ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
ფულის გათეთრების ძირითადი მეთოდები და მის წინააღმდეგ ბრძოლის გზები პროფესიონალი ბუღალტრებისთვის - №2(278), 2023
შესავალი 

ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IESBA) შემუშავებული აქვს პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი. ეს კოდექსი ბუღალტრებისთვის ადგენს ქცევის სახელმძღვანელო პრინციპებს და განუსაზღვრავს მათ, შეასრულონ და იმოქმედონ საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, რადგან პროფესიონალი ბუღალტრები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, ხშირად აწყდებიან რთულ სიტუაციურ შემთხვევებს, საიდანაც გამოსავლის პოვნა მარტივი საქმე არ არის. 

ერთ-ერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც პროფესიონალ ბუღალტერს უწევსმაღალიპროფესიულიპასუხისმგებლობის გამოჩენა, არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა. ფულის გათეთრება უარყოფითად მოქმედებს საზოგადოების კეთილდღეობაზე, ზრდის ადამიანთა იძულებით შრომით ექსპლუატაციას, ხელს უწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებას, ეხმარება კრიმინალებს არალეგალური ბიზნესის მართვაში (ტრეფიკინგი, ნარკობიზნესი, იარაღით უკანონო ვაჭრობა და სხვა), ხშირად არის ტერორიზმის დაფინანსების წყარო და ა.შ. 

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ხორციელდება. დამნაშავეები ყოველწლიურად დიდი ოდენობით ფინანსურ სახსრებს ათეთრებენ. ამას ახერხებენ ხშირად სხვადასხვა საწარმოებისა და კომპანიების დახმარებით, რომ ე.წ. „შავი ფული“ ლეგიტიმურ ფინანსურ სისტემაში შეიყვანონ და კანონიერ სახსრებად წარმოაჩინონ. სწორედ ამიტომ, მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი ბუღალტერი უნდა იდგეს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სადარაჯოზე, დროულად შენიშნოს კომპანიაში ფულის გათეთრების რისკები და იბრძოლოს მის წინააღმდეგ. პროფესიონალ ბუღალტრებს შეუძლიათ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა შესაბამისი მეთოდების გამოყენებით. 

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია ის ძირითადი გზები, რომლის მეშვეობითაც დამნაშავეები ცდილობენ ფულის გათეთრებას და რა მეთოდებით შეიძლება შეებრძოლონ პროფესიონალი ბუღალტრები ამ დანაშაულს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ საზოგადოებრივ კეთილდღეობას, ასევე საწარმოს და მის პირად, როგორც პროფესიონალის რეპუტაციას. 

სტატიის მიზანია პროფესიონალი ბუღალტრებისთვის ფულის გათეთრების დანაშაულებრივი გზების წარმოდგენა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავება. შესაბამისად, დასახულია შემდეგი ამოცანები: ფულის გათეთრების ძირითადი მეთოდების წარმოდგენა, მის წინააღმდეგ მებრძოლი ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქცია-მოვალეობების გაცნობა და ბოლოს, მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი და ქმედითუნარიანი მეთოდების წარმოდგენა. 

მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ბუღალტერმა ამ დანაშაულის წინააღმდეგ, წარმოდგენილია პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსში, რომელიც ძირითად ინფორმაციულ ბაზას წარმოადგენს მოცემული სტატიისთვის. 

იმისთვის, რომ სტატიამ დახმარება გაუწიოს და მორგებული იყოს ქართველ პროფესიონალ ბუღალტრებზე, განხილულია საქართველოს ზოგიერთი სამართლებრივი ნორმა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ებრძვის ფულის გათეთრებას, მაგალითად, საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“. 

