ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
უცხოური ამბები
№11(131), 2010
AIG სახელმწიფოს 20 მილიარდ დოლარს დაუბრუნებს

ამერიკულმა სადაზღვევო კომპანია American International Group-მა განაცხადა, რომ პროგრამა TARP-ის ფარგლებში მიღებულ დახმარებას (20 მილიარდი დოლარი) სახელმწიფოს 2011 წლის დასაწყისში დაუბრუნებს. შესაბამისი შეთანხმება ამერიკის ფინანსთა სამინისტროსა და კორპორაციის ხელმძღვანელობას შორის ამ ცოტა ხნის წინ გაფორმდა.

ექსპერტთა ვარაუდით, ამერიკის სახელმწიფოს წილი AIG-ის კაპიტალში სახელმწიფო პრივილეგირებული აქციების ჩვეულებრივ აქციებად კონვერტირების გზით მნიშვნელოვნად შემცირდება. კომპანია AIG-ის ხელმძღვანელობის თქმით, ამ ზომების გატარება ტოპ-მენეჯერებისათვის ხელფასებისა და პრემიების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნას ემსახურება. ასეთი შეზღუდვები კომპანიებს სახელმწიფოსაგან დახმარების მიღების შემდეგ დაუწესდათ. საკრედიტო კრიზისის დაწყების შემდეგ, ამ შეზღუდვების გამო კომპანიიდან 47 მენეჯერი წავიდა. 

საფინანსო კრიზისის დროს, სადაზღვევო კომპანია AIG-ის დანაკარგებმა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი შეადგინა, რის გამოც სახელმწიფოსაგან დახმარების სახით 182 მილიარდი მიიღო. ეს კრედიტი ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემასა (60 მილიარდი დოლარი) და ამერიკის ფინანსთა სამინისტროს (69 მილიარდი დოლარი) შორის "გადანაწილდა". 50 მილიარდ დოლარზე მეტი კომპანიამ სახელმწიფოსაგან იპოთეკურ კრედიტებთან დაკავშირებული აქტივების გაყიდვით მიიღო.

ამერიკის ადმინისტრაციამ პროგრამა TARP-ის ფარგლებში ბანკებისა და სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციებისათვის საერთო ჯამში 700 მილიარდი დოლარი გამოყო. ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო სამმართველოს ბოლო შეფასების მიხედვით, სახელმწიფოს ზარალი დაახლოებით 66 მილიარდი დოლარი იქნება. წინა შეფასებასთან შედარებით, ზარალი 16 მილიარდი დოლარით შემცირდა.

პროგრამის ვადები ამ მომენტისათვის უკვე ამოიწურა. გეგმის მიხედვით გათვალისწინებული ფული უკვე გამოყოფილია. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილებანი ამოეწურა. პროგრამა TARP ამერიკის მთავრობამ 2008 წლის ოქტომბერში აამოქმედა. იგი საკრედიტო კრიზისის დროს ამერიკის საფინანსო ორგანიზაციებისათვის დახმარებას ითვალისწინებდა. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ პროგრამამ ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილიზაცია უზრუნველყო.

თავდაპირველად, პროგრამა TARP-ის  ფარგლებში ნავარაუდები იყო ფული ბანკებისაგან არალიკვიდური აქტივების გამოსასყიდად გამოეყოთ. შემდგომში გადაწყდა, რომ იგი საფინანსო ორგანიზაციებისათვის მოკლევადიანი კრედიტებისათვის და რეკაპიტალიზაციისათვის გამოეყოთ.

მსოფლიო ბანკმა "ბიზნესის წარმოების" რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ "ბიზნესის წარმოების" (Doing Business) ერთობლივი რეიტინგი გამოაქვეყნეს. ამ გამოკითხვაში 183 ქვეყანა მონაწილეობდა. ექსპერტებმა თავიანთ ანგარიშში ყოველ ამ ქვეყანაში 2009 წლის ივნისი-2010 წლის მაისის პერიოდში მომხდარი ეკონომიკური ცვლილებები გაანალიზეს.

მსოფლიო ბანკის ეკონომისტების მიერ განხილული მთავარი საკითხი ის იყო, თუ რამდენად ადვილია კონკრეტულ ქვეყანაში ბიზნესის წარმოება. ადგილობრივი ფირმის შესაქმნელად და ბიზნესის საწარმოებლად. რამდენადაც ხელსაყრელია პირობები, იმდენად მაღალია ქვეყნის პოზიცია ამ რეიტინგში.

