ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
რას ითვალისწინებს „აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიმართ საქმის მოკვლევის ჩატარების წესის“ პროექტი? - №9(261), 2021
დაახლოებით 2 თვის წინ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (შემდგომში მოხსენიებული როგორც სამსახური) მოამზადა ახალი დებულების - „აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიმართ საქმის მოკვლევის ჩატარების წესის“ პროექტი და განსახილველად დაუგზავნა პროფესიულ ორგანიზაციებს. სამწუხაროდ, ჩვენი რედაქციისთვის ამ დებულების შესახებ ძალიან გვიან გახდა ცნობილი და დროულად ვერ გამოვეხმაურეთ მას, თუმცა, როგორც ამბობენ, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“... ამიტომ, ვაქვეყნებთ ჩვენს მოსაზრებებს ამ დებულების პროექტის შესახებ იმის იმედად, რომ სტატია სამსახურის ახლანდელი ხელმძღვანელობის ყურამდე უფრო ადრე მიაღწევს, ვიდრე ზემოაღნიშნული დებულების პროექტს ხელი მოეწერება. თუმცა, ასეც რომ ვერ მოხდეს და სტატია დაგვიანდეს, მაინც კარგი იქნება ჩვენი პოზიციის გამოხატვა საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად და დასაფიქრებლად, რაც სამომავლოდ ამ დებულებაში ცვლილებების შეტანას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, დებულების პროექტი მომზადდა სამსახურის წინა უფროსის იური დოლიძის ხელმძღვანელობის დროს. 2021 წლის 1 სექტემბერს მას ამოეწურა სამსახურის უფროსად ყოფნის კანონით განსაზღვრული 5-წლიანი ვადა და ამჟამად სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით მჭედლიძეა.
 
წინამდებარე სტატიას დანართის სახით თან ერთვის დასამტკიცებლად შემუშავებული ახალი დებულების პროექტი სრულად, რომელიც მისი ხელმოწერისა და გამოქვეყნებისთანავე უნდა შევიდეს ძალაში. გადავხედოთ, რა წერია ამ პროექტში.

განსახილველი წესის (დებულების) შემუშავება განსაზღვრულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის „ო“ პუნქტის მიხედვით, სადაც აღნიშნულია:
 
„3. სამსახური უზრუნველყოფს:

ო) მოკვლევის სისტემის ჩამოყალიბებას, მოკვლევის ჩატარების წესებისა და მეთოდოლოგიის შემუშავებას, საკუთარი ინიციატივით ან/და წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებით მოკვლევის ინიციირებას“.

აღნიშნულით დასტურდება, რომ აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიმართ საქმის მოკვლევის ჩატარების დებულების შემუშავება არ არის სამსახურის ინიციატივა, ეს კანონის მოთხოვნაა. კარგი მოთხოვნაა ეს თუ ცუდი, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, კანონში ასე წერია მისი მიღების დღიდან (ანუ, უკვე 5 წელზე მეტია). რა ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს მოკვლევის სისტემა და მასში რა შინაარსი უნდა ჩაიდოს, კანონში კონკრეტულად გაწერილი არ არის და სწორედ ეს უნდა დაარეგულიროს სამსახურის დამტკიცებულმა დებულებამ.

სანამ ჩვენს შენიშვნებზე გადავალთ, მკითხველებს შევახსენებთ, რომ მოქმედი კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით:

„1. სამსახური არის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. იგი პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე“;

ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი:

„4. სამსახური ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტებისა და წესების შემუშავებისთვის პროფესიული ორგანიზაციების, პრაქტიკოსების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომელთა საქმიანობა რეგულირდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-‑სამართლებრივი აქტით“.

თუმცა, რაღაც არ გვსმენია, სამსახურს მოქმედი კანონის ქვემდებარე წესებისა და დებულებების (მათ შორის, განსახილველი წესის) შემუშავების პროცესში ასეთი სამუშაო ჯგუფები შეექმნას...

შენიშვნა 1.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როგორ ესმის ეს ტერმინი _ „მოკვლევა“ სამსახურს. პროექტის პირველი მუხლის მე-2 ნაწილში და მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტში ვკითხულობთ:
 
მუხლი 1. „2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (IQC 1) და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებულ სამსახურის ადმინისტრაციულ წარმოებაზე“.

