ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" პროგრამა "ჩემები"
#6(90), 2007
ნაწილი 1. ჯანმრთელობის დაზღვევა

ოჯახისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პროდუქტები

საქართველოში სადაზღვევო საქმიანობა რომ მომგებიანია, ამას სადაზღვევო კომპანიებს შორის მძაფრი კონკურენცია და ბაზრის სწრაფი ზრდა ადასტურებს. წინა ნომერში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ორი სადაზღვევო კომპანიის - "ალდაგის" და "ბისიას" გაერთიანების შესახებ. ამჯერად სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" პროგრამა "ჩემებს" შევეხებით. პროგრამა "ჩემები" კომპანია "ბისიაის" ბრენდი იყო და ახლა უკვე გაერთიანებული "ალდაგი-ბისიაის" კუთვნილებაა.

"ჩემების" ისტორია 2006 წლის თებერვალში იწყება. კარგად შერჩეული სახელის ავტორი "ბისიაის" ხელმძღვანელობა იყო, ხოლო იდეის შესაბამისი ლოგოს ავტორი დიზაინერი გიორგი პოპიაშვილი გახლდათ. შთამბეჭდავია პროგრამა "ჩემების" იდეის შინაარსი: სადაზღვევო პროგრამა გათვლილია ოჯახზე - ოჯახის თითოეული წევრის ინდივიდუალურ მონაცემებზე. ცალ-ცალკე შეთავაზებებია ქალების, მამაკაცების და ბავშვების ჯანმრთელობის დაზღვევაზე. როგორც "ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, პროგრამა "ჩემები" პირველი და ერთადერთია, რომელიც ინდივიდუალურ მომხმარებელს სთავაზობს დაპაკეტებულ სადაზღვევო მომსახურებას. "ჩემების" ქვეშ ერთიანდება ჯანმრთელობისა და სხვა სახის დაზღვევის პროდუქტები, რომელიც დაყოფილია საზოგადოების ფენების და მათი მოთხოვნების შესაბამისად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროგრამა "ჩემები" ინდივიდუალურ მომხმარებელზეა გათვლილი. 2007 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით (31 მარტის მდგომარეობით) სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" აქტიური 57 646 ინდივიდუალური მომხმარებელი ჰყავდა, თუმცა კომპანია წლის ბოლომდე გეგმავს ამ მაჩვენებლის 100 000-მდე გაზრდას.

57 646 მომხმარებლიდან ჯანმრთელობის დაზღვევა იყო 42 517, სამოგზაურო დაზღვევა 6 212, ქონების დაზღვევა 2 363, ხოლო ავტომობილის დაზღვევა კი 2 151 ადამიანს ჰქონდა. მთლიანად სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" სადაზღვევო პორტფელში საცალო გაყიდვები იკავებს დაახლოებით 20%-ს, ხოლო დანარჩენი 80% კორპორატიულ დაზღვევაზე მოდის. 2006-დან 2007 მაისის ბოლომდე საცალო გაყიდვების კუთხით კომპანიის მიერ ანაზღაურებულია ზარალი 4 500 000 ლარის ოდენობით.

რა სადაზღვევო პროდუქტებს აერთიანებს "ჩემები-ჯანმრთელობა"

სადაზღვევო პროგრამა "ჩემებში" ყველაზე პოპულარული ჯანმრთელობის დაზღვევაა. 42 517 ინდივიდუალური მომხმარებელი სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევის მხრივ არის "ალდაგი ბისიაის" კლიენტი.

თავის მხრივ "ჩემები-ჯანმრთელობა" მრავალ სახეობად არის დაყოფილი და განსხვავებული კატეგორიის ადამიანებისთვის არის გამიზნული. როგორც "ალდაგი ბისიაი"-ში ამბობენ, პროგრამა შექმნილია ოჯახებისათვის და მაქსიმალურად ითვალისწინებს ოჯახის თითოეული წევრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს სამედიცინო მომსახურებაზე.

"ჩემები-ჯანმრთელობა" მრავალ ცალკეულ პროგრამას მოიცავს, მათ შორის ჩვენ რამოდენიმეს შევეხებით. ესენია:

ჩემები-უნივერსალი;

ოჯახის ექიმი-3, ოჯახის ექიმი-6;

ჩემები-სკოლა;

ჩემები-მასწავლებელი;

ჩემები-თემის ჯანმრთელობის დაზღვევა.

