ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
აუდიტის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ჩარჩო საფუძვლები - #3(243), 2020
წინასიტყვაობა 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარე ჯეი კლეიტონი აღნიშნავს: „აუდიტი ჩვენი ფინანსური სისტემის ქვაკუთხედია“. ამასთანავე, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მთავარი ბუღალტერის უესლი ბრიკერის სიტყვებით, „აუდიტის მიმართ არსებობს ნდობა, ვინაიდან ეს პროფესია მუდმივად მიჰყვება ხარისხიანი და ღირებულების შემქმნელი აუდიტის პრინციპებს და პასუხისმგებელია აუდიტის კომიტეტისა და საზოგადოების წინაშე. ნდობა შეიძლება გამყარდეს, ან შესუსტდეს – იგი არც სტატიკურია და არც წარმოსახვითი“. 

აუდიტის ხარისხის ცენტრი (CAQ) და მისი წევრი ფირმები დარწმუნებულნი არიან, რომ სდპ სექტორის აუდიტორული ფირმების მიერ აუდიტის ხარისხის ხელშეწყობისა და მონიტორინგის გამჭვირვალობის ზრდა ამყარებს ნდობას პროფესიის მიმართ. სდპ სექტორის აუდიტორული ფირმები აუდიტის ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან რესურსს დებენ. აუდიტის ხარისხზე მუდმივი ზრუნვა ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რაც კვლევების მიხედვით ამერიკელ ინვესტორებს უმყარებს ნდობას აშშ-ს კაპიტალის ბაზრის, სდპ კომპანიების, აუდიტორებისა და აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მიმართ. 

სდპ სექტორის არაერთი აუდიტორული ფირმა საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ფორმით უწყობენ ისინი ხელს აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებას საქმიანობის გამჭვირვალობისა და აუდიტის ხარისხის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების საშუალებით. თუმცა, ყველა ფირმა არ აკეთებს ამას, რაც იწვევს ანგარიშებში გარკვეულ ცდომილებას. შესაბამისად, მოხარულნი ვართ წარმოგიდგინოთ წინამდებარე დოკუმენტი – „აუდიტის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ჩარჩო საფუძვლები“ – რომელსაც დროთა განმავლობაში შეუძლია ფირმებს შორის ინფორმაციის ერთგვაროვნებისა და შესადარისობის უზრუნველყოფა. მოცემული საფუძვლები მომზადდა მცირე და მსხვილ ფირმებთან მჭიდრო თანამშრობლობითა და მათი აქტიური ჩართულობით. ჩვენ მოვუწოდებთ მკითხველს, რომ გამოიყენონ წინამდებარე ჩარჩო საფუძვლები 2019 წლის საქმიანობის გამჭვირვალობისა და აუდიტის ხარისხის შესახებ ანგარიშების მომზადების პროცესში. 

წინამდებარე ჩარჩო საფუძვლები წარმოადგენს სდპ სექტორის აუდიტორთა პასუხისმგებლობის მაგალითს გამჭვირვალობის ხელშეწყობის საკითხში. ასევე მას შეუძლია წვლილი შეიტანოს ჩვენს კაპიტალის ბაზრებზე არსებულ ინვესტორთა ნდობის ამაღლების საქმეში. 

პატივისცემით, 

სინთია მ. ფორნელი, აღმასრულებელი დირექტორი, აუდიტის ხარისხის ცენტრი

შინაარსი 

- შესავალი 

- აუდიტის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ჩარჩო საფუძვლების ძირითადი პრინციპები 

პრინციპი 1 – ჩარჩო საფუძვლები ნებაყოფლობითია და წარმოადგენს საილუსტრაციო ნიმუშს. 

პრინციპი 2 – ჩარჩო საფუძვლები უზრუნველყოფს მოქნილობას. 

პრინციპი 3 – ჩარჩო საფუძვლები ითვალისწინებს ფირმის დონეზე არსებული ინფორმაციის გამჟღავნებას. 

- როგორ გამოვიყენოთ წინამდებარე ჩარჩო საფუძვლები 

დონე 1 – აუდიტის ხარისხის ელემენტები. 

დონე 2 – ფოკუსირების საგანი. 

დონე 3 – ფირმის დონეზე გამოყენებული აუდიტის ხარისხის ინდიკატორები და სხვა ხარისხობრივი ინფორმაცია (ფირმის დონეზე გამოყენებული აუდიტის ხარისხის ინდიკატორებისა და/ან ფოკუსირების საგნის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმები). 

