ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლების კომენტარები (III ნაწილი) - #12(252), 2020
დასასრული. დასაწყისი იხ. "ააფი", №№10(250)-11(251), 2020 წ. 

აღიარების შეწყვეტა 

„კონცეპტუალური საფუძვლების“ 5.26 და 5.27 მუხლები განმარტავს, თუ რას ნიშნავს აღიარების შეწყვეტა და შესაბამისი სააღრიცხვო მოთხოვნები: 

„5.26. აღიარების შეწყვეტა არის ყველა აღიარებული აქტივის ან ვალდებულების, ან მათი ნაწილის ამოღება საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებიდან. როგორც წესი, აღიარების შეწყვეტას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ეს ობიექტი აღარ აკმაყოფილებს აქტივის ან ვალდებულების განმარტებას: 

(ა) აქტივის აღიარება, როგორც წესი, მაშინ წყდება, როდესაც საწარმო კარგავს კონტროლს მთელ აღიარებულ აქტივზე ან მის ნაწილზე; და 

(ბ) ვალდებულების აღიარება, როგორც წესი, მაშინ წყდება, როდესაც საწარმოს აღარ აქვს მიმდინარე მოვალეობა აღიარებულ მთელ ვალდებულებასთან ან მის ნაწილთან დაკავშირებით. 

5.27. აღიარების შეწყვეტასთან დაკავშირებული სააღრიცხვო მოთხოვნები იმისთვისაა გამიზნული, რომ სამართლიანად იყოს წარდგენილი, როგორც: 

(ა) აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც რჩება აღიარების შეწყვეტის გამომწვევი ოპერაციის ან სხვა მოვლენის შემდეგ (მათ შორის აქტივი ან ვალდებულება რომელიც შეძენილი, აღებული ან შექმნილია ამ ოპერაციის ან სხვა მოვლენის ფარგლებში); ისე 

(ბ) საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილებები, რაც გამოწვეულია ამ ოპერაციით ან სხვა მოვლენით“. 

ზემოთ აღწერილი მიზნები, ჩვეულებრივ, მიიღწევა რამდენიმე პროცედურით: 

1) ისეთი აქტივების ან ვალდებულებების აღიარების შეწყვეტით, რომლის მოქმედების ვადა ამოიწურა, ან რომელიც გაიხარჯა, უკვე ამოღებულია/ანაზღაურებულია, შესრულებულია ან გადაცემულია და ასევე შესაბამისი შემოსავლისა და ხარჯების აღიარებით. ყველა ამგვარ აქტივსა და ვალდებულებას „კონცეპტუალური საფუძვლები“ მოიხსენიებს ტერმინით „გადაცემული კომპონენტი“; 

2) დარჩენილი აქტივების ან ვალდებულებების აღიარების გაგრძელებით, რომლის აღსანიშნავად „კონცეპტუალური საფუძვლებში“ გამოყენებულია ტერმინი „დარჩენილი კომპონენტი“. დარჩენილი კომპონენტი გახდება სააღრიცხვო ერთეული გადაცემული კომპონენტისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, გადაცემული კომპონენტის აღიარების შეწყვეტის შედეგად არანაირი შემოსავალი ან ხარჯები არ აღიარდება დარჩენილ კომპონენტთან დაკავშირებით, თუკი აღიარების შეწყვეტა არ იწვევს დარჩენილი კომპონენტისთვის დადგენილი, შეფასების მოთხოვნების ცვლილებას; 

3) სხვა პროცედურებით, როგორიცაა: 

(ი) დარჩენილი კომპონენტის განცალკევებით წარდგენა ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში; 

(იი) გადაცემული კომპონენტის აღიარების შეწყვეტის შედეგად აღიარებული შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებით წარდგენა ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში (ანგარიშგებებში); 

(იიი) ახსნა-განმარტებითი ხასიათის ინფორმაციის მიწოდება. 

ყურადღებას ვამახვილებთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, კერძოდ, „კონცეპტუალური საფუძვლების“ წინა ვერსია შეიცავდა ასეთ 4.50 მუხლს (რომლის ანალოგს ახლანდელი ვერსია არ შეიცავს): 

„საწარმოს მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში ხარჯების აღიარება ხდება მაშინ, თუ დანახარჯების გაწევისა და შემოსავლების ცალკეული მუხლების მიღების პროცესებს შორის არსებობს პირდაპირი კავშირი. ეს არის ამონაგებისა და დანახარჯების შესაბამისობის პრინციპი. იგი გულისხმობს ერთი და იგივე სამეურნეო ოპერაციით, ან მოვლენით გამოწვეული ხარჯებისა და ამონაგების ერთდროულ აღიარებას. მაგალითად, გაყიდული საქონლის თვითღირებულების შემადგენელი სხვადასხვა სახის ხარჯი აღიარდება მაშინვე, როგორც კი საწარმო მიიღებს შემოსავალს მოცემული პროდუქციის გაყიდვიდან“. 

მიუხედავად იმისა, რომ „კონცეპტუალური საფუძვლების“ ბოლო ანუ ახლანდელი ვერსია ასეთ დებულებას აღარ შეიცავს, მიგვაჩნია, რომ მისი სხვა დებულებებიდან გამომდინარე, ეს პრინციპი კვლავ ძალაშია. შესაბამისად, გაწეული კონკრეტული დანახარჯი უნდა აღიარდეს ხარჯის სახით მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში მხოლოდ მაშინ, თუ ის ან არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტული შემოსავლის მიღებასთან (ზოგადი სახის დანახარჯია), ან ის დაკავშირებულია იმ შემოსავლის მიღებასთან, რომელიც აღიარდება შემოსავლად იმავე პერიოდის მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში (სხვა შემთხვევაში ის აღიარდება „წინასწარ გაწეულ ხარჯებად“ და აისახება აქტივის სახით საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში). აღნიშნულის საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: 

მაგალითი 5. საშუამავლო ფირმამ გაუწია მომსახურება საწარმოს მისი პროდუქციის მყიდველის მოძიებაში საზღვარგარეთ. საშუამავლო ფირმის მეშვეობით დეკემბერში გაფორმდა ხელსაყრელი კონტრაქტი საწარმოსა და დამკვეთს შორის პროდუქციის მიწოდებაზე, რის შედეგად საშუამავლო ფირმის მომსახურება ჩაითვალა დასრულებულად და გამოიწერა შესაბამისი ინვოისი (ანგარიში). აღნიშნული მომსახურება საწარმოსათვის, ზოგადად, ხარჯია, რომელიც ფაქტობრივად გაწეულია. მაგრამ შესაძლებელია, რომ 1 იანვრის მდგომარეობით საწარმოს ჯერ არ ჰქონდეს პროდუქცია გადატვირთული დამკვეთისათვის. სხვა სიტყვებით, გაწეული ხარჯების შესაბამისი ამონაგების მიღება მოსალოდნელია მომავალში. ასეთ შემთხვევაში მოგება-ზარალის ანგარიშგებაში ხარჯის აღიარება არ მოხდება. სანაცვლოდ, უნდა მოხდეს წინასწარ გაწეული ხარჯის, როგორც აქტივის, აღიარება საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში (ბალანსში). 

