ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
ბასს 27 "ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების" კომენტარები - №9(249), 2020
ბასს 27 იმ ძირითადი სახით, რა სახითაც ის არსებობს, ამოქმედდა 2013 წლის 1 იანვრიდან სხვა სტანდარტთან - ფასს 10 „კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება“-სთან ერთად. ამ ორმა სტანდარტმა ერთობლივად ჩაანაცვლა ბასს 27-ის წინა რედაქცია, რომელსაც „კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება“ ეწოდებოდა. ფასს 10 - ვრცელი და საინტერესო სტანდარტია, რომელსაც სხვა დროს განვიხილავთ, ხოლო მანამდე - ბასს 27-ის ძირითადი დებულებები განვიხილოთ. ამ სტანდარტის (რა სახითაც ის დარჩა) მიზანია „დაადგინოს შვილობილ საწარმოებში, ერთობლივ საწარმოებსა და მეკავშირე საწარმოებში ფლობილი ინვესტიციების ბუღალტრული აღრიცხვისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესები იმ შემთხვევისთვის, როდესაც საწარმო ამზადებს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას“ (მუხლი 1).
 
სანამ თემას გავაგრძელებთ, ამ სტანდარტის სახელწოდების თარგმანზე გავაკეთებთ კომენტარს. ვფიქრობთ, რომ ეს თარგმანი არასწორია. ინგლისურად ბასს 27-ს ჰქვია „შეპარატე Fინანციალ შტატემენტს“ და არა „Individual Financial Statements“. შესაბამისად, აშკარაა, რომ კორექტული თარგმანი იქნებოდა ეს ტერმინი როგორც „განცალკევებული ფინანსური ანგარიშგება“ რომ გადმოთარგმნილიყო. ჩვენს ნათქვამს ადასტურებს რუსული თარგმანებიც, სადაც ამ სტანდარტს „Отдельная финансовая отчетность“ ჰქვია და არა „Индивидуальная финансовая отчетность“. თარგმანის საკითხს ქვემოთ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით, სტატიაში კი ყველგან იქ, სადაც ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას ვახსენებთ (გარდა ციტატებისა), „ინდივიდუალურის“ გვერდით ფრჩხილებში დამატებით „განცალკევებულს“ მივუთითებთ. 

ბასს 27 არეგულირებს შვილობილ, ერთობლივ და მეკავშირე საწარმოებში ფლობილი ინვესტიციების ბუღალტრულ აღრიცხვას იმ შემთხვევაში, როცა საწარმო ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადგენს ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ფინანსურ ანგარიშგებას, რასაც ის შეიძლება აკეთებდეს როგორც ნებაყოფლობით, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო წესით. იგი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სტანდარტი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რომელ საწარმოებს ევალებათ ინდივიდუალური (განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, თუმცა ეს თავისთავად გამომდინარეობს მისი შინაარსიდან. 

ბასს 27-ში გამოყენებული ძირითადი ტერმინები განმარტებულია მის მე-4 მუხლში: 

„კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება _ საწარმოთა ჯგუფის ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც მშობელი საწარმოსა და მისი შვილობილი საწარმოების აქტივები, ვალდებულებები, საკუთარი კაპიტალი, შემოსავალი, ხარჯები და ფულადი ნაკადები წარდგენილია, როგორც ერთი ეკონომიკური სუბიექტის აქტივები, ვალდებულებები, საკუთარი კაპიტალი, შემოსავალი, ხარჯები და ფულადი ნაკადები. 

ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება _ საწარმოს მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც საწარმოს, საკუთარი შეხედულებისამებრ, წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, შვილობილ, ერთობლივ და მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების აღრიცხვა შეუძლია თვითღირებულებით, ფასს 9-ის _ „ფინანსური ინსტრუმენტები“ _ შესაბამისად, ან წილობრივი მეთოდის გამოყენებით, როგორც ეს აღწერილია ბასს 28-ში _ „ინვესტიციები მეკავშირე და ერთობლივ საწარმოებში“. 

