laundering) - როგორც ცნება, პირველად 80-იან წლებში ამერიკაში ნარკობიზნესიდან მიღებული შემოსავლების დასაფიქსირებლად გამოიყენეს და არალეგალურად მიღებული ფულის ლეგალურად გარდაქმნის პროცესს ნიშნავს.
 
ფულის "გათეთრების" ხელშემწყობი ფაქტორებია:

1) მოსახლეობისა და ბიზნესის არაოფიციალური შემოსავლების მაღალი წილი, პარალელური ეკონომიკის, ანუ "შავი ბაზრის" არსებობა;

2) ფინანსური ინსტიტუტების მოღვაწეობაზე კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმების არასრულყოფილება. ფინანსური საქმიანობის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობა, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ;

3) კორუფციის გავრცელება სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელ, სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში;

4) ქვეყნის შიგნით "თავისუფალი ვაჭრობის ზონის" არსებობა, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტების ოპერაციების რეგულირებისა და კონტროლის შეღავათიანი უფლება მიენიჭა;

5) უცხოურ სამართალდამცავ ორგანოებთან ფინანსური ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, ან გაუვრცელებლობა;

6) ფინანსური და არაფინანსური ინსტიტუტების დაარსების არაადეკვატური პროცედურა, ქვეყნის გარეთ ფილიალების გახსნა, ფინანსური აქტიურობის ლიცენზირება კომპანიის რეალური მფლობელების (მესაკუთრეების) იდენტიფიკაციის აუცილებლობის გაუთვალისწინებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპანიის ფლობა შეიძლება განხორციელდეს დოკუმენტების ფორმალური გაფორმების გზით;

7) ფინანსური ოპერაციების საიდუმლოს დაცვის საკანონმდებლო წესით გამყარება, საფინანსო ოპერაციების განხორციელებაზე, აქტივების საკუთრებად გაფორმებაზე არასაკმარისი მოთხოვნების დაწესება;

8) ვალუტის გაცვლის ოპერაციებზე, აგრეთვე ნაღდი ფულადი სახსრების ბრუნვასთან დაკავშირებით რეგულირებაში შეცდომების დაშვება. საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად საწარმოების, ბანკების მიერ ოფშორული ზონების ფართოდ გამოყენება;

9) ანონიმური ფულადი ანგარიშების, ფინანსური ინსტრუმენტების არსებობა, აქციებისა და ობლიგაციების ჩათვლით, როცა ფულადი სახსრების მიღება დაშვებულია "წარმდგენის" მეშვეობით;

10) ფინანსური ინსტიტუტებისთვის ოქროს ზოდებით, ძვირფასი ქვებით, ლითონებით ვაჭრობის ნებართვის გაცემა საერთაშორისო ცენტრებში.

ფულის "გათეთრების" ხერხებია:

ნაღდი ფულის გატანა კურიერების მეშვეობით, ან მისი დამალვა გადასატან ტვირთში - შემდგომი რეპატრიაციის მიზნით უცხოური ბანკების მეშვეობით;

ფულადი სახსრების ანგარიშებზე გატარება, რომელიც მნიშვნელოვნად აჭარბებს კლიენტის ბიზნესში რეალურ შესაძლებლობებს;

ფულის სხვადასხვა პირთა მიერ მრავალჯერადი ჩარიცხვა ანგარიშზე დღის განმავლობაში;

ფინანსური ოპერაციების ჩატარება განსაკუთრებით დიდი მოცულობით მესამე პირთა სასარგებლოდ. კერძოდ, ფულის გადაცვლა განსაკუთრებულად დიდი ოდენობით;

უცხოურ ფირმებთან კონტრაქტების დადება სხვადასხვა საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების გასაწევად;

საფუძვლიანი მიზეზების გარეშე რამდენიმე ანგარიშის გახსნის მოთხოვნის წარდგენა სხვადასხვა საწყისი ნომრებით;

საკუთარ თავზე წინასწარი განზრახვით დამახინჯებული ცნობების წარდგენა, რომელთა შემოწმება შეუძლებელია;

დიდი თანხების ანგარიშზე ნაღდი ფულით ჩარიცხვა, რაც ბანკისთვის იმის მიმანიშნებელია, რომ კლიენტი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ეწევა;

ფიქტიური საიჯარო ხელშეკრულებების, ან ფიქტიური კონტრაქტების გაფორმება არარსებული საქონელის მიწოდებაზე;

ანგარიშების გახსნისას, ან ოპერაციების წარმართვისას, შეზღუდული დასწრება, ნდობით აღჭურვილი პირების დანიშვნის გზით, რომლებიც ანგარიშზე ფულის მართვას ბანკის თანამშრომლების მეშვეობით განახორციელებენ;

ფასიანი ქაღალდების შეძენა სხვა ბანკში გადაგზავნის მიზნით;

ფულის ნამდვილი წარმომავლობის დაფარვა (ანგარიშების გახსნა უცხოურ ბანკებში, ფულის განთავსება საინვესტიციო კომპანიებში, ფიქტიური კომპანიების ჩამოყალიბება, ფასიანი ქაღალდების, ანტიკვარიატის, უძრავი ქონების უცხოეთში შეძენა);

ნაღდი ფულის გადარიცხვა სხვა პირების მეშვეობით, თანხის მრავალ ნაწილად დაყოფის გზით.

შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებია:

საბანკო ჩეკების, აკრედიტივების, სხვა ფასიანი ქაღალდების შეძენა, საფოსტო და სატელეგრაფო ფულადი გადარიცხვების მრავალჯერ განხორციელება;

კორპორატიული ჩეკების დაფარვა კომერციულ საფინანსო დაწესებულებებში;

სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების განხორციელება იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ბიზნესით არ იყო დაკავებული;

პროფესიონალი ფინანსისტების, მათი ანგარიშების გამოყენება დამნაშავეების დავალებით აქციებისა და სხვა საკუთრების შესაძენად;

საბანკო გადარიცხვების წარმოება იმ ქვეყნების მეშვეობით, რომლებიც ცნობილნი არიან საბანკო კანონმდებლობის დაფარულობით;

ისეთი იატაკქვეშასაბანკო სისტემების გამოყენება, როგორებიცაა "ჰავალა" (ინდოეთი), "ფეი ჩენი" (ჩინეთი), "ჰუნდი" (პაკისტანი);

ინდივიდუალური ან კორპორატიული ანგარიშების მეშვეობით არა საქმიანი ოპერაციების წარმოება, არამედ კრიმინალური ფულის დროებით შენახვა;

ვალუტის გადამცვლელი მრავალი პუნქტის გამოყენება ნაღდი ფულის მნიშვნელოვანი ოდენობის კონვერტაციის მიზნით;

მრავალრიცხოვანი შენატანების არსებობა, რომელიც შეუთავსებელია იმ ტიპის ბიზნესთან, რითაც მეანაბრეა დაკავებული. აგრეთვე, ფულის ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვის სიმრავლე;

მრავალი "მიმდინარე" ანაბრის გამოყენება, რომელიც საშუალებას იძლევა ნაღდი ფულის გამოტანას დეკლარირების გარეშე (მაგალითად, რუსეთში ეს ზღვარი 10000 დოლარს უტოლდება);

"ფულის მომსახურე სპეციალური კომპანიების" მეშვეობით უცხოეთში ფულის დიდი ოდენობით გადაგზავნა;

"შუამავალი" კომპანიების, ან "ერთდღიანი" ფირმების გამოყენება, რომლებსაც ფილიალების ქსელი და საბანკო ანგარიშები უცხოეთში გააჩნიათ.

"ჭუჭყიანი" ფულის გათეთრების ხერხებია:

"სტრუქტურირება" - საფინანსო ოპერაციის ხელოვნური დაყოფა რამდენიმე ერთეულად, მცირე თანხებით. ამასთან, ფული იგზავნება არა მარტო საბანკო დაწესებულებების მეშვეობით, არამედ სხვადასხვა საფოსტო განყოფილებების, ლომბარდების, სხვა ორგანიზაციების დახმარებითაც. საბოლოოდ, თანხა გროვდება ერთ ან რამდენიმე ანგარიშზე და მთლიანად, უკვე კანონიერი მეთოდით იგზავნება სხვა ქვეყნის ბანკში. ფულის გადაგზავნის სხვა არაკანონიერი ხერხია ფულის კანონსაწინააღმდეგო კონვერტაცია.

ელექტრონული ან საკორესპონდენტო საბანკო ანგარიშების, ფასიანი ქაღალდების, საფინანსო შეთანხმებების გამოყენება, რომელიც არ უკავშირდება რეალურ საქონელს.

"ფიქტიური საწარმოების განშტოებული სისტემა" - როგორც წესი, ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაცია დაკარგული საბუთების, ან ნომინალური მფლობელების მეშვეობით წარმოებს. შემდგომში მზადდება დოკუმენტების სრული პაკეტი, რომელიც მიეწოდება საბანკო დაწესებულებას მიმდინარე ანგარიშის გასახსნელად. ფიქტიური საწარმოს მიერ გახსნილ ანგარიშზე გროვდება თანხები, რომელიც სხვა ფიქტიური ფირმის ანგარიშზე გადაირიცხება (ან იღებენ ჩეკის მეშვეობით ნაღდი ფულის სახით).

