ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
საქართველოში აუდიტორული საქმიანობის 2008 წლის შედეგები
#5(113), 2009
აუდიტორული საქმიანობის შედეგების ყოველწლიური სტატისტიკური ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ იმ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან ტენდენციებს, რომელიც აუდიტორული საქმიანობის სფეროში ვლინდება. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო ვითარდება აუდიტორის პროფესია და იგი საზოგადოების მზარდი ნდობით სარგებლობს.

სანამ აუდიტორული საქმიანობის საბჭოში შემოსული წლიური სტატისტიკური ფორმა "აუდიტის" 2008 წლის შედეგების ანალიზს შევუდგებოდეთ, გვსურს აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, აუდიტური კომპანია "დელოიტ და ტუშის" წარმომადგენლობამ უარი განაცხადა სტატისტიკური ფორმის აუდიტური საქმიანობის საბჭოში წარმოდგენაზე. ასეთი საქციელი ჩვენი აზრით, რბილად რომ ვთქვათ (და მასზე სხვა კომენტარი არ გავაკეთოთ), საერთაშორისო აუდიტური კომპანიების "დიდი ოთხეულის" წარმომადგენლისათვის შეუფერებელია.

ზემოაღნიშნულმა გარემოებამ გარკვეული გავლენა იქონია 2008 წლის აუდიტორული საქმიანობის შედეგების ანალიზზე, ვინაიდან შპს "დელოიტ და ტუში" ითვლება აუდიტურ კომპანიებს შორის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიად. მისმა შესრულებამ 2007 წელს დღგ-ის გარეშე შეადგინა 2806,8 ათასი ლარი, მასში კი დასაქმებული იყო 36 ადამიანი.

აუდიტორული საქმიანობის საბჭოში შემოსული წლიური სტატისტიკური ფორმა "აუდიტის" მონაცემების მიხედვით, 2008 წელს აუდიტურმა ფირმებმა და ინდივიდუალურმა აუდიტორებმა აუდიტორული მომსახურება გაუწიეს 4000-მდე დამკვეთს და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობამ (დღგ-ის გარეშე) 23994,0 ათასი ლარი შეადგინა, ანუ წინა წლის მონაცემებთან შედარებით ("დელოიტ და ტუშის" მონაცემების გარეშე) 2059,4 ათასი ლარით მეტი, რაც აუდიტორული საქმიანობის იმიჯსა და აუდიტორთა პროფესიულ მომსახურებაზე საზოგადოების მოთხოვნილების ზრდის საუკეთესო მტკიცებულებაა.

ფულად გამოსახულებაში შესრულებული სამუშაოებიდან 99,3% აუდიტური ფირმების მიერ არის შესრულებული, რაც მიუთითებს, რომ მომსახურების დამკვეთები უპირატესობას აუდიტურ ფირმებს ანიჭებენ. მიზეზი არის ის, რომ სავალდებულო აუდიტის გაუქმების შემდეგ, მეწარმეთა მხრიდან გაიზარდა მოთხოვნილება მაღალკვალიფიციურ აუდიტორულ მომსახურებაზე, რომელსაც მათ აუდიტური ფირმები სთავაზობენ, ინდივიდუალური აუდიტორები კი ძირითადად დაკავებულნი არიან ფიზიკური პირების ქონების შეფასებით და კონსულტაციებით.

2008 წელს აუდიტორული საქმიანობის სფეროში დასაქმებული იყო 882 კაცი, რაც წინა წელს ამ სფეროში დასაქმებულებს 142 კაცით ანუ 19,2%-ით აღემატება. აქედან აუდიტურ ფირმებში დასაქმებულთა რაოდენობამ 98,1% შეადგინა.

საქართველოში აუდიტორული მომსახურების ძირითადი ხვედრითი წილი თბილისში დასაქმებულ აუდიტურ ფირმებზე მოდის. მათ მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობამ შეადგინა 22747,1 ათასი ლარი, რაც მთლიანი მოცულობის 94,8% შეადგენს. წინა წელს აღნიშნული მაჩვენებელი 97,4% შეადგენდა, რაც მიუთითებს, რომ რაიონებში განთავსებულმა ფირმებმა გაააქტიურეს თავიანთი მუშაობა. თავის მხრივ კი რაიონებში გამოირჩევა ქუთაისსა და ბათუმში რეგისტრირებული აუდიტური ფირმების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა.

