ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
ბაფის 25-ე ყოველწლიური კრება ZOOM-ში - №12(252), 2020
რა გააკეთა და რა გეგმები აქვს პროფესიულ ორგანიზაციას 

12 დეკემბერს, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) ტრადიციული, 25-ე საერთო კრება არატრადიციული ფორმატით გაიმართა. COVID 19-ის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ კრება ინტერნეტპლატფორმა ZOOM-ის საშუალებით ჩაატარა. მიუხედავად ამ გამოწვევისა, შეხვედრა საკმაოდ კარგად ორგანიზებული იყო. ბაფის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კრებას 251 დელეგატი და მოწვეული სტუმარი ესწრებოდა.
 
წესდების მიხედვით, კრებაზე განიხილეს გამგეობისა და სარევიზიო კომისიის ანგარიშები, აირჩიეს გამგეობის თავმჯდომარე და გამგეობის წევრები. ასევე დაჯილდოვდნენ დამსახურებული ბაფელები. კერძოდ, პროფესიის ერთგულებისა და ბაფთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის საპატიო სიგელები გადაეცათ გურამ კიკაბიძეს და ამირან ჯანგიძეს. საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით კადრების გადამზადების სფეროში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა ლია ცუცქირიძე, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში ბაფის საქმიანობის პოპულარიზაციასა და ბუღალტერთა გადამზადებაში შეტანილი წვლილისთვის – ნელი გვენეტაძე. 

დელეგატებმა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარედ თითქმის ერთსულოვნად ისევ რუსუდან ჟორჟოლიანი აირჩიეს. მას სხვა კონკურენტი არც ჰყოლია და თავიდანვე ცხადი იყო, რომ მომდევნო წელი გამგეობას ისევ რუსუდან ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებდა. 

რაც შეეხება გამგეობის წევრების არჩევას, ბაფის წესდებით, გამგეობის წევრების რაოდენობა განსაზღვრულია არა უმეტეს 12 წევრით (მათ შორის ერთი არის გამგეობის თავმჯდომარე). გამგეობის წევრობაზე არჩევნებში 15 კანდიდატი მონაწილეობდა (ანუ, მათგან 11 უნდა არჩეულიყო, რადგან მე-15 არის გამგეობის თავმჯდომარედ არჩეული რუსუდან ჟორჟოლიანი). კენჭისყრის დაწყებამდე, ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლავრენტი ჭუმბურიძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და კანდიდატურა მოხსნა. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ბაფის წევრთა ნაწილისთვის, ამიტომ ლავრენტი ჭუმბურიძეს განმარტების გაკეთება მოუწია. მან აღნიშნა, რომ იგი აგრძელებს ბაფში საქმიანობას, ამასთანავე თვლის, რომ გამგეობის წევრობა ახალგაზრდა კანდიდატებს უნდა დაუთმოს. 

კენჭისყრაში მონაწილეობა ხმის უფლების მქონე 246-მა დელეგატმა მიიღო. ხმათა უმრავლესობით ბაფის გამგეობის წევრები გახდნენ: დავით პაპიაშვილი (206 ხმა), გიორგი ხმალაძე (195 ხმა), ნოდარ ებანოიძე (170 ხმა), კონსტანტინე დათიაშვილი (170 ხმა), თეიმურაზ ფარცხალაძე (169 ხმა), თამარ ცუხიშვილი (159 ხმა), ნიკოლოზ ბაკაშვილი (158 ხმა), მიხეილ აბაიაძე (122 ხმა), მურად ნარსია (111 ხმა), გიორგი კვინიკაძე (109 ხმა) და მზევინარ გურაბანიძე (109 ხმა). მათგან გამგეობის ახალი წევრები არიან: გიორგი ხმალაძე, მურად ნარსია და მზევინარ გურაბანიძე. 

რაც შეეხება ანგარიშებს, გამგეობის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2020 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით ბაფს 7259 წევრი ჰყავს. აქედან, სერტიფიცირებული ბუღალტერი არის 713, მათ შორის აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული – 323, ასოცირებული წევრია 6546 პირი, ხოლო კორპორაციული წევრი _ 55 აუდიტური კომპანია. 