მუხლი 2. „1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
 
ა) მოკვლევა – სამსახურის მიერ წარმართული პროცესი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/მიმართ, რომელიც ხორციელდება საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით და არ მოიცავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს“.

ჩვენი კრიტიკა სწორედ ამ „განმარტებით“ გვინდა დავიწყოთ. მხოლოდ ამგვარი განმარტებიდან გამომდინარე, გაუგებარია, თუ რა არის მოკვლევა და კონკრეტულად რა ამოცანების გადაწყვეტას ემსახურება. აუდიტორის/აუდიტური ფირმის საქმიანობა ისედაც ექვემდებარება ხარისხის კონტროლის მონიტორინგს, რომელსაც სამსახური ატარებს და ეს რომ არ არის განსახილველი დებულების საგანი, ისედაც ცხადია და განმარტებაშიც წერია. 
მაშ, რა უნდა მოიკვლიოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა? გადასახადებს იხდიან თუ არა სწორად? ამისთვის ხომ შემოსავლების სამსახური არსებობს; თანამშრომელთა უფლებებს ხომ არ არღვევენ? ამისთვის შრომის ინსპექციის სამსახური არსებობს; ფულის გათეთრებას ან ტერორიზმის დაფინანსებას ხომ არ უწყობენ ხელს? ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია და ამის მოსაკვლევად პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები არსებობენ; უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ? ამის გამოსავლენად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს.

რეალურად, მოსაკვლევი საკითხები, ცხადია, არსებობს. მაგალითად, ერთ-‑ერთი ასეთი საკითხი შეიძლება იყოს მოდავე მხარეების კონფლიქტის დროს ერთ-‑ერთი მხარის მხარდასაჭერი, წინასწარი შეცნობით ტენდენციური აუდიტორული/საექსპერტო დასკვნის გაცემა. მაგრამ ნუთუ ძნელია, რომ სამსახურმა კონკრეტულად იმსჯელოს ამგვარი მოსაკვლევი საკითხების ჩამონათვალზე და ის ასახოს ამ დებულებაში, რათა გასაგები იყოს ყველასთვის და თავისუფალი ინტერპრეტირების შესაძლებლობას არ ტოვებდეს?

საერთოდ, ასეთი სახის განმარტებები, რომელიც ცნებას განმარტავს მხოლოდ სხვა ცნებების უარყოფის კონტექსტში, არ არის მისაღები. მაგალითისთვის, ვთქვათ ვინმემ პიესა განმარტა ასე: „ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც არ არის არც პროზა და არც პოეზია“. მოგწონთ ეს განმარტება? რამე გასაგებია აქედან?

მართალია, მე-‑3 მუხლის მე-‑5 ნაწილში აღნიშნულია, რომ:

„5. მოკვლევა შეიძლება ემსახურებოდეს ერთი ან რამდენიმე ამოცანის შესრულებას, მათ შორის:

ა) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის სარეგისტრაციო პირობებთან შესაბამისობის დადგენას;

ბ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის შესაბამისობის დადგენას კანონისა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;

გ) სამართალდარღვევის თავიდან აცილებასა და გამოვლენას;

დ) კანონისა და კანონით გათვალისწინებული სხვა ნორმატიული აქტების ზედამხედველობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ისეთი უფლებამოსილების განხორციელებას, რომელიც არ მოიცავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის სრულ ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს და აუდიტორული მომსახურების შესაბამისობის შეფასებას სამოქმედოდ შემოღებულ საერთაშორისო სტანდარტებთან“;

მაგრამ ეს ჩამონათვალი, ჯერ ერთი, ძალიან მწირია და მეორეც, „ა“ პუნქტის გარდა, ძალიან ზოგადი ხასიათისაა. ამასთან, მიგვაჩნია, რომ მოსაკვლევი საკითხების ჩამონათვალი ან სწორედ „მოკვლევის“ განმარტებაში უნდა იყოს, ან „მოკვლევის“ განმარტება უნდა მიუთითებდეს ცალკე გამოყოფილ სპეციალურ მუხლზე სახელწოდებით - „მოკვლევას დაქვემდებარებული საკითხები“.

შენიშვნა 2.
 
