ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
აუდიტის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ჩარჩო საფუძვლები - №4(244), 2020
დასასრული. დასაწყისი იხილეთ „ააფი“, №3 (243), 2020 წ.

აუდიტის ხარისხის ელემენტები 

ელემენტი 1. ხელმძღვანელობა, კულტურა და ფირმის მმართველობა 

რატომ არის აუდიტის ხარისხისთვის მნიშვნელოვანი ხელმძღვანელობის, კულტურისა და ფირმის მმართველობის როლი 

ხელმძღვანელობა (Leadership) 

ფირმის ხელმძღვანელობა აყალიბებს სათანადო განწყობას ფირმაში ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს აუდიტის ხარისხის მნიშვნელობასა და აუდიტორის როლზე კაპიტალის ბაზრებზე სანდოობის ამაღლების პროცესში. ფირმის ხელმძღვანელობა ამაღლებს ცნობიერებას იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული სტანდარტებით დადგენილი პრინციპების დაცვა (მაგალითად, ეთიკისა და დამოუკიდებლობის სფეროში). აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია ფირმის ხელმძღვანელობის მზაობა იმისათვის, რომ სათანადო ადამიანური, ტექნოლოგიური და ინოვაციური რესურსების ინვესტირება მოახდინოს აუდიტის პრაქტიკაში. 

ფირმაში წამყვანი როლები გადანაწილებულია სხვადასხვა პირებზე. ფირმაში სათანადო საერთო პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში ჩართულია ყველა რგოლი - უფროსი რანგის ლიდერებით დაწყებული და ქვედა დონის თანამშრომლებით დასრულებული. ფირმის და ცალკეული გარიგების დონეზე, ფირმის პოზიციაზე თავისი ქმედებებით თუ სიტყვით გავლენას ახდენენ და განწყობას აყალიბებენ პარტნიორები, დირექტორები და მენეჯერები. ხელმძღვანელობის თითოეული რგოლის წვლილი ფუნდამენტურია აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის განვითარებისთვის. 

კულტურა 

ფირმის ხელმძღვანელობის მზაობასთან ერთად, აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველს წარმოადგენს პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც შემუშავებულია ისეთი შიდა კულტურის ხელშეწყობისათვის, რომლითაც აღიარდება, რომ აუდიტორული გარიგებების განხორციელების დროს აუცილებელია ხარისხის მოთხოვნების დაცვა. კულტურა და ძირითადი ღირებულებები მათ შორის გავლენას ახდენენ ისეთ ქცევებზე, რომლებიც არაა გაზომვადი, მაგალითად, პროფესიული სკეპტიციზმი და პროფესიული განსჯა. გარდა ამისა, კულტურა გავლენას ახდენს ისეთ დამოკიდებულებების და შიდა ქცევების ჩამოყალიბებაზე, როგორებიცაა „ქოუჩინგი“, კონსულტაცია, შესაბამისობა, შეცდომებზე რეაგირება, ინოვაცია და თანამშრომელთა მუდმივი განვითარება, რომლებიც მეტად მნიშვნელოვანია აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისათვის. აუდიტის ხარისხისთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე ფირმის მზაობა მრავალფეროვნებისა და ჩართულობის ამაღლების მიმართ. ამგვარი ინიციატივა ხელს უწყობს შეიქმნას კარგად დაბალანსებული და კოლეგიალური გუნდი, რომლის წევრებიც პოულობენ ახალ გზებს პრობლემების გადასაჭრელად და უფრო ღირებული გამოცდილებით წარდგებიან აუდიტის კომიტეტის წევრებისა თუ აუდიტირებული კომპანიის ხელმძღვანელობის წინაშე. 

ფირმის მმართველობა 

ფირმის მმართველობა დაინტერესებულ მხარეებს წარმოდგენას უქმნის იმის თაობაზე, თუ როგორ უწყობს ფირმა ხელს აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებას და როგორ ახორციელებს მასზე შიდა მონიტორინგს. ფირმის მმართველი ორგანოს, ხელმძღვანელი გუნდის, შიდა კომიტეტების, საერთაშორისო აუდიტორულ ქსელებში და პროფესიული ორგანიზაციებში წევრობის სტრუქტურა და შემადგენლობა გასაგებს ხდის ვინ არის პასუხისმგებელი აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ინიციატივების ზედამხედველობაზე. 

ხელმძღვანელობის, კულტურისა და ფირმის მმართველობის როლის შესახებ ინფორმირება 

ქვემოთ მოცემული ფოკუსირების წერტილები დაეხმარება ფირმებს იმის აღწერაში თუ რა სახის წვლილი შეაქვს ხელმძღვანელობას, კულტურასა და ფირმის მმართველობას აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფაში. წინამდებარე ფოკუსირების წერტილები მხოლოდ საილუსტრაციო ხასიათისაა და არ განიხილება, როგორც სავალდებულო ან ყოვლისმომცველი. ფირმებმა შესაძლოა განიხილონ სხვა რელევანტური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნების საკითხიც. შესაბამის კონტექსტში განხილვისას, ხარისხობრივი ინფორმაციის გამჟღავნება და რაოდენობრივი მაჩვენებლები შესაძლოა დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარონ კონკრეტული ფოკუსირების წერტილების უკეთ აღქმაში. იხილეთ თანდართულ ნიმუშში ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორები და სხვა ხარისხობრივი ინფორმაცია. 

