ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
სკეპტიციზმი პრაქტიკაში - 2020 წლის სექტემბერი - №3(255), 2021
დასასრული. დასაწყისი №2(254)

მიკერძოება სკეპტიციზმს საფრთხეს უქმნის 

გადაწყვეტილებები, რომლებსაც ინდივიდები ინფორმაციის შეფასების პროცესში იღებენ, აუცილებლად განსაკუთრებულ პირად გამოცდილებასა და სუბიექტურ დამოკიდებულებას ემყარება. აღსანიშნია, რომ ადამიანის აზროვნება უმეტესად პირად გამოცდილებასა და მოსაზრებებზეა დამყარებული, ისევე როგორც იმპლიციტურ ცოდნასა და შეხედულებებზე, მოსაზრებებსა და უნარებზე დაფუძნებული „შორთქათები“. საჭირო გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის ადვილი არ არის. შეიძლება ცუდი განზრახვა არ არსებობდეს და გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაუცნობიერებელი და ინსტინქტური იყოს, მაგრამ გავლენა მაინც არის. 

სტატიაში – „აუდიტორთა პროფესიული სკეპტიციზმის გაუმჯობესება“ – ავტორებმა, სტივენ გლოვერმა და დუგლას პრავიტმა აღნიშნეს: 

„მიკერძოებულობის ტენდენციამ შესაძლოა ყველაზე ჭკვიან და გამოცდილ პროფესიონალებსაც კი, მათ შორის, აუდიტორებს ნაკლებად ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიაღებინოს“. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს სტატიაში – „ბუღალტრული აღრიცხვის განათლების საკითხები“ – აღნიშნულია, რომ გაუცნობიერებელმა მიკერძოებამ შესაძლოა პროფესიულ სკეპტიციზმზე გავლენა იქონიოს. ეს საკითხი შეიძლება ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის ყველა წევრს ეხებოდეს. Business Insider-ის სტატია თემაზე – „61 კოგნიტური მიკერძოება, რომელიც აფუჭებს ყველაფერს რასაც ვაკეთებთ“ – გვთავაზობს მიკერძოებების განმარტებებს, რომლებმაც შეიძლება ყოველდღიურ ბიზნეს გარემოში თავი იჩინოს. 

„ნდობის გამო შეიძლება ხელმძღვანელების ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენება საჭიროდ არ ჩათვალოთ; რომ თქვენ მათ ენდობით, როგორც ხელმძღვანელებს, რომლებიც საჭირო ინფორმაციას გაწვდიან; და რომ ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც გეუბნებიან ყოველგვარი ზედმეტი მიკერძოების, დაუდევრობისა და შელამაზების გარეშე“. 

„ნდობა შეიძლება დირექტორთა საბჭოს მტერი აღმოჩნდეს“ 

შიდა აუდიტორი

სკეპტიციზმის წინააღმდეგ მიმართული თანამშრომლობა 

ქვემოთ ჩამოთვლილი მიკერძოების ტიპები არსებითად ინსტინქტურია და შესაძლოა გადაწყვეტილებების მიღებას ხელი შეუშალოს: 

ღუზის ეფექტი: შემდგომი მონაცემებისა და გადაწყვეტილებების განხილვისას პირველად მტკიცებულებებზე დაყრდნობა. მაგალითად, დირექტორთა საბჭომ ან მენეჯმენტმა შეიძლება ამჟამინდელი გარემოს, პროგნოზებისა და ვარაუდების გარეშე, მიმდინარე წლის ხარჯები წინა წლების ხარჯთაღრიცხვაზე დაყრდნობით დაადგინოს. 

ბრმა ლაქების ეფექტი: უნარი ამოიცნო მიკერძოება სხვა ინდივიდებში, მაგრამ საკუთარ თავში – ვერა. 

საკუთარი მოსაზრების დადასტურების ტენდენცია: ტენდენცია დაეყრდნო ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც ცალკეული პირის მოსაზრებას ამყარებს, ამასთანავე, ისეთ ფაქტებზე თვალის დახუჭვა, რომლებიც აღნიშნულ მოსაზრებას უგულებელყოფს. ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვისთვის ეს შეიძლება საერთო პრობლემა იყოს. მეტიც, ის შეიძლება დროის სიმცირით გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე გამწვავდეს, რაც პრობლემატური, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის უგულებელყოფის სურვილს ზრდის. 

ოპტიმიზმი: სასურველი შედეგის მიღების მიდრეკილება. შედეგად, ცალკეულმა პირმა შეიძლება რისკები სათანადოდ არ შეაფასოს და მთლიანად პოტენციურ, პოზიტიურ შედეგებზე კონცენტრირდეს. 

