ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
ინტეგრირებული ანგარიშგების სტრუქტურა - №5(257), 2021
საერთაშორისო საბჭოს (IIRC) შესახებ 

ინტეგრირებული ანგარიშგების საერთაშორისო საბჭო (IIRC) არის მარეგულირებელი ორგანიზაციების, ინვესტორების, კომპანიების, სტანდარტების შემდგენი პირების, ბუღალტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური კოალიცია. ეს კოალიცია იზიარებს საერთო მოსაზრებას იმაზე, რომ ღირებულების შექმნის შესახებ ინფორმაციის კომუნიკაცია კორპორაციული ანგარიშგების განვითარების შემდეგი საფეხური უნდა იყოს. 

ვებგვერდზე www.theiirc.org თქვენ შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია IIRC-ის შესახებ, მათ შორის: 

 ზოგადი ინფორმაცია IIRC-ის შექმნის შესახებ; 

 საბჭოს მისია, ხედვა და ამოცანები; 

 საბჭოს სტრუქტურა და წევრები და იმ ჯგუფების წევრობა, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებაში; 

 საბჭოს პროცესები. 

IIRC არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი იმ პირის ზარალის გამო, რომელიც ამ პუბლიკაციის მასალებზე დაყრდნობით მოქმედებს ან თავს იკავებს ასეთი მოქმედებისგან, სულერთია იქნება ეს ზარალი გამოწვეული დაუდევრობით თუ რაიმე სხვა მიზეზით. 

საავტორო უფლება © მიღებულია ინტეგრირებული ანგარიშგების საერთაშორისო საბჭოს (IIRC-ს) მიერ, 2013 წლის დეკემბერში. ყველა უფლება დაცულია. ამ დოკუმენტის ასლების გაკეთება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოყენებული იქნება პირადი ან საგანმანათლებლო მიზნებისთვის და არა გაყიდვისა ან გავრცელების მიზნით და აგრეთვე იმ პირობით, რომ თითოეულ ასლს დართული უნდა ჰქონდეს შემდეგი განცხადება: „საავტორო უფლება © მიღებულია ინტეგრირებული ანგარიშგების საერთაშორისო საბჭოს (IIRC-ის) მიერ, 2013 წლის დეკემბერში. ყველა უფლება დაცულია. ეს დოკუმენტი გამოყენებულია IIRC-ის ნებართვით. მისი რეპროდუცირების, შენახვის, გადაცემის ან სხვა გზით გამოყენების მიზნით ნებართვის მისაღებად დაუკავშირდით IIRC-ს (info@theIIRC.org)“. წინააღმდეგ შემთხვევაში, IIRC-ის წინასწარი წერილობითი ნებართვა საჭიროა ამ დოკუმენტის რეპროდუცირების, შენახვის, გადაცემის ან სხვა გამოყენებისთვის, გარდა კანონით ნებადართული შემთხვევისა. დაკავშირება შესაძლებელია მისამართზე: info@theIIRC.org. 

ინტეგრირებული ანგარიშგების შესახებ 

ინტეგრირებული ანგარიშგების საერთაშორისო საბჭოს (IIRC-ის) გრძელვადიანი ხედვა გულისხმობს საჯარო და კერძო სექტორების კომპანიების საქმიანობის ზოგად პრაქტიკაში ინტეგრირებული აზროვნების დანერგვას. ამას ხელს უწყობს ინტეგრირებული ანგარიშგება (<IR>), როგორც კორპორატიული ანგარიშგების ნორმა. ინტეგრირებული აზროვნებისა და ანგარიშგების ციკლის შედეგს კაპიტალის ეფექტური და პროდუქტიული განაწილება წარმოადგენს, რაც ფინანსურ სტაბილურობასა და მდგრადობას უწყობს ხელს. 

ინტეგრირებული ანგარიშგების (<IR-ის>) მიზანია: 

 გააუმჯობესოს ფინანსური კაპიტალის მიმწოდებლებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის ხარისხი, რათა შესაძლებელი გახდეს კაპიტალის უფრო ეფექტური და პროდუქტიული განაწილება; 

 ხელი შეუწყოს კორპორაციული ანგარიშგების მიმართ უფრო თანმიმდევრულ და ეფექტურ მიდგომას, რომლის დროსაც ანგარიშები ორგანიზაციის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავენ და ინფორმაციას იძლევიან იმ ფაქტორების სრული სპექტრის შესახებ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ ორგანიზაციის მიერ დროთა განმავლობაში ღირებულების შექმნის უნარზე. 

 გააძლიეროს ანგარიშგება კაპიტალის ფართო ბაზის (ფინანსების, წარმოების, ინტელექტუალური და ადამიანური კაპიტალის, სოციალური ურთიერთობებისა და ბუნებრივი რესურსებთან დამოკიდებულების) შესახებ, გააუმჯობესოს მისი მართვა და ხელი შეუწყოს ურთიერთდაკავშირებული ინფორმაციის შექმნას. 

 ხელი შეუწყოს ინტეგრირებულ აზროვნებას, გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს, რომელიც ორიენტირებულია ღირებულების შექმნაზე ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. 

ინტეგრირებული ანგარიშგების მოთხოვნები შეესაბამება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კორპორაციული ანგარიშგების მიმართ არსებულ მრავალრიცხოვან მოთხოვნებს. ინტეგრირებული ანგარიშგების საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტის მიზანია საჭირო განმარტებები მისცეს და ინტეგრირებული ანგარიშგების პრინციპები განუმარტოს ასეთი ანგარიშების მომზადების მსურველ კომპანიებს და სხვა ორგანიზაციებს, დააჩქაროს ინდივიდუალურ ინიციატივები ამ მიმართულებით, ბიძგი მისცეს უფრო მეტ ინოვაციას გლობალური კორპორაციული ანგარიშგების სფეროში და ხელი შეუწყოს ანგარიშგების პროცესის ეფექტიანობის ზრდას. 

სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში, ინტეგრირებული ანგარიშგება კორპორაციული ანგარიშგების ნორმა გახდება. ორგანიზაციები აღარ შექმნიან მრავალრიცხოვან, ერთმანეთისგან განცალკევებულ და სტატიკურ საინფორმაციო ანგარიშებს. ანგარიშგება განხორციელდება ინტეგრირებული აზროვნებისა და ისეთი პრინციპების გამოყენებით, როგორიცაა ინფორმაციის ერთიანობა. 

ინტეგრირებული ანგარიშები (<IR>) შესაბამისობაშია იმ ტენდენციებთან, რომელიც ფინანსური და სხვა სახის ანგარიშების განვითარებაში აღინიშნება, მაგრამ ამავე დროს, ისინი მრავალი თვალსაზრისით განსხვავდება სხვა ანგარიშებისა და კომუნიკაციებისგან. კერძოდ, მათში ყურადღება გამახვილებულია ორგანიზაციის უნარზე შექმნას ღირებულება ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, და ამ დროს: 

 ყურადღება ერთდროულად ექცევა ლაკონიურობას, ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას და სამომავლო ორიენტაციას, ინფორმაციისა და კაპიტალის ურთიერთკავშირს და მათ დამოკიდებულებას ერთმანეთზე. 

