ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
ვინ უნდა აკონტროლებდეს აუდიტორული მომსახურების ხარისხს?
#11(119), 2009
თვითრეგულირებიდან სახელმწიფო რეგულირებისკენ
 

2009 წლის 5-6 ნოემბერს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ (ბაფ-ი) თემაზე "პროფესიული რეგულირება და თვითრეგულირება - გამოცდილება, რეალობა, პერსპექტივები" საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის უმთავრესი მიზანი გახლდათ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეგულირებაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება საქართველოში აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი ნორმების შემუშავებისას. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: სხვადასხვა ქვეყნის (ინგლისი, გერმანია, პოლონეთი, თურქეთი, სერბია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, უზბეკეთი, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი) მარეგულირებელი, პროფესიული ორგანიზაციების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა.   

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე აღნიშნავს, რომ ამ კონფერენციის მოწვევა გადაწყდა ასევე თბილისში შარშან გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა პროფესიულ განათლებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, ხარისხის უზრუნველყოფას აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების სფეროში. საქართველოში აუდიტის სფეროში ხარისხის კონტროლის სამსახური არ არსებობს. კანონში "აუდიტორული საქმიანობის შესახებ" წერია, რომ კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს. გარდა ამისა, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციაც 2000 წლიდან, რაც ბაფ-ი მისი წევრია, მოითხოვს, რომ ქვეყანაში აუდიტის ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდეს. შიგნით, თვითონ აუდიტურ ფირმებსაც უნდა ჰქონდეთ ხარისხის კონტროლის სისტემა, მაგრამ ეს მოთხოვნა, სამწუხაროდ, ვერ შესრულდა ბევრი გარემოების გამო. ხარისხის კონტროლის მონიტორინგი რომ გაკეთდეს ფირმებში, ეს არ შეიძლება გააკეთოს არც სახელმწიფო სტრუქტურამ და არც მოქმედმა აუდიტორმა (ინტერესთა კონფლიქტი არ უნდა იყოს). ამიტომ მოსაძებნია ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, ვინც ადრე იყო აუდიტორი, მაგრამ ახლა აღარ ეწევა აუდიტორის პრაქტიკას. კონფერენციაზე ითქვა, რომ საქართველოში ასეთი მხოლოდ 2 კაცი მოიძებნა. ეს პრობლემაა სხვა ქვეყნებშიც. "მოხალისეები" ჩვენთან ნაკლებად არიან, აქ ეს ხალხი ანაზღაურების გარეშე არ იმუშავებს.  
 

მაგრამ, ამ პრობლემის გარდა მთავარია, რომ ჩვენს ქვეყანაში არც სახელმწიფოს და არც პროფესიულ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ გამოცდილება, ეს როგორ უნდა გაკეთდეს. ჭუმბურიძის ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ქართულ კომპანიას თვითონ შიგნით აქვს კონტროლის სისტემა; მაგრამ რა ფორმით აქვთ, რამდენად შეესაბამება ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტს, ამის მონიტორინგი ვერ ხერხდება. 

რადგან ხარისხის კონტროლი კანონით ვერ რეგულირდება, ბაფ-მა ხარისხის კონტროლის კომიტეტი შექმნა და გამოაცხადა, რომ ვისაც სურს ხარისხის კონტროლს დაექვემდებაროს, უნდა გახდეს ფედერაციის წევრი. დღეს 16 აუდიტური ფირმა ბაფ-ის წევრია და ამ ფირმებში ბაფ-მა ხარისხის კონტროლი დაიწყო იმ გამოცდილებიდან, რაც შარშან გაუზიარეს; ცხადია, ეს სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ხარისხის კონტროლის მიმართულებით მუშაობის დაწყება მოისინჯა და წევრ-კომპანიებს კითხვარები დაეგზავნათ. შემოსული პასუხები დამოუკიდებელმა ექსპერტებმა განიხილეს. მიდის მათი განხილვა, ეს ფირმები ამა თუ იმ ფაილებს როგორ აწარმოებენ და ასე შემდეგ. ვისთანაც არ არის ისე, როგორც აუდიტის სტანდარტით უნდა იყოს, ბაფ-ი აძლევს რეკომენდაციას და ასევე დროს, რომ გამოასწოროს, სანამ ვიზიტით შემოწმება იქნება. ეს ჯერ ნებაყოფლობითია, ხოლო რადგან სავალდებულო არ არის, შესაძლოა ბევრი ფირმა ფიქრობს, რატომ ავიტეხო თავისტკივილი, რად მინდა ხარისხის კონტროლიო. რამდენიმე ორგანიზაციამ, ვისაც სთხოვენ საერთაშორისოდ აღიარებულ ფირმებს გააკეთებინონ აუდიტი, ბაფ-ს უკვე მიმართა თხოვნით, გაეგზავნა სია იმ ფირმებისა, ვინც მისი წევრია და მისი მხრიდან ხარისხის კონტროლს ექვემდებარება. საქმე ისაა, რომ საქართველოს ფედერაცია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრია და მისი წევრი ავტომატურად სარგებლობს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრის სტატუსით.
 

ჭუმბურიძის ინფორმაციითვე, სახელისუფლებო დონეზეა თუ ბიზნესის დონეზე, უცხოელები, მსოფლიო ბანკი, ევროპისა და აზიის განვითარების ბანკი, დღეს სამწუხაროდ ყველა მიიჩნევს, რომ საქართველოში თითქმის არ არიან აუდიტური ფირმები, რომლებსაც შეიძლება ენდო. არადა, 10-15 სანდო აუდიტური ფირმა მაინცაა, სადაც ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ ეს არ ჩანს, იმიტომ რომ მონიტორინგი არ ხდება. ამის გამო საქართველოს ბაზარზე ქართული აუდიტური ფირმების მომსახურების ფასი მაღალი არ არის.  