თუ ეკონომიკური სარგებლის შემოსვლა საწარმოში მოსალოდნელია რამდენიმე საანგარიშგებო პერიოდის მანძილზე და ხარჯების შესაბამისობის დადგენა შემოსავლებთან მხოლოდ არაპირდაპირ არის შესაძლებელი (მაგალითად, ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების შეძენაზე გაწეული ხარჯები), მაშინ ხარჯების აღიარება და ასახვა მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში უნდა მოხდეს ნაწილ-ნაწილ, ნორმატიული განაწილების პრინციპით (ცვეთის ან ამორტიზაციის ხარჯების სახით). რა თქმა უნდა, განაწილება უნდა მოხდეს იმ საანგარიშგებო პერიოდების მანძილზე, როდესაც მოსალოდნელია შესაბამისი ეკონომიკური სარგებლის მიღება. მაგალითად, თუ რამე საავტორო უფლებას შეუძლია სარგებლის მოტანა 5 წლის მანძილზე, მაშინ მისი ამორტიზაციის ხარჯებიც 5 წლის მანძილზე უნდა იქნეს გადანაწილებული. 

შეფასება 

ფინანსური ანგარიშგების ელემენტების აღიარების პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული მათი სიდიდების განსაზღვრის პროცესთან, ანუ შეფასებასთან. ამისათვის საჭიროა შეფასების საფუძვლის შერჩევა. ამასთან, რიგი გარემოებები განაპირობებს განსხვავებული შეფასების საფუძვლის შერჩევას განსხვავებული აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლებისა და ხარჯებისთვის. „კონცეპტუალური საფუძვლების“ 6.1 მუხლის მიხედვით: 

„შეფასების საფუძველი არის შესაფასებელი ობიექტის რაიმე იდენტიფიცირებული ნიშან-თვისება, მაგალითად პირვანდელი ღირებულება, რეალური ღირებულება ან შესრულების ღირებულება. აქტივის ან ვალდებულების მიმართ შეფასების საფუძვლის გამოყენებით მიიღება ამ აქტივის ან ვალდებულების და დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების გარკვეული მაჩვენებელი“. 

შეფასების საფუძვლები იყოფა ორ ნაწილად: პირვანდელი ღირებულება და მიმდინარე ღირებულება. „კონცეპტუალური საფუძვლების“ 6.4 და 6.5 მუხლების თანახმად: 

„6.4. პირვანდელი ღირებულების მაჩვენებლები აქტივების, ვალდებულებებისა და დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ გვაძლევს ფულად ღირებულებაში გამოხატულ ინფორმაციას ისეთი ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც, ნაწილობრივ მაინც, მიღებულია გარიგების ფასიდან ან სხვა მოვლენიდან, რომელმაც განაპირობა მათი წარმოშობა. მიმდინარე ღირებულებისგან განსხვავებით, პირვანდელი ღირებულება არ ასახავს ღირებულების ცვლილებებს, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ცვლილებები დაკავშირებულია აქტივის გაუფასურებასთან, ან ცვლილებების გამო ვალდებულება ხდება ზარალიანი... 

6.5. აქტივის შეძენისას ან შექმნისას მისი პირვანდელი ღირებულება არის აქტივის შესაძენად ან შესაქმნელად გაწეული დანახარჯები, რომლებიც მოიცავს მის შესაძენად ან შესაქმნელად გადახდილ ანაზღაურებას გარიგების დანახარჯების ჩათვლით. ვალდებულების აღების ან მიღებისას მისი პირვანდელი ღირებულება არის ვალდებულების ასაღებად ან მისაღებად მიღებული ანაზღაურების ღირებულება გარიგების დანახარჯების გამოკლებით“. 

მაგალითად, ვთქვათ, საწარმომ ბარტერული გარიგებით შეიძინა ახალი ძირითადი საშუალება – ავტომობილი, რომლის სანაცვლოდ გადაცემული საქონლის რეალური ღირებულებაა 50000 ლარი. მაშინ ამ ავტომობილის პირვანდელი ღირებულება იქნება 50000 ლარი.
 
სხვა მაგალითი: საწარმოს 2020 წლის ოქტომბერში წარმოექმნა კრედიტორული დავალიანება უცხოელი მიმწოდებლის წინაშე 2000 აშშ დოლარის ოდენობით, როცა კურსი იყო 1USD=3.20 ლარი. შესაბამისად, ამ ვალდებულების პირვანდელი ღირებულებაა 6400 ლარი. 

6.9 მუხლის მიხედვით, ფინანსური აქტივებისა და ფინანსური ვალდებულებების შეფასების საფუძვლად პირვანდელი ღირებულების გამოყენების ერთ-ერთი მეთოდს წარმოადგენს მათი შეფასება ამორტიზებული ღირებულებით. ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების ამორტიზებული ღირებულება ასახავს მომავალი ფულადი ნაკადების შეფასებებს, რომლებიც დისკონტირებულია თავდაპირველი აღიარებისას განსაზღვრული განაკვეთით. ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების ამორტიზებული ღირებულება დროთა განმავლობაში განახლდება შემდგომი ცვლილებების ასახვის მიზნით, როგორიცაა პროცენტის დარიცხვა, ფინანსური აქტივის გაუფასურება და მიღებული ან გადახდილი ანაზღაურება. 

აქტივის ან ვალდებულების პირვანდელი ღირებულებით შეფასების შედეგად მიღებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში შესაბამისია ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებისთვის, რადგან პირვანდელი ღირებულების განსაზღვრისთვის ისეთი ინფორმაცია გამოიყენება, რომელიც, ნაწილობრივ მაინც, მიღებულია გარიგების ფასიდან ან სხვა მოვლენიდან, რომელმაც განაპირობა აქტივის ან ვალდებულების წარმოშობა. 