პროფესიული ორგანიზაციისთვის გასულ საარჩევნო პერიოდში გაწეული სამუშაოების მთავარი მიმართულება იყო პროფესიული სერტიფიცირების სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარება ზედამხედველობის სამსახურის მიერ. ამასთანავე, ბაფი გახდა პირველი პროფესიული ორგანიზაცია, რომელმაც პროფესიის ახალი რეგულაციის შესაბამისად მოიპოვა პროფესიული სერტიფიცირების გამოცდების ჩატარების უფლება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალი რეგულაციების საფუძველზე განათლების კომიტეტის ფუნქცია თვისობრივად შეიცვალა. იგი განთავისუფლდა აღმასრულებელი ფუნქციის შესრულებისაგან. კომიტეტი განსაზღვრავს სასერტიფიკაციო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პოლიტიკას, ქმნის სათანადო რეგულაციებს და ანხორციელებს მონიტორინგს. განათლების კომიტეტთან სტრუქტურული ერთეულის სახით ჩამოყალიბდა – განგრძობითი განათლების სამეთვალყურეო საბჭო, სასერტიფიკაციო გამოცდების სამეთვალყურეო საბჭო, სასერტიფიკაციო პროგრამების სამეთვალყურეო საბჭო. რაც შეეხება საგამოცდო პროცესებს, მასზე პასუხისმგებლობა აკისრია საგამოცდო კომისიას. 

2016 წლის `ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ~ კანონის თანახმად, აუდიტორული საქმიანობის რეგულირება და ხარისხის კონტროლის სისტემის შემოწმების ფუნქცია სრულად გადავიდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (`სარასი~) ფუნქციებში. ამ კუთხით ბაფის ფუნქციაში რჩება და მისი აუდიტის კომიტეტი წევრ აუდიტურ კომპანიებში ხარისხის კონტროლის სისტემის წინასწარ მონიტორინგს ახორციელებს. 

ბაფის აუდიტის კომიტეტისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის კონსულტაციების საფუძველზე განახლდა `ხარისხის კონტროლის დიაგნოსტიკური ანგარიშის მომზადების წესი~. წინასაარჩევნო პერიოდში კომიტეტის მიერ 11 კორპორაციულ წევრთან განხორციელდა წინასწარი მონიტორინგი და გაიცა ,,დიაგნოსტიკური ანგარიში“. 

2016 წლიდან კრების ჩატარების დღემდე `სარასის~ მიერ, რეესტრში რეგისტრირებული 269 აუდიტური ფირმიდან და 104 ინდივიდუალური აუდიტორიდან, მონიტორინგი განხორციელებულია 54 აუდიტურ ფირმაში და 3 ინდივიდუალურ აუდიტორთან. კანონით განსაზღვრული ხარისხის კატეგორიებიდან მონიტორინგის შედეგებით 13 ფირმას მიენიჭა I ან II ხარისხის კატეგორია, რაც იძლევა სდპ-ების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას, 11 ფირმას _ III კატეგორია, 9 ფირმას _ IV კატეგორია და 21 ფირმას _ V კატეგორია. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ასევე მნიშვნელოვანია პრაქტიკული სწავლებების განხორციელება. მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილია და უკვე მიმდინარეობს მცირე და საშუალო პრაქტიკის მქონე ფირმებისათვის, დისტანციური სწავლების 6 სესიისაგან შემდგარი 4 პრაქტიკული კურსი HAთ-ის აუდიტის სახელმძღვანელოს გამოყენებასთან დაკავშირებით. 

ეთიკის კომიტეტში, დისციპლინარული მოკვლევისათვის პროფესიონალი ბუღალტრების მიერ ეთიკის კოდექსისა და ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ორგანიზაციაში 4 ინფორმაცია შევიდა, რომელთაგან ერთ პირზე დაინიშნა დისციპლინური მოკვლევა და ჩატარდა შესაბამისი პროცედურები. 

რაც შეეხება ბაფის ფინანსურ მდგომარეობას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში COVID-19-ით შექმნილი რთული ვითარება, გარკვეულწილად, შეამსუბუქა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის პროექტების მხარდაჭერამ (დაფინანსებული იყო 81000 ლარი). ანგარიშის მიხედვით, ამ დაფინანსებამ პროფესიულ ორგანიზაციას შესაძლებლობა მისცა 2020 წელი ფინანსური ზარალის გარეშე დაესრულებინა. 