როგორც "ალდაგი ბისიაი"-ში ამბობენ, ჩემები-უნივერსალში სამედიცინო მომსახურებები დაჯგუფებულია 4 დამოუკიდებელ მოდულად. "ჩემების" პროგრამით დაზღვევისას ადამიანს თვითონ შეუძლია შეიძინოს მინიმალური სადაზღვევო დაფარვა ერთი მოდულის არჩევისას ან მიიღოს ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტი ოთხივე მოდულის დაჯგუფებით.

ჩემები-უნივერსალის ორი ან მეტი მოდულის შეძენისას, "ჩემები" ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფასდაკლებას:

ორი მოდულის შეძენის შემთხვევაში - 25%;

სამი მოდულის შეძენის შემთხვევაში - 33%;

ოთხი მოდულის შეძენის შემთხვევაში - 40%.

"ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, რომ ჩემები-უნივერსალის პოლისის შეძენისას სადაზღვევო პრემია დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, ასევე ოჯახის წევრებთან ერთად დაზღვევაზე და კიდევ რამდენიმე ფაქტორზე. ასევე სამი ვარიანტიდან რომელს აირჩევს ოჯახი. ვარიანტები დაყოფილია სადაზღვევო პრემიის ფასით და დაფარვების მიხედვით. მაგალითისთვის რომ ავიღოთ ახალგაზრდა ოჯახის ყოველი წევრის დაზღვევა, ყოველთვიური სადაზღვევო გადასახადი ოთხივე მოდულის არჩევისას 30-35 წლის მამაკაცისთვის იქნება დაახლოებით 31 ლარი, თუ მისი მეუღლე ასევე დაეზღვევა, რომლის ასაკიც დაახლოებით იგივეა, ყოველთვიური სადაზღვევო პრემია 26 ლარს შეადგენს. მშობლები თუ თექვსმეტ წლამდე ასაკის შვილს დააზღვევენ, მისთვის მინიმალური სადაზღვევო პრემია თვეში 18 ლარს შეადგენს.

თუ ოჯახი გადაწყვეტს იმ ვარიანტს, როდესაც სადაზღვევო პრემია მაქსიმუმია, მაშინ მამაკაცის დაზღვევა საშუალოდ თვეში 38 ლარი, მისი მეუღლის საშუალოდ 33 ლარი, ხოლო შვილის ყოველთვიური სადაზღვევო პრემია კი საშუალოდ 23 ლარამდე გაიზრდება. თუმცა, ცხადია სადაზღვევო პრემიის მატებასთან ერთად იზრდება დაფარვების მოცულობაც.

რადგანაც ასაკის მატებასთან ერთად მატულობს ავადმყოფობის რისკი, ამიტომაც 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის მატულობს სადაზღვევო პრემიის მოცულობაც. თუმცა როგორც "ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, 40-45 წლის ადამიანის დაზღვევა უმნიშვნელოდ არის ძვირი 35-40 წლის ადამიანის დაზღვევასთან შედარებით.

"ჩემების" პოლისის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს 24-საათიანი სატელეფონო მომსახურებით. ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი გაგიწევთ სატელეფონო სამედიცინო კონსულტაციას, მოგაწვდით სრულ ინფორმაციას მომსახურე სამედიცინო პროვაიდერებისა და მიმდინარე დაზღვევის პროგრამის შესახებ. სამედიცინო ასისტანსის ნომერია: 922 222, 929 111.

თუ დაზღვეულ ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურების სამედიცინო პროვაიდერს წარმოადგენს აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი. ხოლო რაც შეეხება გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებას, სამედიცინო დაწესებულებების ნუსხაში თბილისში კარგად ცნობილი სამედიცინო კლინიკები და ცენტრები შედიან. ასე რომ, დაზღვეულს აქვს საშუალება თვითონ ამოირჩიოს სტაციონარი.

პოლისის მფლობელს ასევე შეუძლია ჩაიტაროს ჯანმრთელობის მდგომარეობის პროფილაქტიკური კლინიკო-ლაბორატორიული შემოწმება: სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, ელექტროკარდიოგრამა, ოჯახის ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპია და სხვა. პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმების ორგანიზებას ახორციელებს ოჯახის ექიმი ან ასისტანსი;

ამბულატორიული მომსახურების შემთხვევაში დაზღვეულს აუნაზღაურდება მკურნალობის ხარჯები. პოლისის მფლობელს ამბულატორიული მომსახურების შემთხვევაშიც შეუძლია სამედიცინო დაწესებულება თავად ამოირჩიოს "ჩემების" პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებებიდან. "ალდაგი ბისიაი" ახორციელებს პირდაპირ ანგარიშსწორებას და აღნიშნულ კლინიკებში მიმართვისას პოლისის მფლობელი თავისუფლდება გადახდის პროცედურისაგან. გათვალისწინებულია ასევე ფასდაკლებები თუ დაზღვეული მიმართავს "ჩემი ოჯახის კლინიკა"-ს და "ქარაპს მედლაინი"-ს.

