ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
სკეპტიციზმი პრაქტიკაში - 2020 წლის სექტემბერი - №2(254), 2021
თაღლითობის წინააღმდეგ მიმართული თანამშრომლობის შესახებ 

„თაღლითობის წინააღმდეგ მიმართული თანამშრომლობა“ ემსახურება თაღლითობის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ბრძოლასთან დაკავშირებული დისკუსიების გაუმჯობესებას ცნობიერების პროგრამების, საგანმანათლებლო შესაძლებლობების და მასთან დაკავშირებული სხვა რესურსების განვითარების საშუალებით, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს ფინანსური თაღლითობის რისკის მართვის ეფექტიანობის ამაღლებაზე. 

ორგანიზაცია „თაღლითობის საწინააღმდეგო თანამშრომლობა“ 2010 წლის ოქტომბერში აუდიტის ხარისხის ცენტრმა (CAQ), Financial Executives International-მა, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტმა (IIA) და კორპორატიული დირექტორების ეროვნულმა ასოციაციამ (NACD) დააფუძნა. 

CAQ-ი არის ავტონომიური საჯარო პოლიტიკის ორგანიზაცია, რომელიც გლობალური კაპიტალის ბაზრებზე ინვესტორთა და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ემსახურება. CAQ საჯარო კომპანიების აუდიტორებს სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულებაში უწყობს ხელს; იწვევს და თანამშრომლობს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, იმ კრიტიკული საკითხების განხილვის განსავითარებლად, რომლებიც მოითხოვს მოქმედებასა და ჩარევას და ემხრობა იმ პოლიტიკასა და სტანდარტებს, რომლებიც საჯარო კომპანიების აუდიტორთა ობიექტურობას, ეფექტურობასა და დინამიკურ საბაზრო პირობებზე რეაგირების უნარს უწყობს ხელს. ვაშინგტონში განთავსებული CAQ დაკავშირებულია CPA-ის ამერიკულ ინსტიტუტთან. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.thecar.org. 

FEI-ი არის კორპორაციის ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული მოსაზრებების მთავარი მომხრე. ყველა მსხვილ ინდუსტრიულ კომპანიაში, მისმა 10 000-ზე მეტმა წევრმა დაიკავა პოლიტიკის განმსაზღვრელი პოზიციები მთავარ ფინანსურ დირექტორებად, საფინანსო განყოფილების ხელმძღვანელებად და მაკონტროლებლებად. FEI აუმჯობესებს წევრთა პროფესიულ განვითარებას კოლეგიალური კომუნიკაციის, კარიერული მართვის მომსახურების, კონფერენციების, კვლევებითა და პუბლიკაციების მეშვეობით. წევრები მონაწილეობას იღებენ აშშ-ის 65 ფილიალის აქტივობებში. FEI-ს ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ნიუ ჯერსის შტატ, ქალაქ მორისთაუნში, ოფისი კი დედაქალაქ ვაშინგტონშია განთავსებული. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.financialexecutives.org. 

IIA-ი შიდა აუდიტის პროფესიის ყველაზე ფართოდ ცნობილი მომხრე, ინსტრუქტორი და სტანდარტების, სახელმძღვანელოებისა და სერტიფიკატების მომწოდებელია. იგი 1941 წელს დაარსდა. IIA-ს დღესდღეობით 200,000-ზე მეტი წევრი ჰყავს 170-ზე მეტ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე. IIA-ს გლობალური ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს აშშ-ში, ფლორიდის შტატ, ქალაქ ლეიკ მერიში. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.theiia.org ან www.globaliia.org.
 
NACD-ი 20,000-ზე მეტ დირექტორს, სხდომათა დარბაზის დამაჯერებლად მართვის მიზნით, უფლებამოსილებით აღჭურავს. NACD საბჭოებს ინვესტორებისა და საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერებაში ეხმარება, იძლევა რა გარანტიას, რომ ახლანდელი დირექტორები მომავალი გამოწვევებისათვის კარგად მომზადებული არიან. NACD-ის მსოფლიო კლასის საბჭოები უერთდებიან, რათა გააუმჯობესონ მომსახურება, გამოიმუშაონ წინდახედულობის უნარი და დანერგონ ნდობა. მხარს უჭერს რა დირექტორებს, ინვესტორებსა და კორპორაციული მართვით დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას, NACD პასუხისმგებელი საბჭოს ხელმძღვანელობისათვის უკვე 40 წელია ადგენს სტანდარტებს. NACD-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ: www.NACDonline.org.

აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს ზოგად ინფორმაციას და არ უნდა გამოიყენებოდეს, როგორც ზუსტი ან ყოვლისმომცველი წყარო. როგორც ყველა სხვა თაღლითობის წინააღმდეგ მიმართული თანამშრომლობის (AFC) რესურსი, ეს პუბლიკაცია არ არის ავტორიტეტული ხასიათის და მკითხველს მოვუწოდებთ მიმართოს შესაბამის წესებსა და სტანდარტებს. თუ სამართლებრივი რჩევა ან ექსპერტის სხვაგვარი დახმარებაა საჭირო, კომპეტენტური პროფესიონალის მომსახურება უნდა იქნეს მოძიებული. AFC-ის და მისი წევრი ორგანიზაციები არ აკეთებენ რეპრეზენტაციებს, არ იძლევიან გარანტიებს და არ იღებენ პასუხისმგელობას ქვემოთ მოცემულ ინფორმაციასა თუ მასალის გამოყენებაზე. AFC ცხადად უარყოფს ყოველგვარ პასუხისმგებლობას ამ მასალის გამოყენების, დამოწმების ან ნდობის შედეგად წარმოქმნილ საფრთხეზე. აღნიშნული პუბლიკაცია არ წარმოადგენს AFC-ის ან მისი რომელიმე ორგანიზაციის, მათი შესაბამისი საბჭოების ან წევრების ოფიციალურ პოზიციას. 

© 2020 თაღლითობის საწინააღმდეგო თანამშრომლობა. ყველა უფლება დაცულია 

რეზიუმე 

+ თაღლითობა პროფესიული სკეპტიციზმის წარუმატებლად გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება იყოს. ხშირად თაღლითობისა და უზუსტობების რისკების შემცირებისას, სკეპტიციზმი შესაძლოა უგულებელყოფილ იქნას. აქედან გამომდინარე ნათელია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, კომპანიებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა გააცნობიერონ სკეპტიციზმის სათანადო დონეზე გამოვლენის მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. 

+ ფინანსური ანგარიშგების მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირებს - დირექტორთა საბჭოებს, აუდიტის კომიტეტებს, კომპანიის ხელმძღვანელობას, მმართველობით აპარატს, შიდა და გარე აუდიტორებს - სკეპტიციზმის გამოყენება ფინანსური ანგარიშგების პროცესის წარმართვისას, იმ მოსალოდნელი საფრთხეების აღმოსაჩენად შეუძლიათ, რომელიც შეიძლება სხვამ ვერ შენიშნოს, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ვარაუდების წამოყენებასა და რთული კითხვების დასმას. 

+ როდესაც გარკვეული პირები აფასებენ ინფორმაციას, მათი დასკვნები და გადაწყვეტილებები აუცილებლად დაეფუძნება მათ საკუთარ, სუბიექტურ გამოცდილებასა და დამოკიდებულებას. ეს პროცესი შეიძლება გაუცნობიერებლად, უნებურად და ბუნებრივ ინსტიქტებზე დაყრდნობით მიმდინარეობდეს, თუმცა ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის წევრები უნდა აცნობიერებდნენ საკუთარ ტენდენციურობას და მოსალოდნელ დაბრკოლებებს, რამაც შესაძლოა სკეპტიციზმის გამოვლენაზე იმოქმედოს და უნდა ეცადონ მათ შემცირებას. 

„აუდიტორის ეფექტური გადაწყვეტილების საფუძველი - განსჯის პროცესში პროფესიული სკეპტიციზმის სათანადოდ გამოყენება“. 

პროფესიული განსჯის რესურსები, აუდიტის ხარისხის ცენტრი 

+ ტექნოლოგიებსაც შეუძლიათ პრობლემები შეუქმნან სკეპტიციზმის უნარის გამოვლენას. ის ფაქტი, რომ ახალ ტექნოლოგიებს დიდი აჟიოტაჟითა და მოლოდინით ხვდებიან, მეტ მნიშვნელობას სძენს სკეპტიციზმის შენარჩუნებისაკენ სწრაფვას იმ ინფორმაციის განხილვისას, რომელსაც ეს ტექნოლოგიები გვაწვდიან. მართალია, ტექნოლოგია ძლიერი იარაღია, მაგრამ მას არ შეუძლია პროფესიული ცოდნის, განსჯის უნარისა და სკეპტიციზმის განწყობის ჩანაცვლება. 

+ დარღვევები, საგანგებო შემთხვევები ან სხვა გაუთვალისწინებელი კრიტიკული მომენტები, ასევე საფრთხეს უქმნის სკეპტიციზმს, რადგან რთულ გარემოში ზეწოლა, ხელსაყრელი შემთხვევები და თაღლითობის ლოგიკური დასაბუთების შესაძლებლობა ხშირად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელთა ყურადღება მიმართულია კრიზისის შედეგებზე, მათ სკეპტიციზმის გაუმჯობესების მეშვეობით, შეუძლიათ მეტად იმუშაონ თაღლითობისა და უზუსტობების რისკის შემცირებაზე. ვარაუდებზე დაყრდნობის ნაცვლად, ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებები მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული უნდა იყოს. 

