ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა #236 - $5(245), 2020
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია.

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #235

გვაქვს ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილი, რომელსაც აქვს 10X10 ფორმა და რომელიც შედგება 1X1 ფორმის უჯრედებისგან. ცნობილია, რომ მთელი ქსოვილის რომელიღაც 9 უჯრედი დაინფიცირებულია. დროის ერთ ერთეულში, უჯრედი, რომელსაც ჰყავს მინიმუმ ორი დაინფიცირებული მეზობელი (მეზობლებად ითვლებიან საერთო გვერდის მქონე უჯრედები), ინფიცირდება. გავრცელდება თუ არა ინფექცია მთელს ქსოვილში? პასუხი დაასაბუთეთ. 

ამოცანის ამოხსნა

არა, არ გავრცელდება. ზოგადად, თუ განვიხილავთ რომელიმე ჯანმრთელი უჯრედის მეზობელ უჯრედებს, რომელსაც ჰყავს 2, 3 ან 4 დაინფიცირებული მეზობელი, შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ დროის ერთეულის გასვლის შემდეგ დაინფიცირებული არეალის პერიმეტრი არ იზრდება. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ შემდეგი ორი ილუსტრაცია (დაინფიცირებული უჯრედი აღნიშნულია V ასოთი, ჯანმრთელი - H ასოთი), სადაც პირველ მათგანზე ნაჩვენებია მდგომარეობა დაინფიცირებამდე, ხოლო მეორეზე – დროის ერთი ერთეულის გასვლის შემდეგ, როდესაც დაინფიცირდა მწვანე ფერით შეღებილი, ჯანმრთელი უჯრედი.
     

პირველ შემთხვევაში დაინფიცირებული არეალის პერიმეტრი არის 12-ის ტოლი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 10-ის.
 
საწყის მომენტში დაინფიცირებული არეალის პერიმეტრი არის მაქსიმუმ 4×9=36. იმ შემთხვევაში, თუ ქსოვილი დაინფიცირდება სრულად, დაინფიცირებული არეალის პერიმეტრი იქნება 10+10+10+10=40, რაც შეუძლებელია – როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაინფიცირებული არეალის საწყისი პერიმეტრი არ უნდა გაიზარდოს. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავის გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა #236  

ტომ სოიერმა უნდა შეღებოს ფიცრებისგან აშენებული გრძელი მესერი შემდეგნაირად: ნებისმიერი ორი ფიცარი, რომელთა შორის არის ზუსტად 2, ზუსტად 3 ან ზუსტად 5 ფიცარი, შეღებილი უნდა იყოს სხვადასხვა ფერით. რა მინიმალური რაოდენობის სხვადასხვა ფერის საღებავი დასჭირდება ტომ სოიერს ამ სამუშაოს შესასრულებლად? პასუხი დაასაბუთეთ. 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში";
 
2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი";
 
4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო".
 
გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. გისურვებთ წარმატებებს!