ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
"შეთქმულთა კლასტერი" - შემფასებლობითი საქმიანობის წინააღმდეგ - №5(245), 2020
სტატიაში მოცემულია ინდუქცია იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო, წლების განმავლობაში, საქართველოს კანონით დადგენილი ნორმის შესრულების შეჩერება სახელმწიფო მმართველობის ქვედა რგოლმა - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურმა და მისმა კურატორმა ფინანსთა სამინისტრომ და ამით როგორ აქცია საქართველოს მთავრობა კანონის უზენაესობის პრინციპის დამრღვევად. ამ ამბავის მაგალითზე ნაჩვენებია კანონის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმისა და კონტროლის საქმეში საქართველოს მმართველობის კანონდარღვევებისადმი სერიოზული სისტემური და ბიუროკრატიული იმუნოდეფიციტი, როდესაც მმართველობის ქვედა დონის სტრუქტურასა და ერთეულ საჯარო მოხელეს შეუძლია კანონის ნორმის აღსრულების შეფერხება/გადავადება/ შეჩერება. 

1. საქართველოს მთავრობა კანონს არღვევს! 

საქართველოს მთავრობამ დაარღვია კანონი იმით, რომ 2019 წლის 1 ივლისამდე არ წარმოადგინა საკანონმდებლო აქტი „აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით“, რაც მას ევალებოდა საქართველოს კანონით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ (მუხლი 28.8)1 და დღემდე იმყოფება ამ კონკრეტული შემთხვევის გამო კანონდარღვევის რეჟიმში. 

ნათქვამიდან გამომდინარე, 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე,2 საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 28-ე მუხლის მე-8 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის საქართველოს მთავრობა არის კანონდამრღვევი. რადგანაც, საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი (მუხლი 55.1.)3, პერსონალური პასუხისმგებლობა 2019 წლის 1 ივლისიდან მთავრობის მიერ კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევისათვის წარმოეშვა იმ დროისათვის პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს (პრემიერ-მინისტრი: 20.06.2018-02.09.2019 წ.), ხოლო მისი გადადგომის შემდეგ, კანონდარღვევის განგრძობადობისა და მმართველობაში მემკვიდრეობითობის პრინციპიდან გამომდინარე, - მთავრობის მოქმედ მეთაურს, გიორგი გახარიას (პრემიერ-მინისტრი: 08.09.2019 წ.-დან)! 

პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის ფაქტი (ქვეყნის რეპუტაციის შემლახავი საერთაშორისო ურთიერთობებში და სამართლებრივი ნიჰილიზმის მკვებავი ქვეყნის შიგნით) ელემენტარულ სახელმწიფოებრივ მმართველობით სისტემას ავტომატურ რეჟიმში უნდა შეენიშნა საქართველოს პარლამენტს4, რომელიც „კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას“.5 ეს შემთხვევა უნდა შეენიშნათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში (თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე) და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში (თავმჯდომარე რომან კაკულია), რადგანაც საკითხი პროფილურ კანონმდებლობასთანაა დაკავშირებული.6
 
ელემენტარული ბიუროკრატიული, მმართველობითი წესრიგის პირობებში ასეთი რამ შეუძლებელია მოხდეს. 

ვინ და რამ ჩააყენა (is flaming) საქართველოს პრემიერ-მინისტრები ასეთი ხელმისაწვდომი დარტყმის ქვეშ? 

მოცემულ კითხვაზე პასუხამდე, სხვა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: შინაარსობრივად რა ნორმატიულ აქტს ითხოვს კანონი მთავრობისაგან და თვით ეს მოთხოვნა, თავიდანვე, აღნიშნულ კანონში რატომ მოხვდა? 

2. შემფასებლობითი საქმიანობის მომავლის კანონით „შებოჭვა“ 

ისტორიული კონტექსტის ცოდნის გარეშე ვერავინ ახსნის, თუ რა კავშირი უნდა ჰქონდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონს შემფასებლობით საქმიანობასთან. ამ უკანასკნელთან დაკავშირებული ნორმები საერთოდ რატომ მოხვდა აღნიშნულ კანონში? 

ბუღალტერი, აუდიტორი და შემფასებელი ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური პროფესიებია. მათი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოში ეკონომიკური მექანიზმის მუშაობის უზრუნველსაყოფად ყველა დონესა და ყველა რგოლში. ისტორიულად ისინი დასახელებული რიგით წარმოიშვნენ. საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მათ ისტორიული გზა აქ, ტრანსფორმაციის რეფორმების ფარგლებში, თავიდან გაიარეს. საბჭოთა კავშირის დროს ძირითადად მხოლოდ ბუღალტერია გამოიყენებოდა. მართალია ის პრინციპულად განსხვავდებოდა საბაზრო ეკონომიკის ბუღალტერიისაგან, მაგრამ პროფესიული ბაზის არსებობის გამო, მან ყველაზე სწრაფად მოახდინა ადაპტირება. 

საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასთან ერთად წარმოიშვა მოთხოვნა აუდიტსა და შეფასებაზე. მოთხოვნამ განაპირობა მიწოდება, მაგრამ თავიდან - სტიქიური. პრაქტიკა წინ უსწრებდა საკანონმდებლო მოწესრიგებას. საკითხს აფერხებდა ბაზრის ახლადწარმოშობილი - აუდიტისა და შეფასების - სეგმენტების მითვისებისთვის ჯგუფური ინტერესებიდან გამომდინარე ეგოისტური ქცევებიც. 

ეს ეგოიზმი ემთხვეოდა ინსტიტუციურ ინტერესებსაც. საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა ბუღალტერიის მხოლოდ სახელმწიფო რეგულირება, რომელსაც წარმართავდა ფინანსთა სამინისტრო. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დიდი იყო მცდელობა სამინისტროს რეგულირების სფეროდან არა მარტო არ გასულიყო ბუღალტრული საქმიანობა, არამედ, პირიქით, მასთან ერთად, დამატებით მოქცეულიყო აუდიტორული საქმიანობაც, რომელმაც 1991-1994 წლებში სტიქიურად ფართო განვითარება შეძლო. 

ბუღალტრები დიდხანს „ვერ თმობდნენ“ აუდიტორული მომსახურების ბაზარს და აშკარად თუ ფარულად, ხელს უშლიდნენ აუდიტორული საქმიანობის სამართლებრივ მოწესრიგებას. 1995 წლის 7 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“. ამის შემდეგ, უკვე ნორმატიული აქტებით წარიმართა „ბუღალტრებისა“ და „აუდიტორების“ ბრძოლა ურთიერთშორის სფეროების გამიჯვნაზე თითქმის 20 წელი გაგრძელდა და დამთავრდა ერთი სახელმწიფო საზედამხედველო ქოლგის ქვეშ გაერთიანებით.7  

თუმცა, „სფეროების“ გადანაწილებაზე ბრძოლა არ დასრულებულა. ახლა „ბრძოლის“ მთავარი ხაზი შემფასებლობითი მომსახურების ბაზრისთვისაა. ბრძოლის ფორმები გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით უფრო „დაიხვეწა“ და ამა თუ იმ ჯგუფების ინტერესის დაკმაყოფილება შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის ძალით ხდება. ბუღალტერთა და აუდიტორთა გამიჯვნის პროცესი ბუნებრივად მოითხოვდა მათ გამიჯვნას აგრეთვე შემფასებლობითი საქმიანობისაგან. თუმცა, ისარგებლეს რა პოლიტიკური კონიუნქტურით, შემფასებელთა საკითხი სხვანაირად „გადაწყვიტეს“ საკანონმდებლო დონეზე. 