2008 წელს აუდიტური ფირმებისა და ინდივიდუალური აუდიტორების მიერ გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილია 7841,3 ათასი ლარი ანუ წინა წელთან შედარებით 482,8 ათასი ლარით მეტი (მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის მაჩვენებლებში შედის "დელოიტ და ტუშის" მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა 1307,0 ათასი ლარის ოდენობით). ზრდა გამოწვეულია არა მარტო შესრულებული სამუშაოების მოცულობის საერთო ზრდით, არამედ გაიზარდა დღგ-ის გადამხდელ აუდიტურ ფირმათა რიცხვი და მან 32-ს მიაღწია.

აუდიტორთა მიერ შესრულებული სამუშაოების სტრუქტურამ გარკვეული ცვლილებები განიცადა წინა წელთან შედარებით, რომლის მონაცემები (იხილეთ ცხრილი #1) საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ, აუდიტორულ საქმიანობაზე დამკვეთების მხრიდან მოთხოვნის ზრდის ტენდენცია რომელი კუთხით იკვეთება. მონაცემებიდან გამოჩნდა, რომ 2008 წელს ყველაზე მეტი ხვედრითი წილი ფინანსური ანგარიშგების საინიციატივო აუდიტზე მოდის 35,5% (წინა წელთან შედარებით შემცირდა 4,1%-ით), სავალდებულო აუდიტზე - 19,4%. მთლიანად ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების ხვედრითი წილი შემცირებულია 4,7%-ით (54,9% ნაცვლად წინა წლის 59,6%-ისა), მაგრამ საერთოდ, აუდიტს მაინც წამყვანი ადგილი უკავია აუდიტორული საქმიანობის განხორციელებაში. 

ცხრილი 1.აუდიტური ფირმებისა და ინდივიდუალური აუდიტორების მიერ შესრულებული სამუშაოების სტრუქტურა 2005-2008 წლებში
     

საინიციატივო აუდიტის ხვედრითი წილის თითქმის გაორმაგება სავალდებულო აუდიტთან შედარებით იმის მანიშნებელია, რომ მეწარმეებმა საკმაოდ კარგად გაიცნობიერეს აუდიტორის პროფესიის მნიშვნელობა, მათი პროფესიული შესაძლებლობები და ამავე დროს, მნიშვნელოვნად ამაღლდა საზოგადოების მოთხოვნილება და ნდობა აუდიტის პროფესიისადმი. ამ მოსაზრებას ადასტურებს სხვა მონაცემებიც. კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების შემდეგ საანალიზო წელს ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს საკონსულტაციო მომსახურებას 20,6% და სხვა მომსახურებას 17,1%; შესაბამისად, წინა წელს საკონსულტაციო მომსახურებას ეკავა 27,0% და სხვა მომსახურებას 7,2%. საერთოდ, მუდმივად იკვეთება საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი როლი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შემდეგ.
"სხვა მომსახურების" ხვედრითი წილის მკვეთრი ზრდა (2008 წ. 17,1% და 2007 წ. 7,2%) და მისი ზრდა აბსოლუტურ ღირებულებით მაჩვენებლებშიც (შესაბამისად 4112,7 ათასილარი და 1872,6 ათასი ლარი) იმის მიმანიშნებელია, რომ განუხრელად იზრდება მოთხოვნილება აუდიტორთა მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა სექტორის მომსახურებაზე, განსაკუთრებით საბუღალტრო მომსახურებაზე. რაც შეეხება ქონების შეფასებას, მისმა ხვედრითმა წილმა საანალიზო პერიოდში შეადგინა 6,9%, რაც წინა წელთან შედარებით 1,3%-ით გაიზარდა.

საკუთრების ფორმების მიხედვით აუდიტორული საქმიანობის ანალიზი ცხადყოფს, რომ მასში ძირითადი ხვედრითი წილი მოდის კერძო სექტორის საწარმოთა აუდიტორულ მომსახურებაზე - 89,1% (2007 წელს აღნიშნული მონაცემი შეადგენდა 88,9%-ს).

მიმართულებების მიხედვით აუდიტორული საქმიანობის ანალიზით ირკვევა, რომ ინდივიდუალური აუდიტორების საქმიანობის სფერო მოიცავს მხოლოდ ზოგად აუდიტს, ხოლო აუდიტური ფირმების მიერ შესრულებულ სამუშაოებში ზოგადი აუდიტის სფეროს ხვედრითი წილი შეადგენს 89,0%, საბანკო აუდიტის სფეროს - 9,5%, სადაზღვევო ორგანიზაციების, საბირჟო, სპეციალური ფონდებისა და საინვესტიციო ინსტიტუტების ხვედრითი წილი კი შეადგენს 1,5%, რაც მიუთითებს ამ სფეროების ნაკლებ განვითარებას საქართველოში.

