ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
საქართველოს წამყვანი აუდიტური ფირმების 2021 წლის რეიტინგი შემოსავლების მიხედვით - №4(268), 2022
ახალი რეიტინგი 

როგორც ცნობილია, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" მოქმედი კანონის თანახმად, ყველა აუდიტორს/აუდიტურ ფირმას ევალება ყოველწლიურად, არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა, წარუდგინოს მისი საქმიანობის მაჩვენებლები (შემოსავლები, ჩაშლილი პროფესიული მომსახურებების ჭრილში, ასევე დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობა) ზედამხედველ სამსახურს. ამავე კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური აუდიტორებისა და აუდიტური ფირმებისადმი მიღებულ ამ ინფორმაციას, რომელიც სპეციალისტთა და მთლიანად საზოგადოების დიდ ყურადღებას იქცევს, საჯაროდ ანთავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე სარას.გოვ.გე და შესაბამისად, მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
 
აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების მიერ მიღებული შემოსავლები, რომლებიც ქვეყნდება, აუდიტორული საქმიანობიდან ბოლო 3 წლის მანძილზე მიღებულ შემოსავლებს მოიცავს, წლების მიხედვით. შეგახსენებთ, რომ სამსახურის ვებგვერდზე ასახულია აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების მხოლოდ ის შემოსავლები, რომელსაც ისინი იღებენ აუდიტორული მომსახურების გაწევიდან (ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და სხვა აუდიტორული მომსახურება). მართალია, გარდა ამ შემოსავლებისა, აუდიტორები და აუდიტური ფირმები სამსახურს წარუდგენენ ასევე ინფორმაციას სხვა პროფესიული საქმიანობიდან (მოქმედი კანონის მე-2 მუხლის `კ~ პუნქტის შესაბამისად) მიღებული შემოსავლების შესახებ, როგორიცაა საბუღალტრო, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის, იურიდიული და სხვა მსგავსი ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურება, მაგრამ ისინი არ ქვეყნდება. სამსახური მიღებულ ინფორმაციას ამ პროფესიული (გარდა აუდიტორული) მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისათვის იყენებს და მათ არ ასაჯაროებს, რაც სწორ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია. 

ვინაიდან აუდიტორული საქმიანობა საზოგადოებისთვის ძალიან საჭირო და აუცილებელი ბიზნესია ბევრი მიზეზის გამო, ამიტომ აუდიტური ფირმების რეიტინგისადმი საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია. ამიტომაც არის, რომ აუდიტური ფირმები მუდმივად ზრუნავენ თავიანთ რეპუტაციაზე და რეიტინგზე, მათი რეიტინგის ძირითად განმსაზღვრელ მაჩვენებლად (როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში) კი ბევრი სწორედ შემოსავლების სიდიდეს მიიჩნევს. ჩვენი ჟურნალი _ `აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების~ ფურცლებზე ინფორმაციას წამყვანი აუდიტური ფირმების შემოსავლების შესახებ ჯერ კიდევ 2001 წლიდან აქვეყნებს (სანამ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიქმნებოდა, მანამდე შესაბამის ინფორმაციას ჩვენს ჟურნალს აუდიტორული საქმიანობის მაშინდელი ზედამხედველი _ საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო აწვდიდა). ახალი, 2021 წლის რეიტინგი უმსხვილესი 20 აუდიტური ფირმის შემოსავლების მაჩვენებლით თან ერთვის ამ სტატიას. 

ცვლილებები წინა წელთან შედარებით 

ტენდენციების გამოსავლენად, შევადაროთ 2021 წლის მაჩვენებლები ერთი წლის წინანდელ ანუ 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან (2020 წლის რეიტინგი გამოქვეყნებულია ჟურნალში - იხ. "ააფი", #4(256), 2021 წ., http://aaf.ge/index.php?menu=1&jurn=256&rubr=0&mas=4199). 

1) 2021 წლის პირველი ხუთი ლიდერი კომპანია 2020 წელსაც პირველ ხუთეულს წარმოადგენდა. ამ მხრივ ცვლილებები არ არის. წამყვან ათეულში კი მცირე გადაადგილებებია - "ფი ქეი ეფ კაიზენმა" მე-8-დან მე-12 ადგილზე გადაინაცვლა, ტოპ-ათეულის ახალი წევრი კი "ბეიკერ ტილი ჯორჯია" გახდა. 

2) 2021 წელს, როგორც წინა წლებში, კვლავ გაგრძელდა აუდიტორული მომსახურების (აუდიტი და სხვა მარწმუნებელი გარიგებები) ბაზრის ზრდა: მოცულობამ 67,318 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2020 წელს ეს მაჩვენებელი 61,367 მლნ ლარი იყო (ეს ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა მურად ნარსიამ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით). შესაბამისად, ზრდა 9,7%-ს შეადგენს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ზრდის ტემპი ერთი წლის წინ (ანუ, 2020 წელი 2019-თან მიმართებით) - მაშინ ის მხოლოდ 2,9% იყო. 

3) 2021 წელს ლიდერი ოცეულის შემოსავლების ჯამურმა მაჩვენებელმა 56,76 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 8,6%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 52,26 მილიონი ლარი. 

ზრდის მაჩვენებელი ლიდერი ოცეულისთვის ერთი წლის წინ (ანუ, 2020 წელი 2019-თან მიმართებით) მხოლოდ 3% იყო. 

4) როგორც აღვნიშნეთ, 2021 წელს აუდიტორული და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების ბაზრის საერთო მოცულობა 67,318 მილიონი ლარი შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წამყვანი 20 აუდიტური კომპანიის ხვედრითი წილი ამ ბაზრის 84,3%-ია, ხოლო მათგან პირველი 11 კომპანიის ხვედრითი წილი - 76,1%. ეს მაჩვენებლები თითქმის იგივეა, რაც ერთი წლის წინ და მაშინ ისინი, შესაბამისად, 85,2%-ს და 77,3%-ს შეადგენდა. 