დებულების პროექტის მე-3 მუხლში „მოკვლევის პრინციპები, მიზანი და ამოცანები“ წერია:
 
„1. მოკვლევა ხორციელდება ობიექტურად და მიუკერძოებლად, რაიმე უპირატესობის მინიჭების გარეშე, მხოლოდ კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილ ფარგლებში“.

ანუ, აქ „ობიექტურად და მიუკერძოებლად“ რომ არ ეწეროს, მოკვლევა სუბიექტურად და ტენდენციურად ჩატარდებოდა? ასეთი ტრივიალური რამის აღნიშვნა დებულებაში მხოლოდ იმას გვაფიქრებინებს, რომ სამსახური წინასწარ გრძნობს, მის მიერ ჩატარებული ზოგიერთი მოკვლევა არ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი და აქედანვე აცხადებს, ჩემს ნამოქმედარში ეჭვის შეტანა არც იფიქროთო...

შენიშვნა 3.

ამავე, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში ვკითხულობთ:

„2. საქმის მოკვლევის პროცესში წარმოებული კვლევების შედეგად მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას სანქციას აკისრებს, ძალაში შესვლისა და იმ სუბიექტის ინფორმირების შემდეგ, რომელსაც სანქცია დაეკისრა, დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით ქვეყნდება საჯაროდ სამსახურის ვებგვერდზე, მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით“.

რაო? დაუყოვნებლივო? რას ნიშნავს „დაუყოვნებლივ“?

თუ მოკვლევამ ისეთი გარემოება გამოავლინა, რაც აუდიტორისთვის/აუდიტური ფირმისთვის სანქციის დაკისრების საფუძველი გახდა, კი ბატონო, იყოს ეს 5 წლის განმავლობაში სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული, მაგრამ იქნებ, სამსახურის სანქცია არასამართლიანია და სანქცირებული აუდიტორი/აუდიტური ფირმა მას არ ეთანხმება და ასაჩივრებს? საჩივრის განხილვა მაინც არ უნდა იყოს დასრულებული? გასაჩივრების წესთან დაკავშირებით, პროექტის მე-‑12 მუხლის მე-‑3 ნაწილში აღნიშნულია:

„3. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება შესაძლებელია 1 თვის ვადაში გასაჩივრდეს ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოში და სასამართლოში“.

ვინაიდან სასამართლოში საჩივრის განხილვა შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, იქნებ წლებიც კი, განა გონივრულია ამდენი ხნის განმავლობაში, სანამ ბრალეულობა დადგენილი ჯერ არ არის, მისი გასაჯაროება? აუდიტორი/აუდიტური ფირმა ბოლო-‑ბოლო რომც გამართლდეს, მის რეპუტაციას ამ ხნის განმავლობაში (როცა უსამართლო სანქცია საჯაროდ იქნება გამომზეურებული) ხომ დიდი ზიანი მიადგება? ვინ აუნაზღაურებს მას ამ ზიანს?

მიგვაჩნია, რომ მოკვლების შედეგების გასაჯაროება დაუშვებელი უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურების დასრულებამდე.

შენიშვნა 4.

დებულების პროექტის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულია:

„სამსახურს ასევე, შეუძლია შეაჩეროს/გადაავადოს მოკვლევის დაწყების პროცესი“.
 
რა შემთხვევაში შეუძლია და რამდენი ხნით? თუ ეს არ იქნება აქ აღნიშნული, მაშინ შეიძლება ეს ჩანაწერი სამსახურმა გამოიყენოს თავისებურად. მაგალითად, შეიძლება დასაბუთებული საჩივრის მიღების შემთხვევაში ისეთი აუდიტური ფირმის მიმართ, რომელიც სამსახურის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელობის კეთილგანწყობით სარგებლობს, სამსახურმა მოკვლევის დაწყების პროცესი უსასრულოდ გაწელოს.

თუმცა, შემდეგ, მე-7 მუხლის მე-2 ნაწილში ვკითხულობთ:

„2. სამსახური საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, თუ არ არსებობს წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი“.

