ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა: წარმატების შანსი და შესაძლო პრობლემები
#6(90)), 2007
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის იდეას, მიუხედავად მოწინააღმდეგეთა არგუმენტებისა, ხელისუფლება მაინც უპირებს რეალობად გადაქცევას. მისი მიზანი ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის ხელშეწყობაა, თუმცა ოპონენტები ასახელებენ ამ ნაბიჯის შესაძლო უარყოფით შედეგებსაც. ისინი თეზ-ის შექმნას ქვეყნისათვის საზიანოდ მიიჩნევენ და ხელისუფლებას ურჩევენ ამის გაკეთებისაგან თავი შეიკავოს.

პრეზიდენტის ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი 2007 წლის დადგომის წინ სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა კიდევ ერთი ახალი სამთავრობო ინიციატივის შესახებ: ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზ-ი) შეიქმნება. პრეზიდენტმა ეს იმით ახსნა, რომ უცხოელ ინვესტორებს მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები უნდა შესთავაზონ.

პრეზიდენტის თქმით, ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა მთელ შავიზღვისპირეთში ყველაზე დიდი თეზ-ი იქნება და იგი არამარტო სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონებს, არამედ მთელ საქართველოს მოემსახურება. მისივე განცხადებით, ეს არ იქნება წლების წინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ასლან აბაშიძის მიერ ინიცირებული თავისუფალი ეკონომიკური ზონა – "კონკრეტული ფეოდალის ზონა" და "შავი ხვრელი". სააკაშვილის განცხადებით, ფოთში შექნილ ახალ თეზ-ში საწარმოს დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება 15 წუთში და ბიუროკრატია ნულამდე იქნება დაყვანილი.

შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს აჭარის მაშინდელი ლიდერი ასლან აბაშიძე ცდილობდა ბათუმის ნავსადგურის ორი ნავმისადგომის ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნას, მაგრამ ამის ნება არ მისცეს. მიზეზი ის იყო, რომ აბაშიძე ცენტრალურ ხელისუფლებას ბევრ რამეში არ ემორჩილებოდა და მას "სეპარატისტულ ტენდენციებში" ადანაშაულებდნენ. ოფიციალურ საწინააღმდეგო არგუმენტად კი ის სახელდებოდა, რომ ქვეყანაში, რომელსაც გადასაწყვეტი ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა მიზანშეწონილი არ იყო.

ცნობისათვის: მსოფლიოში არსებული 3 ათასზე მეტი თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან მხოლოდ 20% ია წარმატებული. არსებობს სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური ზონები, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ინდუსტრიული, პროგრამული უზრუნველყოფისა და ინდუსტრიული ტექნოლოგიების, ტურისტული და საფინანსო სერვისცენტები ანუ ოფშორული ზონები.

მთავრობა "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების" შექმნას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტში შევიდა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას ითვალისწინებს. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ჩამოყალიბება პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას". რეფორმის მიზანია ეკონომიკური განვითარების დაჩქარება, რისთვისაც იგეგმება ინვესტიციების მოზიდვა და შესაბამისად, სამუშაო ადგილების შექმნა.

კანონპროექტის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, განსაზღვრული საზღვრებით და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის ნაირსახეობას, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები, რომელზეც არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ნაცვლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება. ზონაში ლარებთან ერთად ნებისმიერი ვალუტა იმოქმედებს. კანონპროექტის ავტორი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძეა. კანონპროექტი უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ ფრაქციასა და კომიტეტში არ დარიგებულა.

თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონები შეიქმნება ტერიტორიებზე, რომელთა ფართი 10 ჰექტარს აღემატება. აქ დარეგისტრირებული კომპანიებისათვის იმოქმედებს მოგების გადასახადის ნულოვანი რეჟიმი, ოღონდ მხოლოდ იმ კომპანიებისათვის, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით საგადასახადო ურთიერთობები არა აქვს საქართველოს სახელმწიფოსთან.

უკვე მონიშნულია ის ადგილები, რომლებშიც მთავრობა აპირებს თავისუფალი ზონების შექმნას - ფოთის ნავსადგური, ქალაქები სენაკი და ხობი. ამ რეგიონს, კერძოდ კი ფოთს, კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ ძალზე მიმზიდველად გეოგრაფიული მდებარეობის გამო. მისი მეშვეობით ხდება გასვლა კასპიის აუზში, ევროპაში, აზიაში და საერთოდ, არის ძირითადი პუნქტი ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანში.

თავისუფალი ეკონომიკური ზონებისათვის სენაკისა და ხობის შერჩევას კიდევ ის დანიშნულება აქვს, რომ ის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს და მისმა წარმატებულმა განვითარებამ შესაძლოა პოზიტიური როლი შეასრულოს კონფლიქტის მოგვარების საქმეშიც. თუმცა, ოპოზიციისა და ექსპერტთა ნაწილის კრიტიკული შენიშვნების შემდეგ ხელისუფლება ამ მხრივ გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზე თანხმდება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირველ ეტაპზე კონფლიქტის ზონებსა და მის მოსაზღვრე ტერიტორიებზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონები არ შეიქმნება.