- აუდიტის ხარისხის ელემენტები 

ელემენტი 1 – ხელმძღვანელობა, კულტურა და ფირმის მმართველობა. 

ელემენტი 2 – ეთიკა და დამოუკიდებლობა. 

ელემენტი 3 –ახალ დამკვეთთან ურთიერთობის დამყარება (ახალ გარიგებებში მონაწილეობა) და ძველთან ურთიერთობის გაგრძელება. 

ელემენტი 4 – გარიგების გუნდის მართვა. 

ელემენტი 5 – აუდიტორული გარიგების შესრულება. 

ელემენტი 6 – მონიტორინგი. 

- ნიმუში: ფირმის დონეზე გამოყენებული აუდიტის ხარისხის ინდიკატორებისა და სხვა ხარისხობრივი ინფორმაციის მაგალითი. 

- დასკვნა. 

- რესურსები. 

შესავალი 

აუდიტის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობისა და მონიტორინგის მიზნით, ბევრი აუდიტორული ფირმა2 აქვეყნებს ანგარიშებს საქმიანობის გამჭვირვალობისა და აუდიტის ხარისხის შესახებ, ისევე როგორც აქვეყნებს სხვა ტიპის ინფორმაციას. წინამდებარე გამოცემის მიზანს წარმოადგენს ფირმების ისეთი განმარტებითი ინფორმაციით უზრუნველყოფა, რაც დაეხმარება მათ საქმიანობის პროცესში განსაზღვრონ, შეაფასონ და მიაწოდონ სასარგებლო ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეებს. ეს თავის მხრივ მათ წარმოდგენას შეუქმნის ფირმის დონეზე აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის პროცესის მდგომარეობის შესახებ. 

ფირმის მიერ აუდიტის ხარისხის კონტროლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ხელს შეუწყობს დიალოგს და აამაღლებს დაინტერესებულ მხარეთა ცნობიერების დონეს ფირმის მიერ თანამშრომლებში, სხვადასხვა რესურსებში, პროცესებში, პოლიტიკასა და ტექნოლოგიებში ჩადებული ინვესტიციის შესახებ. წინამდებარე საფუძვლები აგრეთვე დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს უკეთ გაიაზრონ ფირმების მიერ აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკების მართვის სტრატეგიები. 

წინამდებარე ჩარჩო საფუძვლები ეფუძნება აუდიტის ხარისხის ცენტრის, მისი წევრი ფირმებისა და სხვა მხარეების წარსულ გამოცდილებას აუდიტის ხარისხის ინდიკატორებთან დაკავშირებული ხედვების მოძიებისა და შემუშავების პროცესში. 

აუდიტის ხარისხის ცენტრს მანამდე გამოქვეყნებული აქვს შემდეგი დოკუმენტები:The CAQ Approach to Audit Quality Indicators (აუდიტის ხარისხის ცენტრის მიდგომა აუდიტის ხარისხის ინდიკატორებისადმი) (2014 წლის აპრილი) და Audit Quality Indicators: The Journey and Path Ahead (აუდიტის ხარისხის ინდიკატორები: გზა წინსვლისკენ) (2016 წლის იანვარი). მარეგულირებელი ორგანოები ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აუდიტის ხარისხის ინდიკატორებს.

აუდიტის ხარისხის მაჩვენებლები პროფესიული სტანდარტებით არ არის მკაცრად განსაზღვრული, შესაბამისად დაინტერესებულ მხარეებს შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული ხედვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ხდებოდეს აუდიტის ხარისხის შეფასება და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. აქედან გამომდინარე, ვერცერთი საანგარიშგებო მაჩვენებელი ან მაჩვენებელთა ერთობლიობა ვერ განიხილება, როგორც აუდიტის ხარისხის უალტერნატივო განმსაზღვრელი ფაქტორი. 

თუმცა, ამგვარ მაჩვენებელთა ერთობლიობა – აღებული მთლიანობაში და შევსებული განხილვების შედეგად – აუდიტის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აწვდის საჭირო ინფორმაციას ისევე, როგორც უზრუნველყოფს დამატებით გამჭვირვალობას ფირმის სისტემისა და იმ პროცესების შესახებ, რაც აუდიტის ჩატარების საფუძველს წარმოადგენს. 