"ჩემები უნივერსალის" მფლობელს ასევე შეუძლია ისარგებლოს სტომატოლოგიური მომსახურეობით "ალდაგი ბისიაის" პარტნიორ სტომატოლოგიურ კლინიკებში. შემდეგი სახის მკურნალობის ხარჯებს "ალდაგი ბისიაი" აანაზღაურებს: კბილის გაწმენდა, დაბჟენა, მარტივი და გართულებული კარიესის მკურნალობა, პარადონტოზისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების მკურნალობა;

ასევე გათვალისწინებულია გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება. ზოგიერთ სტომატოლოგიურ კლინიკებში კი გათვალისწინებულია 10-20%-იანი ფასდაკლებებიც.

ჩემები-უნივერსალი ითვალისწინებს გადაუდებელი სასწრაფო დახმარებით უზრუნველყოფას. ნებისმიერი ლიცენზირებული კერძო სასწრაფო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას, რაც მოიცავს ბინაზე ყველანაირი გადაუდებელი დახმარების გაწევის და შესაბამისი პროფილის კლინიკაში ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას, მათ შორის რეგიონებიდან ტრანსპორტირებას.

"ჩემების" პარტნიორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპანიებია: სსდბ "009", კარდიოექსპრესი, არდი. მათი გამოძახების შემთხვევაში "ჩემებში" დაზღვეული არ გადაიხდის თანხას, საკმარისი იქნება მხოლოდ სადაზღვევო პოლისის წარდგენა. ხოლო თუ პოლისის მფლობელმა მაინც სხვა სასწრაფო სამედიცინო სამსახურს მიმართა, მაშინ მომსახურების მთლიან საფასურის გადახდა მოუწევს და "ალდაგი ბისიაისგან" მხოლოდ სადაზღვევო ანაზღაურებას მიიღებს.

ჩემები - ოჯახის ექიმი

"ალდაგი ბისიაიმ" ასევე სადაზღვევო პროგრამა "ოჯახის ექიმი" შექმნა. როგორც სადაზღვევო კომპანიაში ამბობენ, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ, ექიმთან ვიზიტის საფასური 15-25 ლარია, სადაზღვევო პროგრამა "ოჯახის ექიმი" პოლისის მფლობელს საშუალებას აძლევს თვეში სულ რაღაც 3 ან 6 ლარად შეუზღუდავად ისარგებლოს მაღალკვალიფიციური ექიმების უფასო კონსულტაციით და მიიღოს შესაბამისი დანიშნულება. სადაზღვევო კომპანიას საკუთარი კლინიკები აქვს, რომლებიც "ჩემი ოჯახის კლინიკის" სახელწოდების ქვეშ ერთიანდებიან.

ოჯახის ექიმი-3 ან ოჯახის ექიმი-6 შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია:

მედიკამენტების ყიდვისას ადგილზე მიიღოს 10%-იანი ფასდაკლება "ავერსის" აფთიაქების ქსელში;

ისარგებლოს 10-20%-იანი ფასდაკლებით ქალაქის წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში;

ისარგებლოს 10%-იანი ფასდაკლებით ნებისმიერ მომსახურებაზე სამშობიარო სახლში "ჰერა";

მიიღოს მნიშვნელოვანი ფასდაკლება მრავალ სხვა სამედიცინო მომსახურებაზე "ალდაგი ბისიაის" პარტნიორ სამედიცინო კლინიკებში;

უფასოდ გამოიძახოს და მიიღოს სასწრაფო სამედიცინო მომსახურება;

შეუზღუდავად ისარგებლოს "ალდაგი ბისიაი ასისტანსის" 24-საათიანი სატელეფონო-სამედიცინო სამსახური მომსახურებით;

შეუძლია ისარგებლოს "ალდაგი ბისიაის" ჯანმრთელობის ცენტრის ამბულატორიული მომსახურებებით (ექოსკოპია, სისხლის, შარდის ანალიზები და უამრავი სხვა მომსახურება):

ვინც შეიძენს ოჯახის ექიმი-3 პოლისს, მას "ალდაგი ბისიაი" ჰპირდება გარანტირებულ 15%-იანი ფასდაკლებას ყველა ამბულატორიულ მომსახურებაზე.