ექსპერტებმა ქვეყნები 10 მაჩვენებლის მიხედვით შეაფასეს, რომელთა შორის არის დანახარჯები საწარმოს შექმნისას, ფუნქციონირებისას, დახურვისას, მშენებლობაზე ნებართვის მისაღებად, მუშების დაქირავებისას, აგრეთვე გადასახადების დონე, საგარეო ვაჭრობის რეჟიმი. ამ რეიტინგის ლიდერი, ზედიზედ მეორე წელია, სინგაპურია, მეორე ადგილზეა ჰონკონგი, მესამეზე ახალი ზელანდია. პირველ ხუთეულში აგრეთვე დიდი ბრიტანეთი და აშშ შევიდნენ.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ამ რეიტინგში რუსეთმა 2009 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 112-ე ადგილიდან 2010 წელს 120-ე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო რეიტინგში "ბიზნესის წარმოება 2011" კიდევ სამი საფეხურით ჩამოქვეითდა. ექსპერტები მიუთითებენ, რომ ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება სამეწარმეო საქმიანობის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის რეფორმირებას. რუსეთში კი სწორედ ამ სფეროში ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

სულ ცოტა ხნის წინ, რეფორმების ტემპების ზრდის მიხედვით ლიდერად აზერბაიჯანი მოგვევლინა. 2008 წელს სამეწარმეო საქმიანობის პირობების გაუმჯობესების გამო ეს ქვეყანა ერთბაშად 64 პოზიციით, 97-ე საფეხურიდან 33-ე ადგილამდე დაწინაურდა. 2009 წელს ეს ქვეყანა 38-ე ადგილზე, ხოლო მიმდინარე წელს 54-ე ადგილზე (ჩამოქვეითდა ერთბაშად 16 პოზიციით) აღმოჩნდა.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საუკეთესო მაჩვენებელი ამ რეიტინგში ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს აქვს და მიმდინარე წელს მეთორმეტე ადგილი დაიკავა. 2010 წელს ყველაზე უფრო მეტად ბიზნესის წარმოება ყაზახეთმა გაამარტივა, მაგრამ საერთო რეიტინგში ამ ქვეყანამ მხოლოდ 59-ე ადგილი დაიკავა.

ამ რეიტინგში ესტონეთი მე-17, ლიტვა - 23-ე, ლატვია - 24-ე, სომხეთი - 48-ე, ბელარუსი - 68-ე, მოლდოვა - 90-ე ადგილზეა. რუსეთი, უკრაინა და დანარჩენი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ასეულს მიღმა დარჩნენ. რეიტინგში ბოლო ადგილზეა ჩადის რესპუბლიკა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მთლიანობაში, სამეწარმეო კლიმატის გაუმჯობესების დინამიკა აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალია.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული "ბიზნესის წარმოების" რეიტინგი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოებისათვის პირობების შექმნის ყველაზე ავტორიტეტული შეფასებაა.
 
აზია მეორე შვეიცარიად გადაიქცევა

ბოლო პერიოდში შვეიცარია, როგორც "საგადასახადო სამოთხე" ინვესტორებისათვის ნაკლებად საინტერესო გახდა. ამჟამად, ინვესტორებმა ჰონკონგსა და სინგაპურში "გადაინაცვლეს". ამ მომენტისათვის, მეანაბრეებს მსოფლიოში ყველაზე გასაიდუმლოებულ ანგარიშებს სწორედ ეს ქვეყნები თავაზობენ. "თვით შვეიცარიელებსაც კი სინგაპურსა და ჰონკონგში იმის მოპოვება შეუძლიათ, რაც საკუთარ სამშობლოში დაკარგეს!" - დაასკვნეს ექსპერტებმა.

კლიენტებს თავიანთი მოსაზრებები შემთხვევით არ შეუცვლიათ. მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა "შეტევებმა".

"ცუდ დღეში" ჩავარდა შვეიცარიის საბანკო ინდუსტრია, კონკრეტულად კი კერძო კლიენტებისათვის მომსახურების მიმართულება. თავდაპირველად, ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ გამოძიება უდიდესი შვეიცარიული ბანკ UBS-ის წინააღმდეგ წამოიწყო. ასეთ "გაუგებრობაში" შემდგომში სხვა შვეიცარიული ბანკებიც აღმოჩნდნენ.