აუდიტის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ჩარჩო საფუძვლების ძირითადი პრინციპები 

წინამდებარე ჩარჩო საფუძვლები მომზადებულია შემდეგი ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით: 

პრინციპი 1 – ჩარჩო საფუძვლების გამოყენება ნებაყოფლობითია და წარმოადგენს საილუსტრაციო ნიმუშს 

წინამდებარე საფუძვლების გამოყენება ნებაყოფლობითია და მოიცავს ისეთი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის ნიმუშებს, რომელსაც ინდივიდუალური ფირმები გამოიყენებენ ისეთი განმარტებითი შენიშვნების მოსამზადებლად, რაც დაინტერესებულ მხარეებს მიაწვდის ინფორმაციას იმ ძირითადი საკითხების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებაზე. წინამდებარე დოკუმენტში შემოთავაზებული განმარტებითი სახის ინფორმაცია წარმოადგენს საილუსტრაციო ნიმუშს და არ არის ყოვლისმომცველი. ეს საფუძვლები არ მოიაზრებს, რომ მასში მოცემული ყველა სახის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაცია უნდა გამჟღავნდეს. 

პრინციპი 2 – ჩარჩო საფუძვლები უზრუნველყოფს მოქნილობას 

წინამდებარე ჩარჩო საფუძვლები ფირმას აძლევს მოქმედების თავისუფლებას. მას შეუძლია თავად მოახდინოს ინფორმაციის იმგვარად განსაზღვრა და ადაპტირება, როგორც მას მიაჩნია ყველაზე რელევანტურად და როგორც ეს შესაფერისი იქნება აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. 

ფირმები ერთმანეთისგან განსხვავებულად ახორციელებენ აუდიტორულ პრაქტიკას, თვალს ადევნებენ და აგროვებენ მონაცემებს და ასევე სხვადასხვაგვარად განმარტავენ ტერმინებს; შესაბამისად, ინფორმაციის გამჟღავნების სფეროში დირექტიული მიდგომა გარკვეულ სირთულეებს წარმოშობს. იგი ფირმას უზღუდავს ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდების შესაძლებლობას, იმ მიდგომებთან დაკავშირებით, რასაც იგი აუდიტის ხარისხის ხელშეწყობისა და მონიტორინგის პროცესში იყენებს. 

ასევე ერთმანეთისგან განსხვავდება ფირმების მიერ რაოდენობრივი მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგია; შესაბამისად, ფირმებმა უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია იმის თაობაზე თუ როგორ გამოითვლიან აღნიშნულ მაჩვენებლებს. ამგვარი მოქნილი მიდგომა ნებისმიერი ზომის ფირმას აძლევს წინამდებარე საფუძვლებით მოქმედების შესაძლებლობას. 

პრინციპი 3 – ჩარჩო საფუძვლები ითვალისწინებს ფირმის დონეზე არსებული ინფორმაციის გამჟღავნებას 

წინამდებარე დოკუმენტი დაკავშირებულია ფირმის დონეზე (არა მხოლოდ გარიგების დონეზე) ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ გარიგების დონეზე არსებული ინფორმაციის გამჟღავნება აგრეთვე სასარგებლოა მმართველობაზე პასუხისმგებელი პირებისათვის, იგი არ განეკუთვნება წინამდებარე დოკუმენტის მოქმედების სფეროს. იგეგმება დამატებითი რესურსების შექმნა გარიგების დონეზე არსებული ინფორმაციის გამჟღავნების პრინციპებსა და აუდიტის ხარისხის ინდიკატორებთან დაკავშირებითაც. 

აუდიტის ხარისხის ცენტრის (CAQ) მოსაზრებები გათვალისწინებულია სხვა გამოცემებშიც, როგორიცაა, Tool for Audit Committees: Questions on Non-GAAP Measures (აუდიტის კომიტეტების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები: Non-GAAP მაჩვენებლებლების საკითხები). მიგვაჩნია, რომ გამჭვირვალობა, ერთგვაროვნება და შესადარისობა ის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია, რომლებიც მნიშვნელოვანია ინფორმაციის გამჟღავნების სფეროში.
     