მეტისმეტი თავდაჯერებულობა: ინდივიდის გადაწყვეტილების მიღების ან რაიმე საქმის კარგად შესრულების უნარის გაზვიადებული შეფასება. ვინაიდან ეს ფინანსურ ანგარიშგებას ეხება, ცალკეულ პირებს შეიძლება სჯეროდეთ ან ვარაუდობდნენ რომ პასუხი სწორია. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ მათ ადრე უკვე ჰქონდათ მსგავსი შემთხვევა ან აქვთ ისეთი გამოცდილება, რომელიც უტყუარად სწორ გადაწყვეტილებებს მიაღებინებდა. ეს შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, როცა ფაქტები ცალკეული პირის ვარაუდს სრულად არ ამყარებს ან სადავოს ხდის. მარტივია სხვაში მეტისმეტი თავდაჯერებულობის შენიშვნა, მაგრამ გაცილებით რთულია ეს ადამიანმა საკუთარ თავში დაინახოს. გარდა ამისა, როდესაც ადამიანი ზედმეტად თავდაჯერებულია, განსაკუთრებით თუ ეს იქნება ჯგუფის ხელმძღვანელი, სხვებმა შესაძლოა მასში ეჭვი არ შეიტანონ. 

გადარჩენილთა სისტემატური შეცდომა: წარმატებებისთვის დიდი ყურადღების მიპყრობა წარუმატებლობის იგნორირების ფონზე. ამ ტიპის მიკერძოებამ შეიძლება ინდივიდი ზედმეტად ოპტიმისტურად განაწყოს, რადგან აქცენტი კეთდება მათზე ვინც წარმატებას მიაღწია ნაცვლად იმისა, რომ დრო წარუმატებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს დაეთმოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წარმატების დამახინჯებული აღქმა, რომლის გავლენამ მიწოდების ჯაჭვში ნებისმიერ დროს შეიძლება თავი იჩინოს. 

მაგალითისთვის, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს აღნიშნულმა მიკერძოებებმა, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საფონდო ბირჟის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების აღსრულების რეალიზების სამი მეოთხედი შეიძლება უკავშირდებოდეს ოპტიმიზმისა და მენეჯერის მეტისმეტი თავდაჯერებულობის გამოვლენას. მიუხედავად იმისა, რომ პირველადი, არაზუსტი ცნობები შედარებით მცირე იყო, შემდგომში ისინი გაიზარდა. მიკერძოების გავლენის მეორე ილუსტრაციაში, COSO-ს ანგარიშის თანახმად, მეტისმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება გამჭრიახობის უნარის ნებისმიერ გარემოებაში დაკარგვა გამოიწვიოს. 

ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის წევრებმა უნდა ეცადონ ყურადღება მიაქციონ მიკერძოების სხვადასხვა ტიპს, რომლებსაც შეიძლება გაუცნობიერებლად ავლენდნენ. ასევე, გააცნობიერონ ამ მიკერძოებების პოტენციური დაბრკოლებები, რამაც შეიძლება მათი სკეპტიციზმი ჩაახშოს. და ბოლოს, იმუშავონ მათ შემცირებაზე. 

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, შპს Georgia-Pacific-ის რისკების მართვის მთავარი ოფიცრისა და COSO-ს თავმჯდომარის, პოლ სობელის თქმით – ეს ტენდენციები ერთად მოქმედებს თუ კი ჩვენ არ გვაქვს თვითშეგნება და თავმდაბლობა, რათა შევძლოთ მიკერძოებების ამოცნობა, რომლებიც შეიძლება ჩვენს განსჯაზე გავლენას ახდენდეს.

მიკერძოების სხვა ტიპები

მიჯაჭვულობა 
 
ადამიანთან მსგავს გარემოსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე, განათლებასა და სხვა ფაქტორებზე დამყარებული სიახლოვე და ურთიერთსიმპათია, რამაც შეიძლება სხვის განსჯასა და ვარაუდებზე დამოკიდებულება გამოიწვიოს.  

აფირმაცია

ინდივიდის ქცევის ატრიბუციის მიხედვით შეფასება, მიუხედავად იმისა, რომ ატრიბუციები სინამდვილეს ყოველთვის ზუსტად არ ასახავს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ადამიანები შესაბამისი ფაქტის ან ერთჯერადი შემთხვევის მიწერით, თავიანთი ქცევების ახსნას დაიწყებენ.  

ხელმისაწვდომობის ევრისტიკა

მარტივად გახსენებად ინფორმაციაზე დამოკიდებულება. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა ინდივიდი დოკუმენტაციის ნაცვლად მოგონებებზეა დამოკიდებული და ის, რასაც ინდივიდი იხსენებს ან არასწორია ან არ შეესაბამება არსებულ მდგომარეობას. 

ევრისტიკა 

ადამიანთა შეკრება სხვათა შეხედულებების მოსასმენად სასარგებლო შეიძლება იყოს. თუმცა ამ ტენდენციამ შეიძლება, ასევე, ხელი შეუწყოს მიკერძოებას ან გადაწყვეტილების არასათანადო მიღებას. მნიშვნელოვანია გარემოებების გაცნობიერება, რომლის დროსაც ჯგუფები საკმარისი განხილვის გარეშე ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას ან, როცა ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებების განვითარებას აფერხებენ. 