2016 წლის 8 ივნისის საქართველოს კანონში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“8, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს ფარგლებში ბუღალტრებისა და აუდიტორების საკითხი დაარეგულირა, გარდამავალ დებულებებში ჩაიწერა: „აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი“ (მუხლი 28.8).9
 
ნებისმიერი თვალსაზრისით, თავიდანვე გაუგებარი იყო ეს ფაქტი, როდესაც მოცემულ იქნა კანონის სფეროში არ შემავალი საკითხებთან დაკავშირებული ნორმები. თუმცა, საკანონმდებლო დინამიკის შექმნამ, აგრეთვე იმან, რომ სტიქიურად მიმდინარე შემფასებლობითი საქმიანობის რამოდენიმე მიმართულებას მიეცა „ლეგიტიმაცია“, პრობლემის სიმწვავე მოიხსნა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, თავიდანვე ნიშნავდა ბუღალტრების და აუდიტორების დღის წესრიგში შემფასებლობითი საქმიანობის შენარჩუნებას. არაპროფილურ კანონში ჩანაწერში იკითხება დროის მოგების ჩანაფიქრი _ საშემფასებლო საქმიანობის, როგორც გარკვეული ინსტიტუციის სარეგულირებლად მონიშვნასა და მისი საკითხის გადაწყვეტას „მეორე ფრონტის“ გაუხსნელად, რიგითობით: ჯერ ბუღალტრები, შემდეგ შემფასებლები. 

„ბუღალტრებზე“ გამარჯვებას უწყებრივად ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც ინსტიტუციური „რევანში“ ეწადა და უნდოდა თავის წიაღში დაებრუნებინა „ბუღალტრები“ გასული საუკუნის 90-იანი წლების მსგავსად. ამას დაემატა სერიოზული ცვლილებები საერთაშორისო მიდგომებში აუდიტორული საქმიანობის თვითრეგულირების შეზღუდვისა და სახელმწიფო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებითა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნები10. დაიწყო რეფორმების ახალი ტალღა და დღის წესრიგში დადგა ახალი კანონის მიღების საკითხი. ინიციატივა აიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებული იყო, რომ „კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი, „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 ივლისის #225 ბრძანებით11 შექმნილი, დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სსიპ _ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, ეროვნული ბანკის, ეკონომიკური საბჭოს აპარატის, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენტური წარმომადგენლები“.12
 
თუ კანონპროექტის მიღება „ბრძოლა“ იყო, მას ჰყავდა მისი „გმირები“ _ ეს იყო კანონპროექტის მომზადების ნაწილში ფინანსთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრები13, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, ჯგუფის ხელმძღვანელი: გიორგი თაბუაშვილი და მისი მოადგილე იური დოლიძე. ამასთან, პირველს, როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, დავალებული ჰქონდა აღნიშნული ბრძანების შესრულების კონტროლი. უნდა აღინიშნოს, რომ 2015-2016 წლებში მათ ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესული სამუშაო შეასრულეს და შეძლეს მიეღწიათ კანონპროექტის ისეთი ვარიანტისათვის, რომელმაც იმ მომენტში ბუღალტერიისა და აუდიტის განვითარება ქვეყანაში ბევრი მიმართულებით ჩიხური მდგომარეობიდან გამოიყვანა. 

წარმატებულობა აისახა კანონის მიღების შემდგომ კარიერულ პროცესებზე. იური დოლიძე დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად, ხოლო გიორგი თაბუაშვილი _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს თავმჯდომარედ. 

თუმცა, სწორედ შექმნილმა სიტუაციამ მისცა მათ და მათ მხარდამჭერებს საშუალება ესარგებლათ წარმატების ტალღით და დაეშვათ კანონში სრულიად უცხო, კანონის რეგულირების სფეროს გარეთ მდგომი ნორმები შემფასებლობით საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს ნორმები ატარებენ „ლეგიტიმაციისა“ და „შებოჭვის“ ხასიათს, რითაც, როგორც ითქვა, გადაწყდა ერთდროულად ორი საკითხი: პირველი, დაკმაყოფილდა შემფასებლობითი საქმიანობით დაკავებული კონკრეტული ჯგუფების ინტერესები და შემფასებლობითი საქმიანობის კანონმდებლობით დაურეგულირებელ ბევრ მიმართულებას მიეცა ერთგვარი ლეგიტიმური საფუძველი14; მეორე, შემფასებლობითი საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების საკითხი იქნა „შებოჭილი“ კანონით განსაზღვრული დროით (თავიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე და შემდგომში ამ ვადის პერმანენტულმა განვადებამ გამოამჟღავნა ეს მიზანი) და თან დაცული „აუტსაიდერული“ კანონშემოქმედებისაგან. აღნიშნულის მოწინააღმდეგებმა საკმარისი კრიტიკული მასა ვერ შექმნეს, რადგანაც შემფასებელთა ნაწილი, ამავე დროს აუდიტორულ საქმიანობასაც ეწეოდა, ბევრი აუდიტორი ამ დროს ფავორიტი იყო, ბევრიც დაკმაყოფილდა იმ უპირატესობით, რაც ჰქონდა იმ მომენტში (შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC) წევრობა, სერტიფიცირება, სწავლება, სტანდარტები...). 

კანონის მიღების დროს ძნელი იყო კანონმდებლის რეალური მიზნების წარმოდგენა, მით უმეტეს, რომ სამუშაო ჯგუფისათვის ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შემფასებლობით საქმიანობასთან დაკავშირებით არავითარი დავალება მიცემული არ ყოფილა. დღეს შემფასებლობით საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმების შემფასებლობის საკითხის დაკონსერვებისა და სამომავლოდ, აუდიტორების მხრივ შემფასებლობით საქმიანობაზე დომინირებისა და „ბრძოლის“ ახალი რაუნდის მიზნებისათვის კანონში ჩადება მტკიცდება ფაქტებით. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 201615, არც 201716 წლების ანგარიშებსა და მათში მოცემულ სამომავლო გეგმებში შემფასებლობით საქმიანობაზე არცერთი სიტყვა არაა ნათქვამი. 

შედეგად, ბუნებრივია, რომ 2017 წლის 31 დეკემბრამდე შემფასებლობითი საქმიანობის საკანონმდებლო მოწესრიგება არ განხორციელდა. 
2017 წლის 14 დეკემბრის საქართველოს კანონით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“17, ვადა აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საკანონმდებლო აქტისათვის ვადამ 2017 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია (მუხლი 28.8).18 
 
აღნიშნული ცვლილებით საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს 2017 წლის 30 ნოემბერს მიმართა და ამ უკანასკნელის მიერ დაჩქარებულად, ერთი მოსმენით, იქნა მიღებული კანონი ისე, რომ ერთი კითხვაც არ დასმულა ვადის გაგრძელების მიზეზთან დაკავშირებით.19 საქართველოს პარლამენტარები, ეტყობა, დაკმაყოფილდნენ განმარტებით ბარათში მოცემული ჩანაწერით: „საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი“ „სპეციფიკური დოკუმენტია“, რომლის შემუშავებაში „უნდა ჩართულიყვნენ უცხოელი ექსპერტები, ხოლო პარტნიორი ორგანიზაციების მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში დროულად ვერ განხორციელდა ექსპერტების ჩართულობის პროექტების დამტკიცება და შემდგომი შერჩევა“ და „აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიზანშეწონილია საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტის... შემუშავების ვადის გადავადება“.20
 