როგორც "საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოების" (ბას-ი) წარმომადგენელი გიორგი ხმალაძე აღნიშნავს, პროფესიის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხი საერთოდ არის პრობლემატური და დღეს, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით პრობლემატური და აქტუალურია, რადგან იმ ცნობილი მოვლენების გამო, "ენრონს" და მაშინდელი "დიდი ხუთეულის" წევრ აუდიტურ კომპანიას რომ დაემართა, ძალაში შევიდა ევროკავშირის დირექტივა; დღეს, როცა უკვე ევროკავშირის ქვეყნებმა ამ დირექტივის საფუძველზე პროფესიის რეგულირება სხვა ფორმატში დაიწყეს (ანუ სახელმწიფო ჩაერია რეგულირებაში), ასეთი შეხვედრები მარტო ჩვენთან კი არა, ევროპაშიც აქტუალურია და პროფესიის წარმომადგენლები ხვდებიან და მსჯელობენ ამის თაობაზე. საქართველოში პირველად მოხდა რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით ასეთი საერთაშორისო დონის შეხვედრა და სხვისი პრაქტიკის გაზიარება; თუმცა, წინა პარლამენტის დროს, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იყნენ, მთავრობის მიერ ინიცირებული იყო კანონპროექტი, რომელიც შემდეგ პარლამენტმა დაიწუნა; მერე კანონპროექტი თვითონ პარლამენტში შეიქმნა და ისიც მეტ-ნაკლებად ხარვეზიანი იყო. ამის გამო მაშინაც მიმდინარეობდა ამაზე მსჯელობა და მასალების მოძიება საერთაშორისო პრაქტიკის გასაზიარებლად. პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოდან (ვისაც ეკონომიკური რეფორმები ეხებოდა) სპეციალისტებს დახმარება სთხოვეს და მათაც, იმ პერიოდიდან მოყოლებული, გარკვეული მასალები მოაგროვეს. მაშინ ჟურნალ "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსებშიც" გამოქვეყნდა "საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოების" ხედვა ამის თაობაზე. შესაბამისი ინფორმაციები და მასალები პარლამენტს მიაწოდეს. ფაქტობრივად, მაშინ ამ კანონპროექტის განხილვაში ქართველმა პრაქტიკოსმა სპეციალისტებმა (მათ შორის, "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" მთავარმა რედაქტორმაც) პირველად მიიღეს მონაწილეობა; გამოთქვეს მოსაზრებები, შესაბამისი შენიშვნები იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რაც მაშინდელ კანონპროექტს ჰქონდა. ამ ქართველი პრაქტიკოსი სპეციალისტების ერთობლივი დამსახურებაა, რომ კანონპროექტის მთავრობისეული რედაქცია დღემდე შეჩერდა, არადა, შესაძლო იყო, რომ ისე, სხვათა შორის გაყოლოდა კანონპროექტთა პაკეტს და ძალიან მარტივად ყოფილიყო მიღებული; სხვათა შორის, მაშინ პირადი საუბრების დონეზე ბაფ-იდანაც აღნიშნეს, რომ კანონპროექტში ჩაწერილ ზოგიერთ მოსაზრებას თვითონაც არ ეთანხმებოდნენ. კონფერენციაზე ითქვა, ბაფ-მა მოამზადდა კანონპროექტი, რომელიც ინიცირებული იქნებაო.  
 

კონფერენციაზე დაფიქსირდა ზოგადი პოზიცია, რომ რეგულირებაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სახელმწიფო და რომ სქემა (რომელიც აღიარებულია პოსტსოციალისტურ ქვეყნებსა და ჩვენი ზომის ქვეყნებში) არის ორდონიანი კონტროლის სისტემა; ანუ პროფესიული ორგანიზაციის ძირითადი ფუნქცია არის ტრენინგები, სწავლება, სერტიფიცირება, ხოლო რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, ხარისხის კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო. საზედამხედველო ორგანოში, როგორც მაკონტროლებელში, ზოგ ქვეყანაში არის 7 წევრი, ზოგან 9, ზოგან 12... კანონით დგინდება, რომ საზედამხედველო საბჭოში თავისი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეთ პროფესიას, ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს, ფასიანი ქაღალდების კომისიას, საზოგადოების წარმომადგენლებს და ასე შემდეგ და პროფესიის წარმომადგენლები უმცირესობაში უნდა იყვნენ. შემდეგ ეს საზედამხედველო ორგანო ქმნის სისტემას ზედამხედველობისათვის, ანუ იყვანს მცირერიცხოვან შტატს იმისათვის, რომ საქმიანობის ზედამხედველობა განახორციელოს.

ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო ჯერ არა გვაქვს. არც ძველ კანონპროექტში ყოფილა გაწერილი, მაგრამ კონფერენციაზე ბუღალტერთა ფედერაციის ხარისხის კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელმა ივანე ჯელიამ, რომელიც ამავე დროს არის აუდიტური კომპანია "ბეიკერ ტილი ჯოჯიას" ხელმძღვანელი, წარმოადგინა თავისი მოსაზრება ბაფ-ის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური სააგენტო, რომელიც განახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას აუდიტის ხარისხის კონტროლზე. მაგრამ იმავდროულად ითქვა, რომ ხარისხის კონტროლის უფლება დელეგირებული უნდა იყოს პროფესიულ ორგანიზაციაზე.  
 

გიორგი ხმალაძე მიიჩნევს, რომ საზედამხედველო უნდა იყოს აუცილებლად სახელმწიფო ორგანო და სხვა არავინ. მხოლოდ სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს ეს კონტროლი. თვითრეგულირება უნდა იყოს სწავლება-სერტიფიცირების ნაწილში. პროფესიულ ორგანიზაციას თავის დონეზე უნდა ჰქონდეს საზედამხედველო ფუნქციები. მას შეუძლია თავის წევრ აუდიტურ კომპანიებსა და აუდიტორებს შეუმოწმოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ჩაატაროს ხარისხის კონტროლის პროცედურები, მაგრამ ეს იქნება კონტროლის პირველი საფეხური; მეორე, ზედა საფეხური და ძირითადი არის სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმება ხარისხის კონტროლისა აუდიტურ ფირმებში.

