ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ამბები
№6(90), 2007
ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 1 მილიარდ 159 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს

2007 წლის 28 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 1 მილიარდ 159 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2006 წლის 31 დეკემბრის მაჩვენებელს (882 მლნ აშშ დოლარი) 31 პროცენტით აღემატება.
 
ქვეყნის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების, ანუ სავალუტო რეზერვების მართვის საკითხებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახელმწიფოთა ეკონომიკურ საქმიანობაში. საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა და მათი სტრუქტურული შემადგენლობის შერჩევა ძალზე აქტუალური საკითხია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის.

ცნობისათვის: 2006 წლის ბოლოს უცხოური ვალუტის რეზერვებმა 882 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2005 წლის 31 დეკემბრის მონაცემს (478.6 მლნ აშშ დოლარს) თითქმის 2-ჯერ აღემატება. 2004 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უცხოური ვალუტის რეზერვები 387 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2003 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - მხოლოდ 196 მლნ აშშ დოლარს. 1995 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველაზე ნაკლები მოცულობის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, 1998 წლის 8 დეკემბერს ჰქონდა.

საქართველოში უდიდესი ბრიტანული ბანკი HSBC შემოდის

მსოფლიოში ერთ-ერთმა საბანკო გიგანტმა ბრიტანულმა HSBC-ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოში მისი შვილობილი საბანკო დაწესებულების გახსნის განაცხადი წარუდგინა.

ბრიტანული საფინანსო გიგანტის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, HSBC-ჯგუფს საფუძვლიანად აქვს შესწავლილი საქართველოს საბანკო ბაზარზე უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე განვითარებული პოზიტიური დინამიკა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, არსებული პროცედურების მიხედვით ბრიტანული საფინანსო ჯგუფი HSBC საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ახლო მომავალში მიიღებს.  

HSBC მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბანკია. 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, HSBC-ის მთლიანი აქტივების მოცულობა 862.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. HSBC უნივერსალურ საფინანსო ჯგუფში შემავალი HSBC-ბანკის მიმართულებები მოიცავს უნივერსალური საფინანსო მომსახურების სრულ პაკეტს, კომერციულ, კორპორაციულ, საინვესტიციო და საერთაშორისო საბანკო საქმეს. 

2006 წლის ბოლოსათვის HSBC-ბანკს ჰქონდა 1505 ფილიალი დიდ ბრიტანეთში. ამავე პერიოდისთვის მისი ფილიალები ფუნქციონირებდა ავსტრალიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ირლანდიაში, ისრაელში, იტალიაში, ნიდერლანდებში, სლოვაკეთში, სამხრეთ აფრიკაში, ესპანეთსა და შვედეთში, ხოლო წარმომადგენლობები –  არგენტინაში, ჩილეში, კვიპროსში, ჰონ-კონგში, პანამასა და ვენესუელაში. ასევე, HSBC-ბანკმა უკვე დააფუძნა შვილობილი ბანკები, ანუ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა სომხეთში, ჩეხეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ირლანდიაში, ყაზახეთში, ლუქსემბურგში, მალტაში, პოლონეთში, რუსეთში, შვეიცარიასა და თურქეთში.  ცნობილმა ბრიტანულმა ეკონომიკურმა გამოცემამ "Euromoney" 2006 წლის ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მსოფლიოს 10 უმსხვილესი ბანკის სია, რომელშიც HSBC-ბანკი მეოთხე ადგილზეა.

უცხოური "სანდო ბანკები" საქართველოში გამარტივებულად შემოვლენ

2007 წლის მაისიდან საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული "სანდო ბანკის" სტატუსის მქონე უცხოური საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებისათვის საქართველოს საბანკო ბაზარზე შემოსვლის პირობები გამარტივდა.

საქართველოს საბანკო სივრცეში, საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალური ნებართვის გარეშე, საქმიანობის დაწყება შეუძლია ნებისმიერ "სანდო ბანკს", თუ მას გააჩნია საერთაშორისო დონეზე აღიარებული სარეიტინგო კომპანიების: Fitch Ratings-ის, Moody’s-ისა და Standart & Poor’s-ის მიერ მინიჭებული რეიტინგი. 