არგუმენტები "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების" საწინააღმდეგოდ

თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევად აღიქვამს ექსპერტთა ნაწილი. "აღნიშნული პროექტით საქართველო უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე. თეზ-ის მქონე ქვეყანას ევროპა არ მიიერთებს", - აღნიშნავს ექსპერტი დავით ებრალიძე. მისივე თქმით, ევროპისათვის საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონა გამოუსადეგარია, რადგანაც საქართველოსთვის რუსული ბაზარი დაკეტილია, ხოლო თვით ევროპის ბაზრისთვის კი ის სახიფათოა.

სხვები თეზ-ის შექმნის წინააღმდეგ პატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარე ილაშქრებენ. ამ მიზეზით თეზ-ის შექმნის მოწინააღმდეგეთა განცხადებით, "ზონის" მოწყობა საბოლოოდ დაასამარებს ქართულ სახელმწიფოებრიობას, გადააქცევს საქართველოს იარაღით, ნარკოტიკებითა და ბავშვებით ვაჭრობის ცენტრად; დერეფნად, სადაც "ფეხს გაიწმენდს" და ხელს მოითბობს ათასი ჯურის ნაძირალა და ავანტურისტი, გარდა საკუთრივ ქართველისა".

თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის მიზანშეწონილობას ვერ ხედავს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, რომლის აზრითაც საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა ლიბერალურია თავისუფალი ზონების შესახებ კანონის მიღების გარეშეც: 2008 წლიდან საბაჟო გადასახადები საერთოდ გაუქმდება, საექსპორტო ოპერაციები კი უკვე განთავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. ექსპერტი გია ხუხაშვილი შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მენეჯმენტი მიენდო დუბაის ჯგუფს. "ეს ზონა და დუბაის ზონა კონკურენტები გახდებიან. ამ ორივე ზონამ ერთსა და იგივე სეგმენტზე უნდა იმუშაოს. კომპანია, რომელიც მართავს დუბაის ზონას, არაფრით არ არის დაინტერესებული ახალი ზონის სწორი განვითარებით", - აღნიშნავს ხუხაშვილი.

ექსპერტთა ნაწილი ამ საკითხის შეფასებისას უფრო ზომიერ პოზიციას იკავებს და აცხადებს, რომ თეზ-ი იმ შემთხვევაში იქნება მიმზიდველი, თუკი ბიზნეს-სამყაროში საქართველოს სახელმწიფო იმიჯი ამაღლდება. თეზ-ი ბევრგან ფულის გათეთრების, იარაღით ვაჭრობისა და სხვა არალეგალური საქმიანობის ცენტრია. აქედან გამომდინარე, ნდობის ფაქტორის მოპოვება საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა.

ასე რომ, თეზ-ის შექმნამ ქვეყანას პრობლემები შეიძლება მოუმატოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუკი ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულყოფილი არ არის, თეზ-ი დადებით შედეგებს ვერ მოიტანს. იმძლავრებს კორუფცია და არაკონტროლირებადი პროცესები.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის ირაკლი იაშვილის განცხადებით, "ვიდრე თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნით ექსპერიმენტი ტარდება", მიწა კი არ გაიყიდოს, არამედ იჯარით გაიცეს. მისი ამ მოთხოვნის საპასუხოდ მთავრობა აღნიშნავს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა მიწის აუცილებლად გაყიდვას არ გულისხმობს, თუმცა "ცალსახად გაყიდვის აკრძალვის დაწესებაც არ შეიძლება".

იაშვილის განცხადებით, გაურკვევლობაა დაბეგვრის საკითხშიც. მისი განმარტებით, იმ ქვეყნებთან ურთიერთობებში, ვისთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები შემოსავლების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებაზე და ამ ხელშეკრულებებით ქვეყნები გადასახადს იხდიან ერთ-ერთ ქვეყანაში, შეიძლება შეიქმნას პრობლემები, ვინაიდან თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში საწარმოს საქმიანობა არ იბეგრება.

პრობლემურია ასევე ასეთ ზონაში ტრანზიტის საკითხიც. ინდუსტრიული ზონების სახით ჩნდება "შავი ხვრელები" და ტრანზიტის გაკონტროლება ძნელდება. ექსპერტები საუბრობენ იარაღის, ნარკოტიკების, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდაზე სწორედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საშუალებით, მით უფრო პოლიტიკურად ისეთ არამდგრად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

"ჩაკეტილი ტერიტორიები გარკვეულ პრობლემებს შეგვიქმნის და მაინცდამაინც დიდ ფისკალურ ეფექტს ვერ მოიტანს. თუ რაიმე საინტერესო პროექტები გვაქვს, ისინი შეიძლება არა დახურულ ზონებში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს", - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ პაპავა.

ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექნით, ხელისუფლებას ახალი პრობლემები დაემატება. დემურ გიორხელიძის განცხადებით, იმის გამო, რომ ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურები ინსტიტუციურად უზრუნველყოფილი არ არის, თეზ-ი სასურველ შედეგებს ვერ მოიტანს, რადგანაც განსაკუთრებული ანკლავის გაჩენა მასზე ეკონომიკური სუბიექტების ორიენტაციას გამოიწვევს, რაც გადასახადების თავიდან აცილებით იქნება განპირობებული. "იზრდება იმის ალბათობა, რომ გაჩნდეს კორუფცია და არაკონტროლირებადი სიტუაციები", - დასძენს გიორხელიძე.

