ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
ბაზრისათვის დემპინგური ფასის შეთავაზება ლახავს აუდიტორისა და ქონების შემფასებლის რეპუტაციას, რომელიც ამ პროფესიის საძირკველს წარმოადგენს
#2(122), 2010
ფინანსურ კრიზისამდე პერიოდში საქართველოს აუდიტორული და ქონების შეფასების მომსახურების ბაზარი საკმაოდ კარგად ვითარდებოდა (2005 წელი - 11179,5 ათასი ლარი; 2006 წ. – 21126,5 ათასი ლარი; 2007 წ. - 24659 ათასი ლარი; 2008 წელი - 23832 ათასი ლარი). მნიშვნელოვნად მაღალი იყო გაწეული მომსახურების საშუალო ხვედრითი წილი ერთ დასაქმებულ მუშაკზე (2006 წელი - 17717 ლარი; 2006 წ. - 21126 ლარი; 2007 წ. - 24659 ლარი; 2008 წ. - 27600 ლარი). თუმცა ფინანსური კრიზისის შემდგომ, როგორც  ჩანს, აღნიშნულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, რომელშიც ვგულისხმობთ გასაწევი მომსახურების მოცულობის ზრდის ტემპის შემცირების შესაძლებლობას, აგრეთვე სხვა შესაძლო ნეგატიურ პროცესებს, რომელთა ნაწილი განპირობებული იქნება აგრეთვე ზემოაღნიშნული მომსახურების მიმწოდებელი ზოგიერთი კომპანიის არასწორი ქმედებებით.

ცხადია, ამ მომსახურების ბაზარზე არსებული მდგომარეობა და მოსალოდნელი ცვლილებები ძირითადად განპირობებული იქნება ფინანსური კრიზისის შედეგებით, თუმცა ამ პროცესებში არც თუ ისე უნიშვნელოა აღნიშნულ ბაზარზე მოქმედი ოპერატორების (მომსახურების მიმწოდებლების) მხრიდან არასწორი ქმედების წვლილიც. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ყურადღება მივაპყროთ ერთ გარემოებას - აუდიტორული და ქონების შეფასების მომსახურების მიმწოდებელი ზოგიერთი კომპანიის მხრიდან ბაზრისათვის მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალ (ზოგჯერ კი დემპინგურ) ფასად მიწოდების ფაქტებს და ასეთი ქმედების შედეგებს.

ბოლო პერიოდში (2007-2008-2009 წლებში) აღნიშნული მომსახურების ბაზარზე არც თუ ისე იშვიათია ფაქტები, როცა ზოგიერთი აუდიტური კომპანია აუდიტორულ და ქონების შეფასების მომსახურებას მომხმარებლებს თავაზობს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად (ღირებულებად). ასეთი ფაქტები ძირითადად ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დროს, რომელსაც ხელს უწყობს სახელმწიფო შესყიდვებზე ქვეყანაში დღეს მოქმედი კანონმდებლობაც, რომლის მიხედვით სატენდერო შერჩევისას უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტის წინადადებას, რომელსაც სატენდერო წინადადებაში შეთავაზებული აქვს ყველაზე დაბალი ფასი. არსებითია ის გარემოება, რომ თვითღირებულებაზე დაბალი ფასის შეთავაზების წინადადებაში ზოგიერთი პრეტენდენტი აუდიტური კომპანია მომხმარებლებს, მათ შორის სახელმწიფო სატენდერო კომისიებს არ თავაზობს (თავს არიდებს) სატენდერო წინადადების ხარჯთაღრიცხვას, გაწერილს ხარჯის კონკრეტული სახეების მიხედვით, რომელიც იძლევა ფაქტობრივად დემპინგურის რეალურ ფასად "შეფუთვის" შესაძლებლობას.

რეალურზე და თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ზემოაღნიშნული მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობა იქმნება ორ შემთხვევაში: ა) როცა კლიენტი შეგნებულად ყიდულობს უხარისხო მომსახურებას, რომელიც უნდა შეასრულოს არაკვალიფიციურმა სპეციალისტმა ან/და მომსახურება განსახორციელებელია მოკლე პერიოდში; ბ) კლიენტს გაცნობიერებული არა აქვს, თუ რას ყიდულობს (ანუ ყიდულობს არა იმ მომსახურებას, რომელიც მას სჭირდება).

სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის პრაქტიკიდან ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი პრეტენდენტი აუდიტური კომპანიის მიერ შეთავაზებულ იქნა ისეთი სატენდერო წინადადება, რომლის მიხედვით 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შეფასების მომსახურების ღირებულებად დაფიქსირებული იყო 6 თეთრი (?!) ანუ გაცილებით ნაკლები, ვიდრე კომპანიის ბლანკის დამზადებისა და გამოყენებული ქაღალდების ღირებულების სიდიდე. ფასთა კოტირებისას ერთ-ერთმა აუდიტურმა კომპანიამ სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციას მომსახურების გაწევა შეთავაზა და განახორციელა კიდევაც იმ ფასად, რომელიც საკმარისი იყო მხოლოდ მივლინების ხარჯების ასანაზღაურებლად.

პრაქტიკამ  დაადასტურა, რომ როცა აუდიტორული ან ქონების შეფასებაზე სპეციალიზებული კომპანია კლიენტს მომსახურებას თავაზობს რეალურზე დაბალ ფასად, კლიენტი (მომსახურების შემსყიდველი) ამ შეთავაზების კვალობაზე (ფიქრობს რა, რომ მას ინფორმაცია არ ჰქონდა ამ ბაზარზე  არსებულ სიტუაციაზე), დაუყოვნებლივ იწყებს სხვა უფრო იაფი ანუ დემპინგური ფასის შემომთავაზებელი პრეტენდენტის ძებნას. სწორედ ამ პროცესში ჩნდებიან ხოლმე ე.წ. "შავი" და "თაგუნა" კომპანიები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ ფასად გასცენ აუდიტორული დასკვნა, შეაფასონ ქონება. ამ პროცესს ხელს უწყობს ის გარემოება, რომ მთელი რიგი აუდიტორული და ქონების შეფასებაზე სპეციალიზებული კომპანიების საქმიანობა არ არის ლეგალიზებული, რომელშიც ვგულისხმობთ შემდეგს: საქართველოში სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია გავლილი აქვს 247-ზე მეტ აუდიტურ კომპანიას, რომელთაგან საქმიანობის ანგარიშს დადგენილი ფორმით აბარებს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მხოლოდ 120 კომპანია (ამ 127 კომპანიაში შედიან ე.წ. "შავი" და "თაგუნა" კომპანიები, რომელთაც  მომსახურების გაწევის სურვილი პერიოდულად, სიტუაციის მიხედვით აღეძვრებათ ხოლმე). ასეთი ფაქტები ძირითადად ხდება სავალდებულო აუდიტორული მომსახურების ბაზარზე, რომელიც არც თუ ისე მცირე მასშტაბისაა.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს აუდიტორული და ქონების შეფასების ბაზარზე გასაწევი მომსახურების მოცულობა დღემდე არ აღემატება 23,832 მილიონ ლარს, რომლის თითქმის ნახევარს ასრულებს დიდ ოთხეულში შემავალი აუდიტური კომპანიები, ხოლო სავარაუდოდ 20%-ს - ე.წ. "შავი" და "თაგუნა" კომპანიები. დაახლოებით 30 პროცენტს ასრულებენ ქართული აუდიტორული და ქონების შეფასებაზე სპეციალიზირებული კომპანიები, რომლებიც იცავენ რა საერთაშორისო სტანდარტებს, აუდიტორისა და ქონების შემფასებლის ეთიკის კოდექსს, ღირსეულად და პროფესიულად იქცევიან ბაზარზე, მაგრამ ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ხელი ეშლებათ ამ კომპანიებისა და მათი ბიზნესის განვითარებას.

ნაცვლად იმისა, რომ ზემოაღნიშნული კატეგორიის ზოგიერთი აუდიტური კომპანია ახდენდეს კომპანიისა და მის მიერ გასაწევი მომსახურების ზომიერ ბრენდირებას ბაზარზე და დღენიადაგ ზრუნავდეს კომპანიისა და ბაზრის რეპუტაციის ამაღლებისათვის, ფაქტობრივად იქცევა პირიქით - თავისთვის დენთის კასრს იმზადებს. როგორც ჩანს, შეგუებულიც არის ასეთი ქმედების შესაძლო შედეგებთან (შესაძლოა იმიტომაც, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ), მაგრამ ამით სერიოზული პრობლემები ექმნება აუდიტორული და ქონების შეფასების ბაზარზე დასაქმებულ კეთილსინდისიერ კომპანიებს, რომლებიც განსაკუთრებით უფრთხილდებიან მათ საქმიანობას, პროფესიას, იმიჯსა და რეპუტაციას.

ბაზრის ზემოაღნიშნული 20% თითქმის 4,6 მლნ ლარის მოცულობის მომსახურებაა, რომელიც, რომ არა ზემოაღნიშნული საქმიანობის წესის მატარებელი კომპანიები, სავარაუდოდ მიაღწევდა 16 მლნ ლარს (ანუ მთლიანად ბაზრის მოცულობა 23,8 მლნ ლარი კი არ იქნებოდა, არამედ თითქმის 35 მლნ ლარი), რომელიც განავითარებდა ბაზარზე კეთილსინდისიერად მოღვაწე კომპანიებს, ხელს შეუწყობდა მათი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას და უფრო დინამიურს და კვალიფიციურს გახდიდა ქვეყნის აუდიტორული და ქონების შეფასების ბაზარს.

კლიენტისათვის მაღალკვალიფიციურად და კეთილსინდისიერად მომსახურების მიწოდება მოითხოვს: კვალიფიციურ შემსრულებლებს; დიდ მოსამზადებელ სამუშაოებს; მნიშვნელოვან დროს ყველა პროცედურის რეალიზებისათვის, რომელიც ზრდის დანახარჯებს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელი მაღალი კვალიფიკაციის კეთილსინდისიერი კომპანიები ხშირად აგებენ ფასზე პაექრობას არაკეთილსინდისიერ კონკურენტებთან. საბოლოო ჯამში ზარალდება დაბალი ხარისხის მიმღები კლიენტი, აუდიტორული მომსახურებისა და ქონების შეფასების ბაზარი, ილახება ამ ბაზარზე მომუშავე კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კომპანიების რეპუტაცია. რეპუტაცია კი საძირკველია, რომელზეც დგას ეს სპეციალობა და დარგი. სასურველია მალე დამთავრდეს ამ სფეროში ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის პროცესი.

ცხადია, აღნიშნული პრობლემა განპირობებულია ბევრი სხვა ფაქტორებითაც, რომელზეც დისკუსია, ჩემის აზრით, უნდა გაგრძელდეს მომავალშიც.

მურად ნარსია

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,
აუდიტორი, უძრავი ქონების შემფასებელი