არ გვესმის, ეს ჩანაწერი რას ნიშნავს. ზემოაღნიშნულ მე-5 მუხლის მე-2 ნაწილში მოხსენიებულ ჩანაწერთან რამე კავშირშია? თუ არა, მხოლოდ 1 თვეში (?!) რა „საბოლოო გადაწყვეტილებას“ მიიღებს სამსახური, როდესაც იქვე, იმავე მუხლის მე-3 ნაწილში ასეთი რამ წერია:
 
„3. აუდიტორებთან/აუდიტორულ ფირმებთან მიმართებით მოკვლევა, მისი მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე შეიძლება გაგრძელდეს სამსახურის მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა“.

შენიშვნა 5.

დებულების მე-6 მუხლში „მოკვლევაში მონაწილე პირთა უფლებები და მოვალეობები“ აღნიშნულია:

„5. პირი, რომლის საქმის მოკვლევაც მიმდინარეობს, უფლება აქვს დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს სამსახურს და აცილება მისცეს სამსახურის იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართულია მოკვლევის პროცესში და პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში“.

აქ გაუგებარია, რისი უფლება აქვს პირს, რომლის საქმის მოკვლევა მიმდინარეობს: აცილების უფლება აქვს, თუ აცილების თაობაზე მხოლოდ მიმართვის? იქიდან გამომდინარე, რომ ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „8. აცილების/თვითაცილების შესახებ განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი“, როგორც ჩანს, მხოლოდ მიმართვის, რომელსაც ან დაუკმაყოფილებენ, ან არა... არადა, კარგი იქნებოდა, დებულებაში რომ ჩაწერილიყო რამე ასეთი: „პირის მხრიდან აცილების თაობაზე მიმართვისას სათანადო მოტივაციის არსებობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს აცილება“.

აქვე შევნიშნავთ, რომ ამავე მუხლის მე-6 ნაწილში ასეთი რამ წერია:

„6. მოკვლევის პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს სამსახურის თანამშრომელი, თუ იგი:

ა) დაინტერესებული მხარეა;

ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;

დ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

ე) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები“.

არ გვესმის აქ „გ“ პუნქტი. სამსახურის თანამშრომელი „საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან“ შრომით ურთიერთობაში რანაირად შეიძლება იყოს?

რაც შეეხება „ბ“ და „დ“ პუნქტებს, ნათესავი შეიძლება არ იყოს ოჯახის წევრი, მაგრამ ოჯახის წევრი განა ნათესავი არ არის? ალბათ, ეს ორი პუნქტი გასაერთიანებელია, ან უნდა განიმარტოს, რა არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრად ითვლება, მაგრამ ნათესავად - არა.

შენიშვნა 6 (მთავარი შენიშვნა).

ჩვენი განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია დებულების პროექტის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში ამ ჩანაწერმა:

„ე) ანონიმური შეტყობინება (მხილება) – შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული სისტემის მეშვეობით), როდესაც შეტყობინების წარმდგენი პირი იდენტიფიცირებული არ არის ან არ უნდა იდენტიფიცირებულ იქნას“.

ანონიმური მხილების დასაშვებობა ნახსენებია ასევე დებულების პროექტის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილშიც.

ვის მოუვიდა აზრად ასეთი რამის ჩაწერა? მოქმედი კანონი ასეთი საფუძვლის აუცილებლობის შესახებ არაფერს ამბობს და არც მიანიშნებს. ალბათ, ამ ჩანაწერის ავტორი - საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამოყალიბდა პიროვნებად... ახალგაზრდა მკითხველების საყურადღებოდ, ვინც საბჭოთა კავშირს არ მოსწრებია, ვიტყვით, რომ საბჭოთა პერიოდში ამგვარი „ანონიმკების“ მეშვეობით უამრავი ადამიანი გასამართლდა, რომელთა დიდი ნაწილი შემდგომ რეაბილიტირებული იქნა, როგორც უსამართლოდ დასჯილი.

წესით, ამას ახსნაც არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ რადგან დებულების პროექტში ასეთი „სიურპრიზი“ ფიგურირებს, განვმარტავთ:

მოკვლევასთან დაკავშირებული საკითხების მოსალოდნელი დელიკატურობიდან გამომდინარე, თეორიულად, შესაძლებელია დავუშვათ, რომ საჩივრის ავტორი არ მალავს თავის ვინაობას, მაგრამ არ სურს თავისი თავის გამჟღავნება საზოგადოებისათვის ან იმ პირისათვის, ვისაც უჩივის. ამ შემთხვევაში მისი ვინაობა იცის მხოლოდ სამსახურმა და ეს ვინაობა შეიძლება საიდუმლოდ დარჩეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განხილვა სასამართლოში გადაინაცვლებს.