აქ მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ მთელი სამსახური, აქედან გამომდინარე ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ არ გააჩნიათ კომპეტენცია შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ ნორმატიული აქტის მოსამზადებლად. ამასთან დაკავშირებით არცერთი ლეგიტიმური კითხვა არ დასმულა არც მთავრობაში და არც საქართველოს პარლამენტში _ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხომ სამსახური ფინანსდება ყველა იმ ფუნქციის შესასრულებლად, რაც გათვალისწინებულია კანონით, მაშინ ეს ფული რას მოხმარდა? ეს კითხვა არ გასჩენია სპეციალიზებულ სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს _ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ ხარჯებისადმი, არც ეფექტიანობის, არც შესაბამისობის კუთხით. სამწუხაროა, რომ ეს კითხვები არ დასმულა არც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მხრიდან და არც საბიუჯეტო ოფისის დასკვნებშია ასახული ეს საკითხი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შემფასებლობითი საქმიანობის კანონისადმი უყურადღებობა სუბიექტური ფაქტორებითააცაა გამოწვეული. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების დროისათვის სამინისტროებისა და საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელი პირებიდან, თითქმის აღარავინ იყო დარჩენილი თანამდებობაზე იმათგან, ვინც მონაწილეობდა კანონის მიღებაში. შეცვლილი იყო საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების მომხსენებელიც საქართველოს მთავრობიდან. ნაცვლად გიორგი თაბუაშვილისა და გიორგი კაკაურიძისა, მომხსენებელი იყო ლაშა ხუციშვილი. 

მაგრამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში არიან ამ პროცესში თავიდანვე ჩართული პირებიც. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გაგუა, საბჭოს წევრი ირაკლი თუთარაშვილი, ხელმძღვანელი იური დოლიძე.21 უფრო მეტიც, 2016 წელს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წარადგინეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა და მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.22 გიორგი თაბუაშვილი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს პირველი თავმჯდომარე იყო, ხოლო გიორგი კაკაურიძე23 ფინანსთა მინისტრის მოქმედი მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანია24. მათი საქმიანობა კი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის ფარგლებში, არ შეიცავს რაიმე მცდელობას შემფასებლობითი საქმიანობის მიმართულებით. ამის დასტურია სამსახურის 2018 წლის ანგარიში, სადაც კვლავ ერთი სიტყვაც არ არის შემფასებლობით საქმიანობაზე.25  

ისტორია კვლავ გამეორდა! 

2018 წლის 31 დეკემბრამდეც შემფასებლობითი საქმიანობის საკანონმდებლო მოწესრიგება არ განხორციელდა. 

2018 წლის 22 დეკემბრის საქართველოს კანონით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საკანონმდებლო აქტისათვის ვადა 2019 წლის 1 ივლისამდე გადაიწია (მუხლი 28.8).26 მთავრობა წინადადებით საქართველოს პარლამენტში 6 დეკემბერს შევიდა, პროექტის გამარტივებული წესით მიღების თხოვნით.27 მიღებულ იქნა ერთი მოსმენით. განმარტებით ბარათში ვადის გაგრძელების მიზეზი შემდეგნაირადაა ახსნილი: „აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი წარმოადგენს სპეციფიკურ დოკუმენტს, რომლის შემუშავებაც ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტების აქტიური ჩართულობით. დღეის მდგომარეობით, კანონპროექტის პირველადი ვერსია მომზადებულია, თუმცა როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე სხვა უწყებების, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო _ აკრედიტაციის ცენტრის და G4G _ „მმართველობა განვითარებისთვის“-თან ერთად ხორციელდება პროექტის დახვეწა, კერძოდ, პროექტით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისა და სხვა რიგ საკითხებზე შეთანხმება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიზანშეწონილია საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შემუშავების ვადის გადაწევა“.28
 
თითქოს, სიტუაცია შეიცვალა, კანონპროექტის ვერსია მომზადდა და შექმნის პროცესებისათვის ხელი არაფერს არ უნდა შეეშალა. თუმცა მოვლენები განვითარდა იმ განწყობის შესაბამისად, რაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურს გააჩნდა და რაც გადმოცემულია 2018 წლის ანგარიშში29, საიდანაც ჩანს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის სამსახურის ახლო მიზნებში _ კონკრეტულად 2019 წლისათვის. ეს აისახა კიდეც იმ ფაქტში, რომ 2019 წლის 1 ივლისამდე შემფასებლობითი საქმიანობის საკანონმდებლო მოწესრიგება არ განხორციელდა. 

ერთი შეხედვით დადგა ჭეშმარიტების მომენტი _ არსებობდა კანონპროექტი, მისი საქართველოს პარლამენტში წარდგენის ვადა განსაზღვრული იყო (2019 წლის 1 ივლისამდე), მაგრამ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით 2019 წლისათვის არავითარი აქტივობა არ დაუგეგმავს. 

თავდაპირველად კანონპროექტში შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ ნორმები, როგორც აღინიშნა, იმიტომ მოხვდა, რომ შემფასებლობითი საქმიანობის მომავლის გადაწყვეტა „შებოჭილი“ ყოფილიყო მანამ, სანამ არ დადგებოდა საუკეთესო მომენტი ამ საქმიანობის ინსტიტუციური შეთავსებისათვის. ამ ლოგიკით, 2019 წელი ,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის გეგმიდან გამომდინარე, ასეთ დროდ არ იყო პროგნოზირებული. საუბარი კომპეტენციის შესახებ აქ მოხსნილია იმიტომ, რომ არსებობდა კანონპროექტი. შემფასებლობითი საქმიანობის „შთანთქმისათვის“ სამსახური ჯერ მზად არ არის იმიტომ, რომ ბუღალტრებთან „მშვიდობას“ არ მოჰყვა მშვიდობიანობა. პროფესიული სექტორების ზედამხედველობის ამოცანები წინააღმდეგობაში მოვიდა მეწარმეობის სრული კონტროლის ელემენტებთან, გამწვავდა აუდიტორული სექტორის შიგნით ურთიერთობები, სადაც ციფრი 13 (სდპ-ების აუდიტის უფლებამოსილი აუდიტორული ფირმები) გახდა სეგრეგირების მაჩვენებელი აუდიტორულ კომპანიებს შორის, ვერ შესრულდა ვალდებულებები ე.წ. მეოთხე კატეგორიის საწარმოების მიერ ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენასთან დაკავშირებით და სხვ. შესაფერისი დრო აშკარად არ იყო წინააღმდეგობების გამომწვევი გადაწყვეტილებებისთვის, მაგრამ ალტერნატივადაც რჩებოდა მხოლოდ ღია ობსტრუქცია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის მხრივ, რაც გააშიშვლებდა ამდენი ხნის ნალოლიავებ „ჩანაფიქრს“. 

შექმნილ მდგომარეობაში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებმა (იგულისხმება საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გაგუა და სამსახურის უფროსი იური დოლიძე) გადაწყვიტეს, „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო“ და იძულებით, ნაჩქარევად დაიწყეს კანონპროექტის განხილვა და ჩანაფიქრის განხორციელება შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ კანონპროექტში მათი იმპლანტაციის გზით. 

