ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
დანაკარგების ჩამოწერის პროცედურები უმჯობესდება - №7(247), 2020
ბოლო გადაწყვეტილება სურსათის ვაჭრობით დაკავებულ კომპანიებს შეეხოთ

ბიზნესის მრავალწლიანი მოთხოვნის შემდეგ დანაკარგების ჩამოწერის პროცედურები ეტაპობრივად მარტივდება. ამ ეტაპზე ბიზნესი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად ვაჭრობის სფეროში, დაზიანებული, ვადაგასული სასურსათო პროდუქტის ჩამოწერის ახალ წესებს მიიჩნევს. შემოსავლების სამსახურმა ამ მიმართულებით ბოლო წლებში ბევრი გააკეთა, მაგრამ დანაკარგების ჩამოწერის თვალსაზრისით მას კიდევ ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, ვინაიდან აღნიშნული პრობლემა ბიზნესის თითქმის ყველა დარგში არსებობდა. 

ვაჭრობის სფეროში სასურსათო პროდუქტის ჩამოწერის რთული პროცედურა, დიდი ხნის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის დავის საგანი რომ იყო, ეს პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა. გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესმენებს საქმიანობას ბევრად გაუმარტივებს. 

„სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი, რაც თავი მახსოვს, ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის სულ დავის საგანი იყო. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად ქმნის იდეალურ პირობებს, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც ბიზნესსექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას და ოპერირებას“, _ განაცხადა გახარიამ. 

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში აცხადებენ, რომ სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრისა და ჩამოწერის შესახებ საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია. ეს გადაწყვეტილება აწესრიგებს იმ შეუსაბამობას, როდესაც კომპანიებს მიუღებელ შემოსავალზე მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადების დარიცხვა უწევდათ.

სასურსათო ვაჭრობის სფეროში დანაკარგების ჩამოწერის შესახებ განხორციელებული ცვლილებები შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად. პირველი _ მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #96 დადგენილებას დაემატა ჩანაწერი, რომელის მიხედვითაც სრულიად გაუქმდა 100 ლარამდე დაზიანებული, გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის საფასური. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერის შოთა კომლაძის განმარტებით, აქამდე ნებისმიერი ღირებულების საქონლის ჩამოწერისას, კომპანია 20 ლარიან მოსაკრებელს იხდიდა, შემდეგ საგადასახადო ორგანო ამას ან ავტომატურად ადასტურებდა, ან მოდიოდა ადგილზე და ამოწმებდა, ნამდვილად ამ რაოდენობის პროდუქცია ექვემდებარებოდა თუ არა ჩამოწერას. ცვლილებების შედეგად დღეში ერთხელ, თითო ობიექტზე, 100 ლარამდე პროდუქციის ჩამოწერისას 20 ლარიანი მოსაკრებელი გაუქმდა. 

მეორე – საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ დაზიანებული/ გაფუჭებული, ვადაგასული საქონელი.Eეს პროცედურა დარეგულირდა ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 

`ამ შემთხვევაში, `სარასის~ (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური მონაცემებით პირველ-მეორე ზომით კატეგორიაში მყოფ კომპანიებს მხოლოდ საზკვების ობიექტების ნაწილში შეუძლიათ გამარტივებული წესით ჩამოწერონ მალფუჭებადი და გამოყენებისთვის უვარგისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. კერძოდ, კომპანია საქონელს თვეში ერთხელ ჩამოწერს და ამის შესახებ მეორე თვის 5 რიცხვამდე საგადასახადო ორგანოს აცნობებს. საგადასახადო ორგანო ამ ყველაფერს ავტომატურად იღებს ცნობად. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული, რათა კომპანიას შემოწმებისას პრობლემები არ შეექმნას~, _ ამბობს შოთა კომლაძე. 

მესამე – განისაზღვრა სურსათის არაარსებითი დანაკარგების ოდენობა სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით. ეს ნაწილი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე რეგულირდება. 

