ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
სახელმწიფო პენსიების დანიშვნისა და შეჩერების წესები
#6(90), 2007
ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში საუბარი გვქონდა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის ძირითადი საფუძვლების შესახებ; განვმარტეთ: ასაკით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით და მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. ვისაუბრეთ აგრეთვე ცალკეული კატეგორიების პირებისათვის საერთო პენსიისაგან განსხვავებული პირობებით პენსიის დანიშვნის წესზე. დღევანდელ ნომერში მოგაწვდით ინფორმაციას სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, შეწყვეტის, განახლებისა და გადაანგარიშების საკითხებზე.

მოქმედი კანონის თანახმად, პენსიის დასანიშნად მიმართვა ხდება პენსიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს, რის შესახებაც წერილობითი განცხადება შეიტანება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფილიალში პენსიის დანიშვნის მსურველი პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

- ასაკით პენსიის დანიშვნის შემთხვევაში - პირადობის მოწმობა (როგორც უკვე ვიცით, 2006 წლის 1 იანვრიდან პენსიის დასანიშნად შრომის სტაჟი საჭირო აღარ არის);

- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში - პირადობის მოწმობა და სამედიცინო-საექსპერტო კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი;

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში - მშობლის (თუ მშობელი არ ჰყავს - მეურვის) პირადობის მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა, სამედიცინო-საექპერტო კომისიის აქტის ამონაწერი;

- მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში - ერთ-ერთი მშობლის ან მეურ-ვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობა;

- დედ-მამით ობოლ ბავშვებზე - მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობა, მშობლების გარდაცვალების მოწმობები;

- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ, საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირებისათვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში:

ა) მშობლებს - პირადობის მოწმობა; გარდაცვლილი პირის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ გარდაცვლილის მშობელი არის მიღწეული საპენსიო ასაკს, საჭიროა სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ცნობის შესახებ;

ბ) მეუღლეს პენსიის დასანიშნად მოეთხოვება - პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. საპენსიო ასაკის მიღწევამდე, სამედიცინო-საექსპერტო კომისიის აქტის ამონაწერი;

გ) შვილის (ნაშვილებისათვის) ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის დაბადების მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, შვილის (ნაშვილების) დაბადების მოწმობა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;                                                                                                     

- ომის მონაწილეებზე პენსიის დანიშვნის შემთხვევაში - პირადობის მოწმობა, ვეტერანთა დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

- ომის ინვალიდებზე - პირადობის მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამედიცინო კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის (ინვალიდობის) კავშირი ომთან;

- ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა პენსიის დანიშვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინონ - პირადობის მოწმობა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

- "ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად მონაწილეობის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფილიალში წარდგენილი უნდა იქნას - პირადობის მოწმობა, პენსიის დანიშვნის მსურველი პირის ამ ობიექტზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (რომელსაც გასცემს სამხედრო კომისარიატი ან ორგანიზაცია, რომლიდანაც იყო მივლინებული);

- "ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის გათვალისწინებულმა პირმა შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში - პირადობის მოწმობა, სამედიცინო-საექსპერტო კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი და საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამოწმებული "9 აპრილის" მონაწილის საბუთი;

- "ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა - პირადობის მოწმობა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამოწმებული "9 აპრილის" მონაწილის საბუთი;

- "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა პირმა, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში - პირადობის მოწმობა და სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ;

- "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო მისი ოჯახის შრომისუუნარო წევრისათვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში: მშობელმა - პირადობის მოწმობა, გარდაცვლილი პირის დაბადების და გარდაცვალების მოწმობები, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე საექიმო-საექსპერტო კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ცნობის შესახებ. მეუღლეებმა - პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე საექიმო-საექსპერტო კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი, შვილმა (ნაშვილებმა) - პირადობის მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა, გარდაცვლილი მარჩენალის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, საპენსიო ასაკის მიღწევამდე საექიმო-საექსპერტო კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი.

საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირმა, პენსიის დანიშვნისათვის საჭირო საბუთებთან ერთად, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული არ ვრცელდება მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში, მშობელზე (მეურვეზე) საპენსიო საქმის გახსნისათვის, ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალში უნდა წარმოადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ იგი არ იღებს არანაირ პენსიას ან სოციალურ დახმარებას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.

სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფილიალი განიხილავს ყველა სახის პენსიის დანიშვნის საკითხს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სრულყოფილად წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
 
შეზღუდული შესაძლებლობისა და საპენსიო ასაკის გამო პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან, მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით კი - მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოში წარდგენილია ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადებისა და საბუთების წარდგენის დღიდან.
პენსია გაიცემა მთელ ტერიტორიაზე, მოქალაქის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა მომდევნო თვის ბოლომდე. პენსიის გაცემის კონკრეტული ვადები რეგულირდება ფონდსა და პენსიის გამცემ ორგანიზაციას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.

