ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
რა მოჰყვა პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის განხილვას
#6(90), 2007
ის, რაც პარლამენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის წლიური ანგარიშის განხილვასთან და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ხდება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს.

მოგეხსენებათ, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის 68-ე და 69-ე მუხლების თანახმად ეროვნული ბანკი ვალდებულია ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, პარლამენტს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: აუდიტორების მიერ დამოწმებული საფინანსო ანგარიშგების ასლი, ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიში, ეკონომიკის მდგომარეობის ანგარიში და ანგარიში ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 236-ე მუხლის მე-3 პუნქტი კი გვეუბნება:

"საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშს და საქართველოს კონტროლის პალატის წლიურ ანგარიშს შესაბამისი კომიტეტების მიერ აღნიშნული ანგარიშების თაობაზე დასკვნების მომზადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 30 დღისა, განიხილავს პარლამენტი და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გამოდის თანამომხსენებლად და წარმოადგენს პარლამენტის გადაწყვეტილების პროექტს".

ეროვნულმა ბანკმა 2006 წლის წლიური ანგარიში პარლამენტს დროულად, ანუ მიმდინარე წლის 1 აპრილამდე კი წარუდგინა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით თავად პარლამენტმა საკუთარი რეგლამენტი რამდენჯერმე დაარღვია. ჯერ ერთი, პლენარულ სხდომას ეს ანგარიში 1 მაისამდე უნდა განეხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიეღო, მაგრამ განიხილა 10 მაისს და თან არა თუ იმ დღეს არ მიუღია სათანადო გადაწყვეტილება, არამედ ისე დასრულდა საგაზაფხულო სესია და მერე კიდევ ისე ჩატარდა ორი რიგგარეშე სხდომა, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არც ყოფილა შეტანილი.

სხვათა შორის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა ივნისის დასაწყისში "ააფ"-ს განუცხადა: ჩვენ ველოდებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც შემოგვთავაზებს გადაწყვეტილების პროექტს და ყველა შემთხვევაში ივნისში უნდა დამტკიცდეს, ხოლო თუ რეგლამენტი დაირღვა, ვინც დაარღვია, მას პასუხი მოეთხოვებაო.

საქმე ისაა, რომ 10 მაისს, საკითხის ხანგრძლივი და ხმაურიანი განხილვის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ (რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი არ გახლავთ) განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილების პროექტი ჯერ არ არსებობდა და ეს დოკუმენტი პლენარულ სხდომას მხოლოდ მას მერე წარედგინებოდა, რაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები" ამ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბებოდა და შეთანხმდებოდა. თუკი გადაწყვეტილების პროექტი იმ მომენტისთვის მართლაც არ არსებობდა, მაშინ გამოდის, რომ რეგლამენტი დაურღვევია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელსაც აღნიშნული პროექტი უნდა წარედგინა პლენარული სხდომისთვის; თუ კომიტეტს გადაწყვეტილების პროექტი მზად ჰქონდა და დოკუმენტი პლენარულ ხდომას არ თუ ვერ წარუდგინა, მაშინაც გამოდის, რომ მან დაარღვია რეგლამენტი. მას მერე ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ კომიტეტის სხდომაზეც და პლენარულზეც რამდენჯერმე იკითხა, როდის წარმოადგენენ გადაწყვეტილების პროექტსო, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. სხვათა შორის, ამის თაობაზე დუმს (ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ არაფერს ამბობს) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვა.

29 ივნისს ჯერაც არ გახლდათ ცნობილი, თუ რა სახის გადაწყვეტილების პროექტს შესთავაზებდნენ პარლამენტს და საერთოდ, არსებობდა თუ არა ეს დოკუმენტი. ამასთან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საკითხის ამდენ ხანს გაჭიანურება და გაურკვევლობა სასიკეთოდ არ წაადგება არც ეროვნული ბანკის და არც მთელი საბანკო სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას.

საბოლოო ჯამში, პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სხვა საქმეა, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება და დამტკიცდება თუ არა ეროვნული ბანკის 2006 წლის წლიური ანგარიში.

როდესაც ივნისის დასაწყისში ამის შესახებ მოსაზრება ვკითხეთ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ჯემალ ინაიშვილს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ზურაბ ბუცხრიკიძეს, ორივემ გვიპასუხა, ალბათ, დაამტკიცებსო.