ჰალო ეფექტი  

ინდივიდის ცოდნის, შესაძლებლობებისა და უტყუარობისადმი ნდობის განვითარება, რაც დადებითი შთაბეჭდილებით არის გამოწვეული. საფრთხე კი ინდივიდის მოქმედებებისა და მიწოდებული ინფორმაციისადმი ნაკლები სკეპტიციზმის გამოვლენას გულისხმობს.

შედეგი  

გადაწყვეტილების შეფასება შედეგზე დაყრდნობით, ვიდრე იმაზე თუ როგორ იყო გადაწყვეტილება მიღებული. ეს მიკერძოება გადაწყვეტილებების შეფასებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ხშირად, არა მოცემულ მომენტში, არამედ მომხდარი ფაქტის ან მოვლენის დაგვიანებით შეფასების დროს ვლინდება.  

ნაჩქარევი გადაწყვეტილება  

გადაწყვეტილების გაკეთების ან კონსესუსის სწრაფად მიღწევის სურვილი. როდესაც ინდივიდი დროის სიმცირით გამოწვეული სტრესის ქვეშ იმყოფება, ადვილია იმის დანახვა თუ რა გავლენას ახდენს ეს მიკერძოება მის მოქმედებებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსური ანგარიშგების პროცესს ეხება.

სისტემის გამართლების თეორია (SJT) 

სტატუს კვოს მხარდაჭერა. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც თანამშრომლები ვერ შეძლებენ არსებული სისტემებისა და პრაქტიკების ეჭვქვეშ დაყენებას, რამაც შეიძლება თაღლითობის ახალი ტიპების უგულებელყოფა გამოიწვიოს, რადგან გუნდი მხოლოდ თაღლითობის იმ სქემებს ამოწმებს, რაც წარსულში მოხდა. 

ახალი ტექნოლოგიების რისკების მართვა 

მიკერძოებების მსგავსად, ახალმა ტექნოლოგიებმა შეიძლება სკეპტიციზმის გამოვლენას ხელი შეუშალოს. ეს პრობლემა ადვილად შეიძლება გაიპაროს. თავად ფაქტი, რომ ახალ ტექნოლოგიებს დიდი მოლოდინით ელიან, სკეპტიციზმის შენარჩუნების მისწრაფების მნიშვნელობას აძლიერებს იმ ინფორმაციის შეფასებისას, რომელსაც ეს ტექნოლოგიები აწვდიან. აუდიტის ხარისხის ცენტრის ანგარიშში გარე აუდიტორებისთვის რეკომენდაციებია წარმოდგენილი, რომლის ათვისებაც, აგრეთვე, შეუძლია საბჭოებს და მენეჯმენტს. 

ინდუსტრიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გარემოში ცვლილებების ფართო გაგება, რათა მენეჯმენტის პროცესი ოპერაციების წამოწყებისთვის, დამუშავებისთვის, ჩაწერისთვის და შემდეგ შესაბამისი აუდიტორული პროცედურების შესადგენად ეფექტიანად ჩაითვალოს. 

ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად წარმოქმნილი რისკების შეფასება და ერთმანეთისგან გარჩევა, მათ შორის, რისკების, რომლებიც უფრო ტრადიციულ და მოძველებულ სისტემებში ვლინდება. 

ახალი ტექნოლოგიების გავლენის დასადგენად, რისკების შეფასებისთვის და, ასევე, დაპროექტების, დანერგვისა და ფუნქციონირების ეფექტიანობის გასარკვევად პროფესიული უნარ-ჩვევების საჭიროების მხედველობაში მიღება. 

„პროფესიული სკეპტიციზმის სათანადო გამოვლენის გარეშე, აუდიტის პროცედურების ეფექტიანობა მცირდება. შედეგად, ეს მოპოვებული აუდიტის მტკიცებულების ვარგისიანობასა და მართებულობაზე უარყოფითად მოქმედებს.“ 

„პროფესიული სკეპტიციზმის როლი აუდიტში“ 

AccountingWeb  

ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად წარმოქმნილი რისკები შეიძლება მოიცავდეს: 

მონაცემების არასწორი, არაზუსტი ან არასრული დამუშავება. 

მონაცემებზე, ძირითად ფაილებსა და ინფორმაციულ სისტემებზე უნებართვო წვდომა და მათი მანიპულაცია ან განადგურება. 

მონაცემებში აუცილებელი ცვლილებების შეტანის განუხორციელებლობა. 

ინფორმაციული ტექნოლოგიების პერსონალს შორის მოვალეობების შეუსაბამო განაწილება. 

რისკები, რომლებიც მესამე კატეგორიის საწარმოს სერვისის მომწოდებელთან არის დაკავშირებული. 

რეაქციის ნაკლებობა კიბერუსაფრთხოებასა და სხვა ინფორმაციულ რისკებზე. 