მაგრამ, ყოვლად დაუშვებელია, რომ თანამედროვე ეპოქაში ნებისმიერ ისეთ საქმეს მიეცეს მსვლელობა, რომელიც სრულიად ანონიმური, არაიდენტიფიცირებული პირისგან მიღებულ შეტყობინებას დაეფუძნება! ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, სამარცხვინო საქციელიც კი!

ანონიმურად შეიძლება გამოგზავნილი იქნეს ნებისმიერი სახის „შეტყობინება“, მათ შორის, სრულიად უსაფუძვლო, 100%-იანი ტყუილიც კი, და როდესაც ეს ტყუილი მოკვლევის შედეგად გამომჟღავნდება, ვის მოეკითხება ამ ცილისწამების გამო? მისტერ X-ს თუ მისის Y-ს?! ან ვინ აანაზღაურებს გინდ სამსახურის და გინდ „ეჭვმიტანილი“ პირის იმ გაცდენილ დროს, რომელიც ამ მოკვლევის შედეგად დაიხარჯება?
 
ჩვენ მიერ გაკრიტიკებული ჩანაწერის არსებობა ამგვარი „ანონიმური შეტყობინებების“ ანუ ცილისწამებების წახალისებაა და მეტი არაფერი.

თუ ვინმე გულწრფელად ეჭვობს, სათანადო საფუძვლის არსებობისას, რომ ვიღაცის რომელიღაც საქციელი მოსაკვლევია და დამატებით შესწავლას საჭიროებს, მაშინ ის თავისი ვინაობის დასახელებას არ მოერიდება! ხოლო თუ ვინაობის გამხელა არ სურს, მაშინ მისი „მოქალაქეობრივი პოზიციისა“  რა უნდა ვირწმუნოთ?

დაბეჯითებითი თხოვნით მივმართავთ სამსახურის ახლანდელ ხელმძღვანელობას, ამოიღოს ზემოხსენებული ეს სამარცხვინო ჩანაწერი პროექტიდან!
 
და თუ არა, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, თუ ვიღაც ინკოგნიტო ერთ მშვენიერ დღეს ასეთ „მხილებას“ გამოუგზავნის სამსახურს:

„თქვენ მიერ დამტკიცებული წესის პირველი მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, ანონიმურად გატყობინებთ, რომ ამა და ამ აუდიტორს უკან აქვს პატარა კუდი. აღნიშნული ინფორმაცია უტყუარია, რადგან ეს მისი ცოლის დაქალმა საიდუმლოდ გაანდო ჩემი ბიძაშვილის მეზობელს. გთხოვთ დაიწყოთ საქმის მოკვლევა და აუკრძალოთ ამ აუდიტორს პროფესიული საქმიანობის გაგრძელება, რადგან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დამტკიცებული „ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო“ არ ითვალისწინებს კუდის ქონას აუდიტორებისთვის“...
 
როგორია, მოგწონთ???
 
გიორგი ცერცვაძე

დანართი

აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიმართ საქმის მოკვლევის ჩატარების წესი (პროექტი 27.09.2021 წ. მდგომარეობით)

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) ან/და ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების შესრულებასთან დაკავშირებით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში „სამსახური“) მიერ საკითხის მოკვლევის ჩატარების წესსა და მეთოდოლოგიას, სამსახურის ინიციატივით ან/და წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან მოკვლევის საქმისწარმოების პროცედურებს, წარმოებაში მონაწილე პირებს, საქმის მოკვლევის პროცესში მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC 1) და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებულ სამსახურის ადმინისტრაციულ წარმოებაზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოკვლევა – სამსახურის მიერ წარმართული პროცესი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/მიმართ, რომელიც ხორციელდება საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით და არ მოიცავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს.