3. კანონპროექტის შეწყვეტილი განხილვა 

2019 წლის ივლისის ბოლოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურმა დააგზავნა „საშემფასებლო საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის, იმ მომენტისათვის, საბოლოო ვერსია, რომელიც განხილულ იქნა ფინანსთა სამინისტროში შეხვედრაზე 26 ივლისს. ამის შემდეგ, უკვე ახალი პროექტი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურმა დააგზავნა იმავე წლის სექტემბრის პირველი დეკადის ბოლოს. კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა „სასურველი შერჩევის“ პრინციპით და მას მასობრივად შემფასებელთა და საკითხით დაინტერესებული აკადემიური წრეები არ მოუცავს. 

კანონპროექტის განხილვის დროს, ვიწრო პროფესიული საკითხების გვერდით, უმნიშვნელოვანესი წინააღმდეგობა გამოიწვია შემფასებლობითი საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს, შემფასებლობით საქმიანობისათვის სტანდარტების საკითხმა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დროებით „ლეგიტიმირებული“ შემფასებლობითი საქმიანობის ინფრასტრუქტურის დაკანონებამ. 

კანონპროექტის ბევრი დებულება იმდენად დაშორებული იყო ევროპიზაციის, საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის იდეას, რომ გამოიწვია შემფასებელთა ასოციაციების ევროპული ჯგუფის (TEGoVA - The European Group of Valuers Association) შეშფოთება, რასაც მოჰყვა ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ქრისტოფ გრესიკის (Krzystof Gresik) ჯერ წერილი საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური ინსტიტუტების პირველი პირებისადმი, ხოლო შემდეგ, თბილისში სასწრაფოდ ჩამოსვლა და მათთან შეხვედრა. 

პროფესიული წრეებისათვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო კანონპროექტის ავტორის _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის პოზიცია, რომ შემფასებლობითი საქმიანობის ზედამხედველობა უნდა განეხორციელებინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს. აღნიშნული წარმოადგენდა შემფასებლობითი საქმიანობის „შთანთქმის“ ზემოთაღნიშნული ჩანაფიქრის იდენტიფიცირებასა და მტკიცებულებას, მისი განხორციელების დაკანონების მცდელობას. 

ამასთან, ასეთი ნორმა აშკარად ეწინააღმდეგებოდა კანონით განსაზღვრულ დავალებას აუდიტორული და საშემფასებლო საქმიანობისა და პროფესიების გამიჯვნის შესახებ. 

დებატები სულ უფრო და უფრო სკანდალურ ხასიათს იძენდა, განსაკუთრებით ოპონენტთა სწორი, სამართლიანი და მოქნილი პოზიციის გამო. მათ მიერ საკითხი დასმული იყო შემდეგნაირად: რადგანაც აუდიტორული და შემფასებლობითი საქმიანობის გამიჯვნა უნდა დარეგულირდეს ნორმატიულად, მას უნდა მოჰყვეს მათი სახელმწიფო ზედამხედველობის გამიჯვნაც. ამისათვის შეიქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო შემფასებლობითი საქმიანობის ზედამხედველობის სამსახური, ან უკიდურეს შემთხვევაში, მოხდეს მისი სრულფასოვანი, ავტონომიურობის შემანარჩუნებელი გაერთიანება არსებულ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურში“, ამ უკანასკნელის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების, აუდიტისა და შეფასების სამსახურად“ რეორგანიზაციის გზით. 

ასეთი პოზიციის წინააღმდეგ კანონპროექტის ავტორებს კონტრაგუმენტები არ გააჩნდათ. 

ალტერნატიული იდეის ნებისმიერი სახით განხორციელება კი ნიშნავდა შემფასებლობითი საქმიანობის „შთანთქმის“ გეგმის ჩაშლას, ამასთან თუ მოხდებოდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების, აუდიტისა და შეფასების სამსახურად“ რეორგანიზაცია, ეს დამატებით გამოიწვევდა სამსახურის კადრებით ხელახალ დაკომპლექტებას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებდა სამსახურში ჩამოყალიბებული „გუნდის“ უცვლელობას და ეს მაშინ, როდესაც სამსახურს ურთულესი 2020 წელი ელოდა წინ, ურთულესი გადასაჭრელი პრობლემებითა და წინააღმდეგობებით, სადაც „გუნდის“ უცვლელობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა. 

კანონპროექტის საკანონმდებლო მსვლელობის შემთხვევაში, უდიდესი ალბათობით, გავიდოდა ალტერნატიული ორი წინადადებებიდან რომელიმე ერთი. 

მოვლენების ასეთმა პერსპექტივამ, კანონპროექტის ავტორებს, რომლებიც დადგნენ რა დილემის წინაშე _ შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ კანონის მიღება ან შემფასებლების „გათავისუფლება“ ან/და საკადრო ცვლილებები, ეტყობა ახალი გეგმისაკენ უბიძგა: შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ ახალი კანონის მიღების პედალირება და სტატუს-კვოს შენარჩუნება. 

4. ვა-ბანკზე, თუ „თავბრუდახვევა წარმატებისაგან“? 

შექმნილ სიტუაციაში, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც, რატომ არ იქნა გამოყენებული ნაცადი და ლეგიტიმური ხერხით ვადის გაგრძელება? 
საქართველოს მთავრობა ვადის გაგრძელებით შეინარჩუნებდა სახეს და თავისი ამ ქცევით, ფორმალურად, დარჩებოდა კანონმდებლობის ფარგლებში, ინარჩუნებდა კანონის უზენაესობის პრინციპისადმი ერთგულებას. 
მის მიმართ პრეტენზიები თავს იყრიდა იმ ფარგალში, სადაც შესაძლებელია იმის ჩვენება, თუ რა უარყოფითი შედეგები აქვს შემფასებლობითი საქმიანობის კანონმდებლობით მოუწესრიგებლობას და როგორ უწყობს ამ მდგომარეობის შენარჩუნებას ხელს საქართველოს მთავრობა გამოჩენილი უუნარობით, რომელმაც თითქმის უკვე ოთხი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ კანონპროექტის მომზადება, რომლის „კანონპროექტის პირველადი ვერსია, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტების აქტიური ჩართულობით“ (მისივე ინფორმაციით) მომზადებული ჰქონდა უკვე 2018 წლის დეკემბერში!30  

მაგრამ შეიცვალა გარემოებები. 

კანონპროექტის ვადის გადაწევა პარლამენტში კითხვების გარეშე უკვე აღარ ჩაივლიდა. 2019 წლის შემოდგომაზე კანონპროექტის განხილვამ და მასში მოცემულმა დებულებებმა საკითხით დაინტერესებულ პროფესიულ წრეებში უკვე გამოაშკარავეს შემფასებლობითი საქმიანობის „ჩაყლაპვის“ განზრახვა. დამატებით, დებატების ტალღა არ გაჩერდებოდა და უკვე საქართველოს პარლამენტში გაიშიფრებოდა შემფასებლობითი საქმიანობის მიმართ არსებული ჩანაფიქრი. პოლიტიკურ დებატებში აუცილებლად თავს იჩენდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის, სამსახურის მიერ აუდიტორული კომპანიების საქმიანობის შემოწმების, აუდიტის ბაზარზე სამართლიანი და ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფის, ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენის მდგომარეობის და სხვა საკითხები, აქედან გამომდინარე საკადრო საკითხების აქტუალიზაციით. 