რაც შეეხება მიმდინარე ღირებულებას, 6.10 მუხლის თანახმად: 

„6.10. მიმდინარე ღირებულების მაჩვენებლები აქტივების, ვალდებულებებისა და დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ გვაძლევს ფულად ღირებულებაში გამოხატულ ინფორმაციას ისეთი ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც განახლებულია შეფასების თარიღისთვის არსებული პირობების ასახვის მიზნით. განახლების გამო, აქტივებისა და ვალდებულებების მიმდინარე ღირებულებები ასახავს ადრინდელი შეფასების თარიღის შემდეგ ფულადი ნაკადების შეფასებებში მომხდარ ცვლილებებს და ასევე სხვა ფაქტორების ცვლილებებს, რომლებიც ასახულია მიმდინარე ღირებულებებში (იხ. პუნქტები 6.14–6.15 და 6.20). პირვანდელი ღირებულებისგან განსხვავებით, აქტივის ან ვალდებულების მიმდინარე ღირებულება არ განისაზღვრება ისეთი ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც, ნაწილობრივ მაინც, მიღებულია გარიგების ფასიდან ან სხვა მოვლენიდან, რომელმაც განაპირობა ამ აქტივის ან ვალდებულების წარმოშობა“. 

მიმდინარე ღირებულების შეფასების საფუძვლებია: 

– რეალური ღირებულება; 

– აქტივებისთვის – გამოყენების ღირებულება და ვალდებულებებისთვის – შესრულების ღირებულება; და 

– მიმდინარე ღირებულება. 

ისინი განსაზღვრულია „კონცეპტუალური საფუძვლების“ 6.12-6.22 მუხლებით. 

რეალური ღირებულება 

„6.12. რეალური ღირებულება არის ფასი, რომელიც მიღებული იქნებოდა აქტივის გაყიდვიდან ან გადახდილი იქნებოდა ვალდებულების გადაცემისას, ბაზრის მონაწილეებს შორის შეფასების თარიღისთვის ნებაყოფლობით განხორციელებული ოპერაციის დროს“. 

რეალური ღირებულებით შეფასებისას, აქტივი ან ვალდებულება ფასდება იმავე დაშვებების გამოყენებით, რომლებსაც ბაზრის მონაწილეები გამოიყენებდნენ აქტივის ან ვალდებულების ფასის დადგენისას იმ შემთხვევაში, თუ იმოქმედებდნენ საკუთარი ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად. ამ დროს მხედველობაში მიიღება მხოლოდ ისეთი გარიგებები, რომლებიც ხორციელდება ე.წ. „გაშლილი ხელის პრინციპის“ დაცვით – საქმის მცოდნე, გარიგების მსურველ და ურთიერთდამოუკიდებელ მხარეებს შორის. 

6.14 მუხლის მიხედვით, ზოგ შემთხვევაში, რეალური ღირებულების განსაზღვრა პირდაპირ არის შესაძლებელი აქტიური ბაზრის ემპირიული (დაკვირვებადი) ფასების მეშვეობით. სხვა შემთხვევაში არაპირდაპირ განისაზღვრება გარკვეული შეფასების მეთოდების, მაგალითად ფულად ნაკადებზე დაფუძნებული შეფასების მეთოდების გამოყენებით. 

6.16 მუხლის მიხედვით, „ვინაიდან რეალური ღირებულება არ განისაზღვრება ისეთი ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც, ნაწილობრივ მაინც, მიღებულია გარიგების ფასიდან ან სხვა მოვლენიდან, რომელმაც განაპირობა აქტივის ან ვალდებულების წარმოშობა, რეალური ღირებულება არ იზრდება აქტივის შეძენისას გაწეული გარიგების დანახარჯებით და არ მცირდება ვალდებულების აღების ან მიღებისას გაწეული გარიგების დანახარჯებით. გარდა ამისა, რეალური ღირებულება არ ასახავს არც გარიგების ისეთ დანახარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია აქტივის საბოლოო გასვლასთან, ანდა ვალდებულების გადაცემასთან ან დაფარვასთან“. 

აღსანიშნავია, რომ აქტივის პირვანდელი ღირებულება შეიძლება აქტივის შეძენისთანავე განსხვავდებოდეს მისი რეალური ღირებულებისაგან, თანაც საგრძნობლად! 

მაგალითი 6. საწარმომ ერთი და იმავე დროითი პერიოდის განმავლობაში, ერთი და იგივე პროექტით, მასალებითა და კვალიფიკაციის მუშახელით თბილისში ააშენა ორი საოფისე შენობა შემდგომი გაქირავების მიზნით: პირველი -ავლაბარში, საპრეზიდენტო რეზიდენციის გვერდით, ხოლო მე-2 -ლილოს დასახლებაში. ორივე შენობის აშენება დამთავრდა 2019 წლის 30 ივნისს. 

აშკარაა, რომ ამ ორი შენობის (მიწის გარდა) პირვანდელი ღირებულება თითქმის ერთი და იგივე იქნება - ეს არის მშენებლობის თვითღირებულება (შეიძლება ლილოს საოფისე შენობის მიმდინარე ღირებულება ოდნავ მეტიც კი იყოს, მასალების გადაზიდვისას სატრანსპორტო ხარჯების მეტობის გამო), მათი რეალური ღირებულებები კი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულია. პირველი შენობის საბაზრო ფასი, სავარაუდოდ, მის პირვანდელ ღირებულებაზე მინიმუმ ორჯერ მეტი იქნება, ხოლო მეორე შენობის საბაზრო ფასი შეიძლება მის პირვანდელ ღირებულებას დიდად არც აღემატებოდეს. 

გამოყენების ღირებულება და შესრულების ღირებულება 

„6.17. გამოყენების ღირებულება არის ფულადი ნაკადების ან სხვა ეკონომიკური სარგებლის დღევანდელი ღირებულება, რომლის მიღებასაც საწარმო მოელის აქტივის გამოყენებიდან და მისი საბოლოო გასვლიდან. შესრულების ღირებულება არის ფულადი სახსრების ან სხვა ეკონომიკური სარგებლის დღევანდელი ღირებულება, რომლის გადაცემის აუცილებლობასაც საწარმო ვარაუდობს ვალდებულების შესრულებისას...“. 

