ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
საქართველოს რეფორმირებული აუდიტორული ბაზრის წახნაგები: დიდი სურათი შეფასების, ადეკვატური მოქმედებისა და განვითარებისათვის - №6(270), 2022
საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 8 ივნისს მიღებული „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის საფუძველზე რამდენიმე მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა, რომელიც უდავოდ საჭირო და აუცილებელი იყო, წარმოშვა საკმაოდ ბევრი გამოწვევა. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ამ უნივერსალურ კანონს მოქმედებისათვის არასაკმარისი ბაზისი შეუქმნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 29 ივნისს მიღებულმა კანონმა „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“, მისი არაკომპლექსურობისა და სისტემურად გაუაზრებელი სახით მიღებისა და მოქმედების გამო, აგრეთვე იმის გამო, რომ აუდიტური კომპანიების უმეტესობა არ აღმოჩნდნენ მზად ამ მასშტაბის საკმაოდ მკაცრად ადმინისტრირებულ მოთხოვნებს გამკლავებოდნენ. თუმცა, მთლიანობაში აუდიტორულმა ბაზარმა სრულიად ახალ პირობებში დაიწყო ფორმირება/ჩამოყალიბება, რომელსაც თან სდევდა რეფორმების განხორციელება ბიზნესკომპანიათა ფინანსურ სფეროში. 

ზემოაღნიშნული 2016 წლის 8 ივნისს მიღებული კანონის მიხედვით განხორციელებული რეფორმების შედეგად ფორმირებული საქართველოს აუდიტორული ბაზარი 2021 წლის შედეგების მიხედვით ხასიათდება ცხრილ №1-ში მოცემული მონაცემებით.
 
რეფორმირების რეჟიმში მოქმედი ბიზნესკომპანიებისა და აუდიტური კომპანიების, აგრეთვე სახელმწიფო ზედამხედველის საქმიანობის შედეგად შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა: 

უკვე 2017 წელს, ახალი კანონის მოქმედების პირობებში აუდიტური კომპანიების/აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია გავლილმა აუდიტურმა კომპანიებმა მათ კლიენტებს გაუწიეს 102,952 მლნ ლარის მოცულობის მომსახურება, რომელთა შორის აუდიტორული მიმართულებისა იყო 38,362 მლნ ლარი (ანუ მთლიანის 28,1%), მათ შორის ფინანსური აუდიტის (ე.წ. „ელიტური აუდიტორული მომსახურება“) მომსახურების მოცულობამ შეადგინა 28,977 მლნ ლარი (ანუ აუდიტორული მომსახურების მთლიანი მოცულობის 75,5%). ამ წლის მონაცემებში ჩვენი ყურადღება მიიპყრო აუდიტური კომპანიების მიერ მათი კლიენტებისათვის მიწოდებულმა არააუდიტორული მომსახურების მოცულობამ, რომელმაც შეადგინა 64,59 მლნ ლარი (ანუ მთლიანის 62,7%). აღნიშნული მომსახურებები, როგორც ცნობილია, მოიცავს აუდიტორული მომსახურების თანმდევ მომსახურებებს, ანუ ისეთ სახეებს, როგორიცაა საკონსულტაციო მომსახურება, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების შედგენის, ბუღალტრული და მენეჯერული პროგრამების დანერგვის, კომპილაციის, შეთანხმებული პროცედურებისა და სხვა მომსახურებებს. არსებითია, რომ ამ არააუდიტორული მომსახურებათა გაწევის მოცულობა 2018, 2019 და 2020 წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, რომელიც, როგორც ჩანს, განპირობებული იყო უკვე ბიზნესკომპანიების სეგმენტში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედების გააქტიურებით. აუდიტურ კომპანიათა მხრიდან ამ არააუდიტორული მომსახურებათა გაწევის მოცულობამ 2020 წლის შედეგებით 102,922 მლნ ლარი შეადგინა, ანუ ამ წელს აუდიტური კომპანიების მიერ კლიენტებისათვის გაწეული სრული (მთლიანი) მომსახურების 63%, რომელიც იმას ადასტურებს, რომ მომსახურების ამ სახეებს აუცილებლად ექნებათ ზრდის პერსპექტივა. რაც შეეხება 2021 წელს არააუდიტორული მომსახურებათა გაწევის მოცულობის შემცირებას 74,678 მლნ ლარამდე, ექსპერტული გამოკითხვების მიხედვით, აღვნიშნავთ, რომ ის დიდი ალბათობით განპირობებული იყო 2020-2021 წლებში კოვიდ-19-ის პერიოდში ბიზნესკომპანიების მიმართ განხორციელებული შეზღუდვებით, შესაბამისად ამ მომსახურებისათვის საჭირო ლიკვიდური თანხების დეფიციტით. 

