ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
მხარს არ ვუჭერ ბაფის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემოთავაზებულ მცდელობას! - №10(274), 2022
ბაფის წევრთა საყურადღებოდ!

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბაფის წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, სადაც შემოთავაზებულია საყურადღებო ცვლილებები ბაფის გამგეობის წევრთა არჩევის წესში. ამ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, ვაქვეყნებთ ბაფის გამგეობის ერთ-ერთი წევრის, ბატონ მურად ნარსიას მოსაზრებას. თავად შემოთავაზებული ცვლილებების პროექტის ტექსტს მკითხველი იხილავს წარმოდგენილი სტატიის ქვემოთ.

მოგეხსენებათ, ბაფი (საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია), რომელსაც ფუნქციობის 27-წლიანი ისტორია აქვს, უნიკალური აქტივია საქართველოში დასაქმებული პროფესიონალი ბუღალტრებისა და აუდიტორებისთვის, ბიზნესისთვის, ხელისუფლებისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის. მას საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია ამ პროფესიის განვითარებისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში, ორგანიზაცია პოზიციებს თმობს, ამცირებს პროაქტიულობის ხარისხს, გადასულია თავდაცვის რეჟიმში. 

გავითვალისწინე რა აღნიშნული მდგომარეობა, კოლეგა აუდიტორების თხოვნით, 2020 წლის 26 ნოემბერს გავააქტიურე ჩემი კანდიდატურა ბაფის გამგეობის წევრობის კანდიდატად, შევადგინე შესაბამისი სამოტივაციო წერილი და მივიღე მონაწილეობა ბაფის გამგეობის წევრად არჩევის მიზნით. 2020 წლის 12 დეკემბერს ბაფის 111 წევრმა მხარი დაუჭირა ბაფის გამგეობის წევრად ჩემს კანდიდატურას და დავიწყე სამოტივაციო წერილში (იხ. www.gfpaa.ge) გაცხადებული ვალდებულებების შესაბამისი აქტივობების განხორციელება. ჩემს მიერ ორგანიზებულ აქტივობებსა და მის შედეგებზე ამ სტატიაში არ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, რადგან დღეს აქტუალურია ბაფის წესდებაში ის ცვლილებები, რომელიც, ამ სფეროში „მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკით“ „შეფუთული“ ფორმით, ინიციირებული იყო ბაფის რამდენიმე დამფუძნებლისა და ბაფის გამგეობის ამჟამინდელი თავმჯდომარის მიერ. გამგეობაზე განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება (გამგეობის 12 წევრიდან სამმა წევრმა მხარი არ დაუჭირა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. გამგეობის 7 წევრმა მხარი დაუჭირა ბაფის 3 დამფუძნებლისა და თავმჯდომარის მიერ წესდებაში შემოთავაზებულ ცვლილების პროექტს) ამჟამად შეთავაზებულია ბაფის წევრებისთვის 2022 წლის 24 დეკემბრის საერთო კრებაზე განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 

ქვემოთ გთავაზობთ ბაფის წესდებაში ბაფის საერთო კრებაზე (24.12.2022 წ.) წევრებისთვის ამ ცვლილებებთან დაკავშირებით შემოთავაზებულ პროექტზე ჩემს მიერ, ბაფის გამგეობის თავმჯდომარის, გამგეობის წევრების, დამფუძნებლების საყურადღებოდ (ამჟამად კი, ამ ჟურნალის მკითხველი ბაფის წევრების საყურადღებოდ), სხვადასხვა ფორმატში ოფიციალურად გამოხატულ მოსაზრებებს: 

I. (მურად ნარსია, 08.06.2022 წ. წერილი) 

ქალბატონო რუსუდან, ბატონო ლავრენტი, კოლეგებო (გამგეობის წევრებს და ბაფის კონსულტანტებს მივმართავ), მოგესალმებით! 