თუმცა, ბასს 27 არ განსაზღვრავს რიგ გამოყენებულ ტერმინებს, რომლებიც განმარტებულია სხვა სტანდარტებში. ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინების განმარტებები მოცემულია ფასს 10-ის _ „კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება“ – „ა“ დანართში, ფასს 11-ის _ „ერთობლივი საქმიანობა“ – „ა“ დანართში და ბასს 28-ის _ „ინვესტიციები მეკავშირე და ერთობლივ საწარმოებში“ _ მე-3 პუნქტში: 

• მეკავშირე საწარმო; 

• ინვესტირებული საწარმოს კონტროლი; 

• წილობრივი მეთოდი; 

• ჯგუფი; 

• საინვესტიციო საწარმო; 

• ერთობლივი კონტროლი; 

• ერთობლივი საწარმო; 

• ერთობლივი მეწილე; 

• მშობელი საწარმო; 

• მნიშვნელოვანი გავლენა; 

• შვილობილი საწარმო. 

ვიგულისხმებთ, რომ მკითხველი იცნობს ამ ტერმინებს სხვა სტანდარტებიდან. 
ბასს 27-ის მე-6 მუხლი დამატებით განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება არის ფინანსური ანგარიშგება, რომლის წარდგენა ხდება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების დამატების სახით, ან იმ ინვესტორის ფინანსური ანგარიშგების დამატების სახით, რომელსაც არ გააჩნია ინვესტიციები შვილობილ საწარმოებში, მაგრამ აქვს ინვესტიციები მეკავშირე, ან ერთობლივ საწარმოებში, რომელშიც, ბასს 28-ის შესაბამისად, მეკავშირე, ან ერთობლივ საწარმოებში ფლობილი ინვესტიციების ასახვა მოითხოვება წილობრივი მეთოდის გამოყენებით, გარდა 8-8ა პუნქტებში აღწერილი შემთხვევებისა“. 

ამგვარად, ინვესტორი საწარმო, რომელსაც არ ჰყავს შვილობილი საწარმო, მაგრამ ფლობს ინვესტიციებს მეკავშირე საწარმოებში ან/და ერთობლივ საქმიანობებში, წარადგენს თავის ძირითად ფინანსურ ანგარიშგებას, რომელშიც ეს ინვესტიციები ბასს 28-ის შესაბამისად ასახული უნდა იყოს წილობრივი მეთოდის გამოყენებით; მაგრამ, გარდა ამისა, ამ ინვესტორ საწარმოს შეუძლია წარადგინოს (ნებაყოფლობით, ან შესაძლოა სავალდებულო წესით, თუ ამას მოითხოვს შესაბამისი კანონმდებლობა) ასევე ინდივიდუალური (განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგებაც, სადაც ამ ინვესტიციების ასახვისათვის გამოყენებული იქნება სხვა მეთოდ(ებ)იც: თვითღირებულების, ან ფასს 9-ის შესაბამისად _ რეალური ღირებულების. 

სტანდარტებში არ არის მოცემული, რა უნდა ეწოდებოდეს ისეთი საწარმოს ძირითად (გამაერთიანებელ) ფინანსურ ანგარიშგებას, რომელსაც არ ჰყავს შვილობილი საწარმო, მაგრამ ფლობს ინვესტიციებს მეკავშირე საწარმოებში ან/და ერთობლივ საქმიანობებში, და ყველა ამ ინვესტიციას ბასს 28-ის შესაბამისად ასახავს წილობრივი მეთოდის გამოყენებით. აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, რადგან არ აკმაყოფილებს მის განმარტებას შვილობილი საწარმოების არარსებობის გამო! თუმცა, ეს არც ინდივიდუალური (განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგებაა. ამ სახის ფინანსური ანგარიშგებებისთვის, ინგლისურენოვან ლიტერატურაში ხშირად გამოიყენება ტერმინი Economic Interest Financial Statements. ქართულ ენაზე შეიძლება მას ეკონომიკური ინტერესების გამაერთიანებელი ფინანსური ანგარიშგება ვუწოდოთ. 