გაითვალისწინეთ, სასურველია ქვემოთ მოცემულ ფოკუსირების წერტილებზე ორიენტირება: 

ხელმძღვანელობა 

• რას ნიშნავს აუდიტის ხარისხი ფირმის ხელმძღვანელობისთვის, რა სახით იზიარებს ორგანიზაცია აღნიშნულ ხედვას და როგორ აფასებს ფირმა თანამშრომლებისადმი თავისი გზავნილების ეფექტიანობას; 

• რამდენადაა ორიენტირებული ფირმის ხელმძღვანელობა, საოპერაციო მიზნები და სტრატეგია აუდიტის ხარისხზე; 

• რამდენად ხდება ფირმის ხელმძღვანელობისა და გარიგების გუნდის თითოეული წევრის, მათ შორის გარიგების პარტნიორების შეფასება და რამდენად არიან ისინი ანგარიშვალდებულნი ისეთ ქცევაზე, რომელიც ყურადღებას ამახვილებს აუდიტის ხარისხის მნიშვნელოვნებაზე. 

კულტურა 

• რამდენად ამახვილებს აუდიტის ხარისხზე ყურადღებას ფირმის ძირითადი ღირებულებები, პრინციპები და ქცევის კოდექსი; 

• როგორ აფასებს ფირმა აუდიტის ხარისხთან დაკავშირებული შესაბამისი კულტურის მის მიერ ხელშეწყობის დონეს, რომელიც მოიცავს შემდეგს: რამდენად შეესაბამება ფირმის პარტნიორებისა და სპეციალისტების ქმედებები ფირმის ძირითად ღირებულებებს და როგორ ფასდება ამგვარი შესაბამისობის ხარისხი; 

• საკითხები, რომლებიც ააშკარავებს ფირმის კულტურას, როგორიცაა ზოგადი მიდგომა იმ გამოწვევების მიმართ, თუ როგორ ხდება პროფესიული სკეპტიციზმის გამოყენებით მუშაობა და ინოვაციური იდეების ხელშეწყობა მუდმივი სრულყოფის მიზნით; 

• ზომები,რომლებიც მიღებულ იქნა მრავალფეროვნებისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით. 

ფირმის მმართველობა 

• ფირმის სამართლებრივი სტრუქტურა და საკუთრების ფორმები, არსებობის შემთხვევაში, ქსელის სტრუქტურა; თუ როგორ ხდება წევრებისა და დაკავშირებული მხარეების ინფორმირება აუდიტის ხარისხის მნიშვნელობასთან დაკავშირებით; 

• ფირმის მმართველობისა და ანგარიშგების სტრუქტურა; რა წვლილი შეაქვს ამგვარ სტრუქტურას აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებაში და რამდენად ემსახურება იგი კაპიტალის ბაზარზე აუდიტორის როლის მნიშვნელობის ზრდას; 

• იზიარებს თუ არა ფირმის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელ პირთა (მაგალითად, ფირმის სამეთვალყურეო საბჭოს არააღმასრულებელი, დამოუკიდებელი წევრების ან სხვა დამოუკიდებელი მრჩეველებისა) შეხედულებებს. და, ასეთ შემთხვევაში, რამდენად უზრუნველყოფს დამოუკიდებელი მრჩეველების როლები და პასუხისმგებლობები ხარისხიან აუდიტს. 

კომპენსაცია, მოტივაცია და ჯილდოები 

კულტურა ვითარდება ქცევის საფუძველზე, ქცევა კი შესაძლოა წახალისებულ იქნეს სხვადასხვა სტიმულებით. ვინაიდან ფირმა მის პოლიტიკასა და პროცედურებს განიხილავს აუდიტის ხარისხის ხელშემწყობ ფაქტორად, აუდიტის ხარისხზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს კომპენსაცია, სტიმულები და ჯილდოები, მათ შორის ფულადი სახით (და არა მხოლოდ). მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი კომპენსაცია, სტიმული და ჯილდო შეესაბამებოდეს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის მიზანს. ფირმებმა შესაძლოა განიხილონ ინფორმაციის გამჟღავნება მასზედ, თუ როგორ უწყობს ხელს კომპენსაცია, სტიმულები და ჯილდოები აუდიტის ხარისხის მნიშვნელობის ამაღლებას.

ელემენტი 2.  ეთიკა და დამოუკიდებლობა 

რატომ არის მნიშვნელოვანი აუდიტის ხარისხისთვის ეთიკისა და დამოუკიდებლობის პრინციპები 

ეთიკა და დამოუკიდებლობა ის ფუნდამენტური მახასიათებლებია, რომლებიც საფუძვლად უდევს აუდიტის პროფესიას. ამ პრინციპით, პროფესიული სტანდარტები ავალდებულებს ფირმებს შეიმუშაონ ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო გარემოებაში ფირმის პერსონალის მიერ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას (ფაქტობრივად და გარეგნულად), პროფესიული პასუხისმგებლობის პატიოსნად განხორციელებასა და ობიექტურობის შენარჩუნებას პროფესიული პასუხისმგებლობის შესრულებისას.  

ეთიკა 

ეთიკა წარმოადგენს პრინციპებისა და ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც წარმართავს პიროვნების ქცევას და უზრუნველყოფს მის შესაბამისობას კანონებთან, წესებთან და რეგულაციებთან. პროფესიული სტანდარტების შესაბამისად პროფესიონალებს მოეთხოვებათ ყოველთვის იმოქმედონ კეთილსინდისიერად და ეთიკურად (ეთიკის ფარგლებში). ვინაიდან პროფესიული რეპუტაცია ეთიკური ქცევის ნორმების დაცვას ეფუძნება, ზოგიერთ ფირმას შემუშავებული აქვს ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც ასახავს მათ ყველაზე მნიშვნელოვან სამოქმედო პრინციპებს. ისინი ფირმის ეთიკის კოდექსის საფუძველს წარმოადგენს და განაპირობებს თანამშრომელთა ქმედებებსა და სამუშაო ურთიერთობებს. ეთიკური ქცევა და ძირითადი პრინციპების დაცვა აუდიტის ჩატარებისას დადებით გავლენას ახდენს აუდიტორის მიერ გაკეთებული შეფასებისა და დასკვნების შინაარსსა და მასშტაბზე. 