Fie chien, ანუ "ფულის ფრენა" - ჩინეთში არსებობს, რომელიც, ისევე როგორც hawala, დაფუძნებულია ნდობაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, ადგილობრივ სოციალურ სტრუქტურებზე, და აუცილებელ, დაუნდობელ ანგარიშსწორებაზე დაუწერელი წესების დარღვევის შემთხვევაში. ამ სისტემას სხვაგვარად "საბარათო სისტემას" უწოდებენ, რაც საშუალებას იძლევა ფული ჩააბარო იატაკქვეშეთში მოქმედ ბანკირს ერთ ქვეყანაში, ხოლო ფული მიიღო სხვა ქვეყანაში "ბარათის" - ე.წ. ჩეკის მეშვეობით. ფულის, განსაკუთრებით, "ჭუჭყიანის" გადაადგილების ეს ხერხი სწრაფია და მოხერხებული. ადამიანი თავისუფლდება ნაღდი ფულის ტრანსპორტირებისაგან, ტოვებს ნაკლებ კვალს და ხასიათდება ნაკლები დანახარჯებით, რომელის მხოლოდ ბანკირზე გაცემული საკომისიოთი შემოიფარგლება.

ვალუტის კონტრაბანდა: ნაღდი ფულის გადასატანად გამოიყენება სხვადასხვა საცავები, რომლებსაც სპეციალურად ამონტაჟებენ ჩემოდნებში, სატრანსპორტო საშუალებებში, აგრეთვე ისეთ საგნებში, რომლებშიც გარეგნული ცვლილების გარეშე შესაძლებელია დიდი მოცულობის თანხების მოთავსება. შემდგომში, ეს თანხები შეაქვთ ადრევე გახსნილ საბანკო სადეპოზიტო, ან მიმდინარე ანგარიშზე. ყველაზე ხშირად ფული ირიცხება პოპულარულ ოფშორულ ქვეყნებში.

ალტერნატიული საბანკო სისტემები: ფულის გათეთრება ე.წ. "ოქროს სამკუთხედში" ნდობით აღჭურვილი პირების რთული ჯაჭვის მეშვეობით ხორციელდება. ასეთ ბიზნესს ახორციელებენ ოჯახები თაობიდან თაობაში. მუსულმანურ სამყაროში ამ სისტემამ "ჰავალა"-ს სახელწოდება მიიღო, რაც დღემდეა შენარჩუნებული. იგი ეფუძნება ოჯახური ურთიერთობების პრინციპსა და დანაშაულებრივ ჯგუფებთან კავშირს. ასეთ სისტემებში საფინანსო ოპერაციების კონფიდენციალურობის დაცვას დამრღვევთა დაუნდობელი დასჯის გზით აღწევენ. იატაკქვეშა ბანკების არხების მეშვეობით გადაადგილებული ფული საერთოდ არ ხვდება ოფიციალურ საბანკო სისტემაში. ალტერნატიული ბანკები ქაღალდის კვალის გარეშე მუშაობენ. ე.წ. "ოქროს სამკუთხედი" მოქმედებს ტაილანდის, ბირმისა და ლაოსის ტერიტორიების საერთო საზღვარზე.

წესები, რომლითაც ფულის გათეთრების დროს ხელმძღვანელობენ:

რაც უფრო უკეთესად ახდენს კანონიერი შეთანხმებების ხასიათსა და პროცედურების იმიტაციას ფულის გათეთრების მექანიზმები, მით უფრო ნაკლებია მისი გამოვლენის ალბათობა;
 
ლეგალურ ფინანსურ დინებებში რაც უფრო ნაკლებია არაკანონიერი ფულის წილი, მით უფრო რთულია მისი აღმოჩენა;

წარმოების საქმიანი სტრუქტურა, არასაფინანსო საქონელისა და მომსახურების გადანაწილება რაც უფრო მეტად არის დამოკიდებული მცირე ფირმებზე, მით უფრო რთულია განაცალკევო კანონიერი შეთანხმებები არაკანონიერისგან;

რაც უფრო მეტია მომსახურების სფეროს წილი ქვეყნის ეკონომიკაში, მით უფრო ადვილია ფულის გათეთრება;

რაც უფრო დიდია კანონიერი შეთანხმებების საფინანსო თვითრეგულირება, მით უფრო რთულია არაკანონიერი ფულადი დინებების გაკონტროლება;

რაც უფრო ნაკლებია საკრედიტო ბარათებისა და სხვა უნაღდო ანგარიშსწორების ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობანი არაკანონიერი საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, მით უფრო რთულია ფულის გათეთრების შემთხვევების გამოვლენა;

რაც უფრო ნაკლებია ქვეყანაში კანონიერად შემოსულ ფულად ნაკადში არაკანონიერი ფული, მით უფრო რთულია მისი აღმოჩენა;

რაც უფრო მძაფრია შეუთავსებლობა საფინანსო ბაზრების გლობალურ ხასიათსა და მათ სახელმწიფო რეგულირებას შორის, მით უფრო რთულია ფულის გათეთრების შემთხვევების აღმოჩენა;

რაც უფრო ღრმად აღწევს არაკანონიერი საქმიანობა ლეგალურ ეკონომიკაში, მით უფრო ნაკლებია მისი ინსტიტუციონალური და ფუნქციური დაყოფის შესაძლებლობანი.

ვეფხია სამსონიძე