ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
აუდიტის ხარისხის ინდიკატორები - #8(248), 2020
წინასიტყვაობა 

იანვარი 2016 

აუდიტის ხარისხის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) მოხარულია გააზიაროს ბოლო პერიოდში მრგვალი მაგიდის დისკუსიების სერიიდან მიღებული ინფორმაცია, რომელიც აერთიანებს აუდიტის კომიტეტის წევრებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მთელ მსოფლიოში აუდიტის ხარისხის ინდიკატორების (შემდგომში – ინდიკატორები) პოტენციური პაკეტის შესახებ თავიანთი მოსაზრებების გასაზიარებლად. ინფორმაციის გაზიარებით და აგრეთვე, აუდიტის ხარისხის ინდიკატორების მიმართ ცენტრის მიდგომის საპილოტე ტესტირების შედეგების მეშვეობით ნათელი გახდა, რომ აუდიტის კომიტეტის წევრებმა შეიძლება მიიღონ სარგებელი მრავალგანზომილებიანი რესურსებიდან, რომელიც დაეხმარება მათ აუდიტის შედეგების შეფასებაში თვისებრივი და რაოდენობრივი ფაქტორების გამოყენებით. 

როგორც ამ მოხსენების დოკუმენტაციაში ჩანს, დავადგინეთ, რომ აუდიტის ხარისხის დადგენა უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება. ამ საქმეში დიალოგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს; დიალოგის საშუალებით კონტექსტის გაგება და კონკრეტული აუდიტის ხარისხის უფრო საფუძვლიანად შესწავლისთვის გადამწყვეტია გარკვეული ინდიკატორების რელევანტურობის დადგენა. როგორც ჩვენ გავიგეთ, აუდიტის კომიტეტის წევრებს სურთ დახმარების მიღება აუდიტის ხარისხობრივი ასპექტების ათვისების კუთხით გარიგების გუნდისგან, რომელსაც აქვს სწორი მიდგომა პროფესიულ სკეპტიციზმთან მიმართებაში, რომელიც რთული გასაზომია და რომელიც საუკეთესოდ მიიღწევა დიალოგის გზით. 

ჩვენ ასევე შევიტყვეთ, რომ აუდიტის კომიტეტის წევრების აზრით, ეს დიალოგი ყველაზე მეტად პოზიტიურ გავლენას ახდენს ისეთი ოპერაციების მართვაზე, რომლებიც აუმჯობესებენ ან ხელს უწყობენ აუდიტის ხარისხს; როდესაც აუდიტის კომიტეტებს აქვთ თავისუფლება მოარგონ დისკუსია მათ მიერ გამოვლენილ კონკრეტულ აუდიტის ფაქტებსა და გარემოებებს. აუდიტის ხარისხის პოტენციური კომპონენტები ან ინდიკატორები აუდიტორის მიერ სამუშაოს შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად არის აღწერილი ცენტრის 2014 წლის პუბლიკაციაში, შეიძლება დაეხმაროს ან გამოყენებულ იქნას ამ დიალოგის დასაწყებად, მაგრამ, არ შეიძლება თავისთავად იყოს აუდიტის ხარისხის ჰოლისტიკური მიდგომის საფუძველი. 

ამ მოგზაურობაში ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია აუდიტის ხარისხის შეფასებისთვის ჩვენი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
     

მოკლე მიმოხილვა 

აუდიტის კომიტეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კორპორაციულ მმართველობაში იმით, რომ იცავენ ინვესტორებს კომპანიის ფინანსური ანგარიშგების პროცესისა და აუდიტის ზედამხედველობის საშუალებით. ცენტრის თანახმად, აუდიტთან დაკავშირებული სარწმუნო რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ „აუდიტის ხარისხის ინდიკატორებს“ ან AQI-ს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აუდიტის კომიტეტების უკეთ ინფორმირებისთვის იმ ძირითადი საკითხების ირგვლივ, რომლებსაც შეუძლიათ წვლილის შეტანა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფაში. ცენტრმა შეიმუშავა აუდიტის ხარისხის ინდიკატორების მიმართ ისეთი მიდგომა, რომელიც ანიჭებს აუდიტის კომიტეტებს როლებსა და ფუნქციებს, ზრდის მათ მნიშვნელობას, აძლიერებს დიალოგის შესაძლებლობებს აუდიტორსა და აუდიტის კომიტეტებს შორის კომუნიკაციის საწარმოებლად. 

ეს მიდგომა ფოკუსირებულია გარიგების დონის ინდიკატორებზე, რომელიც შეიძლება იყოს მორგებული ინფორმაციის საჭიროებებისა და ინტერესების მიხედვით კონკრეტული აუდიტის კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციებზე მისი ხელშეწყობის მიზნით. ფირმის დონეზე ინდიკატორები,რომელიც ფოკუსირებულია აუდიტორული ფირმის მთლიან სტრატეგიებსა და ინიციატივებზე, შეიძლება გამოიყენონ ამ გარიგების დონის ინდიკატორების შესავსებად. აუდიტის ხარისხის ინდიკატორების კომუნიკაციაზე ყურადღების გამახვილება მართებულია შემდეგი მიზეზებით: 

▪ ისინი აწვდიან აუდიტის კომიტეტებს სათანადო ინფორმაციას – აუდიტის ხარისხის ინდიკატორები ძალიან ღირებულია იმ პირებისთვის, ვისაც აკისრია პირდაპირი პასუხისმგებლობა აუდიტის ზედამხედველობაზე. 

▪ ისინი ზრდიან აუდიტის კომიტეტებთან დიალოგის ხარისხს – აუდიტის კომიტეტები უნიკალური შესაძლებლობაა აუდიტორთან დიალოგის გასამართად, რათა მიიღონ საჭირო კონტექსტი აუდიტის ხარისხის ინდიკატორებისთვის მნიშვნელობის მისანიჭებლად და პოტენციურად ისეთი ზომების მისაღებად, რომლებიც დაეხმარება გარიგების აუდიტის ხარისხის შენარჩუნებასა და გაზრდაში. 

▪ ისინი უწევენ დახმარებას გარე აუდიტორის შერჩევის/შეფასების პროცესს – აუდიტის კომიტეტებს, ვინაიდან მათ გააჩნიათ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება აუდიტის გარიგების გარკვეულ გარემოებებში, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აქვთ შესაძლებლობა მიიღონ გადაწყვეტილებები აუდიტორის ხელმეორედ დანიშვნის, ახალი აუდიტორის დანიშვნის და წამყვანი გარიგების პარტნიორის შერჩევის თაობაზე. 

აუდიტის ხარისხის ცენტრმა დაიწყო მუშაობა დაინტერესებული მხარეების მრჩეველთა კოლეგიასთან ერთად, რომელიც შედგებოდა ინვესტორებისგან, აუდიტის კომიტეტის წევრებისგან, ყოფილი სტანდარტების შემქმნელებისგან, აუდიტორებისგან და სხვებისგან, რათა ჩამოეყალიბებინათ აუდიტის ხარისხის მთავარი ელემენტების მიმართულებები და შეექმნათ იმ რაოდენობრივი ინდიკატორების სანიმუშო ნაკრები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამ ელემენტების მუშაობის დინამიკაზე. ცენტრმა და კოლეგიამ გამოავლინა აუდიტის ხარისხის ინდიკატორების პოტენციური ნაკრები, რომელიც მათი აზრით, მისცემდა შესაძლებლობას ჩაეტარებინათ უფრო ფართო განხილვები აუდიტორებსა და აუდიტის კომიტეტებს შორის და გაეზარდათ აუდიტის კომიტეტის შესაძლებლობები მათი მიერ სამეთვალყურეო ფუნქციების შესასრულებლად. 