 
როგორ გამოვიყენოთ წინამდებარე საფუძვლები
 
წინამდებარე დოკუმენტის სტრუქტურა ორგანიზებულია ქვემოთ მოცემული დეტალიზაციის სამი დონის მიხედვით:

     

 
დონე 1 – აუდიტის ხარისხის ელემენტები 

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს იმ ელემენტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია აუდიტის ხარისხისთვის. მასში აგრეთვე აღწერილია ის მიზეზები თუ რატომ შეიძლება სურდეთ ფირმებს რომელიმე კონკრეტული ელემენტის შესახებ გაამჟღავნონ ინფორმაცია. ეს ელემენტები აღებულია პროფესიული სტანდარტებიდან, როგორებიცაა PCAOB-ის მიერ გამოცემული ხარისხის კონტროლის სტანდარტები და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოცემული ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი 1 (ხკსს 1). აღნიშნული ელემენტები არაა ყოვლისმომცველი და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლოა გამართლებულად ჩაითვალოს. 

დონე 2 – ფოკუსირების საგანი 

თითოეული ელემენტისათვის, წინამდებარე დოკუმენტში განსაზღვრულია ფოკუსირების საკითხები. ისინი აღწერს იმ შესაძლო პროცესებს, პოლიტიკას და პროცედურებს, რომელთა გამოყენება ფირმას შეუძლია ამა თუ იმ ელემენტთან მიმართებით. ფოკუსირების საკითხები თავისი არსით ხარისხობრივია და შეიძლება გამჟღავნდეს ტექსტური ინფორმაციის სახით. იგულისხმება, რომ ფოკუსირების საკითხები საილუსტრაციო სახისაა და არ განიხილება, როგორც სავალდებულო ან ყოვლისმომცველი. ფირმებმა შესაძლოა განიხილონ სხვა რელევანტური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნების საკითხი. შესაბამის კონტექსტში განხილვისას, ხარისხობრივი ინფორმაციის გამჟღავნება და რაოდენობრივი მაჩვენებლები შესაძლოა დაინტერესებულ მხარეებს დაეხმაროს კონკრეტული ფოკუსირების საკითხების უკეთ გააზრებაში. ყველა სახის გამჟღავნებული ინფორმაცია გამყარებული უნდა იყოს შიდა დოკუმენტაციით.

დონე 3 – ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორების ნიმუშები და სხვა ხარისხობრივი ინფორმაცია 

იმის უკეთ გასაგებად თუ როგორ წარმოუდგენია ფირმას ფოკუსირების საკითხების წვლილი აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებაში, ფირმამ შესაძლოა განიხილოს ტექსტური სახით წარმოდგენილი ფოკუსირების საკითხების განვრცობა ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორებით ან სხვა ხარისხობრივი ინფორმაციით, რაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მაჩვენებლებითა და გრაფიკებით. ფოკუსირების ყველა საკითხი შესაძლოა არ გამჟღავნდეს რაოდენობრივი მაჩვენებლების სახით. თუმცა, გამჟღავნების შემთხვევაში ამგვარ მაჩვენებლებს ცალსახად შეუძლია გამჭვირვალობის გაზრდა. 

წინამდებარე ნიმუშში მოცემულია აუდიტის ხარისხის მაჩვენებლებისა და სხვა ხარისხობრივი ინფორმაციის მაგალითები, რომლებიც ფირმის დონეზე მოქმედებენ ფოკუსირების ზოგიერთი საკითხისთვის. მასში წარმოდგენილი ინფორმაცია გვაწვდის დამატებით დეტალებს ფოკუსირების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. 

ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორთან დაკავშირებით შესაბამისი კონტექსტის განხილვა – თუ რატომ და როგორ გამოითვლება და გამოიყენება – დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს აღნიშნული ხარისხის ინდიკატორისა და მასთან დაკავშირებული ფოკუსირების საკითხის უკეთ გაგებაში. ფოკუსირების საკითხების მსგავსად, რაოდენობრივი მაჩვენებლებიც უნდა იყოს გამყარებული შიდა მონაცემებითა და ფირმის ხარისხის კონტროლის პარამეტრებით. 

ქვემოთ მოცემულ ცხრილში შესადარებლად წარმოდგენილია აუდიტის ხარისხის კონტროლის ინდიკატორები, რომლებიც მოქმედებს როგორც ფირმის, ისე გარიგების დონეზე.

