ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
ინფორმაცია ბაფის 2021 წლის საერთო (26-ე) კრების შესახებ - №12(264), 2021
2021 წლის 11 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში, გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) საერთო კრება. კრებას ესწრებოდა 181 დელეგატი და მოწვეული სტუმრები. ერთ-ერთი დელეგატი იყო „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ მთავარი რედაქტორი, გიორგი ცერცვაძე. 

კრება გახსნა და მას თავმჯდომარეობდა გამგეობის თავმჯდომარე, ქალბატონი რუსუდან ჟორჟოლიანმა. კრების მდივანი იყო ბატონი ლავრენტი ჭუმბურიძე. 

დელეგატებმა დაამტკიცეს საერთო კრების დღის წესრიგი: 

– გამგეობის ანგარიში საანგარიშგებო პერიოდის საქმიანობის შესახებ; 

– სარევიზიო კომისიის ანგარიში; 

– დისკუსია ანგარიშების ირგვლივ და საქმიანობის შეფასება; 

– პროფესიის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა/დისკუსია; 

– ბაფის ღვაწლმოსილი წევრების დაჯილდოვება.
 
საანგარიშო პერიოდის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა. 

ბაფის გამგეობის, კომიტეტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შემოწმების შედეგების შესახებ მოხსენებით წარსდგა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მარიამ ჭურაძე. 

ბაფის გამგეობის და სარევიზიო კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ირგვლივ 

კრების მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და გამართეს დისკუსია. სხვა საკითხებთან ერთად, დისკუსია შეეხო მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოში პროფესიული პროფესიის წარმომადგენლის მნიშვნელობას. 

საერთო კრებამ კენჭი უყარა და დადებითად შეაფასა საანგარიშგებო პერიოდში ბაფის საქმიანობა (დადებითი - 146, დამაკმაყოფილებელი - 27, უარყოფითი - 0). 

გთავაზობთ, არასრული სახით. ბაფის გამგეობის თავმჯდომარის ანგარიშს ბაფის 2021 წლის საქმიანობის შესახებ. სრული სახით, ის გამოქვეყნებულია ბაფის ვებგვერდზე - www.gfpaa.ge. ამავე ვებგვერდზეა გამოქვეყნებული კომიტეტის ანგარიშები და სარევიზიო კომისიის ანგარიში.

ბაფის გამგეობის თავმჯდომარის ანგარიში 2021 წლის საქმიანობის შესახებ 
(შესავალი ნაწილი) 

პატივცემულო კოლეგებო, მოწვეულო სტუმრებო! 

მადლობას გიხდით დღევანდელ საერთო კრებაში მონაწილეობისთვის, რაც გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას და ინტერესს ჩვენი ორგანიზაციისა და პროფესიისადმი. დღეს ბაფს, დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. 

ჩემთვის დიდი პატივია მივულოცო ჩვენს ორგანიზაციას, მის ყველა წევრსა და გულშემატკივარს ეს მნიშვნელოვანი თარიღი. 

ბაფი ყოველთვის ფართოდ და საინტერესო ფორმატში აღნიშნავდა მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღებს, დღეს კი მხოლოდ ასე, დისტანციურად გვიწევს 25-წლიანი იუბილეს მოლოცვა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულამდე მოგვეცემა შესაძლებლობა უფრო საინტერესო და საკადრისი ფორმის ღონისძიება მივუძღვნათ ჩვენი ორგანიზაციის ღირშესანიშნავ თარიღს. 
პატივცემულო დელეგატებო, ბევრი თქვენგანი ორგანიზაციის დაარსებიდან თანამშრომლობს ბაფთან. ბევრს გაგვიელვა ალბათ გონებაში; „ეს რა დრო გასულა“, რამაც უნებლიეთ მოგვახედა უკან. 

მოდით ყველამ ერთად მოვიხედოთ უკან და კიდევ ერთხელ გავადევნოთ თვალი იმ გზას, რაზეც ბაფმა მეოთხედი საუკუნე ღირსეულად იარა და თავისი წევრების, პროფესიისა და ქვეყნის წინაშე პირნათელი მოვიდა დღემდე. 

ბაფმა თავისი წარმატებული საქმიანობით, მოიპოვა დამსახურებული აღიარება და არა მარტო ქვეყნის შიგნით. დასტურად, მე მხოლოდ ერთ გამონათქვამს დავიმოწმებ, ბაფის 20 წლის იუბილეზე, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) პრეზიდენტის, ქალბატონ ოლივია ქირტლის გამოსვლიდან: 

„IFAC აღფრთოვანებულია ფედერაციის საქმიანობით – თითოეული თქვენგანის იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გამოიჩინეთ ბუღალტრის პროფესიის მიმართ თქვენს ქვეყანასა და რეგიონში. საქართველოს ბუღალტრებისა და აუდიტორების პროფესიული განვითარების, საერთაშორისო სტანდარტების აღიარებითა და დანერგვის გზით“. 

არსებობს გამონათქვამი: "მხოლოდ ენთუზიაზმით არ კეთდება დიდი საქმეებიო“ – თუმცა, ბაფმა თავისი საქმიანობით ეს მითი დაამსხვრია, მხოლოდ ერთი დაზუსტებით: 

"დიდი ენთუზიაზმით, ერთმანეთისადმი თანადგომითა და პროფესიისადმი დიდი სიყვარულით“ – აშენდა ბაფი. 

თუ არა პროფესიის სიყვარული, სხვა რა უნდა ყოფილიყო ის ძალა, რამაც შეძლო გასული საუკუნის 90-იან წლებში ამდენი თანამოაზრის გაერთიანება, რომელთა გარშემოც წლების განმავლობაში პროფესიის ათასობით წარმომადგენელი შემოიკრიბა. ასე შეიქმნა ეს დიდი ოჯახი, რომელთა წევრების უმეტესობა ერთმანეთს ვიცნობთ, ვმეგობრობთ და ვგულშემატკივრობთ. 