6.18 მუხლის მიხედვით, „ვინაიდან გამოყენების ღირებულება და შესრულების ღირებულება მომავალ ფულად ნაკადებს ეყრდნობა, ისინი არ ითვალისწინებს აქტივის შესაძენად ან ვალდებულების ასაღებად გაწეულ გარიგების დანახარჯებს. თუმცა, გამოყენების ღირებულება და შესრულების ღირებულება მოიცავს გარიგების ისეთი დანახარჯების დღევანდელ ღირებულებას, რომლის გაწევასაც საწარმო მოელის აქტივის საბოლოო გასვლასთან, ან ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით“. 

გამოყენების ღირებულება და შესრულების ღირებულება ბაზრის მონაწილეთათვის მისაღებ დაშვებებს კი არ ასახავს, არამედ ასახავს კონკრეტული საწარმოსთვის დამახასიათებელ დაშვებებს. თუმცა, პრაქტიკაში, შესაძლოა, ზოგჯერ მათ შორის განსხვავებები მცირედი იყოს. 

შეუძლებელია გამოყენების ღირებულება და შესრულების ღირებულება უშუალოდ იყოს ემპირიული (დაკვირვებადი) – ისინი განისაზღვრება ფულად ნაკადებზე დაფუძნებული შეფასების მეთოდებით. გამოყენების ღირებულება და შესრულების ღირებულება იგივე ფაქტორებს ითვალისწინებს, რასაც რეალური ღირებულება, მაგრამ მხოლოდ ამა თუ იმ საწარმოს სპეციფიკური თვალთახედვიდან და არა ბაზრის მონაწილეთა პოზიციიდან. 

მიმდინარე ღირებულება 

„6.21. აქტივის მიმდინარე ღირებულება არის ეკვივალენტური აქტივის თვითღირებულება შეფასების თარიღისთვის, რომელიც მოიცავს ანაზღაურებას, რომელიც გადახდილი იქნებოდა შეფასების თარიღისთვის და ასევე გარიგების იმ დანახარჯებს, რომლებიც გაწეული იქნებოდა ამ თარიღისთვის. ვალდებულების მიმდინარე ღირებულება არის ანაზღაურება, რომელიც მიღებული იქნებოდა ეკვივალენტური ვალდებულებისთვის შეფასების თარიღისთვის, გარიგების იმ დანახარჯების გამოკლებით, რომლებიც გაწეული იქნებოდა ამ თარიღისთვის. მიმდინარე ღირებულება, პირვანდელი ღირებულების მსგავსად არის შემოსვლის ღირებულება: იგი ასახავს იმ ბაზრის ფასს, სადაც საწარმო შეიძენდა ამ აქტივს ან აიღებდა ამ ვალდებულებას. მაშასადამე, მიმდინარე ღირებულება განსხვავდება რეალური ღირებულებისგან, გამოყენების ღირებულებისა და შესრულების ღირებულებისგან, რომლებიც გვიჩვენებს გასვლის ფასებს. თუმცა, მიმდინარე ღირებულება, პირვანდელი ღირებულებისგან განსხვავებით, ასახავს შეფასების თარიღისთვის არსებულ პირობებს“. 

ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია მიმდინარე ღირებულების პირდაპირ განსაზღვრა აქტიური ბაზრის ფასების მეშვეობით და უნდა განისაზღვროს არაპირდაპირ სხვა საშუალებებით. მაგალითად, თუ ფასები ხელმისაწვდომია მხოლოდ ახალი აქტივების შესახებ, ექსპლუატაციაში უკვე მყოფი აქტივის მიმდინარე ღირებულება უნდა შეფასდეს ახალი აქტივის მიმდინარე ფასის კორექტირებით, რათა აისახოს საწარმოს განკარგულებაში მყოფი აქტივის მიმდინარე ასაკი და მდგომარეობა. 

მაგალითად, ვთქვათ, საწარმომ იანვარში შეიძინა ახალი მოდელის მობილური ტელეფონის აპარატი 800 ლარად. წლის ბოლოსათვის მობილური ტელეფონები გაიაფდა და ისეთივე აპარატის შეძენა შესაძლებელია 500 ლარად, ხოლო ექსპლუატაციაში ნამყოფი ამ კონკრეტული მოდელის მობილური ტელეფონების გაყიდვის ფასები უცნობია. ასეთ შემთხვევაში საწარმოს მიერ შეძენილი მობილური ტელეფონის აპარატის მიმდინარე ღირებულება წლის ბოლოს იქნება 500 ლარი, დაკორექტირებული (შემცირებული) მობილური ტელეფონის ფაქტობრივი ცვეთის ამსახველი რაღაც X ლარით. 

შესაძლოა ვინმეს ეგონოს, რომ რეალური და მიმდინარე ღირებულებები ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. მაგალითად, ვთქვათ, საწარმომ ოქტომბერში ჩამოიყვანა ძვირადღირებული ავტომობილი საზღვარგარეთიდან. თუ წლის ბოლომდე მიმწოდებლის ფასი, აგრეთვე იმპორტზე საბაჟო გადასახადები არ შეცვლილა, ამიტომ ამ ავტომობილის მიმდინარე ღირებულება იგივე იქნება, რაც პირვანდელი ღირებულება. თუმცა, გარემოებათა გამო, მისი გაყიდვა რეალურად შესაძლებელია უფრო ძვირ ფასში, ვიდრე შეძენა დაჯდა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ავტომობილის რეალური ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მისი მიმდინარე ღირებულება. 
ფინანსური ანგარიშგების მომზადების დროს უფრო ხშირად გამოიყენება პირვანდელი ღირებულების მეთოდი, თუმცა ზოგჯერ ამ მეთოდის გამოყენება ხდება სხვა მეთოდებთან ერთობლივად. მაგალითად, მარაგის აღრიცხვა ხდება პირვანდელ ღირებულებასა და ნეტო-სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი ღირებულებით.

ინფლაციური პროცესების დროს ხშირად გამოიყენება მიმდინარე ღირებულების მეთოდები, რადგან ამ დროს პირვანდელი ღირებულება ვერ გვიჩვენებს არაფულადი აქტივების ფასების ცვლილების შედეგებს. 

საკუთარი კაპიტალის შეფასება 

„6.87. საკუთარი კაპიტალის მთლიანი საბალანსო ღირებულების (მთლიანი საკუთარი კაპიტალი) შეფასება არ ხდება პირდაპირ. იგი ტოლია ყველა აღიარებული აქტივის საბალანსო ღირებულებების ჯამს გამოკლებული ყველა აღიარებული ვალდებულების საბალანსო ღირებულებების ჯამი. 