"ეს არის ყველაზე წარმატებული ნაბიჯი ჩამოწერების ნაწილში, მოგების გადასახადის რეფორმის შემდეგ რევოლუციური გადაწყვეტილებაა. ეს ეხება ეგრეთ წოდებული ღია საწყობის პრინციპით მოქმედ რითეილერებს. `ღია საწყობის~ პრინციპი განიმარტა და ეს არის ერთი სალაროს პრინციპით მომუშავე ობიექტები, როდესაც მომხმარებელი მაღაზიაში თავად იღებს პროდუქტს და თანხას სალაროსთან იხდის. ამ შემთხვევაში გამარტივებული ჩამოწერა ეხება მხოლოდ სურსათს. არ შეეხო ალკოჰოლურ სასმელებსა და ნიშანდებულ პროდუქციას. აღნიშნული 1% უნდა იყოს არაიდენტიფიცირებული დანაკარგი, რომელიც მოგების გადასახადითა და დღგ-ით აღარ დაიბეგრება, როგორც აქამდე იყო. ეს ეხება მხოლოდ სუპერმარკეტებში განთავსებულ მზა პროდუქტს~, _ ამბობს შოთა კომლაძე. 

როგორც ბიზნეს-ასოციაციაში განმარტავენ, სასურსათო ნაწილში დანაკარგების გამარტივებული წესით ჩამოწერის საკითხი, ფაქტობრივად, ამოიწურა. თუმცა, შოთა კომლაძის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური მზად არის ბიზნესთან თანამშრომლობისთვის, რათა ამ კუთხით მუშაობა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდეს. 

ამ ეტაპზე, ბიზნეს-ასოციაცია შემოსავლების სამსახურთან ერთად მალფუჭებადი ბოსტნეულისა და ხილის ჩამოწერის საკითხზე მუშაობს. კომლაძის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვინაიდან მსხვილი რითეილერების ნაწილი იძულებულია ამ სახის დაზიანებული პროდუქტი დიდი ფასდაკლებით გაყიდოს ან დაბეგროს. 

`არიან კომპანიები, რომლებსაც საქართველოს მასშტაბით დიდი ქსელი აქვთ, ზოგიერთ შემთხვევაში 200-ზე მეტი მაღაზიაც კი. შესაბამისად, ამ კომპანიების წარმომადგენლებმა, ყოველდღიურად, შემოსავლების სამსახურს უამრავი განცხადებით უნდა მიმართონ. ბუნებრივია, შემოსავლების სამსახურს ყველა განცხადების დასადასტურებლად საკმარისი ადამიანური რესურსი არ გააჩნია. ხოლო ავტომატურ რეჟიმში, რისკების მიხედვით, დარწმუნებული ვარ, ობიექტების ერთი მესამედი თუ მოხვდება. შესაბამისად, ამ განცხადებების მყისიერი დადასტურება ვერ ხერხდება. ასეთი პროდუქციის შენახვა დიდ ხარჯს მოითხოვს. ზოგიერთი ობიექტი დაზიანებულ პროდუქტს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს, ადგილზე ანადგურებს, ან თბილისში მოაქვს გასანადგურებლად. გარდა ამისა, ვადაგასული პროდუქციის შესანახად ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით, კომპანიების მფლობელებმა დამატებითი ფართები უნდა გამოყონ და სამაცივრე მეურნეობები განავითარონ, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. შემოსავლების სამსახური დაგვპირდა, რომ განხილვის პროცესში ასეთ პროდუქციას პრიორიტეტი მიენიჭება. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ეს საკითხიც დარეგულირდება", - ამბობს შოთა კომლაძე.  

გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარების აუცილებლობასაც ბიზნეს ასოციაციაში ხედავენ, სამშენებლო სექტორში არსებული დანაკარგებია. შოთა კომლაძის განცხადებით, არაარსებითობის გარკვეული ნაწილი სამშენებლო პროდუქციაზეც უნდა განისაზღვროს. მაგალითად, კერამიკული ფილების ნაწილში. ადგილზე ჩამოტანისას, ამ ტიპის პროდუქტის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 5-10 პროცენტი დაზიანებულია. ბუნებრივია, ამ პროდუქტის ჩამოწერის პროცედურაც არსებობს, თუმცა, პროცესი საკმაოდ რთულია და ზოგიერთ შემთხვევაში ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ კომპანიის წარმომადგენელს ურჩევნია დაზიანებული პროდუქტი დაბეგროს, ვიდრე ჩამოწეროს. 