დამოუკიდებლობა 

აუდიტორის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მისი კეთილსინდისიერებაა. იმისათვის, რომ აუდიტორი დამოუკიდებლად იქნეს მიჩნეული, იგი თავისუფალი უნდა იყოს კლიენტის, ხელმძღვანელობის ან მფლობელების მიმართ8 ყოველგვარი ვალდებულებისაგან და არ უნდა გააჩნდეს პირადი ინტერესი – როგორც ფირმის, ისე ინდივიდუალურ დონეზე. გარდა ამისა, აუდიტორის დამოუკიდებლობას საფუძვლად უდევს ორი მნიშვნელოვანი ცნება: (1) ფაქტობრივი დამოუკიდებლობა და (2) გარეგნული დამოუკიდებლობა. ფაქტობრივ დამოუკიდებლობას ადგილი აქვს, როდესაც აუდიტორი მიუკერძოებელია და მოქმედებს სამართლიანობის პრინციპით.  
გარეგნული დამოუკიდებლობა მიიღწევა მაშინ, როდესაც მესამე მხარე აღიარებს სპეციალისტს დამოუკიდებლად, შესაბამისი ინფორმაციისა და კონკრეტულ გარემოებებში მიღებული დამცავი ზომების საფუძველზე. ზემოთ მოცემული ორივე სახის დამოუკიდებლობის მიღწევა მოითხოვება აუდიტის განხორციელების პროცესში პროფესიული სტანდარტებით, ვინაიდან ეს აუცილებელია აუდიტის ხარისხიანი შედეგის მისაღებად. 

ინფორმაციის გაცემა/ინფორმირება ეთიკისა და დამოუკიდებლობის პრინციპის შესახებ 

ქვემოთ მოცემული ფოკუსირების საკითხები დაეხმარება ფირმებს იმის აღწერაში თუ რა სახის წვლილი შეაქვს ეთიკასა და დამოუკიდებლობას აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფაში. წინამდებარე ფოკუსირების საკითხები მხოლოდ საილუსტრაციო ხასიათისაა და არ განიხილება, როგორც სავალდებულო ან ყოვლისმომცველი. ფირმებმა შესაძლოა განიხილონ სხვა რელევანტური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნების საკითხი. შესაბამის კონტექსტში განხილვისას, ხარისხობრივი ინფორმაციის გამჟღავნება და რაოდენობრივი მაჩვენებლები დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარება კონკრეტული ფოკუსირების საკითხების უკეთ გაგებაში. იხილეთ თანდართულ ნიმუშში ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორები და სხვა ხარისხობრივი ინფორმაცია. 

გაითვალისწინეთ, სასურველია ქვემოთ მოცემულ ფოკუსირების საკითხებზე ორიენტირება: 

ეთიკა 

• ფირმის პოლიტიკა, პროცედურები და მეთოდები ეთიკური სამუშაო გარემოს შექმნის წახალისებისა და ხელშეწყობის და მონიტორინგის მიზნით (მაგალითად, ფირმის ეთიკის კოდექსისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფის პროგრამა); 

• სერტიფიცირების შესაბამისი მოთხოვნები, ისევე როგორც ფირმაში მიმდინარე პროცესები, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ მოთხოვნებზე მონიტორინგი ხორციელდება. 

დამოუკიდებლობა 

• ფირმაში მიმდინარე პროცესები, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მონიტორინგი დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან შესაბამისობაზე, როგორც ინდივიდუალურ, ისე გარიგებისა და ფირმის დონეებზე; 

• როგორ ახორციელებს ფირმა გარიგების პარტნიორთა როტაციის მოთხოვნაზე მონიტორინგს. 

რა განსხვავებაა აუდიტის ხარისხისა და საქმიანობის გამჭვირვალობის ანგარიშებს შორის 

საზოგადოდ, საქმიანობის გამჭვირვალობის ანგარიშები შეეხება ანგარიშებს, რომლებიც დადგენილი ან მომზადებულია საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად ანდა რელევანტურია ქვეყნის იურისდიქციაში მოქმედი ფირმებისთვის, რომლებიც ატარებენ აუდიტს ამ იურისდიქციაში საფონდო ბირჟაზე ლისტინგში წარმოდგენილ კომპანიებში. აღნიშნული ანგარიშები უნდა მოიცავდეს აუდიტის ხარისხთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მაჩვენებლებს, მათ შორის (და არა მხოლოდ) ინფორმაციას ფირმის იურიდიული და მართვის სტრუქტურის, მესაკუთრეობის, ხარისხის კონტროლის შიდა სისტემის და მისი უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო პრაქტიკისა და დამოუკიდებლობის პრინციპების გატარების პოლიტიკის შესახებ. ასევე ისინი უნდა მოიცავდნენ ინფორმაციას გარიგების პარტნიორთა ანაზღაურების, ფირმის ფინანსური მაჩვენებლებისა და აუდიტირებული სდპ კომპანიების ჩამონათვალთან დაკავშირებით. ფირმები ხშირად ამჯობინებენ წარადგინონ განმარტებითი შენიშვნები ისეთი დამატებითი მონაცემებით, როგორიცაა სიტყვიერი თუ ვიზუალური ფორმით წარმოდგენილი ინფორმაცია ფირმის მიერ თავად შერჩეული აუდიტის ხარისხის იმ ინდიკატორების, პოლიტიკის, პროცედურებისა და ინვესიტიციების შესახებ, რომლებიც მათი შეხედულებით საინტერესოა დაინტერესებული მხარეებისათვის და ასახავს ფირმის მიერ აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებს. 