ვინც ოჯახის ექიმი-6 პოლისს შეიძენს, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" 400 ლარის ფარგლებში ყველა მომსახურების საფასურის 50%-ს აანაზღაურებს.

ოჯახის ექიმის პოლისის შეძენა შესაძლებელია 3, 6 თვის ან ერთი წლის ვადით.

ჩემები-სკოლა

სპეციალურად ბავშვებისთვის არსებობს სადაზღვევო პოლისი ჩემები-სკოლა. ამ პოლისის ფლობის შემთხვევაში ოჯახის ექიმის დანიშნულების შესაბამისად მოზარდს შეუძლია მიიღოს სამკურნალო მასაჟი; სტომატოლოგიური მომსახურება, კბილების გასწორების ჩათვლით.

ჩემები-სკოლა მშობლებს სთავაზობს შვილების ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებს. ყოველთვიური მინიმალური სადაზღვევო პრემია 3 ლარია. არსებობს ასევე 5-ლარიანი, 6,5-ლარიანი და 9-ლარიანი სადაზღვევო პრემიის შესაბამისი მომსახურებები. პოლისით გათვალისწინებულია 24-საათიანი სატელეფონო სამედიცინო კონსულტაცია, სრული ინფორმაცია მომსახურე სამედიცინო პროვაიდერებისა და მიმდინარე დაზღვევის პროგრამის შესახებ.

საბავშვო სასწრაფო სამედიცინო დახმარება ასევე ითვალისწინებს ნებისმიერი ლიცენზირებული კერძო სასწრაფო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას, რაც მოიცავს ბინაზე ყველანაირი გადაუდებელი დახმარების გაწევის და შესაბამისი პროფილის კლინიკაში ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას, მათ შორის რეგიონებიდან ტრანსპორტირებას.

ჩემები-მასწავლებელი

პროგრამა გათვალისწინებულია პედაგოგებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. თუ პედაგოგი მხოლოდ თვითონ დაეზღვევა, მაშინ მინიმალური ყოველთვიური გადასახადი 6 ლარი იქნება, მაქსიმალური ყოველთვიური გადასახადი კი 19,5 ლარს შეადგენს. თანხა დამოკიდებულია სადაზღვევო პირობების არჩევაზე. თუ პედაგოგი მხოლოდ ორკაციან ოჯახს წარმოადგენს და შესაბამისად ორკაციან სადაზღვევო პოლისს შეიძენს, მინიმალური პაკეტის ღირებულება თვეში 10 ლარია, მაქსიმალური კი 34,5 ლარი. ხოლო თუ პედაგოგმა დაზღვევა თავისი ოჯახის ყველა წევრისთვის გაითვალისწინა, მაშინ მინიმალური ყოველთვიური სადაზღვევო პრემია 16 ლარი, ხოლო მაქსიმალური კი 54 ლარია. თუმცა "ოჯახში" მხოლოდ პედაგოგის მეუღლე და 18 წლამდე ასაკის შვილი იგულისხმება. თანხების მატებასთან ერთად მატულობს სამედიცინო მომსახურების სპექტრი.

ჩემები-თემის ჯანმრთელობის დაზღვევა

"ჩემები-თემის ჯანმრთელობის დაზღვევა" არის სპეციალურად რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დაზღვეულთა სტაციონარული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას.

ჩემები-თემის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის შეძენის შემთხვევაში რომელიც თვეში 1,5 ლარიდან 3 ლარამდე ღირს, "ალდაგი ბისიაი" აანაზღაურებს 3000 ლარის ღირებულების სტაციონარულ მომსახურებას.
მთელი თქვენი ოჯახის დაზღვევის შემთხვევაში ოჯახის წევრებზე გავრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

"ალდაგი ბისიაის" ინფორმაციით, რეგიონის მაცხოვრებელს დაზღვევა შეუძლია თუ:

დაზღვევის მომენტისთვის მისი ასაკი არ აღემატება 65 წელს;

დაზღვევის მომენტისთვის არის შრომისუნარიანი;

არ არის ფსიქიურად დაავადებული.

მთლიანობაში, უნდა აღინიშნოს, რომ "ჩემები-ჯანმრთელობის" სადაზღვევო პროგრამა ბევრ სხვადასხვა შემთხვევას მოიცავს, რითაც პოტენციურ მომხმარებლებს დიდი არჩევანის შესაძლებლობას აძლევს.

"ჩემები"-ს ბრენდით წარმოდგენილ სხვა სადაზღვევო პროდუქტებს ჩვენი ჟურნალის მომავალ ნომერში წარმოგიდგენთ.

თემურ იობაშვილი