კვლევით პროექტში ჩართული მკვლევარები პროგნოზირებენ აუდიტური კომპანიების მხრიდან აუდიტორული საკონსულტაციო და არა აუდიტორულ მომსახურებათა მოცულობის მკვეთრად ზრდის კანონზომიერებას უახლეს 2-3 წელიწადში, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, ხელს შეუწყობს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან კოვიდ-19 ის პერიოდში ბუღალტრული/აუდიტური კომპანიების საყურადღებოდ გააქტიურებული არსებითი ხასიათის რეკომენდაციების უკვე პრაქტიკაში განივთების საკმაოდ კარგი შესაძლებლობები. აუდიტის განვითარებას, მისი არსებობის ყველა ეტაპზე, ბიძგს აძლევდა ფინანსური კრიზისები და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს გაცილებით შესამჩნევი და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში საინვესტიციო აქტივობის ზრდის კვალობაზე.
     
 
№1 ცხრილში მოცემული მონაცემების მიხედვით იდენტიფიცირებულია ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების მოცულობის მკვეთრი ზრდა (2017 წელი _ 28,977 მლნ ლარი, 2018 წელი _ 42,962 მლნ ლარი; 2019 წელი _ 49,236 მლნ ლარი; 2020 წელი (კოვიდ-19 პერიოდი) _ 51,510 მლნ ლარი და 2021 წელს (კოვიდ-19 პერიოდი) _ 56,015 მლნ ლარი), რომელიც ძირითადად განპირობა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ახალი ბიზნესკომპანიებისათვის სდპ ის სტატუსის მინიჭებამ, შესაბამისად მათ მიმართ წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების ვალდებულების წარმოშობამ და აუდიტორული შემოწმების მომსახურების შრომატევადობის გაზრდამ (რომელიც განაპირობა აუდიტორული შემოწმების განმახორციელებელი აუდიტური კომპანიების მიმართ აუდიტორული მომსახურების ხარისხის მიმართ ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნებმა, რაც ბუნებრივი მოვლენაა. აღნიშნული შესახებ მითითებული/გაცხადებული იყო 2016 წელს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებისას წარდგენილ განმარტებით ბარათშიც კი). 

გარდა ამისა, ვფიქრობ საყურადღებოა აუდიტური კომპანიების მიერ კლიენტებისათვის გაწეულ აუდიტორული მომსახურების საერთო მოცულობაში სწორედ ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების (ამ ელიტური მომსახურების) მომსახურების ხვედრითი წილი (2017 წელს _ 75,5%; 2018 წელს _ 84,5%; 2019 წელს _ 82,6%; 2020 წელს _ 84%; 2021 წელს _ 83,2%), რომელიც, სავარაუდოდ მომავალშიც შენარჩუნდება. 2020 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით ჩამოყალიბებულ 14 სდპ-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის უფლებამოსილების მქონე კომპანიებიდან დაახლოებით პირველ ათ კომპანიაში (ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო აქტივობის მკვეთრად ზრდამდე), ხოლო დანარჩენი, ძირითადად მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიის ხარისხის მქონე აუდიტური კომპანიები, დიდი ალბათობით გააქტიურებენ შერწყმის/ გაერთიანების/შთანთქმის/ ბაზრიდან გასვლის პროცესებს და ამ აქტივობის კვალობაზე, დარჩენილი აუდიტური კომპანიები ძირითადად ორიენტირებული იქნებიან კლიენტებისათვის აუდიტორული მომსახურების ე.წ. „თანმდევ“ მომსახურებათა სხვადასხვა სახეების (ამ მომსახურებათა კატალოგი პროფესიონალთა წრეში განხილვის პროცესშია) მიწოდებაზე. არსებითი ის გახლავთ, რომ მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიის, აგრეთვე „კატეგორიის გარეშე“ ხარისხის მქონე, ასევე აუდიტორული საქმიანობის ხარისხგაუვლელ აუდიტურ კომპანიებში თავმოყრილია აუდიტორული ბაზრის უნიკალური გამოცდილების მქონე პირები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით (რამდენიმე სამსახურში ერთდროულად საქმიანობის გამო წარმოშობილი დროის დეფიციტი, სიახლეებისა და გამოწვევებისადმი გამკლავებისათვის აუცილებელი აქტივობისათვის დროის უქონლობა, „გათითოკაცების“ (დამოუკიდებელი, თვითიზოლაციის პირობებში საქმიანობის გარემოს შექმნის მწველი განზრახვის, შესაბამისად განვითარებისა და კომპანიის „გადარესტარტების“ აუცილებლობის მომავლისათვის გადადების გამო) მიზეზით მომსახურებისათვის მორიგი ობიექტის მოპოვებისათვის აუცილებელი დროის ბიუჯეტის არაეფექტიანად გამოყენება, ამ კომპანიების საქმიანობაზე რეკომენდაციის გამწევ ბიზნესკომპანიათა მენეჯერებში თაობათა ცვლილება და ამ აუდიტურ კომპანიებისა და მათი აუდიტორების ცნობადობის არეალის ბუნებრივი შემცირება, მომსახურებისათვის სამუშაოს მიღების მიზნით მომსახურების დემპინგურ ფასად მიწოდება და ამის გამო წარმოშობილი განვითარებისათვის აუცილებელი რესურსების დეფიციტი და სხვ.) დღემდე ვერ მოახერხეს ახალ მოთხოვნებთან სრული ფორმატით ადაპტირება. თუმცა, მათ აქვთ დადასტურებული კარგი გამოცდილება და ინტელექტუალური რესურსი იმისათვის, რომ საკმაოდ კვალიფიციურად ახორციელებდნენ მინიმუმ აუდიტორული მომსახურების თანმდევ მომსახურებებს). 