ამის საპირისპიროდ, აუდიტის ხარისხის ანგარიში ზოგადად ნებაყოფლობითი ხასიათისაა და მასში ასახულია ის მიდგომები, რომლებსაც თითოეული ფირმა იყენებს ხარისხიანი აუდიტის ჩატარების მიზნით. მასში მოცემული ინფორმაცია და მაჩვენებლები საქმიანობის გამჭვირვალობის ანგარიშის მსგავსია. თუმცა, ხშირად აუდიტის ხარისხის ანგარიშში დამატებით წარმოდგენილია ფირმის მიერ დამოუკიდებლად შერჩეული ისეთი ინფორმაცია, რომელიც გავლენას ახდენს აუდიტის ხარისხზე და ყველაზე უკეთ აღწერს ფირმის უნიკალურ მიდგომებს შიდა რესურსების განაწილების პრინციპების, მეთოდოლოგიის, სტრუქტურის, ხარისხის კონტროლისა და სხვა ფაქტორებისადმი. 

როგორც წესი, აუდიტის ხარისხისა და გამჭვირვალობის ანგარიშები საჯაროდაა ხელმისაწვდომი. ზოგიერთი ფირმა ამჯობინებს აუდიტის ხარისხისა და გამჭვირვალობის ანგარიშების კომბინირებული ვერსიის გამოქვეყნებას. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე სახის ანგარიშის შინაარსი, სტრუქტურა და მოქმედების სფერო მუდმივად ვითარდება და იცვლება. 

ელემენტი 3. ახალ დამკვეთთან ურთიერთობის დამყარება (ახალ გარიგებებში მონაწილეობა) და ძველთან ურთიერთობის გაგრძელება 

რატომ არის მნიშვნელოვანი აუდიტის ხარისხისთვის ახალ დამკვეთთან ურთიერთობის დამყარება (ახალ გარიგებებში მონაწილეობა) და ძველთან ურთიერთობის გაგრძელება 

ფირმები აწესებენ თავიანთ პოლიტიკასა და პრაქტიკას, დაიწყონ ან გააგრძელონ თუ არა დამკვეთებთან ურთიერთობა და ამ კლიენტებთან კონკრეტულ გარიგებებში მიიღონ თუ არა მონაწილეობა. აღნიშნული პოლიტიკა და პროცედურები უზრუნველყოფს დასაბუთებულ რწმუნებას იმის თაობაზე, რომ:

ფირმას გააჩნია გარიგების შესრულების კომპეტენცია და შესაძლებლობები, მათ შორის ამისთვის აუცილებელი დრო და რესურსები;
  
• ფირმას შეუძლია შესაფერისი ეთიკური ნორმების დაცვა;
  
• ფირმა სათანადოდ აფასებს კონკრეტულ გარემოებებში პროფესიონალური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ რისკებს;  

• ფირმა დამკვეთს პატიოსნად მიიჩნევს და არა აქვს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მას საწინააღმდეგო დასკვნამდე მიიყვანდა.
  
ამგვარი პოლიტიკა და პროცედურები მნიშვნელოვანია აუდიტის ხარისხის თვალსაზრისით, ვინაიდან იგი ამცირებს ისეთ დამკვეთთან ურთიერთობის რისკს, რომელიც საკმარისად პატიოსანი არ არის, ისევე როგორც ისეთ გარიგებაში მონაწილეობის რისკს, რომლის განსახორციელებლად ფირმას არ აქვს სათანადო რესურსები. 

ინფორმაციის გაცემა/ინფორმირება ახალ დამკვეთთან ურთიერთობის დამყარების (ახალ გარიგებებში მონაწილეობის) და ძველთან ურთიერთობის გაგრძელების შესახებ 

ქვემოთ მოცემული ფოკუსირების საკითხები დაეხმარება ფირმებს აღწერონ თუ რა წვლილი შეაქვს ახალ დამკვეთთან ურთიერთობის დამყარების ( ახალ გარიგებებში მონაწილეობის) და ძველთან ურთიერთობის გაგრძელების პრინციპების დაცვას აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფაში. წინამდებარე ფოკუსირების წერტილები მხოლოდ საილუსტრაციო ხასიათისაა და არ განიხილება, როგორც სავალდებულო ან ყოვლისმომცველი. ფირმებმა შესაძლოა განიხილონ სხვა რელევანტური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნების საკითხი. შესაბამის კონტექსტში განხილვისას, ხარისხობრივი ინფორმაციის გამჟღავნება და რაოდენობრივი მაჩვენებლები დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარება კონკრეტული ფოკუსირების საკითხების უკეთ გაგებაში. იხილეთ თანდართულ ნიმუშში ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორები და სხვა ხარისხობრივი ინფორმაცია. 

გაითვალისწინეთ, სასურველია ქვემოთ მოცემულ ფოკუსირების საკითხეზე ორიენტირება: 

• ფირმის პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც პასუხისმგებელია პოტენციურ დამკვეთთან ურთიერთობის დაწყებასა ან უკვე არსებულთან ურთიერთობის გაგრძელებაზე. მაგალითად, როგორ განსაზღვრავს ფირმა, რომ მას გააჩნია სათანადო კომპეტენცია და შესაძლებლობები, ამისთვის აუცილებელი დრო და რესურსები; 

• ფირმაში მიმდინარე პროცესები თუ როგორ ხდება ხელმძღვანელობის კეთილსინდისიერების დონის შეფასება და ფირმა დამოუკიდებელია თუ არა ახალ დამკვეთთან ურთიერთობის დაწყების ან ძველთან ურთიერთობის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღებაში; 

• როგორ ადგენს და აფასებს ფირმა გარიგების დონეზე არსებულ რისკებს და როგორ ხდება აღნიშნულ რისკებთან დაკავშირებული შეფასებების განახლება დროთა განმავლობაში გარემოებების ცვლილების შესაბამისად. 

