ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
საქართველოს აუდიტური კომპანიების 2019 წლის ოფიციალური მაჩვენებლები გამოქვეყნდა - #6(246), 2020
მონაცემები 1 ივნისს, სამსახურის ვებგვერდზე გასაჯაროვდა

ახალი რეიტინგი 

არის ბიზნესის რამდენი სახეობა, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნესი - ის საზოგადოებრივი ინტერესის მაღალი სფეროცაა. მაგალითად, ასეთია საბანკო და სადაზღვევო საქმიანობა, მედია-ბიზნესი და ზოგი სხვა. აუდიტორული საქმიანობა - ერთ-ერთი ასეთი ბიზნესია: მისდამი საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში. ამგვარ მაღალ ინტერესს განაპირობებს ის დანიშნულება, რასაც აუდიტი ემსახურება - კომპანიების ფინანსური მონაცემებისადმი სანდოობა, რომელსაც აუდიტური კომპანიები თავიანთი დასკვნებით ადასტურებენ. კომპანიების ფინანსური მონაცემები კი თანამედროვე ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია როგორც თავად ამ კომპანიებისათვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის.
 
აუდიტური კომპანიების უმეტესობა, გრძნობენ რა მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს მათ მიმართ, ყოველმხრივ და განუხრელად ზრუნავენ თავიანთი რეპუტაციისა და რეიტინგის ამაღლებაზე (თუმცა, ყველა აუდიტური ფირმა ასე არ იქცევა და სხვადასხვა ისეთ `ფულის მოყვარულთა ჯგუფებსაც~ წავწყდომივართ, რომელმაც, ოღონდ ფული იშოვოს და სხვა დანარჩენს არად დაგიდევს, ასე ვთქვათ, ყველაფერზე ხელისმომწერია როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით). ამ მიზნით, აუდიტური კომპანიები ბევრს მუშაობენ თავიანთი ცნობადობის ამაღლებისათვის, რაც ხდება არამარტო პროფესიული განათლების ზრდით, არამედ სხვადასხვა სოციალური აქტივობებით, მარკეტინგული ღონისძიებებით, პირდაპირი რეკლამით და ზოგჯერ – ლობიზმითაც კი. აუდიტური კომპანიებისათვის მაღალი რეპუტაციისა და რეიტინგის შენარჩუნება _ ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი რეიტინგის შენარჩუნებისათვის კი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მაღალი შემოსავლები, რაც დამკვეთთა სიმრავლეს ადასტურებს. 

სწორედ ამ მიზეზების გამო, აუდიტური კომპანიების რეიტინგებისადმი ინტერესი დიდია. რეიტინგის მთავარ განმსაზღვრელ მაჩვენებლად კი როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში მათი შემოსავლების სიდიდე ითვლება, რომელსაც ისინი აუდიტორული და სხვადასხვა პროფესიული მომსახურებიდან (ბუღალტრული, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის და სხვა მსგავსი საკონსულტაციო მომსახურებებიდან) იღებენ. ზოგადად თუ ვიტყვით, ამ მაჩვენებლისა და ზოგადად რეიტინგების გაფეტიშება არასწორია და როგორც, მაგალითად, ზოგჯერ პატარა ბანკი შეიძლება უკეთ მოგემსახუროს, ვიდრე მასზე 5-ჯერ დიდი, ზუსტად ასევე, შესაძლოა, შედარებით მცირე აუდიტური კომპანია არანაკლებ ხარისხიან აუდიტს ატარებდეს, ვიდრე მასზე ბევრად უფრო შემოსავლიანი. თუმცა, უფრო ინფორმატიული მაჩვენებელი აუდიტური კომპანიების რეიტინგის განსასაზღვრად, ჯერ არ მოუფიქრებიათ. 