+ სკეპტიციზმის გაუმჯობესებას დრო სჭირდება და ცოდნას, მუდმივ სპეციალურ სწავლებას და შემდეგ პრაქტიკაში გამოყენებას მოითხოვს. ქმედითი ნაბიჯები, რომლის მიზანია, მიწოდების ჯაჭვის წევრების სკეპტიციზმის სათანადო დონის გამოვლენაში დახმარება, შეიცავს ობიექტურობის საზღვრების გააზრებას, ნაჩქარევი დასკვნების თავიდან აცილებას, ობიექტურობის შენარჩუნებას, მონაცემების მიმართ უსაფუძვლო ნდობის თავიდან აცილებას, კრიტიკული აზროვნების უნარის დახვეწას, ექსპერტებისაგან რჩევის მიღებას, კრიტიკული სფეროს ამოცნობა, თანამშრომლობისათვის ტრენინგების ჩატარებას სკეპტიკური აზროვნების მნიშვნელობასა და მიკერძოების შემცირების შესახებ.

სამიზნე აუდიტორია 

აღნიშნული ანგარიში, ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის ყველა წევრისათვის სკეპტიციზმის სათანადო დონის მნიშვნელობასა და განხორციელებაზე გვაწვდის ინფორმაციას. ამ მოხსენების შინაარსი ასევე ღირებულია როგორც ორგანიზაციის სხვა წევრებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის გამოყენებასა და შეფასებში, ისე რეგულატორების, ინვესტორების, მომხმარებლების, მომწოდებლების, თაღლითობის მოწინააღმდეგე სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. 

შესავალი 

სკეპტიციზმი ბიზნეს გარემოში - იქნება ეს სხდომათა დარბაზი, ვიდეო-ტელეკონფერენცია თუ რეგულარული შეფასების პროცესი - შესაძლოა არასწორად, არასასურველ ცნებად იქნეს აღქმული. კომპანიის ხელმძღვანელებმა ფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსაც კი შეიძლება შეუშალონ ხელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზეწოლის ქვეშ ან კრიზისულ პერიოდში იმყოფებიან. თუმცა, როდესაც საქმე ფინანსური ანგარიშგების პროცესსა და თაღლითობის რისკის მართვას ეხება, სკეპტიციზმის განწყობა უმნიშვნელოვანესია. სკეპტიციზმის სათანადო დონე ფინანსური ანგარიშგების ჯაჭვის წევრებს და მასთან დაკავშირებულ სხვა დაინტერესებულ მხარეებს ეხმარება გააუმჯობესონ ეფექტიანობა თაღლითობისა და უზუსტობების რისკის შესამცირებლად. 

სკეპტიციზმი ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელსაც ორგანიზაციის თაღლითობის რისკის მართვის პროგრამის გაძლიერება შეუძლია. თუკი მუდმივად არ იქნება მხედველობაში მიღებული და გამოყენებული, სკეპტიციზმს შესაძლოა ხშირად სათანადო ყურადღება არ დაეთმოს - ერთ-ერთი იმ მრავალი მიზეზიდან, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის ყველა წევრისათვის თავიანთ საქმიანობაში სკეპტიციზმის გამოვლენისაკენ სწრაფვა. ფინანსური ანგარიშგების პროცესში, მიწოდების ჯაჭვის წევრები პასუხისმგებელნი არიან ინტეგრირების დამკვიდრებაზე, იქნება ეს მარეგულირებელი მანდატების, ეთიკის კოდექსის, ორგანიზაციის რეპუტაციისა და ქონების დაცვის ვალდებულების თუ სხვა ასეთი ფაქტორების გამო. 

უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, თუ რა გავლენა აქვს სკეპტიციზმს და რა ხდება მისი არ არსებობის შემთხვევაში. მაგალითად, ვინაიდან ამონაგების აღიარება ხშირად მანიპულაციას ექვემდებარება, რაც შემდგომში შესაძლოა ფინანსური ანგარიშგების გაყალბებაში აისახოს, შესაბამისი სტანდარტიდან ან სააღრიცხვო პოლიტიკიდან გადახვევის შეუფასებლობამ და დაუეჭვებლობამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. აღნიშნული ანგარიში ადგენს სკეპტიციზმის გამოვლენისაკენ სწრაფვის მნიშვნელობას, ისეთ სფეროებში, რომლებიც მტკიცე გადაწყვეტილების მიღებისა და განსჯის უნარს მოითხოვს. იგი სკეპტიციზმის ნაკლებობით გამოწვეულ შედეგებს განიხილავს და სკეპტიციზმის შესანარჩუნებლად, ევოლუციური ტექნოლოგიების ან რთული და საზიანო პერიოდის ფონზეც კი პრაქტიკულ ნაბიჯებს გვთავაზობს. 

