ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
ბაფის 27-ე საერთო კრება და განსხვავებული ფორმატით ჩატარებული არჩევნები - №12(276), 2022
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) მორიგი, 27-ე საერთო კრება 2022 წლის 24 დეკემბერს ჩატარდა. კრება ონლაინ ფორმატში, პროგრამა „ზუმის“ გამოყენებით გაიმართა და თავმჯდომარისა და გამგეობის არჩევნებიც, ცხადია, ამ პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით იქნა ჩატარებული. 

კრების ფორმატი 

უპირველესად, სწორედ კრების ჩატარების ამ ფორმატზე გვსურს გავაკეთოთ კომენტარი. „ზუმით“ კრების ჩატარებას (ისევე, როგორც სხვა ღონისძიებების გამართვას) აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. დადებითი მხარეა ის, რომ ბაფს ეზოგება თანხები, რადგან არ არის საჭირო საკონფერენციო დარბაზის დაქირავება, ხოლო რეგიონების წარმომადგენელ წევრებს _ ეზოგებათ თბილისში მივლინებისთვის საჭირო დრო და თანხები. დადებითი მხარეა ასევე ის, რომ იოლად ხდება სადემონსტრაციო მასალების წარმოჩინება. უარყოფითი მხარეა ის, რომ „ზუმში“ ჩართული ყველა მონაწილის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება ხოლმე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ არჩევნების დროს. ასევე უარყოფითი მხარეა ის, რომ კრების გამძღოლი თავმჯდომარე ერთპიროვნულად წყვეტს, ვის მისცეს ჩართვის უფლება, რამდენჯერ და როდის. ცხადია, როდესაც პანდემიაა, ონლაინ-ფორმატს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა რადგან 2022 წლის დეკემბერში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამცხრალი იყო და ყველა შეზღუდვა - გაუქმებული, ალბათ უმჯობესი იქნებოდა ეს კრება „ცოცხალ“ ანუ რეალურ ფორმატში გამართულიყო, მით უფრო, რომ ამ კრებას წინ გარკვეული ვნებათაღელვა უძღოდა წინ, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. კრების ბოლოს, თავმჯდომარე დაპირდა დელეგატებს, რომ ბაფის შემდეგი საერთო კრება (2023 წლის) აღარ ჩატარდება ონლაინ-ფორმატში. 

ბაფის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 27-ე საერთო კრებას 281 დელეგატი და მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყო წინამდებარე სტატიის ავტორიც. ჩემი დაკვირვებით, ეს რიცხვი მთლად ზუსტი არ არის, რადგან მუდმივად იცვლებოდა კრების მსვლელობის პროცესში და დაახლოებით 265-ის ფარგლებში მერყეობდა (მცირედით ხან მატულობდა, ხან კლებულობდა). გარდა ამისა, გაუგებარი დარჩა, რომელი იყო დამსწრეთაგან დელეგატი და რომელი - სტუმარი. სამწუხაროა ასევე ის, რომ დამსწრეთა ნაწილს არ ჰქონდა ვიდეოსახე გააქტიურებული და შესაბამისად, თვითონ ესწრებოდა ამ კრებას თუ სხვა სარგებლობდა მისი სახელით, უცნობია. 

მართალია, ასეთი დამსწრეთა რიცხვი ცოტა იყო, მაგრამ მაინც სასურველი იყო, ასეთი ფაქტები არ დაფიქსირებულიყო. მით უმეტეს, რომ კრების დელეგატები ამის დაუშვებლობის შესახებ წინასწარ გაფრთხილებული ვიყავით. 
შედარებისთვის, ერთი წლის წინანდელ საერთო კრებას 181 დელეგატი ესწრებოდა. 

სულ კრებაზე 370 დელეგატი იყო დარეგისტრებული, რაც არის მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა. ეს რიცხვი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 100 მათგანი დარეგისტრირდა დელეგატად, მაგრამ კრებას აღარ დაესწრო გაუგებარი მიზეზების გამო. ეს დასანანია, რადგან, ჯერ ერთი, ამ კრებაზე მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილებოდა (ბაფის წესდებაში ცვლილებებს გულისხმობთ) და თან საარჩევნო კრება იყო, და მეორეც, სავარაუდოდ იყვნენ ისეთები, რომლებსაც სურდათ კრებაზე დელეგატად დასწრება, მაგრამ ეს ვერ შეძლეს იმის გამო, რომ დელეგატად რეგისტრაცია დააგვიანეს და როცა დააპირეს, რაოდენობრივი კვოტა შევსებული დახვდათ (ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დელეგატებად დარეგისტრიდნენ ისინი, ვინც უფრო ადრე გააკეთეს შესაბამისი განაცხადი). შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის, რომ ბაფ-ის საერთო კრებას არ დაესწრო რამდენიმე ისეთი აქტიური წევრი, რომლებიც, როგორც წესი, ყოველთვის ესწრებოდნენ ხოლმე მას. 

ვფიქრობთ, საერთო კრების დელეგატების რეგისტრირების ეს წესი გადასახედია, თუმცა როგორ, ძნელი სათქმელია და შემდგომი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. კრების დელეგატად დარეგისტრირება თუ „დასწრებაზეა“, თავისუფლად შესაძლებელია, რომ რომელიმე კანდიდატმა, რომელსაც კენჭისყრა აქვს განზრახული, საარჩევნო კრების გამოცხადებისთანავე თავისი მომხრეების სწრაფი მობილიზაცია მოახდინოს. 

ვნებათაღელვა და დაპირისპირება კრების ჩატარებამდე 

სანამ კრების შედეგებს მიმოვიხილავთ, მანამდე მოკლედ გვინდა შევეხოთ იმ ვნებათაღელვას და დაპირისპირებას ბაფ-ის ცალკეულ წევრებს შორის, რაც გამოიწვია ბაფ-ის გამგეობის მიერ ორგანიზაციის წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტმა. ამ პროექტში, სხვა სამსჯელო საკითხებთან ერთად (მათ შორის, არჩევნების წესთან დაკავშირებით), იყო 1 ძალიან უცნაური საკითხი - ბაფის გამგეობაში „სარასის“ წარმომადგენლის დანიშვნაზე. გამგეობას ერთხმად არ მიუღია ცვლილებების ეს პროექტი - 3 წევრი წინააღმდეგი იყო, 1-მა თავი შეიკავა. განსაკუთრებით შეეწინააღმდეგა ამ ცვლილებას გამგეობის ერთ-ერთი წევრი, ბატონი მურად ნარსია, რომელმაც ამ ცვლილებაში დაინახა ბაფ-ის დამოუკიდებლობის შეზღუდვის რისკი (აქ განვმარტავ, რომ რისკის წარმოშობა უცილობლად არ ნიშნავს, რომ რაღაც ხდომილება უეჭველად მოხდება, მაგრამ რატომ უნდა იქნეს ეს რისკი დაშვებული, თუ ამის აუცილებლობა არ დგას?) და ბაფის წევრებს მოუწოდა, არ დაეჭირათ მხარი შემოთავაზებული ცვლილებებისათვის. ამ თემაზე მან სტატიაც გამოაქვეყნა (იხ. მისი სტატია - „მხარს არ ვუჭერ ბაფის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემოთავაზებულ მცდელობას!“, „ააფი“ № №10(274), 2022 წ.). ამ წერილების დაგზავნამ და სტატიის გამოქვეყნებამ გამოიწვია ბაფის რიგი წევრების უკმაყოფილება, მათ შორის კატეგორიული მწვავე ტონის გამო, თუმცა ზოგიერთმა წევრმა გაიზიარა მურად ნარსიას მოსაზრებები და ცვლილებების პროექტიდან ამ საკამათო პუნქტის ამოღება მოითხოვა. შედეგად, ბაფის ისტორიაში არნახული დაპირისპირება წარმოიშვა და საკითხის ნაწილობრივი განმუხტვა მხოლოდ უშუალოდ კრების წინ მოხდა, როდესაც ბაფის გამგეობამ გადახედა თავის ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას და ცვლილებების პროექტიდან ის უცნაური და საკამათო მუხლი ამოიღო (საბედნიეროდ!). 

ჩემი პირადი აზრია, რომ „სარასის“ წარმომადგენლის დანიშვნა ბაფის გამგეობაში არა ერთი, არამედ რამდენიმე რისკშემცველი გადაწყვეტილება იქნებოდა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვისმინე ამ ცვლილების მხარდამჭერთა მოსაზრებები, მაინც ვერ მივხვდი, რა აუცილებლობით იყო ამ საკითხის წამოჭრა განპირობებული და რა სარგებელს მოუტანდა ის ბაფს. 

კრების შედეგები 

კრება გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა და ის უძღვებოდა კრების მსვლელობას. საერთო კრების დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, დელეგატებმა მოისმინეს ანგარიში ბაფის საანგარიშო პერიოდის საქმიანობის შესახებ, რომელიც წარმოადგინა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა, და ანგარიში ბაფის გამგეობის, კომიტეტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შემოწმების შედეგების შესახებ, რომელიც წარმოადგინა სარევიზიო კომისიის წევრმა ხათუნა ბარბაქაძე (ეს ანგარიშები გამოქვეყნებულია ბაფის ვებგვერდზე, განყოფილებაში „საქმიანობის ანგარიშები“). 

ბაფს ამჟამად ჰყავს 6230 წევრი ფიზიკური პირი და 52 კორპორაციული წევრი იურიდიული პირი. წევრი ფიზიკური პირებიდან, 738 არის სერტიფიცირებული ბუღალტერი (მათ შორის, აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებულია 313), ხოლო 5492 - ასოცირებული წევრია. 

გამგეობის თავმჯდომარემ თავისი ანგარიშის ბოლოს განსაზღვრა ბაფის 2023 წლის სამოქმედო პრიორიტეტები: 

• IFAC-ის წევრობის ვალდებულებების მოთხოვნების შესაბამისად დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებული აქტივობები; 

• პროფესიით დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაფართოება; 

• წევრებთან ურთიერთობის საკითხების შემდგომი სრულყოფა, ეთიკის კოდექსის მოთხოვნებისა და ხარისხის მართვის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით; 

• ბაფის სტრატეგიული მიზნის შესაბამისად, გამგეობის დებულების, გამგეობის წევრთა ქცევის კოდექსის და საკონსულტაციო საბჭოს დებულების შემუშავება; 

• სტრატეგიული მიზნის შესაბამისად სხვა საწესდებო ცვლილებების მომზადება და საერთო კრებისთვის წარდგენა. 

საერთო კრებამ კენჭი უყარა (კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 199 დელეგატმა) და დადებითად შეაფასა საანგარიშგებო პერიოდში ბაფის საქმიანობა (დადებითი - 156, დამაკმაყოფილებელი - 42, უარყოფითი - 1). შედარებისთვის - ერთი წლის წინანდელ საერთო კრებაზე ბაფის საქმიანობა დადებითად შეაფასა 146-მა დელეგატმა, დამაკმაყოფილებლად - 27-მა, ხოლო უარყოფითი შეფასება არ ყოფილა. 

შემდეგ დაიწყო ბაფის წესდებაში ცვლილებების განხილვა. ამ წესდების პროექტიდან, ამოღებული იყო ის მუხლი, რომელსაც მოჰყვა ზემოთ აღწერილი დაპირისპირება საერთო კრების ჩატარებამდე. კრების დელეგატებისათვის წარდგენილი ცვლილებების პროექტი მოიცავდა: 1) ცვლილებას გამგეობის წევრების არჩევის წესში; და 2) სხვა ცვლილებებს რედაქციული სრულყოფისა და საკანონმდებლო სიახლეებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მთავარი სიახლე იყო გამგეობის წევრების არჩევა სეგმენტური პრინციპის მიხედვით: აკადემიური სექტორიდან - 1; ბიზნესში დასაქმებული ბუღალტრების სეგმენტიდან - 2; „დიდი ოთხეულის“ სეგმენტიდან - 2; აუდიტორების სეგმენტიდან - 6 წარმომადგენელი. 

წესით, განსახილველი და სამსჯელო აქაც ბევრი უნდა ყოფილიყო, რისთვისაც საჭირო იყო ამ შემოთავაზებული ცვლილებების მუხლობრივი განხილვა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. პროექტზე მცირეხნიანი მსჯელობის შემდეგ, რომელზეც კრიტიკული შენიშვნებიც გამოითქვა, გამგეობის თავმჯდომარეს არ მოუწოდებია დელეგატებოსათვის, პროექტის მუხლობრივი განხილვა მომხდარიყო. მან კენჭისყრაზე დააყენა საკითხი, თუ როგორ ეყარათ კენჭი შემოთავაზებული ცვლილებებისთვის - ერთიანად, თუ მუხლობრივად. როდესაც საკითხი ასე დგება, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ნეიტრალურად განწყობილმა დელეგატებმა, რომელთათვისაც შემოთავაზებული ცვლილებები არსებითი არ არის, სწრაფ განხილვას დაუჭირონ მხარი. ასეც მოხდა: ფარულ კენჭისყრაში მონაწილება მიიღო 239 დელეგატმა, რომლიდანაც პროექტის ერთიანად განხილვას მხარი დაუჭირა 195-მა; მუხლობრივად კი - 44-მა. 

მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კი, კენჭი უყარეს წესდებაში შესატან ერთიან ცვლილებებს, რომელშიც 240 დელეგატი მონაწილეობდა, რომლებიდანაც ცვლილებებს მხარი დაუჭირა 208 დელეგატმა. წინააღმდეგი იყო - 12; თავი შეიკავა - 20-მა. 

ცვლილებების პროექტი მუხლობრივად რომ განხილულიყო, კრება, რომელიც 12 საათზე დაიწყო და 17 სთ. 35 წთ-ზე დასრულდა, ალბათ 7 საათამდე მაინც გაგრძელდებოდა. 

ვფიქრობ, „ზუმის“ ფორმატში ამგვარი ცვლილებების არსობრივი განხილვა პრაქტიკულად გამორიცხულია. რიგი მიზეზების გამო, ფაქტობრივად (დიდი შანსით), კრება ყოველთვის მხარს დაუჭერს იმ ცვლილებას, რასაც დელეგატებს გამგეობა შესთავაზებს. როგორ უნდა იყოს, რომ ასე არ მოხდეს, არ ვიცი, მაგრამ იქნებ, ბაფის ახლადარჩეულმა გამგეობამ მოიფიქროს ცვლილებების განხილვის უფრო კონსტრუქციული მექანიზმები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ნეიტრალური გამოკითხვის დაორგანიზება ყველა წევრის მონაწილეობით, საკითხების ჩაშლით. 

შემდეგ კრების თავმჯდომარემ კენჭისყრაზე გაიტანა საკითხი: თანახმა ხართ თუ არა, გამგეობის შემადგენლობა არჩეულ იქნას მიღებული ცვლილებებით? 
ამ საკითხზე კენჭისყრაში მონაწილებდა 248 დელეგატი, კენჭისყრის შედეგები კი ასეთია: ვეთანხმები - 225; არ ვეთანხმები - 10; თავი შეიკავა - 13. 

ამის შემდეგ ჩატარდა გამგეობის თავმჯდომარის და გამგეობის წევრების არჩევნები, ახლად დამტკიცებული წესის შესაბამისად. საერთო კრებამ ბაფის გამგეობის თავმჯდომარედ კვლავ აირჩია რუსუდან ჟორჟოლიანი. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 261-მა დელეგატმა: მომხრე - 248; წინააღმდეგი - 3; თავი შეიკავა - 10. 

ბაფის წესდებით, გამგეობის წევრების რაოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 12 წევრით, რომელთაგან ერთი არის გამგეობის თავმჯდომარე. შესაბამისად, ასარჩევი იყო გამგეობის 11 წევრი. არჩევნებში მონაწილეობის განაცხადი გაკეთებული ჰქონდა 16 პირს, თუმცა ერთ-ერთ მათგანს, ბატონ მურად ნარსიას, არ მიეცა საშუალება არჩევნებში კენჭი ეყარა, შემდეგი ფორმალური მიზეზის გამო: მას განცხადება გაკეთებული ჰქონდა როგორც აკადემიური სექტორის წარმომადგენელს, ბაფის გამგეობა კი ახალი ცვლილებების შესაბამისად მოითხოვდა მისგან, რომ კენჭი აუდიტური ფირმების წარმომადგენელთა სეგმენტში ეყარა. მურად ნარსია არ დაეთანხმა ამას, გამგეობამ კი მისი როგორც გამგეობის წევრის კანდიდატურა არ დაამტკიცა და კრებისთვის არ წარუდგენია. ვფიქრობ, რომ ეს არ იყო მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უფრო იმის ფონზე, რომ არჩევნების წესში ცვლილებები მხოლოდ ამ კრებაზე მიიღეს, კანდიდატურების წამოყენების დროს კი ეს ცვლილებები ჯერ დამტკიცებული არ ყოფილა. 

გამგეობის წევრთა არჩევნების შედეგები ასეთია: კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე 246-მა დელეგატმა. ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა ბაფის გამგეობის ახალი შემადგენლობა სეგმენტების მიხედვით, კერძოდ: 

ლევან საბაური (აკადემიური სექტორიდან, 206 ხმა), ნონა რევაზიშვილი (ბიზნესში დასაქმებული ბუღალტრების სეგმენტიდან, 177 ხმა), სალომე ოდიშარია (ბიზნესში დასაქმებული ბუღალტრების სეგმენტიდან, 160 ხმა), ქეთევან ყარაულაშვილი („დიდი ოთხეულის“ სეგმენტიდან, 210 ხმა), ნიკოლოზ ჭოჭუა („დიდი ოთხეულის“ სეგმენტიდან, 193 ხმა), კონსტანტინე დათიაშვილი (აუდიტორების სეგმენტიდან, 193 ხმა), ნიკოლოზ ბაკაშვილი (აუდიტორების სეგმენტიდან, 177 ხმა), ნოდარ ებანოიძე (აუდიტორების სეგმენტიდან, 161 ხმა), დავით პაპიაშვილი (აუდიტორების სეგმენტიდან, 160 ხმა), ლია გოგსაძე (აუდიტორების სეგმენტიდან, 151 ხმა), მზევინარ გურაბანიძე (აუდიტორების სეგმენტიდან, 129 ხმა). 

აღვნიშნავთ, რომ აკადემიური სექტორის სეგმენტში და „დიდი ოთხეულის“ სეგმენტში, კონკურენცია არ ყოფილა - იმდენი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, რამდენიც შესაბამისი კვოტა იყო დაშვებული. სხვა სეგმენტებში კონკურენცია იყო, რაც ცხადია, მისასალმებელია. თუმცა, პირადად ჩემთვის სრულიად მოულოდნელი (და გაუგებარი) აღმოჩნდა, თუ რატომ არ დაუჭირა კრებამ აუდიტორების სეგმენტიდან არჩევაში კრებამდე მოქმედი ბაფის გამგეობის ორ ძველ წევრს, ცნობილ აუდიტორებს და ბაფის ცნობად წევრებს, რომლებიც წინა წლებში ბაფის კრების დელეგატთა დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით მუდამ სარგებლობდნენ. 

და ბოლოს, ჩატარდა სარევიზიო კომისიის არჩევნები. კომისიის წევრობის კანდიდატად დასახელებული იქნა 6 პირი, საიდანაც ასარჩევი იყო 3 წევრი. მათი არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 178-მა დელეგატმა. ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა: მაგდა გორდეზიანი (124 ხმა); თინათინ ღვინიფაძე (94 ხმა) და ლალი კობიძე (85 ხმა). სარევიზიო კომისიის წევრების მიერ კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა თინათინ ღვინიფაძე. 

დამსახურებული წევრების დაჯილდოვება 

ტრადიციისამებრ, პროფესიაში გაწეული ღვაწლისთვის, კრებაზე საპატიო სიგელებით დააჯილდოვდნენ ბაფის წევრები. წელს, ეს სიგელები გადაეცათ ბაფის შემდეგ წევრებს: 

1. დარეჯან შენგელია, მარიამ ყარსიმაშვილი, ქეთევან ქემხაძე, ნანა ნადირაშვილი, ნელი ღვინჯილია, ნონა გობეჩია, ანზორ ჯიჯეიშვილი, გოჩა ხარჩილავა - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაარსებიდან აქტიური წევრობის, მისი საქმიანობის პოპულარიზაციისა და პროფესიის პრაქტიკულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; 

2. მარინა გეთია, ლიანა პისარევა - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაარსებიდან ნაყოფიერი თანამშრომლობის, ბაფის საქმიანობის პოპულარიზაციისა და კადრების გადამზადების სფეროში შეტანილი წვლილისათვის;
 
3. გიორგი ცერცვაძე - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაარსებიდან აქტიური წევრობისა და მისი საქმიანობის ჯანსაღი ოპონირებით პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 

დიდ მადლობას მოვახსენებ ბაფის გამგეობას და კრების დელეგატებს საპატიო სიგელით ჩემი დაჯილდოვებისთვის! სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. 

გიორგი ცერცვაძე