რა თქმა უნდა, კანონი არდამტკიცების შემთხვევასაც ითვალისწინებს. კერძოდ, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტი გვეუბნება: "ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ. გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებს აძლევს ეროვნულ ბანკს". რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საბჭოს წევრებს, ისინი ქვეყნის პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტის მიერ 7 წლის ვადით არიან არჩეულნი. ვადის ამოწურვამდე მათი ამ თანამდებობებზე დარჩენა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით (ცხადია, გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი შემთხვევები, როგორიცაა მათი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, სახელმწიფოს ღალატი და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენა). ამდენად, თუკი ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლება საზოგადოებას ამცნობს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ საკუთარი სურვილით თქვა უარი თანამდებობაზე თუ სხვაგან მუშაობა ამჯობინაო, სავარაუდოა, რომ ეს პოლიტიკური ზეწოლის შედეგი იქნება.

რა წერია ეროვნული ბანკის ანგარიშში

საკითხის მომხსენებელმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ სებ-ის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა სებ-ი საანგარიშო პერიოდში, აგრეთვე მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2006 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და სებ-ის მიერ დასახული მიზნების განხორციელებაზე. მოხსენებაში გოცირიძემ განაცხადა, რომ:

- სებ-ი საანგარიშო წლის განმავლობაში თავის საქმიანობას ახორციელებდა 2006 წლის საქართველოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 27 დეკემბრის შესაბამისი დადგენილებით;

- მონეტარული პოლიტიკა ეფუძნება სებ-ის მთავარ ამოცანას, შეინარჩუნოს ვალუტის მსყიდველო-ბითუნარიანობა; პარლამენტის დადგენილებით, 2006 წლის განმავლობაში სებ-ის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას საფუძვლად დაედო წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 5-6%-ის ფარგლებში, ამასთან ეგზოგენური ანუ საგარეო ფაქტორების შემთხვევაში შესაძლებელი იყო საპროგნოზო მაჩვენებლიდან გადახრა;

- მასშტაბური ეგზოგენური ფაქტორების მიუხედავად, 2006 წელს სებ-მა და მთავრობამ თავისი საქმიანობის მთავარ ამოცანას - ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას მაინც გაართვა თავი;

- მთლიანი შიდა პროდუქტის 9,4%-იანი ზრდის პირობებში და მრავალი ეგზოგენური ფაქტორის უარყოფითი გავლენის მიუხედავად, წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელმა 8,8% შეადგინა. ამ 8,8% იან წლიურ ინფლაციაში ფუნდამენტური ფაქტორების წილი შეადგენს მხოლოდ 4,6%-ს, დანარჩენი არის გარეშე ფაქტორები;

- ინფლაციის ზომიერ ფარგლებში მოქცევა შესაძლებელი გახდა, პირველ რიგში, სარეზერვო ფულის რაციონალური ზრდით, რომელმაც 2006 წლის ბოლოს 19,1% შეადგინა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პარამეტრი;

- ფონდთან არსებული 3-წლიანი პროგრამის განმავლობაში არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ სებ-ს ამ პროგრამის ჩარჩოთი აღებული ხელშეკრულება დაერღვია;

- ძალიან დიდი ნეგატიური ზემოქმედება, რაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გატარებული იყო საქართველოს ეკონომიკაზე, დაძლეულია;

- ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის უცხოური ვალუტა (კერძო ტრანსფერები, უცხოური ინვესტიციები) და ფაქტობრივად, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი განეიტრალდა დიდი კაპიტალური შემოდინებებით. ეს პროცესი ახლაც გრძელდება, ხდება უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი შემოდინება, რაც უქმნის საფუძველს სებ-ს გაზარდოს თავისი რეზერვები. ამ რეზერვების ოდენობა 10 მაისის მდგომარეობით მილიარდ 53 მილიონი დოლარი იყო, რომელიც რისკების თავიდან აცილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ("ვარდების რევოლუციამდე" სებ-ის რეზერვები სულ 189 მლნ დოლარი იყო და ქვეყანა ყოველთვის იდგა ე.წ. დეფოლტის წინაშე);

