ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების ახალი საბჭო და პრეზიდენტი არჩეულია - №5(257), 2021
ახლა მთავარი მიზანი საკუთარი უფლებების დაცვა იქნება 

ახალი არჩევნები 

საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოებას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. მას შემდეგ, რაც წინა პრეზიდენტი – ბესიკ დიაკონიძე შარშან, სექტემბერში მოულოდნელად გარდაიცვალა, რამდენიმე თვე მის მოვალეობებს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ბერაია ასრულებდა. ახალ პრეზიდენტად სწორედ ნინო ბერაია აირჩიეს. 

კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, შემფასებლებმა საბჭოს წევრებისა და პრეზიდენტის ასარჩევად კრება `ზუმში~ გამართეს. კრება 2021 წლის 11 მაისს ჩატარდა და მას 49 დელეგატი ესწრებოდა. ორგანიზაციის წევრებმა, როგორც სხვა შემთხვევაშიც ხშირად ხდება ხოლმე, კანდიდატებისგან ორგანიზაციის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით მოსაზრებები ვერ მოისმინეს დროის შეზღუდული ფორმატის გამო. კრებაზე კანდიდატები პირდაპირ წარადგინეს და კენჭიც უყარეს. საბჭოს წევრობისთვის განაცხადი 12-მა მსურველმა წარადგინა, მათგან საბჭოს წევრად აირჩიეს ათი კანდიდატი: ნინო ბერაია, მაია ხაჩიძე, მიხეილ აბაიაძე, რაულ ატრუშბა, გუგა დათუკიშვილი, ბაქარ დიაკონიძე, გიორგი ლეჟავა, თეიმურაზ ფარცხალაძე, ირაკლი ყუფარაძე და დავით ჯელია. 

საბჭოს არჩეული წევრებიდან პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატად – ნინო ბერაია დასახელდა. გამოითქვა მოსაზრება, რომ სამომავლოდ პრეზიდენტობის მსურველებმა საზოგადოებას საქმიანობის საკუთარი ხედვა და სტრატეგია უნდა წარუდგინონ, პრეზიდენტები მხოლოდ ჩV-ების საფუძველზე არ უნდა შეირჩეს. 

საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების წევრი ვანო ჟუჟუნაშვილი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შემფასებელთა საქმიანობის ხარისხის გაზრდა უნდა იყოს, ვინაიდან ბევრი მათგანის მიერ ჩატარებული სამუშაოს ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. 
„ეს ასოციაცია პროფესიული სერვისების გამწევი კომპანიების ასოციაციაა. შესაბამისად, პროფესიული სერვისების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, ისევე როგორც აუდიტში, ხარისხის მონიტორინგი. საქართველოში ძალიან ბევრი შემფასებელი კომპანია საქმიანობს, ბევრი მათგანის მიერ ჩატარებული სამუშაოს ხარისხის ვერანაირ კრიტიკას უძლებს. საქმიანობის ხარისხი დონემ უნდა აიწიოს და შემფასებლებმა საერთაშორისო სტანდარტებს უპასუხონ“, – ამბობს ვანო ჟუჟუნაშვილი. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნინო ბერაია პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მან დელეგატების სრული მხარდაჭერა მოიპოვა. ბერაიამ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო „ტვირთის აღება“ რთულ პერიოდში უწევს და მისი მთავარი მიზანი – საკანონმდებლო ცვლილებებში აქტიური მონაწილეობა, უცხოურ და ადგილობრივ საშემფასებლო ორგანიზაციებთან კონტაქტების გაღრმავება, მათთან ერთად მრგვალ მაგიდებში მონაწილეობა და სემინარების ორგანიზება იქნება. 