აუდიტური კომპანიების რეიტინგების გამოქვეყნება ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის, `აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების~ ფურცლებზე, ტრადიციას ჯერ კიდევ 2001 წლიდან იღებს სათავეს. ყოველწლიურად, აუდიტორული საქმიანობის მაშინდელი ზედამხედველი - საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების ოფიციალურ მონაცემებს კრებდა და ანალიზურ სტატიასთან ერთად ჩვენს ჟურნალს აწვდიდა, ჩვენ კი ვაქვეყნებდით ამ ფრიად საყურადღებო ინფორმაციას. თუ მკითხველს დააინტერესებს, როგორ გამოიყურებოდა აუდიტური კომპანიების ოფიციალური მაჩვენებლები ჯერ კიდევ 2001 წელს, შეუძლია ნახოს შესაბამისი პუბლიკაცია "ააფის" #5(29)-ში, 2002 წ. - http://aaf.ge/index.php?menu=1&jurn=29&rubr=0&mas=3231 (უბრალოდ, ინტერესისთვის, აღვნიშნავთ, რომ მაშინდელი ლიდერი აუდიტური კომპანიებიდან, რომლებიც 2001 წლის ტოპ-ოცეულს ქმნიდნენ, 2019 წლის ტოპ-ოცეულში მხოლოდ ორადორი ფირმაა წარმოდგენილი: შპს "ბეიკერ ტილი ჯორჯია", რომელსაც მაშინ "საქართველოს აუდიტორული კორპორაცია" ერქვა, და შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"). 

საქართველოში აუდიტური კომპანიების 2017 წლამდე გამოქვეყნებულ რეიტინგებს ზოგი უნდობლად უყურებდა (და არცთუ უსაფუძვლოდ...), მაგრამ 2016 წლის 8 ივნისს მიღებულმა ახალმა მარეგულირებელმა კანონმა `ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ~, სხვა ბევრ პოზიტიურ სიახლესთან ერთად, ეს სიახლეც მოიტანა, რომ აუდიტორების/ აუდიტური კომპანიების მაჩვენებლების საჯაროდ გამოქვეყნება სავალდებულო გახდა და მათდამი სანდოობა მკვეთრად ამაღლდა. ეს განაპირობა იმან, რომ 2016 წლის (ამჟამად მოქმედი) კანონის თანახმად, შეიქმნა აუდიტორული და მომიჯნავე პროფესიული საქმიანობის ახალი ზედამხედველი _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში _ სამსახური) და განისაზღვრა, რომ სამსახური უზრუნველყოფს `რეესტრის წარმოებას, აგრეთვე მასში ასახული ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას~ (კანონის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილი). მოქმედი კანონის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის `ზ~ პუნქტის თანახმად კი, `რეესტრში აუდიტორული ფირმის შესახებ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: 

ზ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები~. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური აუდიტორებისა და აუდიტური ფირმებისადმი მიღებულ ამ საინტერესო ინფორმაციას საჯაროდ ანთავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე სარას.გოვ.გე და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამასთან, ეს მაჩვენებელი _ აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების მიერ მიღებული შემოსავლები აუდიტორული საქმიანობიდან, ბოლო 3 წლის მანძილზე (წლების მიხედვით) მიღებულ შემოსავლებს მოიცავს. 

რეესტრის წარმოების მოქმედი დებულების მიხედვით, აუდიტურ კომპანიებს გასული წლის თავიანთი საქმიანობის მაჩვენებლები (შემოსავლები, ჩაშლილი პროფესიული მომსახურებების ჭრილში, ასევე დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობა) სამსახურის ვებგვერდზე უნდა აეტვირთათ 1 აპრილამდე, თუმცა, პანდემიის გამო, სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება და ეს ვადა 2 თვით გადაწია. შესაბამისად, სწორედ 1 ივნისს გახდა ცნობილი აუდიტური კომპანიების ახალი რეიტინგი შემოსავლების მიხედვით. 

ჩვენს ჟურნალში წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, წარმოგიდგენთ აუდიტური კომპანიების ტოპ-ოცეულს, რომელთა შემოსავლები ყველაზე მაღალი იყო 2019 წელს აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით (იხ. წინამდებარე სტატიის დანართი #1). 
აღსანიშნავია, ამ ოციდან 19 კომპანიის შემთხვევაში, მათი ინდივიდუალური მაჩვენებელი დაემთხვა მათივე კონსოლიდირებულ მაჩვენებელს და მხოლოდ ერთის მაჩვენებელია ამ ცხრილში კონსოლიდირებული: შპს აუდიტური კონცერნი `ცოდნისა~-ს მაჩვენებელი მოიცავს საკუთრივ შპს `ცოდნისა~-ს და ასევე მისი 100%- იანი შვილობილი აუდიტური კომპანიის _ შპს `ააფ ინტეგრითის~ მაჩვენებლებს (თუმცა, ამ უკანასკნელის წილი _ უმნიშვნელოა). 
     