მართალია, ტერმინს პროფესიული სკეპტიციზმი იმ სტანდარტებში, რომლებსაც რეგულატორები გარე აუდიტორებისთვის ადგენენ კონკრეტული განმარტება აქვს, თუმცა აღნიშნულ მოხსენებაში მოყვანილი თვალსაზრისები აუდიტორთა თვალთახედვის არეს სცილდება. მისი მიზანია ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის ყველა წევრის ინფორმირება - მათ შორის კორპორატიული დირექტორების, კომპანიის ხელმძღვანელების, ფინანსური ანგარიშგების შემმუშავებლების და შიდა და გარე აუდიტორების - რომ თაღლითობის რისკის შემცირებისათვის, თაღლითობისა და უზუსტობების შესაჩერებლად და თაღლითობისა და შეცდომების გამოსავლენად, სკეპტიციზმის სათანადო დონის შენარჩუნებაში თითოეული მხარის ძალისხმევა მნიშვნელოვანია. 

სკეპტიციზმის გამოყენება თაღლითობის წინააღმდეგ 

თაღლითობა პროფესიული სკეპტიციზმის წარუმატებლად გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება იყოს. თაღლითობის პრევენციისას ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ფინანსური მონაცემების შეფასებაზე პასუხისმგებელი პირები, ბუნებრივად მიდრეკილები არიან ან ცდუნდებიან და გადამოწმების გარეშე ენდობიან იმ ინფორმაციას, რომელსაც მათი კუთვნილი კომპანიის ან დიდი ხნის კლიენტისაგან იღებენ. თუმცა ქროუს თეთრი წიგნი ამტკიცებს, რომ „ნდობა პროფესიული რისკია“. როგორც საჯარო კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვის ზედამხედველობის საბჭო (PCAOB) აღნიშნავს, „კომპანიის მმართველობას თაღლითობის ჩადენის განსაკუთრებული უნარი აქვს, რადგან იგი ხშირად არის ისეთ მდგომარეობაში, რომ პირდაპირ თუ ირიბად ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებითა და არსებული თაღლითური ფინანსური ინფორმაციით მანიპულირებს“. იგი აღნიშნავს, რომ „პროფესიული სკეპტიციზმის გამოვლენისას აუდიტორი მხოლოდ იმ მოსაზრების გამო, რომ ხელმძღვანელობა კეთილსინდისიერია, ნაკლებად დამაჯერებელი მტკიცებულებებით არ უნდა დაკმაყოფილდეს“. ეს განცხადება ასევე ეხება ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის სხვა წევრებსაც. 

სკეპტიციზმი დაფარული თაღლითობის აღმოსაჩენად შეიძლება მთავარი ღირსება იყოს. თაღლითობის სერტიფიცირებულ ექსპერტთა ასოციაციის პრეზენტაციის თანახმად, „ვინაიდან თაღლითობა თავისი არსით ფარულია, სკეპტიკური აზროვნება, რომელიც ავტომატურად, გაუკრიტიკებლად არ იღებს ინფორმაციას და რომელიც დამატებით ახსნა-განმარტებებს ეძებს გაურკვეველი შემთხვევებისთვის, თაღლითობის დაფარვის მცდელობის შესამცირებლად აუცილებელია“. იგი გვირჩევს, რომ გარიგების განმავლობაში, აუდიტორებმა წინასწარ გათვალონ როგორ შეძლებდა ინდივიდი თაღლითობის ჩადენას, დამალვას ან შეთქმულების მოწყობას მის განსახორციელებლად; ასევე, მათ ისიც უნდა გათვალონ თუ როგორ შეძლებდა ინდივიდი შიდა კონტროლისთვის თავის არიდებას. აუდიტორები უნდა დააკვირდნენ პროცესს, ხალხს და ორგანიზაციის კულტურას; სიფრთხილე გამოიჩინონ დოკუმენტებში თაღლითობის დამალვის მეთოდებთან და ჩაინიშნონ გასაუბრებისას გამოთქმული შეუსაბამობები და წინააღმდეგობები. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, მოსალოდნელ თაღლითობასა და მისი დამალვის მცდელობაზე ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის სხვა წევრებისთვისაც. 

PCAOB-ის აუდიტორთა 1015-ე სტანდარტის - „სამუშაოს შესრულება სათანადო პროფესიონალიზმით“ - თანახმად, „სათანადო პროფესიონალიზმი აუდიტორისაგან პროფესიული სკეპტიციზმის გამოვლენას მოითხოვს. 

პროფესიული სკეპტიციზმი არის განწყობა, რომელიც გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებასა და აუდიტორული მტკიცებულებების შეფასების მიმართ კრიტიკულ მიდგომას. აუდიტორი იყენებს ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და შესაძლებლობებს, რომელიც საჯაროდ დალისტული კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიისათვის მოითხოვება, რათა გულმოდგინედ, კეთილსინდისიერად და პატიოსნად შეაგროვოს და ობიექტურად შეაფასოს მტკიცებულებები“. 

ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის სხვა წევრებთან მიმართებით, სკეპტიციზმი უმნიშნელოვანესია იმ შემთხვევების შემცირების მცდელობისას, როდესაც არასწორ ვარაუდებს ან შეუმჩნეველ თაღლითობასა და შეცდომებს შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ფინანსური ანგარიშგების პროცესს. აუდიტის ხარისხის ცენტრის მოხსენების - „ფინანსური ანგარიშგების თაღლითობის შეჩერება და გამოვლენა: სამოქმედო პლატფორმა“ - მიხედვით, „სკეპტიციზმი მთელ ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვში ზრდის არამხოლოდ თაღლითობის გამოვლენის ალბათობას, არამედ იმის შეგრძნებასაც, რომ თაღლითობა გამოვლინდება, რაც თაღლითობის მცდელობის რისკს ამცირებს“. 

ხშირად, თაღლითობრივი ფინანსური ანგარიშგების საფუძველი შეიძლება მომდინარეობდეს ისეთი გარემოდან, სადაც კომპანიას აქვს მეტისმეტად აგრესიული სამუშაო მიზნები და ჰყავს ხელმძღვანელობა, რომელიც არ იღებს არაფერს რაც ამ მიზნებთან შესაბამისობაში არ მოდის. მაგალითად, ფიზიკური პირი, რომელიც დროში შეზღუდულია და ცდილობს ხარჯების შემცირებას, ფინანსური ინფორმაციის გაუკრიტიკებლად მიღებით მარტივ გზას პოულობს. 

სხვა შემთხვევაში, სპეციალისტები პატივსაცემი და ჩვეულებრივ სანდო კლიენტების ან მომწოდებლებისაგან ეჭვის შეტანის გარეშე იღებენ მონაცემებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი პროცედურა გამოტოვეს კლიენტების ან მომწოდებლებისაგან საპასუხოდ წარმოქმნილი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. სხვაგან, ვინაიდან დირექტორები თავდაჯერებულნი არიან მმართველობაში, ისინი ხელმძღვანელთა ანგარიშს დეტალური შესწავლის გარეშე იღებენ და არ მოითხოვენ საკმარისი რაოდენობის დამატებით დოკუმენტებს. თითოეული შემთხვევა გვიჩვენებს, რამდენად მარტივი შეიძლება იყოს გარკვეული ქმედებების გამართლება. სკეპტიციზმის გამოვლენის გარეშე, პრობლემების ვერ მოგვარების ამ მაგალითებს მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. აუდიტის ხარისხის ცენტრი სკეპტიციზმს მიიჩნევს სამუშაო ინსტრუმენტების ყუთში არსებულ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე იარაღად, რომლითაც თაღლითობისა და ხარვეზების შესაჩერებლად და გამოსავლენად, ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის ყველა წევრს შეუძლია ისარგებლოს. იგი ფინანსური ანგარიშგების პროცესის განმავლობაში იმ მოსალოდნელი საფრთხის შესამჩნევად შეიძლება გამოიყენონ, რომლის დანახვაც სხვებს არ შეუძლიათ, მაშინაც კი, როცა ეს ნიშნავს ვარაუდების წამოყენებას და რთული კითხვების დასმას. წინამდებარე ნაშრომი ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის წევრების როლს დეტალურად განიხილავს შემდეგ პარაგრაფში. მოკლედ რომ ვთქვათ, მასში შედის: 

+ საბჭოები და აუდიტის კომიტეტები: საბჭოსა და აუდიტის კომიტეტის წევრებმა მიღებული ინფორმაცია ეჭვქვეშ უნდა დააყენონ და გამოიკვლიონ, რათა გააანალიზონ ძირითადი სარისკო სფეროები და როგორ უმკლავდება ამას ხელმძღვანელობა. საბჭოებსა და აუდიტის კომიტეტებს ინფორმაციის სკეპტიკურად განხილვის უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ. 

აუდიტის ხარისხის ცენტრის ანგარიშში „ფინანსური ანგარიშგების თაღლითობის შეჩერება და გამოვლენა: სამოქმედო პლატფორმა“ მოყვანილი სკეპტიციზმის ექვსი მახასიათებელია: 

+ კრიტიკული აზროვნება; 

+ განსჯის შეწყვეტა შესაბამისი მტკიცებულების მოპოვებამდე; 

+ ცნობების მოძიებისა და ინფრომაციის დადასტურების სურვილი; 

+ გაცნობიერება იმისა, რომ ადამიანების მოტივაციამ და წარმოდგენებმა შესაძლოა არასწორი ან მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელება გამოიწვოს; 

+ აზროვნების ავტონიმია ან დამოუკიდებლობა;   

+ საკმარისი თვითშეფასება ვარაუდების წამოსაყენებლად და ზეწოლასთან გასამკლავებლად. 