აღნიშნული სარეიტინგო კომპანიების ჩამონათვალი განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #105 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით "კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხისა და მათ მიერ მინიჭებული რეიტინგების დონეების მიხედვით სანდო ბანკის სტატუსის დადგენის თაობაზე". 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ჩამონათვალი მოიცავს იმ კომპანიებს, რომელთა ძირითადი საქმიანობაა ფინანსური ინსტიტუტებისთვის სხვადასხვა დონის რეიტინგის მინიჭება. ამ პარამეტრის მეშვეობით განისაზღვრება ემიტენტთა ფინანსური და ეკონომიკური მაჩვენებლების ფართო სპექტრი, მათ შორის, კრედიტუნარიანობისა და საკრედიტო რისკების დონე და მათზე გარე ნეგატიური გავლენის ალბათობა.

საქართველოს საბანკო სივრცეში საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი სანდო ბანკი - იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული ბანკის, სადაზღვევო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანიის, საინვესტიციო ფონდის ან ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით, რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილ ქვეყანაში.

"საზღვაო ბანკის" ქონება 4 მილიონ დოლარად გაიყიდა

"საქართველოს საზღვაო ბანკის" უძრავი და მოძრავი ქონება არაბულმა კომპანია "რაკინ დეველოპმენტმა" 4 მილიონ დოლარად  შეიძინა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" 67,5 მილიონ დოლარად შეისყიდა. საზღვაო ბანკის აუქციონი ბათუმში გაიმართა. მისი უძრავი ქონება შეადგენს ბანკის სათაო ოფისს, რომელიც ბათუმშია განთავსებული, თბილისის, ფოთის, ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს ფილიალებს. ასევე ბანკის კუთვნილ ოთხ შენობას, რომელთაგან ერთი თბილისში, სამი კი ქობულეთშია. აუქციონი ბანკის ლიკვიდაციის კომისიამ გამოაცხადა. უძრავ-მოძრავი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 4 მილიონი დოლარი იყო.

ბათუმში რეგისტრირებულ საზღვაო ბანკს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია 2004 წლის 15 მარტს შეუჩერა, რისი მიზეზიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მთელი რიგი ნორმატივების დარღვევა გახდა. 
ეროვნული ბანკის 2004 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, საზღვაო ბანკი საქართველოს უმსხვილესი კომერციული ბანკების ათეულში შედიოდა.

ევროკავშირის ქვეყნებში ახალი წესები ამოქმედდა

2007 წლის 15 ივნისიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვით ვინც ევროკავშირის ქვეყნების საზღვარს გადაკვეთს, 10000 ევროზე მეტის გადატანის შემთხვევაში მებაჟეებს უნდა აცნობოს. თუკი მათ გაუჩნდებათ ეჭვი, რომ მოგზაური ფულის გამოყენებას ტერორიზმის დასაფინანსებლად ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებისთვის აპირებს, მებაჟეებს უფლება აქვთ თანხა ჩამოართვან.

ანალოგიური კანონი ამერიკაშიც არსებობს. იგი შემოიღეს ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. "ტერორისტებს ევროკავშირში შემავალი ქვეყნებიდან გამოსვლა და იქ შესვლა ნაღდი ფულით გაუჭირდებათ, რომელიც მათი დანაშაულებრივი საქმიანობისთვისაა საჭირო", - განმარტა ევროსაბჭოს კომისარმა საბაჟოს საკითხებში ლასლო კოვაჩმა. მანვე ასევე დასძინა, რომ ახალი ადმინისტრაციული ფორმალობა პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩება ტურისტებისთვის და ბიზნესმენებისთვის.

ამასთან, ევროკავშირის შიგნით საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, მონიტორინგი განხორციელებული არ იქნება. აქამდე ერთიანი ევროპა ნაღდი ფულის ნაკადებს შიგა საზღვრებში არ აკონტროლებდა, თუმცა ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა გააჩნდა.
საზღვრებზე ნაღდი ფულის მოძრაობის თაობაზე ზუსტი მონაცემები სადღეისოდ არ არსებობს. 1999 წლის სექტემბრიდან 2000 წლის თებერვლის ჩათვლით ჩატარებული მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, ევროსაბჭოს საბაჟო პუნქტების გავლით 1,35 მილიარდი ევრო შევიდა, ხოლო ძვირფასი ლითონებისა და ქვების გათვალისწინებით ამ თანხამ დაახლოებით 1,6 მილიარდი ევრო შეადგინა. ახალი კანონი პრობლემებს შეუქმნის იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც საკრედიტო ბარათები ნაკლებად არის გავრცელებული და ნაღდი ფულის წილი ამ ქვეყნების ეკონომიკაში დიდია.