ფრიად საყურადღებოა სტანდარტის მე-7 მუხლი: 

„7. ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებად არ მიიჩნევა იმ საწარმოს ფინანსური ანგარიშგება, რომელსაც არ გააჩნია შვილობილი საწარმო, მეკავშირე საწარმო, ან ერთობლივი მეწილის წილი ერთობლივ საწარმოში“. 

ამგვარად, საწარმოს ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ფინანსური ანგარიშგებასთან საქმე შეიძლება გვქონდეს მხოლოდ მაშინ, თუ ამ საწარმოს ჰყავს შვილობილი საწარმო, ან/და აქვს წილი მეკავშირე საწარმოებში ან/ და ერთობლივ საქმიანობებში. ინვესტორი საწარმოს შვილობილი ან მეკავშირე საწარმოს ან ერთობლივი საქმიანობის ფინანსური ანგარიშგება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ანგარიშგებას, გარდა იმ შესაძლო შემთხვევისა, თუ ეს შვილობილი ან მეკავშირე საწარმო ან ერთობლივი საქმიანობა, თავის მხრივ, ფლობს ინვესტიციას თავის შვილობილ ან მეკავშირე საწარმოში ან ერთობლივ საქმიანობაში. 

თუ საწარმო არც სხვისი შვილობილი ან მეკავშირე საწარმო ან ერთობლივი საქმიანობაა და არც თვითონ ფლობს ინვესტიციებს შვილობილ ან მეკავშირე საწარმოში ან ერთობლივ საქმიანობაში (ასე ვთქვათ, ცალკე მყოფ საწარმოს წარმოადგენდეს), მის ფინანსურ ანგარიშგებას ასევე არ ჰქვია ინდივიდუალური (განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგება ბასს 27-ის ტერმინოლოგიით. 

მაგალითი 1. შპს X დაარსდა ფიზიკური პირების მიერ 2018 წლის იანვარში და დაარსების დღიდან ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგებისთვის იყენებს ფასს-ებს. 2019 წელს შპს X-მა შეიძინა სს ABC-ის კუთვნილი აქციების 10%, თუმცა ამით მას არ მოუპოვებია არც კონტროლი და არც მნიშვნელოვანი გავლენა ამ სააქციო საზოგადოებაზე. შპს X-ის პარტნიორები 2019 წლის ბოლოს კვლავ იყვნენ ფიზიკური პირები. 

ზემოთ მოყვანილი გარემოებების პირობებში, შპს X-ის არც 2018 წლის და არც 2019 წლის ფინანსურ ანგარიშგებას არ ჰქვია ინდივიდუალური (განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგება ბასს 27-ის ტერმინოლოგიით. 
2020 წელს შპს X-მა შეიძინა სს ABC-ის აქციების კიდევ 45% და ჯამში მისი აქციების 55%-ის ფლობით, მოიპოვა ამ სააქციო საზოგადოებაზე კონტროლი, ანუ სს ABC მისი შვილობილი საწარმო გახდა. აღნიშნულის გამო, შპს X-ის 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ფასს-ების მიხედვით მოეთხოვება კონსოლიდირებული (ფასს 10-ის მიხედვით) ფინანსური ანგარიშგების სახით; მაგრამ, მას ასევე ნებაყოფლობით შეუძლია (ან, შეიძლება, კანონმდებლობითაც მოეთხოვებოდეს) ინდივიდუალური (სწორი თარგმანის შემთხვევაში - განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგების (ბასს 27-ის მიხედვით) მომზადება და წარდგენა. 

ბუნებრივად ისმის კითხვა: თუ, როგორც ამ მაგალითის პირობებშია, შპს X-ის 2018 და 2019 წლების ფინანსურ ანგარიშგებებს ინდივიდუალური (განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგება არ ჰქვია (და ცხადია, ისინი არც კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებაა), მაშ, რა ვუწოდოთ მათ? იგივე ეხება იმ საწარმოთა ფინანსურ ანგარიშგებებს, რომლებიც არც თვითონ არიან სხვა საწარმოების შვილობილი ან მეკავშირე საწარმოები, და არც თვითონ ფლობენ ინვესტიციებს სხვა საწარმოებში. 