+ ხელმძღვანელობა: კომპანიის ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან ფინანსური ანგარიშგების შიდა კონტროლის დაგეგმვაზე, განხორციელებასა და შეფასებაზე. მათ გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ მაშინაც კი, როდესაც კომპანია ხელს უწყობს ძლიერი ეთიკურ კულტურის განვითარებას, თაღლითობის წინაშე იგი მაინც დაუცველია.

+ შიდა აუდიტორები: შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკების საფუძვლები შიდა აუდიტორთათვის ადგენს სახელმძღვანელოებს, რათა სხვა საქმიანობებთან ერთად, შეაფასონ მნიშნელოვანი შეცდომების ალბათობა, თაღლითობა ან შეუსაბამობა; შეეძლოთ რისკებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება; ყურადღება მიაქციონ თაღლითობისათვის ხელსაყრელ შემთხვევებს, როგორიცაა მაგალითად კონტროლის ნაკლებობა. 

+ გარე აუდიტორები: აუდიტის სტანდარტები აუდიტორებისაგან მოითხოვენ პროფესიული სკეპტიციზმის გამოვლენას, რაც გულისხმობს კრიტიკული აზროვნების უნარის ქონას, თაღლითობისა და შეცდომებისგან გამოწვეულ სავარაუდო უზუსტობების ნიშნებზე ყურადღების მიქცევას და აუდიტორული მტკიცებულებების შეფასებისას კრიტიკულ მიდგომას. მტკიცებულებები, რომლებიც აუდიტორებმა აუდიტის ჩატარებისას მოიპოვეს, მოსალოდნელ შედეგებს ან ხელმისაწვდომ ინფორმაციას ყოველთვის არ ემთხვევა. მოპოვებული მტკიცებულების უარყოფამ შესაძლოა იმ მიზეზებზეც მიგვითითოს, რაც ეჭვქვეშ დააყენებს ამ შედეგებსა და ინფორმაციას. 

ვინ უნდა ისწრაფვოდეს სკეპტიციზმის გამოვლენისაკენ? 

დირექტორთა საბჭო 

დირექტორთა საბჭომ უნდა გამოამჟღავნოს სკეპტიციზმის სათანადო დონე და დააკვირდეს დემონსტრირებულია თუ არა ეს ჩვევა ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების მიწოდების მთელ ჯაჭვში. მასპონსორებელი ორგანიზაციების კომიტეტმა (COSO) თავის ანგარიშში - „საბჭოს ზედამხედველობის გაუმჯობესება: განსჯის მახეებისა და მიკერძოების თავიდან აცილება“ - აღნიშნა, რომ სკეპტიციზმის სათანადო დონე აუმჯობესებს კორპორაციულ მმართველობას; იგი აცხადებს, რომ „საწარმოები და მთავარი დაინტერესებული მხარეები უკეთეს მომსახურებას იღებენ, როდესაც დირექტორებს ეფექტიანად შეაქვთ ეჭვი ხელმძღვანელობის შეფასებებში, ღიად განიხილავენ ალტერნატიულ პერსპექტივებს და რთავენ ხელმძღვანელობას გულწრფელ და ღია დისკუსიებში“.
 
დირექტორები უნდა აცნობიერებდნენ, რომ კულტურამ შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს გამოვლენილი სკეპტიციზმის დონეზე. ეს იწყება გენერალური პოზიციით, რომელიც ხელს უწყობს ისეთი კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც ორგანიზაციის თითოეულ წევრისგან - დირექტორებიდან დაწყებული, ყველა სხვა საფეხურის თანამშრომლით დამთავრებული - მოსალოდნელია (და რეკომენდებული), ინფორმაცია მიიღოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სრულად აკმაყოფილებს ინფორმაციის მიღმა არსებული არგუმენტაცია და დასაბუთება. იმ საშუალებებს შორის, რომლითაც დირექტორებს შეუძლიათ ამ პოზიციის ჩვენება, თანამშრომლების, მომხმარებლებისა და მომწოდებლებისაგან მიღებული ინფორმაციის ეჭვქვეშ დაყენების გამჭვირვალობა და თანამშრომლებთან მონაცემების სისწორის შესაფასებლად გამოყენებული ქვითრის ტიპებზე რეგულარული კითხვებია. 

„კორპორატიული დირექტორების ეროვნულმა ასოციაციამ (NACD) აუდიტის კომიტეტების ხელმძღვანელთათვის მნიშვნელოვან თვისებად დამოუკიდებლობა და სკეპტიციზმის განწყობა აღიარა“. 