6.88. ვინაიდან საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება საწარმოს ღირებულების საჩვენებლად არ არის განკუთვნილი, საკუთარი კაპიტალის მთლიანი საბალანსო ღირებულება, როგორც წესი, ტოლი არ იქნება: 

(ა) საწარმოსთან დაკავშირებული წილობრივი მოთხოვნების აგრეგირებული საბაზრო ღირებულების; 

(ბ) იმ თანხის, რომელიც მიიღებოდა ფუნქციონირებადი საწარმოს საფუძველზე მთლიანი საწარმოს გაყიდვის შედეგად; ან 

(გ) იმ თანხის, რომელიც მიიღებოდა საწარმოს ყველა აქტივის გაყიდვისა და ყველა მისი ვალდებულების დაფარვის შედეგად“. 

ფულად ნაკადებზე დაფუძნებული შეფასების მეთოდები 

„6.91. გარკვეულ შემთხვევებში შეუძლებელია ამა თუ იმ მაჩვენებელზე უშუალოდ დაკვირვება. ზოგჯერ ასეთ შემთხვევაში, ამგვარი მაჩვენებლის შეფასების განსაზღვრის ერთ ერთი საშუალებაა ფულად ნაკადებზე დაფუძნებული შეფასების მეთოდების გამოყენება. ამგვარი მეთოდები შეფასების საფუძვლები არ არის, არამედ მეთოდებია, რომლებიც გამოიყენება ამა თუ იმ შეფასების საფუძვლის გამოსაყენებლად. მაშასადამე, მსგავსი მეთოდების გამოყენებისას აუცილებელია იმის დადგენა, შეფასების რომელი მეთოდი გამოიყენება და რამდენად ასახავს ეს მეთოდი შეფასების მოცემული საფუძვლისთვის შესაფერის ფაქტორებს. მაგალითად, თუ შეფასების საფუძველი რეალური ღირებულებაა, შესაფერისი ფაქტორები იქნება 6.14 პუნქტში მითითებული ფაქტორები“. 

კაპიტალისა და კაპიტალის შენარჩუნების კონცეფციები 

არსებობს კაპიტალის ორი კონცეფცია: ფინანსური და ფიზიკური. საწარმოთა დიდი უმრავლესობა ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას კაპიტალის ფინანსურ კონცეფციას იყენებს. როგორც „კონცეპტუალური საფუძვლების“ 8.1 მუხლშია განმარტებული: 

„კაპიტალის ფინანსური კონცეფციის თანახმად, კაპიტალი როგორც ინვესტირებული ფული ან ინვესტირებული მსყიდველობითი უნარი, გაიგივებულია საწარმოს ნეტო აქტივებთან ან საკუთარ კაპიტალთან. კაპიტალის ფიზიკური კონცეფციის მიხედვით კი (რომელიც კაპიტალში საწარმოს საოპერაციო სიმძლავრეს გულისხმობს), კაპიტალად მიიჩნევა საწარმოო სიმძლავრე, რომელიც განისაზღვრება, მაგალითად პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) დღიური გამომუშავებით“. 

როგორც 8.2 მუხლშია აღნიშნული, „საწარმოს მიერ კაპიტალის შესაბამისი კონცეფციის შერჩევა უნდა გამომდინარეობდეს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა მოთხოვნილებებიდან. ასე მაგალითად, კაპიტალის ფინანსური კონცეფცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები ძირითადად დაინტერესებულნი არიან ნომინალური დაბანდებული კაპიტალის, ან დაბანდებული კაპიტალის მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებით. ხოლო თუ მომხმარებელს ძირითადად აინტერესებს საწარმოს მიმდინარე სიმძლავრე, მაშინ გამოყენებულ უნდა იქნეს კაპიტალის ფიზიკური კონცეფცია. საწარმოს მიერ შერჩეული კონცეფცია მიუთითებს იმ მიზანს, რომელსაც ყურადღება ექცევა მოგების განსაზღვრისას, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონცეფციის პრაქტიკულ გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს გარკვეული სიძნელეები, შეფასებასთან დაკავშირებით“. 

კაპიტალის კონცეფციებს შეესაბამებათ კაპიტალის ფინანსური და ფიზიკური შენარჩუნების კონცეფციები, რომლებიც განმარტებულია „კონცეპტუალური საფუძვლების“ 8.3 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებში: 

„ა) კაპიტალის ფინანსური შენარჩუნების კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად, საწარმოს მიერ მოგების აღიარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნეტო აქტივების ფულადი ღირებულება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აღემატება ნეტო აქტივების ფულად ღირებულებას საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისთვის, რომელიც რჩება მოცემულ პერიოდში კაპიტალის ყოველნაირი გადანაწილებისა და მესაკუთრეთა მიერ განხორციელებული, ყოველგვარი დამატებითი შენატანების გამოქვითვის შემდეგ. ფინანსური კაპიტალის შენარჩუნება იზომება ნომინალურ ფულად ერთეულებში, ან მუდმივი მსყიდველობითუნარიანობით; 

ბ) კაპიტალის ფიზიკური შენარჩუნების კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად, საწარმოს მიერ მოგების აღიარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საწარმოს ფიზიკური მწარმოებლურობა (ან მიმდინარე სიმძლავრე) აღემატება საწარმოს მწარმოებლურობას (ან რესურსებს ან სახსრებს, რომელიც საჭიროა მიმდინარე სიმძლავრის მისაღწევად) საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში, რომელიც რჩება მოცემულ პერიოდში კაპიტალის ყოველნაირი გადანაწილებისა და მესაკუთრეთა მიერ განხორციელებული ყოველგვარი დამატებითი შენატანების გამოქვითვის შედეგად“. 