ელემენტი 4. გარიგების გუნდის მართვა 

რატომ არის მნიშვნელოვანი აუდიტის ხარისხისთვის გარიგების გუნდის მართვა 

გარიგების გუნდის მართვა გულისხმობს ისეთი პოლიტიკისა და პროცედურების გატარებას, რომლებიც უკავშირდება კადრების აყვანას, მათ შენარჩუნებასა და დაწინაურებას, ისევე როგორც პროფესიულ განვითარებასა და გარიგების გუნდის დაკომპლექტებას. აღნიშნული პოლიტიკა და პროცედურები შემუშავებულია იმ მიზნით, რომ მოხდეს გარიგების გუნდში ისეთი პირების თავმოყრა, რომელთაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ისევე როგორც საკმარისი დრო პროფესიული სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი აუდიტის განხორციელებისათვის. ამ პროცესების გარკვეული ასპექტები ხორციელდება ფირმის დონეზე (გარიგების საპირისპიროდ) და აქედან გამომდინარე, ისინი შესაფერისია ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორებისთვის. 

კადრების აყვანა, შენარჩუნება და დაწინაურება 

ფირმის აუდიტორული საქმიანობის ხარისხს განაპირობებს ისეთი კადრების დაქირავება, რომლებიც გამოირჩევიან პატიოსნებით, ობიექტურობით, ინტელექტით, კომპეტენციით, განათლებითა და გამოცდილებით. აუდიტის გუნდის ეფექტიანობას განაპირობებს აგრეთვე ფირმის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის - თანამშრომლების – შენარჩუნება და დაწინაურება. აუდიტის ხარისხის შენარჩუნების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, რომლებიც წაახალისებს და მოტივაციას მისცემს პროფესიონალებს ფირმასთან თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით. ისევე როგორც დააწინაურებს მათ, ვინც ფლობს შესაბამის კვალიფიკაციას მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობების სათანადოდ შესასრულებლად. 

პროფესიული განვითარება (განგრძობითი განათლება) 

ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სტანდარტების სირთულის გათვალისწინებით, სავალდებულოა მუდმივი გადამზადება და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება. აუდიტის პროფესიაში აუცილებელია აგრეთვე შესაბამის დარგებსა და ტექნიკურ სფეროში ცოდნის ამაღლება. სპეციალისტები აგრეთვე უნდა ერკვეოდნენ და იცავდნენ ეთიკისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს სტანდარტების შესაბამისად. აუდიტის პროცესის სწორად წარმართვა დამოკიდებულია ადამიანების ქცევაზე და მათ შესაძლებლობაზე შეასრულონ თავიანთი საქმე გუნდურობის პრინციპითა და პროფესიული სკეპტიციზმით, აგრეთვე მათი პროფესიული განსჯის, პროექტების მართვის და დასკვნების დროულად გაკეთების უნარზე ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საკითხებთან დაკავშირებით. აუდიტის ხარისხისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფირმის მიერ ვალდებულების აღება, რომ ხელი შეუწყოს ისეთი პირების პროფესიულ განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ მუდმივად ობიექტური, ინფორმირებული და არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღება აუდიტის განხორციელების პროცესში. 

გარიგების გუნდის განსაზღვრა 

აუდიტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია გარიგების პარტნიორისა და გარიგების გუნდის წევრების ცოდნის, გამოცდილებისა და სამუშაოს დატვირთვის სწორად შეფასება. აუდიტის ხარისხისთვის მნიშვნელოვანია რესურსებისა და სამუშაოს განაწილებისას კომპანიის რისკის პროფილზე დაყრდნობით გაითვალისწინონ გარიგების გუნდის წევრების ცოდნა და გამოცდილება. 

ინოვაცია და ტექნოლოგიები 

ინოვაციური ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოყენება აუდიტში ცვლის და აუმჯობესებს ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის ხარისხს. ინოვაციური ტექნოლოგიები და კომპიუტერული აუდიტის ტექნიკა აერთიანებს სხვადასხვა მიღწევებს პროცესების ავტომატიზების, ხელოვნური ინტელექტისა და ე.წ „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიების სფეროში. აუდიტორს, რომელიც სათანადოდ იყენებს ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ტექნიკას, შეუძლია უფრო ეფექტიანად ჩაატაროს აუდიტორული პროცედურები, მაგალითად რისკების შეფასება. მომავლის აუდიტში ინვესტირება ფირმის ხელმძღვანელობის მიერ აღნიშნული პროცესების მხარდაჭერით იწყება. ფირმამ შესაძლოა განიხილოს იმ ინფორმაციის გამჟღავნების საკითხი, თუ რა გავლენას ახდენს აუდიტის ხარისხისადმი ფირმის მიდგომებზე მის მიერ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა. 

ინფორმაციის გაცემა/ინფორმირება გარიგების გუნდის მართვასთან დაკავშირებით 

ქვემოთ მოცემული ფოკუსირების საკითხები დაეხმარება ფირმებს აღწერონ თუ რა სახის წვლილი შეაქვს გარიგების გუნდის მართვის პრინციპებს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფაში. წინამდებარე ფოკუსირების საკითხები მხოლოდ საილუსტრაციო ხასიათისაა და არ განიხილება, როგორც სავალდებულო ან ყოვლისმომცველი. ფირმებმა შესაძლოა განიხილონ სხვა რელევანტური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნების საკითხი. შესაბამის კონტექსტში განხილვისას, ხარისხობრივი ინფორმაციის გამჟღავნება და რაოდენობრივი მაჩვენებლები დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარება კონკრეტული ფოკუსირების საკითხების უკეთ გაგებაში. იხილეთ თანდართულ ნიმუშში ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორები და სხვა ხარისხობრივი ინფორმაცია. 