რამდენად ეთანხმება ეს პოზიცია ხელისუფლების პოზიციას? გამოცხადებულია, რომ სახელმწიფო პროფესიის რეგულირებაზე სახსრებს არ დახარჯავს. მაგრამ ევროკავშირის დირექტივა და მსოფლიო პრაქტიკა პირუკუა; იქ, სადაც სრული თვითრეგულირება იყო და სახელმწიფო არაფერს ხარჯავდა, ახლა ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. ფაქტობრივად, თვითრეგულირების პოზიცია ყველას მიერ უგულებელყოფილია. ყველაზე მეტი თვითრეგულირება იყო დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში. ორივეგან სახელმწიფო საზედამხედველო საბჭოები შეიქმნა ხარისხის კონტროლის საზედამხედველოდ. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფო საზედამხედველო ორგანომ გარკვეულწილად ეს ფუნქციები შესასრულებლად პროფესიულ ორგანიზაციას გადასცეს. შესაძლოა, ქართველებმაც მიიჩნიონ, რომ უნდა შეიქმნას საზედამხედველო ორგანო, მაგრამ საზედამხედველო ორგანომ ზედამხედველობის ფუნქციის დელეგირება გაუკეთოს პროფესიულ ორგანიზაციას. ანუ ირიბად ისევ მივდივართ თვითრეგულირებასთან. კანონში იქნება ჩანაწერი, რომ სახელმწიფო ღებულობს მონაწილეობას პროფესიის რეგულირებასა და ზედამხედველობაში; მაგრამ იმავე კანონის ძალით სახელმწიფოს ექნება უფლება ზედამხედველობის ფუნქცია მისცეს პროფესიულ ორგანიზაციას და ფაქტობრივად მისი საშუალებით განახორციელოს საზედამხედველო ფუნქცია. "ჩაითვლება, რომ ჩვენ ევროკავშირის დირექტივას ვასრულებთ და ფაქტობრივად, თვითრეგულირება გვექნება. რეალურად რა იქნება, ამას დრო და პრაქტიკა გვიჩვენებს. მაგრამ საქართველოში რეალური საშიშროებაა იმისა, რომ ერთი პროფესიული ორგანიზაციის ხელში აღმოჩნდეს მონოპოლია მომზადების, სერტიფიცირებისა და კონტროლის. მსოფლიო პრაქტიკა კი არის აუდიტორული საქმიანობის ზედამხედველობის მოქცევა სახელმწიფო რეგულირების ქვეშ და არა თვითრეგულირება", - აცხადებს გიორგი ხმალაძე.  
 
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის შესახებ კანონები გასაახლებელია 
 

ლავრენტი ჭუმბურიძე იხსენებს: "2-3 წლის წინათ, მთავრობაში დაგვიძახეს, ბუღალტრული აღრიცხვის კანონიც და აუდიტის კანონიც შესაცვლელიაო. ორივე რომ ნამდვილად მოძველებულია და მოთხოვნებს არ პასუხობს, ამაზე არავინ დავობს. იყო ასეთი მიდგომა, რომ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კანონები ერთ კანონად გაერთიანებულიყო, ერთიანი ყოფილიყო მარეგულირებელი სისტემაც. ცხადია, ჩვენ მუშაობაში ჩავერთეთ. არა მარტო ჩვენ, აუდიტური კომპანიებიდან 8-10 კაცი იყო, ვინც პროექტზე იმუშავა. მოვამზადეთ პროექტი და მისი ინიცირება მთავრობიდან მოხდა, თუმცა მთავრობის შეხედულებებისამებრ მასში გარკვეული ცვლილებები (ზოგი ჩვენთვისაც მიუღებელი) იყო. ამ კანონპროექტში იყო ბევრი რამე ისეთი, რომელზეც მთავრობას სხვა პოზიცია ჰქონდა, პარლამენტს სხვა და ვერ შეთანხმდნენ. პარლამენტს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა თუნდაც იმიტომ, რომ პარლამენტის ორი სტრუქტურა (ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია და აუდიტორული საქმიანობის საბჭო) უქმდებოდა".   

ჭუმბურიძის ინფორმაციით, წლევანდელი კონფერენციის მიზანი სწორედ ის გახლდათ, რომ რადგან არ არსებობდა შეთანხმებული პოზიცია პროფესიის წარმომადგენლებს, პარლამენტსა და მთავრობას შორის, თუ როგორი უნდა იყოს ამ პროფესიაში მარეგულირებელი სტრუქტურა, ვინ უნდა გააკეთოს სერტიფიცირება, ვინ უნდა შეამოწმოს ხარისხის კონტროლი, ამიტომ ქართველ სპეციალისტებს გაეგოთ, როგორ არის ეს საკითხი გადაწყვეტილი ბრიტანეთში, პოლონეთში, სერბეთში, თურქეთსა თუ უკრაინაში. კონფერენციაზე ბაფ-მა მოაწყო პრეზენტაცია იმ ძველი კანონპროექტისაც, რათა გაეგო, რა არის მასში შესასწორებელი და რა არა; ამ კონფერენციის გაგრძელება იყო მეორე საერთაშორისო კონფერენცია 16-17-18 ნოემბერს ბაზალეთში, რომლის ჩატარების იდეაც და დაფინანსებაც აზიის განვითარების ბანკს ეკუთვნოდა. მოგვიანებით კი, ქართველები უკვე უცხოელთა მონაწილეობის გარეშე შეიკრიბებიან და ამ თემაზე იმსჯელებენ.
 