მკითხველთათვის განვმარტავთ, რომ სამსახურის ვებგვერდზე ასახულია აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების მხოლოდ ის შემოსავლები, რომელსაც ისინი იღებენ აუდიტორული მომსახურების გაწევიდან (ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და სხვა აუდიტორული მომსახურება). გარდა ამ შემოსავლებისა, აუდიტორები და აუდიტური ფირმები სამსახურს წარუდგენენ ასევე ინფორმაციას სხვა პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ, რაც მოქმედი კანონის მე-2 მუხლის `კ~ პუნქტის მიხედვით, ასეა განარტებული: `კ) პროფესიული მომსახურება _ მომსახურება, რომელსაც ახორციელებს აუდიტორი/ აუდიტორული ფირმა საბუღალტრო, აუდიტორულ, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის ან/და სხვა, მსგავს ბიზნესსაკონსულტაციო სფეროში და რომელიც ბუღალტრულ და მასთან დაკავშირებულ უნარებს მოითხოვს~. სამსახური მიღებულ ინფორმაციას ამ პროფესიული (გარდა აუდიტორული) მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ იყენებს სტატისტიკური მიზნებისათვის და მათ სამსახური თავის ვებგვერდზე არ ასაჯაროებს, რასაც მიზეზთა გამო (რომელთა ჩამოთვლას აღარ დავიწყებთ, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით წინა წლებში უკვე გამოვხატეთ) _ მართებულ გადაწყვეტილებად მივიჩნევთ! მხოლოდ იმას შევნიშნავთ, რომ კარგი იქნებოდა, სახეობებისდა მიხედვით ჩაშლილ პროფესიული მომსახურებების (გარდა აუდიტორული მომსახურებისა) ჯამს სამსახური თავის ყოველწლიურ ანგარიშში რომ აქვეყნებდეს. 

ასევე შევნიშნავთ, რომ ეს მონაცემებიც რომ ქვეყნდებოდეს, აუდიტური კომპანიების ტოპ-ოცეული შეიძლება მნიშვნელოვნად გადასხვაფერებულიყო, რადგან ზოგიერთი აუდიტური კომპანიისთვის ძირითად შემოსავლებს არა აუდიტორული, არამედ საგადასახადო ან/და ბუღალტრული მომსახურებიდან იღებს. თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესი ძირითადად სწორედ აუდიტორული საქმიანობის მიმართ არის გამოხატული, რაც ბუნებრივია. 

შედარებითი ანალიზი 

თუ 2019 წლის მაჩვენებლებს ერთი წლის წინანდელ ანუ 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს შევადარებთ (ისინი გამოქვეყნებულია ჩვენს ჟურნალში - იხ. "ააფი", #4(232), 2019 წ., http://aaf.ge/index.php?menu=1&jurn=232&rubr=0&mas=3788), რამდენიმე საყურადღებო ცვლილებას შევამჩნევთ: 

1) 2019 წლის `ტოპ-ოცეულში~ შემავალი აუდიტური კომპანებიდან, 17 მათგანი 2018 წლის რეიტინგშიც პირველ ოცეულში შედიოდა. `ტოპ-ოცეულში~ შემავალი ახალი წევრებია: `ქროუ ჯი~, `კომპაუდი~ და `რასელ ბედფორდ ეიეისი~; 

2) 2019 წლის პირველი ხუთი ლიდერი კომპანია 2018 წელსაც პირველ ხუთეულს წარმოადგენდა. მათგან, პირველი სამეული არ შეცვლილა, ხოლო `ბიდიომ~ 2019 წლის მაჩვენებლებით `დელოიტი და ტუშს~ გადაასწრო და მე-4 პოზიციაზე გადავიდა; 

3) 2019 წელს, გაგრძელდა აუდიტორული მომსახურების ბაზრის ზრდა. თუ 2018 წელს ლიდერი ოცეულის ჯამური მაჩვენებელი _ 43,07 მილიონი ლარს შეადგენდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 50,74 მილიონი ლარის ტოლია, რაც 17,8%-იან ზრდას ნიშნავს. იმავდროულად, სამსახურის 2019 წლის ანგარიშში (https://www.saras.gov.ge/content/files/SARAS_AR_2019.pdf) ასახული მონაცემების მიხედვით, მთლიანად აუდიტორული მომსახურების ბაზრის ზრდამ 2019 წელს 20,5% შეადგენა: 2019 წელს _ 59,61 მლნ ლარი, ხოლო 2018 წელს _ 49,47 მლნ ლარი იყო. ის, რომ ლიდერთა ოცეულის ზრდა პროცენტულად მცირედით უფრო ნაკლებია, ვიდრე ბაზრის დანარჩენი მონაწილეების, სავარაუდოდ, ბაზარზე ახლადშექმნილი ფირმების (2018-2019 წლებში დაფუძნებულების) შემოსვლამ განაპირობა. 