გაითვალისწინეთ, სასურველია ქვემოთ მოცემულ ფოკუსირების საკითხებზე ორიენტირება: 

კადრების აყვანა, შენარჩუნება და დაწინაურება 

• ფირმის მიდგომა კვალიფიციური კადრების აყვანის, დაქირავებისა და დაწინაურების პროცესისადმი, და რა როლს თამაშობს ამგვარი მიდგომა აუდიტის ხარისხისა და ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესებაში; 

• რა როლს თამაშობს ფირმაში დანერგილი წახალისების პროგრამა აუდიტის ხარისხის ამაღლების პროცესში; 

• როგორ ახორციელებს ფირმა საქმიანობის შედეგების შეფასების პროცესს და რა როლს თამაშობს ეს აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებაში.

პროფესიული განვითარება (განგრძობითი განათლება) 

• რა როლს თამაშობს ფირმაში შემუშავებული გადამზადების პროგრამა არსებული და ახალი პროფესიული სტანდარტებისა (მათ შორის ეთიკისა და დამოუკიდებლობის პრინციპების შესახებ) და აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგიის ცოდნის ამაღლების საკითხში, ისევე როგორც კომპეტენციის მიღებას ისეთ სფეროში, როგორიცაა, მაგალითად, პროექტების მართვის უნარ-ჩვევები;  

• ფირმის მიერ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის საჭირო გადამზადების პროგრამებში დაბანდებული ინვესტიცია (მათ შორის ისეთი ტექნოლოგიები, რომლებსაც კომპანიები ქმნიან და იყენებენ შიდა მოხმარებისათვის, ისევე როგორც აუდიტის ჩატარების ახალი კომპიუტერული ტექნიკები); 

• ფირმის მიდგომა ქოუჩინგისა და მენტორობის პროგრამებისადმი, მათ შორის ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარების ინიციატივები; 

• ფირმის მიდგომა აუდიტორის უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების ამაღლების მიმართ. მასში იგულისხმება პერსონალისთვის სამსახურებრივი როტაციის შესაძლებლობისა და ისეთი პროგრამების შეთავაზება, რაც დაეხმარება მათ სერტიფიცირების ან კომპეტენციის ამაღლების სფეროში (მაგალითად, ინფორმაციული ტექნოლოგიების, შეფასების, მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით);
 
• როგორ ახორციელებს ფირმა არსებული გადამზადების პროგრამებისა და განგრძობითი პროფესიული განათლების მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგს. 

გარიგების გუნდის განსაზღვრა 

• ფირმის დონეზე მოქმედი პოლიტიკა და პროცედურები, რომლის მიხედვით ხდება სამუშაოს განაწილება შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მქონე პირებზე, კონკრეტულ კომპანიაში აუდიტის ჩატარების მიზნით (მათ შორის სპეციფიკურ დარგებში); 

• პარტნიორებსა და თანამშრომლებზე განაწილებული სამუშაოს შესაბამისი მოცულობის მონიტორინგის პროცედურები; 

• საჭიროების შემთხვევაში, როგორ იყენებს ფირმა შიდა და გარე სპეციალისტებს (აუდიტორებს) და ტექნიკურ რესურსებს აუდიტის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. აგრეთვე, რამდენად გამოყოფს ფირმა საკმარის რესურსებს სათანადო კონსულტაციის ჩასატარებლად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტი, ეთიკა, დამოუკიდებლობა და რისკის მართვა. 

ელემენტი 5. აუდიტორული გარიგების შესრულება 

რატომ არის აუდიტის ხარისხისთვის მნიშვნელოვანი აუდიტორული გარიგების შესრულება 

აუდიტორული გარიგების შესრულება გულისხმობს აუდიტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს; მასზე ზედამხედველობასა და მიმოხილვას (მათ შორის გარიგების ხარისხის მიმოხილვას), ისევე როგორც აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას (შესაბამისი პირებისათვის). ამ პროცესებთან დაკავშირებული პოლიტიკისა და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება უმეტესად ხდება ფირმის დონეზე. აღნიშნული პროცესები პროფესიონალებს ეხმარება განახორციელონ აუდიტის პროცედურები შესაბამისი პროფესიული სტანდარტების მოთხოვნების დაცვით. 

აუდიტის დაგეგმვა და განხორციელება 

პროფესიული სტანდარტების მოთხოვნების თანახმად, აუდიტორი ვალდებულია იცნობდეს აუდიტის დამკვეთი სუბიექტის საქმიანობას, იმ დარგსა და მაკროეკონომიკურ გარემოს, რომელშიც სუბიექტი ეწევა საქმიანობას, ასევე ამ საწარმოს ანგარიშთა მუხლებთან და განმარტებით შენიშვნებთან დაკავშირებული არსებითი უზუსტობის რისკებს. ხარისხიანი აუდიტის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს აუდიტის განხორციელებისთვის შესაფერისი სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება. ზოგიერთმა ფირმამ სასურველია შეიმუშავოს საკონტროლო ორიენტირების სისტემა, რათა ხელი შეუწყოს აუდიტის სხვადასხვა ფაზების დადგენილ ვადებში დასრულებას. ამ პროცესზე აგრეთვე ხორციელდება მონიტორინგი. 
ხარისხიანი აუდიტის განხორციელების საკითხთან მჭიდრო კავშირშია ფირმის მიერ აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია, პროფესიული სკეპტიციზმისა და ობიექტურობის ხელშეწყობა და დამატებით მოთხოვნილი კონსულტაციების არსებობა. აუდიტის გონივრული სტრატეგია მოითხოვს პროფესიული სკეპტიციზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას და აუდიტორული მტკიცებულებების შეფასების მიმართ კრიტიკულ მიდგომას. პროფესიული განსჯისა და პროფესიული სკეპტიციზმის გამოყენება პროფესიონალი აუდიტორების მხრიდან მოითხოვს სხვა გამოცდილ სპეციალისტებთან კონსულტაციებს სათანადო აუდიტორული დასკვნების გამოტანის მიზნით. ფირმაში დასაქმებულ აუდიტორებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვაგვარი უნარები, გამოცდილება და ხედვები, რაც უზრუნველყოფს მათი მხრიდან ტექნიკურად ღირებული და გონივრული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. 