ნება მომეცით, ბაფის დამფუძნებლებს, მის ყველა წევრს, მისი ყველა პერიოდის ხელმძღვანელობასა და ადმინისტრაციას – ერთხელ კიდევ დაგიდასტუროთ ჩემი უღრმესი პატივისცემა თქვენი ღვაწლისათვის და დაგარწმუნოთ, რომ „ამ სახლს იმდენად მტკიცე და საიმედო საფუძველი აქვს, ისეთი გამართული და სუფთა ხელებით ნაშენები კედლები, რომ დრო და ჟამი ვერაფერს დააკლებს. მომავალ თაობას კი ამ ჭერქვეშ უშიშრად და თავდაჯერებულად შეუძლია გააგრძელოს საქმიანობა პროფესიის განვითარებისთვის“. 

დღეს, მე მხოლოდ მოკლედ შეგახსენებთ 25 წლის მანძილზე ბაფის საქმიანობის შედეგებს. 

25-წლიანი საქმიანობის რეზიუმე 

ბაფის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით: 

• მიღებულ იქნა საქართველოს კანონი: „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ (1999 წელი) და „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ (2012 წელი); 

• ბაფი 2000 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან პირველი გახდა ჳფაჩ-ის ნამდვილი წევრი; 

• დაფუძნდა პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (სასწავლო ცენტრი) და ყოველთვიური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ბუღალტრული აღრიცხვა“; 

• ჩამოყალიბდა სპეციალისტთა გადამზადებისა და განგრძობითი სწავლების სისტემა და დამკვიდრდა პროფესიული სერტიფიცირება; 

• ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნულ სტანდარტებად; 

• პერიოდულად ითარგმნებოდა და გამოიცემოდა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები. მზადდებოდა და გამოიცემოდა მათი პრაქტიკაში გამოყენებისათვის საჭირო ლიტერატურა; 

• დაფუძნდა ბუღალტერთა და აუდიტორთა რეგიონალური ფედერაცია „ევრაზია“; 

• ჩატარდა 12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით; 

• მომზადდა და ნორმატიული აქტების სახით გამოიცა მცირე ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტები (2004 წელი) და არაკომერციული იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტი (2006 წელი); 

• ითარგმნა და გამოიცა: მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (2014 წელი); მომსახურების ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი და მისი გამოყენების სახელმძღვანელოები (2014-16 წელი); 

• პერიოდულად გამოიცემოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები; 

• ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადდა 30000-ზე მეტი ბუღალტერი; 

• მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობდა 2500-მდე პირი; 

• პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსი მოიპოვა 778 პირმა; 

• მიმდინარე ეტაპზე პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობს სერტიფიცირების 12000-ზე მეტი კანდიდატი. დღევანდელ საიუბილეო კრებაზე, ნება მომეცით გავიხსენოთ ბაფის გარდაცვლილი დამფუძნებლები: 

გობეჯიშვილი გრიგოლი; 

დუჩიძე მალხაზი; 

ბაზაძე ნათელა; 

ბატაშევა მარია; 

ზაკუტაშვილი ბიჭიკო; 

კალანდაძე მარიკა;

მალაშხია ნატა. 

მათთან ერთად გავიხსენოთ 25 წლის მანძილზე ბაფის ყველა გარდაცვლილი წევრი და წელს გარდაცვლილი ქალბატონი მანანა გველესიანი, ბაფის დაარსების დღიდან – ყოველთვიური ჟურნალის „ბუღალტრული აღრიცხვა“ და ბაფის გამოცემების უცვლელი რედაქტორი. თქვენი ნებართვით, წუთიერ დუმილით პატივი მივაგოთ მათ სულებს! 

ტრადიციის შესაბამისად, მადლიერებას გამოვხატავთ და ბაფის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პროფესიაში გაწეული ღვაწლისათვის საპატიო სიგელებით ჯილდოვდებიან: 

ლამარა გოლუბიანი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაფუძნების, ფედერაციაში წევრებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების საქმეში შეტანილი წვლილისათვის; 

კონსტანტინე დათიაშვილი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაფუძნების, ბუღალტერთა პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების სფეროს ხელმძღვანელობისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის; 

ალექსანდრე კავთიევსკი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაფუძნებისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის; 

ქეთევან აბესალაშვილი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაფუძნებიდან მისი ფინანსური 7 აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების სფეროში კვალიფიციური საქმიანობისთვის; 

ზურაბ ხარატიშვილი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაფუძნების, მისი ხელმძღვანელობისა და განვითარების სფეროში შეტანილი წვლილისთვის; 

თამარ ედიშერაშვილი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გორის ფილიალის წარმატებული ხელმძღვანელობისა და ქართლის რეგიონში კადრების მომზადება/გადამზადების სფეროში შეტანილი წვლილისთვის; 

მზია ლომინაძე - იმერეთის რეგიონში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით კადრების გადამზადების სფეროში შეტანილი წვლილისთვის; 

მარიამ გურგენიძე - იმერეთის რეგიონში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის საქმიანობის პოპულარიზაციის, პროფესიის ერთგულებისა და ბაფთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის; 

ნარგიზა აბაშიძე, მერი აბაშიძე - აჭარის რეგიონში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის საქმიანობის პოპულარიზაციის, პროფესიის ერთგულებისა და ბაფთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. 

ბაფის გამგეობის სახელით, თავმჯდომარე: რუსუდან ჟორჟოლიანი-ნიქაბაძე 

სრული სახით, ბაფის გამგეობის ანგარიში გამოქვეყნებულია ბაფის ვებგვერდზე - www.gfpaa.ge.