შედეგით, რომ კანონპროექტი დღემდე არაა წარდგენილი არც მთავრობაში და არც პარლამენტში ოფიალურად, ადასტურებს კანონის ნორმის დარღვევის, როგორც დამცავი და დროის გაყვანის მექანიზმის გამოყენებას, მით უმეტეს რომ ასეთ დარღვევაზე უშუალო პასუხისმგებელი მთავრობა და პრემიერ-მინისტრია. ამ გადაწყეტილებაში გათვალისწინებულია პოლიტიკური რთული კონიუნქტურა და დარღვევისათვის განგაშის მექანიზმის სისუსტეები. კანონში ვადის გადაუწევლობით კანონდარღვევებში ჩანს, თითქოს პირველადი არის გულგრილობა და უპასუხისმგებლობა, ხოლო მეორადი ეგოიზმი და კერძო ინტერესები, როდესაც ყველაფერი შებრუნებითაა და პირველია მეორესაგან ნაწარმოები. 

ეს იყო პრემიერ-მინისტრის დარტყმის ქვეშ დაყენების გადაწყვეტილება.31 ასეთ გადაწყვეტილებას ხელი ვერ შეუშალა იმანაც, რომ საქართველოს პარლამენტში 2019 წლის 1 ივლისამდე წარდგენილი იყო კანონპროექტი შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ!

5. „დაწუნებული კერძო“ ინიციატივა და დემონსტრირებული საზოგადოებრივი გულგრილობა 

2019 წლის 14 მაისს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა ა(ა)იპ საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის (გიორგი ხოფერია, მიხეილ ჯიბუტი) საკანონმდებლო წინადადება „შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.32  

23 სექტემბერს შედგა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და გამოტანილ იქნა „დასკვნა“. „დასკვნაში“ ნათქვამია: 

„...„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტის შემუშავება ევალება საქართველოს მთავრობას. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა პოზიცია დოკუმენტთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ შემუშავებულია „საშემფასებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი~, რომლის მიღების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, სსიპ - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, G4G - „მმართველობა განვითარებისთვის“, სფეროში ჩართული უცხოელი ექსპერტები. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია „საშემფასებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ. შესაბამისად, კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად უარყოფილად ცნო“.33  

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა (თავმჯდომარე რომან კაკულია) გააკეთა „დასკვნა“, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით „საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით (ხაზგასმა ჩვენიაა - მ.ჯ.) შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად“ (მუხლი 105.6).34 აქ არ არის ჩვენი მიზანი გავარკვიოთ ის, თუ რატომ ესმით, ან ვის ესმის საქართველოს პარლამენტში „დასკვნა“ და „გადაწყვეტილება“ სინონიმებად და არც ის, თუ რას გულისხმობენ ზოგადად „მოტივირებული გადაწყვეტილების“ ქვეშ. მოცემულ შემთხვევაში ფაქტია: საპარლამენტო კომიტეტმა ჩათვალა, რომ თუ კანონით საქართველოს მთავრობას ევალება კანონპროექტის შემუშავება და არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „წარმოდგენილი პოზიცია“ (რომელიც დოკუმენტურად არაა დადასტურებული და ტოვებს წარმოდგენილ პოზიციაზე ფანტაზიისათვის უამრავ შესაძლებლობებს), რომ კანონპროექტი მზადაა (წარმოდგენილი არაა დოკუმენტურად), მაშინ მოტივირებული გადაწყვეტილებით „მიზანშეწონილია „საშემფასებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ“. 

რაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვა, მისი სარგებლიანობის შეფასება და პოზიტივის დადგენის შემთხვევაში მთავრობისათვის ინფორმაციის მიწოდება _ ეკონომიკური აქტივობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს _ შემფასებლობითი საქმიანობის სფეროში _ საკანონმდებლო ვაკუუმის შევსების დაჩქარების მიზნით. 

აღწერილი შემთხვევიდან ყველაზე უფრო შემაშფოთებელი სწორედ ის გულგრილობაა, რაც გამოჩნდა კომიტეტის ქცევაში საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისა და შემდგომ პერიოდში. 

შემფასებლობითი საქმიანობის საკანონმდებლო მოუწესრიგებლობის შედეგად უამრავი პირდაპირი და ირიბი ზიანი ადგება მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესს. „ქვეყანაში არ ხორციელდება სისტემური და კომპლექსური ღონისძიებები შემფასებლობითი საქმიანობის მოსაწესრიგებლად და შესაბამისად, ამ სფეროში არსებობს საკანონმდებლო ვაკუუმი, რაც ხელს უშლის საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრების ნებისმიერი ფორმით არსებული სამოქალაქო ბრუნვისათვის განკუთვნილი ქონების მიმართ შემფასებლობითი საქმიანობის სამართლებრივ განსაზღვრას“.35  

საკანონმდებლო ვაკუუმი კი პრეცივილიზაციური რუდიმენტია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. 

ზემოთქმულიდან ჩანს, რომ კომიტეტს 23 სექტემბრისთვის ჰქონდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობაში „შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის არსებობის თაობაზე და ამ თემაში ჩართულობის გამო, ამ დროისათვის ისიც იყო ცნობილი, რომ მთავრობამ დაარღვია აღნიშნული კანონპროექტის წარმოდგენის (2019 წლის 1 ივლისამდე) ვადა36! დავუშვათ იმ მომენტში კომიტეტი დაკავებული იყო აუტსაიდერი კანონშემოქმედთა უარყოფით, მაგრამ ერთი, ორი..., ოთხი..., შვიდი... თვის შემდეგ? 

ფაქტია, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა (და საერთოდ პარლამენტმა), მეხსიერების გამაცოცხლებელი აღწერილი ეპიზოდის შემდეგაც, მასზე დაკისრებული უშუალო ფუნქციის შესრულება უკვე სუბიექტური, პიროვნული გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის გამო ვერ შეძლო. საქართველოს პარლამენტს შეეძლო თავისი პოზიციით მთავრობაზე მოეხდინა გავლენა კანონის აღსასრულებლად _ მდგომარეობის გამოსასწორებლად, თუმცა კანონდარღვევის პირველმიზეზთან მას კავშირი არ აქვს. ამით მას შეეძლო საქართველოს მთავრობისათვის რეპუტაციული დარტყმა თავიდან აეშორებინა. 

6. მთავრობის აპარატი მთავრობის წინააღმდეგ 

შესრულების ვადის გადაწევის „იგნორირება“, მაშინ როდესაც ეს მხოლოდ ტექნიკურ პროცესადაა გადაქცეული და საქართველოს პარლამენტი კომფორტულად ახდენს მის დადასტურებას, ეს არის დიდი უპასუხისმგებლობისა და გულგრილობის გამოვლენა საქართველოს მთავრობის აპარატში და საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის რეგლამენტით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობების შეუსრულებლობა. 

ეს რომ შემთხვევითი არაა, ამის მტკიცებულებაა თუნდაც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროინდელი, ანუ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული37 საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის რეგლამენტი“ - დღეს მოქმედი - საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებული38 - რეგლამენტის ნაცვლად! 

კანონპროექტის წარმოუდგენლობის ფაქტი ვერ შენიშნეს და ვერც გამოასწორეს მთავრობის აპარატის ვერც ყოფილმა და ვერც მოქმედმა უფროსებმა: შალვა თადუმაძემ (2012-2018), გიორგი ჭოლაძემ (2.07.2018- 11.09.2019) და ნათია მეზვრიშვილმა (19.09.2019-დან). 