აუდიტის ხარისხისთვის მნიშვნელოვანია აუდიტის განხორციელების პროცესში მომზადებული დოკუმენტაცია, რომელიც ამარტივებს აუდიტორული მოსაზრების ეფექტიან განხილვასა და დასაბუთების განმტკიცებას. აუდიტორული მტკიცებულებების ხასიათი და მოცულობა დამოკიდებულია აუდიტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში არსებული რისკების სახეებსა და განსჯის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 

კონტროლი და მიმოხილვა, მათ შორის გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა (EQR) 

აუდიტორული გარიგების გუნდის მიერ განხორციელებული საქმიანობის სხვადასხვა დონეზე დროული კონტროლისა და მიმოხილვის ხასიათი და მასშტაბი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად განამტკიცებს მოპოვებული და დოკუმენტირებული მტკიცებულება აუდიტის საბოლოო დასკვნებს. საზედამხედველო პროცედურები ეფუძნება სხვადასხვა ფაქტორებს, როგორებიცაა, მაგალითად, კომპანიაში მოქმედი პროცედურების ხასიათი და მასთან დაკავშირებული რისკები, არსებითი უზუსტობის რისკები, და ინდივიდუალური აუდიტორის კომპეტენცია. აუდიტორის საქმიანობაზე ზედამხედველობის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს იმის შეფასება: (1) შესრულდა თუ არა სამუშაო და მოხდა თუ არა სათანადოდ დოკუმენტირება, (2) მიღწეულია თუ არა განხორციელებული პროცედურების მიზნები, და (3) შესრულებული სამუშაოს შედეგები რამდენად ამტკიცებს გამოტანილ დასკვნებს.

გარდა ამისა, ზედამხედველობისა/კონტროლისა და მიმოხილვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს გარიგების ხარისხის მიმოხილვა. PCAOB-ის მიერ გამოცემული დოკუმენტის - „აუდიტის სტანდარტები, გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა“, პუნქტი 2-ის შესაბამისად, „გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველის მიზანია ობიექტურად შეაფასოს გარიგების გუნდის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი განხილვები და გარიგების საბოლოო მოსაზრების შესადგენად გამოტანილი დასკვნები...“ 

რადგან გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა წარმოადგენს მიზანს, საინტერესოა ამ შემთხვევაში ხომ არ მოხდა გარიგების გუნდის სახელით გადაწყვეტილების მიღება და ანგარიშგების გუნდის რომელიმე წევრის მიერ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.  

აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/ინფორმირება 

პროფესიული სტანდარტები მოითხოვს გარკვეული სახის კომუნიკაციას, მათ შორის აუდიტორული დასკვნების და დამოუკიდებლობის წერილების წარდგენას ხელმძღვანელობის, მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. გარიგების ეფექტიანად შესრულების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს სწორი და სრულყოფილი ინფორმაციის დროულად მიწოდება. მსგავსი კომუნიკაცია ხელს უწყობს მნიშვნელოვან დიალოგს, რაც აუმჯობესებს აუდიტის ხარისხს. 

აუდიტორული გარიგების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/ინფორმირება 

ქვემოთ მოცემული ფოკუსირების საკითხები დაეხმარება ფირმებს აღწერონ თუ რა წვლილი შეაქვს აუდიტის გარიგების შესრულებას აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფაში. წინამდებარე ფოკუსირების საკითხები მხოლოდ საილუსტრაციო ხასიათისაა და არ განიხილება, როგორც სავალდებულო ან ყოვლისმომცველი. ფირმებმა შესაძლოა განიხილონ სხვა რელევანტური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნების საკითხი. შესაბამის კონტექსტში განხილვისას, ხარისხობრივი ინფორმაციის გამჟღავნება და რაოდენობრივი მაჩვენებლები დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარება კონკრეტული ფოკუსირების საკითხების უკეთ გაგებაში. იხილეთ თანდართულ ნიმუშში ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორები და სხვა ხარისხობრივი ინფორმაცია. 

გაითვალისწინეთ, სასურველია ქვემოთ მოცემულ ფოკუსირების საკითხებზე ორიენტირება: 

აუდიტის დაგეგმვა და განხორციელება 

• როგორ ახდენს ფირმა აუდიტის მეთოდოლოგიის შემუშავებას, გამოყენებას, ინფორმაციის გავრცელებასა და განახლებას, მათ შორის როგორ აწვდის სპეციალისტებს აუდიტის განხორციელებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, სანიმუშო ფორმებსა და მითითებებს; 

როგორ ქმნის და იყენებს ფირმა ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს აუდიტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; 

• როგორ ახორციელებს ფირმა მონიტორინგს პოტენციური პრობლემების დროულ იდენტიფიცირებაზე, აუდიტის პროცედურების დროულად შესრულებასა და, არსებობის შემთხვევაში, ფორმალური საკონტროლო პირობების დაკმაყოფილებაზე; 

• რამდენად უწყობს ხელს ფირმაში მიმდინარე პროცესები შემუშავებული მეთოდოლოგიის თანმიმდევრულ და ეფექტიან გამოყენებას, რაც მოიცავს, მაგალითად, აუდიტორის მიერ პროფესიული სკეპტიციზმით მოქმედებას და აუდიტის საკმარისი დოკუმენტაციის მომზადებასა და შენახვას; 