1. ფულის გათეთრების მეთოდები 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსში, ფულის გათეთრებას ეხება. კოდექსის მიხედვით, პროფესიული ქცევის პრინციპი ავალდებულებს პროფესიონალ ბუღალტრებს არსებული კანონებისა და ნორმატიული აქტების დაცვას. ბუღალტერი ვალდებულია არ დამალოს და გაამხილოს, თუ მისთვის ცნობილია ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ1. (1. International Federation of Accountants (IFAC), ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრებისთვის, გვ. 36).
 
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია იგივე ფულის გათეთრება არის: „უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე, მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ან/და ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა“ (სამოქალაქო ლექსიკონი). 

ამერიკული კვლევით ორგანიზაციის მიხედვით, Grand view research-ის მიხედვით, პოსტპანდემიური ეპოქის დასასრულს (2021 წელს) ამერიკაში, ფულის გათეთრება შეადგენდა 1,16 მილიარდზე მეტ აშშ დოლარს და მატების ტემპი 2028 წლამდე შეადგენს 15,6%-ს. შედეგად, 2028 წელს ფულის გათეთრების მასშტაბმა მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე შესაძლოა შეადგინოს 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტმა (2. https://www.grandviewresearch.com/industry-analysis/anti-money-laundering-market) (იხ. გრაფიკი ფულის გათეთრების ტრენდი აშშ-ის ბაზარზე 2021-2028 წწ.).
     

არსებობს ფულის გათეთრების რამდენიმე გავრცელებული მეთოდი, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავენ დამნაშავეები: 

• კომპანიის დაფუძნება – მეთოდი, რომელსაც დამნაშავეები იყენებენ ოფშორულ ზონებში კომპანიების დაფუძნებით ანონიმურობის უზრუნველყოფის მიზნით; 

• აქტივების გადაცემა – მეთოდი, როდესაც ფულის გამათეთრებლები უძრავი ქონების ან სხვა ძვირადღირებული აქტივების გადაცემას ახორციელებენ ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების სახით და ეწევიან დანაშაულებრივად მიღებული სახსრების ტრანსფერს სხვადასხვა პირებს შორის; 

• საგადასახადო კონსულტაცია – მეთოდი, როდესაც დამნაშავეს აქვს მცდელობა პროფესიონალი ბუღალტერი უკანონო საქმიანობაში ჩართოს და გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, სცადოს თავისი შემოსავლების დამალვა, ბუღალტრის მიერ აქტივებისა და მოგების არასწორად წარდგენის გზით; 

• რთულ მდგომარეობაში მყოფი საწარმოს მეთოდი – რომელიც არის დამნაშავეების მცდელობა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საწარმოს მფლობელები დაარწმუნონ კომპანიაში მათი უკანონო შემოსავლების ინვესტირებაში; 

• ვირტუალური აქტივების მეთოდი – დანაშაულებრივი კვალის დაფარვის მიზნით, ფულის გათეთრებაში ჩართული პირი საკუთარი არაკანონიერი საქმიანობით წარმოებულ საქონელს ან გაწეულ მომსახურებას ყიდის ვირტუალურ აქტივებზე (3. IFAC, ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრებისთვის, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო საფუძვლები, გვ. 7-19). 

ამ მეთოდების გამოყენებით დამნაშავეები თავიანთი უკანონო სახსრების ლეგიტიმურ ფინანსურ სისტემაში მოქცევას გარკვეული ეტაპების გავლით ახორციელებენ: 

განთავსება (placement) – ანუ როცა არალეგალური ფული განთავსდება (მოხვდება) ფინანსურ სისტემაში. ეს მრავალი მეთოდით შეიძლება მოხდეს, მაგალითად ნაკლებად მკაცრი კანონმდებლობის ან კორუმპირებულ ქვეყნებში მოსყიდულ ბანკში განთავსების გზით, სხვადასხვა მომსახურების ფიქციური შესყიდვების გზით, კაზინოში წაგების გზით და ა.შ. 

დანაწევრება (layring) – მეორე საფეხური, როცა ფული მოძრაობს სხვადასხვა ანგარიშსა და სხვადასხვა კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს შორის სხვადასხვა ფიქციური საბაბით (როგორებიც არის მომსახურების გაწევა, გასესხება, და ა.შ.) მისი წარმომავლობის დაფარვის მიზნით. 

ინტეგრაცია (integration) – მესამე საფეხური, როცა ფული უკვე ლეგალური წყაროდან უბრუნდება მის თავდაპირველ მფლობელ კრიმინალს და ინვესტირდება ლეგალურ ეკონომიკაში. 

2. ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და რისკზე დაფუძნებული მიდგომა 

ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ემყარება ისეთ მნიშვნელოვან და საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციის მითითებებს, როგორიცაა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF). იგი შეიქმნა 1989 წელს პარიზში „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების მიერ. FATF-ის შემადგენლობაში ამჟამად 39 წევრია. აქედან 37 წევრს წარმოადგენს სახელმწიფოები და 2 წევრს – ევროკომისია (European Commission) და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო (Gulf Cooperation Counsil). FATF-ის მიზანია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ქვეყნების დახმარება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განვითარებაში. FATF გასცემს რეკომენდაციებს, რომლებიც ეხმარება ქვეყნებს არსებული მიზნების მისაღწევად. ორგანიზაციის რეკომენდაციების რაოდენობა ხშირად იცვლება გარკვეული მიზეზების გადახედვის შედეგად. ამჟამად გამოცემულია 40 რეკომენდაცია. 
     

საქართველო იზიარებს FATF-ის რეკომენდაციებს და ახორციელებს კონკრეტულ ცვლილებებს საკანონმდებლო ბაზაში. 2019 წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, რომლითაც კიდევ უფრო გამყარდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები. 

FATF-ის რეკომენდაციების ამოსავალი პრინციპი რისკზე დაფუძნებული მიდგომაა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ პროფესიონალმა ბუღალტრებმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს გულისხმობს იმ რისკების გამოვლენას, შეფასებასა და გაცნობიერებას, რომლებიც დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან. იქ, სადაც უფრო მაღალია რისკი, საჭიროა გაძლიერებული პრევენციული ზომების განხორციელება ამ რისკების სამართავად და შესამცირებლად. (4. International standards on combating money laundering and the financing of terrorism & proliferation the FATF recommendations. გვ. 10). 

ამ კონკრეტული პრევენციული ზომების გასატარებლად საჭიროა ოთხი ნაბიჯის განხორციელება. პროფესიონალმა ბუღალტრებმა უნდა: 

• დაადგინონ რისკები, რომლებიც ახასიათებს ბიზნესის მოცემულ სფეროს; 

• შეაფასონ რისკები ალბათობისა და მოსალოდნელი შედეგების მიხედვით; 

• დანერგონ შესაბამისი პროცედურები და გააძლიერონ კონტროლის მექანიზმები რისკის მისაღებ დონემდე შესამცირებლად; 

• გამოიყენონ დიუ დილიჯენსის ანალიზი. 

3. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები – დიუ დილიჯენსის ანალიზი 

დიუ დილიჯენსი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია. მისი ანალიზის გამოყენებით შესაძლებელია ბიზნესის სრულყოფილი ან თემატური ნაწილის გამოკვლევა. დიუ დილიჯენსის საშუალებით დგინდება, თუ რამდენად რეალურია წარმოდგენილი ინფორმაცია და მონაცემები ბიზნესზე. კომპანიის ფინანსების დიუ დილიჯენსის ანალიზი და ანგარიშგების აუდიტი ერთი და იგივე პროცედურა არ არის, თუმცა მათ ბევრი საერთო მეთოდები აქვთ საწარმოს ფინანსების შესასწავლად. დიუ დილიჯენსის ანალიზი ეხმარება პროფესიონალ ბუღალტრებს გაანალიზონ და შეისწავლონ მრავალი სახის ინფორმაცია, მათ შორის: კომპანიის ფინანსები და სამართლებრივი მხარე (იხ. ცხრილი 1 – დიუ დილიჯენსი: კომპანიის ფინანსები და სამართლებრივი მხარეები). 

დიუ დილიჯენსი საწყის ეტაპზე გულისხმობს: შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურის ანალიზს; გრძელვადიანი, მოკლევადიანი და არამატერიალური აქტივების შემოწმებას; ფინანსური ინვესტიციებისა და დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ანალიზს; ასევე, ნასესხები და საკუთარი სახსრების არსებითობისა და ნამდვილობის შემოწმებას. აქედან გამომდინარე რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებითა და დიუ დილიჯენსის ანალიზით პროფესიონალმა ბუღალტრებმა უნდა შეაფასონ ფულის გათეთრების რისკები წარმოქმნის ალბათობისა და შესაძლო ზიანის მიხედვით. 
პროფესიონალმა ბუღალტერმა მხოლოდ ახალი დამკვეთისთვის არ უნდა გამოიყენოს დიუ დილიჯენსის ანალიზი, ამჟამინდელი დამსაქმებლის მუდმივი მონიტორინგი არანაკლებ მნიშვნელოვანია.  

აუცილებელია, ძველი დამსაქმებლის შესახებ არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება. ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცვლება დამსაქმებლის საკუთრების სტატუსი, საქმიანობის სფერო და სხვა. 

არსებობს გარკვეული ინდიკატორები, რომლებიც მიუთითებენ ფულის გათეთრებაზე. 

როდესაც დამკვეთი არის ან ჰყავს მეწილე, რომელიც პოლიტიკურად აქტიური პირია ან საწარმოში დასაქმებულია საეჭვოდ ბევრი ნათესავი, ეს ზრდის იმის შანსებს, რომ პირველ შემთხვევაში დამსაქმებელს სურს თავისი უკანონო შემოსავლების გათეთრება საიმედო პოლიტიკური საფარველის ქვეშ, ხოლო მეორე შემთხვევაში ნათესავების დასაქმებით ბიზნესში იკრებს საიმედო წრეს, სადაც ნაკლები საფრთხე დაემუქრება მისი არაკანონიერი საქმიანობის გამჟღავნებას. ასეთ შემთხვევებში ფულის გათეთრებისგან თავის არიდების მეთოდს წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიური პირის შემოწმება, თუ რა როლს ასრულებს იგი საწარმოში და რამდენად გამართლებულია კომერციული მიზნისთვის ნათესავების სამსახურში აყვანა. 

ფულადი გადარიცხვის მუდმივი მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში ან ისეთ ქვეყნებში, რომელთა წინააღმდეგაც არსებობს საერთაშორისო სანქციები. მაგალითად, დღევანდელ მოცემულობაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის შეერთებული რუსეთისთვის სანქციების დაწესების პაკეტებს, მას მაინც უწევს გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ დაეხმაროს რუსეთს სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდებაში. 

ბუღალტრისთვის ასევე საფრთხის მაუწყებელი ნიშნებია პერსონალის ხარჯების საეჭვო ნაკლებობა/ მეტობა და სხვადასხვა ფინანსური ოპერაციები მკაფიო რაციონალური საფუძვლის გარეშე. როდესაც ჩანს შრომითი ხარჯების ზედმეტი შემცირება, ეს შეიძლება მიუთითებდეს ადამიანთა იძულებით შრომით ექსპლუატაციაზე. უჩვეულოდ მაღალი შრომითი დანახარჯები შეიძლება მიუთითებდეს ხარჯების წინასწარ განზრახულ გაზრდაზე გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით. შემოსავლებთან ერთად ხარჯების მუდმივი კონტროლი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მეთოდია ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად. 

მას შემდეგ რაც პროფესიონალი ბუღალტერი შეიტყობს ინფორმაციას ფულის გათეთრების შესახებ ან ეჭვი აქვს ამდაგვარ არაკანონიერ საქმიანობაზე, ფინანსური მონიტორინგის ადგილობრივ ორგანოს წარუდგენს შესაბამის ანგარიშს. ფინანსური მონიტორინგის ორგანო არის ცენტრალური ეროვნული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საეჭვო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე, ანალიზსა და კომპეტენტური სამართალდამცავი ორგანოებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებაზე. საქართველოში აღნიშნულ ორგანოს წარმოადგენს სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“ (https://www.fms.gov.ge). 

ფინანსური მონიტორინგის ორგანოს უფლებამოსილება განსხვავდება ქვეყნების საკანონმდებლო ბაზების მიხედვით. ერთი მხრივ იგი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ორგანო, ან შედიოდეს, როგორც ერთ ერთი დეპარტამენტი სხვა უფრო დიდ სამთავრობო-ადმინისტრაციულ ორგანოში. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. იგი აძლევს ბუღალტრებს ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა წარადგინოს საეჭვო საქმიანობის ანგარიში, ან რა ფორმები და შაბლონები შეიძლება გამოიყენონ. მოქმედი კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ანგარიშვალდებული პირებს წარმოადგენენ: 

„ბ.დ) სერტიფიცირებული ბუღალტერი, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი, საბუღალტრო ფირმა“. 

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით: 

„4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაფასოს კლიენტთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები და განსაზღვროს კლიენტის რისკის დონე ერთჯერადი გარიგების დადებამდე და საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, აგრეთვე სათანადო პერიოდულობით – საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას და კლიენტთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების ცვლილებისას“. 

ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად კი: 

„1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ... 

6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია (დოკუმენტი) გარიგების ან გარიგების მონაწილე პირის (პირების) შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ესაჭიროება (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია)“. 

საეჭვო საქმიანობის ანგარიშში ბუღალტერს შეიძლება ჰქონდეს ნაწილობრივი ინფორმაცია ასახული, თუმცა, რაც უფრო საიმედოდ იქნება ინფორმაცია გადმოცემული და მკაფიოდ ახსნილი ეჭვები, ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი უკეთ შეძლებს ამ ინფორმაციის შედარებას სხვა დეპარტამენტების საგამოძიებო მონაცემებთან და გაიზრდება წარდგენილი ანგარიშის ღირებულება. არაკანონიერი საქმიანობის შესახებ ეჭვის მიზეზები ბუღალტრებმა უნდა მიუთითონ მოკლედ, მკაფიოდ და ახსნან, რა გამოვლინდა და რა მიიჩნევა უჩვეულოდ ან საეჭვოდ.

დიუ დილიჯენსის ანალიზი და საეჭვო საქმიანობის ანგარიშის წარდგენა ცენტრალური ნაწილია, თუ როგორ შეუძლია პროფესიონალ ბუღალტერს, შეებრძოლოს და თავისი წვლილი შეიტანოს ფულის გათეთრების თავიდან აცილებასა და გამოვლენაში. 

დასკვნები და რეკომენდაციები 

ამრიგად, წინამდებარე სტატიაში განხილულია შემდეგი აქტუალური საკითხები: ფულის გათეთრების მეთოდები, მის წინააღმდეგ მებრძოლი ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები და უკანონო შემოსავლების პრევენციისა და ბრძოლის მეთოდები, რომლებიც დიდ დახმარებას გაუწევს პროფესიონალ ბუღალტრებს. 

ფულის გათეთრების მიზნით დამნაშავეები ყველაზე ხშირად მიმართავენ შემდეგ მეთოდებს: 

• კომპანიის დაფუძნება; 

• აქტივების გადაცემა; 

• საგადასახადო კონსულტაცია; 

• რთულ მდგომარეობაში მყოფი საწარმო; 

• ვირტუალური აქტივები. 

მეორე ნაწილში განხილულია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) და ფულის გათეთრების წინაღმდეგ ბრძოლის რისკზე დაფუძნებული მიდგომის არსი. FATF გასცემს რეკომენდაციებს (40 რეკომენდაცია) ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც შეუძლიათ ეფექტიანად გამოიყენონ პროფესიონალმა ბუღალტრებმა. საქართველო იზიარებს FATF-ის რეკომენდაციებს და ახორციელებს კონკრეტულ ცვლილებებს საკანომდებლო ბაზაში. ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის გაცემული რეკომენდაციების ამოსავალი პრინციპი რისკზე დაფუძნებული მეთოდია, რომელიც გულისხმობს რისკების გამოვლენას, შეფასებასა და გაცნობიერებას. 
სტატიის მესამე ნაწილში განხილულია მეთოდები, რომლებიც პროფესიონალმა ბუღალტერმა შეიძლება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენოს. ამ მიმართულებით ჩამოყალიბებულია შემდეგი რეკომენდაციები: 

• ჩატარდეს კომპანიის დიუ დილიჯენსის ანალიზი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია დამსაქმებლისა და კომპანიის შესახებ ფართო სპექტრის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის: კომპანიის ფინანსებისა და სამართლებრივი მხარის შესახებ; 

• კომპანიის ფინანსების კვლევის შედეგად შესაძლებელია: ძირითადი საშუალებებისა და სხვა გრძელვადიანი და მოკლევადიანი აქტივების ვარგისიანობისა და არსებობის (ნამდვილობის) შემოწმება, საოპერაციო ფულადი ნაკადების სიზუსტის დადგენა, მტკიცებულებების მოპოვება დებიტორული დავალიანებების შესახებ და სხვა ფინანსურ მაჩვენებლებზე ინფორმაციის მოძიება; 

• კომპანიის სამართლებრივი კუთხით ანალიზის საფუძველზე პროფესიონალი ბუღალტერი შეძლებს: ქონებრივი უფლებისა და ვალდებულებების დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას, მოიპოვებს ინფორმაციას წარსული და მიმდინარე სამართლებრივი დავების შესახებ, შეამოწმებს მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან კანონიერი ბიზნესსაქმიანობის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას; 

• პროფესიონალმა ბუღალტერმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ კომპანიაში ფულის გათეთრების მაღალი რისკი იმ შემთხვევაშიც წარმოიქმნება, თუ მასში დასაქმებულია დამსაქმებლის ბევრი ნათესავი აშკარა და გამოკვეთილი საქმიანი ურთიერთობის გარეშე და/ ან თუ საწარმოს საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკური ფიგურა. 

• მუდმივად აწარმოოს ფულადი გადარიცხვების მონიტორინგი. 

იმ შემთხვევაში, თუ პროფესიონალ ბუღალტერს ეჭვი გაუჩნდება დამკვეთის მიერ ფულის გათეთრების მცდელობაში, ვალდებულია მიმართოს ადგილობრივ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და წარადგინოს სათანადო ფორმატისა და შინაარსის ანგარიში საეჭვო საქმიანობის შესახებ. საქართველოში მონიტორინგს ამ მიმართულებით სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“ ახორციელებს. 

მამუკა კუპრაშვილი 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი

გამოყენებული ლიტერატურა
 
1. საქართველოს კანონი, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, თბილისი, 2019. 

2. International Federation of Accountants (IFAC), ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრებისთვის მათ შორის დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტები, ნათარგმნი ინგლისურიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, თბილისი, 2022. 

3. International Federation of Accountants (IFAC), Anti-Money Laundering, The Basics ნათარგმნი ინგლისურიდან საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ, თბილისი, 2020. 

4. სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2019 წლის ანგარიში. 

5. International standards on combating money laundering and the financing of terrorism & proliferation the FATF recommendations, პარიზი, 2022. 

6. სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდი https://www.fms.gov.ge/geo/page/fatf/ 

7. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სამოქალაქო განათლების ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=22650