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ გვაქვს. თუმცა, ჩვენი აზრია, რომ სწორედ ასეთ ფინანსურ ანგარიშგებას უნდა ეწოდებოდეს ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება და არა იმას, რაც ბასს 27-შია მოყვანილი არასწორი თარგმანის გამო. საერთაშორისო პრაქტიკაში სწორედ ამას უწოდებენ Individual Financial Statements. ვფიქრობთ, შესაძლებელია მას უბრალოდ „ფინანსური ანგარიშგება“ ან „ცალკე მყოფი საწარმოს ფინანსური ანგარიშგება“ ან „განმხოლოებული ფინანსური ანგარიშგებაც“ ეწოდოს. ტერმინოლოგიის დამკვიდრების მხრივ, გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის იმ უწყებას, ვინც საერთაშორისო სტანდარტებისა და დამხმარე დანიშნულების სახელმძღვანელო დოკუმენტების თარგმნას ახორციელებს. 

ზოგიერთი საწარმო განთავისუფლებულია კონსოლიდაციისგან ფასს 10-ის 4(ა) პუნქტის შესაბამისად, ან წილობრივი მეთოდის გამოყენებისგან ბასს 28-ის მე-17 პუნქტის შესაბამისად. ბასს 27-ის მე-8 მუხლის თანახმად, ასეთ საწარმოს უფლება აქვს, თავისი ერთადერთი ფინანსური ანგარიშგების სახით წარადგინოს ინდივიდუალური (განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგება. 
ინდივიდუალური (განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგება ერთადერთი დასაშვები ფინანსური ანგარიშგებაა იმ საინვესტიციო საწარმოთათვის, რომელიც ვალდებულია, ფასს 10-ის 31-ე პუნქტის შესაბამისად კონსოლიდაციიდან განთავისუფლების მოთხოვნა გამოიყენოს ყველა თავისი შვილობილი საწარმოსთვის როგორც მიმდინარე, ისე ყველა წარდგენილ შესადარის პერიოდშიც (მუხლი 8ა). 

საინვესტიციო საწარმოების ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ფინანსურ ანგარიშგებებს ეხება ბასს 27-ის ზოგიერთი სხვა მუხლიც, თუმცა მათ წინამდებარე სტატიაში არ განვიხილავთ. 

ინდივიდუალური (განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის უმთავრესი დებულება განსაზღვრულია ბასს 27-ის მე-10 და მე-11 მუხლებში: 

„10. საწარმომ ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, შვილობილ, ერთობლივ და მეკავშირე საწარმოებში ფლობილი ინვესტიციები უნდა ასახოს: 

ა) თვითღირებულებით; 

ბ) ფასს 9-ის შესაბამისად; ან 

გ) წილობრივი მეთოდით, როგორც აღწერილია ბასს 28-ში. 

საწარმომ ერთი და იგივე სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა გამოიყენოს ყველა კატეგორიის ინვესტიციისთვის. საწარმომ უნდა აღრიცხოს თვითღირებულებით, ან წილობრივი მეთოდით ასახული ინვესტიციები, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც გასაყიდად ან გასანაწილებლად გამიზნული (ან ჩართულია გასაყიდად, ან გასანაწილებლად გამიზნულად კლასიფიცირებულ გამსვლელ ჯგუფში), უნდა აღირიცხოს ფასს 5-ის _ „გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივები და შეწყვეტილი ოპერაციები“ _ შესაბამისად. ასეთ ვითარებაში არ იცვლება ფასს 9-ის შესაბამისად ასახული ინვესტიციების შეფასება. 

11. თუ საწარმო, ბასს 28-ის (2011 წლის შესწორებული ვერსია) მე-18 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტს მეკავშირე საწარმოებში ან ერთობლივ საწარმოებში ფლობილი ინვესტიციების შეფასებას რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით ფასს 9-ის შესაბამისად, მან ეს ინვესტიციები ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაშიც ამავე მეთოდით უნდა ასახოს. 