პენსიონერისათვის პენსიის ბინაზე მიტანა ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში პენსიონერის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
პენსიის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისთვის დარიცხული საპენსიო თანხების გაცემა ხდება მის მემკვიდრეებზე, თუ მათი მიმართვა განხორციელდა გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში. მიუღებელი თანხები მემკვიდრეებს შორის გადანაწილდება კანონმდებლობით დადგენილის წესით.

ძირითადად, პენსია გაიცემა სოციალური დაზღვევის ფონდის მომსახურე ბანკის (ამჟამად - "საქართველოს სახალხო ბანკი") მეშვეობით. როდესაც პენსიონერი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მიიღებს პენსიას და არც გარკვეულ თანხას გაიტანს ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, პენსიის გაცემა შეჩერდება. პენსიის შეჩერების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშგებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება; აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 6 თვის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს პენსიის გამცემ მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით.

პენსია შეიძლება შეჩერდეს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი იღებს მას შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო და სამედიცინო შემოწმებაზე არ გამოცხადდა დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო). სხვა საპატიო მიზეზად ჩაითვლება: სამკურნალო დაწესებულების მიერ ექსპერტიზის ჩატარების გრაფიკის დარღვევა ან ფორს-მაჟორული (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი) მდგომარეობა.

საყურადღებოა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და გაიცემა გასული პერიოდისთვისაც, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

"სახელმწიფო პენსიების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად პენსიის შეწყვეტის საფუძველის წარმოადგენს შემდეგი გარემოებანი:

- პენსიონერის გარდაცვალება;

- საჯარო საქმიანობის განხორციელება; აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა კატეგორიის პენსიონერზე მიუხედავად პენსიის მიღების უფლების მოპოვების ვადისა, გარდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა (თუ ვინ არიან ეს პირები, ამის შესახებ წინა სტატიაში გვქონდა საუბარი, წერილი დაბეჭდილია "ააფი"-ს მიმდინარე წლის #5(89)-ში);

- პირის წასვლა სხვა ქვეყანაში მუდმივ საცხოვრებლად;

- მარჩენალდაკარგული პირის (პირების) 18 წლის ასაკისათვის მიღწევა (18 წელს გადაცილებულ პირებს, რომელთაც 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული ჰქონდათ "მარჩენალის შრომის პენსია" უგრძელდებათ პენსიის გაცემა 23 წლის ასაკამდე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო);

- უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება;

- სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა, როცა პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;

- შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნისათვის საჭირო შესაბამისი სტატუსის დაკარგვა;

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო-საექსპერტო კომისიაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობა, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;

- ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (გარდა ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა) დადგენილ ვადაში სამედიცინო გადამოწმების შემდგომ იგივე სტატუსის მინიჭება;

- პირადი განცხადება;

- სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნა (გარდა წინასწარი პატიმრობისას და ხანდაზმულთა თავშესაფარში ყოფნისას, სადაც პენსიონერს ეძლევა კუთვნილი პენსიის 20%);

- საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

- შეჩერებული პენსიის შეწყვეტა მოხდება თუ შეჩერების დღიდან გასულია 3 წელი.

ზემოაღნიშნული გარემოებებით პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში, პენსიის გაცემა შეწყდება ამ გარემოებების დადგომის მომდევნო თვიდან (სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას - განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან) და დოკუმენტის წარდგენის დღიდან.

შეჩერებული პენსიის განახლება ხდება პენსიონერის მიერ სოციალური დაზღვევის ფონდში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება პენსიონერის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, პენსიის შეჩერების დღიდან.

შეწყვეტილი პენსიის განახლება ხდება შეწყვეტის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, დანიშნული პენსიის ოდენობის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

დანიშნული პენსიების ოდენობის გადაანგარიშება განხორციელდება შემდეგი წესით:

- კანონით განსაზღვრული საპენსიო ოდენობის ცვლილებების შემთხვევაში, გადაანგარიშება მოხდება ავტომატურად ფონდის მიერ და ამისათვის პენსიონერის მიმართვა საჭირო არ არის;

- თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გადაყვანილია შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა კატეგორიაში, ახალი სტატუსის შესაბამისად პენსია გადაიანგარიშება მომდევნო თვიდან;

- თუ მარჩენალდაკარგულ პირს პენსია დანიშნული აქვს ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების გამო, მეორე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში, როგორც უდედმამოს, პენსია გადაუანგარიშდება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადებასა და მეორე მშობლის გარდაცვალების მოწმობას სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალს წარუდგენს მარჩენალის გარდაცვალებიდან 3 თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პენსია დაინიშნება მიმართვის დღიდან.
იმ პირებს, რომელთაც 2006 წლის 1 იანვრამდე ერთდროულად დანიშნული ჰქონდათ ორი ან მეტი სახის პენსია, გაუგრძელდებათ მისი მიღება ერთი მთლიანი ოდენობით "სახელმწიფო პენსიების შესახებ" ან "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონების რეგულირების სფეროს მიუხედავად.

ირინე ღლონტი