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის“ მიხედვით მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წელიწადში ორჯერ დგება - პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის (მუხლი 23.4.). საგაზაფხულო სესიისთვის წარდგენა ხდება 31 იანვრამდე, ხოლო საშემოდგომო სესიაზე - 31 აგვისტომდე. ამ გეგმებს ადგენს საქართველოს საპარლამენტო მდივანი (მუხლი 23.5.).39  

აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონით დადგენილი დროისათვის ნორმატიული აქტის მოუმზადებლობის ფაქტი უნდა დაეფიქსირებინა საპარლამენტო მდივანს. კერძოდ, ეს უნდა გაეკეთებინა საპარლამენტო მდივანს ნათია მიქელაძეს, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა 2018 წლის 19 აპრილიდან, მით უმეტეს რომ შემფასებლობითი საქმიანობის კანონპროექტის მომზადების ვადა მისი საპარლამენტო მდივნის პოსტზე ყოფნის დროს ერთხელ უკვე გადავადდა (2018 წლის 22 დეკემბერს). არ ჩანს რაიმე ობიექტური მიზეზი, თუ რატომ ვერ „შენიშნა“ აღნიშნული კანონის ნორმის შეუსრულებლობა მოქმედმა საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა (2019 წლის 5 ნოემბრიდან). 

საპარლამენტო მდივანი მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმას ადგენს „სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით“ (მუხლი 23.3).40  

2019 წლის საგაზაფხულო სესიისათვის საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა41 ჩამონათვალში არ შეიცავს შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ კანონპროექტს! აღნიშნული გეგმა დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 იანვრის #119 განკარგულებით, ანუ იმ დროისათვის მთავრობას არ ჰქონდა მიღებული ინიციატივა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან, რომელიც ინსტიტუციური პასუხისმგებელია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონზე. 

იმის დაშვება შეიძლება, რომ საპარლამენტო მდივანს გამორჩა კანონის მოთხოვნა, მაგრამ იმის დაშვება, რომ მან რომელიმე სამინისტროდან წარმოდგენილი ინიციატივა ყურადღების გარეშე დატოვა - პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნული ვერსია მთავრობის აპარატის შეცდომის უყურადღებობით ახსნისათვის გამოდგება, თუმცა შედეგიდან გამომდინარე, მას ვერ გაამართლებს. 

საპარლამენტო მდივანს თუ არ გააჩნია კანონით მთავრობისადმი დაკისრებული ვალდებულებების აღრიცხვა/ კალენდარი, მაშინ ეს სერიოზული ორგანიზაციული ხარვეზია. ჩვენთვის ეს არაა ცნობილი. შეიძლება ასეთი ლაფსუსი კალენდარული ვადის „გაპარვით“ მოუვიდა, მაგრამ მმართველობის ნორმალური სისტემის შემთხვევაში ეს ხომ უნდა ყოფილიყო აღმოჩენილი ერთი, ორი თვის, ნახევარი წლის შემდეგ და ყოფილიყო ხარვეზი აღმოფხვრილი? 

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „შეთქმულთა კლასტერი“ 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთპიროვნულად მართავს მინისტრი სამინისტროს აპარატის მეშვეობით. რა უნდა იყოს მიზეზი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და მთავრობის ნეგატიური კუთხით წარმოდგენისათვის? შეიძლება აქაც ვივარაუდოთ უწესრიგობის ის ხარისხი სამინისტროს მართვაში, რომ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადის დადგომა არ კონტროლდება და შეუსრულებლობისას სამინისტროს მართვის პულტზე არ ინთება განგაშის ნიშანი. 

არის ერთი მომენტი, რომელიც აღნიშნული კანონისადმი ამცირებს პოლიტიკური ფიგურის _ მინისტრის ინტერესს: შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ კანონი არ შედის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული კანონმდებლობის ჰარმონიზების პროგრამაში. პრობლემაა ისიც, რომ ფინანსთა მინისტრები ხშირად იცვლებიან და ვერ ახერხებენ ყველა საკითხებით დაინტერესებას/საკითხებში გარკვევას. საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ მიღებულ იქნა ნოდარ ხადურის მინისტრობის დროს და მის შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში, ივანე მაჭავარიანი მეოთხე მინისტრია. ამ ხნის მანძილზე დამატებები და ცვლილებები 11-ჯერ განხორციელდა აღნიშნულ კანონში, აქედან ორჯერ შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ კანონის მომზადების ვადის გაგრძელებაზე. 6-ჯერ საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის ერთხელ ვადის გაგრძელება განხორციელდა ივანე მაჭავარიანის დროს. სწორედ ვადის ამ გაგრძელების დროს (22.12.2018 წ.) იყო ნათქვამი, რომ შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ კანონპროექტი მომზადებულია.42  

იქნებ საქართველოს ფინანსთა მინისტრს არ ეყო რეალური ძალა ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე ზემოქმედებისათვის, რომელიც კანონპროექტზე მუშაობას უშუალოდ აწარმოებდა, იმის გამო, რომ მოცემული დაწესებულება მის გარდა ანგარიშვალდებულია წინაშე (მუხლი 20.1)43, ან აღნიშნული საქვეუწყებო დაწესებულების _ სამსახურის უფროსთან მიმართებაში, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება ფინანსთა მინისტრის წარდგენით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ (მუხლი 20.5)44? შესაძლებელია, ამ მდგომარეობამ მისცა საშუალება საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამსახურის უფროსს იური დოლიძეს, არ მიეცა მსვლელობა „საშემფასებლო საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტისთვის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ამ უკანასკნელის მიერ მთავრობაში ინიცირებისთვის. 

ბევრის დაშვება შეიძლება, მაგრამ იმის არა, რომ ფინანსთა მინისტრს არ ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მისი მოადგილე _ ნიკოლოზ გაგუა ამავე დროს არის სამსახურთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს თავმჯდომარე.45  

ზუსტად რა მიზეზით მოახდინა ფინანსთა მინისტრმა კანონის მოთხოვნის უგულველყოფა - საკუთარი ინიციატივით, თუ სხვისი გავლენით _ ეს ამ სტატიის ფარგალში ვერ ირკვევა. 

ფინანსთა სამინისტროში პოლიტიკური ინიციატივის უფლება მხოლოდ მინისტრს გააჩნია და რამდენი ფაქტორიც არ უნდა არსებობდეს გასამართლებლად, ფაქტი უცვლელია - საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა არ უზრუნველყო საკანონმდებლო ინიციატივის მთავრობაში წარდგენა და შესაბამისად მთავრობა დააყენა დარტყმის ქვეშ, რაშიც მას „დაეხმარნენ“ პერსონალურად ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სამსახურის უფროსი იური დოლიძე და საბჭოს თავმჯდომარე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. ფაქტობრივად სახეზე გვაქვს კანონის შეუსრულებლობის საერთო მიზნით გაერთიანებული ჯგუფი - „შეთქმულთა კლასტერი“. 

მათი მოტივაცია, შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ ნორმატიული აქტის წარმოდგენის ვადის გაგრძელების საკანონმდებლო ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული რომ არ არის, კარგად ჩანს იქიდანაც, რომ 2019 წლის 26 ნოემბერს განხორციელდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადებთან დაკავშირებით მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის იმავე მუხლში, რომელშიც იმ დროისათვის უკვე დარღვეული ვადა „2019 წლის 1 ივლისამდე“ იყო ჩაწერილი შემფასებლობითი საქმიანობის აქტის მომზადების თაობაზე, მაგრამ მას არ შეხებიან46, მოხდა მისი იგნორირება და დღემდე დარჩა კანონში ისე, როგორც ეწერა.47  

8. Why are you making this a thing?48

შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მასშტაბური სირთულეებისა და უწესრიგობის გარემოში, როდესაც მისი ზემოქმედების ყოველდღიური გამოცდილება საყოველთაოა ქვეყანაში, სტატიაში დასმული საკითხი ბუზისგან სპილოს შექმნას ჰგავს. 