ზემოთ მოყვანილი განმარტებიდან ჩანს, რომ კაპიტალის ფინანსური შენარჩუნების კონცეფციის ორი ვარიანტი არსებობს: ნომინალური ფინანსური კაპიტალის შენარჩუნების და რეალური ფინანსური კაპიტალის შენარჩუნების. მათ შორის განსხვავებებზე ქვემოთ გვექნება საუბარი. იმისდა მიხედვით, რომელი კონცეფციის მომხრეა საწარმო, სხვადასხვა იქნება მისი მოგება. 
კაპიტალის ფიზიკური შენარჩუნების კონცეფციის გამოყენების დროს სააღრიცხვო შეფასებების საფუძვლად აღებული უნდა იქნას მიმდინარე ღირებულება, ხოლო კაპიტალის ფინანსური შენარჩუნების კონცეფცია არ მოითხოვს შეფასების რომელიმე განსაკუთრებული მეთოდის გამოყენებას, რადგან ამ შემთხვევაში შეფასების საფუძვლების არჩევა დამოკიდებულია ფინანსური კაპიტალის ტიპზე, რომლის შენარჩუნებაც აინტერესებს საწარმოს. 
კაპიტალის შენარჩუნების თითოეულ კონცეფციაში მთავარია ის, თუ როგორ განსაზღვრავს კომპანია (საწარმო) კაპიტალს, რომელიც უნდა იყოს შენარჩუნებული. კაპიტალის შენარჩუნების აღნიშნულ ორ კონცეფციას შორის პრინციპული სხვაობა საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების ფასების ცვლილებების შედეგების ასახვის წესში მდგომარეობს. ზოგადად, საწარმოს კაპიტალი ითვლება შენარჩუნებულად, თუ მას საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ექნება იგივე რაოდენობის კაპიტალი, რაც პერიოდის დასაწყისში. ნებისმიერი მეტობა საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის არსებულ იმ კაპიტალის სიდიდეზე, რომლის შენარჩუნებაც მოითხოვება, ითვლება საწარმოს მოგებად. 

„კონცეპტუალური საფუძვლების“ 8.7 მუხლის მიხედვით, კაპიტალის ფინანსური შენარჩუნების კონცეფციის შესაბამისად, როცა კაპიტალი შეფასებულია ნომინალურ ფულად ერთეულებში, მოგება წარმოადგენს საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ნომინალური ფულადი კაპიტალის ზრდას. ამ შემთხვევაში საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საწარმოს კუთვნილ აქტივებზე ფასების ზრდა (მაგალითად, მიწის გაძვირება) ითვლება შემოსულობად ანუ მოგებად (თუმცა, მოგების აღიარება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში არ შეიძლება მანამ, სანამ არ მოხდება ამ აქტივების გასვლა გაცვლითი ოპერაციის საფუძველზე); ხოლო როცა კაპიტალი შეფასებულია ფულის მუდმივი მსყიდველობითუნარიანობით, მოგება წარმოადგენს საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ინვესტირებული მსყიდველობითი უნარის ზრდას. ამ შემთხვევაში, მოგებად ჩაითვლება მხოლოდ აქტივების ფასის ზრდის ის ნაწილი, რომელიც აღემატება ფასების საერთო დონის ზრდას. აქტივების ფასების ზრდიდან მიღებული ნამეტი ღირებულების დარჩენილი ნაწილი ითვლება კაპიტალის შენარჩუნების კორექტირების თანხად და შესაბამისად, კაპიტალის ნაწილად. 

მაგალითი 7. საწარმოს წლის დასაწყისში ჰქონდა 100000 ლარი. სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების შედეგად, წლის ბოლოს ამ თანხამ მიაღწია 115000 ლარს, რამე ვალდებულებების წარმოქმნისა და მესაკუთრეთა მხრიდან დამატებითი შენატანების განხორციელების გარეშე. წლის განმავლობაში ქვეყანაში იყო 10%-იანი ინფლაცია. 

ამ შემთხვევაში, ნომინალური ფინანსური კაპიტალის შენარჩუნების კონცეფციის თანახმად, მიღებულია მოგება 15000 ლარი; რეალური ფინანსური კაპიტალის შენარჩუნების კონცეფციის მიხედვით კი, მოგება მხოლოდ 5000 ლარია, რადგან მხედველობაში მიიღება ფულის მსყიდველობითი უნარის გაუფასურება 10%-ით. ფულადი თანხის დანარჩენი ნამეტი კაპიტალის ნაწილად განიხილება. 

„კონცეპტუალური საფუძვლების“ 8.8 მუხლის მიხედვით, კაპიტალის ფიზიკური შენარჩუნების კონცეფციის შესაბამისად, როდესაც კაპიტალი განმარტებულია როგორც ფიზიკური მწარმოებლურობა, მოგება წარმოადგენს საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში კაპიტალის ზრდის სიდიდეს. ამ შემთხვევაში ფასების ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს საწარმოს აქტივებსა და ვალდებულებებზე, ითვლება საწარმოს ფიზიკური მწარმოებლურობის შეფასებაში მომხდარ ცვლილებად და ამიტომ განიხილება კაპიტალის შენარჩუნების კორექტირებად და არა მოგებად. 

მოვიყვანოთ მაგალითი, რომელიც თვალსაჩინოს გახდის განსხვავებას კაპიტალის შენარჩუნების ორ კონცეფციას შორის: 

მაგალითი 8. 2018 წლის 31 დეკემბერს დაფუძნდა ახალი ფირმა შპს "ავტოიმპორტი-2018", რომლის დამფუძნებლებმა მის საწესდებო კაპიტალში შეიტანეს 100000 ევრო. ახალი ფირმის საქმიანობაა ავტომანქანებით ვაჭრობა. საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხიდან შეძენილი იქნა სამი X მოდელის ახალი ავტომანქანა. თითოეულის ნასყიდობის ფასი იყო 30000 ევრო, სულ – 90000 ევრო. შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისისთვის შპს `ავტოიმპორტ 2018~-ს ჰქონდა 90000 ევროს საქონელი და 10000 ევრო ფული. 

2019 წლის განმავლობაში ეს 3 ავტომანქანა გაიყიდა 150000 ევროდ. 2019 წლის ბოლოს, როცა სამივე ავტომანქანა გაყიდული იქნა, შპს "ავტოიმპორტ-2018"-მა შემდგომი გაყიდვებისთვის კვლავ შეიძინა სამი ზუსტად იმავე X მოდელის ახალი ავტომანქანა, თუმცა ამჯერად მათი ნასყიდობის ფასი იყო 3*40000 ევრო=120000 ევრო. შესაბამისად, 2019 წლის ბოლოსათვის შპს `ავტოიმპორტ 2015~-ს ჰქონდა 120000 ევროს საქონელი და 40000 ევრო ფული. დავუშვათ, რომ ევროს გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში 2019 წლის განმავლობაში არ შეცვლილა და ინფლაცია იყო 0-ის ტოლი.
 
კაპიტალის ფინანსური შენარჩუნების კონცეფციის თანახმად, შპს `ავტოიმპორტ 2018~-მა 2019 წელს მიიღო 150000-90000=60000 ევროს ტოლი მოგება. 