სხვა რეკომენდაციებთან ერთად, პუბლიკაცია აუდიტორებს მენეჯმენტის რისკების შეფასებისას ახალი სისტემისთვის საკმარისი სკეპტიციზმის შენარჩუნებას ურჩევს. გარდა ამისა, მენეჯმენტმა ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დროს, დიდი გულმოდგინება უნდა გამოიჩინოს. ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვში მყოფი პირები მზად უნდა იყვნენ რესურსების, შედეგებისა და სისტემების კონფიგურაციების ეჭვქვეშ დაყენებისთვის, რათა მათ სანდოობასა და ეფექტიანობაზე გარანტია მიიღონ. ეს მოიცავს კითხვის დასმას იმის შესახებ, თუ რა მონაცემებისგან შედგება და არის თუ არა ალგორითმების ლოგიკა დამოუკიდებლად შემოწმებული და ეჭვქვეშ დაყენებული სხვადასხვა შესაძლო შედეგის მხედველობაში მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია მძლავრი იარაღია, ის პროფესიონალის ცოდნას, მსჯელობასა და სკეპტიციზმის გამოყენებას ვერ ჩაანაცვლებს. 

კრიზისის დროს სკეპტიციზმის შენარჩუნება 

დაბრკოლებები, გაუთვალისწინებელი შემთხვევები ან სხვა მოულოდნელი კრიზისები სკეპტიციზმს, აგრეთვე, უქმნის საფრთხეს. კომპანიებს უპრეცედენტო შემთხვევებთან მოუწევთ გამკლავება, რამაც შესაძლოა ბიზნესის ნორმალურ მუშაობას ხელი შეუშალოს. PyC-ს კვლევაში – „კრიზისისთვის მზადყოფნა, როგორც შემდეგი კონკურენტული უპირატესობა: 4500 კრიზისის მაგალითზე მიღებული გამოცდილება“ – აღნიშნულია: გასული 5 წლის განმავლობაში, 2084 ხელმძღვანელის 69 პროცენტმა, სულ მცირე, ერთი კრიზისი მაინც განიცადა – შემთხვევა, რომელიც მთელი საწარმოს მასშტაბით მიმდინარეობს. ეს არის მრავალფუნქციური გავლენა, რომელიც ბიზნესის ნორმალურ მუშაობას დაბრკოლებებს უქმნის ან რომელსაც რეპუტაციის შელახვის უნარი გააჩნია. 

ვინაიდან კრიზისის დროს ზეგავლენის პოტენციური წყაროები იზრდება, იქნება ეს ეკონომიკური დაღმასვლა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელი შემთხვევა თუ ინდუსტრიის ჩამოშლა, ხელმძღვანელებს კრიზისის რეაგირებისა და აღდგენის გეგმის განხორციელებისას, ხშირად სჭირდებათ სტრატეგიების გადახედვა და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირება. 

კრის ბრედლის McKinsey & Companyყ-ის სტატიის – „როგორ სჯობნის კოგნიტური მიკერძოებები, პოლიტიკა და თვითკმაყოფილება კარგ სტრატეგიას“ – მიხედვით, სტრატეგიული დაგეგმარების დროს ზოგიერთი მიკერძოება უფრო საშიშია, ვიდრე სხვა. 

მიკერძოებები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია კრიზისის რეჟიმში გადასვლის დროს, მოიცავს მეტისმეტ თავდაჯერებულობას, (ტენდენცია უარყო საწინააღმდეგო ინფორმაცია); საკუთარი მოსაზრების დადასტურების ტენდენციას (საერთო ინტერესებისა და მიზნების მქონე პირებისგან მიღებული სასურველი ინფორმაციის ნდობა); გადარჩენილთა სისტემატურ შეცდომას (არსებული მონაცემების შეფასება და არა მონაცემების, რომლებიც ხელმისაწვდომი არ არის); და მიკუთვნების მიკერძოება (ბრალის წაყენებისა და წარუმატებლობის უარყოფა). 

ბრედლის სტატიაში ხაზგასმულია, რომ მიკერძოებებს ხშირად სოციალური დინამიკა და პრინციპის და აგენტის თეორიის პრობლემები ამძაფრებს, განსაკუთრებით, როცა გარე სტრესი მოქმედებს. მაგალითად, ხელმძღვანელები კრიზისის დაძლევის დროს, შეიძლება „ხანმოკლე თამაშზე“ კონცენტრირდნენ ისე, რომ აღმასრულებლების მოტივაცია არ დაემთხვეს კომპანიისა და დაინტერესებული მხარეების გრძელვადიან სტრატეგიებს. მიკერძოებების გამოვლენისა და სკეპტიციზმის უგულებელყოფის რისკების შესამცირებლად, კომპანიებმა ობიექტურ შეფასებას უნდა მიმართონ, რომლის საფუძველზეც კომპანიის წარმატებას შეაფასებენ, როგორც კრიზისის, ისე მის შემდგომ პერიოდში. 