ამერიკელი იურისტების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე, შვეიცარიელ სამართალდამცავებს ინფორმაცია იმ ამერიკელი მოქალაქეების შესახებ უნდა შეეკრიბათ, ვინც გადასახადებისაგან თავის არიდებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. ევროპის ქვეყნების საგადასახადო ორგანოებმა მიიღეს დისკები, რომელიც რამდენიმე ათასი კლიენტის ანგარიშების შესახებ საიდუმლო ინფორმაციებს შეიცავდა. გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია შვეიცარიის ბანკებიდან მოიპარეს. შემდგომში, იმავე ბანკებისაგან მოითხოვეს, რომ კლიენტების საიდუმლო ანგარიშები დაებეგრათ. გატარებული ღონისძიებების შემდეგ, შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა ბოლო ორი წლის განმავლობაში 200 მილიარდი ამერიკული დოლარი იზარალა.

დაბალი გადასახადების "აზიურ ოაზისებში" შვეიცარიული "წარმოშობის" ბანკები გამოჩნდნენ. მათი კლიენტები არა მარტო აზიელი მილიონერები არიან, არამედ ის ევროპელი და ამერიკელი მოქალაქეებიც, რომლებიც მათ ქვეყნებში საგადასახადო ორგანოების მხრიდან კონტროლის გაძლიერებით არიან დაშინებულნი. აზიურ ქვეყნებში დამკვიდრებას სხვადასხვა "კალიბრის" ბანკები სასწავლო ცენტრებთან ერთად შეეცდებიან.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სინგაპურსა და ჰონკონგში კერძო ბანკირებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეინიშნება ე.წ. "გლობალური კლიენტების" კაპიტალის "გადინება" შვეიცარიის ბანკებიდან, რომლებიც მათთვის ტრადიციულად, ყველაზე საიმედო თავშესაფარი იყო. სინგაპურისა და ჰონკონგის ბანკებში მათი "გადასახლება" იმ საერთო ტენდენციის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც "აზიური საფინანსო ცენტრების პოზიციების გამყარებას" უწოდებენ.

აზიური საბანკო მიმართულების განვითარების ძირითადი მიზეზი შეძლებული კლიენტების სიმრავლეა. გაიზარდა ამ სეგმენტის კიდევ უფრო განვითარების ალბათობა ამერიკისა და ევროპის საბანკო სექტორთან შედარებით. სიტუაციის შესაბამისად, ბანკები ცდილობენ ამ კლიენტებთან ახლოს საკუთარი პოზიციები სხვებზე ადრე დაიკავონ.

ბანკმა Societe Generale-მ "ვალუტების ომში" დამარცხებული დაასახელა

განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებმა "ვალუტების ომი" მის დაწყებამდე წააგეს. ასეთი დასკვნა გააკეთა ბანკ Societe Generale-ის ექსპერტმა გაელ ბლანშარმა. ანალიტიკოსის მოსაზრებით, თავისუფალი კაპიტალი ინვესტორებმა "სადღაც" მაინც უნდა დააბანდონ.
 
მათთვის ამის გაკეთება ყველაზე ხელსაყრელი სწორედ განვითარებად ბაზრებზეა მიზანშეწონილი. სწორედ ამიტომ, ისინი განვითარებად ბაზრებზე კაპიტალს ნებისმიერ შემთხვევაში დააბანდებენ, ხოლო ადგილობრივი ვალუტა გამყარებას გააგრძელებს. ამგვარად, ვალუტების კურსების შემცირებისაკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი ნაკლები ეფექტის მომტანია და შეზღუდულ ხასიათს ატარებს.

ამჟამად, მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში, საბაზო განაკვეთები ისტორიული მინიმუმის დონეს ინარჩუნებენ. იმავდროულად, იგივე მაჩვენებელი განვითარებად ქვეყნებში მაღალ დონეზეა. მათი შემცირება შეუძლებელია, რადგანაც არსებობს ინფლაციის საშიშროება. მაგალითად, ამერიკაში საბაზო განაკვეთი 0-0,25% ის ფარგლებში მერყეობს, როცა იგივე მაჩვენებელი განვითარებად ქვეყნებში - 7,75%-ს უტოლდება. ასეთი სხვაობა ინვესტორებს საშუალებას აძლევს მოგება პრაქტიკულად რისკის გარეშე მიიღონ. მათ კრედიტები აღებული აქვთ განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო კაპიტალს განვითარებად ქვეყნებში აბანდებენ.