კაპიტალის ფიზიკური შენარჩუნების კონცეფციის თანახმად კი, 2019 წლის მოგება შპს `ავტოიმპორტ 2018~-ისთვის 30000 ევროს ტოლია, რადგან მას 2019 წლის ბოლოს აქვს ზუსტად იგივე საქონელი, რაც ამ წლის დასაწყისში ჰქონდა, ფულის ოდენობა წლის ბოლოს (40000 ევრო) კი 30000 ევროთი მეტია წლის დასაწყისში არსებულ ფულად ნაშთზე (10000 ევროზე). 

შეფასების საფუძვლისა და, შესაბამისად, კაპიტალის შენარჩუნების კონცეფციის შერჩევა განსაზღვრავს მოცემულ საწარმოში გამოყენებულ სააღრიცხვო მოდელს, რომლის მიხედვითაც მზადდება ფინანსური ანგარიშგება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საწარმოთა უმეტესობა ფინანსური ანგარიშგების მომზადების დროს ხელმძღვანელობს კაპიტალის ფინანსური შენარჩუნების კონცეფციით, მისი ნომინალური ფინანსური კაპიტალის შენარჩუნების მოდიფიკაციით (ამის მიზეზი, ალბათ, ფინანსური შედეგების აღქმის სიმარტივეა კაპიტალის ფიზიკური შენარჩუნების კონცეფციასთან შედარებით): 

მოგება = [წლის ბოლოს საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულება] შემცირებული [წმინდა აქტივების ღირებულებით წლის დასაწყისში], დაკორექტირებული [მესაკუთრეებისათვის განაწილებული დივიდენდებითა და კაპიტალის ზრდის ან შემცირების ოპერაციებით]. 

საყურადღებოა „კონცეპტუალური საფუძვლების“ 8.10 მუხლი, რომლის მიხედვით: 

„8.10. აქტივებისა და ვალდებულებების გადაფასების, ან გადაანგარიშების პროცესი იწვევს საკუთარი კაპიტალის შესაბამის ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალის ცვლილება (ზრდა ან შემცირება) თავსებადია შემოსავლებისა და ხარჯების ცნებასთან, იგი არ აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, კაპიტალის შენარჩუნების ზოგიერთი კონცეფციის თანახმად. ამიტომ ეს თანხები საკუთარი კაპიტალის შემადგენლობაში აღირიცხება, როგორც კაპიტალის შენარჩუნების კორექტირება ან, როგორც გადაფასების რეზერვი“. 

ამით ჩვენ ვამთავრებთ „ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლების“ გაცნობას. ჟურნალის შემდგომ ნომრებში დაგეგმილია ფინანსური ანგარიშგების სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტების განხილვა.  
გიორგი ცერცვაძე

დანართი 

ტერმინების განმარტება 

შემდეგი ტერმინების განმარტებები პირდაპირ ამოღებულია ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლების შესაბამისი პუნქტებიდან ან ჩამოყალიბებულია ამ პუნქტებში მოცემული ინფორმაციის მიხედვით. 
აგრეგირება 

ისეთი აქტივების, ვალდებულებების, საკუთარი კაპიტალის, შემოსავლების ან ხარჯების გაერთიანება, რომლებსაც საერთო მახასიათებლები აქვს და ერთსა და იმავე კლასიფიკაციას მიეკუთვნება. 

ანგარიშვალდებული საწარმო 

საწარმო, რომელსაც მოეთხოვება საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების მომზადება ან თვითონ გადაწყვეტს ამის გაკეთებას. 

არაკონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება 

ფინანსური ანგარიშგება ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც მხოლოდ მშობელი საწარმოა. 

არსებითი ინფორმაცია 

ინფორმაცია არსებითია, თუ გონივრულ ფარგლებში შეიძლება მოსალოდნელი იყოს, რომ მისი გამოტოვება, არასწორად ან ბუნდოვნად წარდგენა გავლენას მოახდენს გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშების ძირითადი მომხმარებლები იღებენ იმ ანგარიშების საფუძველზე, რომლებიც შეიცავს ფინანსურ ინფორმაციას კონკრეტული ანგარიშვალდებული საწარმოს შესახებ. 

არსებობის განუსაზღვრელობა 

გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, აქტივი ან ვალდებულება არსებობს თუ არა. 

აქტივი 

არსებული ეკონომიკური რესურსი, რომელსაც საწარმო აკონტროლებს წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად.

აღიარება 

აღიარება არის ისეთი ობიექტის იდენტიფიკაციის პროცესი, რომელიც აკმაყოფილებს ფინანსური ანგარიშგების რომელიმე ელემენტის – აქტივის, ვალდებულების, საკუთარი კაპიტალის, შემოსავლის ან ხარჯების განმარტებას, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ან ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში (ანგარიშგებებში) მისი ასახვის მიზნით. აღიარება გულისხმობს ამა თუ იმ ობიექტის ასახვას ზემოაღნიშნულ ანგარიშგებებში განცალკევებით ან სხვა მუხლებთან აგრეგირებული სახით, სიტყვიერად და ფულადი თანხით და ამ თანხის ჩართვას ამ ანგარიშგების ერთ ან მეტ შედეგში. 

აღიარების შეწყვეტა 

ყველა აღიარებული აქტივის ან ვალდებულების, ან მათი ნაწილის ამოღება საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებიდან. 

ეკონომიკური რესურსი 

უფლება, რომელსაც გააჩნია ეკონომიკური სარგებლის შექმნის პოტენციალი. 

ეკონომიკური რესურსის კონტროლი 

მიმდინარე (ძალაში შესული) შესაძლებლობა, განსაზღვროს ეკონომიკური რესურსის გამოყენების წესი და მიიღოს ეკონომიკური სარგებელი, რომლის მიღებაც შესაძლებელია ამ ეკონომიკური რესურსიდან. 

ეკონომიკური სარგებლის შექმნის პოტენციალი 

ეკონომიკური რესურსისთვის დამახასიათებელი თვისება, რომელიც უკვე არსებობს და, სულ მცირე ერთ გარემოებაში მაინც, შეუძლია მოცემული საწარმოსთვის ისეთი ეკონომიკური სარგებლის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი არ იქნება არანაირი სხვა მხარისთვის. 

ვალდებულება 

საწარმოს ეკონომიკური რესურსების გადაცემის მიმდინარე მოვალეობა, რომელიც წარმოიშვა წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად. 

კლასიფიკაცია 

აქტივების, ვალდებულებების, საკუთარი კაპიტალის, შემოსავლების ან ხარჯების დახარისხება საერთო მახასიათებლების საფუძველზე, წარდგენისა და ახსნა-განმარტების მიზნებისთვის. 

კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება 

იმ ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მოიცავს როგორც მშობელ, ისე შვილობილ საწარმოებს. 