11ა. თუ მშობელი საწარმო, ფასს 10-ის 31-ე პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია, რომ შვილობილ საწარმოში კუთვნილი ინვესტიცია ფასს 9-ის შესაბამისად შეაფასოს რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, მან შვილობილ საწარმოში ფლობილი ინვესტიცია ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაშიც ამავე მეთოდით უნდა ასახოს“. 

აქ ისევ, მე-10 მუხლში, არაკორექტული თარგმანის შესახებ უნდა აღვნიშნოთ. ვგულისხმობთ ამ ფრაზას: „საწარმომ ერთი და იგივე სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა გამოიყენოს ყველა კატეგორიის ინვესტიციისთვის“. უნდა იყოს: „საწარმომ ერთი და იგივე სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა გამოიყენოს თითოეული კატეგორიის ინვესტიციისთვის“. 

მაგალითი 2. საწარმო ფლობს ინვესტიციებს როგორც შვილობილ და მეკავშირე საწარმოებში, ასევე ერთობლივ საქმიანობებში. სულ მას აქვს განხორციელებული 6 შვილობილ საწარმოში, 5 მეკავშირე საწარმოში და 3 ერთობლივ საქმიანობაში. ამ საწარმომ ინდივიდუალური (განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, გადაწყვიტა გამოიყენოს ასეთი სააღრიცხვო პოლიტიკა ინვესტიციების აღრიცხვისათვის: 6-ვე შვილობილი საწარმოსათვის _ წილობრივი მეთოდი, 5-ვე მეკავშირე საწარმოსათვის -ფასს 9-ის შესაბამისად, ხოლო 3-ვე ერთობლივი საქმიანობისათვის -თვითღირებულების მეთოდი. 

საწარმოს ასეთი სააღრიცხვო პოლიტიკა დასაშვებია, რადგან ის შესაბამისობაშია ბასს 27 ის მე-10 მუხლთან. 

ბასს 27-ის მნიშვნელოვანი დებულებაა მისი მე-12 მუხლი: 

„12. შვილობილი საწარმოდან, ერთობლივი საწარმოდან, ან მეკავშირე საწარმოდან მიღებული დივიდენდები მაშინ უნდა აღიარდეს საწარმოს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში, როდესაც დადგინდება საწარმოს დივიდენდების მიღების უფლება. აღნიშნული დივიდენდები აღიარდება მოგებაში ან ზარალში, თუ საწარმოს გადაწყვეტილი არა აქვს წილობრივი მეთოდის გამოყენება, რა შემთხვევაშიც დივიდენდები აღიარდება, როგორც ინვესტიციის საბალანსო ღირებულების შემცირება“. 

მაგალითი 3. შპს X არის მშობელი საწარმო, რომელსაც ჰყავს შვილობილი საწარმო შპს Y, რომელშიც ფლობს 60%-ს. შესაბამისად, შპს X ვალდებულია შეადგინოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა ავალდებულებს შპს X-ს, გარდა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისა, ინდივიდუალური (განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგებაც წარადგინოს. შპს X-მა თავისი სააღრიცხვო პოლიტიკით განსაზღვრა, რომ შვილობილ კომპანიებში დაბანდებულ ინვესტიციებს ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ფინანსურ ანგარიშგებაში ასახავს თვითღირებულებით, მე-10 მუხლის `ა~ პუნქტის შესაბამისად. 

2019 წლის 30 დეკემბერს, შპს Y-ის პარტნიორებმა (მათ შორის, შპს X-მა) პარტნიორთა კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება შპს Y-ის დაგროვილი მოგებიდან 100 000 ლარის დივიდენდებად განაწილების შესახებ. აღნიშნული თანხის 20% ანუ 20 000 ლარი გაიცა იმავე დღეს, ხოლო დარჩენილი დივიდენდების (80 000 ლარი) ფაქტობრივი გაცემის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის თებერვალ-მარტი. 

2020 წლის მარტში, შპს Y-ის პარტნიორებმა (მათ შორის, შპს X-მა) კიდევ ერთხელ ჩაატარეს პარტნიორთა კრება და მიიღეს გადაწყვეტილება შპს Y-ის დაგროვილი მოგებიდან კიდევ 30 000 ლარის დივიდენდებად განაწილების შესახებ. 