 ხაზგასმულია ორგანიზაციაში ინტეგრირებული აზროვნების მნიშვნელობა. 

ინტეგრირებული აზროვნება გულისხმობს ორგანიზაციის მიერ მისი სხვადასხვა ოპერაციული და ფუნქციონალური ერთეულებისა და კაპიტალის ურთიერთდამოკიდებულების აქტიურ განხილვას. ინტეგრირებული აზროვნების შედეგად ორგანიზაცია იღებს ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს ქმედებებს ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში ღირებულების შექმნის მიზნით. 

ინტეგრირებული აზროვნება ერთმანეთთან აკავშირებს იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზაციის მიერ დროთა განმავლობაში ღირებულების შექმნის უნარზე, და ითვალისწინებს ამ ფაქტორების ურთიერთდამოკიდებულებას. ამ ფაქტორებს შორისაა: 

 სხვადასხვა ტიპის კაპიტალი, რომელსაც ორგანიზაცია იყენებს და კრიტიკული მნიშვნელობის ურთიერთდამოკიდებულება ამ კაპიტალებს შორის, მათი თანაფარდობის ჩათვლით; 

 ორგანიზაციის შესაძლებლობა რეაგირება მოახდინოს ძირითადი დაინტერესებული მხარეების ლეგიტიმურ საჭიროებებსა და ინტერესებზე; 
 ორგანიზაციის მიერ მისი ბიზნეს მოდელისა და სტრატეგიის გარე გარემოსთან მორგების გზები და ორგანიზაციის რეაგირება მის წინაშე მდგარ რისკებსა და შესაძლებლობებზე; 

 ორგანიზაციის საქმიანობა, მუშაობის შედეგები (როგორც ფინანსურ, ასევე სხვა სფეროებში) და მათი ზემოქმედება კაპიტალზე - წარსულში, აწმყოსა და მომავალში. 

რაც უფრო მეტად იყენებს ორგანიზაცია ინტეგრირებულ აზროვნებას თავის საქმიანობაში, მით უფრო ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს ეს ინფორმაცია მენეჯმენტის ანგარიშებში, ანალიზსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და შესაბამისად, ინტეგრირებულ ანგარიშშიც. ამის შედეგად, ის საინფორმაციო სისტემები, რომლებიც შიდა და გარე ანგარიშებისა და კომუნიკაციის (მათ შორის ანგარიშების მომზადების პროცესის) მხარდაჭერას უზრუნველყოფენ, უკეთესად არის ინტეგრირებული. 

ანოტაცია 

ინტეგრირებული ანგარიშგება (<IR>) ხელს უწყობს უფრო ერთიან და ქმედით მიდგომას კორპორაციული ანგარიშგების მიმართ და მიზნად ისახავს ფინანსური კაპიტალის მიმწოდებლებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებას, კაპიტალის უფრო ეფექტიანი და პროდუქტიული განაწილების მიზნით. 

IIRC–ის გრძელვადიანი ხედვა გულისხმობს ინტეგრირებული აზროვნების დანერგვას საჯარო და კერძო სექტორების კომპანიების საქმიანობის ზოგად პრაქტიკაში. ამას ხელს უწყობს ინტეგრირებული ანგარიშგება (<IR>), როგორც კორპორატიული ანგარიშგების ნორმა.

ინტეგრირებული ანგარიშგება 

ინტეგრირებული ანგარიშგების მთავარი მიზანია აუხსნას ფინანსური კაპიტალის მიმწოდებლებს თუ როგორ ქმნის ორგანიზაცია ღირებულებას დროთა განმავლობაში. ინტეგრირებულ ანგარიშს სარგებელი მოაქვს ყველა მხარისათვის, რომელსაც აინტერესებს გაარკვიოს თუ რამდენად შეუძლია ორგანიზაციას ღირებულების შექმნა დროის გარკვეულ პერიოდში. ამ დაინტერესებულ მხარეებს შორის არიან თანამშრომლები, მომხმარებლები, მომწოდებლები, ბიზნესპარტნიორები, ადგილობრივი თემები, კანონმდებლები, მარეგულირებლები და პოლიტიკის შემქმნელები. 

ინტეგრირებული ანგარიშგების საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტის (ამიერიდან მოიხსენიება როგორც „ჩარჩო დოკუმენტი“) შედგენისას გამოყენებული იყო პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა. ამ ჩარჩო დოკუმენტის მიზანია სათანადო ბალანსის მიღწევა მოქნილობასა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას შორის, რის შედეგადაც ანგარიში ერთი მხრივ ასახავს სხვადასხვა ორგანიზაციების ინდივიდუალურ გარემოებათა მრავალფეროვნებას, ხოლო მეორე მხრივ შეიცავს საკმარის ინფორმაციას სხვა ორგანიზაციებთან შედარების მიზნით. ეს ჩარჩო დოკუმენტი არ განსაზღვრავს მუშაობის სპეციფიკურ საკვანძო ინდიკატორებს, გაზომვის მეთოდებს ან ცალკეული გარემოებების გამჟღავნების საკითხებს, მაგრამ მოიცავს მცირე რაოდენობის მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რომ ინტეგრირებული ანგარიში ამ ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად მომზადებულად ჩაითვალოს. 

ინტეგრირებული ანგარიში შეიძლება მომზადდეს არსებული მარეგულირებელი მოთხოვნების საპასუხოდ. ეს შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი ანგარიში, ასევე სხვა ანგარიშის ან საკომუნიკაციო დოკუმენტის გამორჩეული, თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი ნაწილი. ინტეგრირებული ანგარიში უნდა შეიცავდეს (მოთხოვნასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ან განმარტების მიზნით), იმ ხელმძღვანელ პირთა განცხადებას, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ ანგარიშზე. 

ძირითადი კონცეფციები 

ინტეგრირებული ანგარიში მიზნად ისახავს ინფორმაციის მიწოდებას ორგანიზაციის მიერ გამოყენებული რესურსებისა და ურთიერთობების შესახებ - ამ ჩარჩო დოკუმენტში ისინი ერთობლივად მოიხსენიება როგორც „კაპიტალი”. იგი ასევე ხსნის, თუ როგორ ურთიერთობს ორგანიზაცია გარე გარემოსა და კაპიტალთან, რათა შეიქმნას ღირებულება ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. 