რაც შეეხება ორგანიზაციის სტრუქტურას, ბერაიას განმარტებით, არსებული სტრუქტურა მისაღებია და სრულ თანხვედრაშია IVSC (International Valuation Standards Council) და TEGOVA-ს (The European Group of Valuers’ Associations) მოთხოვნებთან. საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოება 2013 წელს შეიქმნა. იგი აერთიანებს მატერიალური უძრავ-მოძრავი ქონების, ასევე ბიზნესის პროფესიონალ შემფასებლებს. საზოგადოების გაცხადებული მიზანია, ხელი შეუწყოს მისი წევრების პროფესიულ განვითარებას და დაიცვას მისი წევრების ინტერესები. 

კანონპროექტი, რომელმაც შემფასებელთა საზოგადოება საგონებელში ჩააგდო 

„კანონპროექტი, რომელსაც კანონის ძალა ექნება, გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს. საზოგადოების უფლებები და მოვალეობები უფრო ფართოვდება. ახალი ტენდენციებით, პროფესიული საზოგადოება ცენტრალური რგოლი ხდება და ასოციაციის საქმიანობაში მისი წევრებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ლიტერატურაზე მუშაობის მიმართულებით, ვინაიდან ქართული სახელმძღვანელოები არ გვაქვს. ახალგაზრდა შემფასებლები აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ საქმიანობაში. კონტაქტები და ცოდნა, რაც დაგროვილი გვაქვს, აქტიურად უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს“, – განაცხადა ნინო ბერაიამ იმ კანონპროექტზე საუბრისას, რომელმაც საქართველოში საშემფასებლო საქმიანობა უნდა დაარეგულიროს. 

კრებაზე ცხადი გახდა, რომ შემფასებელთა საზოგადოების მთავარი საზრუნავი ახლო მომავალში ის კანონპროექტი (საშემფასებლო საქმიანობის შესახებ) იქნება, რომელიც მთავრობამ მათ ცოტა ხნის წინ შესთავაზა და დოკუმენტში გაწერილმა პუნქტებმა შემფასებლები დიდ საგონებელში ჩააგდო. 

„ეს ათასწლეული ძალიან დიდი გამოწვევებით არის სავსე, როგორიც არის კოვიდი, კრიზისები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის კანონი საშემფასებლო საქმიანობის შესახებ. მე, როგორც საბჭოს წევრი, ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, აქტიურად უნდა ჩავერთოთ კანონის განვითარებასა და იმ წესების დამკვიდრებაში, რომელიც საუკეთესოა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ მივიღებთ კანონს, ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომელიც გაზრდის ჩვენს შემოსავალს, ჩვენი მომსახურების ხარისხსა და დაიცავს ბაზარს არაკეთილსინდისიერი შემფასებლებისგან. მიმდინარე პერიოდისთვის ნომერ პირველი ამოცანა ეს არის. მეორე თემა ასევე მნიშვნელოვანია, მხარს დავუჭერ და წავახალისებ განათლებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გავრცელებას“, – განაცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ აბაიაძემ. 

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოში წლების განმავლობაში შეფასება ასოცირდებოდა აუდიტთან, არ იყო დანერგილი შეფასების საერთაშორისო სტანდარტები და საშემფასებლო მომსახურებას აუდიტორები ახორციელებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (2016 წელი) 28-ე მუხლის მე-8 პუნქტით საქართველოს მთავრობას დაევალა საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტის შემუშავება. ამავე დროს, ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, თანდათან მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში შემფასებლის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის ცნობადობა და გაჩნდა მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საშემფასებლო მომსახურებაზე. 

შემფასებელთა ნაწილს მიაჩნია, რომ მათი საქმიანობა მკაცრ რეგულაციებს არ საჭიროებს და ხარისხის გაზრდაზე ბაზარი იზრუნებს, ნაწილის აზრით კი, გარკვეული რეგულაციები მნიშვნელოვანია. ამ საკითხში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შემფასებლებს ერთიანი პოზიცია აქვთ, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ცუდია და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. 