ბ) აღსასრულებელი აქტი – მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სამსახურის მიერ აუდიტის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

გ) მოკვლევაში მონაწილე პირი – აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორი ან/და ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან/და ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აუდიტის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული/მიღებული მომსახურება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

დ) შეტყობინება – საჯარო წყაროებზე დაყრდნობით მოპოვებული ან დაინტერესებული ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მოკვლევის დაწყების საფუძვლად;

ე) ანონიმური შეტყობინება (მხილება) – შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული სისტემის მეშვეობით), როდესაც შეტყობინების წარმდგენი პირი იდენტიფიცირებული არ არის ან არ უნდა იდენტიფიცირებულ იქნას.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 3. მოკვლევის პრინციპები, მიზანი და ამოცანები

1. მოკვლევა ხორციელდება ობიექტურად და მიუკერძოებლად, რაიმე უპირატესობის მინიჭების გარეშე, მხოლოდ კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილ ფარგლებში.

2. საქმის მოკვლევის პროცესში წარმოებული კვლევების შედეგად მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-‑სამართლებრივი აქტი, რომელიც აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას სანქციას აკისრებს, ძალაში შესვლისა და იმ სუბიექტის ინფორმირების შემდეგ, რომელსაც სანქცია დაეკისრა, დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით ქვეყნდება საჯაროდ სამსახურის ვებგვერდზე, მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით.

3. მოკვლევის პროცესში გამოვლენილი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოიყენება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესასრულებლად და მისი გაცემა ხორციელდება შესაბამისი წესით.

4. მოკვლევის მიზანია შემოწმდეს მოკვლევას დაქვემდებარებული პირის საქმიანობა, თუ რამდენად არის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები შესრულებული.

5. მოკვლევა შეიძლება ემსახურებოდეს ერთი ან რამდენიმე ამოცანის შესრულებას, მათ შორის:

ა) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის სარეგისტრაციო პირობებთან შესაბამისობის დადგენას;

ბ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის შესაბამისობის დადგენას კანონისა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;

გ) სამართალდარღვევის თავიდან აცილებასა და გამოვლენას;

დ) კანონისა და კანონით გათვალისწინებული სხვა ნორმატიული აქტების ზედამხედველობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ისეთი უფლებამოსილების განხორციელებას, რომელიც არ მოიცავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის სრულ ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს და აუდიტორული მომსახურების შესაბამისობის შეფასებას სამოქმედოდ შემოღებულ საერთაშორისო სტანდარტებთან.

6. მოკვლევა შესაძლებელია მიმართული იყოს ერთი ან რამდენიმე აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ. აუდიტორულ ფირმაში მოკვლევის საქმისწარმოების პროცედურები შესაძლებელია გავრცელდეს აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორებთან მიმართებაში.

მუხლი 4. საქმის მოკვლევის დაწყების საფუძვლები

1. სამსახურს, საკუთარი ინიციატივით, შეუძლია დაიწყოს მოკვლევა აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიმართ, რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე. ასევე, საქმის მოკვლევის დაწყების საფუძველი შესაძლებელია იყოს დაინტერესებული პირის განცხადება. სამსახურის ან/და დაინტერესებული პირის ინიციატივა საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს გონივრულ ეჭვს იმის შესახებ, რომ დარღვეულია კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნა.

2. სამსახური უფლებამოსილია საქმის მოკვლევის დაწყებამდე ან მოკვლევის დაწყების შემდგომ განახორციელოს კომუნიკაცია აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან/გარიგების პარტნიორთან, ასევე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან ან/და იმ პროფესიულ ორგანიზაციასთან, ვისი წევრიც არის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული პირი.

მუხლი 5. საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება

1. მიმოხილული საკითხის ყოველმხრივ შესწავლის შემდეგ სამსახური იღებს გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყების ან მის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე.

2. სამსახურს შეუძლია შეტყობინება არ განიხილოს, თუ შეტყობინება არ წარმოუდგენია უფლებამოსილ პირს (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახეზეა ანონიმური მხილება) ან/და არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. სამსახურს ასევე, შეუძლია შეაჩეროს/გადაავადოს მოკვლევის დაწყების პროცესი.

მუხლი 6. მოკვლევაში მონაწილე პირთა უფლებები და მოვალეობები

1. მოკვლევის პროცესში მონაწილე პირებს საქმის მოკვლევისას უფლება აქვთ ჰყავდეთ წარმომადგენელი.