„კაპიტალი“ გულისხმობს ღირებულების მქონე აქტივებს, რომელთა ღირებულებაც იზრდება, იკლებს ან გარდაიქმნება ორგანიზაციის საქმიანობისა და შედეგების ზეგავლენით. ამ ჩარჩო დოკუმენტში ისინი დაყოფილია კატეგორიებად, როგორც ფინანსური, წარმოების პროცესში შექმნილი, ინტელექტუალური, ადამიანური, სოციალური და ბუნებრივი კაპიტალი, თუმცა ორგანიზაციებს, რომლებიც ამზადებენ ინტეგრირებულ ანგარიშს, არ მოეთხოვებათ აუცილებლად მიიღონ კატეგორიებად ასეთი დაყოფა ან ააგონ თავიანთი ანგარიშის სტრუქტურა კაპიტალის ამ კატეგორიების მიხედვით. 
ორგანიზაციის მიერ საკუთარი თავისთვის ღირებულების შექმნის უნარი საშუალებას აძლევს კაპიტალის მიმწოდებლებს მიიღონ უკუგება დაბანდებულ კაპიტალზე. ამავე დროს, ორგანიზაცია, თავისი საქმიანობის, ურთიერთობებისა და ურთიერთქმედებების ფართო სპექტრის საშუალებით, ღირებულებას ქმნის დაინტერესებული მხარეებისა და ზოგადად საზოგადოებისათვის. იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციის ქმედებები, ურთიერთობები და ურთიერთქმედება მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მიერ საკუთარი თავისთვის ღირებულების შესაქმნელად, მათ შესახებ ინფორმაცია ინტეგრირებულ ანგარიშში უნდა შევიდეს. 

ჩარჩო დოკუმენტი 

ამ ჩარჩო დოკუმენტის მიზანია ინტეგრირებული ანგარიშის სახელმძღვანელო პრინციპებისა და შინაარსობრივი ელემენტების განსაზღვრა. ის ადგენს თუ რა საკითხები უნდა მოიცვას ინტეგრირებულმა ანგარიშმა და მასში შემავალი ძირითადი ცნებების განმარტებას იძლევა. ინტეგრირებული ანგარიშგების ჩარჩო დოკუმენტი: 

 ადგენს თუ რა სახის ინფორმაცია უნდა შეიტანოს ორგანიზაციამ თავის ინტეგრირებულ ანგარიშში იმისთვის, რომ ორგანიზაციის მიერ ღირებულების შექმნის უნარის შეფასება შესაძლებელი გახდეს; ეს ჩარჩო დოკუმენტი არ ადგენს სტანდარტებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ორგანიზაციის სტრატეგიის ხარისხი ან მისი მუშაობის დონე. 

 ძირითადად განკუთვნილია ნებისმიერი ზომის კერძო, კომერციული კომპანიებისთვის, მაგრამ ასევე შეიძლება გამოყენებული (და საჭიროების მიხედვით ადაპტირებული) იყოს საჯარო სექტორისა და არაკომერციული ორგანიზაციების მიერ. 

სახელმძღვანელო პრინციპები 

შემდეგი სახელმძღვანელო პრინციპები საფუძვლად ედება ინტეგრირებული ანგარიშის მომზადებას, ინფორმაციის შინაარსსა და მის წარდგენას. 

 ორგანიზაციის სტრატეგიის ძირითადი მიმართულება და სამომავლო ორიენტაცია: ინტეგრირებულმა ანგარიშმა უნდა გააცნოს დაინტერესებულ პირებს ორგანიზაციის სტრატეგია და მისი კავშირი ორგანიზაციის მიერ ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ღირებულების შექმნის შესაძლებლობასთან; აგრეთვე ის განმარტავს, თუ როგორ იქნება გამოყენებული აღნიშნული სტრატეგია და რა გავლენას მოახდენს ის ორგანიზაციის კაპიტალზე; 

 ინფორმაციის ერთიანობა: ინტეგრირებულ ანგარიში უნდა იძლეოდეს ერთიან სურათს - იმ ფაქტორების კომბინაციებსა და კავშირებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზაციის მიერ დროთა განმავლობაში ღირებულების შექმნის უნარზე. 

 ურთიერთობები დაინტერესებულ მხარეებთან: ინტეგრირებული ანგარიში უნდა იძლეოდეს ინფორმაციას ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ორგანიზაციის ურთიერთობის ხასიათისა და ხარისხის შესახებ. მათ შორის, მან უნდა განმარტოს როგორ და რამდენად ესმის ორგანიზაციას დაინტერესებული მხარეების ლეგიტიმური საჭიროებები და ინტერესები და ითვალისწინებს და პასუხობს მათ. 

 არსებითობა: ინტეგრირებული ანგარიში უნდა იძლეოდეს ინფორმაციას იმ საკითხების შესახებ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ორგანიზაციის შესაძლებლობაზე შექმნას ღირებულება მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში. 

 ლაკონიურობა: ინტეგრირებული ანგარიში უნდა იყოს ლაკონიური. 

 საიმედოობა და სისრულე: ინტეგრირებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, როგორც პოზიტიურს, ასევე ნეგატიურს, დაბალანსებულად და არსებითი შეცდომის გარეშე. 

 თანამიმდევრულობა და შედარების შესაძლებლობა: ინტეგრირებულ ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს: ა) დროში თანმიმდევრული; და (ბ) იძლეოდეს სხვა ორგანიზაციებთან შედარების საშუალებას, რამდენადაც ეს მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მიერ დროთა განმავლობაში ღირებულების შექმნის შესაძლებლობისთვის. 

ანგარიშის შინაარსის ელემენტები 

ინტეგრირებული ანგარიშის შინაარსი შედგება რვა ელემენტისგან, რომლებიც არსებითად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და არ გამორიცხავს ერთმანეთს: 

 ორგანიზაციის მიმოხილვა და გარე გარემო: რა საქმიანობას ეწევა ორგანიზაცია და რა ვითარებაში მუშაობს ის? 

 მმართველობა: როგორ უწყობს ხელს ორგანიზაციის მართვის სტრუქტურა მის მიერ ღირებულების შექმნის შესაძლებლობას ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში? 

 ბიზნესმოდელი: როგორია ორგანიზაციის ბიზნესმოდელი? 

 რისკები და შესაძლებლობები: რა კონკრეტული რისკები და შესაძლებლობები ახდენენ გავლენას ორგანიზაციის შესაძლებლობაზე შექმნას ღირებულება მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, და როგორ წყვეტს ორგანიზაცია ასეთ საკითხებს? 

 სტრატეგია და რესურსების განაწილება: რის მიღწევა სურს ორგანიზაციას და როგორ აპირებს ამ მიზნების განხორციელებას? 

 მუშაობის შედეგები: მოცემულ მომენტში, რამდენად მიაღწია ორგანიზაციამ დასახულ სტრატეგიულ ამოცანებს და რა გავლენა მიახდინა ამან კაპიტალზე? 

 პერსპექტივები: რა გამოწვევებისა და გაურკვევლობების წინაშე დგება ორგანიზაცია სტრატეგიის განხორციელების პროცესში და რა პოტენციური გავლენის მოხდენა შეუძლია ამას მის ბიზნესმოდელსა და მომავალ საქმიანობაზე? 

 ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის საფუძველი: როგორ ადგენს ორგანიზაცია ინტეგრირებულ ანგარიშში შესატან საკითხებს და როგორ ხდება მათი რაოდენობის განსაზღვრა ან შეფასება? 