სკეპტიციზმის გაუმჯობესება - NACD-ის დირექცია 

აუდიტის კომიტეტები 

დირექტორთა საბჭო აუდიტის კომიტეტს ფინანსური ანგარიშგების პროცესის ხარისხზე ინფორმაციის მისაღებად იყენებს. ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის პროფესორების სტივენ მ. გლოვერისა და დუგლას ფ. პრავიტის თანახმად, „აუდიტის კომიტეტები პროფესიული სკეპტიციზმის კულტურას ხელს უნდა უწყობდნენ როგორც ხელმძღვანელობის, ისე აუდიტორთა შეფასებების ეჭვქვეშ დაყენებით და თითოეული მხარის წახალისებით გადახედონ ყველა შესაძლო მტკიცებულებას (როგორც დამადასტურებელს, ასევე უარმყოფელს), როდესაც გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო“. აუდიტის კომიტეტის მიერ შიდა აუდიტის ფუნქციის სათანადო ზედამხედველობას შეუძლია ხელი შეუწყოს მის ეფექტიანობას. აუდიტის კომიტეტი ასევე ქირაობს გარე აუდიტორს და აფასებს აუდიტორთა საქმიანობას, რათა დაადგინოს ავლენენ თუ არა ისინი პროფესიული სკეპტიციზმის სათანადო დონეს. 

„სწორად ფუნქციონირებადი აუდიტის კომიტეტი ხელს უწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ აუდიტმა სკეპტიციზმის ნაკლებობა არ განიცადოს, რაც პირდაპირ კავშირშია ფინანსური ანგარიშგებისა და სხვა თაღლითობების ვერ გამოვლენასთან“, აღნიშნულია ჟურნალ ღისკ & ჩომპლიანცე-ის სტატიაში. კომიტეტის წევრებმა სათანადო განათლება უნდა მიიღონ, რათა ხელი შეუწყონ სკეპტიციზმის შესაბამის გამოყენებას. 

ხელმძღვანელობა 

მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მხოლოდ საბჭოები და აუდიტის კომიტეტები არ არიან ფინანსური ანგარიშგების პროცესის მთავარი მონაწილეები. აუდიტის ხარისხის ცენტრის თანახმად, „ქმედითი მმართველები თავიანთ საქმიანობაში - სტრატეგია, რისკის შეფასება, მიზნის დასახვა, პროგრესის განხილვა და შედეგების შეფასება - სკეპტიციზმს ეყრდნობიან“. გარდა სკეპტიციზმის გამოვლენისა, „ხელმძღვანელობამ თანამშრომლები უნდა წაახალისოს, რომ თავი იგრძნონ არა მხოლოდ კომფორტულად, არამედ ვალდებულადაც, კრიტიკულად შეაფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ის შედეგები, რომელზე პასუხისმგებლებიც თავად არიან”. 

ხელმძღვანელობის გუნდის წევრები სააღრიცხვო ჩანაწერებისა და არსებული თაღლითობრივი ინფორმაციის პირდაპირ თუ ირიბად მანიპულაციისათვის ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაზე იმყოფებიან. ფარული თაღლითობა კი თაღლითობის ყველაზე რთულად გამოვლენადი ფორმაა. ამასთან, ხელმძღვანელობის წევრებს სკეპტიციზმის გამოვლენა თაღლითობისა და ინსტიტუციური პოლიტიკის და პროცედურების პრევენციის მიზნით, დაუყოვნებელი ნაბიჯების გადადგმით შეუძლიათ, რაც წინ უძღვის და ეხმარება სრულყოფილ, ზუსტ და სანდო ფინანსურ ანგარიშგებას. თაღლითობისა და სხვა სახის უზუსტობების პრევენციისათვის სამუშაოების წამოწყება, თავის მხრივ, წარმოაჩენს სკეპტიციზმის დონეს, რაც აღიარებს საფრთხის არსებობას და შესაძლო მცდარ ნაბიჯებს. 

აუდიტის კომიტეტის წევრებისთვის NACD-ის სასარგებლო რჩევებში შედის შემდეგი: 

აუდიტორთაა კომიტეტის უფლებამოსილებით აღჭურვა: კომიტეტს უნდა მიეცეს უფლება, დასვას საჭირო კითხვები ხელმძღვანელობასა და შიდა და გარე აუდიტორებთან დაკავშირებით. 

აუდიტორებისაგან სწავლა: კომიტეტის წევრებს თაღლითობის რისკების გაცნობიერებასა და შემცირებაზე ინფორმაციის მიღება აუდიტორებისაგან შეუძლიათ. 

შიდა აუდიტის ფუნქციის ხელშეწყობა: დამოუკიდებელი და ობიექტური შიდა აუდიტის ფუნქცია ხელს უწყობს გარემოს მკაცრ კონტროლს და შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს თაღლითობის შეჩერებასა და აღმოჩენაში. 