2014 წლის იანვარში, ცენტრმა შეკრიბა აუდიტის კომიტეტის წევრების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა, ინდიკატორებზე თავიანთი მოსაზრების გასაზიარებლად. ინდიკატორების პაკეტი ოდნავ შეიცვალა მათი შეფასების საფუძველზე და გახდა უფრო რისკზე დაფუძნებული.

2014 წლის აპრილში ცენტრმა გამოაქვეყნა მიდგომა აუდიტის ხარისხის ინდიკატორებისადმი (მიდგომა). 

ცენტრის წევრ ფირმებთან ერთად შეთანხმების შედეგად საპილოტე შემოწმება ჩაუტარდა აუდიტის ხარისხის პოტენციური ინდიკატორების ნაკრებს. ამ შემოწმების მიზანი იყო იმ პოტენციური ბარიერების გამომჟღავნება, რომელიც ხელს უშლის აუდიტორს მოამზადოს და მიიღოს ინფორმაცია აუდიტის ხარისხის ინდიკატორებზე და შეაფასოს მიდგომის საერთო სარგებლიანობა აუდიტის კომიტეტებისთვის. აუდიტის კომიტეტებისა და გარიგების გუნდების მონაწილეთა უმეტესობამ გამოთქვა სრული მხარდაჭერა, რომ აუდიტის ხარისხის ინდიკატორების განხილვა მომხდარიყო აუდიტის კომიტეტსა და გარიგების გუნდს შორის, თუმცა განსხვავებული შეფასება იყო მოცემული ცალკეულ ინდიკატორებზე. 

აუდიტის ხარისხის პოტენციური ინდიკატორების და შემოთავაზებული საკომუნიკაციო მიდგომის შეფასების გასაგრძელებლად, ცენტრმა 2015 წლის ზაფხულში მოიწვია აუდიტის კომიტეტის წევრები მსოფლიოს მასშტაბით და ჩაატარა მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრების ციკლი. 

მრგვალი მაგიდების ფორმატი მიზნად ისახავდა დისკუსიების გამართვას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეიძლებოდა აუდიტის ხარისხის ინდიკატორები დახმარებოდა აუდიტის კომიტეტის წევრებს ინვესტორების დავალებით აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში. 

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა დეტალურად შეისწავლეს საპილოტე შემოწმებიდან მიღებული მიგნებები და გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები პოტენციურ სარგებელზე და იმ სირთულეებზე, რომელიც თან ახლავს აუდიტის ხარისხის ინდიკატორების ნაკრების გამოვლენასა და შემუშავებას. ქვემოთ მოცემულია მრგვალი მაგიდის განხილვებიდან გამოვლენილი მთავარი მიგნებები: 

▪ ინფორმაციის მიღება, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს აუდიტის კომიტეტებს აუდიტის უფრო ხარისხობრივი ასპექტების შეფასებაში, როგორიცაა გარიგების გუნდის უნარი სწორად მიმართოს პროფესიულ სკეპტიციზმს და აუდიტორულ განსჯას, რაც შეუძლებელია იყოს ადეკვატურად აღქმული აუდიტის ხარისხის რაოდენობრივი ინდიკატორის მეშვეობით და მისი მიღწევის საუკეთესო გზა მხოლოდ დიალოგია. 

▪ იმის აღიარება, რომ მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის ხარისხის ინდიკატორებს შეუძლია დაეხმაროს აუდიტის კომიტეტებს გარე აუდიტის ხარისხის გაკონტროლებაში, გარე აუდიტი არის ფინანსური ანგარიშგების ხარისხის მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტი. 

▪ მოქნილი მიდგომის შენარჩუნება, რომელიც საშუალებას აძლევს აუდიტის კომიტეტს გარე აუდიტორთან მუშაობის პროცესში, მოარგოს და ხელი შეუწყოს აუდიტის ხარისხის ისეთი ინდიკატორების პორტფელის შერჩევას, რომელიც ყველაზე კარგად მიესადაგება მის კონკრეტულ საინფორმაციო საჭიროებებს. 

▪ აუდიტის ხარისხის ინდიკატორების კონცეფციის ზოგადი მხარდაჭერა და მათი პოტენციური ღირებულების აღიარება აუდიტორული კომიტეტების აუდიტორის საზედამხედველო ფუნქციის ინსპექტირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მონაწილის აზრით, მათ უკვე გააჩნიათ მათთვის საჭირო ინსტრუმენტები აუდიტის ხარისხის შესაფასებლად. 

▪ შეთანხმება, რომ ინდიკატორები მარტო, კონტექსტის გარეშე, ვერ გადმოსცემენ ადეკვატურად იმ ფაქტორებს, რომლებიც რელევანტურია ნებისმიერი კონკრეტული გარიგებისთვის ან აუდიტორული ფირმისთვის. 

▪ შეთანხმება, რომ ინდიკატორების იდენტიფიცირებისა და შეფასების პროცესი უნდა იყოს მართვადი აუდიტის კომიტეტის მიერ და ჰქონდეს განმეორებადი ხასიათი, და საჭირო იქნება ამ პროცესის რეგულარული შეფასება და დახვეწა აუდიტის კომიტეტების ცვალებადი ინფორმაციის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. 

▪ რწმენა, რომ გარიგების დონეზე ინდიკატორების სავალდებულო საჯარო გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები და გარიგების დონის ინდიკატორების ნებისმიერი გამჟღავნება უნდა განხორციელდეს ნებაყოფილობით. 

ეს მოხსენება მიზნად ისახავს მეტი მსჯელობის ხელშეწყობის მცდელობას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არ იქნა განხილული მრგვალი მაგიდის დისკუსიების დროს ან საპილოტე ტესტირების დროს, და იმ საკითხების განხილვას, რაც დარჩა ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული დამატებითი საგანმანათლებლო აქტივობებისა და მცდელობების მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრმა ინდიკატორების ინიციატივის წარდგენის დღიდან ბევრი ცოდნა შეიძინა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მაგალითად, იმის გამო, რომ აუდიტის კომიტეტის წევრები გარიგების დონეზე აუდიტის ხარისხის შესაფასებლად დაინტერესებული არიან უფრო ხარისხობრივი ინფორმაციით, აუდიტის კომიტეტებისთვის ისეთი ინსტუმენტის შექმნა, რომელიც მისცემს, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი ინფორმაციის შეფასების საშუალებას, არის წინ გადადგმული ნაბიჯი. დაინტერესებულ მხარეებს შორის აუცილებელია დიალოგის გაგრძელება და უფრო ინტენსიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა აუდიტის ხარისხის ინდიკატორების განვითარების პროგრესში და მათი გამოყენებისთვის საუკეთესო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.

წინაისტორია 

2012 წელს ცენტრმა დაიწყო მუშაობა აუდიტის ხარისხის განსაზღვრისა და გაზომვის მიმართულებით, რათა ჩამოეყალიბებინა საზომების ისეთი ნაკრები ან ჩარჩო, რომლის საშუალებით მთავარი დაინტერესებული მხარეები შეძლებდნენ კომუნიკაციასა და აუდიტის ხარისხის თაობაზე ინფორმაციას. მსოფლიოს სხვა დანარჩენი ქვეყნების მსგავსად, აშშ-ს საზოგადოებრივი დაინტერესების კომპანიების აუდიტის განმახორციელებელმა სფერომ აღიარა საერთო ხედვის მნიშვნელობა და ფაქტორების გაგება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ხარისხის შემოწმების პროცესს. თავისი ინიციატივის დასაბუთების მიზნით, ცენტრმა მოიწვია დაინტერესებული მხარეების მრჩეველთა კოლეგია, რომელიც შედგება აუდიტის კომიტეტების წევრებისგან, ინვესტორებისგან, აკადემიური წრეებისა და დარგის წარმომადგენლებისგან და სხვა წევრებისგან. პირველი მრგვალი მაგიდის განხილვებმა, რომელიც ჩატარდა 2014 წლის იანვარში აუდიტის კომიტეტის წევრების მონაწილეობით, ხელი შეუწყო ცენტრის მიდგომის შემუშავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. 