კმაყოფილება მინდა გამოვხატო იმის გამო, რომ ბაფის წესდებაში შესაძლო ცვლილებების პროექტზე გამგეობის ორ სხდომაზე (2022 წლის 27 მაისს და 2 ივნისს) მომეცა შესაძლებლობა გამომეხატა ჩემი მოსაზრება, აგრეთვე იმის გამო, რომ მქონდა შესაძლებლობა მომესმინა ბატონი რევაზ ძაძამიას, ბატონი ლავრენტი ჭუმბურიძის, ბატონი კონსტანტინე დათიაშვილის; ქალბატონების - რუსუდან ჟორჟოლიანის, მზევინარ გურაბანიძის, თამარ ცუხიშვილის; ბატონების - დავით პაპიაშვილის, ნოდარ ებანოიძის, ნიკოლოზ ბაკაშვილის, თემურ ფარცხალაძის მოსაზრებები, გავცნობოდი კარგ საერთაშორისო პრაქტიკასთან დაკავშირებულ მასალებს, საქართველოს კანონმდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილ წესდების პროექტს სამართლებრივი ექსპერტიზა არ ჰქონდა გავლილი (კარგი იქნება, თუ მომავალში მაინც გამოსწორდება ეს ხარვეზი არა მარტო ამ პროექტთან მიმართებაში). გაცნობებთ, რომ ცალსახად ჩამოვყალიბდი შემდეგ მოსაზრებაზე: 

წესდებაში ცვლილებების პროექტის 9.3 მუხლი (სხვა მუხლებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები და კომენტარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ) ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის გამგეობის წევრად დანიშვნასთან დაკავშირებით მიუღებელია, მიზანშეუწონელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია - ის აკნინებს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ბაფის ფუნქციონირების ფუნდამენტურ პრინციპს - დამოუკიდებლობას! 

დიახ, დამოუკიდებლობის აქტივის „ლანგარზე მირთმევა“ ზედამხედველობის სამსახურისათვის, რომელსაც ბაფის მენეჯმენტზე, ბაფის და ბაფის გამგეობის წევრებზე ზეგავლენის (ზედამხედველობა, მონიტორინგი, ჯარიმები, შეზღუდვები, რეგისტრაციიდან ამოღების უფლება და სხვა) ლეგიტიმური ინსტრუმენტები განივთებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში, შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში, წარმოუდგენელია და ის შეუძლებელია პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს, მაშინაც კი, თუ ზედამხედველობა დათანხმდა (წესით, არ აქვს დათანხმების საფუძველი) ასეთ შეთავაზებას (ამაზე ბატონმა კონსტანტინე დათიაშვილმა გამოხატა მოსაზრება, მაგრამ...). დიახ, არის ფუნდამენტური საკითხები, რომელიც არ უნდა დავთმოთ, მით უფრო საკუთარი ნებით! 

შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით მე და რამდენიმე ჩემი კოლეგა უმცირესობაში დავრჩეთ, მაგრამ ესეც ნორმალურია, ეს ავითარებს ქვეყანასაც და პროფესიასაც. 

იმედი მაქვს, ჩემს კოლეგებს, ბაფის გამგეობის წევრებს, თითოეულს ინდივიდუალურად, ექნებათ გაცნობიერებული და სისტემურად გააზრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და გაითვალისწინებენ იმას, რომ ეს არის გარკვეული ტესტი (მისი ხედვის და დამოკიდებულების მაიდენტიფიცირებელი) ბაფის გამგეობის თითოეული წევრისათვისაც. 

II. წესდებაში ცვლილების პროექტის ცალკეულ მუხლებზე ბაფის გამგეობის თავმჯდომარის, გამგეობის წევრებისა და დამფუძნებლების საყურადღებოდ მ. ნარსიას მიერ გააქტიურებული შენიშვნა/რეკომენდაციები, რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული ბაფის გამგეობის მიერ 

1. წესდებაში ცვლილების პროექტის მუხლი 9.3: 

გამგეობა შედგება არაუმეტეს 12 არჩეული და ერთი დანიშნული წევრისაგან. 