ანგარიშის მიხედვით, COVID-19 მნიშვნელოვნად იმოქმედებს ბაფის მომავალი წლის საქმიანობაზეც, რომლის შედეგების აღმოსაფხვრელად დაიგეგმება და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. აქვე აღნიშნულია, რომ COVID-19-ის გავლენის მიუხედავად, ბაფის ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში საფრთხე არ ემუქრება, რადგან ორგანიზაციას აქვს შესაბამისი ფინანსური რეზერვი. აგრეთვე, ბაფის ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტიაა წმინდა აქტივების ღირებულება და ლიკვიდობის მაღალი დონე. 

ბაფის სამომავლო სამოქმედო გეგმაში კი შედის განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის განვითარება და სრულყოფა. ბაფის წევრი აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების ხარისხის კონტროლის სისტემის განვითარებისა და სრულყოფის ხელშეწყობა, ასევე ბაფის წევრებთან სისტემატური მუშაობა, ეთიკის კოდექსისა და ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დაცვისა და პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით. 

რაც შეეხება სარევიზიო კომისიის ანგარიშს, მასში ბაფის საქმიანობა ყველა მიმართულებით დადებითად არის შეფასებული. 

რაც შეეხება დისკუსიას, ამჯერად ბაფის წევრები დისკუსიების ფორმატში დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ. შპს აუდიტური კონცერნი `ცოდნისას~ მმართველმა პარტნიორმა გიორგი ცერცვაძემ დასვა საკითხი, რომ კრება გაზაფხულის ნაცვლად წლის ბოლოს ჩატარდეს ხოლმე. ეს არ ეწინააღმდეგება ბაფის წესდებას. ამ წინადადებას ორგანიზაციის წევრები პოზიტიურად შეხვდნენ, ხოლო კონკრეტული გადაწყვეტილება _ ბაფის ახლად არჩეულმა გამგეობამ უნდა მიიღოს. 

საინტერესო აღმოჩნდა „ენ ბი აი აუთსორსინგ-კონსალტინგის“ აუდიტორის ნონა ხომერიკის გამოსვლა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ბაფის ავტორიტეტი შემცირდა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ზოგიერთი თანამშრომელი პროფესიული ორგანიზაციის დისკრედიტაციას ცდილობს. კონკრეტულად რას გულისხმობდა დისკრედიტაციის მცდელობაში, ჩვენ ეს კითხვა მას პირადად დავუსვით კრების შემდეგ: 

"1999 წლიდან, ბაფი პირველ ნაბიჯებს რომ დგამდა, მისი წევრი ვარ. ჩემთვის ბაფის წევრობა ყოველთვის ავტორიტეტული იყო. ამ პროფესიულ ორგანიზაციას ძალიან დიდი დამსახურება აქვს ამ პროფესიის განვითარებასა და წინსვლაში. ახლა, ვფიქრობ და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, `სარასი~ ცდილობს ბაფის დისკრედიტაციასა და კონკრეტული ორგანიზაციების წინ წამოწევას. საჭიროა ახალი გზების მოძიება, რათა მისი ავტორიტეტი გაიზარდოს, ამასთანავე არ ვთვლი, რომ ბაფის ავტორიტეტი მისი წევრების თვალშიც დაეცა, `სარასთან~ ურთიერთობების დროს კი ვგრძნობ ამას. მაგალითად, როდესაც ვეუბნები, რომ ხარისხის კონტროლში შემოვიყვან ბაფს, პროფესიულ ორგანიზაციას აუგად მოიხსენიებენ.

ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მით უმეტეს ისეთი პიროვნებების მხრიდან, რომლებიც ბაფმა `შექმნა~ (პროფესიულად). ყველაზე ვერ ვიტყვი, მსგავსი რამ პირადად ბატონი იურისგან (შენიშვნა: იგულისხმება იური დოლიძე, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი) არ მომისმენია, მაგრამ ის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია და თუ პრობლემა არსებობს, მან უნდა დაარეგულიროს, თუნდაც ის, როგორ იქცევიან მისი თანამშრომლები აუდიტური კომპანიების შემოწმებისას. ორგანიზაცია ყველა სუბიექტის მიმართ ობიექტური უნდა იყოს. ფაქტობრივად, პროფესიაში განათლების რეფორმას ბაფი აწესრიგებს, რაც საკმაოდ რთული თემაა. რთულია ამ პროგრამების მომზადება, ამის ორგანიზება, ამ ყველაფერს უამრავმა ადამიანმა თავი ვერ მოაბა. ბაფი რომ არ ყოფილიყო, დღეს არ გვეყოლებოდა ახალგაზრდა პროფესიონალი აუდიტორები. ამის ფონზე, როდესაც ხდება ბაფის დისკრედიტაცია, ეს ჩემთვის სრულებით მიუღებელია. ეს პოზიცია მინდოდა დამეფიქსირებინა კრებაზე~, _ განაცხადა ნონა ხომერიკმა. 

მან აღნიშნა, რომ პატარა აუდიტურ კომპანიებს ერთიანობის პრობლემა აქვთ და კომპანიებს, რომლებსაც ჯერ ხარისხის კონტროლი არ გაუვლიათ, ჰგონიათ, რომ მათ ეს პრობლემები არ შეეხებათ. 

`ბაზარზე იქმნება მონოპოლიური მდგომარეობა, დიდი ოთხეულის და მსხვილი საერთაშორისო აუდიტორული ფირმების ქსელების წარმომადგენლები არც მალავენ, რომ ჰყავთ 500-ლარიანი სტაჟიორები, რომლებიც მე-4 კატეგორიის ფორმებს უვსებენ. ამ შემთხვევაში რა უნდა ქნან მცირე და საშუალო კომპანიებმა? ეს საკითხი ზედამხედველობის სამსახურმა უნდა დაარეგულიროს. `სარასი~ ცდილობს, რომ ბევრი მაღალი კატეგორიის კომპანია არ იყოს და ეს ბაზარი როგორმე გაცხრილოს. ავტომატურად იქმნება მონოპოლიური მდგომარეობა. სამწუხაროდ, ვისაც არ აქვს ხარისხის კონტროლი გავლილი, ფიქრობს, რომ მათ ეს პროცესი არ შეეხებათ. ყველას შეეხება. საშუალო და მცირე აუდიტურ კომპანიებში ერთიანობა არ არის და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მცირე და საშუალო კომპანიები მალე გაქრებიან ბაზრიდან. ამ ფირმებს მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ სწორი რეგულაციებითა და დახმარებით. ვფიქრობ, ბაფი აუცილებლად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. ჩვენი პროფესიის უფრო მეტად გაერთიანებაა საჭირო, დაიგეგმოს მეტი შეხვედრები, რათა რამენაირად მოვახერხოთ ამ ტენდენციებთან საერთო ბრძოლა. კარგია ის, რომ შეიქმნა კომიტეტი, რომელიც პრობლემებს შეაგროვებს და შემდეგ განიხილავს. ბუნებრივია, ბაფი იქნება ლიდერი ამ პრობლემების გადაწყვეტაში. თუმცა ბაფი 6-10-კაციანი რესურსით ვერაფერს იზამს, თუ ამ პროცესებში ჩვენც აქტიურად არ ჩავერთვებით. თუკი თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ადგილი გვაქვს, თუკი თავად `სარასი~ არსებობს და რამე კარგი ხდება ამ პროფესიაში, ეს ყველაფერი ფედერაციის დამსახურება~, _ ამბობს ნონა ხომერიკი. 

სხვათა შორის, მცირე კომპანიები პრობლემების წინაშე რომ დგანან, ეს ბაფის ანგარიშშიც არის აღნიშნული. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ `მცირე პრაქტიკის მქონე აუდიტორული ფირმების პრობლემატიკა კვლავ აქტუალური რჩება და ბაფის ინიციატივით ბოლო პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს ამ ფირმების წარმომადგენლებთან ონლაინ შეკრებები და გზების ძიება მათი სამომავლო განვითარებისათვის~. 

ბაფ-ის მომდევნო 26-ე საერთო კრება გაისად ჩატარდება, სავარაუდოდ, წლის ბოლოს. მანამდე კი, პროფესიაში განათლების ხარისხის ამაღლებისა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციისათვის ხელშეწყობის კუთხით ორგანიზაციას საკმაოდ ბევრი სამუშაო ექნება ჩასატარებელი. 

მაკა ხარაზიშვილი