ამ მიდგომის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა ინდიკატორებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების მიერ მიღწეული პროგრესი. გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ანგარიშგების საბჭომ და საერთაშორისო აუდიტისა და უზრუნველყოფის სტანდარტების საბჭომ დააფინანსეს ინიციატივა, რომელიც მიმართული იყო ინდიკატორების აღქმასა და აღწერაზე. ხარისხის პოტენციური ინდიკატორების დადგენისას, ცენტრმა ასევე შეაფასა ის ინდიკატორები, რომელიც გამოიყენება სხვა პროფესიებისა და ეკონომიკის სექტორების ხარისხის შესამოწმებლად, როგორიცაა ავიაკომპანიების, მრეწველობის, მომსახურების და სამედიცინო სფეროები. ცენტრისა და მისი წევრი ფირმების ძალისხმევის პარალელურად, საზოგადოებრივი კომპანიების ფინანსური აღრიცხვის ზედამხედველობის სამსახურმა (PCAOB) 2013 წლის პრიორიტეტად აღიარა აუდიტის ხარისხის ინდიკატორების საკითხი. ცენტრმა გაუზიარა (და კვლავ გაუზიარებს) საზოგადოებრივი დაინტერესების კომპანიების ფინანსური აღრიცხვის ზედამხედველობის სამსახურს მისი გეგმები აუდიტის ხარისხის კომპონენტებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ პოტენციურ ინდიკატორებთან დაკავშირებით, რომელიც დაეხმარება ამ კომპონენტების გაზომვაში, და აგრეთვე, უზიარებს საპილოტე ტესტირების შედეგების შეფასებას4. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი კვლევითი პროექტი და გლობალური ინიციატივა იყო ორიენტირებული აუდიტის ხარისხის თემატიკაზე, ჯერ კიდევ არ არის კონსენსუსი მიღწეული აუდიტის ხარისხის განმარტებაზე, აუდიტის ხარისხის ჩარჩოსა და აუდიტის ხარისხის ყველაზე რელევანტური ინდიკატორების თაობაზე; და იმის თაობაზე თუ რა ფორმით და ვის უნდა მიმართონ ამ საკითხთან დაკავშირებით. 

რადგან აუდიტის ხარისხის განმარტების ჩამოყალიბება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ცენტრმა დაინტერესებული მხარეების მრჩეველთა კოლეგიასთან შეთანხმებით გადაწყვიტა შეემუშავებინა ჩარჩო. აუდიტის ხარისხის ელემენტები, რომლებიც ჩართულ იქნა ამ ჩარჩოს შემადგენლობაში, მეტწილად შედგენილია საზოგადოებრივი კომპანიების ფინანსური აღრიცხვის ზედამხედველობის სამსახურის (PCAOB) ხარისხის კონტროლის სტანდარტებისა და სხვა პროფესიულ სტანდარტებზე დაყრდნობით. მიდგომის ინდიკატორები მოცემულია ოთხ მთავარ მიმართულებად: 

1. ფირმის ხელმძღვანელობა და ხელმძღვანელობის დამოკიდებულება 

2. გარიგების გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და სამუშაო დატვირთვა 

3. მონიტორინგი 

4. აუდიტორის ანგარიში 

ცენტრმა პოტენციური ინდიკატორების ნაკრების შემუშავების სახელმძღვანელო პრინციპად დაადგინა, რომ თითოეულმა ინდიკატორმა უნდა გაზომოს ნებისმიერი მოსაზრება ან შედეგი, რომელიც დაკავშირებულია ამ აუდიტის ხარისხის ჩარჩოს ელემენტთან. სხვა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელსაც იყენებს ცენტრი, მოითხოვდა, რომ აუდიტის ხარისხის ინდიკატორებმა კოლექტიურად უნდა აიცილონ თავიდან ან მაქსიმალურად შეამცირონ არასასურველი უარყოფითი შედეგები; ხოლო აუდიტორულ ფირმებს შორის შედარება კი იყოს მასშტაბირებადი სხვადასხვა ტიპის და ზომის აუდიტორულ გარიგებებსა და ფირმებთან მიმართებაში. 

დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის დროს მიღებულმა უკუკავშირმა განაპირობა ცენტრის ფოკუსირება იმაზე, რომ აუდიტის კომიტეტებს მიეწოდოს ინფორმაცია ძირითადად გარიგების დონის პარამეტრების შესახებ – მიდგომა, რომელიც ცნობს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც აუდიტის კომიტეტები ასრულებენ ინვესტორების დავალებით აუდიტის ზედამხედველობის საქმეში. შესაბამისად, ეს მიდგომა მოიცავს იმ ინდიკატორების რიცხვს, რომელიც ხელს შეუწყობს აუდიტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას და, შესაძლოა გააძლიეროს განხილვები აუდიტორებსა და აუდიტის კომიტეტებს შორის. 

ცენტრმა გასწია ორი ცალკეული ძალისხმევა აუდიტის კომიტეტებისთვის მიდგომის სარგებლიანობის და მიზანშეწონილობის შესაფასებლად. პირველ რიგში, ცენტრმა, 10 სხვადასხვა ზომის აუდიტორულ ფირმასთან შეთანხმებით, ჩაატარა ამ ინდიკატორების საპილოტე შემოწმება 2014 წლის აუდიტის ციკლის განმავლობაში. სულ 30 აუდიტორული გარიგება იყო ჩართული პროცესში, რომელიც მოიცავდა ოპერაციებისა და დარგების ფართო სპექტრს. არცერთი შერჩეული გარიგება არ იყო ცნობილი ცენტრისთვის და მონაწილე ფირმებმა კონფიდენციალურად მიიღეს ინფორმაცია საპილოტე შემოწმების შედეგებზე. საპილოტე შემოწმების დროს აუდიტის კომიტეტებს მოსთხოვეს შეეფასებინათ რამოდენიმე შემოთავაზებული ინდიკატორების სარგებლიანობა მათ მიერ აუდიტორული ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებაში. 

მართალია, ინდიკატორებს ზოგადად მიიჩნევდნენ აუდიტის კომიტეტისთვის სასარგებლო პარამეტრად, ზოგიერთი მათგანი უფრო რელევანტური იყო აუდიტის კომიტეტებისთვის, ვიდრე სხვები. აუდიტის კომიტეტის წევრებმა, როგორც ყველაზე სასარგებლო ინდიკატორები, დაასახელეს გარკვეული ინდიკატორები, რომლებიც დაკავშირებულია გარიგების გუნდის გამოცდილებასთან და სამუშაო დატვირთვასთან. მათ შორის იყო სფეროში მუშაობის წლები, რომელიც შეესაბამება აუდიტს, გარიგებებზე მუშაობის წლები, წლებს შორის ცვლილებები აუდიტორულ საათებში, აუდიტორული საათების რაოდენობა, რომელიც აუდიტის განხორციელებაში დახარჯა აუდიტორული ფირმის უფროსი თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა გარიგების გუნდმა. აუდიტის კომიტეტის ბევრმა წევრმა გამოხატა სურვილი, რომ ინდიკატორების განხილვის მიდგომაში ყოფილიყო მეტი მოქნილობა და შესაძლებლობა განხილვების ისეთი მიმართულებით წარმართვისთვის, რომ გაეთვალისწინებინათ ისეთი ინდიკატორები, რომელიც ყველაზე მეტად იქნებოდა მათი კომპანიისა და აუდიტის შესაფერისი. 

მეორეც, 2015 წლის ზაფხულში, ცენტრმა აუდიტის კომიტეტის წევრებთან ერთად ოთხჯერ ჩაატარა განხილვები მრგვალი მაგიდის ფარგლებში ლონდონში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკსა და სინგაპურში, ინდიკატორების გარშემო არსებული საკითხების უფრო სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. ასეთი აქტივობებით, ცენტრმა თავი მოუყარა კომიტეტის წევრების მოსაზრებებს და ინფორმაციას მსოფლიოში არსებული პრაქტიკის შესახებ, ინდიკატორების იდენტიფიკაციისა და კომუნიკაციის მიმართულებით. 

მრგვალი მაგიდის განხილვების ძირითადი საკითხები 

მონაწილეთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა ინდიკატორების კონცეფციას და აღიარა მათი პოტენციური მნიშვნელობა აუდიტის კომიტეტებისთვის მათ მიერ აუდიტორული ზედამხედველობითი მოვალეობის შესრულებაში. ამასთან, აუდიტის კომიტეტის ზოგიერთი წევრი, ვინც მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის დისკუსიებში, თვლიდა, რომ მათ აქვთ დანერგილი აუდიტის შეფასებისა და ზედამხედველობის საკმარისად ძლიერი პროცესები, და არ საჭიროებენ აუდიტის ხარისხის ინდიკატორების სახით მიღებულ დამატებით ინფორმაციას. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ინდიკატორების მეშვეობით მიღებული ღირებულება დამოკიდებულია მათ უნარზე შეარჩიონ და მოარგონ ინდიკატორების პორტფელი იმ ფორმით, რომ ისინი საუკეთესოდ შეესაბამებოდენ მათ სპეციფიკურ ინფორმაციულ საჭიროებებს. მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ინდიკატორებს ცალკე, კონტექსტის გარეშე, არ შეუძლიათ სათანადოდ გადმოსცენ ინფორმაცია, რომელიც შეესაბამება რომელიმე კონკრეტული ფირმის ან აუდიტის გარიგებას. საზოგადოებრივი კომპანიების ფინანსური აღრიცხვის ზედამხედველობის სამსახური (PCAOB) აგრეთვე აღნიშნავს კონტექსტის მნიშვნელობას პუბლიკაციაში „აუდიტის ხარისხის ინდიკატორების კონცეფცია“ და ხაზს უსვამს, რომ გარკვეული მიზეზის გამო არ შეიძლება ინდიკატორების გამოყენება საორიენტაციო ნორმებად6. მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კონტექსტი განუყოფელი ნაწილია ნებისმიერი ინდიკატორის სათანადო გაგებისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აუდიტის გარიგების გუნდსა და აუდიტის კომიტეტს შორის უფრო აქტიური დიალოგის გამართვა ისეთ საკითხებზე, რომელიც გავლენას ახდენს აუდიტის ხარისხზე. ზედამხედველობის სამსახურის (PCAOB) ინსპექტირების ანგარიშებზე დაყრდნობით, მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს ანგარიშები როგორც აუდიტის ხარისხის ინდიკატორები იქნებოდა უფრო სასარგებლო თუ დადგინდებოდა გამოვლენილი ნაკლოვანებების კავშირი საკუთარი აუდიტის ფაქტებსა და გარემოებებთან. ასეთი მიდგომა მოითხოვს დიალოგის წარმართვას გარიგების გუნდთან, რათა გაარკვიონ გამოვლენილი ნაკლოვანებების ხასიათი, თუ როგორ შეიძლება ისინი უკავშირდებოდნენ კონკრეტულ აუდიტს და როგორ მიუდგა მათ გარიგების გუნდი შემუშავებული აუდიტის გეგმის ფარგლებში. 

კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს კონტექსტის მნიშვნელობას, რომელიც გაჟღერდა ადრე ინფორმაციის გაზიარების დროს, არის სცენარი, რომელშიც გარიგების გუნდს სჭირდება დაგეგმილზე მეტი ზეგანაკვეთური მუშაობის გაწევა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი განსხვავებული ფაქტორით, მათ შორის, მაგალითად, იყო შემთხვევა,როდესაც გარიგების გუნდი წააწყდა გაუთვალისწინებელ საკითხს, რომელსაც დამატებითი დრო სჭირდებოდა, ან გუნდი გადატვირთული იყო სხვა ბევრი საქმეებით. აუდიტორთან დროული დიალოგი ამ საკითხებთან დაკავშირებით საშუალებას მისცემს აუდიტის კომიტეტს უკეთესად გააცნობიეროს ქმედებების განმსაზღვრელი კონკრეტული ფაქტორები და შეუდგეს საკითხის მოგვარებას გარიგების გუნდთან ერთად და შეაფასოს ნებისმიერი საპასუხო ქმედების გატარების მიზანშეწონილობა. 

კიდევ ერთი საერთო თემა, რომელიც წარმოიშვა მრგვალი მაგიდის დისკუსიების დროს, იყო ის, რომ, ხშირ შემთხვევაში, აუდიტის ხარისხის მამოძრავებელი მაჩვენებლები თავისი არსით არ ექვემდებარებიან რაოდენობრივ შეფასებას, და ამის შედეგად, მოითხოვენ ხარისხობრივი ფაქტორების შეფასებას. მაგალითად, როგორიცაა გარიგების გუნდის ფაქტორი, რომელსაც აქვს სწორი მიდგომა მიმართოს პროფესიულ სკეპტიციზმს, და აუცილებელ აუდიტორულ განსჯას. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივმა ინდიკატორებმა შეიძლება მოგვცეს ინფორმაცია აუდიტის თვისებრივ ასპექტებზე, ისინი ვერ ჩაანაცვლებენ აუდიტის კომიტეტის წევრის განსჯას ამ თვისებრივი ასპექტების თაობაზე. უფრო მეტიც, ბევრმა მონაწილემ აღნიშნა, რომ აუდიტის ხარისხის შეფასება უნდა იყოს მრავალგანზომილებიანი პროცესი, რომელიც გარე აუდიტორის გარდა, სხვა საკითხებსაც უთმობს ყურადღებას. მონაწილენი, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ აუდიტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გარე აუდიტორს, ამასთან მათ ისიც აღნიშნეს, რომ მაღალი დონეზე განვითარებული შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის გარეშე (მენეჯმენტი და შიდა აუდიტი), რთულია მაღალი ხარისხის ფინანსური ანგარიშგების და მასთან დაკავშირებული აუდიტის შესრულება. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აუდიტის კომიტეტი უნდა დაეხმაროს ინდიკატორების იდენტიფიცირებისა და შეფასების პროცესში და ამას უნდა ჰქონდეს განმეორებადი ხასიათი. აგრეთვე, საჭიროა განგრძობითი შეფასება და პროცესის დახვეწა, აუდიტის კომიტეტის ინფორმაციით უზრუნველყოფის ცვალებადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად. 

ზოგადად, მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი გარიგების დონეზე მიღებული ინდიკატორების ინფორმაციის გამჟღავნება უნდა იყოს ნებაყოფილობითი, და მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ თუ ის გახდება სავალდებულო, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბაზარზე არასასურველი შედეგები. მაგალითად, ზოგიერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ გარიგების დონის ინდიკატორების გამოქვეყნებამ შეიძლება გამოიწვიოს შაბლონური მოდელის ან „ყველას ერთი საზომით გაზომვის“ მიდგომის წარმოქმნა, რაც დიდი ალბათობით შეცვლის გარე აუდიტორთან განხილვის პროცესში გაცვლილი ინფორმაციის ხასიათსა და სარგებლიანობას. ეს და სხვა ძირითადი თემები იქნება აღწერილი ქვემოთ. 

აუდიტის ხარისხის ინდიკატორების კონცეფციას მხარს უჭერენ აუდიტის კომიტეტები 

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, აუდიტის ხარისხი წარმოადგენს გარე აუდიტის გუნდის კომპეტენტურობისა და ეფექტიანობის შეფასების ფუნქციას, და მიჩნეული იყო, რომ იგივე მახასიათებლები კომპანიის მენეჯმენტში, შიდა აუდიტსა და აუდიტის კომიტეტებში ასევე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ფინანსური ანგარიშგების და მასთან დაკავშირებული აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფაში7. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მონაწილეს მიაჩნდა, რომ არ სჭირდებოდათ ინდიკატორები და მათი შემუშავება იყო აუდიტორული ფირმებისთვის მხოლოდ „თავსატეხის მომატება“, მონაწილეთა უმეტესობა ზოგადად თანხმდებოდა, რომ ინდიკატორების საშუალებით უფრო ხშირი გახდებოდა აუდიტორსა და აუდიტის კომიტეტს შორის განხილვები გარიგების გუნდების გამოცდილებისა და უნარების შესახებ, და უფრო ნათელი გახდება თუ რამდენად სასარგებლო იქნება ეს მახასიათებლები აუდიტის პროცესისთვის. მონაწილეები ასევე თვლიდნენ, რომ ინდიკატორების საშუალებით შესაძლებელი იქნება დისკუსიების ფოკუსირება იმაზე, თუ როგორ გამოყოფს გარიგების გუნდი მნიშვნელოვან რესურსებს აუდიტის პოტენციურად სერიოზულ რისკებთან გასამკლავებლად და მათ სამართავად, მაგალითად, როცა მიმართავს სპეციალისტის დახმარებას მნიშვნელოვანი ხარჯთაღრიცხვის შესამოწმებლად. განსაკუთრებულად ღირებული იყო ისეთი ინდიკატორები, რომელთა საშუალებით განისაზღვრება თუ როგორ ახერხებდნენ აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელობა და ხარისხის კონტროლის სისტემა გარიგების გუნდის დახმარებას აუდიტის შედეგების ხარისხის უზრუნველყოფაში. აუდიტის კომიტეტის ერთმა წევრმა განაცხადა, რომ თუ ინდიკატორის ინფორმაცია გადაეცემოდა აუდიტის კომიტეტს სხდომის დაწყებამდე, ეს დიდი ალბათობით ხელს შეუწყობდა კომიტეტს უფრო შინაარსიანი შეკითხვების დასმაში და მათი ერთად ყოფნის შეზღუდულ დროში მიღწეული შედეგებისა და ზეგავლენის გაზრდაში.

რამდენიმე მონაწილემ გამოთქვა აზრი, რომ აუდიტის კომიტეტებს შეუძლიათ ინდიკატორების გამოყენება როგორც კიდევ ერთი ინსტრუმენტი გარე აუდიტორის შესარჩევად. რადგან ზოგი მათგანი მიიჩნევდა, რომ კომიტეტების სხვა წევრები, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, განხილვის დროს, ყველაზე მთავარ ფაქტორად დაასახელებდნენ აუდიტის მომსახურების საფასურს. 

აუდიტის კომიტეტის ზოგიერთმა წევრმა მხარი დაუჭირა ინდიკატორს, როგორც საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი ჩარჩო მიდგომის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს უწყობს მიზანმიმართულ პროცესს, როდესაც ტენდერის პერიოდში განიხილება კონკურენტი აუდიტორული ფირმის წინადადებები და საბოლო ჯამში ხდება ახალი აუდიტორული ფირმის არჩევა ან, ფაქტობრივად, მოქმედი ფირმის თავიდან დანიშვნა8. მაგალითად, დაგეგმილი აუდიტორული საათების მოცულობის, განაწილებისა და განრიგის ინდიკატორები შეიძლება ამოიკრიბოს სატენდერო ეტაპზე პოტენციური აუდიტორული ფირმებიდან. აუდიტის კომიტეტებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს ინფორმაცია, რომ მოიპოვონ ინფორმაცია სამუშაოს სამომავლო სტრატეგიასა და განრიგზე, რაც დაეხმარება აუდიტის კომიტეტებს შეაფასონ კონკურენტ აუდიტორთა წინადადებები.

აუდიტის კომიტეტის ზოგიერთი წევრი განიხილავდა ინდიკატორებს, როგორც პოტენციურად სასარგებლო ინსტრუმენტს სამომავლო გარიგების წამყვან პარტნიორებთან დიალოგის წამოწყებაში, როდესაც მოქმედ გარიგების წამყვან პარტნიორს როტაციით უწევდა გარიგების გადაცემა სხვაზე. ბევრმა მონაწილემ გამოხატა აზრი, რომ ისინი აფასებდნენ გარიგების წამყვან პარტნიორს იმის მიხედვით, თუ რამდენად ფლობდა ის უნარებისა და გამოცდილების საჭირო ნაკრებს აუდიტის რისკებთან გასამკლავებლად და შეეძლო თუ არა მას გარიგების გუნდის სხვა წევრებთან სწორი მიდგომის დამყარება დამოუკიდებლობის, ობიექტურობის და სკეპტიციზმის დასანერგად. 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა აღიარა, რომ ინდიკატორებს შეუძლია ამ პროცესის მხარდაჭერა, მათ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ მხოლოდ რაოდენობრივი ინდიკატორების ანალიზით შეიძლება ჩანაცვლდეს აუდიტის კომიტეტის მიერ კანდიდატი აუდიტის პარტნიორების დამოუკიდებლობის, ობიექტურობის და სკეპტიციზმის შეფასება. 

აუდიტის ხარისხობრივი ასპექტები, რომლებიც აუცილებელია ხარისხის უზრუნველყოფისთვის 

ბევრმა მონაწილემ აღნიშნა, რომ რაოდენობრივი ინდიკატორების განხილვა შეიძლება გახდეს კარგი საფუძველი, მაგრამ შეუძლებელია მხოლოდ მათ ხარჯზე აუდიტის ხარისხის ნამდვილი მამოძრავებელი ფაქტორების გაცნობიერება. მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს გარე აუდიტორის მსჯელობის მნიშვნელობაზე, გარიგების გუნდის პროფესიონალური სკეპტიციზმის გამოყენების შესაძლებლობების და აუდიტის მტკიცებულებების გადამოწმების და კრიტიკულად შეფასების მიდრეკილების თვალსაზრისით. მონაწილეებისთვის, ამ მსჯელობის მნიშვნელობა თანდათანობით გახდა დაკავშირებული იმ უნარ-ჩვევებთან, რომლებიც ასოცირდება პიროვნების ემოციური ინტელექტის კოეფიციენტთან (EQ). მონაწილეთა აზრით, გარიგების გუნდები, რომელთაც აქვთ მაღალი ემოციური ინტელექტის კოეფიციენტი ამჟღავნებენ ინტელექტუალურ სიმტკიცეს, კვალიფიციურ საკომუნიკაციო და ზეგავლენის მოხდენის უნარებს. და ისინი ძალიან დადებითად აფასებენ მათი მენეჯმენტთან, აუდიტის კომიტეტთან და ფირმის ოფისთან საკითხების სწრაფად და ეფექტიანად გადაჭრის შესაძლებლობებს.

მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ არსებობს ისეთი ინდიკატორები, რომლებიც ხელს უწყობს დიალოგს გარიგების გუნდის დამოუკიდებელი განსჯისა და პროფესიონალური სკეპტიციზმის გამოყენების კომპეტენციისა და შესაძლებლობების თაობაზე. მაგრამ ისინი არ ეთანხმებოდნენ იმ მოსაზრებას, რომ მხოლოდ ამ ტიპის ინდიკატორების მონაცემებზე დაყრდნობა დაეხმარებოდა ასეთი უნარების შეფასებაში, რადგან მათი რაოდენობრივი გამოთვლა მარტივი არ არის. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გარიგების გუნდთან განხილვების შედეგად, მათ შეუძლიათ უკეთესად შეაფასონ გუნდის მსჯელობის უნარი და ემოციური კოეფიციენტი (EQ) და განმარტეს, რომ ძალიან ღირებული იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი თვისებების განსახილველად დამატებითი ინსტრუმენტების წარმოდგენა. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება წარმოადგენს იმ სტიმულების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომლებიც აუდიტორებს ამოძრავებს ხარისხის მიმართულებით შედეგების მისაღწევად. აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელობის დამოკიდებულების მეშვეობით, ხელმძღვანელობა ხაზს უსვამს აუდიტის ხარისხის მნიშვნელობას და საკუთარ თავზე იღებს პასუხიმსგებლობას აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემაზე. ხელმძღვანელობის სწორი დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია ფირმაში ისეთი კულტურის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც მხარს დაუჭერს პროფესიონალურ სკეპტიციზმის განვითარებას და ემოციური ინტელექტის კოეფიციენტის გამოვლინებას გარიგების დონეზე. 

ზოგიერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ისინი ნამდვილად ამოწმებენ აუდიტორული ფირმების მიერ ინფორმირების საშუალებას ხელმძღვანელობის დამოკიდებულებასთან და იმ ზომებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ინფორმირების ასეთი საშუალების ეფექტიანობის განსაზღვრას. მაგალითად თანამშრომელთა გამოკითხვები, რომელსაც გარიგების პარტნიორები აწვდიან აუდიტის კომიტეტს. ამასთან, მათი აზრით, ეს ზომები არაა საკმარისი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ხდება აუდიტის პარტნიორებისა და პერსონალის წახალისება აუდიტორული ფირმების მიერ მაღალი ხარისხის აუდიტის განსახორციელებლად.

მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები თვისებრივ ფაქტორებზე, რომლებსაც შეუძლიათ უფრო ადეკვატურად დაასაბუთონ ფირმის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება და მზადყოფნა აუდიტის ხარისხის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე ბევრჯერ განმეორდა წინადადება, თუ რა ფორმით აყალიბებენ ფირმები კომპენსაციის პოლიტიკას აუდიტის პარტნიორებისა და პერსონალის წასახალისებლად ხარისხიანი მუშაობის სანაცვლოდ. 

„ხარისხი გამომდინარეობს მთლიანი აუდიტიდან, რომელიც მოიცავს ჩადებულ რესურსებს, აუდიტის პროცესს და ასევე მიღებულ შედეგს“, – სინგაპურის მრგვალი მაგიდის მონაწილე. 

როგორც ზოგიერთმა დაასაბუთა, თანამშრომელთა „სწორი კომპენსაციის“ ფილოსოფიით შეიძლებოდა იმის გარკვევა, თუ ფირმას ხელმძღვანელობის რამდენად სწორი დამოკიდებულება გააჩნია. კიდევ ერთი შემოთავაზება იყო ხარისხის კონტროლის გასაძლიერებლად დამატებულიყო ინფორმაცია აუდიტორულ ფირმაში ორგანიზაციის შიგნით თაღლითობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით არსებული საკუთარი სისტემების შესახებ. 

რამდენიმე მონაწილემ აღნიშნა, რომ აუდიტის კომიტეტი ასევე მნიშვნელოვანია სწორი დამოკიდებულების დაწესებაში, რომელიც მხარს უჭერს და მოუწოდებს როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორებს, შეინარჩუნონ დეტალური მოკვლევის ჩატარების განწყობა და ეფექტიანად იმუშაონ აუდიტის კომიტეტთან და მენეჯმენტთან საკითხების გადაწყვეტის მიზნით. შესაფერისი დამოკიდებულების დაწესების მიზნით, ზოგიერთმა აუდიტის კომიტეტმა ჩაატარა სისტემური მასშტაბის მიმოხილვა, რომელიც მოიცავს შეფასებას, თუ რამდენად ინტეგრირებული იყო შიდა აუდიტის მუშაობა გარე აუდიტის პროცესში. ზოგიერთმა მონაწილემ მიუთითა ის ფაქტი, რომ აუდიტის კომიტეტები, რომელსაც ისინი ემსახურებიან, რეგულარულად ახორციელებენ გარკვეული ფორმის თვითშეფასებას, რომელიც ხშირად მოიცავს დიალოგს იმის შესახებ, თუ რამდენად ადეკვატური და სრულყოფილი იყო აუდიტის კომიტეტში მიმდინარე პროცესი, რომელიც ეხებოდა წინა წლის აუდიტის შეფასებას და მიმდინარე წლის აუდიტის დაგეგმვას. ეს შეფასება შეიძლება იყოს აუდიტის ხარისხის ინდიკატორის კიდევ ერთი სახეობა. ზოგიერთი მონაწილე მხარს უჭერდა დამატებითი ინსტრუმენტების შემუშავებას, რომელთა საშუალებითაც შეიძლება აუდიტის კომიტეტის თვითშეფასების მართვა არა მხოლოდ გარე აუდიტის ზედამხედველობის მიზნით, არამედ ასევე კომპანიის კონტროლის, შიდა აუდიტის ფუნქციების და ხელმძღვანელობის დამოკიდებულების თვალსაზრისით. 

აუდიტის ხარისხის ინდიკატორების გამოყენებისა და მათზე ინფორმაციის მიწოდების პროცესი უნდა იმართებოდეს აუდიტის კომიტეტების მიერ 

რადგან აუდიტის კომიტეტები წარმოადგენენ ინვესტორებს, მრგვალი მაგიდის მონაწილეთა უმეტესობა მიიჩნევდა საკუთარ თავს ინდიკატორებზე ინფორმირების მთავარ ადრესატად, რადგან ეს ეხებოდა კონკრეტული კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას და აუდიტის ზედამხედველობას. მონაწილეების აზრით, როგორც აუდიტის კომიტეტის წევრები, ისინი საუკეთესოდ არიან ინფორმირებულნი აუდიტის გარიგების გარემოებებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, იდეალურად შეძლებენ დაადგინონ, თუ რომელი ინდიკატორი შეესაბამება მოცემულ აუდიტორულ გარიგებას. მონაწილეები ასევე თვლიდნენ, რომ აუდიტის კომიტეტებში საუკეთესოა ინდიკატორების ინფორმაციის განხილვა საჭირო კონტექსტის მისაღებად აუდიტის გარიგების ჯგუფთან და მენეჯმენტთან, რომელიც მნიშვნელობას ანიჭებს აუდიტის ხარისხის ინდიკატორებს ან იწვევს ინდიკატორებში ცვლილებებს დროთა განმავლობაში.

იმ აუდიტის კომიტეტის წევრებს შორის, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა საპილოტე ტესტირებაში და იმათ შორის, ვინც მონაწილეობდა მრგვალი მაგიდის განხილვებში, მოხდა შეთანხმება,რომ არ არსებობს ინდიკატორების „სწორი“ ნაკრები, რომელიც სავარაუდოდ, შემატებდა ღირებულებას აუდიტის ყველა გარიგებას და შესძენდა აზრს აუდიტის კომიტეტის განხილვებს გარიგების გუნდთან. მათი განმარტებით, ეს ნაწილობრივ განპირობებულია განსხვავებებით კომპანიების გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, ეკონომიკის სექტორისა და ოპერაციების მასშტაბებს შორის. მრგვალი მაგიდის მონაწილეთა უმრავლესობა დაეთანხმა, რომ ინდიკატორების გამოყენება და მათთან მიმართებაში ანგარიშგება უნდა დარჩეს ნებაყოფილობითი, რათა აუდიტის კომიტეტებს ჰქონდეს შესაძლებლობა გააგრძელონ ექსპერიმენტირება ინდიკატორებთან მიმართებაში და მოარგონ მონაცემები მათი კონკრეტული აუდიტის განსაკუთრებულ ფაქტებსა და გარემოებებს. მაგალითად, აუდიტის კომიტეტის წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ საბჭოების წევრებს გლობალურ მულტინაციონალურ კომპანიებში, განაცხადეს, რომ ყურადღებას გაამახვილებდნენ იმ ინდიკატორებზე, რომელიც მათ დაეხმარებოდა იმის შეფასებაში თუ რამდენად კარგად ახერხებს აუდიტორული ფირმა აუდიტის გლობალური ასპექტების გათვალისწინებას. მონაწილეები ასევე თვლიდნენ, რომ კონკრეტული ინდიკატორების შესახებ კომუნიკაციისა ან ანგარიშგების ვალდებულების დაკისრებამ შესაძლოა გამოიწვიოს აუდიტის კომიტეტების გადატვირთვა ზედმეტი ფუნქციებით, როდესაც მათ სთხოვენ ან მათგან ელოდებიან ისეთ საკითხებზე კომუნიკაციას, რომელიც შეიძლება სულ არ ეხებოდეს მათი აუდიტის ხარისხს. ზოგიერთმა მონაწილემ გამოთქვა აზრი, რომ ინდიკატორები გამოდგებოდა აუდიტის კომიტეტებისთვის კითხვების გენერირებაში, რომელსაც დაუსვამდნენ გარე აუდიტორს ხარისხის შესახებ სასარგებლო ინფორმაციის მოსაპოვებლად. 

ზოგიერთ მონაწილეს მიაჩნდა, რომ საერთო ინდიკატორების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება იყოს ფართოდ გამოყენებული და მიღებული, გაზრდის ინდიკატორების გამოყენებას აუდიტის კომიტეტების წარმომადგენლების მიერ. დროთა განმავლობაში, აუდიტის კომიტეტების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ინდიკატორების ან ინდიკატორების ნაკრების ჩამოყალიბება ან იდენტიფიცირება, რომელიც ფართოდ იქნება აღიარებული, როგორც აუდიტის კომიტეტსა და აუდიტორებს შორის დიალოგში გამოსაყენებელი სასარგებლო ინსტრუმენტი. 

ეს ასევე დაეხმარება ზოგიერთ აუდიტორულ ფირმას მიდგომის სისტემატურობის გაზრდაში იმ თვალსაზრისით, თუ როგორ გამოითვლება გარკვეული ინდიკატორები. დაეხმარება ასევე აუდიტორულ ფირმებს მოლოდინების გამომუშავებაში ასეთ ინდიკატორებთან დაკავშირებით მონაცემების მიწოდების მხრივ. ფირმის დონეზე გამჭვირვალობის ანგარიში ან აუდიტის ხარისხის შესახებ ანგარიში, რომელიც ზოგიერთმა აუდიტორულმა ფირმამ გახადა საჯაროდ ხელმისაწვდომი, მოცემულია ფირმის ინდიკატორის ანგარიშგების თანმიმდევრულობის ნიმუშში. აუდიტის ხარისხის ცენტრმა დაადგინა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ ანგარიშებს შორის, რომლებიც გამოცემულია გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და ავსტრალიის ყველაზე დიდი აუდიტორული ფირმების მიერ, მსგავსი ტიპის ინდიკატორების მაგალითები მოიცავს შემოსავლების გამიჯნულად გაზომვას აუდიტორული და არააუდიტორული მომსახურებების მიხედვით, გარე წყაროებში გამოქვეყნებული შემოწმებების შედეგებს და ინვესტორებთან დადებული გარიგებების თვისობრივ აღწერას. ასეთი ტიპის ნებაყოფლობითი ანგარიშგების საშუალებით შეიძლება შევადაროთ ინდიკატორების მონაცემები ფირმის დონეზე იმის გათვალისწინებით, თუ სხვადასხვა ფირმა აფიქსირებს ერთსა და იმავე ინდიკატორებს.
  
აუდიტის კომიტეტის წევრებმა, რომლებიც არიან სხვადასხვა კომპანიის საბჭოს წევრები, აღნიშნეს, რომ ინდიკატორების სტანდარტიზაცია გარიგების დონეზე საკმაოდ რთული იქნება იმის გათვალისწინებით, თუ რა განსხვავება არსებობს კომპანიების ბიზნეს-მოდელებში, ოპერაციების მასშტაბებსა და რისკების პროფილებში. მათ აღნიშნეს, რომ აუდიტის კომიტეტს ევალება გამოიტანოს დასკვნა იმაზე, თუ რომელი ინდიკატორი უფრო კარგად შეესაბამება თითოეული აუდიტორული გარიგების ფაქტებსა და გარემოებებს. ასეთი დასკვნის გამოყენებისას, მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი სავარაუდოდ, უპირატესობას მიანიჭებდნენ სხვადასხვა ტიპის ინდიკატორებს, რომელზეც მოახდენდნენ ფიკუსირებას კომპანიაზე დაყრდნობით, და კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორი შეიცვლებოდა სხვადასხვა წლების აუდიტის მიხედვით. მაშინაც კი, როდესაც ისინი განიხილავდნენ ერთსა და იმავე ინდიკატორს სხვადასხვა კომპანიის მასშტაბით, კონტექსტური ინფორმაცია, რომელიც განმარტავს ინდიკატორის მნიშვნელობას ან ცვლილებებს, რომელსაც ისინი მოიპოვებდნენ გარე აუდიტის ჯგუფისგან, დიდი ალბათობით იქნებოდა ძალიან განსხვავებული. მეორე მხრივ, ზოგიერთ მონაწილეს აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა ინდიკატორების ძირითადი პაკეტის იდენტიფიცირება, როგორც განსაკუთრებით სასარგებლოსი გარკვეული ტიპის კომპანიებისთვის, მაგალითად, გარკვეული რთული ან მაღალი რისკის მქონე წარმოებისთვის, ან სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ოპერაციების გამტარებელი კომპანიებისთვის. სხვები მიანიშნებდნენ, რომ ინდიკატორების სტანდარტიზაციას შეუძლია რისკის ქვეშ დააყენოს ინდიკატორების ინფორმაციის ანგარიშგების პროცესი, რომელიც გადაიქცევა შაბლონურ დოკუმენტად და, რაც თავის მხრივ, შეამცირებს სარგებლიანობას აუდიტის კომიტეტებისთვის. 

აუდიტის ხარისხის ინდიკატორებზე ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნების ზოგიერთი პოტენციური არასასურველი შედეგები 

მონაწილეებმა დაადასტურეს ინვესტორების მხრიდან მზარდი ინტერესი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს აუდიტის კომიტეტი თავის ფუნქციებს. ინდიკატორების ინფორმაციის შემთხვევაში, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ინვესტორებისთვის შეუძლებელია დიალოგში მონაწილეობა, რაც აუცილებელია აუდიტის ხარისხისთვის ინდიკატორების მნიშვნელობაზე ყურადღების გასამახვილებლად გარიგების დონეზე.ამის საფუძველზე, ბევრ მონაწილეს სჯეროდა, რომ გარიგების დონის ხარისხის ინდიკატორების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას შეეძლო უფრო მეტად ზიანის მიყენება, ვიდრე სარგებლის მოტანა. მონაწილეებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ინდიკატორები გასაჯაროების შემდეგ შესაძლოა იქცეს არათანმიმდევრული და შეცდომაში შემყვანი კრიტერიუმების ერთობლიობად. ასეთმა საზომმა კრიტერიუმებმა, შესაბამისი კონტექსტის განმსაზღვრელი დიალოგის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს ადრესატის მხრიდან არასრული ან არაკომპეტენტური დასკვნების გამოტანა აუდიტის ხარისხის არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასევე, შეიძლება არსებობდეს ტენდენცია კონკრეტული კრიტერიუმების ნაკრების არჩევისას, რადგან ზოგიერთი მათგანის დამოუკიდებლად გაზომვა უფრო ადვილი და საიმედოა, ვიდრე აუდიტის ხარისხთან მიმართებაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს რესურსების არასწორად განაწილება და ზედმეტი ყურადღების გამახვილება კრიტერიუმების შერჩევაზე იმის ხარჯზე, რომ ნაკლები ყურადღება მიექცევა შესრულებული სამუშაოს ხარისხის სხვა უფრო მნიშვნელოვან კრიტერიუმებს.

ზოგიერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ აუდიტის მოდელი ასევე იცვლება აუდიტის მეთოდოლოგიის ტექნიკური გაუმჯობესების საპასუხოდ, ახალი, მაკრო და მიკროეკონომიკური რისკების წარმოქმნის პროცესში. მაგალითად, აუდიტორული ფირმები საჭიროებისამებრ რთავენ თავიანთ აუდიტის მეთოდოლოგიებში აუდიტის მტკიცებულებებზე დაყრდნობით მონაცემთა ანალიზის პროცედურებს, რაც სავარაუდოდ გაზრდის აუდიტორთა მუშაობის ეფექტიანობას. მზარდ რისკებთან გასამკლავებლად ასევე ვითარდება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ზოგიერთი მონაწილე ამტკიცებდა, რომ ინდიკატორების უცვლელი ნაკრების შემუშავებამ და გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს აუდიტის მეთოდოლოგიის მოძველება და ხელი შეუშალოს ინოვაციების განვითარებას აუდიტში, რაც დროთა განმავლობაში საფრთხეს შეუქმნის აუდიტის საერთო შესაბამისობას, მოახდენს გავლენას აუდიტორის როლზე და, საბოლოო ჯამში, აუდიტის ხარისხზე. მათი განცხადებით, ინდიკატორები თვითონაც უნდა განვითარდნენ, რათა იყვნენ უფრო გამოსადეგი და არ გახდნენ ხელისშემშლელი ფაქტორი. 

დასკვნა 

ინდიკატორების მრავალწლიანი შესწავლის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის, უკუკავშირების და მიგნებების გაზიარებით, აუდიტის ხარისხის ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს სამომავლო დიალოგის განვითარებას და აუდიტის ხარისხის ინდიკატორების უფრო სიღრმისეულად შესწავლას. ეს პუბლიკაცია სწორედ ამ მცდელობას ემსახურება. აუდიტის ხარისხის ცენტრი ვარაუდობს, რომ მეტი ინფორმირებულობა, განხილვა და თანამშრომლობა გამოიწვევს აუდიტის ხარისხის ინდიკატორების მიმართ საერთო მიმართულების შემუშავებას და მათი პოტენციურად გამოყენებისთვის საუკეთესო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

მოცემულ მიდგომაზე მიღებულმა გამოხმაურებამ გააძლიერა მოსაზრება, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ინდიკატორების „სწორი“ ნაკრები, რომელიც მოერგება ნებისმიერ გარიგებას, მაინც სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს ყველაზე კარგ საფუძველს აუდიტის ხარისხის მართვის ინსტრუმენტების შემდგომი განვითარებისთვის, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს აუდიტის კომიტეტის ზედამხედველობის შესაძლებლობების შემდგომ სრულყოფას, აუდიტის პროცესის როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი ასპექტების თვალსაზრისით. აუდიტის კომიტეტის წევრებმა მოითხოვეს უფრო მეტი ხარისხობრივი ინფორმაციის მიღება, ასევე იმის მითითება, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული აუდიტის ჩატარების თაობაზე დიალოგის გასაძლიერებლად ფირმის დონეზე მიღებული ინდიკატორების ინფორმაცია, რომელიც უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია. 

თუ აუდიტის კომიტეტები გააგრძელებენ ინდიკატორების შესწავლას აუდიტის კომიტეტის მიერ მართულ, ნებაყოფლობით გარემოში, ეს სავარაუდოდ ხელს შეუწყობს საერთო პრინციპებზე დაფუძნებული ჩარჩო რეგულირების შემუშავებას, რაც დაეხმარება ინდიკატორების გამოყენების შეთანხმებულობის განვითარებას და მათზე ინფორმაციის მიწოდებას მოქნილობის შენარჩუნებით, ხოლო აუდიტის კომიტეტებს მოუწევთ მოარგონ მიდგომები კონკრეტულ საჭიროებებს. 

ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე შეძლებს მიიღოს სარგებელი თუ მიხვდება, როგორ არიან გარკვეული ინდიკატორები ურთიერთკავშირში აუდიტის ხარისხთან. თავის მხრივ, აუდიტის ხარისხის ცენტრი გააგრძელებს პროცესის მონიტორინგს და მონაწილეობის მიღებას ამ საინტერესო და მნიშვნელოვან გლობალურ დიალოგში. ცენტრი მოუთმენლად ელის საზოგადოებრივი დაინტერესების კომპანიების ფინანსური აღრიცხვის ზედამხედველობის სამსახურის (PCAOB) პროექტის შედეგებს ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზების ანალიზის შესახებ, რომელიც ცდილობს გაანალიზოს აუდიტის ხარისხის გარკვეული პარამეტრები13. ცენტრი ასევე დააკვირდება მსოფლიოს სხვა ორგანიზაციების მუშაობას, რომლებსაც აუდიტის ხარისხის ინდიკატორების პროექტის განხორციელება დღის წესრიგში აქვთ. ამ ორგანიზაციების მონაწილეობა და მათი ძალისხმევა კვლავ იქნება ფასდაუდებელი დაინტერესებულ მხარეთა უწყვეტი ინტერესის დასაკმაყოფილებლად ისეთი ინდიკატორებისადმი, რომელიც აუდიტის ხარისხისთვის მნიშვნელოვანია და ასევე შეიძლება შეფასდეს თანმიმდევრულად და საიმედოდ. 

აუდიტის ხარისხის ცენტრი გულწრფელად უხდის მადლობას მრგვალი მაგიდის მონაწილეებს, ინვესტორებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, აუდიტორული კომიტეტის წევრებს და აუდიტორული ფირმების წარმომადგენლებს, რომლებიც იყვნენ დაინტერესებული მხარეების მრჩეველთა კოლეგიის წევრები, და ასევე საპილოტე ტესტირების მონაწილეები. მათმა ძალისხმევამ თავის დროზე და მათმა ღირებულმა შეხედულებებმა და მოსაზრებებმა ხელი შეუწყო დისკუსიების წარმართვას ამ კრიტიკულ საკითხებზე. გარდა ამისა, ცენტრი მადლობას უხდის სინგაპურის დამოუკიდებელ დირექტორთა ინსტიტუტს და სინგაპურის აღრიცხვისა და კორპორაციების მარეგულირებელ ორგანოს სინგაპურში მრგვალი მაგიდის ორგანიზების მხარდაჭერისთვის. აუდიტის ხარისხის ცენტრი გააგრძელებს თავის მხრივ სასარგებლო ურთიერთობას ამ დაინტერესებულ მხარეებთან აუდიტის ხარისხის ინდიკატორების უფრო სიღრმისეულად შესწავლისა და კვლევის პროცესში.