ზემოთ ვახსენე და მეც გამოვიყენე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ აუდიტური კომპანიების აუდიტორული საქმიანობის ხარისხის მონიტორინგის შედეგად ამ სამსახურის მიერ 2017 წლის 12 ივლისს გამოცემული №ნ-9 ბრძანებით დამტკიცებულ „ხარისხის კონტროლის მონიტორინგის წესში“ განივთებული კომპანიების კატეგორიებად დაყოფის ფაქტობრივი პრაქტიკა, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ დღემდე და ამ საკითხს კვლევითი პროექტის ფორმატში ერთ ერთი კომპონენტის სახით სპეციალური კვლევაც კი მიუძღვენი, რომლის შედეგები მოვახსენე ბაფისა და პროფესიონალ აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის მიერ სპეციალურად შექმნილ ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ჩემი დაჟინებული თხოვნით გაეგზავნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს. კვლევის შედეგების გაცნობის გარდა, ამ სამსახურს მასზე ადეკვატური რეაგირების რესურსი დღემდე არ აღმოაჩნდა, თუმცა, დაგეგმილი მაქვს მისი რეალიზაციის უზრუნველმყოფელი სხვა აქტივობები. ამის მიუხედავად, იმის გამო, რომ აუდიტური კომპანიების „კატეგორიზაციის“ ტერმინი დღემდე მოქმედებაშია (გამოყენებაშია), მეც გამოვიყენე ის იმ მიზნით, რათა ამ სტატიის მკითხველისათვის უფრო გასაგები ყოფილიყო ის პროცესები, რომლის იდენტიფიცირება და შეფასება მოხერხდა ამ კვლევის შედეგად. აღნიშნულის გათვალისწინებითაა შედგენილი ქვემოთ მოცემულ №2 ცხრილში იდენტიფიცირებული მაჩვენებლები, რომელიც ვფიქრობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან და არსებით სურათს იძლევა საქართველოს აუდიტორული ბაზრის სტრუქტურასა და სხვადასხვა მაჩვენებლებზე. ასეთი ცხრილი მომზადებულ იქნა ყველა წლის (2017, 2018, 2019, 2020 წწ.) მონაცემების მიხედვით (ყველა იმ აუდიტური კომპანიის ჭრილში, რომლებიც ფუნქციონირებდნენ მაშინ, ანუ შესაბამის წელს), თუმცა, ამ სტატიაში გთავაზობთ მხოლოდ 2021 წლის მონაცემებს იმის გამო, რომ ჩავთვალე, ის გაცილებით აქტუალურია ამ მონაცემებით დაინტერესებული პროფესიული წრისათვის დიდი სურათის დანახვის, შესაბამისი შეფასებისა და ადეკვატური აქტივობების გაცნობიერებულად დაგეგმვისათვის.
     