"ასეთი პროდუქტის ჩამოწერისას შემოსავლების სამსახურს სჭირდება არგუმენტირებული დოკუმენტი თუ რა რაოდენობის პროდუქცია უნდა ჩამოიწეროს. ხშირად შემთხვევაში ექსპერტის დასკვნას ითხოვენ. ექსპერტის მომსახურება კი, უმეტესად, ჩამოსაწერ პროდუქციასთან შედარებით არაადეკვატურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ კომპანიათა უმრავლესობას ურჩევნია ასეთი სმფ-ები დიდი ფასდაკლებით გაყიდოს, ან აჩვენოს რეალიზებულად და გადასახადებით დაბეგროს. ვმუშაობთ ამ საკითხის მოგვარებაზეც. შემოსავლების სამსახურის მხრიდან არის მზაობა ამ პრობლემის გადასაჭრელადაც. 

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო სმფ-ების და დანაკარგების გამარტივებულ ჩამოწერასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების შემოშავებაში მონაწილე ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს~, _ ამბობს შოთა კომლაძე. 

როგორ ხდება დანაკარგების ნორმის განსაზღვრა 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. ამდენად, დანაკარგის ნორმის დადგენა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გადასახადის გადამხდელს არ დაეკისროს დამატებითი საგადასახადო ტვირთი. დანაკარგების საკითხს შემოსავლების სამსახურში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს. 

დანაკარგის ნორმის დადგენა დაკავშირებულია სხვადასხვა კომპლექსურ პროცესებთან, მათ შორის, დაკვირვებებთან, ანალიზთან, სპეციფიკურ ცოდნასთან, სხვადასხვა მხარის ჩართულობასთან, დროსთან და სხვა მსგავს ფაქტორებთან, რის გამოც რთულდება და დროში იწელება საკითხების მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. 

2011 წლიდან, შემოსავლების სამსახური ადგენს ამავე სამსახურში შექმნილი შესაბამისი კომისიის მიერ შემუშავებულ დანაკარგებს. „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბერის №43074 ბრძანების შესაბამისად, კომისია შექმნილია შემდეგი შემადგენლობით: ლევან კაკავა (შემოსავლების სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე), მამუკა ბარათაშვილი (შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), ვახტანგ ლაშქარაძე (შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩეველი), დინარა ჩუბინიძე (იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), მერაბ არახამია (საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), ემელიანე მამალაძე (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფროსი), ნინო მაისურაძე (დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), შოთა ვალიშვილი (აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), შალვა კოპალეიშვილი (საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე), ლევან ბაინდურაშვილი (საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), ლევან სირანაშვილი (საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი). ამასთან, განსახილველი საკითხის სირთულის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია, სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, კერძო სექტორის წარმომადგენლები. 

„დანაკარგების პრობლემა გადამხდელებთან ძირითადად ასოცირდება წარმოების, მშენებლობის, საზკვებისა და ვაჭრობის სფეროებთან. რა სახის აუცილებლობა იწვევს ამ კომისიის შემადგენლობაში თქვენს ჩართულობას როგორც საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფროსის?“ _ ამ კითხვით საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფროსს, ემელიანე მამალაძეს მივმართეთ. 

"საქმე ისაა, რომ გარდა თქვენ მიერ ჩამოთვლილი სფეროებისა, კომისია ადგენს ტრანსპორტირების დანაკარგებს რიგი ტვირთების გადაზიდვის, გადატვირთვის და შენახვის დროს. მაგ.: ნავთობპროდუქტები, სპირტი, ნაყარი ტვირთები (მადანი, ქვიშა, ხორბალი და ა.შ.). როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ასრულებს სატვირთო ჰაბის ფუნქციას. ტრანზიტული გადაზიდვებისას, ხდება საქართველოში ტვირთის დასაწყობება, გადატვირთვა, გარკვეული ვადით შენახვა და ა.შ. ყველა ამ ოპერაციას თან ახლავს საქონლის ბუნებრივი დანაკარგები. საკანონმდებლო რეგულაციების ხარვეზების გამო ყველა დანაკარგი განიხილებოდა საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის განკარგვად. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შემუშავდა დანაკარგების ნორმები კონკრეტული საქონლის ტრასპორტირებისა და შენახვისათვის. შესაბამისად განკარგვად ჩათვლება დანაკლისი, რომელიც აღემატება ბუნებრივი დანაკარგის ოდენობას. ამ ნორმების დადგენისას საფუძვლად აღებული იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, რომელსაც იყენებენ საბაჟო ორგანოები და გადამზიდავები. ვინაიდან სწორედ ჩვენი სამმართველოს პრეროგატივას წარმოადგენდა დანაკლისის (შესაბამისად განკარგული საქონლის) საბაჟო ღირებულების დადგენა, მიზანშეწონილად ჩაითვალა ჩვენი მონაწილეობა კომისიის მუშაობაში“, _ გვიპასუხა ემელიანე მამალაძემ. 