- ქვეყანაში დასრულებული პრივატიზაცია ფაქტობრივად იწვევს უკვე ახალ ინვესტიციას ამ პრივატიზებული საწარმოების ასამუშავებლად და ამას ემატება ძალიან დიდი სურვილი უცხოური კაპიტალისა, შეიძინოს საქართველოს საბანკო სექტორში წილი, ანუ, რომ ეს არის უზარმაზარი რაოდენობის ვალუტა, რომელიც, ბუნებრივია, მოქმედებს ეროვნული ვალუტის გამყარებაზე და ამიტომ დოლარების ამ დიდი მასის გასანეიტრალებლად სებ-ი ახორციელებს ინტერვენციებს და მას ყიდულობს. ეს თავის მხრივ ნიშნავს დამატებითი ფულის გაშვებას ეკონომიკაში, რაც, რა თქმა უნდა, ქმნის ინფლაციის საფრთხეს, მაგრამ ეროვნულ ბანკს რომ არ განეხორციელებინა ინტერვენციები ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, მაშინ შეიძლება ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,5-ზე ნაკლებიც კი ყოფილიყო; ეროვნულ ბანკს სურს დაიჭიროს ოქროს შუალედი: კურსი არ უნდა გამყარდეს იმ ზომით, რომელიც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს საქართველოს საგარეო აქტიურობას, მაგრამ კურსი უნდა გამყარდეს იმ ზომით, რომელიც ქვეყანაში არ შექმნის ინფლაციის საშიშროებას და დღეს რომ კურსი არ იყოს გამყარებული ამ ტემპით, ინფლაცია იქნებოდა ძალიან დიდი. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კი გამყარდა, მაგრამ დაეცა ყველა სხვა უცხოურ ვალუტასთან (გარდა უკრაინის გრივნის) მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური ეფექტური გაცვლის კურსი საქართველოში არ გამყარებულა, ანუ კურსი იყო ისეთი, რომელიც ხელს არ უშლიდა ექსპორტს (საექსპორტო წარმოებაზე გავლენას ახდენს არა ნომინალური გაცვლის კურსი, არამედ რეალური გაცვლის კურსი) და ხელს უშლიდა ინფლაციის ზრდას;

- არჩევანის არსებობის შემთხვევაში (ინფლაცია თუ კურსის გამყარება) სებ-ი ამჯობინებს კურსის გამყარებას, ვინაიდან კურსის გამყარება თუ წარმოქმნის პრობლემას ექსპორტთან მიმართებაში, ინფლაცია პრობლემას წარმოქმნის ყველა მიმართულებით;

- სებ-ი თვლის, რომ კურსში მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ყველა კომბინაცია: კურსის გამყარება, ბიუჯეტის შემცირება, ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გარკვეულ პერიოდში გარკვეული ხარჯების გადავადება ბიუჯეტის მიერ, ანუ ასეთი კომბინირებული ქმედების შედეგად მიიღება სურათი, რომელიც არაა მტკივნეული.

გოცირიძემ ისაუბრა აგრეთვე სებ-ის ინსტრუმენტებზე, რომლებითაც ეროვნული ბანკი ახდენს თავის მიერ გაშვებული ფულის ისევ უკან ამოღებას და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვიურად მთავრობასთან ერთად ადგენს მონეტარულ პროგრამას, თუ რა რაოდენობის ფულის მასა უნდა იყოს ამოღებული, ან პრივატიზაციიდან შემოსული ფული რა რაოდენობით და როგორ უნდა იყოს ხაზინის ანგარიშზე გაჩერებული, რათა მან ინფლაციურ პროცესებს არ შეუწყოს ხელი. საქართველოს საბანკო სისტემა 3 წელიწადში განვითარდა ისე, როგორც არც ერთი ქვეყნის საბანკო სისტემა რეგიონში და საქართველოში დღეს არის საბანკო ბუმი. 2006 წელს დოლარიზაციის კოეფიციენტი იყო 69,4%, ანუ 3%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით.

რა პრეტენზიები გამოითქვა ეროვნული ბანკის თუ მისი პრეზიდენტის მიმართ?

მოხსენების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. უნდა აღვნიშნოთ, რომ კითხვების დამსმელთა თუ აზრის გამომთქმელთა რაოდენობა არ იყო დიდი, ძირითადად აქტიურობდა საპარლამენტო უმრავლესობის სამი წევრი: ლევან ბეჟაშვილი, ვაჟა კილაძე და შოთა გვენეტაძე. მათი პრეტენზიებიდან ერთი უკავშირდება ეროვნულ ბანკში მომხდარ ხანძარს და გასანადგურებელი ფულის საცავში აღმოჩენილ დანაკლისს; მეორე პრეტენზია უკავშირდება ეროვნული ბანკის აპარატის მოხელეთა, საბჭოს წევრთა და თავად სებ-ის პრეზიდენტის მაღალ ხელფასებს, ზეგანაკვეთურ შრომის ანაზღაურებას, ეროვნულ ბანკში თანამშრომლებზე გაცემულ კრედიტებზე ძალიან დაბალ (წლიურ 3%-იან) განაკვეთს, მომსახურე ავტომანქანების რაოდენობას და ა.შ. მესამე პრეტენზია უკავშირდება იმას, რომ, მათი აზრით, ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს.