ჩემი კომენტარი: 

ამ 9.3 მუხლში სიტყვები: „ერთი დანიშნული წევრისაგან“ აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ეს თვითშეზღუდვაა ბაფის გამგეობის წევრებისათვის პროფესიული აზრის თავისუფლად გამოხატვის ნაწილში. ამ შემთხვევაში ბაფის გამგეობა შეიძლება გადაიქცეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დანამატად (საცდელ მოსათვინიერებელ პოლიგონად) და რაც მთავარია შეიზღუდება ბაფის დამოუკიდებლობა, რომელიც განივთებულია ბაფის დღეს მოქმედ წესდებაში. ანუ მოხდება სამსახურის შეზრდა ბაფში. ამ მუხლს მხარი არ დაუჭირა გამგეობის 3 წევრმა, ერთმა კი თავი შეიკავა. წესდებაში ცვლილების ამ რედაქციას მხარი დაუჭირა ბაფის გამგეობის 7 წევრმა, რომელიც გახდა საფუძველი ამ ცვლილების საერთო კრებისათვის შეთავაზების. 

წესდებაში ცვლილების 9.3 მუხლს, მის თანმდევ შესაბამის მუხლებს: 9.14; 9.15; 9.16; 9.17; 9.18 და 9.19 მუხლებს მხარი არ დავუჭირე, არ ვუჭერ და არც კრებაზე დავუჭერ, რადგან ასეთი ასეთი შინაარსის შეთავაზება სულაც არ არის „საუკეთესო პრაქტიკა“. საუკეთესო პრაქტიკის ნაწილში ეს წინადადება, რბილად რომ ვთქვათ, არასწორადაა ინტერპრეტირებული ბაფის ზოგიერთი დამფუძნებლის მიერ. ასევე საყურადღებოდ და არსებითად მიმაჩნია გამგეობის სხდომაზე საკითხის განხილვისას დეკლარირებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაფის წესდებაში შესატანი ცვლილებები არ არის ცნობილი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის (შესაბამისად არ გვაქვს ინფორმაცია ამ საკითხისადმი სამსახურის დამოკიდებულებაზე - ასეთი განცხადება გაკეთდა გამგეობის სხდომებზე). 

2. წესდებაში ცვლილების მუხლი 9.4: 

გამგეობის თავმჯდომარეობის და გამგეობის წევრობის კანდიდატები კენჭს იყრიან პირადი განცხადების საფუძველზე. ეს პირები ვალდებული არიან საერთო კრების ჩატარებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე ფედერაციის სამდივნოს ჩააბარონ: პირადი ხედვა - სამოტივაციო წერილი, ფედერაციის საქმიანობაში მონაწილეობისა და წვლილის შესახებ. 

ჩემი კომენტარი/რეკომენდაცია: 

სამოტივაციო წერილი უნდა მოიცავდეს (თან ერთოდეს) გამგეობის წევრის კანდიდატის სამოქმედო გეგმას. ამ საკითხზე მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლოა ზოგიერთი კანდიდატი არ იცნობდეს ბაფის გამგეობის/მენეჯმენტის საქმიანობას და ამიტომ შესაძლოა ვერ შეძლოს სამოქმედო გეგმის შედგენა, უსაფუძვლოა, რადგან მოტივირებული, ბაფის მართვის პროცესებში მონაწილეობის ამბიციის მქონე გამგეობის წევრ კანდიდატს უნდა ჰქონდეს ასეთი ცოდნაც და ხედვებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოგვევლინება/იქცევა პროცესებზე უმოქმედო დამკვირვებლის ამპლუაში, გაუცნობიერებლად, მისთვის უცნობ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმას მისცემს გაუცნობიერებლად, ხოლო ზოგიერთი ისე ამოწურავს არჩევიდან საქმიანობის ორწლიან პერიოდს, რომ ეს, ვთქვათ 170 ბაფის წევრის ხმით მანდატის მქონე გამგეობის წევრი ვერც გაიცნობიერებს თუ რას აკეთებდა (შესაძლოა იმასაც, თუ სად იყო) მთელი ორი წელი. ანუ ის იქცევა ბრმა იარაღად, რიგი შესაძლო არასწორი და არაეფექტიანი გადაწყვეტილებების „გამტარად“, შეთავაზებული გამგეობის სხდომის პროექტზე ბრმა ხელმომწერად, რომელიც მიუღებელიცაა და საშიშიც შესაძლო „სიბრიყვის“ მაღალი ხარისხის გამო. 