კანონპროექტი ორგანიზაციაში უკვე განიხილეს და მასთან დაკავშირებით შემფასებელთა შეფასებები ასეთია: 

„თუ აუცილებელია სფეროს რეგულირება, საშემფასებლო პროფესია უნდა გაიმიჯნოს აუდიტისგან, აქედან გამომდინარე უნდა იყოს ცალკე მარეგულირებელი“; 

„კანონპროექტით განიხილება საშემფასებლო დასკვნების ერთიანი ელექტრონული ბაზა, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საშემფასებლო ეთიკასთან და არღვევს კონფიდენციალურობის პრინციპს“; 

„გაურკვეველია ზედამხედველობის მექანიზმები, ვინ იქნებიან მუშა ჯგუფის შემადგენლობაში, ვინც მიიღებს შემდგომში კანონქვემდებარე აქტებს და ინსტრუქციებს“; 

„რეგულაციის და ხარისხის კონტროლის გადავიდეს პროფესიულ ორგანიზაციაზე და მასში არსებულ კომიტეტებზე, ეს უზრუნველყოფს პროფესიის მაქსიმალურ დამოუკიდებლობას“; 

„კანონპროექტით რეგულაცია, ძირითადად, სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებს, რაც უფრო მეტად სარეკომენდაციო ხასიათს უნდა ატარებდეს“; 

„მიუღებელია მიდგომები იმ ძირითად პრინცი პებთან, რომლებიც ეხება დამოუკიდებლობას“; 

„კანონპროექტის ამგვარი რედაქციები ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას“. 

დამოუკიდებელი შემფასებელი ნიკა ურუშაძე ამბობს, რომ კანონპროექტი ხელს უწყობს კორუფციასა და ბიუროკრატიას. ურუშაძის განცხადებით, უკვე არსებობს სპეციალური გაიდლაინები, რომლებსაც შემფასებლები ისედაც იცავენ და დამატებითი რეგულაცია საჭირო აღარ არის. 

„არ მჭირდება დამატებითი რეგულაციები. უმეტეს ქვეყანაში რეგულაცია არ არსებობს. უფრო მეტი რეგულირება უნდა იყოს სერტიფიცირებასა და სწავლის პროცესზე. თავად ამ სფეროს რეგულირება არ სჭირდება. რეგულირება შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო ინტერესებია. მაგალითად, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშაოს სპეციალური წესები და სტანდარტები, რაც საბანკო სექტორისთვის ისედაც არსებობს. ასევე შეიძლება ამგვარი წესები განისაზღვროს სასამართლოსთვის, შემფასებლების შესარჩევად. კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობას ბაზარი თავად არეგულირებს, კანონი საჭირო არ არის. სერტიფიკატების გამცემი ორგანოების მკაცრ რეგულირებას მივესალმები, ისე როგორც სხვა პროფესიული ცენტრების მიმართაა განსაზღვრული. ეს მნიშვნელოვანია საუკეთესო ხარისხის სწავლებისთვის“, – ამბობს ნიკა ურუშაძე და დასძენს, რომ კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რაც კანონის მიმართ მის უნდობლობას აჩენს, არის ის, რომ კონტროლი უფრო მეტად გადადის აუდიტორების ხელში. 

„აუდიტორებსა და შემფასებლებს შორის ინტერესთა კონფლიქტია. ისინი ერთმანეთთან მაქსიმალურად შორს უნდა იდგნენ. აუდიტორს შეფასების გაკეთების უფლება არ აქვს და პირიქით შემფასებელიც არ შეიძლება აუდიტში ჩართული იყოს. მაგალითად, თუ რეგულირების გარკვეული ბერკეტები ეროვნულ ბანკს ეხება, ვგულისხმობ იმ სფეროებს, სადაც სასამართლო და სახელმწიფო ინტერესებია ჩართული, ეს მეტ-ნაკლებად შეიძლება მისაღები იყოს. ამ შემთხვევაშიც ზედამხედველობა უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელში“, – ამბობს ნიკა ურუშაძე. 

ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების სახელზე წერილი მოამზადა, სადაც ყველა ის რისკი, რომელიც პროფესიას განვითარების ნაცვლად უკან დახევს, დეტალურად არის განხილული. შესაბამის უწყებებს წერილი უკვე გადაეგზავნათ. 

წერილში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება კანონით განსაზღვრულ უმთავრეს საკითხს – საშემფასებლო და აუდიტორული საქმიანობის გამიჯვნას და გამიჯვნის ნაცვლად აერთიანებს შეფასების და აუდიტის პროფესიას ერთი რეგულატორის ქვეშ (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური), რომელიც სწორედ აუდიტთან ასოცირდება და შეფასების პროფესიის კვლავ აუდიტის პროფესიასთან ასოცირებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, ეს განვითარების გზაზე მყოფი პროფესიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. 

ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით მარეგულირებელ ორგანოს სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტებული იქნება სახელმწიფო და აუდიტის პროფესიის წარმომადგენლებით და მხოლოდ ერთი წევრი იქნება შეფასების პროფესიის წარმომადგენელი. 

„შემფასებლის პროფესია საჭიროებს დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის მაღალ ხარისხს. წინამდებარე კანონპროექტი ქმნის შემფასებელზე ზეწოლის იმგვარ ინსტრუმენტებს და რეგულირების ინსტიტუციურ ჩარჩოს, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შეფასების დამოუკიდებლად წარმართვის პროცესს და მნიშვნელოვნად შეზღუდოს შემფასებლის თავისუფლება. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო იღებს უფლებებს ჩაერიოს კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში, სადაც საჯარო ინტერესი არ არსებობს. ამგვარ ურთიერთობებში ჩარევის ბერკეტები სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოს ენიჭება იმ პირობებშიც კი, როცა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს დაზარალებული მხარე არ ჰყავს. კანონპროექტის მიხედვით იქმნება შემფასებლებზე ზეწოლის საფრთხე, რომელიც შეფასების ხარისხს დააზარალებს, მით უფრო, რომ ხარისხის რეგულირება განხორციელდება ვერტიკალურად ბიუროკრატიული ინტერესის გათვალისწინებით და არა კერძო ინტერესების დაცვით“, – აღნიშნულია წერილში. 

გარდა ამისა, მარეგულირებელი ორგანო უფლებას იტოვებს, გამოსცეს დამატებითი მარეგულირებელი აქტები და კიდევ რა დონეზე მოხდება მომავალში ბიზნეს საქმიანობაში ჩარევა, ეს საკითხი შემფასებლებისთვის, ამ ეტაპზე, არაპროგნოზირებადია. ამიტომაც, მათთვის ბუნდოვანი და საეჭვოა ასეთი მკაცრი რეგულაციების მიზანი. 

„კანონპროექტში ბევრ რამეზე წერია, რომ ეს მერე გადაწყდება. არსებობს საშიშროება, რომ კანონქვემდებარე აქტებით გადაწყვეტისას ხარვეზი გამოიკვეთოს, ან რამე შეცდომა გაი პაროს. ამიტომ ყველა დეტალზე მსჯელობა თავიდანვე უნდა მოხდეს. ასევე მრჩება კითხვის ნიშანი – რამდენად აუცილებელია, რომ საშემფასებლო საქმიანობა რეგულირებადი იყოს? მარტივ მაგალითს გეტყვით, საშემფასებლო საქმიანობის პროდუქტი უმეტესად დიდი კომპანიების ფინანსურ ანგარიშგებებში გამოიყენება, რომელსაც აუდიტორი ამოწმებს, მათ შორის საშემფასებლო რეპორტსაც. მოგეხსენებათ, რომ აუდიტი რეგულირებადი სფეროა, ჰყავს ზედამხედველი, საკმაოდ მკაცრია ხარისხის მონიტორინგი. შესაბამისად, თუ ვამბობთ, რომ `სარასი~ ამოწმებს აუდიტორს, რომელმაც ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში თავის მხრივ შეამოწმა შეფასების რეპორტი, ვფიქრობ, დამატებითი რეგულირების აუცილებლობა აღარ დგას. მეორე სფერო, რასაც საქართველოში შემფასებლები საქმიანობენ, ვთქვათ, საბანკო ტიპის ბიზნესი და სხვა, ეს არ არის იმ მასშტაბის შეფასება, რომელიც ისეთ უნარებსა და კვალიფიკაციას მოითხოვს შემფასებლის მხრიდან, რომ ვიფიქროთ რეგულირებაზე. ამიტომ კიდევ სამსჯელოა, რამდენად საჭიროა ამის რეგულირება“, – ამბობს ვანო ჟუჟუნაშვილი. 

კიდევ ერთი რისკი, რასაც შემფასებლები ამ კანონპროექტით ხედავენ, არის პროფესიული ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შეზღუდვა. კერძოდ, მათი თქმით, საშემფასებლო სფერო არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფერო, სადაც გარიგების საგანი ხშირ შემთხვევაში მაღალი კომერციული ინტერესის საგანია, რაც განაპირობებს სფეროში კონფიდენციალობის აუცილებლობას. მოცემული კანონპროექტის მიხედვით კი სამსახური, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ცდილობს დაიქვემდებაროს პროფესიული ორგანიზაციები და უკვე არსებული მონიტორინგის სისტემის პარალელურად განახორციელოს უშუალოდ შემფასებლების და მათი საქმიანობის მონიტორინგი. აღნიშნული ფაქტორი, კი შესაძლებელია ბიზნესისთვის გახდეს მონიტორინგის მექანიზმისგან თავის არიდებისა და გასვლის მოტივატორი. 

პროფესიულ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის ასეთი სახით მიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ინვესტორების კონფიდენციალობის ინტერესსაც, რომლებიც სხვადასხვა პროექტების შეფასებების მიხედვით იღებენ საკუთარ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს და ინვესტიციების წახალისების ხელშეწყობის ნაცვლად, მათი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს. 
გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შეფასების ანგარიში წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას, იმავდროულად, იგი შეიცავს კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი პუნქტითა და იმავე კოდექსის 273 მუხლით. ამ ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა ამ შემთხვევაში დამკვეთის თანხმობის გარეშე დაუშვებელია, თუ არ არსებობს განსაკუთრებული სახელმწიფო ინტერესი, რაც რეგულირდება სპეციალური კანონით. სხვა შემთხვევაში პირს შეიძლება მიადგეს ზიანი და ეს ზიანი შემფასებლის ასანაზღაურებელი გახდეს. თუ ამ კანონით განისაზღვრება კომერციული და პროფესიული საიდუმლოების ერთიან ელექტრონულ ბაზაში გაცემის ვალდებულება, მაშინ ეს არათუ გაზრდის ინვესტიციებს (როგორც ეს კანონპროექტის მიზანში წერია), არამედ პირიქით, შეამცირებს მათ და დამატებით გამოიწვეს იმას, რომ პოტენციური ინვესტორი დაუკვეთავს შეფასებას არა საქართველოს სერტიფიცირებულ შემფასებელს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ამ შეფასების საერთო რეესტრში აღრიცხვის არავითარი ვალდებულება არ ექნება. 

მათივე შეფასებით, აუდიტი ფაქტობრივად ზუსტი მეცნიერებაა, რომელიც კომპანიის ფინანსურ შედეგებს იხილავს, მაშინ როდესაც შეფასება არის წარმოსახვით მოდელში ქონების ღირებულების დათვლა. ძალიან მარტივ მაგალითში ჩანს განსხვავება: თუკი აუდიტი სამეწარმეო საქმიანობის შედეგზეა ორიენტირებული, რომელიც შეიძლება თეთრებამდე სიზუსტით იყოს განსაზღვრული, შემფასებელი დებს ღირებულებას, რომელიც არის დამრგვალებული რიცხვი. 

„შეფასება მსჯელობაზე დაფუძნებული პროფესიაა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ერთი და იგივე აქტივი ორმა შემფასებელმა სხვადასხვა ღირებულებით შეაფასოს. ორივემ თავის მეთოდოლოგია დაასაბუთოს, ამიტომ ამის რეგულირება და ერთ ჩარჩოში მოქცევა ცოტა გაჭირდება. მათი დასაბუთებების შესამოწმებლად ძალიან მაღალი კვალიფიკაციაა საჭირო, ესეც თავისთავად დამატებითი რესურსია. თუ ზედამხედველი სახელმწიფო სამსახური იქნება, მას კვალიფიციური რესურსები დასჭირდება, რაც დღეს იაფი ნამდვილად არ არის. ეს თემაც სამსჯელოა, ჩვენ ხომ არ გვინდა მივიღოთ რეგულირება და კანონი, თუ ასეთი კადრები არ გვეყოლება? თან მეორე ჩანაწერია კანონში, რომ შემფასებელი არაპრაქტიკოსი უნდა იყოს. ეს თავისთავად პრობლემაა, მოწყდები პროფესიას და განვითარების შესაძლებლობას კარგავ. კვალიფიკაციის დონე ქვემოთ მიდის. შესაბამისად, როგორ უნდა მოხდეს ასეთი კადრის შერჩევა – თან იყოს კვალიფიციური და თან პრაქტიკაში არ იყოს? აქაც კითხვის ნიშანია. საბოლოო ჯამში მისასალმებელია საქმიანობის რაღაც ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა, მაგრამ ამან მახინჯი ფორმა არ უნდა მიიღოს. დღეს შეფასების ბაზარი ძალიან `აჭრილია~, ჩარჩო ნამდვილად სჭირდება, მაგრამ პროცესი მცირედიდან უნდა დაიწყოს და მერე ნელ ნელა მოხდეს დახვეწა და არა პირდაპირ რეგულირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი, ბაზრიდან გარიცხვა და ასე შემდეგ“, – ამბობს ვანო ჟუჟუნაშვილი. 

შემფასებელთა განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში საშემფასებლო სფეროს ნაწილობრივ რეგულაციას (საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული ე.წ. ჰიბრიდული მოდელი) ახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, რომელიც ახორციელებს მასერტიფიცირებელი ორგანიზაციების აკრედიტაციას. შესაბამისად, არ ხდება ბიზნეს-საქმიანობაში უშუალო და უხეში ჩარევა და შემცირებულია ბაზრის კონტროლის რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემფასებლებს მიაჩნიათ, რომ პროფესიული ორგანიზაციების მიერ შემფასებელთა საქმიანობის მონიტორინგის და ხარისხის კონტროლის არსებული მექანიზმების დახვეწა, სერტიფიცირებულ შემფასებელთა ერთიანი რეესტრის წარმოება (სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციების ბაზების გაერთიანება) უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტიანი იქნება, როგორც პროფესიისთვის და ზოგადად ბიზნესისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ვიდრე ახალი რეგულაციებისა და დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების შექმნა. 

წერილი უკვე გაგზავნილია. ჯერჯერობით, შესაბამისი უწყებების პასუხი უცნობია. შემფასებლებს კი იმედი აქვთ, რომ მთავრობა მათ შენიშვნებს გაითვალისწინებს და რეგულაციის უფრო მარტივ პრინციპებს დათანხმდება. თუმცა, ბევრი ვარაუდობს, რომ მთავრობა მნიშვნელოვან დათმობაზე არ წამოვა. ასე რომ, საშემფასებლო ორგანიზაციას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა და რთული ეტაპების გავლა მოუწევს. 

მაკა ხარაზიშვილი