სამართლებრივად პარლამენტმა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მაშინ, როცა მის მიერ განსაზღვრული დოკუმენტით დადგენილი არის გეგმური მაჩვენებელი - 6%-იანი ინფლაციის დონე, არც სებ ისგან და არც მთავრობისგან არ ყოფილა წინადადება ცვლილება შესულიყო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ დადგენილებაში და რეალურად გვაქვს სულ სხვა მაჩვენებელიო? - იკითხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.

დეპუტატებისთვის დამაჯერებელი ვერ აღმოჩნდა გოცირიძის პასუხები, მათ შორის ის, რომ დანაკლისი სწორედ მაშინ გამოვლინდა, როდესაც გასანადგურებელი ფულის უზარმაზარი მასა სპეციალურმა კომისიამ თავად გოცირიძის დავალებით დათვალა. ამჟამად საქმეს პროკურატურა იძიებს და რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებს და ასევე ყველა სხვა სახის ფულადი ანაზღაურების ოდენობას, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს ოდენობა ორიენტირებულია საბანკო სისტემაში არსებული შრომის ანაზღაურების დონესთან. ამ თვალსაზრისით ეროვნულ ბანკში კანონი არ ირღვევა. ვაჟა კილაძის თქმით, ეს პრობლემა მორალური ხასიათის უფრო არის: ცოტა უზნეობაა, რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს იმაზე უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის ხელფასები ერთად აღებული.

ამასთან დაკავშირებით გვსურს შევნიშნოთ, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი შედარებითია. პარლამენტარებს რატომღაც ავიწყდებათ ჰკითხონ ჩვენს პენსიონერებს, რამდენად მორალურად მიაჩნიათ მათ ამხელა სხვაობა 38 ლარიან პენსიასა და პარლამენტარის შრომის ანაზღაურების ოდენობას შორის.
თავის დროზე კანონში ზემოთაღნიშნული პუნქტი იმ მოსაზრებით ჩაიდო, რომ არ მომხდარიყო კადრების გადადინება ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკებში. თუ დეპუტატებს არ მოსწონთ ეს პუნქტი, მაშინ კანონი შესაცვლელია, რაც თავად მათ ხელთაა.

რაც შეეხება კრედიტების აღებას, კილაძისა და გვენეტაძის აზრით, უზნეობაა ეროვნული ბანკიდან წლიური 3%-იანი განაკვეთით აიღო სესხი მაშინ, როდესაც ინფლაცია ქვეყანაში არის დაახლოებით 9%; ეს იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა 6%-ს სახელმწიფოს ჰპარავ და ზნეობრივი იქნებოდა, რომ ისეთივე პროცენტი იყოს ან ოდნავ ნაკლები, ვიდრე კომერციულ ბანკებშია.

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის თითქმის ყველა თანამშრომელს აქვს სესხი აღებული და საპროცენტო განაკვეთი არის ყველასათვის ერთნაირი - 3%, რაც მართლაც ზედმეტად შეღავათიანად გვეჩვენება. თუმცა, ასეთი პრაქტიკა ბევრი სხვა ქვეყნის ეროვნულ ბანკშია გავრცელებული. მაგალითად, გერმანიაში ცენტრალური ბანკის მიერ თანამშრომლებისთვის გაცემული სეხხების საპროცენტო განაკვეთი არის 0-დან 2,6%-მდე (ბინისთვის ან სხვა უძრავი ქონებისთვის არის 0%, მანქანისთვის - 1%, მოგზაურობისთვის - 2,6%).

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატების წინაშე წარსდგა, როგორც თანამომხსენებელი. როგორც მან აღნიშნა, ეროვნულმა ბანკმა პარლამენტში 1 აპრილისთვის წარადგინა თავისი დასკვნა მუშაობის შესახებ. კომიტეტმა ეს საკითხი 26 აპრილის სხდომაზე განიხილა, მისცა შეფასება და გაუწია რეკომენდაცია, რომ საკითხი განხილულიყო პარლამენტის სესიაზე. ეროვნული ბანკის ანგარიშის გაცნობისას მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ 2006 წელს საქართველოს ეკონომიკის მონეტარულ სექტორში და საბანკო სისტემაში გამოკვეთილ ყველა პრობლემას ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ბოლომდე გაართვა თავი; იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკონომიკის შარშანდელი წარმატებები უპირველესად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შედეგია. კოვზანაძის აზრით, უცხოური კაპიტალის არნახული შემოდინება ქვეყნის ხელისუფლების ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოიტანა, ხოლო ეროვნული ბანკი ძირითადად მის შედეგებს იმკიდა. ეროვნულ ბანკს გაუჭირდა აღნიშნული მოვლენების თანმდევი რისკების პროგნოზირება და მათზე დროული რეაგირება. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეროვნულმა ბანკმა წარმატებით გაართვა თავი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას, მაგრამ ეს არც ერთი პარამეტრით არ მტკიცდება. პირველ რიგში ეს ეხება ინფლაციის მაჩვენებელს. ფასების მატების 2/3 მონეტარული ფაქტორების გამო მოხდა.

წლის შუა პერიოდში ადგილი ჰქონდა ინფლაციის პროცესის ესკალაციას. მოვლენათა ამგვარი განვითარება პროგნოზირებადი იყო, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა დროზე ვერ შეაფასა მონეტარული ფონი. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეაგირება გაზაფხულზევე უნდა მომხდარიყო. ფულადი მასის შემცირებისთვის 4-5 თვით გვიან გადაიდგა ნაბიჯები. ცაიტნოტის რეჟიმში ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, გამოეყენებინა ნაკლებად საბაზრო ინსტრუმენტის - მინიმალური სარეზერვო ნორმის ზრდა. აღნიშნული ნორმა ეროვნული ვალუტის მოზიდული სახსრებისთვის აქამდე ნულოვანი იყო, რაც ხელს უწყობდა დეპოზიტების დედოლარიზაციას. აგვისტოში მისმა 4%-მდე გაზრდამ დიდი ვერაფერი შედეგი მოგვცა, მაგრამ ლარებში დეპოზიტების შექმნის პროცესს საგრძნობლად ავნო. დედოლარიზაციის ტემპი წლის მეორე ნახევარში დაეცა, რასაც ანგარიშიც ადასტურებს. სადეპოზიტო სერტიფიკატების ამოქმედება ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ სექტემბერში შეძლო. რატომ უფრო ადრე არ დაიწყო მისი ემისიისათვის მზადება? რატომ აქტიურად არ გამოიყენა სადეპოზიტო აუქციონების მექანიზმი, რომელსაც თითქმის იგივე შედეგი შეიძლებოდა ჰქონოდა, ხოლო მის ორგანიზაციას განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება?

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება არის ერთადერთი ფორმა იმისათვის, რომ ადვილად მოვერიოთ ინფლაციას.

ფრაქცია "დამოუკიდებელ მაჟორიტარებს" უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია გააჩნია

ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით საინტერესოდ მიგვაჩნია ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარების" პოზიცია, რომელიც პლენარულ სხდომას ამ ფრაქციის წევრმა ავთანდილ სილაგაძემ გააცნო. ფრაქციას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები, პრაქტიკულად, მოიცავს არა მარტო ეროვნული ბანკის მიერ გაწეული მუშაობის ანალიზს, არამედ ეს არის თითქმის სრული სურათი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითადი ტენდენციებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა იცის თავისი ადგილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. კონკრეტულ პერიოდში ეკონომიკის განვითარების შესახებ ასეთი სრული ანგარიში თითქმის არ არსებობს.

რაც შეეხება კონკრეტულად ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, ბუნებრივია, რომ იქნება შენიშვნები, მათ შორის ინფლაციასა და ვალუტის კურსთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ამასთან ხაზგასასმელია დადებითი ტენდენციებიც. ქვეყანას უცხოური სავალუტო რეზერვები 1999 წელს ჰქონდა 67 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში, 3 წლის წინ - 189 მლნ, ამჟამად კი აქვს მილიარდ 53 მლნ. ამჟამინდელი რეზერვები ჩვენი ქვეყნის 3 თვის იმპორტის მოცულობას ფარავს და როდესაც რეზერვებს შეუძლია 3 თვის იმპორტის გადაფარვა, ეს იმ ქვეყნისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ბევრ ქვეყანას ასეთი მონაცემი არ გააჩნია. გაიზარდა ეროვნული ბანკის მოგებაც, რომელმაც ათეულ მილიონობით თანხა შეადგინა. ეროვნული ბანკის მუშაობის შესახებ პარლამენტის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორის დასკვნაც არსებობს და მასში განსაკუთრებული შენიშვნები არაა.