2. მოკვლევაში მონაწილე პირი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს მოკვლევის პროცესისთვის მნიშვნელოვანი სრული და უტყუარი ინფორმაცია ან/და მის ხელთ არსებული შესაბამისი დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება

3. მოკვლევაში მონაწილე პირებს უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
 
4. სამსახური ან მოკვლევაში მონაწილე პირი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საქმის მოკვლევის პროცესში ჩართვის მიზნით მოიწვიოს სპეციალისტი ან/და დარგის ექსპერტი.

5. პირი, რომლის საქმის მოკვლევაც მიმდინარეობს, უფლება აქვს დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს სამსახურს და აცილება მისცეს სამსახურის იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართულია მოკვლევის პროცესში და პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

6. მოკვლევის პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს სამსახურის თანამშრომელი, თუ იგი:

ა) დაინტერესებული მხარეა;

ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;

დ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

ე) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

7. მოკვლევის განმახორციელებელი ჯგუფის წევრი ვალდებულია აცნობოს სამსახურის უფროსს აცილების საფუძვლების არსებობის შესახებ და მოითხოვოს თვითაცილება.

8. აცილების/თვითაცილების შესახებ განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი. აცილების/თვითაცილების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში განისაზღვრება მოკვლევის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ახალი პირები. 

მუხლი 7. საქმის მოკვლევის ზოგადი წესი და ხანგრძლივობა

1. მოკვლევის ფარგლებს, თემატიკას, და მოკვლევაში ჩართული თანამშრომლების ვინაობას ადგენს სამსახურის უფროსი მოსაკვლევი საკითხის სირთულის, მნიშვნელობის, პრეცედენტულობისა და მოკვლევის პროცესში ჩართული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ზომისა და სპეციფიკის გათვალისწინებით. მოკვლევა ხორციელდება არანაკლებ 2 პირისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს მოწვეული ექსპერტიც.
 
2. სამსახური საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, თუ არ არსებობს წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი.

3. აუდიტორებთან/აუდიტორულ ფირმებთან მიმართებით მოკვლევა, მისი მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე შეიძლება გაგრძელდეს სამსახურის მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.

მუხლი 8. მოკვლევის მექანიზმები. გადაწყვეტილების აღსრულება.

სამსახურის მიერ, აუდიტორთა/აუდიტორულ ფირმათა/გარიგების პარტნიორთა მიმართ, მოკვლევის პროცესის წარმოება შეიძლება მოიცავდეს შემდეგი მექანიზმების გამოყენებას:

ა) ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოპოვებას (მათ შორის, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით);

ბ) შეხვედრას აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელობასთან/უფლებამოსილ პირებთან გარემოებათა დასადგენად საჭირო ახსნა-‑განმარტებების მიღების მიზნით;

გ) ადგილზე შემოწმებას, ამ წესის მე-11 მუხლით დადგენილ ფარგლებში;

ვ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

მუხლი 9. სამსახურის მიერ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა

1. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მოკვლევის ნებისმიერ ეტაპზე სამსახური უფლებამოსილია კანონის შესაბამისად მოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც საჭირო იქნება სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად.

2. ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ სამსახურის მიმართვაში განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 2 დღეზე ნაკლები. ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადა აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, სამსახურის მიერ შეიძლება გაგრძელდეს 15 სამუშაო დღემდე.

3. სამსახურის უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ მოკვლევის პროცესში მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.

4. ინფორმაციის ან/და შესაბამისი დოკუმენტების ან სხვა რაიმე მტკიცებულების მიუწოდებლობად ითვლება სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და შესაბამისი დოკუმენტების ან სხვა რაიმე მტკიცებულების არ მიწოდება, არასრულად მიწოდება, ან/და მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის ან/და შესაბამისი დოკუმენტების ან სხვა რაიმე მტკიცებულების მიწოდება.

5. ინფორმაციის ან/და შესაბამისი დოკუმენტების ან სხვა რაიმე მტკიცებულების მიუწოდებლობად არ ითვლება დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და შესაბამისი დოკუმენტების ან სხვა რაიმე მტკიცებულების არქონის შესახებ.

6. სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში ინფორმაციის ან/და შესაბამისი დოკუმენტების ან სხვა რაიმე მტკიცებულების მიუწოდებლობა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის პასუხისმგებლობას კანონის 23-24 მუხლებით დადგენილი წესით.

7. პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს აუდიტორს/აუდიტორული ფირმას ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორს ინფორმაციის/დოკუმენტაციის/სხვა რაიმე მტკიცებულების წარდგენის ვალდებულებისაგან. 

მუხლი 10. შეხვედრა სამსახურის წარმომადგენელთან

1. იმ შემთხვევაში თუ მოკვლევის ქმედითი ჩატარება მოითხოვს სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობას მოკვლევის პროცესში, ან მოკვლევას დაქვემდებარებულ პირთან კომუნიკაციას – ტარდება სამსახურის წარმომადგენლებთან/ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა (მათ შორის, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით).

2. სამსახური ახსნა-განმარტებების მიღების მიზნით ატარებს შეხვედრას/სხდომას. შეტყობინება შეხვედრის/სხდომის ჩატარების თაობაზე, დროისა და ადგილის შესახებ ადრესატებს უნდა ჩაბარდეთ სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.

3. შეხვედრის/ სხდომის ოქმში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები:

ა) შეხვედრის/სხდომის ჩატარების ადგილი და დრო;

ბ) დამსწრე პირთა ვინაობა;

გ) განხილული საკითხები;

დ) ახსნა-განმარტებათა შინაარსი.

4. შეხვედრის/სხდომის ოქმს ხელს აწერენ დამსწრე სამსახურის თანამშრომლები, აგრეთვე აუდიტორი/აუდიტორული ფირმის უფლებამოსილი წარმომადგენლები.

მუხლი 11. ადგილზე შემოწმება

1. თუ მოკვლევისთვის საჭირო გარემოებების დადგენა სხვაგვარად ობიექტურად შეუძლებელია ან ჭიანურდება, სამსახური აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ნებართვით ადგილზე ამოწმებს მოკვლევას დაქვემდებარებულ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას ან გარიგების პარტნიორს ან სამსახური მოტივირებული შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს;

2. ადგილზე შემოწმების მიზნით, მოკვლევას დაქვემდებარებული პირის ტერიტორიაზე სამსახურის დაშვება შესაძლებელია აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ნებართვის საფუძველზე გამოცემული სამსახურის უფროსის ბრძანებით, ან სასამართლოს განჩინებით;

3. ადგილზე შემოწმება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში, მოკვლევას დაქვემდებარებული პირის საქმის სირთულის გათვალისწინებით;

4. გადაუდებელ შემთხვევაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ადგილზე შემოწმება შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო საათებშიც;

5. ადგილზე შემოწმების დროს სამსახურის უფლებამოსილი პირები მოკვლევას დაქვემდებარებულ პირს წარუდგენენ:

ა) მოსამართლის ბრძანებას, ან სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებას.

ბ) უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს.

6. ადგილზე შემოწმების დასრულების შემდგომ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ დამსწრე სამსახურის თანამშრომლები, აგრეთვე აუდიტორი/აუდიტორული ფირმის უფლებამოსილი წარმომადგენლები. ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

მუხლი 12. სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების წესი

1. მოკვლევის დასრულების შემდეგ, წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე, სამსახურის უფროსი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პირისათვის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

2. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მოკვლევაში მონაწილე პირებს/განმცხადებელს, აგრეთვე მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება სამსახურის ოფიციალურ ვებ-‑გვერდზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება შესაძლებელია 1 თვის ვადაში გასაჩივრდეს ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოში და სასამართლოში. 

მუხლი 13. საქმის ხელახალი მოკვლევა

საქმის მოკვლევის დასრულების შემთხვევაში დაუშვებელია იმავე საფუძვლითა და იმავე მხარეებს შორის მოკვლევის დაწყება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახეზეა ახლად გამოვლენილი გარემოებანი.

მუხლი 14. სამართალდარღვევებსა და დანაშაულის ფაქტებზე რეაგირების წესი

1. მოკვლევის პროცესში სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

2. მოკვლევის პროცესში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახური ატყობინებს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოკვლევის პროცესის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში ჩერდება საქმის წარმოება. საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.