თავი I 

შესავალი 

1. ჩარჩო დოკუმენტის გამოყენება 

1A „ინტეგრირებული ანგარიშის“ განსაზღვრება 

1.1 ინტეგრირებული ანგარიში არის მოკლე კომუნიკაცია იმის შესახებ, თუ როგორ ქმნის ორგანიზაცია ღირებულებას მისი სტრატეგიის, მმართველობის, საქმიანობისა და გეგმების საშუალებით, არსებული გარე გარემოს კონტექსტში, ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში. 

1.2 ინტეგრირებული ანგარიში უნდა მომზადდეს ამ ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად. 

1B ჩარჩო დოკუმენტის ამოცანა 

1.3 ამ ჩარჩო დოკუმენტის მიზანია ინტეგრირებული ანგარიშის სახელმძღვანელო პრინციპებისა და შინაარსის ელემენტების განსაზღვრა. ის ადგენს თუ რა საკითხები უნდა მოიცვას ინტეგრირებულმა ანგარიშმა და მასში შემავალი ძირითადი ცნებების განმარტებას იძლევა. 

1.4 ეს ჩარჩო დოკუმენტი ძირითადად განკუთვნილია ნებისმიერი ზომის კერძო, კომერციული კომპანიებისთვის, მაგრამ ასევე შეიძლება გამოყენებული (და საჭიროების მიხედვით ადაპტირებული) იყოს საჯარო სექტორისა და არაკომერციული ორგანიზაციების მიერ. 

1.5 ეს ჩარჩო დოკუმენტი ადგენს თუ რა სახის ინფორმაცია უნდა შეიტანოს ორგანიზაციამ თავის ინტეგრირებულ ანგარიშში იმისთვის, რომ ორგანიზაციის მიერ ღირებულების შექმნის უნარის შეფასება შესაძლებელი გახდეს; ჩარჩო დოკუმენტი არ ადგენს სტანდარტებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ორგანიზაციის სტრატეგიის ხარისხი ან მისი მუშაობის დონე. 

1.6 ამ ჩარჩო დოკუმენტში, ტერმინი „ღირებულების შექმნა“: მოიცავს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ღირებულება შენარჩუნებულია და ისეთსაც, როცა ის მცირდება. (იხ. პარაგრაფი 2.14) 

 გულისხმობს ღირებულების შექმნას რაღაც დროის განმავლობაში (მაგ. მოკლევადიან საშუალო და გრძელვადიან პერიოდში). 
 
1C. ინტეგრირებული ანგარიშის ამოცანა და მომხმარებლები 

1.7 ინტეგრირებული ანგარიშის ძირითადი მიზანია აუხსნას ფინანსური კაპიტალის მიმწოდებლებს, თუ როგორ ქმნის ორგანიზაცია ღირებულებას დროთა განმავლობაში. შესაბამისად, იგი შეიცავს როგორც ფინანსურ, ასევე სხვა შესაბამის ინფორმაციას. 

1.8 ინტეგრირებულ ანგარიშს სარგებელი მოაქვს ყველა მხარისათვის, რომელსაც აინტერესებს გაარკვიოს თუ რამდენად შეუძლია ორგანიზაციას ღირებულების შექმნა დროის გარკვეულ პერიოდში. ამ დაინტერესებულ მხარეებს შორის არიან თანამშრომლები, მომხმარებლები, მომწოდებლები, ბიზნეს პარტნიორები, ადგილობრივი თემები, კანონმდებლები, მარეგულირებლები და პოლიტიკის შემქმნელები. 

1D პრინციპზე დამყარებული მიდგომა 

1.9 ეს ჩარჩო დოკუმენტი პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომას იყენებს. მისი მიზანია, რომ მიღწეული იყოს სათანადო ბალანსი მოქნილობასა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას შორის, რის შედეგადაც ანგარიში ერთი მხრივ ასახავს სხვადასხვა ორგანიზაციების ინდივიდუალურ გარემოებათა მრავალფეროვნებას, ხოლო მეორე მხრივ შეიცავს საკმარის ინფორმაციას რაც სხვა ორგანიზაციებთან შედარების საშუალებას იძლევა. 

1.10 ეს ჩარჩო დოკუმენტი არ განსაზღვრავს მუშაობის სპეციფიკურ საკვანძო ინდიკატორებს, გაზომვის მეთოდებს ან ცალკეული საკითხების გამჟღავნების საკითხებს. ორგანიზაციის სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით, ინტეგრირებული ანგარიშის მომზადებასა და პრეზენტაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ: რომელი საკითხებია არსებითი; 

 როგორ მოხდება ინფორმაციის გამჟღავნდება, მათ შორის, როგორ იქნება გამოყენებული გაზომვისა და გამჟღავნების საყოველთაოდ მიღებული მეთოდები. იმ შემთხვევებში, როდესაც ინტეგრირებულ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია მსგავსია ან ემყარება ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სხვა ინფორმაციას, იგი უნდა მომზადდეს იმავე საფუძველზე, რაც სხვა ინფორმაცია ან მისი შეჯერება სხვა ინფორმაციასთან ადვილი უნდა იყოს. 
 
რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაცია 

 1.11 რაოდენობრივი ინდიკატორები (როგორიცაა მუშაობის საკვანძო ინდიკატორები (KPI) და მონეტიზებული მეტრიკა), და ის კონტექსტი, რომელშიც ისინი არის მოწოდებული, შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს იმის ასახსნელად, თუ როგორ ქმნის ორგანიზაცია ღირებულებას და როგორ იყენებს ამისათვის სხვადასხვა სახის კაპიტალს. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივი ინდიკატორები შედის ინტეგრირებულ ანგარიშში, როდესაც ამის გაკეთება შესაძლებელია და აქტუალურია: ორგანიზაციის მიერ ღირებულების შექმნის შესაძლებლობის საუკეთესოდ შეფასება შეიძლება რაოდენობრივი და თვისობრივი ინფორმაციის კომბინაციით (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 3.8, რაოდენობრივი და თვისობრივი ინფორმაციის დაკავშირების შესახებ). 

 ინტეგრირებული ანგარიშის მიზანი არ არის დროის გარკვეულ მონაკვეთში ორგანიზაციის ღირებულების, ორგანიზაციის მიერ შექმნილი ღირებულების, ან გამოყენებული კაპიტალის ან კაპიტალზე გავლენის ოდენობის განსაზღვრა ან მონეტიზაცია. (იხილეთ აგრეთვე მუხლი 4.53, სათანადო რაოდენობრივი ინდიკატორების საერთო მახასიათებლების შესახებ.) 
 
1E ანგარიშის ფორმა და კავშირი სხვა ინფორმაციასთან 

1.12 ინტეგრირებული ანგარიში უნდა იძლეოდეს მიზნობრივ, იდენტიფიცირებად ინფორმაციას. 