შპს X-მა თავის 2019 წლის ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აღიაროს: 

1) 2019 წლის ფინანსური მდგომარეობის ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ანგარიშგებაში -მისაღები დივიდენდის მოთხოვნა 80 000*60%= 48 000 ლარი; 

2) 2019 წლის მოგება-ზარალის ინდივიდუალურ ანგარიშგებაში -100 000*60%=60 000 ლარი (მიუხედავად იმისა, რომ 48 000 ლარი ფაქტობრივად მიიღო 2020 წელს). 

3) შპს Y-ის 2020 წლის მარტის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დადგენილი მოგების განაწილება შპს X-ის 2019 წლის ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ფინანსურ ანგარიშგებაში არ აისახება. 

მაგალითი 4. შპს YXY, რომლიც ფლობს ინვესტიციებს შვილობილ და მეკავშირე საწარმოებში, წარადგენს ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ფინანსურ ანგარიშგებას, რომელშიც ამ ინვესტიციების ასახვისათვის გამოყენებული აქვს წილობრივი მეთოდი ბასს 28-ის შესაბამისად. ერთ-ერთი მეკავშირე საწარმოა შპს ძ, რომელიც დაფუძნდა 2018 წლის დასაწყისში რამდენიმე პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალით 50 000 ლარი. მისმა პარტნიორებმა დაფუძნებისთანავე შეავსეს შპს ძ-ის გამოცხადებული კაპიტალი. მათ შორის, შპს YXY-მა განახორციელა ინვესტიცია ამ საწარმოში 20 000 ლარის ოდენობით, რითაც მოიპოვა შპს ძ-ის 40% და მნიშვნელოვანი (მაგრამ არა მაკონტროლებელი) გავლენა მასზე. 

2018 წლის ბოლოს, შპს ძ-ის გაუნაწილებელმა მოგებამ შეადგინა 300 000 ლარი, რის გამოც შპს YXY-მა თავის 2018 წლის ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ასახა შპს Z-ში დაბანდებული ინვესტიცია 20000+300 000*40%=140000 ლარისოდენობით, ხოლო ინდივიდუალურ (განცალკევებულ) მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებაში -300 000*40% ლარი მუხლში `წილი მეკავშირე საწარმოების მოგებაში (წილობრივი მეთოდით განსაზღვრული)~. 

2019 წლის დასაწყისში, შპს Z-მა გამოაცხადა და გაანაწილა 150 000 ლარი დივიდენდი წინა წლების გაუნაწილებელი მოგებიდან. რადგან შპს YXY-მა აირჩია ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ანგარიშგებაში მეკავშირე საწარმოებში ინვესტიციების ბასს 28-ის მიხედვით აღრიცხვა წილობრივი მეთოდით, ამიტომ ის გამოცხადებულ დივიდენდში თავის კუთვნილ წილს შემოსავლად აღარ აღიარებს, რადგან მან უკვე აღიარა შემოსავალში 2018 წლის მოგებაში წილი. დივიდენდის გამოცხადებისას შპს YXY აღიარებს მისაღებ დივიდენდებს (მოთხოვნას) 150 000*40%= 60 000 ლარს და ამავე თანხით შეამცირებს შპს ძ-ში ინვესტიციის სიდიდეს, წილობრივი მეთოდის შესაბამისად. 

2019 წლის შედეგების მიხედვით, შპს ძ-ის მოგებამ შეადგინა 25 000 ლარი. შპს YXY-ის ინდივიდუალურ (განცალკევებულ) მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებაში აღიარდება წილობრივი მოგება, მიღებული ძ მეკავშირე საწარმოდან, 25 000*40%=10 000 ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ შპს ძ-ის 2019 წლის მოგება არ განაწილებულა (რადგან სწორედ ამით გამოიხატება წილობრივი მეთოდის არსი). ამავე თანხით გაიზრდება შპს ძ-ში ინვესტიციის სიდიდე ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ფინანსურ ანგარიშგებაში. 