"ვალუტების ომი" რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო ეკონომიკურ საზოგადოებაში ერთ-ერთ ძირითად თემად გადაიქცა. ამ მნიშვნელოვან საკითხზე ყურადღება ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა გვიდო მანტეგამ გაამახვილა. მან განაცხადა, რომ ყოველი ქვეყანა ცდილობს საკუთარი ვალუტის კურსი შეამციროს, რადგანაც ეს ექსპორტიორებისათვის არის ხელსაყრელი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკუთარი ვალუტის კურსის "დამუხრუჭებას" არა მარტო ჩინეთი და სხვა განვითარებადი ქვეყნებიც ცდილობენ, არამედ მათ განვითარებულმა ქვეყნებმაც (მათ შორის იაპონიამაც) მიბაძეს. "ვალუტების ომის" გამო შეშფოთება უკვე გამოთქვეს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებმაც.

ბერლინი და პეკინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ

ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, ამერიკის ეკონომიკის სტიმულირების მიზნით 600 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე, გერმანიისა და ჩინეთის მთავრობების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი აზრით, დოლარის შესუსტება ხელსაყრელი მხოლოდ ამერიკელი ინვესტორებისთვის არის. ამასთან ერთად, მკვეთრად გაიზრდება ფასები ექსპორტზე.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ განაცხადა, რომ "ამ ნაბიჯით ვაშინგტონი საკუთარ საშინაო პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, დანარჩენი მსოფლიოსთვის კი ეს ნაბიჯი მრავალ უხერხულ სიტუაციას შექმნის. ამ შემთხვევაში ამერიკის პოლიტიკა სიგიჟეს ემსგავსება. ამერიკელებმა ეკონომიკაში უზარმაზარი ფული მანამდეც დააბანდეს. უაზრობაა იმის მოლოდინი, რომ ახალი ზომები მათ პრობლემებს გადაწყვეტს. ამერიკა სხვა საშუალებების დახმარებით აკეთებს იგივეს, რის გამოც ჩინეთს აკრიტიკებს. ამ შემთხვევაში ინსტრუმენტები განსხვავებულია, მიზნები კი მსგავსი".

გერმანიის ხელისუფლება ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას აპირებს. ამ თემაზე ყურადღებას გერმანელები დიდი ოცეულის ქვეყნების მეთაურებთანაც გაამახვილებენ.

ჩინეთის ცენტრალური ბანკის მეთაურს, ჩჯოუ სიაოჩუანს მიაჩნია, რომ აუცილებელია საერთაშორისო სავალუტო სისტემის რეფორმირება, თუმცა არ დაუზუსტებია, საამისოდ რა ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ცუი ტიანკაიმ განაცხადა, რომ ამერიკას უფლება აქვს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე მიიღოს, მაგრამ ამერიკის ხელისუფლებამ რიგ საკითხებზე განმარტებები უნდა გააკეთოს. გერმანიისა და ჩინეთის გარდა, აღშფოთება იმავე საკითხზე ბრაზილიის მთავრობამაც გამოთქვა. მათი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება ბრაზილიაში და მთლიანად მსოფლიოში ექსპორტიორებს უდიდეს პრობლემებს შეუქმნის.

საქმიანი ჟურნალი Manager-Magazin, წერს, რომ "იპოთეკური კრედიტების პროცენტები ყველაზე დაბალ ნიშნულამდეა, ხოლო "ჰაერში გამოკიდებული" უძრავი ქონების ბაზრის აღდგენა მაინც ვერ ხერხდება. საწარმოებს ნამდვილად არ ესაჭიროებათ კიდევ უფრო გაიაფებული კრედიტები, ამის გარეშედაც ფულის ტომრებზე სხედან!

სამომხმარებლო კრედიტების პროცენტების სიმცირის მიუხედავად, ამერიკელებს ყიდვის ხალისი გაუქრათ, რადგანაც ათეული წლების განმავლობაში ვალები დაუგროვდათ. მრავალი ექსპერტი შიშობს, რომ "იაფი ფულის" ახალი ერა საფინანსო კრიზისის განმეორებისათვის ნიადაგს ამზადებს. დადგება დრო, როცა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა იძულებული იქნება შეძენილი სახელმწიფო ობლიგაციები მოიშოროს, რაც ბაზარს ძლიერ შეარყევს. არსებობს იმის საშიშროებაც, რომ "იაფი ფული" საფინანსო ბაზარზე აზარტულ მოთამაშეებს მოიზიდავს, რაც უკვე "ცნობილი შედეგებით" დასრულდება".