3. წესდებაში ცვლილების პროექტის მუხლი 9.7: 

გამგეობის წევრად (გარდა თავმჯდომარისა) არჩეული უნდა იყოს არაუმეტეს: 

9.7.1 ერთი წევრისა აკადემიური სექტორიდან, რომელთანაც ფედერაციას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი; 

ჩემი კომენტარი/რეკომენდაცია:

უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი შესაძლებელია არჩეულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ ეს სასწავლებელი ამზადებს ბუღალტრებს, აუდიტორებს და ფინანსისტებს, ამ სასწავლებლის ამ სპეციალობის სტუდენტთა კონტინგენტი აღემატება 700 სტუდენტს, ხოლო ბაფის გამგეობის წევრობის კანდიდატს ამ უმაღლესი სასწავლებლიდან აქვს ბუღალტრული, ფინანსურ და აუდიტორულ ბაზარზე პრაქტიკული საქმიანობის სტაჟი, უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის ზემოაღნიშნულ საგნებს. სხვა შემთხვევაში შესაძლოა გამგეობაში წევრად მივიღოთ არქიტექტორი, ისტორიკოსი ან არქეოლოგი, რომელიც ისე დაამთავრებს გამგეობის წევრობის ორწლიან პერიოდს, რომ პროფესიული საკითხების განხილვისას პროცესს მიადევნებს თვალყურს გაუცნობიერებლად. ეს მოთხოვნები თუ არ განივთდა ამ ჩანაწერში, დიდი ალბათობით, ამ ტიპის არჩეული გამგეობის წევრი გახდება ადვილად მართვადი და იქნება საფრთხის შემცველი, რადგან ის, სავარუდოდ, ვერ იქნება ბაფის, მისი წევრების მდგრადი განვითარების განჭვრეტისა და შესაბამისი ღონისძიებების განმახორციელებელი. 

4. წესდებაში ცვლილების პროექტის მუხლი 9.7.2: 

ორი წევრისა ბიზნესში (გარდა აუდიტორისა/ აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულისა) დასაქმებული ბუღალტრებიდან; 

ჩემი კომენტარი/რეკომენდაცია: 

აქ უნდა შეირჩეს ან ACCA-ის კურსდამთავრებული და ბიზნესში დასაქმებული ფინანსური დირექტორი (შეიძლება ბუღალტერი იყო და შემდეგ დააწინაურეს), ან ბაფის წევრი პროფესიონალი ბუღალტერი. ერთი და არა ორი! 

5. წესდებაში ცვლილების პროექტის მუხლი 9.7.3: 

ორი წევრისა ფედერაციის კორპორაციული წევრი დიდი ოთხეულიდან. 

ჩემი კომენტარი/რეკომენდაცია: 

დიახ, ვიზიარებ, რომ „დიდი ოთხეულისაგან“ ერთი მაინც იყოს გამგეობაში, რადგან ამ წარმომადგენლის საქმიანობა გამგეობაში აამაღლებს გამგეობის პროფესიულ თამასას, მართვის კორპორაციულ დონეს, ეთიკას და ხელს შეუშლის პრიმიტივიზმის/პროვინციალიზმის ატმოსფეროს (გარემოს) ფორმირებას. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ „დიდი ოთხეულის“ ბრუნვების ხვედრითი წელი აუდიტორულ ბაზარზე არანაკლებ 60%-ია, ამიტომ, ამ ჯგუფიდან ერთზე მეტი რაოდენობის ყოფნა ბაფის გამგეობაში წევრად მიზანშეუწონელია. მათ მიერ ბაფში კორპორაციული წევრობისთვის შეტანილი საწევროს სიდიდით არ შეიძლება განისაზღვროს ბაფში მათი წევრების რაოდენობა, რადგან შედარებით დიდი საწევრო თუ შემოაქვთ (ასე მოუწიათ დადგენილი პროცენტის მიხედვით), ისინი ამის შესაბამის წილსაც იღებენ საქართველოს აუდიტორული და ფინანსური ბაზრიდან, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ ირიცხება, რომელსაც ქვეყნის სავალუტო რეზერვებიც ხმარდება. გარდა ამისა, ვფიქრობ, გასააქტიურებელია „დიდ ოთხეულში“ შემავალ აუდიტურ კომპანიებთან ბაფის თანამშრომლობა იმ მიზნით, რათა ისინი, მათი უნიკალური რესურსების წყალობით, ბაფის წევრებისათვის ატარებდნენ პრაქტიკით გაჯერებულ საინტერესო ხასიათის სემინარებსა და ტრენინგებს, ახორციელებდნენ სხვა აქტივობებს ბიზნესის, აუდიტორული და ფინანსური ბაზრის კვლევის, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისა და დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის მიწოდების თვალსაზრისით. ვთვლი, რომ ეს კატეგორია აუდიტური კომპანიებისა უნიკალური აქტივია ქვეყნისათვის, მისი საინვესტიციო აქტივობისა და საერთოდ აუდიტორული ბაზრის განვითარებისათვის, რადგან დღის წესრიგში უნდა დადგეს მათთან პროფესიული თანამშრომლობის (ერთობლივი პროექტები ფინანსურ აუდიტსა და სხვა საკითხებზე მცირე და საშუალო ზომის აუდიტურ კომპანიებთან თანამშრომლობის მეშვეობით) გააქტიურების საკითხები.
 