მაჩვენებელი 

აქტივის ან ვალდებულების და დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების მიმართ შეფასების საფუძვლის გამოყენებით მიღებული შედეგი. 

მომავალში შესასრულებელი ხელშეკრულება 

ხელშეკრულება ან მისი ნაწილი, რომელიც ერთნაირად არა აქვთ შესრულებული მხარეებს: არცერთ მხარეს არა აქვს შესრულებული თავისი მოვალეობები, ან ორივე მხარეს ერთნაირი ხარისხით აქვთ ნაწილობრივ შესრულებული თავიანთი მოვალეობები. 

მომხმარებლები (საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშების) 
იხ. ძირითადი მომხმარებლები (საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშების). 

ნაერთი ფინანსური ანგარიშგება 

იმ ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსური ანგარიშგება, რომელიც ორი ან მეტი ისეთი სუბიექტისგან შედგება, რომელთაგან ყველა არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული „მშობელი-შვილობილი საწარმო“ ტიპის ურთიერთობით. 

ურთიერთგადაფარვა 

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ისეთი აქტივისა და ვალდებულების ერთ ნეტო თანხაში გაერთიანება, რომლებიც აღიარებული და შეფასებულია, როგორც განცალკევებული სააღრიცხვო ერთეულები. 

სააღრიცხვო ერთეული 

სააღრიცხვო ერთეული არის უფლება ან უფლებების ჯგუფი, მოვალეობა ან მოვალეობების ჯგუფი, ან უფლებებისა და მოვალეობების ჯგუფი, რომელთა მიმართაც აღიარების კრიტერიუმები და შეფასების კონცეფციები გამოიყენება. 

საბალანსო ღირებულება 

თანხა, რომლითაც აქტივი, ვალდებულება ან საკუთარი კაპიტალი აღიარდება ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში.

საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება 

კონკრეტული ფორმის საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიში, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების, ვალდებულებების, საკუთარი კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. 

საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიში 

ანგარიში, რომელიც ფინანსურ ინფორმაციას გვაწვდის ანგარიშვალდებული საწარმოს ეკონომიკური რესურსების, მის მიმართ არსებული მოთხოვნებისა და ამ ეკონომიკური რესურსებისა და მოთხოვნების ცვლილებების შესახებ, რაც სასარგებლოა ძირითადი მომხმარებლებისთვის, გადაწყვეტილებების მისაღებად მოცემული საწარმოს რესურსებით უზრუნველყოფის შესახებ. 

საკუთარი კაპიტალი 

საწარმოს აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა ვალდებულების გამოკლების შემდეგ. 

სასარგებლო ფინანსური ინფორმაცია 

ფინანსური ინფორმაცია, რომელიც სასარგებლოა საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშების ძირითადი მომხმარებლებისთვის, ანგარიშვალდებული საწარმოს რესურსებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად. იმისთვის, რომ ფინანსური ინფორმაცია სასარგებლო იყოს, ის უნდა იყოს შესაბამისი და სამართლიანად აჩვენებდეს იმას, რის საჩვენებლადაც არის გამიზნული. 

შემოსავალი 

აქტივების ზრდა ან ვალდებულებების შემცირება, რაც იწვევს საკუთარი კაპიტალის ზრდას, რომელიც დაკავშირებული არაა წილობრივი მოთხოვნების მფლობელთა მიერ საკუთარ კაპიტალში განხორციელებულ დამატებით შენატანებთან. 

შეფასების განუსაზღვრელობა 

განუსაზღვრელობა, რომელიც იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როდესაც შეუძლებელია ფინანსურ ანგარიშებში ასახული ფულადი თანხების პირდაპირ მოძიება და ამის ნაცვლად მათი ოდენობა უნდა შეფასდეს. 

შეფასების საფუძველი 

შესაფასებელი ობიექტის რაიმე იდენტიფიცირებული ნიშან-თვისება, მაგალითად პირვანდელი ღირებულება, რეალური ღირებულება ან შესრულების ღირებულება. 

ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებლები 

ხარისხობრივი მახასიათებლები, რომლებიც უნდა გააჩნდეს ფინანსურ ინფორმაციას იმისათვის, რომ ის სასარგებლო იყოს საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშების ძირითადი მომხმარებლებისთვის. ფინანსური ინფორმაციის ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებლებია შესაბამისობა და სამართლიანი წარდგენა. 

წილობრივი მოთხოვნა 

მოთხოვნის უფლება საწარმოს აქტივების იმ ნაწილზე, რომელიც რჩება ყველა ვალდებულების გამოკლების შემდეგ. 

წინდახედულობა 

სიფრთხილის გამოჩენა განუსაზღვრელ გარემოებებში განსჯისა და გადაწყვეტილებების მიღებისას. წინდახედულობა იმას ნიშნავს, რომ აქტივები და შემოსავალი არ იქნება გადიდებული, ხოლო ვალდებულებები და ხარჯები – შემცირებული. ანალოგიურად, წინდახედულობის პრინცი პის გამოყენება არც აქტივების ან შემოსავლის შემცირებას, ან ვალდებულებების ან ხარჯების გადიდებას უშვებს. 

ხარისხობრივი მახასიათებლები, რომლებიც აუმჯობესებს ინფორმაციის სარგებლიანობას 

ხარისხობრივი მახასიათებლები, რომლებიც სასარგებლო ინფორმაციას კიდევ უფრო მეტად სასარგებლოს ხდის. შესადარისობა, შემოწმებადობა, დროულობა და აღქმადობა არის ის ხარისხობრივი მახასიათებლები, რომლებიც აუმჯობესებს ინფორმაციის სარგებლიანობას. 

ხარჯები 

აქტივების შემცირება ან ვალდებულებების ზრდა, რაც იწვევს საკუთარი კაპიტალის შემცირებას, რომელიც დაკავშირებული არაა წილობრივი მოთხოვნების მფლობელებზე გაცემულ განაწილებებთან. 

შედეგის განუსაზღვრელობა 

გაურკვევლობა, რომელიც დაკავშირებულია აქტივიდან მისაღები ან ვალდებულებასთან დაკავშირებით საწარმოდან გასასვლელი ეკონომიკური სარგებლის ოდენობასთან, ან ამგვარი ეკონომიკური სარგებლის მიღების ან გასვლის დროსთან. 

ძირითადი მომხმარებლები (საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშების) 
არსებული და პოტენციური ინვესტორები, გამსესხებლები და სხვა კრედიტორები.