1.13 ინტეგრირებული ანგარიში მეტია ვიდრე სხვა საკომუნიკაციო მასალებში (მაგ., ფინანსურ ანგარიშგებაში, მდგრადობის ანგარიშში, ანალიტიკოსების ინფორმაციაში ან ვებსაიტზე) მოცემული ინფორმაციის შეჯამება; ეს ანგარიში იძლევა ერთმანეთთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ღირებულება დროთა განმავლობაში. 

1.14 ინტეგრირებული ანგარიში შეიძლება მომზადდეს არსებული მარეგულირებელი მოთხოვნების ფარგლებში. მაგალითად, ადგილობრივი კანონმდებლობით ორგანიზაციას შეიძლება მოეთხოვებოდეს მოამზადოს მენეჯმენტის განცხადება ან სხვა ანგარიში, რომელიც შეიცავს ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციას. თუ ამავე დროს ეს ანგარიში ამ ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად არის მომზადებული, ის შეიძლება ინტეგრირებული ანგარიშად ჩაითვალოს. თუ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ანგარიშში შეტანილია მეტი ინფორმაცია, ვიდრე ამას <IR> ჩარჩო დოკუმენტი მოითხოვს, ასეთი ანგარიში მაინც შეიძლება ინტეგრირებული ანგარიშად ჩაითვალოს, თუ ეს განსხვავებული ინფორმაცია <IR> ჩარჩო დოკუმენტის მიერ მოთხოვნილ უფრო მოკლე ინფორმაციას არ დაჩრდილავს. 

1.15 ინტეგრირებული ანგარიში შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი ანგარიში, ასევე სხვა ანგარიშის ან საკომუნიკაციო დოკუმენტის გამორჩეული, თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი ნაწილი. მაგალითად, ის შეიძლება განთავსდეს იმ ანგარიშის წინა ნაწილში, რომელიც ასევე მოიცავს ორგანიზაციის ფინანსურ ანგარიშგებას. 

1.16 ინტეგრირებული ანგარიში შეიძლება იყოს „საწყისი წერტილი“ - შესავალი უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, რომელსაც შეიძლება უკავშირდებოდეს. კავშირის ფორმა დამოკიდებული იქნება ინტეგრირებული ანგარიშის ფორმაზე (მაგ., ბეჭდური ანგარიშის შემთხვევაში, სხვა დეტალური ინფორმაცია შეიძლება მოცემული იყოს დანართის სახით; ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს ჰიპერლინკი). 

1F ამ ჩარჩო დოკუმენტის გამოყენება 

1.17 ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ არის „ინტეგრირებული ანგარიში“ და რომელშიც ეს ჩარჩო დოკუმენტი არის მითითებული, უნდა აკმაყოფილებდეს ამ ჩარჩო დოკუმენტში მუქი დახრილი შრიფტით აღნიშნულ ყველა მოთხოვნას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: არსებითი ინფორმაციის გამჟღავნება შეუძლებელია სანდო ინფორმაციის მიუწვდომლობის ან კონკრეტული სამართლებრივი აკრძალვების გამო; 

 არსებითი ინფორმაციის გამჟღავნება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობას (იხილეთ პარაგრაფი 3.51.). 
 
1.18 თუ არსებითი ინფორმაციის გამჟღავნება შეუძლებელია სანდო ინფორმაციის მიუწვდომლობის ან კონკრეტული სამართლებრივი აკრძალვების გამო, ინტეგრირებულ ანგარიშში: უნდა აღინიშნოს გამოტოვებული ინფორმაციის ხასიათი; 

 აიხსნას ამ ინფორმაციის გამოტოვების მიზეზი; 

 თუ მონაცემები მიუწვდომელია, იდენტიფიცირებული უნდა იყოს მათ მისაღებად გადასადგმელი ნაბიჯები და ამ ღონისძიებების განხორციელების სავარაუდო ვადები.
 
სახელმძღვანელო მითითებები 

1.19 ამ ჩარჩო დოკუმენტში ჩვეულებრივი შრიფტით დაბეჭდილი ტექსტი (რომელიც მუქი დახრილი შრიფტით არ არის აღნიშნული), შეიცავს მითითებებს, რომელიც ორგანიზაციებს ამ მოთხოვნების შესრულებაში უნდა დაეხმაროს. არ არის აუცილებელი, რომ ინტეგრირებული ანგარიში შეიცავდეს სახელმძღვანელო მითითებებში განმარტებულ ყველა საკითხს. 

1G ინტეგრირებულ ანგარიშზე პასუხისმგებელი პირები 

1.20 ინტეგრირებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის მართვაზე პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომელშიც შედის: 

 ხელმძღვანელ პირთა განცხადება, რომ ისინი პასუხისმგებლობას იღებენ ინტეგრირებულ ანგარიშში შესული ინფორმაციის ჭეშმარიტებაზე; 

 ხელმძღვანელ პირთა განცხადება, რომ მათ თავიანთი კოლექტიური აზრი გამოიყენეს ინტეგრირებული ანგარიშის მომზადებისა და პრეზენტაციისთვის; 
 ხელმძღვანელ პირთა აზრი ან დასკვნა იმის შესახებ, რომ ინტეგრირებული ანგარიში შედგენილია ამ ჩარჩოს შესაბამისად. 

ან თუ ინტეგრირებული ანგარიში არ შეიცავს ასეთ განცხადებას, მასში განმარტებული უნდა იყოს: 

 ორგანიზაციის მართვაზე პასუხისმგებელი პირების როლი ინტეგრირებული ანგარიშის მომზადებასა და პრეზენტაციაში; 

 ზომები, რომელსაც ორგანიზაცია იღებს იმისთვის, რომ ასეთი განცხადება შევიდეს მომავალ ანგარიშებში; 

 ამის განხორციელების ვადები, მაგრამ არაუგვიანეს ორგანიზაციის მესამე ინტეგრირებული ანგარიშისა, რომელშიც ეს ჩარჩო დოკუმენტი იქნება მითითებული. 

2. ძირითადი კონცეფციები 

2.1 ამ თავში მოყვანილი ძირითადი ცნებები საფუძვლად უდევს და აძლიერებს ამ ჩარჩო დოკუმენტის მოთხოვნებსა და მითითებებს. 

2 A შესავალი 

2.2 ინტეგრირებული ანგარიში განმარტავს, თუ როგორ ქმნის ორგანიზაცია ღირებულებას დროში. ორგანიზაცია: 

• განიცდის გარემოს ზემოქმედებას. 

• ურთიერთობს დაინტერესებულ მხარეებთან; 

• დამოკიდებულია სხვადასხვა რესურსებზე. 

2.3 შესაბამისად, ინტეგრირებული ანგარიშის მიზანია წარმოადგინოს ინფორმაცია: 

• ორგანიზაციაზე გარემოს ზემოქმედების შესახებ; 

• იმ რესურსებისა და ურთიერთობების შესახებ, რომელსაც ორგანიზაცია იყენებს და რომელიც ამ ჩარჩო დოკუმენტში ერთობლივად მოიხსენიება როგორც „კაპიტალი“ და იყოფა შემდეგ კატეგორიებად (იხ. თავი 2C): ფინანსური, წარმოების შედეგად მიღებული, ინტელექტუალური, ადამიანური, სოციალური ურთიერთობების კაპიტალი და ბუნებრივი კაპიტალი. 

• იმაზე, თუ როგორ ურთიერთობს ორგანიზაცია გარე გარემოსთან და როგორ იყენებს კაპიტალს ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში ღირებულების შესაქმნელად. 

2B ორგანიზაციის მიერ საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის შექმნილი ღირებულება 

2.4 დროთა განმავლობაში, ორგანიზაციის მიერ ღირებულების შექმნის პროცესში, მისი კაპიტალი იზრდება, მცირდება ან გარდაიქმნება, რაც გამოწვეულია ორგანიზაციის საქმიანობითა და მიღწეული შედეგებით. ამ ღირებულებას ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული ასპექტი აქვს: 

• ღირებულება იქმნება თავად ორგანიზაციისთვის, რაც საშუალებას აძლევს მას უზრუნველყოს უკუგება ფინანსური კაპიტალის მიმწოდებლებისთვის; 

• ღირებულება იქმნება სხვებისთვის (მაგ.: დაინტერესებული მხარეებისთვის ან ზოგადად საზოგადოებისთვის).

2.5 ფინანსური კაპიტალის მიმწოდებლები დაინტერესებულნი არიან იმ ღირებულებით, რომელსაც ორგანიზაცია საკუთარი თავისთვის ქმნის. ისინი ასევე ინტერესდებიან ორგანიზაციის მიერ სხვებისთვის შექმნილი ღირებულებითაც, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გავლენას ახდენს ორგანიზაციის მიერ შექმნას საკუთარი თავისთვის ღირებულების შექმნის შესაძლებლობაზე ან დასახულ მიზანზე ( მაგალითად, მკაფიო სოციალურ მიზანზე). ეს მაჩვენებლები გავლენას ახდენს კაპიტალის მიმწოდებლების შეფასებებზე. 

2.6 ორგანიზაციის მიერ საკუთარი თავისთვის ღირებულების შექმნის შესაძლებლობა, უკავშირდება ღირებულებას, რომელსაც ის სხვებისთვის ქმნის. როგორც #1 სქემაზე ჩანს, კლიენტებისთვის საქონლის ან მომსახურების გაყიდვასთან ერთად (რომლებიც პირდაპირ კავშირშია ფინანსური კაპიტალის ცვლილებასთან), ამ კავშირს აგრეთვე განაპირობებს ორგანიზაციის საქმიანობის ფართო სპექტრი, სხვადასხვა ურთიერთქმედებები და ურთიერთობები. მათ შორისაა, მაგალითად, ორგანიზაციის ბიზნეს-საქმიანობისა და შედეგების გავლენა მომხმარებელთა კმაყოფილებაზე, მომწოდებლების სურვილი ითანამშრომლონ ორგანიზაციასთან და ამ თანამშრომლობის ვადები და პირობები, ინიციატივები, რომლებსაც ორგანიზაცია ბიზნესპარტნიორების თანხმობით ახორციელებს, ორგანიზაციის რეპუტაცია, ორგანიზაციის საქმიანობის სოციალური ლიცენზიისთვის დაწესებული პირობები და მიწოდების ჯაჭვის პირობები ან სამართლებრივი მოთხოვნები.
     

2.7 ეს ურთიერთქმედებები, საქმიანობები და ურთიერთობები ინტეგრირებულ ანგარიშში იმ შემთხვევაში უნდა აისახოს, თუ ისინი არსებითია ორგანიზაციის მიერ საკუთარი თავისთვის ღირებულების შექმნის შესაძლებლობისთვის. აქ აგრეთვე იგულისხმება ინფორმაცია იმაზე, თუ როგორია სხვადასხვა კაპიტალზე გავლენის ექსტერნალიზაცია (ანუ ისეთ კაპიტალის ხარჯები ან შედეგები, რომელიც ორგანიზაციის საკუთრებაში არ არის). 

2.8 ექსტერნალიზაციის შედეგი შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური (ანუ მან შეიძლება გამოიწვიოს კაპიტალების ღირებულების სუფთა ზრდა ან შემცირება). საბოლოო ჯამში, ექსტერნალიზაციამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ორგანიზაციის მიერ საკუთარი თავისთვის შექმნილი ღირებულება; ამის გამო, ფინანსური კაპიტალის მიმწოდებლებს სჭირდებათ ინფორმაცია არსებითი ექსტერნალიზაციის შესახებ, რათა მისი შედეგები შეაფასონ და რესურსები შესაბამისად გამოყონ. 

2.9 იმის გამო, რომ ღირებულება იქმნება დროის სხვადასხვა პერიოდებში, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის და სხვადასხვა კაპიტალის საშუალებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის შეიქმნას ერთი სახის კაპიტალის მაქსიმალურად გაზრდის და სხვების უგულებელყოფის გზით. მაგალითად, ფინანსური კაპიტალის მაქსიმალურად გაზრდა (მაგ., მოგების საშუალებით) ადამიანური კაპიტალის ხარჯზე (მაგალითად, შეუსაბამო საკადრო პოლიტიკისა და პრაქტიკის გამოყენებით), სავარაუდოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში ორგანიზაციისთვის მაქსიმალურ ღირებულებას ვერ შექმნის. 

2C სხვადასხვა სახის კაპიტალი 

კაპიტალის მარაგი და ნაკადები 

2.10 წარმატების მისაღწევად ყველა ორგანიზაცია დამოკიდებულია სხვადასხვა სახის კაპიტალზე. ამ <IR> ჩარჩო დოკუმენტში ისინი დაყოფილია კატეგორიებად, როგორც ფინანსური, წარმოების პროცესში შექმნილი, ინტელექტუალური, ადამიანური, სოციალური და ბუნებრივი კაპიტალი, თუმცა (როგორც უკვე 2.17–2.19 პარაგრაფებში აღინიშნა), ინტეგრირებულ ანგარიშის მომზადებისას ორგანიზაციებს არ მოეთხოვებათ აუცილებლად ისარგებლონ ასეთი დაყოფით. 

2.11 კაპიტალი არის ღირებულების მქონე მარაგი, რომლებიც იზრდება, იკლებს ან გარდაიქმნება ორგანიზაციის საქმიანობისა და შედეგების ზეგავლენით. მაგალითად, ორგანიზაციის ფინანსური კაპიტალი იზრდება, როდესაც ის მოგებას იღებს, ხოლო მისი ადამიანური კაპიტალის ხარისხი უმჯობესდება, როდესაც თანამშრომლების კვალიფიკაცია მაღლდება. 

