ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
საქართველოს აუდიტური ფირმების 2020 წლის რეიტინგი შემოსავლების მიხედვით და ძირითადი ტენდენციები - №4(256), 2021
ახალი რეიტინგი 

2016 წლის 8 ივნისს მიღებულმა ახალმა მარეგულირებელმა კანონმა "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" ბევრი სხვადასხვა სახის პოზიტიური სიახლე მოიტანა (პრაქტიკამ, შემდგომში, ნაკლოვანი მხარეებიც გამოავლინა, თუმცა ეს ამ სტატიის თემა არ არის). ერთ-ერთი ასეთი სიახლე იყო ის, რომ აუდიტორებს/ აუდიტურ ფირმებს მათი საქმიანობის მაჩვენებლების (შემოსავლები, ჩაშლილი პროფესიული მომსახურებების ჭრილში, ასევე დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობა) წარდგენა დაევალათ მათი ზედამხედველი სამსახურისთვის. კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური აუდიტორებისა და აუდიტური ფირმებისადმი მიღებულ ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას საჯაროდ ანთავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე saras.gov.ge და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ინფორმაცია აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ აუდიტორული საქმიანობიდან ბოლო 3 წლის მანძილზე (წლების მიხედვით) მიღებულ შემოსავლებს მოიცავს. სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ ამ ინფორმაციის წარდგენამ და გამოქვეყნებამ მნიშვნელოვნად აამაღლა საზოგადოების ნდობა ამ მართლაც ფრიად საყურადღებო ინფორმაციის მიმართ. 

მკითხველებს შევახსენებთ, რომ სამსახურის ვებგვერდზე ასახულია აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების მხოლოდ ის შემოსავლები, რომელსაც ისინი იღებენ აუდიტორული მომსახურების გაწევიდან (ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და სხვა აუდიტორული მომსახურება). გარდა ამ შემოსავლებისა, აუდიტორები და აუდიტური ფირმები სამსახურს წარუდგენენ ასევე ინფორმაციას სხვა პროფესიული საქმიანობიდან (მოქმედი კანონის მე-2 მუხლის `კ~ პუნქტის შესაბამისად) მიღებული შემოსავლების შესახებ, როგორიცაა საბუღალტრო, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის, იურიდიული და სხვა მსგავსი ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურება. სამსახური მიღებულ ინფორმაციას ამ პროფესიული (გარდა აუდიტორული) მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ იყენებს სტატისტიკური მიზნებისთვის და ისინი სამსახურის ვებგვერდზე არ საჯაროვდება (რაც მართებული გადაწყვეტილებაა). მართალია, თუ ეს მონაცემებიც გამოქვეყნდებოდა, აუდიტური ფირმების ტოპ-ოცეული შეიძლება მნიშვნელოვნად გადასხვაფერებულიყო (რადგან ზოგიერთი აუდიტური ფირმა ძირითად შემოსავლებს არა აუდიტორული, არამედ საგადასახადო ან/ და ბუღალტრული მომსახურებიდან იღებს), მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესი ძირითადად სწორედ აუდიტორული საქმიანობის მიმართ არის გამოხატული. ეს ბუნებრივია, რადგან აუდიტორული საქმიანობა საზოგადოებისთვის ძალიან საჭირო და აუცილებელი ბიზნესია რიგი მიზეზების გამო, რომელთა შორის უმთავრესია აუდიტის ძირითადი დანიშნულება _ კომპანიების ფინანსური ანგარიშგებისადმი სანდოობა, რასაც აუდიტური კომპანიები თავიანთი დასკვნებით ადასტურებენ. კომპანიების ფინანსური მონაცემები კი თანამედროვე ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო უმნიშვნელოვანესი კომპონენტი რომ არის, ეს ყველამ იცის. 