• ფირმის საკონსულტაციო პოლიტიკა და მოითხოვება თუ არა ფირმაში გარკვეულ სიტუაციებში დამატებითი კონსულტაციების ორგანიზება. 
ზედამხედველობა/კონტროლი და მიმოხილვა, მათ შორის გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა (EQR) 

• აუდიტის სამუშაო დოკუმენტების მიმოხილვასა და სპეციალისტების ზედამხედველობასთან მიმართებით ფირმის პოლიტიკა, მაგალითად, სამუშაო პროცესში სწავლება და ქოუჩინგი, სპეციალისტების და ჯგუფის აუდიტის ფარგლებში მოქმედი აუდიტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენება და მათზე ზედამხედველობა, და როგორ ახორციელებს ფირმა ამგვარ პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე მონიტორინგს; 

• ხარისხის მიმოხილვის შიდა პროცედურები, რომელიც სრულდება დასკვნის გამოცემამდე და იძლევა დამატებით ინფორმაციას გარიგების გუნდის მიერ ჩატარებულ მიმოხილვასთან დაკავშირებით, აგრეთვე რა წვლილი შეაქვს ასეთ მიმოხილვას აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფაში; 

• ფირმაში მოქმედი გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვის პოლიტიკა, აგრეთვე როგორ ახორციელებს ფირმა ასეთ პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე მონიტორინგს. 

აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/ინფორმირება 

• ფირმაში მოქმედი შესაბამისი პროცედურები, რომლებიც ხელს უწყობს მაღალი ხარისხის აუდიტის შედეგების მიღებას. 

ელემენტი 6. მონიტორინგი 

რატომ არის აუდიტის ხარისხისთვის მონიტორინგი მნიშვნელოვანი 

ფირმას ევალება ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა და აღნიშნული სისტემის ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი.

მონიტორინგის პროცედურები მეტად მნიშვნელოვანია აუდიტის ხარისხისთვის, ვინაიდან ეს უზრუნველყოფს ფირმას დასაბუთებული რწმუნებით, რომ ხარისხის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებული პოლიტიკა და პროცედურები სათანადოდაა შემუშავებული და ეფექტიანად გამოიყენება.  

მონიტორინგის პროცედურები შესაძლოა მოიცავდეს როგორც აუდიტის შემოწმებას, ისე მიზეზ-შედეგობრივი ანალიზის ჩატარებას. აღნიშნული პროცედურები ტარდება კვალიფიციური აუდიტორების მიერ, რომლებიც პირდაპირ არ არიან დაკავშირებულნი გარიგების შესრულებასთან. მონიტორინგის პროცედურების ხასიათი და მასშტაბი შესაძლოა განსხვავდებოდეს ფირმის საქმიანობის ხასიათისა და სირთულის მიხედვით. 

მონიტორინგის შედეგების თაობაზე ინფორმირება 

ქვემოთ მოცემული ფოკუსირების საკითხები დაეხმარება ფირმებს აღწერონ თუ რა სახის წვლილი შეაქვს მონიტორინგს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფაში. წინამდებარე ფოკუსირების საკითხები მხოლოდ საილუსტრაციო ხასიათისაა და არ განიხილება, როგორც სავალდებულო ან ყოვლისმომცველი. ფირმებმა შესაძლოა განიხილონ სხვა რელევანტური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნების საკითხი. შესაბამის კონტექსტში განხილვისას, ხარისხობრივი ინფორმაციის გამჟღავნება და რაოდენობრივი მაჩვენებლები დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარება კონკრეტული ფოკუსირების საკითხების უკეთ გაგებაში. იხილეთ თანდართულ ნიმუშში ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორები და სხვა ხარისხობრივი ინფორმაცია. 

გაითვალისწინეთ, სასურველია ქვემოთ მოცემულ ფოკუსირების საკითხებზე ორიენტირება: 

• შიდა და გარე მიმოხილვის და მიღებული შედეგების ხასიათი და/ან მასშტაბი; 

• პროცედურები, რომლებიც გამოიყენება შემოწმების შედეგების არსებითობის შესაფასებლად; 

• პროცედურები, რომლებიც გამოიყენება შემოწმების შედეგების გამომწვევი მიზეზების დასადგენად (მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი); 

• ფირმაში მიმდინარე პროცესები, რომლებიც უკავშირდება უფრო მაღალი ხარისხის აუდიტის შემთხვევების გამოვლენას და მათი მაპროვოცირებელი ფაქტორების დადგენასა და ანალიზს; 

• ფირმაში მიმდინარე პროცესები, რომლებიც უკავშირდება სისტემური პრობლემებისა და ხარისხის კონტროლის სხვა ხარვეზების დადგენისა და შეფასების მიზნით გარიგებისა და სხვა ნაკლოვანებების შეჯამებასა და შეფასებას; 

• პროცედურები, რომლებსაც ფირმა ატარებს გამოსასწორებელი ღონისძიებების დროულობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით. 

ნიმუში: ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორებისა და სხვა ხარისხობრივი ინფორმაციის მაგალითი 

წინამდებარე ნიმუშში მოცემულ ჩარჩო საფუძვლებში აღწერილია ფოკუსირების ზოგიერთი საკითხი ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორებისა და სხვა ხარისხობრივი ინფორმაციის ჩათვლით. წინამდებარე ჩამონათვალი წარმოადგენს განმარტებითი შენიშვნების საილუსტრაციო მაგალითს და იგი არაა ყოვლისმომცველი. მნიშვნელოვანია შესაბამისი კონტექსტის მითითება იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენება და გამოითვლება ფირმის დონეზე მოქმედი აუდიტის ხარისხის ინდიკატორები.