რა თქმა უნდა, ევროდირექტივების მოთხოვნების გათვალისწინება უნდა მოხდეს. მაგრამ პრობლემაა, თუ ვინ იყოს მარეგულირებელი. ჩვენთან აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგს მიაჩნია, რომ საზედამხედველო ორგანო უნდა იყოს პარლამენტთან, ზოგს ეროვნულ ბანკთან და ასე შემდეგ. საერთოდ, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირადაა. სახელმწიფო ირჩევს ვიღაცას და ის ახორციელებს სახელმწიფოს სახელით ზედამხედველობას. მაგალითად, თურქეთსა და აზერბაიჯანში ფინანსთა სამინისტროა, ზოგან _ სხვა სტრუქტურა. ლავრენტი ჭუმბურიძის განმარტებით, ევროკავშირის დირექტივა მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უფრო მეტად აიღოს რეგულირების საკითხი, მაგრამ დელეგირება გააკეთოს რომელიმე კომისიაზე; თვითონ დაიტოვოსო, ამას ის ერთმნიშვნელოვნად არ მოითხოვს. ის მოითხოვს, რომ არ შეიძლება პროფესია იყოს სრულად თვითრეგულირებადი. სახელმწიფო მონიტორინგს უნდა ახორციელებდეს ვინმეს მეშვეობით; მაგრამ ეს ვინმე ვინ იქნება, ამაზე ევროდირექტივა არ ამბობს, რომ მაინცდამაინც რომელიმე სამინისტრო ან უწყება იყოს.  

ჩვენ როგორც ფინანსური ანგარიშგების, ისე აუდიტის სტანდარტები ბევრად უფრო ადრე შემოვიღეთ, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა დსთ-ის სივრცეში; უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტებზე ვართ გადასული და რატომ უნდა თქვას ვინმემ, რომ საქართველოში არ კეთდება აუდიტი ან ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით? მაგრამ ინვესტორები ამბობენ ამას, ქართულ ფირმებს ბოლომდე არ ენდობიან, იმიტომ რომ არავინ იცის, აკეთებს თუ არა ამ სტანდარტებით ვინმე ან აუდიტს და ან აღრიცხვას. ამის მონიტორინგი არ ხდება. ეს არის ჩვენთან პრობლემა, თორემ, მაგალითად, უკრაინამ და რუსეთმა აღიარეს, რომ საქართველო ჩვენზე ბევრად წინ არის და დღეს ბევრი რამე ვისწავლეთ კონფერენციიდანო.
 

"თუ სტანდარტები ვაღიარეთ, მაგრამ მაინც არაა ინვესტორის ნდობა, არაა კომპანიების ნდობა ქართული აუდიტური ფირმებისადმი, მაშინ რისთვის გავაკეთეთ ეს?!" - კითხულობს ჭუმბურიძე და განაგრძობს, რომ მსოფლიო საითაც მიდის, ევროდირექტივა რასაც ითხოვს, ის უნდა გავაკეთოთ. რაც აუდიტში ლიცენზირება გაუქმდა, მას შემდეგ უფრო აუცილებელი გახდა ხარისხის კონტროლის მონიტორინგი, რათა ვიცოდეთ, ბაზარზე ვინ არის აუდიტორი, ვინ არა. ხელისუფლებიდან ითხოვენ, თვითონ პროფესიის წარმომადგენლები შეთანხმდით და კანონპროექტი მოიტანეთო. ცვლილება აუდიტის კანონში და აღრიცხვის კანონში შესატანი რომ არის, ეს ცხადია. მაგალითად, თუნდაც ის, რომ ბუღალტერიის კანონში წერია ბუღალტერიის სტანდარტები და იუსტიცია არ არეგისტრირებს სტანდარტებს, იმიტომ რომ ახლა მას ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები ჰქვია.  

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ბუცხრიკიძეც ეთანხმება მოსაზრებას, რომ "აუდიტორული საქმიანობის შესახებ" ახალი კანონია მართლაც მისაღებია, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონპროექტი, რომელიც კომიტეტში იყო შემოტანილი, შემოტანილი იყო პროცედურის დარღვევით. პროცედურული დარღვევა გამოიხატებოდა იმაში, რომ მთავრობას არ ჰქონდა უფლება საპარლამენტო ორგანო (საბჭო და კომისია) გაეუქმებინა (პარლამენტის რეგლამენტით მხოლოდ პარლამენტს აქვს უფლება, რომ გააუქმოს თავისი ორგანოები). თანაც კანონპროექტი ზედმეტად ლიბერალიზებული იყო. პროფესია მთლიანად თვითრეგულირებაზე გადადიოდა და ამას თავად მთავრობაშიც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ის კანონპროექტი კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. დღევანდელმა პარლამენტმა მისი შემდგომი განხილვა შეაჩერა და კომიტეტი ცდილობს, რომ შეიქმნას ახალი კანონი, როგორიც პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება საჭირო და ამავე დროს ევროდირექტივებიც გათვალისწინებული იქნება. თუმცა ჩვენთან არიან ისეთი წარმომადგენლებიც, რომლებსაც ევროკავშირის დირექტივაზე მაღლა უნდათ რომ დააყენონ კანონი და ამას ბუცხრიკიძე არ ეთანხმება. მისი პოზიციაა, რომ საქართველომ ევროდირექტივების შესაბამისი კანონი უნდა მიიღოს და დელეგირება გააკეთოს მხოლოდ ნაწილობრივ, მთლიანად არ უნდა გაუშვას ხელიდან კონტროლის მექანიზმი.  
 