სკეპტიციზმის შენარჩუნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მტკიცე შეკითხვების დასმა. კრიზისიდან გაძლიერებულები რომ გამოხვიდეთ საჭიროა, როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებზე კონცენტრირება. მაგალითად, თუ ხელმძღვანელები მოულოდნელი შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან, უნდა განსაზღვრონ ეს შედეგები შეკითხვით – „როგორ შეძლო ინდივიდმა ან საწარმოს შვილობილმა კომპანიამ ამ უჩვეულო შედეგების მიღწევა იმ გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც ამ მეოთხედში გვიწევს მუშაობა?“ 

კომპანიები და დაინტერესებული მხარეები კრიზისის შედეგზე ორიენტირებულები არიან. კომპანიის წამახალისებელი საშუალებებისა ან/და სამუშაო პროცესის შეფასებისას, ხელმძღვანელებმა თავიანთ ვარაუდებში ეჭვი უნდა შეიტანონ, რათა ობიექტურობა გაიუმჯობესონ. ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ხშირად ვარაუდების გამოთქმა ინსტინქტური რეაქციაა. თუმცა ეს ვარაუდები შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. „სწორი“ მიზნების დასახვის სურვილმა კომპანიები და მათი ხელმძღვანელები შეიძლება არასწორ გზაზე დააყენოს. ხელმძღვანელის გადაწყვეტილების მიღების უნარი კრიზისის დროს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ვარაუდებზე დაყრდნობის ნაცვლად, ხელმძღვანელების გადაწყვეტილებები მონაცემების ანალიზსა და მტკიცებულებებზე უნდა იყოს დამყარებული. 

აუდიტის ხარისხის ცენტრი თავის ანგარიშში – თაღლითობის რისკის, კულტურისა და სკეპტიციზმის მართვა კოვიდ-19- ის დროს – სკეპტიციზმის განვითარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რათა თაღლითობის მომატებული რისკები შეამციროს. კრიზისის დროს ზემოქმედების, შესაძლებლობისა და რაციონალიზაციის პოტენციური ზრდისას ხელმღვანელებმა სკეპტიციზმის გაუმჯობესებით უნდა სცადონ შესაძლო არასწორი ქცევის გაცნობიერება. და ბოლოს, ვინაიდან გაურკვევლობის დროს დადებითი და უარყოფითი ემოციების დაბალანსება მნიშვნელოვანია, კომპანიებმა შეიძლება გრძელვადიანი პერსპექტივით წარმატებას მიაღწიონ, თუ ხელმძღვანელები სკეპტიციზმის სათანადო ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად შეძლებენ ოპტიმიზმის გამოვლენას. 

„მარტივია სკეპტიკური კითხვებისგან თავის შეკავება, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ „ეჭვქვეშ არ დააყენოთ ის რაც სწორი გეჩვენებათ“ – კარგი მიდგომა არ არის. თუ ზედმეტად დადებითად გეჩვენებათ, დასვით მეტი შეკითხვა. დაჟინებით მოითხოვეთ, რომ საბჭო ანომალიების (როგორც კარგის, ისე ცუდის) შესახებ ინფორმირებული იყოს. მოითხოვეთ ინფორმაცია ანომალიების შესახებ და იქონიეთ კონსტრუქციული საუბარი მათზე. იყავით სკეპტიკურად განწყობილები. ეს არის საბჭოს საქმე.“ 

კრიზისის პრევენცია და მზადყოფნა, KPMG 

ქმედითი ნაბიჯები სკეპტიციზმის გაუმჯობესებისთვის 

სკეპტიციზმი ფინანსურ ანგარიშგებაში თაღლითობის გამოვლენისა და პრევენციის მნიშვნელოვანი იარაღია. როდესაც ბუღალტრულ აღრიცხვაში სერიოზული თაღლითობაა გამოაშკარავებული, საწყისი მიზეზის მოკვლევა, როგორც წესი, მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რამაც თაღლითობას ხელი შეუწყო. მაგალითად, სამუშაო მიზნების უზომოდ აქტიური ზრდა, ამ მიზნების მისაღწევად ან მათი გადაჭარბების მიზნით გუნდზე ზეწოლა და შედეგების გაყალბების შესაძლებლობა. „თაღლითობის სამკუთხედის“ ორი მხარეა – ზეგავლენა და შესაძლებლობა. მესამე მხარე – რაციონალიზაცია – განსაკუთრებით აქტიურია ორგანიზაციებში, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენლები ხელმძღვანელებს ყველა კუთხით მოუწოდებენ გააკეთონ ის, რაც საჭიროა მოცემული მიზნების მისაღწევად. 

ქვემოთ რამდენიმე ეტაპია მოცემული, რაც ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ, რათა თაღლითობის რისკები შეამცირონ. 

საკუთარი ობიექტურობის საზღვრების გაცნობიერება 

როგორც წესი, ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვი შედგება ინდივიდებისგან, რომლებსაც როგორც პროფესიული, ,ისე ფინანსური კავშირები აქვთ ციფრებთან, რომლებსაც ითვლიან ან აფასებენ. 

ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის წევრები დადებით შეხედულებებზე, კომპანიისა და თანამშრომლების წარსულ გამოცდილებებზე დაყრდნობით, ციფრების სიზუსტეს არ უნდა მიენდონ. მათ ეჭვქვეშ უნდა დააყენონ და კრიტიკულად მიუდგნენ მესამე მხარის, კლიენტის, ბიზნესსაწარმოსა და მენეჯმენტის მიერ მოწოდებული მონაცემების სიზუსტეს. თუ შედეგები ეჭვისაღმძვრელია ან ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობს, უნდა შეეცადონ აღმოფხვრან ნებისმიერი შეუსაბამობა. 

ეტაპები

გახსოვდეთ ვარაუდის გამოთქმის ტენდენციურობა. ეს შეიძლება ორგანიზაციის, გუნდის ან ცალკეული პირის წარმოდგენებზე იყოს დამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ ვარაუდების იდენტიფიკაცია და შესწორება შეიძლება რთული აღმოჩნდეს, მარტივად პრობლებისადმი საკითხის დასმამ შეიძლება მის თავიდან აცილებაში დაგეხმაროთ. იმისთვის, რომ თქვენი აღქმა შეამოწმოთ, წარმოიდგინეთ რომ ინფორმაცია, რომლის შესახებ არაფერი არ იცით, უცხო წყაროდან მომდინარეობს. ამ შემთხვევაში, მაინც, უსიტყვოდ ენდობოდით ამ წყაროს? ნაცნობ წყაროსთან მიმართებაში გადადგმული ნაბიჯებისგან განსხვავებით რა ქმედებებს მიმართავდით იმისთვის, რათა უცნობი წყარო შეგესწავლათ? 

მზადყოფნა მტკიცე შეკითხვებისთვის. ეს შეიძლება მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერი წევრისთვის რთული აღმოჩნდეს. პოტენციური რისკის ან თაღლითობის ძიებამ შესაძლოა პროცესები შეანელოს და აღშფოთება გამოიწვიოს. 

თუმცა, სკეპტიკურად განწყობა ნიშნავს საკითხის წამოყენებას, როცა არსებობს გარკვეული ეჭვი და, თუნდაც, ამან არასასიამოვნო საუბრამდე მიგიყვანოთ, მაინც, უნდა ეცადოთ რაღაც მოუხერხოთ. 

იყავით მზად აღიაროთ დაშვებული შეცდომა და გააკეთოთ საჭირო ცვლილებები. ეს მოიცავს საკუთარ თავთან აღიარებას, რომ გადაწყვეტილება ვარაუდის საფუძველზე მიიღეთ ან ადეკვატური სკეპტიციზმი ვერ შეინარჩუნეთ. 

გაითვალისწინეთ რომ სიტუაციიდან გამომდინარე, სკეპტიციზმის დონე თითოეული ინდივიდისთვის განსხვავებულია. მაშინაც კი, როცა გჯერათ რომ სკეპტიციზმის სათანადო გამოვლენის დონე გაქვთ, ეს დონე შეიძლება იმ გარემოებებში შესუსტდეს, როცა თქვენი ტენდენციურობა თავს იჩენს. მაღალი სტანდარტების ქონის მიუხედავად, მზად იყავით ეჭვქვეშ დააყენოთ, არა მხოლოდ ის რასაც სხვები ამბობენ, არამედ საკუთარი მოსაზრებებიც. 

არ ენდოთ. გახსოვდეთ, რომ გარემო პირობები, როგორც კორპორაციისთვის, ისე იქ მომუშავე პირებისთვის ყოველთვის იცვლება. 

ინდივიდი შეიძლება რამდენიმე წელი სამუშაოს მნიშვნელოვანი შეცდომის ან თაღლითობის ჩადენის გარეშე ასრულებდეს. შემდგომ კი ისეთი გარემო პირობები შეიქმნას, რომელიც ინდივიდის მოვალეობის ცუდად შესრულებას გამოიწვევს. სისტემამ შეიძლება საიმედოდ შექმნას ანგარიშები, მაგრამ მიღებული მონაცემები ისეთივეა, როგორც შეყვანილი მონაცემები. არ ენდოთ ანგარიშს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ავტომატურად იქმნება (ადამიანის მინიმალური ჩარევით). 

ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ 

განიხილეთ ყველა შესაძლო ხელმისაწვდომი ინფორმაცია, სანამ რაიმეს დაიჯერებთ. გააანალიზეთ მონაცემები და მტკიცებულებები და არა მხოლოდ ის, რაც თქვენს ვარაუდებს ანმტკიცებს. ეს გულისხმობს პასუხზე, რომელსაც ელოდით, უარის თქმას (საკუთარი მოსაზრების დადასტურების ტენდენციის მაგალითი). ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც რაღაცის შესახებ წინათგრძნობა ან საფუძვლიანი ვარაუდი გაქვთ ისე, რომ შეგიძლიათ დაეყრდნოთ მტკიცებულებას ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშე, თუ კი ის თქვენს თეორიას ანმტკიცებს. 

დამატებითი რეკომენდაციები 

კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ ექსპერტს. ფინანსური ანგარიშგების ჯაჭვში მყოფ თითოეულ პირს უნდა შეეძლოს, როგორც გუნდის წევრების, ისე საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის საზღვრების ობიექტურად შეფასება. აუდიტის ხარისხის ცენტრის პროფესიული განსჯის საშუალებების თანახმად, აუდიტორებმა გუნდის წევრების კომპეტენტურობა ხშირად უნდა შეაფასონ, რათა განსაზღვრონ თუ რამდენად ეფექტურად იღებენ გადაწყვეტილებებს. აგრეთვე, უნდა შეძლონ გააცნობიერონ ექსპერტის საჭიროება ძირითადი ფაქტებისა და ვარაუდების დასადგენად და აუცილებელი მტკიცებულების შეგროვებაში დახმარების გასაწევად. მაგალითად, ხარჯთაღრიცხვაზე დაფუძნებული საბუღალტრო ელემენტები, როგორიც არის, შეფასებები (რომლისთვისაც მრავალი ამოსავალი მონაცემი და ვარაუდი გამოიყენება) სწორედ ის პოტენციური არეალია, სადაც ექსპერტის მოხმობა აუცილებელი უნდა გახდეს. ბევრ შემთხვევაში, მენეჯმენტისა და აუდიტის კომიტეტებს, ასევე, შეუძლიათ კომპლექსურ თემებზე ექსპერტის რჩევით ისარგებლონ. 

კრიტიკული მხარეების ამოცნობა, რაც საგრძნობლად სუბიექტურია. PCAOB-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული სკეპტიციზმი აუცილებელია აუდიტის ყველა ასპექტში, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სფეროებში, რომლებიც გულისხმობს მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს ან ოპერაციებს, რაც ნორმალურ ბიზნესგარემოში არ გვხვდება. ასეთ სფეროებში შეიძლება არარეგულარული რეზერვები, ფინანსური ოპერაციები, დაკავშირებულ მხარეთა ოპერაციები (მაგალითად, მაღალი თანამდებობის პირებთან და დირექტორებთან) შედიოდეს, რაც ბუღალტრული აღრიცხვის შედეგის მანიპულირებისთვის შეიძლება დიდწილად ან სრულიად იყოს ჩაგონებული. პროფესიული სკეპტიციზმი თაღლითობის რისკებისა და ოპერაციების განსაზღვრისთვის ,ასევე, გადამწყვეტია ორგანიზაციის საქმიანობის ნორმალური მიმდინარეობის მიღმა. ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის სხვა წევრებმა, საჭიროების შემთხვევაში, ეს პოტენციურად პრობლემური სფეროები ასევე, უნდა გაითვალისწინონ. 

სკეპტიციზმის მნიშვნელობა და მიკერძოების გამოხატვის შემცირების გზები – საკითხები, რომლებზეც თანამშრომლები უნდა მოამზადოთ. ხელმძღვანელებმა შეიძლება სწორი ტონი დასვან იმ შემთხვევების გაცნობიერებით, რომლებიც სკეპტიციზმს მოითხოვს ან რომლებმაც სკეპტიციზმის გამოვლენის დროს გავლენა მოახდინეს. მათ უნდა გაითავისონ, რომ თანამშრომლებზე ზეწოლამ, სამუშაოს მოკლე ვადებში ან ბიუჯეტის ჩარჩოებში შესრულების მიზნით, შეიძლება მათი სკეპტიციზმის გამოვლენაზე იმოქმედოს და შეიმუშავონ გეგმა, რათა თანამშრომლები ასეთ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ. 

ANTI-FRAUD COLLABORATION 

ეტაპები: 

გააგრძელეთ ძიება. იმისთვის, რომ თავი აარიდოთ გადაწყვეტილებების ნდობას, რომლებიც თქვენს ვარაუდებსა და მიკერძოებებს ანმტკიცებს, შეჩერდით და განიხილეთ არის თუ არა სხვა პასუხები გამოსადეგი. გასცდით თვალნათელს და უფრო ღრმად ეძიეთ. 

მოიპოვეთ მტკიცებულებები გადაწყვეტილებების გასამყარებლად. დაწვრილებით გაეცანით პირვანდელ გადაწყვეტილებებს. ინფორმაცია, რომელიც თქვენს ვარაუდებს ეწინააღმდეგება, არ უარყოთ. 

ფართო თვალთახედვის ქონა 

ზოგჯერ ეს შეიძლება გულისხმობდეს მონაცემებისა და ანგარიშგების სისწორის (მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ატრიბუტი ზუსტი და რაციონალური ჩანს) დაეჭვებას. თუ რიცხვები უტოლდება ერთმანეთს, განა ეს გარანტიას იძლევა, რომ თაღლითობას ან შეცდომებს არ აქვს ადგილი? ნამდვილად არა. ჭკვიანი დამნაშავე ეცდებოდა თავისი სქემების დაფარვას და, მეტიც, ფინანსური ანგარიშგების ჯაჭვის ნებისმიერი წევრის მიერ დაშვებული შეცდომა შეიძლება დაფარული ყოფილიყო. თუ რაიმე გულდასმით არ შემოწმებულა, კიდევ ერთხელ გადახედეთ. 

ეტაპები: 

მენეჯმენტის საქმიანობას ყურადღებით მიუდექით. დირექტორებმა, აუდიტის კომიტეტის წევრებმა, შიდა და გარე აუდიტორებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მენეჯმენტის ოპერაციული და ფინანსური შედეგები შეცდომებს, მანიპულაციასა და, მეტიც, თაღლითობას ექვემდებარება. ამასთან, ინდივიდების მოტივის დადგენა, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან. 

დაუდასტურებელი ინფორმაციის განხილვისთვის მზადყოფნა. ინფორმაცია შეიძლება ისეთი დეტალებისგან შედგებოდეს, რომლებიც სხვა წყაროსგან, მაგალითად, მენეჯმენტისგან მიღებულ მონაცემებს ეწინააღმდეგება ან უარყოფს. ეს ინფორმაცია, აგრეთვე, შეიძლება თქვენი გუნდის მიერ იყოს შემუშავებული. აქედან გამომდინარე, საწინააღმდეგო მტკიცებულების სანდოობის განხილვის გარეშე, ნუ იფიქრებთ რომ ეს მონაცემები სწორია. ჩაიწერეთ დამადასტურებელი და დაუდასტურებელი ინფორმაცია იმისთვის, რათა თვალისაჩინო გახდეს თუ როგორ გამოიყენებოდა სკეპტიციზმი გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესში. 

საწინააღმდეგო მოსაზრებების მხარდაჭერა. პირები, რომლებიც ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზში მონაწილეობენ, არა მხოლოდ გახსნილები უნდა იყვნენ კითხვების მიმართ, არამედ მიესალმონ განსხვავებულ თვალთახედვას ან მათი გადაწყვეტილებებისა და ვარაუდების ეჭვქვეშ დაყენებასაც კი. 

მონაცემების უსაფუძვლოდ ნდობას თავი აარიდეთ 

მიუხედავად იმისა, რომ ციფრებს, როგორც წესი, შეცდომაში არ შევყავართ, ყალბი ინფორმაციის წარმოსადგენად შესაძლოა მონაცემები გააყალბონ.

ეტაპები: 

არსებული მონაცემების სისწორის ეჭვქვეშ დაყენება. ინფორმაციის მოცულობას არ აქვს მნიშვნელობა თუ ინდივიდები მისი შეფასების დროს განსჯასა და სკეპტიციზმს ვერ ავლენენ, რომელიც აუცილებელია საკვანძო დეტალების დასადგენად. 

ძირითადი წყაროს მიმართ ცნობისმოყვარეობა. იკითხეთ სად და როგორ შეიქმნა მონაცემები. სისტემაში შექმნილი და ხელით შედგენილი მონაცემები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოთ. 

კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავება 

კრიტიკული აზროვნება არსებული ინფორმაციის დაეჭვებაში, ანალიზსა და შეფასებაში გეხმარებათ. ეს სკეპტიციზმის ძირითადი პრინციპია. 

ეტაპები: 

კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესება. გაუწიეთ წინააღმდეგობა სურვილს აღიაროთ ინფორმაცია, რომელსაც ეჭვის შეტანის გარეშე იღებთ. სრული წარმოდგენა რომ შეგექმნათ და უკეთ შეიცნოთ საკითხები რომლებიც ბუნდოვანია, დასვით შეკითხვები. 

პოტენციური რისკების არეალის კვლევა. არსებობს თუ არა სუსტი მხარეები შიდა კონტროლის მექანიზმებში ან სხვა სუსტი რგოლები ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვში? თუ ასეა, როგორ იმოქმედებდა ეს პრობლემები ანგარიშგების პროცესზე? 

დასკვნა 

შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ჩემბერსი აღნიშნავს, რომ თაღლითობის მხედველობაში მიღების გარდა, სკეპტიციზმი, ასევე, შეიძლება ნიშნავდეს არსებული პრაქტიკების მიღებაზე (როგორც უმნიშვნელოვანესი რამ და ყოველთვის უკეთესობისკენ მიმავალი) უარის თქმას. 

რამდენად ხშირია სკეპტიციზმის გამოვლენის წარუმატებლობა? მარჯვნივ არსებული ცხრილის მიხედვით, დემონსტრაციამ აჩვენა – ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის წევრების უმეტესობა აღნიშნავს, რომ მათი კომპანიები უფრო მეტ ნდობას ავლენენ, ვიდრე სკეპტიციზმს, როდესაც საქმე ეხება ფინანსური ანგარიშგების თაღლითობის ხელის შეშლასა და გამოვლენას. 

ამ ანგარიშში სკეპტიციზმის მნიშვნელობაზეა ყურადღება გამახვილებული. ასევე, აღწერილია ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ჯაჭვის წევრების როლი სკეპტიციზმის შენარჩუნების დროს. და ბოლოს, ანგარიშში მიკერძოების ზოგიერთი ტიპი და სხვა საფრთხეებია განხილული, რომლებმაც შეიძლება სკეპტიციზმის გამოვლენას ხელი შეუშალოს. 

სკეპტიციზმის გაუმჯობესებას დრო სჭირდება და დამატებით შემეცნებას, მუდმივ წვრთნასა და რეალიზაციას მოითხოვს. ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები მკითხველს სხვადასხვა ხერხს სთავაზობს, რომლის საშუალებით შეძლებენ ინფორმაციას სწორად მიუდგნენ და მუდმივ ცვალებად გარემოს ეჭვის თვალით შეხედონ.