"დამოუკიდებელი მაჟორიტარების" აზრით უნაყოფოა კამათი ინფლაციის იზოლირებულად განხილვის შესახებ. ინფლაცია მაკროეკონომიკური მაჩვენებელია. მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე მთლიან პასუხისმგებლობას მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ იკისრებს, თუმცა მასში განსაზღვრული ფუნქცია ნამდვილად გააჩნია ეროვნულ ბანკს. ინფლაციის იზოლირებულად განხილვა და ინფლაციაზე პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთ რომელიმე სტრუქტურაზე დაკისრება ნიშნავს სახელმძღვანელო პრინციპებიდან გადახვევას. კი, რა თქმა უნდა, მის რეგულირებაში "ლომის წილი" ეროვნულ ბანკს მიუძღვის. ინფლაცია არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ მიმოქცევაში დამატებითი ფულის გაშვებით ან მიმოქცევიდან მისი ამოღებით. უნდა გავერკვეთ, რა ფაქტორები განსაზღვრავს მიმოქცევაში დამატებითი ფულის გაშვებას ან მის შემცირებას. ვის შეეძლო აეცილებინა რუსეთის ეკონომიკური ემბარგოს შედეგები, რომელმაც გარკვეულწილად განაპირობა ინფლაციის ზრდა? ამის გამო ეროვნულ ბანკს მოვთხოვოთ პასუხი? ან ხომ შეიძლება მთავრობის სპეცანგარიშზე არსებობდეს გაუცემელი თანხები, რომელიც შეიძლება გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო არ დახარჯულა? არდახარჯვა ხომ მოქმედებს ვალუტის კურსის გამყარებაზე! ასეთი ზემოქმედების შედეგი ზოგჯერ დადებითია, ზოგჯერ უარყოფითი. ამიტომ ინფლაციის იზოლირებულად განხილვა არ შეიძლება.

ავთანდილ სილაგაძე ერთ ასპექტში ეთანხმება თავის კოლეგებს, რომ შესაბამისობაში უნდა იყოს ინფლაცია და კურსის გამყარება. იმ შენიშვნების პასუხად, რაც სხდომაზე გამოითქვა, წარმოდგენილია ინფორმაცია, რომლის მიხედვით გამყარდა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, მაგრამ დაეცა სხვა ვალუტებთან (მაგალითად, ევროსთან, სტერლინგთან, რუსულ რუბლთან, შვეიცარულ ფრანკთან და ა.შ.) მიმართებაში. ახლა მთავარია მოიძებნოს ის "ოქროს შუალედი", რომლის დროსაც ადამიანებმა არ დაიწყონ დოლარის გადახურდავება ევროზე, ევროთი კი ლარების ყიდვა. ასეთ შემთხვევაში გადამხურდავებლები დარჩებიან მოგებაში, მაგრამ ეს იქნება უარყოფითი მომენტი. ჯერჯერობით, ასეთი სიტუაცია არ დამდგარა. ახლა მთავარია ამ კრიტიკულ ზღვარს ავცდეთ.

მთლიანობაში, ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარების" აზრით, სოლიდური ანგარიშია წარმოდგენილი. გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება სასარგებლო იქნება არა მარტო ეროვნული ბანკის მუშაობის გასაუმჯობესებლად, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვისაც.