ხელმძღვანელობისთვის ხელის შეწყობა სიფხიზლის შენარჩუნებაში: ფინანსურ დირექტორებს ანგარიშგების ადრეულ პროცესში შეუძლიათ თაღლითობის პრევენცია. 

დადებითი განწყობა: რთული კითხვების ეფექტურად დასმა უფრო მარტივი იქნება თუ კომიტეტი წარმოაჩენს და მხარს დაუჭერს შესაბამის ეტიკეტსა და ეთიკურობას.• 

ამ დაუყოვნებელ ნაბიჯებში შეიძლება შედიოდეს ეთიკური გენერალური პოზიციის დაწესება, ქცევის კოდექსის შექმნა, თანამშრომლებისთვის კოდექსის მნიშვნელობისა და უპირატესობების შეტყობინება და მომსახურე პერსონალისაგან ქცევის კოდექსის გაგებისა და თანხმობის დადასტურების მოთხოვნა. ეს ასევე ნიშნავს თაღლითობის საწინააღმდეგო მკაცრი პოლიტიკის დაწესებას, რაც ადგენს გასაგებ სახელმძღვანელო პრინციპებს და ქმნის მოლოდინებს - იმ შედეგებთან ერთად, რომელიც მათ შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს - და განსაზღვრა იმისა, იცნობს და ასრულებს თუ არა მომსახურე პერსონალი ამ პოლიტიკას. IIA-ის შიდა აუდიტორის ელექტრონული ჟურნალის სტატიის მიხედვით, სხვა ნაბიჯები შეიძლება მოიცავდეს მოვალეობათა გამიჯვნას, პერსონალის შენაცვლებას (როტაციას), ახალ და მოქმედ თანამშრომელთა მონაცემების რეგულარულ შემოწმებასა და თანამშრომელთა ცხელ ხაზს ან მამხილებელ პროგრამებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება თაღლითობისა და სხვისი ქონების მითვისების შემთხვევების გამოვლენა და ხელის შეშლა. 

შიდა და გარე აუდიტორები 

ორგანიზაციის შიდა და გარე აუდიტორებს მოეთხოვებათ პროფესიული სკეპტიციზმის მაღალი დონის შენარჩუნება. სახელმძღვანელო მითითებანი ინდივიდუალური ობიექტურობის შესახებ, IIA-ს საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის საფუძვლების 1120-ე სტანდარტში - „ინდივიდუალური ობიექტურობა“, აღნიშნავს ტრენინგის მნიშვნელობას, რაც „აძლიერებს [პროფესიული] სკეპტიციზმის ბუნებას, მიკერძოების თავიდან აცილების მნიშვნელობას და ობიექტური და ცნობისმოყვარე გონების შენარჩუნებას“. 

PCAOB აცნობიერებს სუბიექტურობისა და მიკერძოების საფრთხეებსა და პროფესიული სკეპტიციზმის მნიშვნელობას თაღლითობის რისკის შეფასებისას და სააღრიცხვო შეფასებების მიზნობრიობის დადგენისას. PCAOB-ის აუდიტის 2501 სტანდარტის - „აუდიტის სააღრიცხვო შეფასება რეალური ღირებულების შეფასების ჩათვლით“ - თანახმად, რომელიც ძალაშია 2020 ფისკალური წლის 15 დეკემბერს ან ამ თარიღის შემდგომ დასრულებული პერიოდების ფინანსური ანგარიშგების აუდიტისთვის, „არსებითი უზუსტობების რისკებზე რეაგირება მოიცავს დადგინდეს, არის თუ არა სააღრიცხვო შეფასებები შესაბამისობაში მოქმედ ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურულ საფუძვლებთან და მიზანშეწონილია თუ არა იგი მოცემულ გარემოებებში, აგრეთვე, სააღღიცხვო შეფასებაში ხელმძღვანელობის მოსალოდნელი სუბიექტური დამოკიდებულების დადგენა და მისი გავლენა ფინანსურ ანგარიშგებაზე... აუდიტორის საპასუხო ქმედება არსებითი უზუსტობების შეფასებულ რისკზე, განსაკუთრებით კი თაღლითობის რისკებზე, უნდა მოიცავდეს პროფესიული სკეპტიციზმის გამოყენებას აუდიტორული მტკიცებულებების შეგროვებასა და შეფასებაში“. PCAOB-ის მოთხოვნა, რომ დადგინდეს ხელმძღვანელობის მოსალოდნელი ტენდენციურობა შეფასების პროცესში და მისი გავლენა ფინანსურ ანგარიშგებაზე, მიანიშნებს, რომ საჭიროა ხელმძღვანელობამ და ფინანსური ანგარიშგების ჯაჭვის სხვა წევრებმა გულდასმით გამოიყენონ სკეპტიციზმი თავიანთ პროცესებში.
 
დასასრული შემდეგ ნომერში