4) 2019 წლის `ტოპ-ოცეულში~ შემავალი აუდიტური კომპანებიდან, 18 მათგანს ჰქონდა შემოსავლების ზრდა 2018 წელთან შედარებით. ყველაზე დიდი ზრდა ჰქონდა `ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსებს~. შემოსავლების კლება წინა წელთან შედარებით ჰქონდათ მხოლოდ `KPMG Gეორგია~-ს და `დელოიტი და ტუშს~; 

5) 2019 წლის `ტოპ-ოცეულში~ შემავალი აუდიტური კომპანებიდან, 11 მათგანს აქვს სდპ-ების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება. მათი ჯამური შემოსავალი აუდიტორული მომსახურებიდან 2019 წელს შეადგენდა 46,58 მლნ ლარს, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 40,32 მლნ ლარს 15,5%-ით აღემატება; 

6) თუ ამ მონაცემებს სამსახურის ზემოთ აღნიშნულ 2019 წლის ანგარიშში ასახულ ჯამურ მონაცემებს შევადარებთ, რაც არის: 2019 წელს _ 59,61 მლნ ლარი, ხოლო 2018 წელს _ 49,47 მლნ ლარი, დავინახავთ, რომ სდპ-ების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილი აუდიტური ფირმებიდან (სულ ასეთი აუდიტური ფირმა დღესდღეობით 13-ია) იმ 11 ფირმას, რომელიც 2019 წლის რეიტინგის ტოპ-ოცეულში იკავებს ადგილს, 2019 წელს აუდიტორული საქმიანობის ბაზრის 78,1% ეკავათ. მართალია, ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე 2018 წელს იყო _ 81,5%, მაგრამ მათი ხვედრითი წილი ბაზარზე კვლავინდებურად მაინც ძალიან მაღალია, მით უფრო იმ ფონზე, რომ 2019 წელს აუდიტური ფირმების რიცხვმა იმატა და 261 შეადგინა. 2018 წელს მათი რიცხვი 15-ით ნაკლები იყო, ანუ _ 246. 

რამდენი აუდიტური ფირმა უნდა იყოს საქართველოში? ზოგი თვლის, რომ ჩვენი ზომის ქვეყნისთვის 25-30 აუდიტური ფირმაც საკმარისია. ამ მოსაზრებას ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით და ვფიქრობთ, რომ აუდიტურ ფირმათა სიმრავლე _ სწორედაც რომ მეტი კონკურენციისა და შედეგად, პროფესიის უკეთ განვითარების საწინდარია. 

რა იყო 10 წლის წინ? 

თუ ახლანდელ ტოპ-ოცეულს 10 წლის წინანდელ, ანუ 2009 წლის ანალოგიური რეიტინგის მანძილზე) პირველ ოცეულს შევადარებთ (იხ. "ააფი", #6(126), 2010 წ. http://aaf.ge/index.php?menu=1&jurn=126&rubr=0&mas=781), აღმოვაჩენთ, რომ შარშანდელი საუკეთესო ოცეულიდან, 9 აუდიტური კომპანია 2009 წელსაც პირველ ოცეულში შედიოდა. თუმცა, ეს შედარება მთლად რელევანტური არ არის, რადგან 2009 წლის რეიტინგში, აუდიტური კომპანიების შემოსავლებში ჩათვლილია მათ მიერ სხვა პროფესიული (გარდა აუდიტორულისა) მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებიც. 

ეს შედარება კი იმისთვის დაგვჭირდა, რომ საქართველოში აუდიტორული საქმიანობის ბაზარი, რიგი მიზეზების გამო, 10 წლის განმავლობაში ბევრი კომპონენტით შეიცვალა და ჯერჯერობით, კვლავ დინამიურად იცვლება. რეიტინგის `ტოპ-ოცეულში~ ყოფნა მასში შემავალი კომპანიებისაგან მუდმივ პროფესიულ და მარკეტინგულ ძალისხმევას მოითხოვს, ლიდერთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად. 

გიორგი ცერცვაძე