 
კვლევების შედეგად დადგენილია, რომ საქართველოს აუდიტორულ ბაზარზე აუდიტური კომპანიების აუდიტორული მომსახურების საერთო მოცულობაში 2021 წლის მონაცემების მიხედვით დომინანტია საერთაშორისო აუდიტური კომპანიების „დიდი ოთხეულის“ ადგილობრივი კომპანიები (სულ ოთხი: შპს "დელოიტი და ტუში"; შპს "იუაი"; შპს "ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო"; შპს "KPMG Georgia") - 56,13% (ანუ 37,214 მლნ ლარი), მათ შორის ამ კომპანიების მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურებაზე დაგენერირებული შემოსავლის ხვედრითი წილი აუდიტორული მომსახურების მთლიან მოცულობასთან მიმართებაში 58,47%- ს (ანუ 32,750 მლნ ლარს) შეადგენს. აუდიტური კომპანიების წარმომადგენლებთან კვლევის პროცესში გააქტიურებული შეხვედრებისას ზოგიერთი კოლეგის მიერ გამოხატული მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ამ კომპანიებს აქვთ „წაღებული“ ბაზარი, სწორია, მაგრამ ეს „წაღება“ ობიექტური და ლოგიკური პროცესია, რადგან: ჯერ ერთი, ასეა თითქმის ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც განვითარების გზაზეა. ამ პროცესს ხელს უწყობს ამ კომპანიების საკმაოდ მაღალი რეიტინგები მთელს მსოფლიოში და, აქედან გამომდინარე, მათ მომსახურებაში არსებული საქართველოს რეზიდენტი ბიზნესკომპანიების (განსაკუთრებით მათი, რომელთა საქმიანობაში ინვესტიციებია განხორციელებული საერთაშორისო ფინანსური კორპორაციების მიერ და აგრეთვე მათი, ვისი აქციებიც განთავსებულია საერთაშორისო ბირჟებზე) ლტოლვა მათგან აუდიტორული შემოწმების მომსახურების მიღების, რომელიც ითვლება პრესტიჟულად და საჭირო აქტივად მათი შემდგომი განვითარებისა და საინვესტიციო აქტივობის მასშტაბების ზრდისათვის; მეორე, ეს კომპანიები ფლობენ უნიკალურ პროფესიულ რესურსს, რომელიც მათ დააგროვეს დიდი ხნის განმავლობაში წარმატებული პროფესიული საქმიანობით; მესამე, მათი საქმიანობა საქართველოს ბაზარზე ავითარებს და ქმნის გარემოს საინვესტიციო აქტივობისათვის; მეოთხე, ამ კომპანიებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ ქვეყნის არა მარტო აუდიტორული ბაზრის, არამედ ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელ მაღალი კვალიფიკაციის ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც ძალიან სჭირდება ქვეყანას. ამასთან, ვფიქრობ, საყურადღებოა, რომ: ა) ამ აუდიტური კომპანიების მხრიდან ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების ხვედრითი წილი ამ კომპანიების საერთო შემოსავალში აუდიტორული მომსახურებიდან 88% ია, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძირითადად კონცენტრირებული არიან ბიზნესკომპანიათა ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების მომსახურებაზე; ბ) დიდი ოთხეულის აუდიტურ კომპანიებში 2021 წელს დასაქმებული იყო 555 თანამშრომელი, მათ შორის ფინანსური აუდიტის მიმართულებაზე _ 327 თანამშრომელი, რომელიც საქართველოს აუდიტურ კომპანიებში დასაქმებულების მთლიანი რაოდენობის შესაბამისად 18,8% და 24,6%-ს შეადგენს. 

სდპ-ის აუდიტის განხორციელების უფლებამოსილი ზემოაღნიშნული აუდიტური კომპანიების გარდა დანარჩენი 10 აუდიტური კომპანიას (ესენი მიკუთვნებულია ხარისხის მე-2 კატეგორიას) აუდიტორული მომსახურების საერთო მოცულობაში 2021 წლის მონაცემების მიხედვით უჭირავს 22% (ანუ 14,572 მლნ ლარი), მათ შორის ამ კომპანიების მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურებაზე დაგენერირებული შემოსავლის ხვედრითი წილი ამ მომსახურების მთლიან მოცულობასთან მიმართებაში 23,69%-ს (ანუ 13,273 მლნ ლარს) შეადგენს. ამ აუდიტური კომპანიების მხრიდან ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების ხვედრითი წილი ამ კომპანიების საერთო შემოსავალში აუდიტორული მომსახურებიდან 91,08%-ია, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძირითადად კონცენტრირებული არიან ბიზნესკომპანიათა ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების მომსახურებაზე. 