სახელმწიფო ზედამხედველობის პრინციპები 
 

პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ელგუჯა აფრიდონიძე განმარტავს, რომ ადრე მსოფლიოში აუდიტორული საქმიანობის რეგულირების ორი მიმდინარეობა იყო: თვითრეგულირება, სადაც სახელმწიფო მხოლოდ ლიცენზირების სახით ერეოდა და მეორე, სადაც სახელმწიფო უფრო მეტად ერთვებოდა ზედამხედველობასა და რეგულირებაში. აუდიტორული საქმიანობა ყველაზე უფრო თვითრეგულირებადი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში იყო; მაგრამ "ენრონთან" დაკავშირებული ცნობილი სკანდალის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. მოგეხსენებათ, 2001 წლის დეკემბერში მსხვილი ამერიკული კომპანია "ენრონი" გაკოტრდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისმა მესვეურებმა, საბუღალტრო ანგარიშსწორებისას, ყალბი დოკუმენტაცია წარმოადგინეს, რითაც ხელოვნურად გაზარდეს საფონდო ბირჟაზე ამ კომპანიის აქციების ფასი. სასამართლომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში დაადანაშაულა საერთაშორისო აუდიტური ფირმების "დიდ ხუთეულში" შემავალი "არტურ ანდერსენი", რომელიც "ენრონს" აუდიტს უტარებდა. "არტურ ანდერსენი" იძულებული გახდა ფუნქციონირება შეეწყვიტა და "ერნსტ ენდ იანგს" შეერთებოდა. ასე იქცა "დიდი ხუთეული" "დიდ ოთხეულად". ასეთივე არასასიამოვნო ფაქტები მოხდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში; აღმოჩნდა, რომ აუდიტორები ზოგიერთ შემთხვევაში ყოველგვარ ზედამხედველობას არიან მოკლებული და ყოველთვის ობიექტურ სურათს არ იძლევიან. ამიტომ "მსოფლიო ეკონომიკის მამებმა", სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ აუდიტური კომპანიებისადმი ზედამხედველობა გაეძლიერებინათ.   

2006 წლის 17 მაისს ევროკავშირმა მიიღო დირექტივა, რომელიც ეხება წლიური და კონსოლიდირებული ანგარიშების სავალდებულო აუდიტს. ამ დირექტივაში ტერმინი "სავალდებულო აუდიტი" აღნიშნავს წლიური ანგარიშების ან კონსოლიდირებული ანგარიშების აუდიტს, როგორც ამას მოითხოვს ევროგაერთიანების კანონი. "სავალდებულო აუდიტორი" აღნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელსაც მოცემული დირექტივის შესაბამისად ამტკიცებს წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო სავალდებულო აუდიტის ჩასატარებლად. "აუდიტური ფირმა" აღნიშნავს იურიდიულ პირს ან სხვა სამეურნეო ერთეულს, მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომელსაც მოცემული დირექტივის შესაბამისად ამტკიცებს წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო სავალდებულო აუდიტის ჩასატარებლად. დირექტივის 32-ე მუხლში, რომელსაც ჰქვია სახელმწიფო ზედამხედველობის პრინციპები, ჩამოთვლილია შემდეგი პრინციპები:  
 

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შექმნან სავალდებულო აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტური სისტემა, ამ მუხლის 2-7 პუნქტებში ფორმულირებულ პრინციპებზე დაყრდნობით.

2. ყველა სავალდებულო აუდიტორი და აუდიტური ფირმა უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო ზედამხედველობას.
 

3. სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემის მართვაში ჩართული უნდა იყვნენ არაპრაქტიკოსი პირები, რომელთაც იციან სავალდებულო აუდიტის სფერო, თუმცა, წევრ სახელმწიფოს შეუძლია სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემაში ჩართოს პრაქტიკოსი აუდიტორებიც, უმცირესობის სახით. სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემის მართვაში დასასაქმებლად პიროვნებები უნდა შეირჩეს დამოუკიდებლობის მოთხოვნისა და კანდიდატურების წარდგენის (ნომინაციის) გამჭვირვალე პროცედურის შესაბამისად.

4. სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემას საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება:
ა) სავალდებულო აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების დამტკიცებასა და რეგისტრაციაზე;
ბ) პროფესიული ეთიკის სტანდარტების, აუდიტური ფირმების შიდა ხარისხის კონტროლისა და აუდიტის ჩატარების სტანდარტების მიღებაზე;
გ) უწყვეტი განათლების, ხარისხის უზრუნველყოფის, მოკვლევისა და დისციპლინარულ სისტემებზე.
 

5. სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს გამოკვლევა სავალდებულო აუდიტორებთან და აუდიტურ ფირმებთან დაკავშირებით და გაატაროს სათანადო ღონისძიება.

6. სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე. გამჭვირვალობა უნდა ითვალისწინებდეს წლიური სამუშაო პროგრამებისა და ამ სისტემის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას.
 

7. სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა სათანადო დონეზე უნდა იყოს დაფინანსებული. დაფინანსება დაცული და თავისუფალი უნდა იყოს სავალდებულო აუდიტორების და აუდიტური ფირმების არასასურველი (შეუფერებელი) ზეგავლენისაგან.

აღნიშნული დირექტივის შესასრულებლად სახელმწიფოებს ვადა მიეცათ 2008 წლის 1 ივლისამდე.
 
რატომ დაბლოკა პარლამენტმა მთავრობის 2006 და 2008 წლების საკანონმდებლო ინიციატივები აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში 
 

როგორც ელგუჯა აფრიდონიძე იხსენებს, საიტებზე ევროკავშირის ამ დირექტივის ჯერ მხოლოდ პროექტი იყო გამოქვეყნებული, რომ 2006 წლის მარტში მთავრობამ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინა კანონპროექტი "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ", რომელიც ითვალისწინებდა აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ლიკვიდაციას და მთელი ფუნქციების გადაცემას პროფესიული ბუღალტრული ფედერაციისათვის, ანუ სრულ თვითრეგულირებაზე გადასვლას. მთავრობამ ეს საკითხი ისე განიხილა და ისე შემოიტანა პარლამენტში, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან კონსულტაციები არ ჰქონია. საბჭომ ევროკავშირის დირექტივის პროექტიც მოიშველია და თავისი მოსაზრებები გაუზიარა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი სესიებზე არ გასულიყო და პარლამენტი ახალ კანონპროექტზე იმუშავებდა.