6. წესდებაში ცვლილების პროექტის მუხლი 9.7.4: 

ექვსი წევრისა კორპორაციული წევრი აუდიტური ფირმებიდან (გარდა „დიდი ოთხეულისა“) ან/და ინდივიდუალურად მოქმედი აუდიტორებიდან. 

ჩემი კომენტარი/რეკომენდაცია: 

ეს ჩანაწერი, ამ რედაქციით ნიშნავს სპეციალურად მოფიქრებულ და ორგანიზებულ შეზღუდვის ბარიერს, დისკრიმინაციას ბაფის იმ წევრებისათვის, რომლებიც არ არიან ბაფის კორპორაციულ წევრ კომპანიაში დასაქმებული და არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ აუდიტორად saras.gov.ge-ზე. ეს შეზღუდვა შეეხება ბაფის წევრ თითქმის 78 აუდიტორს („თითქმის“ იმიტომ აღვნიშნე, რომ ბაფი ამ მონაცემებს წევრებზე არ აანალიზებს, ბევრ პროცესის მართვისათვის საჭირო და აუცილებელ დოკუმენტსა და ინფორმაციას არ ფლობს, არ ითვალისწინებს IFAC-ის მიერ რეკომენდებულ პროფესიული ორგანიზაციების მართვის საუკეთესო პრაქტიკას - არ ატარებს წევრების გამოკითხვებს მათი საჭიროებებზე, მიაჩნიათ, რომ ამას კარგად აკეთებს „სარასი“ და ეს სრულიად საკმარისია) ანუ აუდიტორთა მნიშვნელოვანი ნაწილის დისკრიმინაციის დადასტურებული ფაქტი სახეზეა. ჩემ მიერ ამ ნორმის 2022 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე გააქტიურების მიუხედავად, ბაფის გამგეობამ წესდების ცვლილების პროექტში შესაბამისი ცვლილებისთვის დღემდე ვერ მოიცალა. ეს მუხლი, ამ რედაქციით თუ დარჩა, ცუდია ფედერაციის განვითარებისთვის, მისი წევრების ინფორმაციის ვაკუუმში, ათასი გამოწვევების ამარა, დაუცველ გარემოში დარჩენისთვის! ბაფის მენეჯმენტი და გამგეობის ზოგიერთი წევრი იმ დონეზეა „დასული“, რომ ბედავენ და ბაფის გამგეობის წევრებს (ავიწყდებათ რა საუკეთესო პრაქტიკის რეკომენდაციები), მიუღებლად მიაჩნიათ გამგეობის წევრების, სხვა პირების მიერ ბაფის წესდებაში ცვლილებების ავკარგიანობაზე წევრებთან განხილვებთან დაკავშირებულ შეხვედრები და ამას პირდაპირ საოქმო გადაწყვეტილებაში აფიქსირებენ, რომელიც ქმნის გარემოს ბაფის წევრების მიერ 2022 წლის 24 დეკემბრის კრებაზე გაუცნობიერებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის.
 
7. ჩემს მიერ ბაფის გამგეობის სხდომაზე გააქტიურებულ იქნა წესდებაში ცვლილების ერთ-ერთ მუხლად გაგვეთვალისწინებინა შემდეგი შინაარსის დებულება: 

„დაუშვებელია ერთი აუდიტორული /ბუღალტრული კომპანიიდან ერთზე მეტი წარმომადგენლის არჩევა ბაფის გამგეობის წევრად“. 

ამ მოსაზრებისადმი გამგეობის რამდენიმე წევრისაგან აგრესიულად, მთელი კატეგორიულობით გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება იმის დასტურია, რომ ღიად რჩება ბაფის გამგეობის წევრების შემადგენლობაში ბაფის წევრი დომინანტი წევრების (ერთი კომპანიიდან 2, 3 ან 4 ადამიანის შემადგენლობით) კლასტერის ანუ ჯგუფური ინტერესის ფორმირების შესაძლებლობის საკითხი, რომელიც მიუღებელია ბაფის კარგი და ეფექტიანი მართვისათვის. არ არის კარგი პრაქტიკა, როცა ერთი კომპანიიდან ბაფის გამგეობაში წარმოდგენილია ორი და მეტი თანამშრომელი. 

ამ წესდებაში ცვლილებასთან, აგრეთვე სხვა აქტუალურ საკითხებზე ჩემი კომენტარები და რეკომენდაციები ბაფის წევრებთან (ოღონდ მხოლოდ ბაფის წევრებთან) ამით არ მთავრდება, მე მექნება სურვილი შევხვდე ბაფის ამ საკითხებით დაინტერესებულ წევრებს სხვა ფორმატშიც და საშუალებების გამოყენებით. 

ასევე, მიზანშეწონილად მიმაჩნია წესდებაში ჩაიწეროს: „ბაფის გამგეობის წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს უწყვეტად არაუმეტეს ორჯერ“, რადგან „კარგი პრაქტიკის“ მიხედვით მნიშვნელოვნად არის მიჩნეული, რომ შეიზღუდოს გამგეობის წევრების უფლებამოსილების ვადა, რადგან ახალ წევრებს ხშირად ახალი იდეები და პერსპექტივები შემოაქვთ. ცხადია, ეს შეზღუდვა უნდა დაბალანსდეს უწყვეტობის შენარჩუნების მცდელობით. 

P.S. ზემოაღნიშნულის საფუძველზე მაქვს მზადყოფნა ბაფის წევრებს შევთავაზო ქვემოაღნიშნული ალტერნატივა: 

ალტერნატივა-1. 

2022 წლის 24 დეკემბერს ბაფის საერთო კრებაზე მხარი არ დავუჭიროთ დღის წესრიგში ბაფის წესდებაში ცვლილების საკითხის გათვალისწინებას და მოვითხოვოთ კრების ოქმში დაფიქსირდეს ამ საკითხზე, მათ შორის ბაფის გამგეობის წევრების არჩევის პროცედურებთან დაკავშირებული ბაფის გამგეობის სხდომების გადაწყვეტილებების გაუქმება. კრებამ დაავალოს ბაფის გამგეობას შესაძლო მოკლე დროში მოამზადოს ბაფის წესდებაში ცვლილებების ახალი პროექტი თანამედროვე გამოწვევების (რეალური კარგი პრაქტიკის) გათვალისწინებით, წარმოადგინოს ის ბაფის წევრების საჯარო განხილვებისთვის და 2023 წლის განმავლობაში დააორგანიზოს ამ საკითხის განხილვასთან დაკავშირებული შეხვედრები, ხოლო 2023 წლის დეკემბრის თვეში დანიშნული საერთო კრების დღის წესრიგში გაითვალისწინოს მისი განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; 