სულ, სდპ-ის აუდიტის განხორციელების უფლებამოსილი აუდიტური კომპანიებს (სულ 14 აუდიტურ კომპანიას, ანუ პირველ და მეორე კატეგორიის ხარისხის მქონე კომპანიებს) აუდიტორული მომსახურების საერთო მოცულობაში 2021 წლის მონაცემების მიხედვით უჭირავთ 78,1% (ანუ 51,785 მლნ ლარი), მათ შორის ამ კომპანიების მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურებით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილი ამ მომსახურების მთლიან მოცულობასთან მიმართებაში 88,87%-ს (ანუ 46,023 მლნ ლარს) შეადგენს. ამ აუდიტური კომპანიების მხრიდან ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით განხორციელებული მომსახურების ხვედრითი წილი ყველა აუდიტური კომპანიის მიერ ამ მომსახურების საერთო მოცულობაში შეადგენს 82,16%-ს (ანუ 46,023 მლნ ლარს). 

შემდგომ 15 აუდიტურ კომპანიას (რომლებსაც, აუდიტის ხარისხის მონიტორინგის შედეგად, მიკუთვნებული აქვთ მე-3 კატეგორიის აუდიტურ კომპანიის სტატუსი) აუდიტორული მომსახურების საერთო მოცულობაში 2021 წლის მონაცემების მიხედვით უჭირავს 7,95% (ანუ 5,272 მლნ ლარი). ამ აუდიტური კომპანიების მხრიდან ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების ხვედრითი წილი 78,50%-ია, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძირითადად კონცენტრირებული არიან ბიზნესკომპანიათა ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების მომსახურებაზე, თუმცა, მათ აქვთ შანსი და რესურსი აქტიურად ჩაებან მცირე და საშუალო აუდიტური კომპანიების შერწყმა/გაერთიანება/ შთანთქვა/ გაყიდვის პროცესებში. 

შემდგომ 29 აუდიტური კომპანიის (რომლებსაც, აუდიტის ხარისხის მონიტორინგის შედეგად, მიკუთვნებული აქვთ მე-4 კატეგორია)აუდიტორული მომსახურების საერთო მოცულობაში 2021 წლის მონაცემების მიხედვით უჭირავთ მხოლოდ 4,48% (ანუ 2,970 მლნ ლარი), მათ შორის ამ კომპანიების მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურებაზე დაგენერირებული შემოსავლის ხვედრითი წილი ამ მომსახურების მთლიან მოცულობასთან მიმართებაში 85,54%-ს (ანუ 2,540 მლნ ლარს) შეადგენს. ამ აუდიტური კომპანიების მხრიდან ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების ხვედრითი წილი ამ კომპანიების საერთო შემოსავალში აუდიტორული მომსახურებიდან 4,54%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძირითადად კონცენტრირებული არ არიან ბიზნესკომპანიათა ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების მომსახურებაზე და ეწევიან კლიენტებისათვის აუდიტორული მომსახურების სხვა სახეების მიწოდებას. 

31 აუდიტური კომპანიის (რომლებსაც, აუდიტის ხარისხის მონიტორინგის შედეგად, მიკუთვნებული აქვთ მე-5 კატეგორია) მომსახურების ხვედრითი წილი ყველა აუდიტური კომპანიის მიერ მიწოდებული აუდიტორული მომსახურების საერთო მოცულობაში 2021 წლის მონაცემების მიხედვით შეადგენს მხოლოდ 1,52%-ს (ანუ 1,006 მლნ ლარს), მათ შორის ამ კომპანიების მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების გამო მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილი ამ კომპანიების საერთო შემოსავალში აუდიტორული მომსახურებიდან 36,30%-ს (ანუ 365 ათას ლარს) შეადგენს. ამ აუდიტური კომპანიების მხრიდან ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით განხორციელებული მომსახურების ხვედრითი წილი ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა აუდიტური კომპანიის მხრიდან მიწოდებული იგივე სახის მომსახურებისაგან მიღებული საერთო შემოსავალში 0,65%-ია, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ეს 31 კომპანია ძირითადად კონცენტრირებული არ არის ბიზნესკომპანიათა ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების მომსახურების გაწევაზე (ვერ ახერხებენ მას). 