     
 
ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორებისა და/ან ფოკუსირების საგნის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმები 

ფირმებს შეუძლიათ ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები გამოიყენონ იმის შეფასებისას არის თუ არა ფოკუსირების საგანი ინფორმაციის გამჟღავნებისას რელევანტური და მნიშვნელოვანი. ფოკუსირების საგანი 

- ფირმის ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და აუდიტის ხარისხის მონიტორინგის პროცესში განიხილება მნიშვნელოვან ფაქტორად, 

- მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეებისათვის იმ თვალსაზრისით, რომ იგი წარმოდგენას უქმნის მათ იმის თაობაზე, თუ როგორ იცავს და აკონტროლებს ფირმა აუდიტის ხარისხს, 

- გამოიყენება ფირმაში ხელმძღვანელობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და ანგარიშის მომზადების პროცესში, 

- ობიექტურია და არაა შეცდომაში შემყვანი, და 

- გამყარებულია ისეთი ინფორმაციით, რომლის მოპოვება არ საჭიროებს არამართლზომიერ დანახარჯს. 

ფირმებს ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები შეუძლიათ გამოიყენონ იმის შეფასებისას არის თუ არა ფირმის დონეზე გამოყენებული აუდიტის ხარისხის ინდიკატორები ინფორმაციის გამჟღავნებისას რელევანტური და მნიშვნელოვანი.

ფირმის დონეზე გამოყენებული აუდიტის ხარისხის ინდიკატორები 

- ხელს უწყობს აუდიტის ხარისხსა და ფოკუსირების საგანს შორის ურთიერთკავშირების გააზრებას, 

- გამოიყენება ფირმის შიგნით ხელმძღვანელობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და ანგარიშის მომზადების პროცესში, და აუდიტის ხარისხის მონიტორინგის პროცესში განიხილება მნიშვნელოვან ფაქტორად, 

- შესაძლოა წარდგენილ იქნეს თანმიმდევრულად დროთა განმავლობაში, შესადარისობის საფუძველზე, 

- ობიექტურია და არაა შეცდომაში შემყვანი, და 

- გამყარებულია ისეთი ინფორმაციით, რომლის მოპოვება არ საჭიროებს არამართლზომიერ დანახარჯს. 

საუკეთესო პრაქტიკა – აუდიტის ხარისხის თაობაზე დასკვნის მომზადებისას ფირმებმა შესაძლოა ისურვონ შემდეგი საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება: 

- ვადების დაწესება – პროცესი შესაძლოა უფრო მეტ ხანს გაგრძელდეს, ვიდრე ეს თავიდან მოსალოდნელი იყო. 

- აუდიტის ხარისხის დასკვნისთვის მკაფიო მიზნების განსაზღვრა – ვინ არიან სავარაუდო მომხმარებლები? რომელი ელემენტები, ფოკუსირების საკითხები, ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორებია ამ მომხმარებელთათვის შესაფერისი და მნიშვნელოვანი? 

- მრავალფუნქციური გუნდის შექმნა – უფრო სასარგებლო შეიძლება იყოს სხვადასხვა ხედვის მქონე სპეციალისტების (მაგალითად, გარე აუდიტორების, აუდიტის ზედამხედველობის სპეციალისტების), ფირმის ოპერატიული პერსონალისა და ხელმძღვანელობის ჩართვა. 

- პროცესის სტაბილურობის უზრუნველყოფა – პროცესის წარმართვას ისე უნდა შეეწყოს ხელი, რომ მოხდეს განმეორებადი მონაცემების მოპოვება და მიმოხილვა. 

- თანმიმდევრულობისა და დაბალანსებულობის უზრუნველყოფა – გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესადარისი ინფორმაციის გამჟღავნებისას, მაჩვენებლები უნდა განხილულ იქნენ თანმიმდევრულად, მაშინაც კი თუ ისინი სხვადასხვა წელს მიეკუთვნება. საჭიროა ინფორმაციის გამჟღავნების პროცესში ბალანსის შენარჩუნება. 

- ახალი მიდგომის შემუშავება – ფოკუსირების საკითხები და აუდიტის ხარისხის მაჩვენებლები შესაძლოა შეიცვალოს დროთა განმავლობაში. ამიტომ ფირმებმა უნდა უზრუნველყონ ცვლილებების გამჭვირვალობა, გაითვალისწინონ შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებისაგან მიღებული უკუკავშირი და ხელახლა შეაფასონ გამჟღავნებული ინფორმაციის რელევანტურობა. 

- განიხილონ აუდიტის ხარისხის დასკვნაში შემაჯამებელი ანგარიშისა და ძირითადი მაჩვენებლების შესახებ მოკლე მიმოხილვის ჩართვა. 

დასასრული შემდეგ ნომერში