საანგარიშო პერიოდის შედეგების ანალიზის დასასრულს განვიხილოთ აუდიტური ფირმების საქმიანობის ხარისხობრივი მაჩვენებლები, კერძოდ, ფირმების სიდიდის, მომუშავეთა რიცხოვნების, შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ერთ მომუშავეზე შესრულებული მონაცემების ანალიზი (ცხრილი #2)  საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ აუდიტორული საქმიანობით ძირითადად დაკავებულნი არიან აუდიტური ფირმები. მათმა რიცხვმა, ვინც რეალურად ეწევა აუდიტორულ საქმიანობას, 120 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 32 ერთეულით აღემატება. 

ცხრილი 2.აუდიტური ფირმების განაწილება 2008 წელს შესრულებული სამუშაოების მიხედვით 
     
ცხრილი 3.ინდივიდუალური აუდიტორების სია, რომელთა შესრულებული სამუშაოების მოცულობა 10 ათას ლარს აღემატება
     

სულ უფრო იზრდება მსხვილი (დღგ-ის გადამხდელი) აუდიტური კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხვედრითი წილი მთლიან მოცულობაში. თუ 2007 წელს 100 ათას ლარზე მეტი სამუშაოების შემსრულებელი აუდიტური ფირმების (28 ფირმა) მიერ გაწეული მომსახურების მოცულობა შეადგენდა 20165 ათას ლარს ანუ 87,8%, 2008 წელს ასეთი ფირმების მიერ (32 ფირმა) მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა 20997 ათასი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი მოცულობის 88,1%-ა. არ შეიძლება არ გამოვყოთ 10 მსხვილი აუდიტური კომპანია, რომელთა შესრულებული სამუშაოების მოცულობა 500 ათას ლარს აღემატება და საერთო ჯამში შეადგენს 15399 ათას ლარს ანუ აუდიტური ფირმების მიერ შესრულებული სამუშაოების მთლიანი მოცულობის 64,6%. 2008 წელს აუდიტურ ფირმებში დასაქმებული იყო 865 კაცი, მაშინ როცა 2007 წელს მათი რაოდენობა 706 კაცს შეადგენდა. საანალიზო პერიოდში 1 მომუშავეზე შესრულებული სამუშაოებისმოცულობამ 27552 ლარი შეადგინა.

ჩატარებული ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ

- 2008 წელს გაწეული აუდიტორული საქმიანობის მოცულობა წინა წელთან შედარებით 2059,4 ათასი ლარით გაიზარდა და 23994,0 ათასი ლარი შეადგინა, რომელშიც ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხვედრითი წილი 54,9% შეადგენს (აუდიტის საერთო ხვედრით წილში საინიციატივო აუდიტი 64,7%-ია);

- წინა წელთან შედარებით 4,7%-ით გაიზარდა აუდიტორული მომსახურების ხვედრითი წილი, რომელშიც წამყვანი ადგილი უჭირავს საკონსულტაციო მომსახურებას (მთელი აუდიტორული მომსახურების 45,6%);

- 19,2%-ით გაიზარდა აუდიტორული საქმიანობის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა.

ზემოთ განხილული მონაცემები მიგვანიშნებს, რომ აუდიტორულმა საქმიანობამ საქართველოში მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი. დღეს იგი განვითარების ახალ ფაზაში შევიდა და საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს.

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო

აუდიტური ფირმების 2008 წლის რეიტინგული მაჩვენებლები

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო აქვეყნებს იმ 20 წამყვანი აუდიტური ფირმის სიას, რომელთა მიერ 2008 წელს შესრულებული სამუშაოების მოცულობა (დღგ-ის გარეშე) ყველაზე მაღალია (მონაცემები აღებულია აუდიტური ფირმების მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური სტატისტიკური ანგარიშების ფორმებიდან).
     

**  შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს მონაცემები მოყვანილია მის შვილობილ საწარმოებთან კონსოლიდირების გარეშე. შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს კონსოლიდირებული ამონაგები (ფასს-ებით განსაზღვრული კონსოლიდაციის პრინციპების გათვალისწინებით) შვილობილ აუდიტურ ფირმასთან - შპს "ააფ-კონსალტინგთან" ერთად 2008 წელს შეადგენდა 900,4 ათას ლარს დღგ-ის გარეშე, ხოლო ყველა შვილობილ საწარმოსთან ერთად - 1 480 ათას ლარს დღგ-ის გარეშე (რედაქციის შენიშვნა).