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აუდიტორული საქმიანობის კონტროლის მონიტორინგი გავლილი ჰქონდა 89 აუდიტურ კომპანიას, რომლებმაც 2021 წელს მოახერხეს 61,033 მლნ ლარის ღირებულების მომსახურების მიწოდება (ანუ ქვეყნის მასშტაბით გენერირებული შემოსავლის 92,05%-ს) შესაბამისი კლიენტებისათვის, მათ შორის ბიზნესკომპანიებისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით _ 53,066 მლნ ლარის (ანუ ქვეყნის მასშტაბით ამ წელს მიწოდებული ამ სახეობის მომსახურების ღირებულების 94,74%). ამავე პერიოდის (2021 წლის 31 დეკემბერი) მდგომარეობით აუდიტის საქმიანობის კონტროლის მონიტორინგის პროცედურები გავლილი არ ჰქონდა აუდიტური კომპანიების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ 178 აუდიტურ კომპანიას, რომლებმაც 2021 წელს ერთობლიობაში აუდიტორული მომსახურების საერთო მოცულობაში დააფიქსირეს 5,272 მლნ ლარის (ანუ ამ წელს ქვეყნის მასშტაბით კლიენტებისათვის ყველა აუდიტური კომპანიის მიერ მიწოდებული აუდიტორული მომსახურების ღირებულების მხოლოდ 7,95%) შემოსავალი, მათ შორის ფინანსური აუდიტის მიმართულებით მხოლოდ ამ მომსახურების რესპუბლიკური მაჩვენებლის მხოლოდ 5,26% (ანუ 2,949 მლნ ლარი), რომელიც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ამ კომპანიებიდან უმრავლესობაში იგივე აქტივობის გაგრძელების პირობებში აუდიტორული მომსახურების გაწევის რესურსი მილევად რეჟიმშია გადასული და მომწიფებულია სხვა, მისაღები და აუცილებელი, ადეკვატური აქტივობების განხორციელების აუცილებლობა. 

ვფიქრობ, საკმაოდ საყურადღებო და გასათვალისწინებელია აუდიტურ კომპანიებში დასაქმებულთა, მათ შორის აუდიტის მიმართულებაზე კონცენტრირებული აუდიტორებისა და მათი ასისტენტების რაოდენობაზე სტატისტიკური მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ: 

ა) სდპ-ის აუდიტის უფლებამოსილების მქონე 14 კომპანიაში აუდიტის მიმართულებაზე დასაქმებულია 618 თანამშრომელი (ანუ 267 აუდიტურ კომპანიაში ამ მიმართულებით დასაქმებულების მთელი რაოდენობის 46,3%); 

ბ) მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიის აუდიტურ კომპანიებში აუდიტის მიმართულებით დასაქმებულია _ 367 თანამშრომელი (ანუ 267 აუდიტურ კომპანიაში ამ მიმართულებით დასაქმებულების მთელი რაოდენობის 27,6%); 

გ) 178 ხარისხგაუვლელ აუდიტურ კომპანიებში აუდიტის მიმართულებაზე დასაქმებულია 343 თანამშრომელი (ანუ 267 აუდიტურ კომპანიაში ამ მიმართულებით დასაქმებულების მთელი რაოდენობის 25,8%). 

როგორც №2 ცხრილში აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, ასევე საყურადღებოა ერთ მომუშავეზე მოსული გამომუშავების სიდიდის სტატისტიკური მაჩვენებლები, მათ შორის აუდიტორული მომსახურების მიმართულებაზე დასაქმებულების. ასე მაგალითად, საერთაშორისო აუდიტური კომპანიების „დიდი ოთხეულის“ ადგილობრივ კომპანიებში - ოთხივეში (შპს "დელოიტი და ტუში"; შპს "იუაი"; შპს "ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო"; შპს "KPMG Georgia") აუდიტის მიმართულებაზე დასაქმებული საშუალოდ ერთი თანამშრომლის საშუალო წლიური გამომუშავების სიდიდემ 2021 წელს 100 154 ლარი შეადგინა, ხოლო მე-5 კატეგორიის აუდიტურ კომპანიაში დასაქმებულის _ 4 622 ლარი ანუ თვეში 385,2 ლარი, რომელიც, რომ არაფერი ვთქვათ ამ ანაზღაურების აბსურდულ სიდიდეზე, ის მაღალი რისკის შემცველიც არის აუდიტორისათვის და არა მარტო, რადგან ასეთი მდგომარეობა ქმნის გარემოს აუდიტორული პროფესიის დისკრედიტაციისათვის, რომლის შესაძლო შედეგები, როგორც აუდიტორული საქმიანობის მსოფლიო პრაქტიკიდან არის ცნობილი, საკმაოდ ძნელად იკურნება. 