ეს ემოციური აღქმაა, რომელიც დასაწყისში მეც გამიჩნდა, მაგრამ საკმარისია მას სხვა, კერძოდ „საკითხის ფასის“ კუთხით, შევხედოთ, რომ განსხვავებულ დასკვნამდე მივალთ. პირველი უნდა ვთქვათ, რომ სტატია ბუზის სპილოდ ქცევაზე კი არაა, არამედ ბუზზეა. მეორეც, სწორედ ამიტომაა მასში მოცემული დასკვნები მნიშვნელოვანი. ნაჩვენებია, რომ წესრიგი უნდა მოიცავდეს როგორც ბუზს, ისე სპილოს და რა მასშტაბის ზიანი შეიძლება მიადგეს სახელმწიფო წესრიგს, თუ სპილო-პრობლემების უკან არ იქნება დანახულ ბუზი-პრობლემები. წინამდებარე სტატიის ერთ-ერთი მეთოდოლოგიური მნიშვნელობა ისიცაა, რომ ბუზი-პრობლემები გამოიყვანოს ჩრდილიდან და მიაქციოს საზოგადოების ყურადღება მათზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მიერ მოტანილი ერთი ფაქტის გვერდით, ასეულობით მაგალითის მოტანაა შესაძლებელი. ეს კი თავის მხრივ ის სამიზნეებია, რომელთა აღმოფხვრისათვის აქტივობა მმართველობაში მოსახლეობის ჩართულობის კონკრეტული საგანია. 

მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ სახელმწიფო მმართველობითი მანქანის მექანიზმები არ შეესაბამება ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებს, როდესაც ვალდებულება _ შესრულება ავტომატურად უნდა ფასდებოდეს. ავტომატური მართვის სისტემის ნაცვლად, იქ სადაც ეს სრულებით არაა საჭირო _ ხელის მართვა გამოიყენება, რაც ვერ ახდენს კანონდარღვევის არა თუ პრევენციას, არამედ დროულ დაფიქსირებასა და კანონდამრღვევის მიგნებადობა-იდენტიფიცირებას. 

სტატიის მიზანი იყო აგრეთვე ყურადღების მიქცევა „წვრილმანების“ მნიშვნელობაზე: „მეწვრილმანეობა“ არ ვარგა პირად ურთიერთობებში, თორემ სახელმწიფო მანქანის მოწყობის საქმეში დეტალებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. როგორც საათის მექანიზმიდან რაიმე უმნიშვნელო დეტალს ვერ გამოაკლებ, მისი ფუნქციონირების შეჩერება რომ არ გამოიწვიოს, ასეა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში _ ერთი შეხედვით ყველაზე „წვრილმანის“ მოუწესრიგებლობა, მართვისა და ცხოვრების ხარისხს აუარესებს. 

9. დასკვნა49

ამრიგად, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დანიშვნისთანავე გახდა მთავრობის იმ თვისებებსა და მდგომარეობაზე პასუხისმგებელი, რაც მემკვიდრეობით მიიღო. რატომ ვერ შეძლო ამ მემკვიდრეობისაგან გათავისუფლება? კონკრეტულ შემთხვევაში თუნდაც ფორმალურად - კანონის დავალების ვადის გადაწევით? რატომ არ გააკეთა ეს მაშინ, როდესაც 2019 წლის 26 ნოემბერს, მისი ხელდასმით, იმავე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში და იმავე მუხლში, სადაც ეს ვადაა მითითებული, მოხდა სხვა შემთხვევისათვის ვადის გადაწევა? 

მთავრობა ამ სიტუაციაში აღმოჩნდა მმართველობის სისტემის გულგრილობის კონტექსტის ხელშეწყობით, რამაც საშუალება მისცა, რომ კანონპროექტის უშუალო შემსრულებელს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას არ შეესრულებინა მასზე დაკისრებული ფუნქცია, რამაც ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია მთავრობის მიერ კანონდარღვევა. 

ფაქტობრივად შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ კანონპროექტის მთავრობაში ინიცირების შეუსრულებლობის საერთო მიზნით, შემთხვევით გაერთიანებული ჯგუფი _ „შეთქმულთა კლასტერი“. 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სისტემამ ვერ მოახერხა ვერც კანონდარღვევის პრევენცია, ვერც მისი გამოსწორება. მან ვერ შეძლო წინ დადგომოდა მმართველობითი იერარქიის ქვედა დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ეს აჩვენებს თუ სად ფუჭდება საქმე, რომ უწესრიგობით ყველაზე ღრმა დონეებია გამსჭვალული და პოლიტიკური თანამდებობის პირები ხშირად თავისი (როგორც წესი მოკლე) კარიერის მანძილზე ამ დონეებზე საკითხების გარკვევასა და ჩაღრმავებას ვერ ახერხებენ. მმართველობის ეს ქვედა დონეები ახერხებენ ზედა დონეებისაგან ავტონომიურად საკითხების გადაწყვეტას, ამისათვის სარგებლობენ პოლიტიკოსების არაინფორმირებულობითა და რუტინაში ჩართულობით. თუ არსებობს საფრთხე, რომ მათი ჩანაფიქრი გადაწყვეტილების პროექტის „შეცურებით“ არ გამოვა, ამა თუ იმ ხელმძღვანელთან, ელოდებიან მომენტს _ პოლიტიკურ დაძაბულობას, არჩევნებს და ა.შ. როდესაც პოლიტიკოსთა აზრი და გონება სხვა საკითხებითაა დაკავებული და მაშინ ახდენენ გადაწყვეტილების პროექტის ინიცირებას. იშვიათად, მაგრამ ასეთი ინიცირებით საკანონმდებლო გადაწყვეტილებებიც მიიღება. იგივე თვისების კონტექსტი აქვს გიორგი გახარიასადმი ფინანსთა სამინისტროს „შეთქმულთა კლასტერის“ ობსტრუქციას. შეძლებს გიორგი გახარია მის დაძლევას? 

შეძლებს, თუ იმის იმედი არ ექნება, რომ მმართველობის არსებული სისტემა ამ საკითხს ავტონომიურად მოაწესრიგებს. ამ სისტემამ თავისი შესაძლებლობები უკვე აჩვენა. ვერც მაშინ შეძლებს, თუ იმის დალოდებას დაიწყებს, სისტემა როდის გაუმჯობესდება მსგავსი საკითხების გადაწყვეტუნარიანობამდე. აი აქ არის საკითხის გადასაწყვეტად საჭირო „ხელით მართვის“ რეჟიმის გამოყენება და ისიც, შედეგი დადგება, თუ ექნება ამისათვის საკმარისი, პრემიერ-მინისტრის რანგში, ფუნქციონირების დრო. „შეთქმულთა“ გათვლა სწორედ ამ დროის ნაკლებობასა და ცაიტნოტზეა. 