ახალი კანონპროექტის მომზადებას სათავეში ჩაუდგა ზურაბ ბუცხრიკიძე, რომელიც წინა პარლამენტშიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. კომიტეტი მრავალი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნო, მაგრამ თვითონ ევროკავშირის ქვეყნებსაც ევროკავშირის დირექტივის შესაბამისი კანონები მიღებული ჯერ არ ჰქონდათ და მასზე მუშაობდნენ. კომიტეტმა კანონპროექტი კი მოამზადა, თუმცა არც 2006 და არც 2007 წელს განსახილველად არ გამოუტანია, იმიტომ რომ დაელოდა, როგორი გამოცდილება ექნებოდათ სხვა ქვეყნებს.  

 

ამ დროს ქვეყანაში რეფორმებს ხელმძღვანელობდა სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე, რომელიც ისევ იმ კანონის მიღებას და პროფესიის თვითრეგულირებაზე გადასვლას მოითხოვდა. ეს კანონპროექტი კომიტეტმა გაუგზავნა ჯეპლაკს, გააცნო მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს და მათაც მიზანშეუწონლად მიიჩნიეს მისი მიღება მაშინ, როცა მსოფლიოში თვითრეგულირებიდან სახელმწიფო რეგულირებაზე გადასვლის ტენდენციაა. ამიტომ პარლამენტმა უარი თქვა იმ კანონპროექტის მიღებაზე. 

მაგრამ 2008 წლის გაზაფხულზე, სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა, პარლამენტში შემოვიდა ბენდუქიძის აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტი "საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ", რომლის თანმდევებიდან ერთ-ერთი კანონპროექტი იყო "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ", ისეთივე, როგორიც 2006-ში შემოტანილი და კიდევ უფრო გაუარესებული. მასში ეწერა, მაგალითად, რომ "პროფესიონალი (სერტიფიცირებული) ბუღალტერი" ნიშნავს პირს, რომელიც პროფესიონალ ბუღალტრად სერტიფიცირებულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი პროფესიული ორგანიზაციის მიერ და თავის კვალიფიკაციას ადასტურებს პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად და პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ACCA-ის მიერ. მაგრამ საქართველოში ACCA-ს პროგრამით მხოლოდ ბაფ-ი ამზადებს და IFAC-ის წევრიც მხოლოდ ბაფ-ია; ასეთი ჩანაწერი წინა კანონპროექტში არ ყოფილა.   
 

ყველამ იცოდა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, ჰქონდა კონსულტაციები ბენდუქიძის აპარატთან, რომელთანაც ძალიან ბევრ საკითხზე შეთანხმებულიც იყო, მაგრამ ამის მიუხედავად ამ პაკეტში შემოვიდა ისეთი კანონპროექტი, რაც მთელი ამ 2 წლის მუშაობას ხაზს უსვამდა. ამიტომ პარლამენტი სახტად დარჩა. ამ კანონპროექტის მიღებაც დაიბლოკა, თუმცა ეს საკითხი კომიტეტში არ მოხსნილა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პოზიციაა, რომ ისეთი კანონი შეიქმნას, რომელიც შესაბამისობაში იქნება სხვა ქვეყნების გამოცდილებებთან, ევროკავშირის დირექტივებთან და რაც მთავარია, გამოადგება პროფესიას.

ამჟამად მოქმედი კანონი "აუდიტორული საქმიანობის შესახებ" 1995 წლის 7 თებერვალს არის მიღებული. პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო 1996 წელს შეიქმნა. თავიდან ქვეყანაში აუდიტორული საქმიანობის ჩამოყალიბებაში საბჭომ დიდი საქმე გააკეთა. საბჭომ და ბაფ-მა ერთად თარგმნეს ქართულად აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ერთად იმიტომ, რომ ბაფ-ი არის წევრი საერთაშორისო ფედერაციისა, რომელიც მარტო თავის წევრებს აძლევს საერთაშორისო სტანდარტების თარგმნის უფლებას) და პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთმა პირველებმა დანერგეს. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე კი ფედერაცია ცალკე მუშაობდა.  
 

სტანდარტების დანერგვის გარდა, იყო სხვა წარმატებებიც. ქვეყანაში საერთაშორისო აუდიტური კომპანიები შემოვიდნენ, მაგრამ არანაკლები ქართული კომპანიებიც ჩამოყალიბდნენ და გაიზარდა მოთხოვნილება ხარისხიან აუდიტზე. ერთ-ერთი გადამწყვეტი, კარგი ნაბიჯი გადაიდგა 2005 წელს, როცა "აუდიტორული საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა. მანამდე ყველა სამეწარმეო სუბიექტი ვალდებული იყო წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმება ჩაეტარებინა და აუდიტორული დასკვნა საგადასახადო ორგანოში წარედგინა, რამაც ძალიან ნეგატიური როლი ითამაშა, ვინაიდან უკვე მოთხოვნილება აუდიტზე კი არა, აუდიტორულ დასკვნაზე, ერთ ფურცელზე იყო. მეწარმე აუდიტორულ დასკვნას 20-50 ლარად ყიდულობდა. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი სერიოზული მეწარმეებიც, რომლებიც ამას არასდროს ჩადიოდნენ და ყოველთვის ხარისხიანი აუდიტი უნდოდათ; მაგრამ საერთო ფონი შეიქმნა ისეთი, თითქოს აუდიტი არის აუდიტორული დასკვნა, რომელსაც თხოულობს საგადასახადო ინსპექცია და საუბედუროდ, მოიძებნენ ფირმები, რომლებიც ძალიან დემპინგურ ფასად ემსახურებოდნენ. ასე რომ არ გაგრძელებულიყო, კანონში ცვლილება შევიდა და სავალდებულო აუდიტი დარჩა მარტო: ბანკებისთვის, სადაზღვევო კომპანიებისთვის, სპეციალური სახელმწიფო ფონდებისთვის, საფონდო და სასაქონლო ბირჟებისათვის, ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისა და საინვესტიციო ინსტიტუტებისათვის, აგრეთვე სხვა სუბიექტებისათვის, რომელთა სიას ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ასეთი საწარმო (ორგანიზაცია) კი ჩვენთან ბევრი არაა.  

ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ქვეყანაში გაიზარდა გადასახადების ადმინისტრირება და წამოვიდა მოთხოვნილება ხარისხიან აუდიტზე. მეწარმე მიხვდა, რომ აუდიტი ის კი არ არის, დასკვნას 20 ლარად რომ ყიდულობდა, მას ხარისხიანი აუდიტი სჭირდება. ამიტომ ადრე არსებული 200 აუდიტური ფირმიდან დღეს დარჩა 100-120, მაგრამ სამუშაოთა ძირითადი ხვედრი დაახლოებით რამდენიმე ათეულ აუდიტურ ფირმაზე მოდის. თუ მანამდე საერთოდ ქვეყანაში აუდიტორული მომსახურების ბრუნვა დღგ-ის გარეშე 5 მლნ ლარამდე იყო, შარშან და შარშანწინ 25 მლნ-ზე ავიდა. ე.ი. მეწარმე თანხის გადახდას კი არ ერიდება, პირიქით, მეტს იხდის, მაგრამ ითხოვს ხარისხიან აუდიტს. ამ ბრუნვებიდან 60% მაინც "დიდ ოთხეულზე" მოდის. აფრიდონიძის აზრით, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს ქართული აუდიტური კომპანიები. არადა, ზოგიერთი სახელმწიფო ორგანიზაცია ფაქტობრივად მხოლოდ საერთაშორისო აუდიტურ კომპანიებს შორის აცხადებს ტენდერს აუდიტორულ მომსახურებაზე. ცხადია, ისეთი ორგანიზაციებიცაა (მაგალითად, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები), რომლებშიც საერთაშორისო აუდიტორული შემოწმება არა ჩვენი სახელმწიფოს, არამედ მსოფლიო გლობალური მოთხოვნაა და ასეა მთელ მსოფლიოში.  
 

მაგრამ ავიღოთ, მაგალითად, "საქართველოს რკინიგზა". იქ, ისევე, როგორც ბევრგან სხვაგან, აუდიტს ატარებენ უცხოელები, რომლებსაც ქართველი სპეციალისტები ემსახურებიან, რადგან "საქართველოს რკინიგზის" შესახებაც და აქაურ კანონმდებლობაშიც ქართველ აუდიტორებს გაცილებით მეტი ცოდნა აქვთ, ვიდრე უცხოელებს. ქართველი იძულებულია უცხოელთან შედარებით მცირე ანაზღაურებაზე დათანხმდეს, რათა უმუშევარი არ დარჩეს. ამ უცხოურ ფირმებს ქვეყნის გარეთ ძალიან დიდი თანხები გააქვთ. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ორგანიზაციებიც და ქართული კომპანიებიც ტენდერების გამოცხადებისას ქართველებს უცხოელების თანაბარ პირობებში ჩააყენებენ.   

აფრიდონიძის თქმით, ჩვენ უკვე გავიარეთ ის ეტაპი, როცა აქ აუდიტორული საქმიანობა უცხო იყო. ახლა უკვე მოთხოვნაა ხარისხიან აუდიტზე, ამიტომ კანონში აუდიტური ფირმებისადმი უფრო მკაცრი მოთხოვნა უნდა იყოს გათვალისწინებული; პროფესიის წარმომადგენლებსაც მიაჩნიათ, რომ ხარისხის კონტროლი უნდა გაუმჯობესდეს. მაგრამ სხვადასხვა პოზიციაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა აიღოს ხელში ეს კონტროლი. მაგალითად, ივანე ჯელიამ კონფერენციაზე წარმოადგინა გარკვეული ჯგუფის ხედვა, რომ ახალი აუდიტორული კანონი იყოს ისეთი, რომელიც თითქოს შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის დირექტივასთან, მაგრამ საუბარი იყო აუდიტორული საქმიანობის საბჭოს გაუქმებასა და აღმასრულებელ ორგანოსთან ახალი საზედამხედველო ორგანოს, სააგენტოს შექმნაზე. აფრიდონიძის პოზიცია არის, რომ ეს საზედამხედველო ორგანო არ უნდა იყოს აღმასრულებელ ორგანოსთან. არის ქვეყნები, სადაც ამას ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს, ზოგან როგორ არის და ზოგან როგორ, მაგრამ რაკი ჩვენთან ჩამოყალიბებულია პარლამენტთან არსებული საბჭო, უმჯობესია, რომ ამ საბჭოს რეორგანიზაცია მოხდეს ისე, როგორც დირექტივა ითხოვს. პარლამენტთან არსებულია აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია. შეიძლება საბჭოსა და კომისიის ფუნქციები გაერთიანდეს, შეიქმნას გაერთიანებული სტრუქტურა, მაგრამ მაინც პარლამენტთან უნდა იყოს არსებული. რაც შეეხება კანონმდებლობას, აფრიდონიძის აზრით, ცალ-ცალკე უნდა დაიწეროს ორი კანონი, ვინაიდან სხვა ქვეყნების გამოცდილებებს თუ გადავხედავთ, ყველგან არის ცალკე კანონი ბუღალტრული აღრიცხვის და ცალკე კანონი აუდიტის შესახებ ("ააფის" რედაქცია იზიარებს ამ პოზიციას - მთ. რედაქტორის შენიშვნა).  
 