2011 წლიდან დღემდე, შემოსავლების სამსახურს დადგენილი აქვს დანაკარგების ნორმები სხვადასხვა შემთხვევებისთვის. კერძოდ, 2019 წლამდე დადგენილი იქნა დანაკარგის ნორმები მეტალურგიაზე, აქციზურ მარკებზე, ბამბაზე, თხილზე, მინის წარმოებაზე, მარცვლეულზე, შაქრის წარმოებაზე, თაბაშირ-მუყაოს ფილების წარმოებაზე, ნატურალური წვენის წარმოებაზე, ჩაუმქრალი კირის წარმოებაზე, სხვადასხვა ნავთობპროდუქტებზე. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვები ცდომილების ნორმები. რაც შეეხება 2019 წლიდან პერიოდს, შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილია დანაკარგის ნორმები ნედლ ნავთობზე, მაზუთზე, ზეთებზე, თხევად აირზე და სხვა რამოდენიმე ტექნიკური მოხმარების ნედლეულზე. გარდა აღნიშნულისა: რეგულირებული საწარმოებისთვის მიმდინარე წელს განისაზღვრა ელექტროენერგიის სასადგურე დანაკარგი; დამტკიცდა მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Dრაუგჰტ/Dრაფტ სურვეყ)~ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმა; დამტკიცდა მეთოდური მითითება „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის თაობაზე~. 

საწარმოო და ბუნებრივი საწარმოო დანაკარგების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (მისამართზე: htpps://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=6151&langგ=1), სადაც შეგიძლიათ იხილოთ როგორც დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, ასევე, გვერდით, შესაბამისი საფუძველიც. მაგალითად, კვერცხის წარმოებაში კვერცხის მტვრევის საწარმოო დანაკარგად დადგენილია 3%, ხოლო საფუძვლად მითითებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 29 ივნისის #3375 ბრძანება. 

"საკითხის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საჭირო გახდეს გარე ექსპერტის მოწვევაც. ამასთან, ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები მიღებულია შემოსავლების სამსახურში დაგროვილ პრაქტიკულ  
ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით~, _ განაცხადა ლევან სირანაშვილმა. მისი განმარტებით, კომისია ტექნიკურ ნორმებს ადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ ინფორმაციის, საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სტანდარტების, შემოწმების მასალების, საგადასახადო მონიტორინგის შედეგების, ექსპერტიზის დასკვნის ან/ და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, დანაკარგის ნორმის შემუშავება შეიძლება ეყრდნობოდეს კომისიის სხდომებზე გამოთქმულ მოსაზრებებს, წინადადებებს და მათ საფუძველზე შემუშავებულ ლოგიკებს. 

`დანაკარგების კომისიის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე, მთავარ სირთულეს წარმოადგენს თავად დანაკარგის ნორმის დადგენის პრინციპისა და ლოგიკის განსაზღვრა. კერძოდ, დანაკარგის წარმომშობი მიზეზ(ებ)ის იდენტიფიცირება, შეფასება და ისეთი ლოგიკის შემუშავება, რომელიც ობიექტურად წარმოაჩენს შესაბამის დანაკარგების არსებობას~, _ ამბობს ლევან სირანაშვილი. 

როგორც ამ ეტაპზე, ისე ზოგადად, კომისია მუშაობს პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებაზე, მათ განზოგადებაზე და შესაბამისი გადაწყვეტის გზების მოძიებაზე. ამასთან, როგორც წესი, უპირატესობა ენიჭება მძიმე საგადასახადო ტვირთის შემცველ ქეისებს, როგორიცაა სხვადასხვა საქონლის გადაზიდვასთან, შენახვასთან და გამოსავლიანობასთან დაკავშირებული დანაკარგები. 

"ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ კომისია ეფექტიანად ასრულებს მის ფუნქცია-მოვალეობებს და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გაგრძელდება მომავალშიც~, _ განაცხადა ლევან სირანაშვილმა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დანაკარგების გამარტივებულ ჩამოწერასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება და ბიზნესი ფინანსთა სამინისტროსგან, ამ მიმართულებით, ახალი გადაწყვეტილებების მიღებას ელოდება. 

მაკა ხარაზიშვილი