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს აუდიტური კომპანიების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული 267 აუდიტური კომპანიიდან აუდიტის ხარისხის კონტროლის მონიტორინგი გავლილი ჰქონდა მხოლოდ 89 აუდიტურ კომპანიას. ამ 267 აუდიტური კომპანიიდან 2021 წლის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურება არ განუხორციელებია 132 აუდიტურ კომპანიას (49,4%-ს). 

საქართველოს აუდიტური კომპანიების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულია 105 ინდივიდუალური აუდიტორი, რომელთა მიერ 2021 წლის საქმიანობის შედეგების მიხედვით აუდიტორული მომსახურების მთლიან მოცულობად აფიქსირებენ 854 578 ლარს, მათ შორის ფინანსური აუდიტის მომსახურებაზე _ 126 486 ლარს. ამ 105 ინდივიდუალური აუდიტორიდან 2021 წლის შედეგების მიხედვით ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების განხორციელებაში მონაწილეობა მიღებული არა აქვს 87 ინდივიდუალურ აუდიტორს (82,8%-ს). 

აუდიტორული ბაზრის რეფორმირების პროცესში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან, როგორც ჩანს, შეიქმნა რიგი აუდიტური კომპანიების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა. კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ 2017-2022 წწ. (მაისის ჩათვლით) პერიოდში ამ სამსახურმა 37 აუდიტური კომპანიის მიმართ 43 შემთხვევაში გამოიყენა ფინანსური სანქციის დაკისრების, ხოლო 4 შემთხვევაში გაფრთხილების წერილის გამოწერის უფლება. 

სტატიის შეზღუდული ფორმატის გამო მასში ვერ მოხერხდა საქართველოს აუდიტორულ ბაზარზე შექმნილი საკმაოდ არსებითი ხასიათის გამოწვევების გაუვნებელყოფისათვის აუცილებელი „სამკურნალო აბების“ მკითხველისათვის მიწოდება, მაგრამ კვლევა გრძელდება და იმედი მაქვს კვლევის შედეგების თქვენთვის მიწოდების შესაძლებლობა, მათ შორის ამ ჟურნალის მეშვეობით, კიდევ შეიქმნება, რადგან ამ სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია მოითხოვს პროფესიონალების, დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობას მათი განხილვისა და შეფასების მიზნით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საფუძვლად დაედება შესაბამისი აუდიტური კომპანიების, პროაქტიური აუდიტორების მხრიდან მათი და ამ ბაზრის განვითარებისათვის ადეკვატური ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას. 

სტატიის ავტორის მხრიდან ამ საკითხებზე ბაფის ეგიდით 2021 წლის 7 ივლისს და 2022 წლის 29 აპრილს ორგანიზებული საინფორმაციო ხასიათის სემინარებზე დაინტერესებული პირებისათვის მიწოდებული ზემოაღნიშნულის ანალოგიური ინფორმაცია, ვფიქრობ არ არის საკმარისი აუდიტის სფეროში ჩატარებული რეფორმების შედეგად წარმოშობილი გამოწვევებისა და შექმნილი პრობლემების გადასაწყვეტად, მით უფრო ისეთ პირობებში, როცა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან გამკაცრებულია აუდიტის ხარისხის უზრუნველმყოფი ღონისძიებები, რომელიც განივთებულია აუდიტის ხარისხის მართვის სტანდარტ 1-ში, აუდიტის ხარისხის მართვის სტანდარტ 2-სა და ასს 220 (გადასინჯული)-ში, რომლებიც მოქმედებაში შედის 2022 წლის დეკემბერში. 

მურად ნარსია 

ეკონომიკის დოქტორი, სეუ-ს პროფესორი, 
აუდიტორი, სეუ-ს კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი