ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
ქართველ აუდიტორთა ორი შეხვედრა პროფესიის მარეგულირებელი კანონის პროექტთან დაკავშირებით
#1(121), 2010
2010 წლის 11 იანვარს საქართველოს პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საქმიანობის საბჭოში გაიმართა ქართველ აუდიტორთა შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა ფირმების წარმომადგენელი დაახლოებით 20 აუდიტორი დაესწრო. ამ შეხვედრას წინ უძღოდა მსგავსი შეხვედრა ბაფ-ის ოფისში (18.12.2009 წ.), რომელშიც მონაწილეობდნენ 13 აუდიტური ფირმის (მათ შორის - "დიდ ოთხეულში" შემავალი აუდიტური ფირმების), აუდიტორული საქმიანობის საბჭოს და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის წარმომადგენლები. ამ შეხვედრების მიზანი იყო ბაფ-ის გამგეობის მიერ მომზადებული "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ" კანონის ახალი პროექტის განხილვა. ეს პროექტი ადრე შემუშავებული კანონპროექტის (რომელიც უარყოფილი იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ) გადამუშავებული ვარიანტია.

ჩვენი ჟურნალის წარმომადგენელი მიწვეული იყო, მაგრამ ვერ დაესწრო აუდიტორთა პირველ შეხვედრას, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ 18.12.2009 წ. შეხვედრაზე დამსწრეთა უმეტესობამ მოიწონა ახალი კანონპროექტის სამუშაო ვარიანტი ("დიდი ოთხეული" შეხვედრაში მონაწილეობდა სათათბირო ხმის უფლებით და მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ).

სრულიად განსხვავებული სურათი იყო აუდიტორთა მეორე, 11.01.2010 წ. შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენი ჟურნალის წარმომადგენელი უშუალოდ ესწრებოდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე აუდიტორმა, რომლებიც წინა შეხვედრიც მონაწილეობდნენ, ხოლო "დიდი ოთხეულის" და აუდიტორთა სხვა საერთაშორისო ქსელებში ჩართული აუდიტური ფირმების წარმომადგენლები ამ შეხევდრას არ დასწრებიან.

დამსწრეთა უმეტესობამ სკეპტიკურად შეაფასა ახალი კანონპროექტი.

შეხვედრის დაწყებისთანავე რამდენიმე მონაწილემ (მეგი აჯიაშვილი, ნიკოლოზ ბაკაშვილი, გიორგი ცერცვაძე და გიორგი ხმალაძე) კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის ნაცვლად შესთავაზა ბაფ-ის გამგეობის წარმომადგენლებს, რევაზ ძაძამიას და ლავრენტი ჭუმბურიძეს, ერთმანეთისაგან გამიჯნულიყო ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელი დებულებები და ერთიანი კანონპროექტის ნაცვლად ორი ახალი კანონპროექტი შემუშავებულიყო (ცალკე - აუდიტზე, ცალკე - ბუღალტრულ აღრიცხვაზე). მათი აზრით, ეს ხელს შეუწყობდა აუდიტორთა შორის თანხმობის მიღწევას. ამასთან, აღინიშნა, რომ ეს არ შეუშლიდა ერთიან კანონპროექტში შეტანილი დებულებების ორ კანონპროექტზე გადანაწილებას, თუ კონკრეტული დებულებები აუდიტორთა შორის შეთანხმებული იქნებოდა.

კამათი ძირითად ამ საკითხის გარშემო გაიმართა. დასაწყისში ის კონსტრუქციულად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, სანამ კამათში არ ჩაერთო ერთ-ერთი აუდიტური ფირმის ხელმძღვანელი, ნოდარ ებანოიძე, რომელმაც ქართული აუდიტური ფირმები ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა (?!). ამას, ბუნებრივია, დამსწრეთა აღშფოთება მოჰყვა. ნოდარ ებანოიძემ მის მიერ გამოთქმული აზრი საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის იაკობ მესხიას მოსაზრებებით ახსნა. სამწუხაროდ, ამან ხელი შეუშალა შეხვედრის კონსტრუქციულ გარემოში გაგრძელებას.

მიუხედავად იმისა, რომ დამსწრეთა უმეტესობა აშკარად ორი კანონპროექტის შემუშავების მომხრე იყო, კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა, ძირითადად ამ მოსაზრებისადმი ბაფ-ის გამგეობის თავმჯდომარის რევაზ ძაძამიას საწინააღმდეგო პოზიციის გამო. საბოლოოდ, აუდიტორთა ერთმა ნაწილმა გამოიჩინა ინიციატივა და განაცხადა, რომ ერთობლივად შექმნიან სამუშაო ჯგუფს, რომელიც დაახლოებით ორი თვის ვადაში საზოგადოებას განსახილველად წარუდგენს თვისობრივად ახალ კანონპროექტს "აუდიტორული საქმიანობის შესახებ". გიორგი ცერცვაძემ გამოხატა მზადყოფნა ამ ჯგუფთან თანამშრომლობაზე, ოღონდ სამუშაო ჯგუფის წევრად შესვლის გარეშე.

"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" რედაქცია ერთ-ერთ მომდევნო ნომერში, როდესაც ზემოაღნიშნული სამუშაო ჯგუფის კანონპროექტი უკვე მზად იქნება, გეგმავს დეტალურად განიხილოს როგორც მათი შემუშავებული, ასევე ბაფ-ის გამგეობის მიერ უკვე წარმოდგენილი კანონპროექტები.

საკუთარი ინფორმაცია