მსოფლიო პრაქტიკიდან ცნობილია, რომ თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონებმა მხოლოდ ქვეყანათა მცირე ნაწილში გაამართლა, სადაც თეზ-ი სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო. საქართველოს შემთხვევაში კი, ჯერ კიდევ არ არსებობს ეკონომიკური გათვლები, თუ რამდენად მომგებიანი იქნება თეზ-ი ქვეყნისათვის. გიორხელიძის განცხადებით, ფოთის თეზ ი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება მთელს შავიზღვისპირეთში მიმზიდველი ზონა, თუ საქართველოს სახელმწიფო იმიჯი ბიზნესსამყაროში ამაღლდება.

თეზ-ის ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს. ექსპერტთა განცხადებით, თეზ-ი ბევრგან ფულის გათეთრების, იარაღით ვაჭრობისა და კიდევ სხვა არალეგალური საქმიანობის ცენტრია, აქედან გამომდინარე, შესაძლო ინვესტორებს პირველ რიგში სახელმწიფოსადმი ნდობა უნდა გაუჩნდეს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო პაპავა უარყოფითად აფასებს მთავრობის ინიციატივას "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების" შექმნის შესახებ და მიაჩნია, რომ "იგი საფრთხის წინაშე დააყენებს ქვეყანას'. ძირითად საფრთხეს კი გარკვეულ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის შემცირება წარმოადგენს. მთავრობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის ადგილს ასახელებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ კანონპროექტის თანახმად ასეთი ზონის შექმნა შეიძლება ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც არ აღემატება 10 ჰექტარს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ტერიტორია უამრავია და შეუძლებელია ყველგან თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნას. ეს ქვეყანას სასიკეთოდ ნამდვილად არ წაადგება.

კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ ითვალისწინებს ანგარიშსწორებას ნებისმიერ ვალუტაში. ეს ლარის როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალების პოზიციას არყევს. არადა, ამის გარეშეც დოლარიზაციის მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკაში ძალზედ მაღალია.
"შეილახება არა მარტო ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი ატრიბუტი, არამედ საქართველოს ხელისუფლება დაკარგავს მაკროეკონომიკური რეგულირების ძალიან ძლიერ ბერკეტს", - აღნიშნავს ლადო პაპავა.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების იდეა სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. ლადო პაპავა აღნიშნავს, რომ ლარის პოზიციების შერყევა ბენდუქიძის ძველი იდეის გახსენებაა, 2004 წელს იგი აღნიშნავდა, რომ საქართველოში უნდა იყოს მულტისავალუტო სისტემა. ლარი არ უნდა ყოფილიყო ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება და ანგარიშსწორება უნდა ხდებოდეს ნებისმიერ ვალუტაში. ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავდა, რომ სახელმწიფოს ხელიდან გაეშვა მაკროეკონომიკური სტაბილურობის საკუთარი მექანიზმები. პაპავას თქმით, ეს მაშინ რუბლის ზონაში დააბრუნებდა საქართველოს. "საბედნიეროდ, ბატონი კახას ამ იდეას ხორცშესხმა არ ეწერა, მან ქვეყანაში სავალუტო სისტემა ვერ მოშალა და თუკი მაშინ არ გამოუვიდა, ახლა ეს შეზღუდულ ტერიტორიებზე მაინც სურს რომ განახორციელოს", - აღნიშნავს პაპავა.

ამასთან თუკი ფოთში შექმნილ ინდუსტრიულ ზონაში ძირითადი სავალუტო საშუალებები დოლარი და ევრო იქნება, ვთქვათ, ჯავახეთში ან მარნეულში შექმნილ ანალოგიურ ზონაში შეიძლება რუსული რუბლი, სომხური დრამი ან აზერბაიჯანული მანათი დატრიალდეს. ცხადია, რუსეთიც და ჩვენი სხვა "კეთილი" მეზობლებიც ამას თავისი ინტერესების შესაბამისად გამოყენებას ეცდებიან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა აქვს. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშემწყობ ფაქტორადაც სახავენ, მაგრამ საპირისპირო შედეგი შეიძლება გამოიღოს. "რამდენად ვართ მზად, რომ საქართველოში შეიქმნას ისეთი ვითარება, როცა კიდევ უფრო ნაკლებად გავაკონტროლებთ ტერიტორიებს. ასეთი საფრთხეები რეალურია და ამას დაფიქრება სჭირდება", - ამბობს პაპავა.

რიგი ექსპერტების აზრით, ვიდრე ხელისუფლება თეზ-ის შესახებ
გადაწყვეტილებას მიიღებს, პრეზიდენტი და მისი გუნდი ვალდებულნი არიან ხალხს განუმარტონ თეზ-ის შექმნის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები, საზოგადოებას მისცენ აზრის გამოთქმის საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.

მალხაზ მაცაბერიძე