ნოემბრის კონფერენციების შემდეგ იმსჯელეს ბუღალტერთა ფედერაციის საინიციატივო ჯგუფთან ერთად, რომელმაც თავისი ხედვა წარმოადგინა კონფერენციაზე და შეთანხმდნენ, რომ არ არის სავალდებულო კანონპროექტი ჯერ პარლამენტში მიიტანონ, ან სხვა ვიღაცამ მოამზადოს და ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ. ჯობია, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში შეიკრიბონ თვითონ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც მოწადინებულნი არიან აუდიტორული საქმიანობის განვითარებით და შექმნან საინიციატივო ჯგუფი, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ამ კანონპროექტზე, სხვა ქვეყნების გამოცდილებებს გაითვალისწინებს; უნდა მომზადდეს ისეთი კანონპროექტი, რომელიც ქვეყნისთვისაც გამოსადეგი იქნება, ევროკავშირის დირექტივასთანაც შესაბამისობაში იქნება და რაც მთავარია, პროფესიას გამოადგება. 

 
საკანონმდებლო შეუსაბამობები 
 

ელგუჯა აფრიდონიძეც ადასტურებს, რომ მართლაც საბჭოს არა აქვს არავითარი მექანიზმი ცუდად მომუშავე აუდიტური ფირმებისადმი რამე სანქციის გასატარებლად. ადრე ლიცენზიის ჩამორთმევა არსებობდა, ახლა ლიცენზირება გაუქმებულია. საბჭოს აქვს 22-კაციანი კოლეგია, რომლის გადაწყვეტილება არის ნორმატიული აქტი. კოლეგია 1996 წელს შეიქმნა და გარკვეულ განახლებას საჭიროებს, იმიტომ რომ ზოგი იქ აღარ მუშაობს და ჭირს კოლეგიის შეკრება. წინა პარლამენტში იყო მსჯელობა ამ კოლეგიის შეცვლაზე და ალბათ, ახალი კანონის მიღებასთან ერთად უფრო მცირერიცხოვანი კოლეგიაც შეიქმნება. თუ კანონი არ იქნება, მარტო კოლეგიის ცვლილება არაფრის მომცემია.

"ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის თანახმად, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება ნორმატიული აქტებია. ამასთან დოკუმენტი ნორმატიულ აქტად ითვლება იუსტიციის სამინისტროში ექსპერტიზის გავლისა და "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ. პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით 1999 წლის 12 აგვისტოდან სამოქმედოდ შემოღებულია ქართულ ენაზე თარგმნილი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები. ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAC) ამ სტანდარტების თარგმნის ნებას აძლევს მარტო თავის წევრ ორგანიზაციას (ასეთი საქართველოში მარტო ბაფ-ია), ამასთან სტანდარტები წიგნად უნდა გამოიცეს, სხვაგვარად ვერ გამოქვეყნდება. როგორც ბუღალტერიაში, ისე აუდიტში არ დაგვიწყია ეროვნული სტანდარტების შემოღება და მთლიანად ვაღიარეთ საერთაშორისო სტანდარტები. ამ კანონების მიღებისას საბჭომ კოლეგიის დადგენილება კი დაარეგისტრირა, მაგრამ ცხადია სტანდარტები ვერ გამოაქვეყნა. დარეგისტრირება მოასწრო მანამ, სანამ კანონში "ნორმატიული აქტების შესახებ" ჩაიდებოდა აუცილებელი მოთხოვნა, "საკანონმდებლო მაცნეში" დაიბეჭდოსო. ასე რომ, ჩვენ საერთაშორისო სტანდარტები აღიარებული კი გვაქვს, მაგრამ "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებული არა გვაქვს. თანაც ამ სტანდარტებში ყოველ წელიწადს შედის ცვლილებები, ისინი ნათარგმნია, მაგრამ ვერ ქვეყნდება. მართალია "ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ" კანონში წერია, რომ საქართველო აღიარებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და კერძო სამართლის იურიდიული პირი (მცირე საწარმოსა და არაკომერციული იურიდიული პირის გარდა) ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ მეწარმე შეიძლება მოგვედაოს: თუ ეს ნორმატიული აქტია, გამოქვეყნებული მაჩვენეთო. ელგუჯა აფრიდონიძის აზრით, გამოსავალი ის იქნება, რომ გამონაკლისის სახით პირდაპირ ჩაიწეროს მომავალ კანონპროექტში, რომ საზედამხედველო ორგანოს აქვს უფლება საერთაშორისო სტანდარტები აღიაროს და ამის გამოქვეყნება არაა სავალდებულო; ანუ ნორმატიულ აქტად ჩაითვალოს კოლეგიის გადაწყვეტილება, მარტო ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს და თვითონ სტანდარტები არა.  
 

ახალი კანონის მიღების მიზანია აუდიტორული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ხარისხი რომ გაუმჯობესდეს, ალბათ ისეთი მოთხოვნები იქნება, რომ დღეს მოქმედ აუდიტორთაგან ყველა ვერ დააკმაყოფილებს. ზოგი აუდიტორობას თავს დაანებებს და ალბათ, საქართველოში ორმოცდაათამდე აუდიტორული კომპანია დარჩება. ეს რაოდენობა სავსებით დააკმაყოფილებს ამჟამად ქვეყანაში სავალდებულო აუდიტზე არსებულ მოთხოვნას. ცხადია, სახელმწიფომ ყურადღება ძირითადად სავალდებულო აუდიტზე უნდა გაამახვილოს; მაგრამ არის მოთხოვნილება აგრეთვე საკონსულტაციო მომსახურებაზე, ბუღალტრულ მოწესრიგებაზე, რაც ასევე შეიძლება ამ კანონით დარეგულირდეს. კანონში რაღაცა გრადაცია უნდა ჩაიდოს, რომ ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ვინც ატარებს, იმას უფრო მეტი მოეთხოვებოდეს. მუშა ჯგუფი იმიტომაა შესაქმნელი, რომ ასეთი საკითხები გადაწყდეს. იმედია, რომ ახალი კანონპროექტის გატანა 2010 წლის საშემოდგომო სესიაზე მოხერხდება. 

 
დალი ჩიკვაიძე