2.12 სხვადასხვა ტიპის კაპიტალის საერთო მარაგი დროთა განმავლობაში უცვლელი არ რჩება. კაპიტალის სხვადასხვა ტიპებს შორის და მათ შიგნით მუდმივ ცვლილებებს აქვს ადგილი, რადგან ისინი დროდადრო იზრდება, მცირდება ან გარდაიქმნება. მაგალითად, როდესაც ორგანიზაცია აუმჯობესებს ადამიანური კაპიტალის პერსპექტივას1, ადგილი აქვს უწყვეტ ურთიერთქმედებასა და ტრანსფორმაციას სხვადასხვა ტიპის კაპიტალს შორის, თუმცა მათი მაჩვენებლები და შედეგები განსხვავებულია. 

2.13 არსებობს მრავალი ისეთი საქმიანობა, რომლის შედეგები (სხვადასხვა კაპიტალის ზრდა, შემცირება ან გარდაქმნა), გაცილებით უფრო რთულია, ზემოთ მოყვანილ მაგალითთან შედარებით და კაპიტალის ტიპების ან კომპონენტების უფრო ფართო ნაზავს მოიცავს (მაგ., წყლის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მეცხოველეობაში ან სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის, რაც ბუნებრივი კაპიტალის კომპონენტებია). 

2.14 მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციები ზოგადად ღირებულების შექმნას ისახავენ მიზნად, ამ პროცესში ზოგიერთი ტიპის კაპიტალის ღირებულება შეიძლება შემცირდეს, რაც კაპიტალის მთლიანი მარაგის წმინდა შემცირებას გამოიწვევს. ხშირ შემთხვევაში, წმინდა ზრდა ან შემცირება (ან უცვლელად შენარჩუნება) დამოკიდებული იქნება არჩეულ პერსპექტივაზე; ზემოთ მოყვანილ მაგალითში, დასაქმებულებმა და დამსაქმებლებმა შეიძლება განსხვავებულად შეაფასონ ტრენინგი. ამ ჩარჩო დოკუმენტში ტერმინი „ღირებულების შექმნა“ მოიცავს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც კაპიტალის მთლიანი მარაგი არის უცვლელი ან შემცირებული (ე.ი. როდესაც ღირებულება უცვლელია ან მცირდება). 

კაპიტალის კატეგორიები და აღწერილობა 

2.15 ამ ჩარჩო დოკუმენტის მიზნებისათვის, კაპიტალი დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: 

• ფინანსური კაპიტალი - მთლიანი სახსრები: 

- რომლის გამოყენებაც ორგანიზაციას შეუძლია პროდუქციის საწარმოებლად ან მომსახურების მისაწოდებლად; 

- რომელიც მიღებულია დაფინანსების საშუალებით (მაგალითად სესხით, სააქციონერო კაპიტალით ან გრანტებით, ან შესრულებული ოპერაციების ან ინვესტიციების შედეგად. 

• წარმოების შედეგად შექმნილი კაპიტალი - ფიზიკური ობიექტები (რაც განსხვავდება ბუნებრივი ფიზიკური საგნებისგან), რომელთა გამოყენებაც ორგანიზაციას შეუძლია პროდუქციის წარმოების ან მომსახურების მიწოდების მიზნით, მათ შორის: 

- შენობები; 

- მოწყობილობა / დანადგარები; 

- ინფრასტრუქტურა (როგორიცაა გზები, პორტები, ხიდები, ნარჩენებისა და წყლის გამწმენდი ობიექტები); 

წარმოების გზით კაპიტალს სხვა ორგანიზაციებიც ქმნიან, მაგრამ ამ შემთხვევაში იგულისხმება ის აქტივები, რომლებიც შექმნილია ანგარიშის წარმდგენი ორგანიზაციის მიერ გასაყიდად ან საკუთარი გამოყენებისთვის. 

• ინტელექტუალური კაპიტალი - ორგანიზაციის ცოდნაზე დაფუძნებული არამატერიალური აქტივები, რომელთა შორისაა: 

- ინტელექტუალური საკუთრება, როგორიცაა პატენტები, საავტორო უფლებები, კომპიუტერული პროგრამები, უფლებები და ლიცენზიები; 

- „ორგანიზაციის კაპიტალი“, როგორიცაა ფარული ცოდნა, სისტემები, პროცედურები და ოქმები. 

• ადამიანური კაპიტალი - თანამშრომელთა კომპეტენციები, შესაძლებლობები და გამოცდილება და ინოვაციების დანერგვის მოტივაცია, მათ შორის: 

- ორგანიზაციის მართვის შიდა რეგულაციების, რისკების მართვის წესების და ეთიკური ნორმების დაცვა და მხარდაჭერა;

- ორგანიზაციის სტრატეგიის გაგების, შემუშავებისა და განხორციელების უნარი; 

- ლოიალური დამოკიდებულება ორგანიზაციის მიმართ და პროცესების, საქონლისა და მომსახურების გაუმჯობესების მოტივაცია; მართვის, ხელმძღვანელობისა და თანამშრომლობის უნარები. 

• სოციალური და ურთიერთობებთან დაკავშირებული კაპიტალი - ურთიერთობები ინსტიტუტებთან, თემებთან, დაინტერესებული მხარეების ჯგუფებთან და სხვა ქსელებთან და ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა ინდივიდუალური და კოლექტიური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით. სოციალური და ურთიერთობებთან დაკავშირებული კაპიტალი მოიცავს: 

- საერთო ნორმები, ღირებულებები და ქცევის წესები; 

- საკვანძო ურთიერთობები დაინტერესებულ მხარეებთან; ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ნდობა და თანამშრომლობის სურვილი დაინტერესებული მხარეების მხრიდან, რის განვითარებასა და შენარჩუნებასაც ორგანიზაცია ცდილობს; 

- ბრენდთან ასოცირებული არამატერიალური აქტივები და ორგანიზაციის რეპუტაცია; 

- ორგანიზაციის საქმიანობის სოციალური ლიცენზია. 

• ბუნებრივი კაპიტალი - გარემოს ყველა განახლებადი და არა-განახლებადი რესურსი და პროცესი, რომელსაც ორგანიზაცია საქონლის წარმოებისა ან მომსახურების მიწოდებისთვის იყენებს და რაც ხელს უწყობს ორგანიზაციის წარსულ, აწმყო ან მომავალ კეთილდღეობას. ამაში შედის: 

- ჰაერი, წყალი, მიწა, მინერალები და ტყეები 

- ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემის სიჯანსაღე. 

2.16 ყველა ტიპის კაპიტალი ყველა ორგანიზაციისთვის ერთნაირად აქტუალური ან შესაბამისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციების უმეტესობას გარკვეული კავშირი აქვს ყველა ტიპის კაპიტალთან, ეს კავშირები შეიძლება ძალიან მცირე, არაპირდაპირი და უმნიშვნელო იყოს ინტეგრირებულ ანგარიშში შესატანად. 

სხვადასხვა ტიპის კაპიტალის როლი ამ ჩარჩო დოკუმენტში 

2.17 ეს ჩარჩო დოკუმენტი არ ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომ მათ ინტეგრირებულ ანგარიშში კაპიტალის ზუსტად ის კატეგორიები გამოიყენონ, რომელიც ზემოთ დასახელდა ან რომ ანგარიშის სტრუქტურა კაპიტალის ამ კატეგორიების მიხედვით ააგონ. მოცემულ ჩარჩო დოკუმენტში კაპიტალის კატეგორიების კლასიფიკაციის მიზანია: 

• ღირებულების შექმნის კონცეფციის თეორიული საფუძვლების ახსნა (იხ, თავი 2B); 

• ორგანიზაციების ინფორმირება, რომ მათ კაპიტალის ყველა ფორმის გაითვალისწინება შეძლონ. 

2.18 ორგანიზაციებს შეუძლიათ კაპიტალის კატეგორიები სხვაგვარად განსაზღვრონ. მაგალითად, 2.15 პარაგრაფის მიხედვით, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობები და ბრენდთან და რეპუტაციასთან დაკავშირებული არამატერიალური აქტივები ერთად შედის „სოციალური და ურთიერთობებთან დაკავშირებული კაპიტალის“ კატეგორიაში, მაგრამ ზოგიერთმა ორგანიზაციამ ისინი შეიძლება განიხილოს როგორც ცალკე კატეგორიები, სხვა კატეგორიის კაპიტალის ნაწილი ან რამდენიმე სხვადასხვა კატეგორიის კაპიტალის ნაწილი. ანალოგიურად, ზოგიერთმა ორგანიზაციამ ინტელექტუალური კაპიტალი შეიძლება „ადამიანურ“, „სტრუქტურულ“ და „ურთიერთობების“ კატეგორიებში შეიტანოს. 

2.19 მიუხედავად იმისა, თუ როგორ ყოფს ორგანიზაცია კაპიტალის სხვადასხვა ტიპებს კატეგორიებად საკუთარი მიზნებისათვის, მან 2.15 პარაგრაფში განსაზღვრული კატეგორიები სახელმძღვანელო პრინციპად უნდა გამოიყენოს, რომ ორგანიზაციას მის ხელთ არსებული რომელიმე კაპიტალი არ გამოჩრეს. 

2D ღირებულების შექმნის პროცესი 

2.20 ღირებულების შექმნის პროცესი ასახულია #2 სქემაზე და მოკლედ არის ახსნილი ქვემოთ. აქ ასევე განმარტებულია, თუ როგორ შეესაბამება #2 სქემის კომპონენტები (რომელიც ხაზგასმულია ტექსტში) მე-4 თავის შინაარსობრივ ელემენტებს. 

2.21 გარე გარემო, მათ შორის ეკონომიკური პირობები, ტექნოლოგიური ცვლილებები, საზოგადოებრივი საკითხები და გარემოსდაცვითი გამოწვევები იმ გარემოს ქმნიან, რომელშიც ორგანიზაცია მუშაობს. ორგანიზაციის „მისია და ხედვა“ მკაფიოდ და ლაკონურად განსაზღვრავს მთელი ორგანიზაციის მიზანს და განზრახვას. (იხ. შინაარსობრივი ელემენტი 4A „ორგანიზაციის ზოგადი აღწერა და გარე გარემო“). 

2.22 ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები პასუხისმგებელნი არიან შექმნან საზედამხედველო სტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის მიერ ღირებულების შექმნის შესაძლებლობას (იხ. შინაარსობრივი ელემენტი 4B „მმართველობა“).

2.23 ორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენს მისი ბიზნესმოდელი, რომელიც საწყის რესურსებად სხვადასხვა კატეგორიის კაპიტალს იყენებს და ბიზნეს-საქმიანობის საშუალებით აქცევს მათ გამომავალ პროდუქციად (პროდუქტებად, მომსახურებად, მეორად პროდუქტებად და ნარჩენებად). ორგანიზაციის საქმიანობა და მისი პროდუქტები ზემოქმედებას ახდენენ სხვადასხვა სახის კაპიტალზე. სხვადასხვა გარემოებების ცვლილებასთან (მაგ., საწყისი რესურსების ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ან მათი ხარისხის ცვლილებასთან) ბიზნესმოდელის ადაპტაციის უნარმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობაზე. (იხ. შინაარსობრივი ელემენტი 4ჩ „ბიზნესმოდელი“. 

2.24 ორგანიზაციის საქმიანობა გულისხმობს პროდუქციის დაგეგმვას, შემუშავებასა და წარმოებას, ან სპეციალური უნარებისა და ცოდნის გამოყენებას მომსახურების გაწევის დროს. ახალი პროდუქტებისა და მომსახურების წარმოების მიზნით ინოვაციის კულტურის წახალისებას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ამ გზით ორგანიზაცია წინასწარ ადგენს მომხმარებელთა მოთხოვნის პროგნოზს, აუმჯობესებს ეფექტიანობას, უკეთ იყენებს ტექნოლოგიებს, ცვლის საწყის რესურსებს მავნე სოციალური და ეკოლოგიური ზემოქმედების შემცირების მიზნით და პოულობს საწყისი რესურსების ალტერნატიულ გამოყენებას.
     

2.25 ტერმინი „შედეგები“ გულისხმობს ორგანიზაციის საქმიანობისა და პროდუქციის კაპიტალზე ზემოქმედების შიდა და გარე შედეგებს (დადებითსა და უარყოფითს). 

2.26 რისკების, შესაძლებლობების, სტრატეგიისა და ბიზნესმოდელის განსაზღვრა გარე გარემოს მუდმივი მონიტორინგისა და ანალიზის საფუძველზე ხორციელდება, ორგანიზაციის მისიისა და ხედვის კონტექსტში. (იხ. შინაარსობრივი ელემენტი 4D „რისკები და შესაძლებლობები“). 

2.27 სტრატეგია ადგენს, თუ როგორ აპირებს ორგანიზაცია რისკების შერბილებას ან მართვას და შესაძლებლობების მაქსიმალურად გაზრდას. მასში განსაზღვრულია ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნები და სტრატეგიები, რომლებიც რესურსების განაწილების გეგმების საშუალებით ხორციელდება (იხ. შინაარსობრივი ელემენტი 4E „სტრატეგია და რესურსების განაწილება“). 

2.28 ორგანიზაციას სჭირდება ინფორმაცია მისი მუშაობის შედეგების შესახებ. ამისათვის მან გაზომვისა და მონიტორინგის სისტემები უნდა შექმნას, რომ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ინფორმაცია მიიღოს (იხ. შინაარსობრივი ელემენტი 4F „მუშაობის შედეგები“). 

2.29 ღირებულების შექმნის პროცესი არ არის სტატიკური; მისი ყველა კომპონენტის გადასინჯვა და დახვეწა უნდა მოხდეს თითოეული კომპონენტის და მისი სხვა კომპონენტებთან ურთიერთქმედების რეგულარული ანალიზის და ორგანიზაციის პერსპექტივებზე ფოკუსირების გზით (იხ. შინაარსობრივი ელემენტი 4G „პერსპექტივები“). 

გაგრძელება შემდეგ ნომერში