ბაფის წევრებს 2022 წლის 24 დეკემბრის საერთო კრების დასაწყისში დღის წესრიგის საკითხის განხილვა-დამტკიცების თემის გააქტიურებამდე, ანუ მას შემდეგ, როცა კრების უფლებამოსილება (კვორუმის საკმარისობა) დადასტურდება, ბაფის წევრს მურად ნარსიას, აგრეთვე სხვა ასეთი სურვილის მქონე წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა 10-წუთიანი შესაბამისი განცხადების გაკეთებისათვის, მათ შორის ხმის დამთვლელი კომისიის (იმის გამო, რომ ონლაინ რეჟიმში ხმის დამთვლელი კომისიის არჩევისა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები რომ წარმოიქმნებოდა, წინასწარ უნდა განეჭვრიტა გამგეობას მაშინ, როცა იღებდა გადაწყვეტილებას კრების ონლაინ რეჟიმში ჩატარებაზე) შემადგენლობასთან დაკავშირებით; 

ბაფის წევრს მურად ნარსიას, აგრეთვე ბაფის სხვა წევრებს, მიეცეს შესაძლებლობა კრებაზე ანგარიშებში დეკლარირებულ მოხსენებებში განივთებული საკითხების განხილვაში მონაწილეობის, 10-წუთიანი რეგლამენტით, აგრეთვე კითხვების დასმისთვის. 

ალტერნატივა-2. 

ბაფის გამგეობამ 2022 წლის ნოემბრის თვეში მიიღოს გადაწყვეტილება ბაფის წესდებაში ცვლილების საკითხზე მიღებული ყველა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საერთო კრების დღის წესრიგის კორექტული ვარიანტის დამტკიცებისა ისეთი ანგარიშით, რომ ბაფის წევრებს კრების გახსნის კვალობაზე მიეცეთ შესაძლებლობა განცხადების გაკეთებისა და ეს გაითვალისწინონ კრების დღის წესრიგში.
 
მურად ნარსია 

ეკონომიკის დოქტორი, სეუ-ს პროფესორი, 
აუდიტორი, სეუ-ს კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი

*****************************************************************************

ბაფის საერთო (27-ე) კრებასა და არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია 

მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, შაბათს 12 საათზე მოწვეულია ბაფის საერთო (27-ე) კრება. კრება ჩატარდება ონლაინ ფორმატში. ბაფის ყველა წევრს აქვს უფლება დარეგისტრირდეს კრების დელეგატად, დადგენილი წესების გათვალისწინებით. 

კრების დელეგატების რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 10 ოქტომბრიდან და დასრულდება 20 დეკემბერს. რეგისტრაცია შესაძლებელია: ბაფის მეილზე (baf@baf.ge) წერილის გამოგზავნით, განაცხადის შემოტანით ბაფის კანცელარიაში ან სარეგისტრაციო ფორმის შევსებით. 

გამგეობის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების განაცხადების მიღებისა და რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდი. 

გამგეობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 

იყოს ფედერაციის ნამდვილი წევრი და ჰქონდეს მის გამგეობაში ან კომიტეტებში მუშაობის გამოცდილება; 

არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ფედერაციის წევრებისადმი ამ წესდების მე-5 მუხლით დადგენილი მოვალეობები; 

იცნობდეს ბაფის წესდებას, მიმდინარე და სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას; 

აცნობიერებდეს ფედერაციის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

გამგეობის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს ბაფის წევრი. წევრობის კანდიდატებმა განაცხადები უნდა გააკეთონ წესდების (მუხლი 9) ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების (სეგმენტების) შესაბამისად და წარმოადგინონ: 

განცხადება კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილის შესახებ; 

პირადი ხედვა - სამოტივაციო წერილი, ბაფის საქმიანობაში მონაწილეობისა და წვლილის შესახებ; 

რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან (აკადემიური სექტორის და ფედერაციის კორპორაციული წევრის შემთხვევაში); 

სარეკომენდაციო/მხარდაჭერის წერილი ბაფის არანაკლებ 5 წევრისაგან (ბიზნესში დასაქმებული ბუღალტრების და ინდივიდუალურად მოქმედი აუდიტორების შემთხვევაში). 

ინფორმაცია ბაფის წესდებაში ცვლილებების (პროექტი) შესახებ 

ბაფის გამგეობის მიერ მომზადებული წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტი გამოქვეყნდა https://gfpaa.ge-ზე, რომელიც წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 24 დეკემბერს საერთო კრებას წარედგინება. საერთო კრების მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, გამგეობის წევრების არჩევნები ჩატარდება წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად. 

ცვლილების საფუძველი და მიზანშეწონილობა 

ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFAC) 2019 წელს გამოსცა სახელმძღვანელო „საქმიანობაზე ფოკუსირება - პროფესიონალ ბუღალტერთა ორგანიზაციის ეფექტური მართვის პრინციპები“, რომელშიც მოცემულია მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის რეკომენდაციები (სახელმძღვანელო თარგმნილი და განთავსებულია ბაფის ვებგვერდზე). 

რეკომენდაციები, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს პროფესიული ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესებული და მისი ინფორმაციის მომხმარებელი სტრუქტურების წარმომადგენელთა მმართველობაში ჩართულობას. 

ბაფის წესდების ცვლილებების პროექტით წარმოდგენილი გამგეობის წევრების არჩევის წესი (ძირითადი ცვლილებები შეეხება წესდების მე-9 მუხლს): 

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _  

9.6. გამგეობის წევრად (გარდა თავმჯდომარისა) არჩეული უნდა იყოს არაუმეტეს: 

1 წევრისა აკადემიური სექტორიდან, რომელთანაც ფედერაციას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დასაშვებია კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდეს წესდების `5. მუხლით~ დადგენილ წევრობის ორწლიან მოთხოვნას, მაგრამ განაცხადის გაკეთების პერიოდისათვის უნდა იყოს ბაფის წევრი; 

2 წევრისა ბიზნესში (გარდა აუდიტორისა/აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულისა) დასაქმებული ბუღალტრებიდან; 

2 წევრისა ფედერაციის კორპორაციული წევრი დიდი ოთხეულიდან; 

6 წევრისა აუდიტორული ფირმებიდან (გარდა დიდი ოთხეულისა) ან/და აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორებიდან. 

9.7. გამგეობის წევრების 9.6 პუნქტში განსაზღვრული სეგმენტების მიხედვით ასარჩევად, გამგეობის წევრობის კანდიდატების მიერ ფედერაციის სამდივნოში წარდგენილ განაცხადებს იხილავს და სეგმენტების მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენების მომზადების რეკომენდაციას გასცემს საკონსულტაციო საბჭო. 

9.8. გამგეობის წევრად (გარდა თავმჯდომარისა) ასარჩევ კანდიდატებს შორის გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს 9.6 პუნქტში, განსაზღვრული სეგმენტების მიხედვით. გამარჯვებულად ჩაითვლება უპირატესი ხმის მქონე კანდიდატი. 
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _   

9.14. გამგეობის ერთი წევრი ინიშნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდეგში _ სამსახური) წარდგინებით. 

9.15. სამსახურის წარმომადგენელი კანდიდატის გამგეობის წევრად დანიშვნის უფლება დელეგირებული აქვს გამგეობას. 

9.16. სამსახურის წარმომადგენლის გამგეობის წევრად დანიშვნის წესს შეიმუშავებს გამგეობა და ამტკიცებს საერთო კრება. 

9.17. დანიშნული გამგეობის წევრის უფლებამოსილება წყდება გამგეობის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღეს. ახლადარჩეულ გამგეობას, მისი არჩევიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, წარედგინება სამსახურის 2 კანდიდატურა დასანიშნად. გამგეობა უფლებამოსილია, მოტივირებული არგუმენტით უარი განაცხადოს სამსახურის მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე. ასეთ შემთხვევაში, ახალი კანდიდატურების წარდგენა მოხდება წინა კანდიდატებისათვის უარის თქმიდან 30 კალენდარულ დღეში. 

9.18. დანიშნული გამგეობის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის ფედერაციის წევრი. მის მიმართ, საერთო კრების მიერ დამტკიცებული გამგეობის წევრის დანიშვნის წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, მოქმედებს არჩეული გამგეობის წევრებისთვის დადგენილი უფლება-მოვალეობები.