აუდიტური ფირმები მუდმივად ზრუნავენ თავიანთ რეპუტაციაზე და რეიტინგზე. მათი რეიტინგის მთავარ განმსაზღვრელ მაჩვენებლად (როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში) სწორედ შემოსავლების სიდიდე ითვლება. `აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების~ ფურცლებზე ეს რეიტინგები აუდიტური ფირმების შემოსავლების მიხედვით ჯერ კიდევ 2001 წლიდან ქვეყნდება. შესაბამის ინფორმაციას ჩვენს ჟურნალს აუდიტორული საქმიანობის მაშინდელი ზედამხედველი - საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო აწვდიდა. ახალი, 2020 წლის რეიტინგი უმსხვილესი 20 აუდიტური ფირმის შემოსავლების მაჩვენებლით თან ერთვის ამ სტატიას.

შედარებითი ანალიზი 

ტენდენციების გამოსავლენად, შევადაროთ 2020 წლის მაჩვენებლები ერთი წლის წინანდელ ანუ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან (2019 წლის რეიტინგი გამოქვეყნებულია ჟურნალში - იხ. "ააფი", #6(246), 2020 წ., http://aaf.ge/index.php?menu=1&jurn=246&rubr=0&mas=4051). 

1) 2020 წლის პირველი ხუთი ლიდერი კომპანია 2019 წელსაც პირველ ხუთეულს წარმოადგენდა. აქ მხოლოდ ერთი ცვლილებაა - "იუაი საქართველომ" 2020 წლის მაჩვენებლებით "ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს" გადაასწრო და რეიტინგის ლიდერი გახდა. 

2) 2020 წელს, გაგრძელდა აუდიტორული მომსახურების ბაზრის ზრდა, თუმცა ზრდის ტემპი - საგრძნობლად შენელდა. სავარაუდოდ, ბაზრის მოცულობის ზრდაზე უარყოფითად იმოქმედა პანდემიამ და მისგან გამომდინარე ეკონომიკური სახის პრობლემებმა, რაც ბიზნესს შეექმნა. 2020 წელს ლიდერი ოცეულის შემოსავლების ჯამურმა მაჩვენებელმა 52,26 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მხოლოდ 3%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 50,74 მლნ ლარი. 

ზრდის მაჩვენებელი ლიდერი ოცეულისთვის ერთი წლის წინ (ანუ, 2019 წელი 2018-თან მიმართებით) 17,8% იყო. 

3) 2020 წელს სდპ-ის აუდიტის უფლებამოსილება ჰქონდა 13 აუდიტურ ფირმას, რომელთა ჯამურმა შემოსავალმა აუდიტორული საქმიანობიდან 47,83 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1 წლის წინანდელ ანალოგიურ მონაცემს - 46,95 მლნ ლარს 1,9%-ით აჭარბებს. 

4) ამჟამად, საქართველოს აუდიტური ფირმების სახელმწიფო რეესტრში 267 აუდიტური ფირმაა რეგისტრირებული. ერთი წლის წინ მათი რიცხვი 261 იყო. 

მათგან, 2020 წელს, სულ 51 აუდიტურ ფირმას ჰქონდა 80000 ლარზე მეტი წლიური შემოსავალი აუდიტორული საქმიანობიდან. მათი შემოსავლების ჯამი - 56,95 მლნ ლარია, რაც ამავე 51 ფირმის აუდიტორული საქმიანობიდან 2019 წელს მიღებულ შემოსავალს - 54,56 მლნ ლარს 4,4%-ით აღემატება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, 20 უმსხვილესი აუდიტური ფირმის წლიური ჯამური შემოსავალი - 52,26 მლნ ლარია, რაც 91,8%-ია. ანუ, ამ 20 უმსხვილეს აუდიტურ ფირმაზე 11-ჯერ (!) მეტი შემოსავალი მოდის, ვიდრე მათ მომდევნო 31 ფირმაზე. 

სავარაუდოდ, რაც დრო გავა, მცირე აუდიტურ ფირმებს უფრო და უფრო გაუჭირდებათ კონკურენცია მსხვილ აუდიტურ ფირმებთან. 

5) რეესტრში რეგისტრირებული აუდიტური ფირმებიდან, 2020 წელს 82-მა აჩვენა "0" აუდიტორული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად. 2019 წელს ასეთი აუდიტური ფირმების რიცხვი 40 იყო. 

თუ მხედველობაში არ მივიღებთ ამ 0-შემოსავლიან ფირმებს და ასევე არ გავითვალისწინებთ სდპ-ის აუდიტის უფლებამოსილი პირების შემოსავლებს, 2020 წელს ერთ აუდიტურ ფირმაზე საშუალოდ 55 ათასი ლარი წლიური შემოსავალი მოდიოდა აუდიტორული საქმიანობიდან, რაც ცხადია, დაბალი მაჩვენებელია (ეს ორი ინფორმაცია მოგვაწოდა პროფ. მურად ნარსიამ, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით). 

6) ასევე შედარებისთვის, ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენი იყო ლიდერი ოცეულის ჯამური მაჩვენებელი 10 წლის წინ. 2010 წლის ანალოგიური რეიტინგის მიხედვით, რაც გამოქვეყნებულია "ააფის" 2011 წლის მე-5(137) ნომერში (იხ. http://aaf.ge/index.php?menu=1&jurn=137&rubr=0&mas=1182) , ეს მაჩვენებელი 33,63 მლნ ლარია. ოღონდ, ეს არ არის ზუსტი ანალოგი, რადგან 2010 წლის რეიტინგში ჩართულია აუდიტური ფირმების სხვა პროფესიული საქმიანობიდან (და არა მხოლოდ აუდიტორული საქმიანობიდან!) მიღებული შემოსავლები, ეს კი უფრო მეტად თვალსაჩინოს ხდის იმ ზრდას, რაც საქართველოში აუდიტორული საქმიანობის ბაზარმა განიცადა ბოლო 10 წლის განმავლობაში.
 
"ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა დაიწყო 
მ/წლის აპრილის თვეში, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის ინიციატივით, რამდენიმე პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სამსახურმა წარმოადგინა თავისი ხედვა მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობის თაობაზე. ამ პრეზენტაციების გამართვის შემდეგ, სამსახურმა მიმართა თხოვნით პროფესიულ ორგანიზაციებს განეხილათ ასეთი ცვლილებების შეტანის მიზნაშეწონილობა და კანონპროექტის სამუშაო ვერსიაც დაუგზავნა სამსჯელოდ. იმავდროულად, საშემფასებლო საქმიანობის შესახებ კანონპროექტის შემუშავების საკითხიც დადგა დღის წესრიგში. 

კონკრეტულად ამ მიზნით, ბაფ-ში შეიქმნა 10-კაციანი სამუშაო ჯგუფი (წევრები: მიხეილ აბაიაძე, ზურაბ ლალაზაშვილი, მურად ნარსია, იური პაპასქუა, დავით პაპიაშვილი, რუსუდან ჟორჟოლიანი, გიორგი ცერცვაძე, რევაზ ძაძამია, რუსლან ხოროშვილი და ივანე ჯელია), რომელმაც ერთობლივად შეიმუშავა პირველი წერილი აღნიშნულთან დაკავშირებით (იხ. დანართი ქვემოთ). შევნიშნავთ, რომ ზოგიერთი საკითხი მიღებული იქნა სრული კონსენსუსით, ხოლო ზოგიერთ საკითხზე ყველა მოსაზრება ვერ შეჯერდა და ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. მკითხველთა ინტერესის გათვალისწინებით, ვაქვეყნებთ ბაფ-ში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ ერთობლივად შემუშავებულ ამ წერილს, რომელიც უკვე გაეგზავნა სამსახურს. 
სადღეისოდ, ზუსტად არ არის ცნობილი, მსჯელობები გაგრძელდება მაის-ივნისში თუ გადაიდება ოქტომბრამდე. 

გიორგი ცერცვაძე
     

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის“ ხელმძღვანელობას 

ასლი: ფინანსთა მინისტრს 

ჩვენმა პროფესიულმა ორგანიზაციამ თქვენგან განსახილველად მიიღო სამსახურის მიერ მომზადებული წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებასთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება „საშემფასებლო კანონის შესახებ“ ახალი კანონის მიღებას და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში (შემდგომში „კანონი“ ან „კანონები“) არსებითი სახის ცვლილებების შეტანას (ფაქტობრივად, ასევე ახალი კანონის მიღებას). 

საკითხის განსახილველად, ჩვენმა ორგანიზაციამ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს როგორც დამაკავშირებელი რგოლი პროფესიის აქტიურ წარმომადგენლებსა და პროფესიულ კანონ(ებ)ში ცვლილებების შეტანის მოსურნე სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან მრავალი წლის გამოცდილების მქონე და საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი აუდიტორები: მიხეილ აბაიაძე, ზურაბ ლალაზაშვილი, მურად ნარსია,  რუსუდან ჟორჟოლიანი, იური პაპასქუა, დავით პაპიაშვილი, გიორგი ცერცვაძე, რევაზ ძაძამია, რუსლან ხოროშვილი და ივანე ჯელია. 

პირველ რიგში, ზოგადად აღვნიშნავთ, რომ მხარს ვუჭერთ ყველა მხარის/პირის მცდელობას, ვისაც სურს ძალისხმევა გამოიჩინოს პროფესიულ კანონ(ებ)ში ისეთი ცვლილებების შეტანაში, რომლებიც იქნება ობიექტური აუცილებლობებით გამოწვეული და ხელს შეუწყობს ჩვენი პროფესიის შემდგომ განვითარებას, უკეთესობისკენ შეცვლის კანონ(ებ)საც და მასთან შემხებლობაში მყოფ ბიზნესსუბიექტების საქმიანობასაც გააუმჯობესებს. 

თუმცა, რა ცვლილებებიც შემოთავაზებულია სამსახურის მიერ, მათ მხარს ვერ დავუჭერთ, რიგი მიზეზების გამო: 

I. შემოთავაზებული ცვლილებები „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში 

1) უპირველეს ყოვლისა, სამსახურის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები არის მასშტაბური და გულისხმობს ზედამხედველობის დადგენილი წესების კარდინალურ ცვლილებას, მათ შორის ზედამხედველობის სფეროს მნიშვნელოვნად გაზრდას. ეს წინადადებები შემუშავებული იქნა სამსახურის მიერ, წინასწარი განხილვებისა და მსჯელობის გარეშე და, შესაბამისად, წარმოადგენს სამსახურის სუბიექტურ ხედვას, რომელსაც არ ვიზიარებთ. 
მიგვაჩნია, რომ მსგავსი მასშტაბის ცვლილებებისთვის უფრო ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მოკვლევა, ანალიზი, განხილვები და კონსენსუსის მიღწევაა საჭირო. კერძოდ, ვფიქრობთ, რომ ცვლილებების შემუშავება უნდა მოხდეს შემდეგი ქმედებების ერთობლიობის შედეგად: 

– მონაცემებზე და კვლევებზე დაფუძნებული შეფასება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის შემოღებიდან და სამსახურის დაფუძნებიდან დღემდე ამ რეფორმის შედეგებისა. ამ კვლევის შეკვეთისა და მისი შესრულებისას აუცილებელია დამკვეთის პოზიციიდან არა მხოლოდ სამსახურის, არამედ პროფესიის წარმომადგენლობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. კვლევის შედეგად ჩამოყალიბდეს იმ პრობლემათა ნუსხა, რომელთა გადაჭრაც უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილებებმა; 

– უნდა მოხდეს დაინტერესებულ პირთა გამოკითხვა და მათგან იმ პრობლემების სიის მოპოვება, რასაც თვითონ ხედავენ რეფორმასთან დაკავშირებით. უნდა გამოიკითხონ აუდიტური ფირმების წარმომადგენლები, ანგარიშვალდებული კომპანიები, პროფესიული ორგანიზაციები...; 

– აღნიშნული სამუშაოს საფუძველზე შეიქმნას გადასაჭრელი პრობლემების დიდი ნუსხა. დიდი ნუსხიდან, დაინტერესებული პირების წარმომადგენლებთან ერთად, შეირჩეს საკითხები თავიანთი მნიშვნელობის და გადაჭრის სირთულის დადგენით. ის საკითხები, რომელთა გადაჭრაც მარტივია, ავტომატურად უნდა იქნეს განხილული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისას. საკითხები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია მაგრამ დაკავშირებულია მნიშვნელოვან ძალისხმევასთან, უნდა დალაგდეს პრიორიტეტების მიხედვით და შეირჩეს განსახორციელებლად თანდათანობით, სამსახურის რესურსების გათვალისწინებით; 

– გადასაწყვეტი საკითხების შეთანხმების შემდეგ მოხდეს მათი ასახვა საკანონმდებლო ცვლილებების სახით, სადაც გახდება გასაგები, თუ რატომ კეთდება ცვლილებები, როგორ უზრუნველყოფს ესა თუ ის ცვლილება პრობლემების მოგვარებას, რა რესურსები და დრო არის საჭირო და რა შედეგი უნდა მივიღოთ მომდევნო 5 წლის პერსპექტივით. 

2) ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარება მოითხოვს მნიშვნელოვან დროით და ინტელექტუალურ რესურსს, თუმცა ამ პროცესის გარეშე შეუძლებლად მიგვაჩნია მოლოდინი გვქონდეს ცვლილებებით დადებითი ეფექტის მიღწევისა. 

ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ და ვიმუშაოთ თქვენთან ერთად პროფესიის სასარგებლოდ, მაგრამ კონკრეტულად ახლა, ასეთი სამუშაოებისა და განხილვებისთვის ძალიან შეუფერებელი დრო და სიტუაციაა, რადგან ამჟამად: 

– ქვეყანაში გრძელდება პანდემიით გამოწვეული კრიზისი და კომენდანტის საათი, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ჩვენი პროფესიის წარმომადგენლების დროს. სადღეისოდ, კეთდება პროგნოზები, რომ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ დიდხანს (მინიმუმ, წლის ბოლომდე) შეიძლება გაგრძელდეს; 

– ქვეყნის ეკონომიკა არასტაბილურია და განაგრძობს შემცირებას. ამის გამო, ასევე ზემოაღნიშნული პანდემიური კრიზისის გამო, აუდიტორთა კორპუსი ამჟამად მუშაობს ძალიან დაძაბულ რეჟიმში, ცდილობს რა ეკონომიკური და პანდემიური სირთულეების დაძლევას. ასეთ ვითარებაში მიუღებლად გვეჩვენება ზედამხედველობის შემოთავაზებული ცვლილებები, რომლებიც გულისხმობს ჯარიმების ზრდას, აუდიტორულ კომპანიებზე დამატებითი ანგარიშვალდებულებების შემოღებას, თვით ზედამხედველობის მასშტაბის გაზრდას. ყველა ეს ნაბიჯი უარყოფით ფინანსურ წნეხს გააძლიერებს ისედაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილ ჩვენს კომპანიებზე; 

– ყველა ზემოთ აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო დეფიციტურს ხდის ჩვენს დროს. გასათვალისწინებელია, რომ მაისი-სექტემბერი ჩვენი ბიზნესისთვის განსაკუთრებით აქტიური პერიოდია, რაც წლევანდელ წელს კიდევ უფრო დატვირთული იქნება მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის საჯარო ანგარიშვალდებულების დადგომის გამო, რაც მათ 1 ოქტომბრამდე უნდა შეასრულონ. 

3) სდპ აუდიტის უფლებამოსილ პირებთან ა.წ. 23 მარტს შეხვედრისას კანონპროექტის ავტორების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ცვლილებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელებული იყო დაფინანსების ნაკლებობა, რაც მათი აზრით განაპირობებს ხელმძღვანელი კადრების გადინებას. შემოთავაზებულ ცვლილებებში არათუ ვერ დავინახეთ ამ საკითხის გადაჭრის ეფექტიანი მექანიზმი, არამედ პირიქით - შემოთავაზებული რედაქციით სამსახურს ეზრდება ფუნქციები, რაც ბუნებრივია საჭიროებს დამატებით დაფინანსებას. 

4) ამგვარად, ვაფიქსირებთ ჩვენს შეჯერებულ პოზიციას, რომ შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების ძირეული განხილვა გადაიდოს ოქტომბრამდე. ეს დრო გამოყენებულ იქნეს მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, საჭირბოროტო საკითხების სისტემატიზაციისა და გადაწყვეტის გზების ძიებისა და შეჯერების შესაბამისად, რის შემდეგაც შეგვეძლება, გამოვყოთ საკმარისი დრო და განვახორციელოთ სათანადო ძალისხმევა, რომ კანონი შეიცვალოს უკეთესობისაკენ, ობიექტური აუცილებლობებიდან გამომდინარე და დადგინდეს განჭვრეტადი და გაზომვადი მოლოდინები ცვლილებების მოსალოდნელ ეფექტებთან დაკავშირებით. 

სხვა შემთხვევაში, ჩვენ არა გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ შემოთავაზებულ ცვლილებებს, რადგან ვერ ვხედავთ, რამდენადაა პრობლემატიკა მოცული სრულად, რა მიზეზი დგას ამა თუ იმ ცვლილების განხორციელების უკან და რა შედეგს უნდა ველოდეთ ცვლილებების განხორციელების შემდეგ. მათი განხილვა დღევანდელ სიტუაციაში, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, მიგვაჩნია ნაჩქარევად. 

5) ამავე დროს, თუ არსებობს რომელიმე კონკრეტული (არა ყოვლისმომცველი) საკითხი, რომელთა გადაწყვეტა სამსახურს მიაჩნია გადაუდებლად, ჩვენ მზად ვართ ისინი სხვა საკითხებისაგან განცალკევებულად განვიხილოთ და მოგაწოდოთ ჩვენი აზრი, იმ დათქმით, რომ ეს უნდა მოხდეს გონივრულ ვადებში. 

II. საშემფასებლო საქმიანობის შესახებ 

ცალკე გვსურს გავაკეთოთ კომენტარი საშემფასებლო საქმიანობის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებასთან დაკავშირებით. 

2016 წელს, როდესაც ხდებოდა ამჟამად მოქმედი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის მიღება, კანონპროექტის განხილვის დროს მკაფიოდ იქნა აღნიშნული, რომ აუდიტორული და საშემფასებლო საქმიანობა უნდა გამიჯნულიყო ერთმანეთისაგან, ეს სულისკვეთება დაფიქსირებული იქნა როგორც ზეპირსიტყვიერად, განხილვების დროს, ასევე წერილობითაც და ახლად მიღებული კანონის გარდამავალ დებულებებში (მუხლი 28) ჩაიწერა: 

„8. აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი“. 

სამწუხაროდ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება დაგვიანდა. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, „საშემფასებლო საქმიანობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მოხდეს პირველ რიგში და ამასთან, ეს მოხდეს დამოუკიდებლად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში არსებითი ცვლილებების გარეშე. აუცილებლად მივიჩნევთ, რომ შესამუშავებელი კანონპროექტი უნდა ასახავდეს 2016 წელს გაჟღერებულ და აბსოლუტურად გონივრულ სულისკვეთებას, რომ უნდა მოხდეს საშემფასებლო საქმიანობის რეალური (და არა კოსმეტიკური) გამიჯვნა აუდიტორული საქმიანობისაგან! კერძოდ, მხარს არ ვუჭერთ საშემფასებლო საქმიანობის იმავე „ქოლგის“ ქვეშ მოქცევას, რაც აუდიტორული საქმიანობის შემთხვევაშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საშემფასებლო საქმიანობას ან არ უნდა ჰყავდეს საერთოდ სახელმწიფო ზედამხედველი (როგორც ცნობილია ჩვენთვის, ბევრ ქვეყანაში საშემფასებლო საქმიანობას არ ჰყავს სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო), ან თუ უნდა ჰყავდეს, ეს არ უნდა იყოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ სამსახური. 

შესაბამისად, ჩვენი პოზიციაა, რომ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში არსებით ცვლილებებზე მსჯელობა გავაგრძელოთ „საშემფასებლო საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტისაგან განცალკევებით, იმ იმედით, რომ ამ კანონპროექტის განხილვა მალე მოხდება საშემფასებლო საქმიანობაში დასაქმებული ან/და დაკავშირებული პირების აქტიური ჩართულობითა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით. 

პატივისცემით, 

ბაფ-ის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სახელით 

რუსუდან ჟორჟოლიანი 

29 აპრილი, 2021 წელი.