რას ფიქრობენ ოპოზიციური ფრაქციები

ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" წევრი ირაკლი იაშვილი აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას საპარლამენტო უმრავლესობიდან იყო საკმაოდ დიდი აგრესია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ. თვითონ ეროვნული ბანკის ფუნქციონირების შესახებ არსებითი საკითხები უმრავლესობის წევრებს არ დაუყენებიათ. უფრო ოპოზიცია სვამდა არსებით საკითხებს, ხოლო უმრავლესობის მხრიდან იყო ასეთი კონკრეტული შეკითხვები: რატომ მოხდა ხანძარი ეროვნულ ბანკში? რატომ აქვთ თანამშრომლებს შეღავათიანი კრედიტები? კომპიუტერი რატომ გადაგეწვათ? რატომ იყო დანაკლისი გასანადგურებელ ფულში, როცა დაითვალეთ? ანუ ისეთი კითხვები იყო დასმული, რომელიც იაშვილის აზრით იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაც გადაწყვეტილება მზადდება. ანგარიშის დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის ამდენ ხანს არშემოტანაც ამის მიმანიშნებელია, რომ იქ საკადრო საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს რაღაცა პროცესი, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ფაქტია, რომ უმრავლესობიდან ნაწილს უნდა შეინარჩუნოს გოცირიძე, ნაწილს კი მისი გაშვება სურს. იმ სხდომაზე უმრავლესობიდან რომ მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი აქტიურობდა, ირაკლი იაშვილს ეს არ უკვირს, ვინაიდან, როგორც იგი აცხადებს, დანარჩენები ისედაც სულ ჩუმად არიან ხოლმე! ის დეპუტატები, რომლებიც მაშინ აქტიურობდნენ, ძირითადად სწორედ ისინი ლაპარაკობენ ყველა საკითხზე. თავად "ახლები" არ დაუჭერენ მხარს გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის ანგარიშის დამტკიცების შესახებ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მუშაობაში ბევრი შეცდომა იყო დაშვებული (მაგალითად, იაშვილის აზრით, 2006 წლის ზაფხულში, როდესაც მიმდინარე ინფლაცია იყო საკმაოდ მაღალი, ეროვნული ბანკი ჭარბი ფულის ამოსაღებად ქმედითად არ აყენებდა თავის ისეთ მთავარ ინსტრუმენტს, როგორიც არის სარეზერვო მოთხოვნა და შესაბამისად, ვერ შეასრულა ის ამოცანა, რაც ამ ქმედებას უნდა მოჰყოლოდა).
რაც შეეხება საკადრო საკითხს, "ახლები" ამაში არ ჩაერევიან, - ეს უმრავლესობამ ერთმანეთში გაარკვიოსო.

ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის" მდივანი კახა კუკავა აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ გაწყვეტილების მიღების ვადა, ცხადია, დარღვეულია, იმიტომ რომ პარლამენტმა საკითხი როცა განიხილა, კენჭისყრა იმავე სასესიო კვირაში უნდა ყოფილიყო. დეპუტატის აზრით, ამ შემთხვევაში სინამდვილეში არის არა ეროვნული ბანკის მუშაობის შეფასების პრობლემა, არამედ აქ არის შიდაპარტიული საკითხი. მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის კადრების განახლება, საკვანძო პოსტების ხელახალი დაკომპლექტება ბოკერიას კადრებით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ეს არის საკვანძო პოსტი. რომან გოცირიძე ყოფილი "რესპუბლიკელია", იგი ამ პოსტზე ჩარჩენილია იმ დროიდან, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" და "რესპუბლიკური პარტია" ერთ ბლოკში იყვნენ და ახლა, ბუნებრივია, მიმდინარეობს ამ კადრის ჩანაცვლება, იმიტომ რომ იგი არ არის "ნაციონალური მოძრაობის" კადრი. ეს არის საკითხის არსი და არა ის, რომ ეროვნულ ბანკს მუშაობაში რაღაც ხარვეზები ჰქონდა. ხოლო გადაწყვეტილების მიღება იმიტომ ჭიანურდება, რომ პარლამენტი ელოდება პრეზიდენტს. აქ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სააკაშვილს, ერთის მხრივ, სურს, რომ ანგარიში გაუწიოს ბოკერიას ჯგუფს (ბოკერიასთვის გოცირიძე პრინციპულად მიუღებელია), მაგრამ მეორეს მხრივ, მიხეილ სააკაშვილს არ უნდა, რომ ხელისუფლებაში დაკარგოს საყრდენები, რომლებიც ბოკერიასაგან დამოუკიდებელი ფიგურები არიან. რაც უფრო მეტად მოსპობს სააკაშვილი ამ დამოუკიდებელ ფიგურებს თავის ხელისუფლებაში, მით უფრო მეტად გახდება იგი დამოკიდებული ბოკერიაზე და ამიტომ  ყოყმანობს. ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა.

გოცირიძის ჩასანაცვლებელ კანდიდატურას ცალ-ცალკე ეძებს ორი სხვადასხვა სახელისუფლებო კლანი - ბოკერიას ჯგუფი და ბენდუქიძე-ნოღაიდელის ჯგუფი. შესაძლებელია სააკაშვილმა სწორედ ნოღაიდელი-ბენდუქიძის კანდიდატურა დანიშნოს და არა ბოკერიასი, რითიც დააბალანსოს სიტუაცია, ანუ ბოკერიას სურვილი დააკმაყოფილოს გოცირიძის გათავისუფლების ნაწილში, მაგრამ ახალი კანდიდატურა მას არ დაუქვემდებაროს. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში ბოკერიას გავლენა ერთობ გაიზარდა.

ისე, კუკავას მიაჩნია, რომ გოცირიძე ეროვნული ბანკის კარგი პრეზიდენტი არაა და წესით, ის უნდა გადადგეს, ვინაიდან რეალურად სავალუტო პოლიტიკა საქართველოში არის ძალიან სერიოზული რისკების წინაშე. ამავე დროს, საპარლამენტო უმრავლესობამ, უფრო სწორედ, იმ რამდენიმე დეპუტატმა, რომელსაც იმ დღეს მიყავდა მთელი ეს პროცესი სხდომაზე, ჯოხი გოცირიძეზე გადატეხა და არაფერი თქვა მთავრობაზე. არადა, სავალუტო პოლიტიკა არ არის ქვეყანაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეს არის ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი და გოცირიძე არ არის ავტორი იმ ფინანსური პოლიტიკისა, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. იგი უფრო იმაში არის დამნაშავე, რომ მთავრობის პოლიტიკას წინააღმდეგობას არ უწევს.

ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აფასებს როგორც ძალიან ნეგატიურ მოვლენას იმ ფაქტს, რომ პარლამენტი ამდენ ხანს არც ამტკიცებს და არც არ ამტკიცებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ბაზარზე მიმდინარე საეჭვო პროცესები, ვალუტის ასე უაზროდ გამყარება და ასეთი არასასურველი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა სწორედ ამ გაურკვევლობით არის გამოწვეული. არსებობს პასუხგაუცემელი კითხვა: შეიცვლება თუ არ შეიცვლება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა და აქედან გამომდინარე გაურკვევლობა, ბუნებრივია, ბანკების მუშაობაზე არასასურველ გავლენას ახდენს. აქამდე რეგლამენტით დიდი ხანია, მიღებული უნდა ყოფილიყო რამე გადაწყვეტილება, რაც სამწუხაროდ ჯერ არ მომხდარა. განხილვის ვადა არსებობს და განხილვას თან უნდა სდევდეს მაშინვე დამტკიცება-არდამტკიცება. საკითხის გადადებას რეგლამენტი არ ითვალისწინებს. საერთოდ, "მრეწველები" არც მთავრობის ანგარიშების დამტკიცებაში ღებულობენ მონაწილეობას და არც ეროვნული ბანკის ანგარიშის დამტკიცებაში აპირებენ ჩარევას. ტყემალაძე მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომლის გადასაწყვეტიც არის ეს საკითხი, რომ დროზე გაერკვეს საკუთარ პოზიციაში და მიიღოს გადაწყვეტილება ამ ანგარიშის დამტკიცება-არდამტკიცების თაობაზე. გადაწყვეტილების მიღება კი იმიტომ გვიანდება ამდენ ხანს, რომ, სამწუხაროდ, საპარლამენტო უმრავლესობა თავისით ვერაფერს აკეთებს. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ყველაფერი ერთი პიროვნების გადასაწყვეტია. ჯერ თავისი ვერდიქტი პრეზიდენტმა უნდა გამოიტანოს  და უმრავლესობის დეპუტატები ელოდებიან მის განკარგულებას, დაამტკიცონ თუ არ დაამტკიცონ.

დეპუტატების კრიტიკისაგან სრულიად განსხვავებული პოზიცია უკავია სავალუტო ფონდს. მაისის ბოლოს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სავალუტო ფონდის მისია, რომელმაც ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, რომ ფულად-საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკა, ისევე, როგორც ფისკალური პოლიტიკა საქართველოში მიმდინარეობს იმ მემორანდუმის ჩარჩოებში, რომელიც გაფორმებული იყო სავალუტო ფონდს, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის; რომ უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკა და უფრო ძლიერი ლარი ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს.

დალი ჩიკვაიძე