ბასს 27-ის მე-16 და მე-17 მუხლები განსაზღვრავს, თუ რა განმარტებითი შენიშვნები უნდა მომზადდეს ინდივიდუალური (განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგების წარდგენისას. მე-16 მუხლი ეხება იმ მშობელ საწარმოს, რომელიც ფასს 10-ის 4(ა) პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტს, არ მოამზადოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება და ამის ნაცვლად ამზადებს ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ფინანსურ ანგარიშგებას. 
ძირითადია მე-17 მუხლი, რომლის თანახმად: 

„17. როდესაც მშობელი საწარმო (გარდა 16-16ა პუნქტებში მითითებული მშობელი საწარმოების), ან ინვესტორი, რომელსაც გააჩნია ერთობლივი კონტროლი ან მნიშვნელოვანი გავლენა ინვესტირებულ საწარმოზე, ამზადებს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას, მშობელმა საწარმომ ან ინვესტორმა ზუსტად უნდა მიუთითოს ფასს 10-ის, ფასს 11-ის, ან ბასს 28-ის (2011 წლის შესწორებული ვერსია) შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, რომელთანაც ეს ანგარიშგებებია დაკავშირებული. ამასთან, მშობელმა საწარმომ ან ინვესტორმა ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია: 

ა) ის ფაქტი, რომ მოცემული ფინანსური ანგარიშგება არის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება და მიზეზები, რის გამოც მომზადდა აღნიშნული ანგარიშგება, თუ კანონმდებლობით ამის გაკეთება არ ევალება; 

ბ) შვილობილ საწარმოებში, ერთობლივ საწარმოებსა და მეკავშირე საწარმოებში დაბანდებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების სია, მათ შორის: 

(ი) ინვესტირებული საწარმოების სახელწოდებები; 

(იი) თითოეული ინვესტირებული საწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი (ქვეყანა) (და ასევე ქვეყანა, სადაც რეგისტრირებულია, თუ განსხვავდება მისი საქმიანობის ძირითადი ადგილისგან); 

(იიი) ამ ინვესტირებულ საწარმოებში ფლობილი საკუთრების პროცენტული წილი (და, თუ განსხვავებულია, წილი მესაკუთრეთა ხმის უფლებებში). 

გ) (ბ) პუნქტით გათვალისწინებულ სიაში შეტანილი ინვესტიციების აღრიცხვისთვის გამოყენებული მეთოდების აღწერა“. 

მაგალითად, შპს „იბერ-ინფო“, რომელიც არის შპს „A“-ს შვილობილი საწარმო (შპს „A“-ს ეკუთვნის შპს „იბერ-ინფოს“ 75% წილი), თავის მხრივ ფლობს 56% წილს შპს „ააფ-კაპიტალში“. შესაბამისად, შპს „ააფ-კაპიტალი“ არის როგორც შპს „იბერ-ინფოს“ შვილობილი (პირდაპირ), ასევე შპს „A“-ს შვილობილი საწარმო (არაპირდაპირ). ამ შემთხვევაში შპს „იბერ-ინფო“ თავისი ინდივიდუალური (განცალკევებული) ფინანსური ანგარიშგების წარდგენისას განმარტებით შენიშვნებში მიუთითებს, რომ ის ამ სახის ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენს იმ მიზეზით, რომ კონსოლიდირებული სახით მისი და შპს „ააფ-კაპიტალის“ საანგარიშგებო მონაცემები აისახება შპს „A“-ს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. ასევე, განმარტებით შენიშვნებში მითითებული უნდა იქნეს შპს „ააფ-კაპიტალის“ საქმიანობის ადგილი, შპს „იბერ-ინფოს“ კუთვნილი მისი წილი პროცენტებში და ის ფაქტი, რომ შპს „იბერ-ინფოს“ ინდივიდუალურ (განცალკევებულ) ფინანსურ ანგარიშგებაში შპს „ააფ-კაპიტალში“ განხორციელებული ინვესტიცია ასახულია თვითღირებულების მეთოდით. 

ზვიად გიორხელიძე 
გიორგი ცერცვაძე