5) 2020 წელს სდპ-ის აუდიტის უფლებამოსილება ჰქონდა 14 აუდიტურ ფირმას, რომელთა ჯამურმა შემოსავალმა აუდიტორული საქმიანობიდან 51,79 მლნ ლარი შეადგინა. ეს ამ ბაზრის 77%-ია. 

6) თითქმის არ შეცვლია რეგისტრირებული აუდიტური ფირმების რაოდენობა. ამჟამად, 2022 წლის აპრილის მდგომარეობით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს აუდიტური ფირმების სახელმწიფო რეესტრში 268 აუდიტური ფირმაა რეგისტრირებული, ხოლო ერთი წლის წინ მათი რიცხვი 267 იყო. აუდიტორული მომსახურების ბაზრის მოცულობიდან გამომდინარე, 2021 წელს ერთ აუდიტურ ფირმაზე საშუალოდ 251 ათასი ლარი წლიური შემოსავალი მოდიოდა, ამ სახის მომსახურებიდან მიღებული. თუმცა, თუ დავთვლით 2021 წლის საშუალო წლიურ შემოსავალს ერთ აუდიტურ ფირმაზე, გარდა სდპ-ის აუდიტის ჩატარების უფლებამოსილი ფირმებისა, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 61 ათასი ლარია. 

როგორც ვხედავთ, ბაზარზე ახალი აუდიტური ფირმები თითქმის არ ჩნდება, რადგან მცირე აუდიტურ ფირმებს უფრო და უფრო უჭირთ კონკურენცია მსხვილ აუდიტურ ფირმებთან. 

7) ამ 268 რეგისტრირებული აუდიტური ფირმიდან, ხარისხის კონტროლის მონიტორინგი ჩაუტარდა მხოლოდ 90 ფირმას, რომლებიდანაც 14 აუდიტურ ფირმას მიენიჭა 1-ლი ან მე-2 ხარისხის კატეგორია, რაც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლების მინიჭებას ნიშნავს. 15 აუდიტურ ფირმას მინიჭებული აქვს მე-3 ხარისხის კატეგორია, რაც პირველი ზომითი კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას იძლევა, ხოლო 30 აუდიტურ ფირმას - მე-4 ხარისხის კატეგორია. დანარჩენ 31 აუდიტურ ფირმას მიენიჭა მე-5 ხარისხის კატეგორია, რაც არ იძლევა პირველი და მე-2 ზომითი კატეგორიების საწარმოთა სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებას. 

თემას არ ეხება, მაგრამ ერთ-ერთ მე-3 ხარისხის კატეგორიის აუდიტურ ფირმას, შპს "ა..."-ს არც 2019, არც 2020 და არც 2021 წლებში მარწმუნებელი სახის გარიგებების შესრულებიდან შემოსავლები არ აქვს დეკლარირებული (ნულოვანი შემოსავლებია ნაჩვენები). ამ ფონზე, გაუგებარია, რის საფუძველზე მიანიჭა სამსახურმა მას მე-3 ხარისხის კატეგორია? თუმცა, სამსახურის მხრიდან უცნაურ ქმედებებს კარგა ხანია მივეჩვიეთ... 

საინტერესო ფაქტები 

მკითხველებისთვის, კიდევ რამდენიმე დამატებით საინტერესო გარემოებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, გამოქვეყნებული რეიტინგის მონაცემებზე დაყრდნობით: 

1) წამყვანი ოცეულიდან, 11 არის სდპ-ის აუდიტის უფლებამოსილი კომპანია, და პირველი 11 ადგილი ამ რეიტინგში სწორედ მათ უკავიათ. 6 კომპანიას ხარისხის კონტროლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მინიჭებული აქვს მე-3 ხარისხის კატეგორია, ხოლო 2-ს ("პრესტიჟ-აუდიტი" და "აუდიტორული ფირმა ალტერ ეგო") - მე-4 კატეგორიის. მხოლოდ ერთი კომპანიაა ისეთი ("ქროუ ჯი"), რომელსაც სამსახურის მხრიდან ხარისხის კონტროლის მონიტორინგი ჯერ არ ჩატარებია; 

2) წამყვანი ოცეულიდან, 16 აუდიტურ კომპანიას 2021 წელს ჰქონდა შემოსავლების ზრდა 2020 წელთან შედარებით, ხოლო 4-ს - კლება. ყველაზე დიდი ზრდა ჰქონდა "აუდიტორულ ფირმა ალტერ ეგოს", ხოლო ყველაზე დიდი კლება - "ფი ქეი ეფ კაიზენს", რომელსაც 2021 წლიდან ჩამოერთვა სდპ-ის აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება. 

3) წამყვანი ოცეულიდან, რეპორტალ.გე-ს 2020 წლის მონაცემებით, 2 აუდიტური ფირმა წარმოადგენდა II ზომითი კატეგორიის საწარმოს, 7 - III ზომითი კატეგორიის საწარმოს, ხოლო 10 - IV კატეგორიის საწარმოს. ერთ აუდიტურ ფირმას ("აუდიტორული ფირმა ალტერ ეგო") კი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება reportal.ge-ზე წარდგენილი არ აქვს. რაც შეეხება 2021 წლის ფინანსურ ანგარიშგებებს, მათი წარდგენის დრო 2022 წლის 1 ოქტომბრამდეა და შესაბამისად, ამ მონაცემების შესახებ შემოდგომაზე გახდება ცნობილი. 

გიორგი ცერცვაძე