მთავრობისა და გიორგი გახარიასათვის მიყენებული რეპუტაციული ზიანის აღდგენისთვის აუცილებელია: 

ა. საქართველოს მთავრობა სასწრაფოდ დაბრუნდეს კანონმდებლობის ჩარჩოებში, ააშოროს ქვეყანას საკანონმდებლო ვაკუუმით მიყენებული ზიანის განგრძობადობა, რისთვისაც, სასწრაფოდ უზრუნველყოს „შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენა და უახლოეს სესიაზე მისი მიღება; 

ბ. სამსახურებრივი მოკვლევით დადგინდეს მთავრობის აპარატში, საპარლამენტო მდივანთან თუ რატომ არ მოხდა კანონის დავალების შესრულების ავტომატურ რეჟიმში კონტროლი, რომელმა რგოლმა და ვინ დაუშვა გადაცდომა /შეცდომა/, სამსახურებრივი გულგრილობა კონკრეტულ შემთხვევაში და მიღებულ იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის აპარატის მუშაობის გაუმჯობესების თაობაზე; 

გ. სამსახურებრივი მოკვლევით დადგინდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობაში კანონპროექტის ინიცირების განუხორციელებლობის ობიექტური მიზეზები, თუ სუბიექტური მოტივები და მიღებულ იქნება მოკვლევის შედეგების ადეკვატური გადაწყვეტილებები. 

ამასთან, იგულისხმება, რომ საქართველოს პარლამენტი, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონის შესრულების ზედამხედველობის ფუნქციას შეასრულებს.

1. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/166204? 

2. სტატიის დაწერის დრო - 10.05.2020 

3. https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=35 

4. თავმჯდომარეები: ირაკლი კობახიძე (18.11.2016 – 21.06.2019) და არჩილ თალაკვაძე (25.06.2019-დან). 

5. საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ (მუხლი 1.1.) https://matsne.gov.ge/ka/document/view/13528?publication=44; საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე“ (მუხლი 54.2.) https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=35 

6. არაფერს ვამბობ სახელმწიფო აუდიტზე, საბიუჯეტო ოფისზე, მმართველ თუ ოპოზიციურ პარტიებზე (პარლამენტში და პარლამენტის გარეთ), არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ა.შ. 

7. კანონმდებლობის ცვლილებების შესახებ იხ. გიორგი ცერცვაძე, „საქართველოში აუდიტორებს ცხვრის ფარასავით ექცევიან: მათ ხან აქეთ გარეკავენ და ხან იქით...“ , ჟურნალი „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ N2(242)2020, გვ.10-20. 

8. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3311504?publication=10 

9. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/166204? 

10. აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულება შემფასებლობით საქმიანობის საკითხს არ შეხებია. 

11. ეს ბრძანება თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რადგანაც გამოცემულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ იმ საგანზე, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედიოდა (იხ. ამის შესახებ როინ მიგრიაული. მართლსაწინაღმდეგო სამართლებრივი აქტი. „ბიზნესი და კანონმდებლობა“, 2015, გვ. 27-31 
https://b-k.ge/wp-content/uploads/2019/09/3e47800c5124d392c13a67941b363b5c.pdf  

12. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/118953? 

13. https://b-k.ge/wp-content/uploads/2019/09/3e47800c5124d392c13a67941b363b5c.pdf გვ. 25-26.

14. „საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტის“ამოქმედებამდე: სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრს მიენიჭა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციისა და მონიტორინგის ფუნქციები, ასევე, კანონში პირდაპირი მითითების გარეშე, მიენიჭათ ექსკლუზიური უფლებები შემფასებელთა განათლებაზე, სერტიფიცირება, ეთიკის ნორმების დაცვაზე... (28.8 მუხლი) https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/166204? 

15. https://saras.gov.ge/Content/files/SARAS-2016-REPORT-V9-Uploaded-08.12.2017.pdf  

16. https://saras.gov.ge/Content/files/SARAS-2017-REPORT.pdf  

17. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3921129?publication=0 

18. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3921129?publication=0 

19. https://info.parliament.ge/#law-drafting/14857 

20. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/166203? 

21. https://saras.gov.ge/ka/Home/Council  

22. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/118997? 

23. საბჭოს პირველი შემადგენლობა: 1. გიორგი თაბუაშვილი - საბჭოს თავმჯდომარე; 2. ნინო ჯავახაძე - საბჭოს წევრი; 3. მურთაზ კიკორია - საბჭოს წევრი; 4. ირაკლი თუთარაშვილი - საბჭოს წევრი; 5. ლევან საბაური - საბჭოს წევრი; 6. რუსლან ხოროშვილი - საბჭოს წევრი; 7. შოთა კომლაძე - საბჭოს წევრი; 8. ივანე ჯელია - საბჭოს მოწვეული წევრი; 9. გიორგი ხმალაძე - საბჭოს მოწვეული წევრი https://saras.gov.ge/Content/files/SARAS-2017-REPORT.pdf  
2020: თავმჯდომარე: ნიკოლოზ გაგუა, წევრები: ეკატერინე მიქაბაძე, პაპუნა ლეჟავა, ირაკლი თუთარაშვილი, ლევან საბაური, შოთა კომლაძე, გიორგი ვასაძე; მოწვეულები: სალომე სხირტლაძე, ანდრია მანელაშვილი https://saras.gov.ge/ka/Home/Council  

24. https://mof.ge/giorgi_kakauridze  

25. https://saras.gov.ge/Content/files/SARAS_AR_2018.pdf  

26. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4425524?publication=0 

27. https://info.parliament.ge/#law-drafting/16774 

28. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/207462? 

29. https://saras.gov.ge/Content/files/SARAS_AR_2018.pdf  

30. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/207462? 

31. მ. ჯიბუტი. (15.05.2020) გიორგი გახარია მემკვიდრეობით მიღებული კანონდარღვევით წავა? - 
http://iberioni.com.ge/16780-mikheil-jibuti-giorgi-gakharia-memkvidreobith-mighebuli-kanondarghvevith-tsava.html  

32. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/220803? 

33. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/231828? 

34. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/231828? 

35. ციტატი მ. ჯიბუტის მოხსენებიდან.. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფეისბუკგვერდი. კომიტეტის სხდომის ანგარიში. http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/dargobrivi-ekonomikisa-da-ekonomikuri-politikis-komiteti/axali-ambebi-dargobrivi/dargobrivi-ekonomikisa-da-ekonomikuri-politikis-komitetis-sxdoma41.page?fbclid=IwAR0DtUFjmsNILD2JB29TMb0StVdjfldCeoe2KnH_VTMMzZH_ rUJin5Sdsc  

36. საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა 2019 წლის ივლისამდე: 
http://parliament.ge/uploads/other/121/121372.pdf  

37. http://government.ge/files/42_146_634847_reglamenti-2016709.pdf (ნახვა 3.04.2020) 

38. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4062183?publication=0 

39. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4062183?publication=0 

40. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4062183?publication=0 

41. http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/109651/07-2.306_ 

42. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4425524?publication=0 

43. საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ - https://matsne.gov.ge/ka/document/view/3311504?publication=10 

44. იქვე, https://matsne.gov.ge/ka/document/view/3311504?publication=10   

45. https://saras.gov.ge/ka/Home/Council  

46. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4702822?publication=0 

47. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3311504?publication=10 ნახვა11.05,2020 

48. რატომ ქმნი ბუზიდან სპილოს? 

49. მიხეილ ჯიბუტი, „გიორგი გახარია მემკვიდრეობით მიღებული კანონდარღვევით წავა?“, 15.05.2020. - http://iverioni.com.ge/16780-mikheil-jibuti-giorgi-gakharia-memkvidreobith-mighebuli-kanondarghvevith-tsava.html  

მიხეილ ჯიბუტი 

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი