ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: დეკემბერი-2020 - №12(252), 2020
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

ცვლილება საგადასახადო კოდექსში 

- 05.01.2021-ში პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა N#83-IIრს-Xმპ კანონი, რომლის თანახმად ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში. კანონი ამოქმედდა 6.01.2021-ში. 

აღნიშნული ცვლილების თანახმად, 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელს კვლავ შეუძლია შეიმციროს და ბიუჯეტში არ შეიტანოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. 

მოცემული სუბსიდია არ ვრცელდება: 

- საბიუჯეტო ორგანიზაციაზე. 

- საქართველოს ეროვნულ ბანკზე. 

- ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე. 

- საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. 

სსკ 309-ე მუხლის 113-ე ნაწილი შეიცვალა და განისაზღვრა, რომ: 

"113. პირი უფლებამოსილია 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის (საანგარიშო პერიოდის), აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის (საანგარიშო პერიოდის) განმავლობაში გაწეული იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაბეგროს ამ მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში“. 

ამავე კანონის თანახმად ფინანსთა მინისტრს და შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება აქვს, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის ამ კოდექსით განსაზღვრული ვადა გაუგრძელოს არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა იმ გადასახადის გადამხდელს, რომელთა საქმიანობაც ეხება სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებს, და რომლებიც მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე ან მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში. აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს კოდექსით გათვალისწინებული საურავი არ ერიცხება. 

ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება 2020 ან 2021 წელსაა გათვალისწინებული, გათავისუფლებულია „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“: 

ა) 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება. 

ბ) 56.1 კოდით (რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება. 

გ) 56.3 კოდით (სასმელებით მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება. 

დ) 79 კოდით (ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება. 

საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა მსგავსი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება გამოიყენება ამავე ნაწილით მოცემულ რომელიმე საქმიანობაში. 

2023 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული საქონლის იმპორტისას გამოიყენება 1641 მუხლის მე-2 ნაწილი: 

თუ დასაბეგრი თანხა არ მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებს, მასში შეიტანება: 

ა) საქონლის იმპორტიდან გამომდინარე, უცხო ქვეყანაში ან/და საქართველოში კუთვნილი გადასახადი, მოსაკრებელი, საფასური ან სხვა გადასახდელი, გარდა დღგ-ისა. 

ბ) თანმდევი ხარჯები, როგორებიცაა საკომისიო, შეფუთვის, სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები, რომლებიც გაიწევა საქონლის დანიშნულების პირველ ადგილამდე, აგრეთვე, ხარჯები, რომლებიც გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე, დანიშნულების სხვა ადგილზე ტრანსპორტირებისთვის, თუ ეს სხვა ადგილი ცნობილია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტში; 

და 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტი _ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულებას მოიცავს ზემოთ მოცემული `ბ~ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დასაბეგრი თანხა.

ამასთან, 2023 წლის 1 იანვრამდე საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა (საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის) მოიცავს საქონლის იმპორტიდან გამომდინარე, საქართველოში კუთვნილ იმპორტის გადასახდელს, გარდა დღგ-ისა. 

მოცემულობის მოქმედება გავრცელდება 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 

- ფინანსთა მინისტრის 09.12.2020-ის #297 ბრძანების თანახმად, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის პირველი იანვრიდან, ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში, კერძოდ ინსტრუქციის 51-ე მუხლში, რომელიც ეხება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვის დოკუმენტებს. 

საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტის ელექტრონული ფორმით გამოწერის ან/და დადასტურების უფლება ან პირს უარი უთხრას ნახსენები დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე იმ შემთხვევაში, თუ: 

– გამოვლინდება უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ნიშნები. ამ შემთხვევაში, საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში; 

– იქნება მოთხოვნა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მხრიდან (მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში); 

– გაიცემა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება. 

- ფინანსთა მინისტრის 31.12.2020-ის #331 ბრძანების თანახმად კი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 111 მუხლის შემდეგ დაემატა 112 მუხლი, რომელიც ეხება დაქირავებულ პირთა რეესტრს და რომელიც ამოქმედდება 2021 წლის პირველი თებერვლიდან. 

2021 წლის 1 მარტამდე დამქირავებელი ვალდებულია 112 მუხლის შესაბამისად „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ელექტრონულად ასახოს 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია. 

„დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აისახება დაქირავებულთა შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია: 

- დაქირავებული პირის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი. 

- სამუშაო განაკვეთი. 

– სტატუსი – აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი. 

– სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების თარიღი. 

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები 

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 3.12.2020-ის #207/04 ბრძანების თანახმად, „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლს დაემატა მე-15 და მე-16 პუნქტები. 
მოცემული ცვლილების თანახმად განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, საგანგებო, საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ასევე ეპიდემიის, პანდემიის დროს, ეროვნული ბანკი აქვს უფლება დროებით შეაჩეროს პროვაიდერად რეგისტრაციისათვის ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება. 

მოცემულის გათვალისწინებით ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება შეჩერების საფუძველი და ვადა. სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბრძანების ამოქმედებამდე პირის მიერ წარდგენილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციისთვის განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები, ბანკის მას განიხილავს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად. 

- 10.12.2020-ის #220/04 ბრძანების თანახმად ცვლილება შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის #59/04 ბრძანებით დამტკიცებულ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესში~, ჩამოყალიბდა ახალი 51 მუხლი, რომელიც ეხება მოუკითხავი თანხების დაბრუნებას. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორმა კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთხოვნის შინაარსი და ლიკვიდაციაში მყოფი ან ლიკვიდირებული იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დასახელება, რომლის მიმართაც კრედიტორს ჰქონდა მოთხოვნები. 

მოცემულ განცხადებას თან უნდა დაერთოს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ და დამოწმებულ საბანკო რეკვიზიტებთან ერთად ასევე: 

- ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, განცხადების უფლებამონაცვლე პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. 

- იურიდიული პირის შემთხვევაში – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული ამონაწერი და იურიდიული პირის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო განცხადების იმ პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ დასტურდება ამონაწერის საფუძველზე, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. 

- იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების ეკვივალენტური დოკუმენტები. 

განცხადებას თანდართული საბანკო რეკვიზიტები უნდა ეკუთვნოდეს კრედიტორს და კრედიტორი/საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ექცეოდეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნების ან პირების ნუსხაში, ასევე წარმოდგენილი საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ეკუთვნოდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის #240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ქვეყნებში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს. 

იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორის განცხადება დააკმაყოფილებს მოცემულ მოთხოვნებს და შეესაბამება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი დოკუმენტების მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას მოუკითხავი თანხების დაბრუნების თაობაზე იმ მოცულობით, რაც მითითებულია ლიკვიდატორის მიერ გადაცემულ მონაცემებში, სხვა შემთხვევაში განაცხადი იქნება უარყოფილი და ამის შესახებ ბანკი წერილობით აცნობებს განმცხადებელს, მიზეზების მითითებით. 

- 28.12.2020-ში ეროვნული ბანკის საბჭოს #5 დადგენილებით დამტკიცდა ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესი და პირობები. შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ ბანკის საბჭოს 2012 წლის 24 სექტემბრის #6 დადგენილება. 

წესში განხილულია ზოგადი დებულებები, სესხის გაცემის პირობები, სესხის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება, სესხის პირობების დარღვევა. 

მოცემული წესიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი სესხს გაცემს იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებით: 

- ბანკი არის გადახდისუნარიანი და მისი ბიზნესმოდელი არის მომგებიანი და სიცოცხლისუნარიანი. 

- ბანკი განიცდის დროებით ფინანსურ სიძნელეებს ან შეექმნა ან უახლოს მომავალში შეიძლება შეექმნას ლიკვიდური სახსრების დროებითი მწვავე უკმარისობა. 

- ბანკს აქვს უნარი და შესაძლებლობა გონივრულ ვადებში გაატაროს ლიკვიდობისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ადეკვატური ღონისძიებები, რაც ასახული უნდა იყოს ბანკის სამომავლო სამოქმედო გეგმაში. 

- ბანკს აღარ აქვს სხვა წყაროებიდან ფინანსური რესურსების მიღების საშუალება და აქვს დასაბუთება სესხის აღების აუცილებლობისა და სესხის დროულად და სრულად დაბრუნების შესაძლებლობების შესახებ. 

ამასთან, სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, სესხის საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ერთდღიანი სესხისათვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთზე მეტი, სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ განსაზღვრული სესხის უზრუნველსაყოფად მისაღები აქტივებით და სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარში. 

თუმცა, შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკს აქვს უფლება ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს სესხი იმ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა. ბანკის გადახდისუნარიანობის საეჭვოობას ადგენს თავად ბანკის საბჭო. ეს პირობები კი ერთდროულად უნდა კმაყოფილდებოდეს და შემდეგია: 

ა) სესხისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გადასახდელები, მათ შორის, პირგასამტეხლო. 

ბ) სესხი უნდა გაიცეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღით. თუ ფინანსური კრიზისი არ აღმოფხვრილა ან შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სესხი გასცეს ან მისი ვადა გაახანგრძლივოს ამ ქვეპუნქტით დადგენილზე მეტი ვადით. 

გ) ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/ რეზოლუციის პირობებში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი გეგმით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს დაფინანსების გეგმას. 

დ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიით. ამასთანავე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს მოსთხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის წარმოდგენა. 

ე) ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ ბანკს ეროვნული ბანკი უწესებს დამატებითი მოთხოვნებს, მათ შორის, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს დაუწესოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები/მოთხოვნები. 

სხვა ცვლილებები 

- ფინანსთა მინისტრის 1.12.2020 წლის #288 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციაში, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის პირველი იანვრიდან. 

ცვლილების თანახმად დაკორექტირდა სხვადასხვა მუხლები და ინსტრუქციის 22-ე მუხლს, რომელიც ეხება ფასიანი ქაღალდებით მოკლევადიანი ვალდებულებებს, დაემატა მე-6-მე-8 პუნქტები: 

„6. ანგარიში – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები დეპოზიტებით“ (2-11-3000) – მოიცავს მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს დეპოზიტებთ ეროვნულ ვალუტაში (2-11-3100) და მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს დეპოზიტებით უცხოურ ვალუტაში (2-11-3200)“. 

7. ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები დეპოზიტებით ეროვნულ ვალუტაში“ (2-11-3100) – აღირიცხება მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები დეპოზიტებით ეროვნულ ვალუტაში.

8. ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები დეპოზიტებით უცხოურ ვალუტაში“ (2-11-3200) – აღირიცხება მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები დეპოზიტებით უცხოურ ვალუტაში“. 

მოკლევადიანი კრედიტორულ დავალიანებებთან მიმართებაში ანგარიშზე – „ხაზინისთვის გადასახდელები გრანტის შემოსავლებიდან“ (2-13-1400) აღირიცხება ორგანიზაციის მიერ ხაზინისთვის გადასახდელი გრანტის შემოსავლებიდან, ანგარიშზე – „ხაზინისათვის გადასახდელები შემოსულობებით“ კი (2-13-1500) აღირიცხება ორგანიზაციის მიერ ხაზინისთვის გადასახდელები შემოსულობებიდან. 

Øანგარიშზე ფულადი ფორმით გაწეული სოციალური დახმარებებით წარმოქმნილი მიმდინარე კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში (2-13-3911) აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის სოციალური დახმარების მუხლით განსაზღვრული ხარჯებით წარმოქნილი ვალდებულებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში. 

ანგარიშზე – ფულადი ფორმით გაწეული სოციალური დახმარებებით წარმოქმნილი მიმდინარე კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში (2-13-3911) აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის სოციალური დახმარების მუხლით განსაზღვრული ხარჯებით წარმოქნილი ვალდებულებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში. 

ანგარიშზე – ფულადი ფორმით გაწეული სოციალური დახმარებებით წარმოქმნილი მიმდინარე კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ (2-13-3912) აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის სოციალური დახმარების მუხლით განსაზღვრული ხარჯებით წარმოქნილი ვალდებულებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ. 

ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ფულადი ვალდებულებები არაგაცვლით ოპერაციებთან დაკავშირებით (2-13-9500) აღირიცხება ისეთი მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები, რომლებიც უკავშირდება არაგაცვლით ოპერაციებით წარმოქმნილ ხარჯებს. 

ანგარიში – „სხვა დანარჩენი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში“ (2-13-9910) აღირიცხება დარიცხული მოკლევადიანი ვალდებულებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების სხვა ანგარიშებზე საბიუჯეტო წლის ფარგლებში. 

ანგარიში – „სხვა დანარჩენი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ“ (2-13-9920) აღირიცხება დარიცხული მოკლევადიანი ვალდებულებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების სხვა ანგარიშებზე საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ. 

ანგარიშზე – „გრძელვადიანი აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები (5-76-0000) აღირიცხება გრძელვადიანი ფინანსური და არაფინანსური აქტივების გაყიდვებთან დაკავშირებული ხარჯები. 

ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში კრედიტორული დავალიანებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-2300) აღირიცხება უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებების გადაანგარიშების შედეგად ფლობით მიღებული მოგება. 

ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში დებიტორული დავალიანებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-2400) აღირიცხება უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებების დავალიანებების გადაანგარიშების გადაანგარიშების შედეგად ფლობით მიღებული მოგება. 
ინსტრუქციის 34-ე მუხლის (სხვა გრძელვადინი კრედიტორული დავალინებები) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატა 31-39 პუნქტები: 

„31. ანგარიშზე – „მოკლევადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები“ (2-26-2100) აღირიცხება მოკლევადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებათან წარმოქმნილი გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები. 

32. ანგარიშზე – „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები“ (2-26-2200) გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებათან წარმოქმნილი გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები. 

33. ანგარიშზე – „გრძელვადიანი ფულადი და არაფულადი ვალდებულებები არაგაცვლით ოპერაციებთან დაკავშირებით“ (2-26-3000) აღირიცხება გრძელვადიანი ფულადი და არაფულადი ვალდებულებები წარმოქმნილი არაგაცვლითი ოპერაციებით. 

34.ანგარიში – „გრძელვადიანი ავანსად მიღებული შემოსავლები“ (2-26-4000) მოიცავს: გრძელვადიან ავანსად მიღებულ საგადასახადო შემოსავლებს (2-26-4100) და გრძელვადიან ავანსად მიღებულ არასაგადასახადო შემოსავლებს (2-26-4200). 

35. ანგარიშზე – „გრძელვადიანი ავანსად მიღებული საგადასახადო შემოსავლები“ (2-26-4100) აღირიცხება ავანსად მიღებული საგადასახადო შემოსავლებით წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულებები. 

36. ანგარიში „გრძელვადიანი ავანსად მიღებული არასაგადასახადო შემოსავლები“ (2-26-4200) მოიცავს: გრძელვადიან ავანსად მიღებულ იჯარის შემოსავლებს (2-26-4210), გრძელვადიანი ავანსად მიღებული გრანტებით და სხვა არაგაცვლით ოპერაციებით შემოსავლებს (2-26-4220) და გრძელვადიან ავანსად მიღებულ სხვა არასაგადასახადო შემოსავლებს (2-26-4230). 

37. ანგარიშზე – „გრძელვადიანი ავანსად მიღებული იჯარის შემოსავლები“ (2-26-4210) აღირიცხება მომავალი პერიოდის იჯარის შემოსავლებით წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულებები. 

38. ანგარიშზე – „გრძელვადიანი ავანსად მიღებული გრანტებით და სხვა არაგაცვლითი ოპერაციებით შემოსავლები“ (2-26-4220) აღირიცხება წინასწარ მიღებული გრანტებით და სხვა არაგაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულებები. 

39. ანგარიშზე – „გრძელვადიანი ავანსად მიღებული სხვა არასაგადასახადო შემოსავლები“ (2-26-4230) აღირიცხება მომავალი პერიოდის სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულებები“. 

- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 04.12.2020-ში მიღებული #ნ-17 ბრძანების საფუძველზე დაკორექტირდა პირველი მუხლით დამტკიცებული ,,მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი“. 

ბრძანება ამოქმედდა 7.12.2020-დან და ვრცელდება 2020 წლის 1 იანვარს ან შემდგომ დაწყებულ საანგარიშგებო პერიოდების ფინანსურ ანგარიშგებებზე. 

სტანდარტის განახლებაზე მუშაობა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2019 წლიდან დაიწყო, როცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან სტანდარტის ინტერპრეტაციების კომიტეტი შეიქმნა. კომიტეტმა, საერთაშორისო კონსულტანტის ჩართულობით, ცვლილებების პროექტი მოამზადა. პროექტი, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, 2020 წლის თებერვალში სამსახურისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდებზე განთავსდა. 

- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 22.12.2020-ის #18 ბრძანების თანახმად კი ცვლილება შევიდა `ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესში~. 

კერძოდ, მერვე მუხლში, რომელიც ეხება ანგარიშგების დამატებას, ანგარიშგების დამატების ღილაკზე დაჭერის შემდეგ ივსება შემდეგი ინფორმაცია: 

– სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდის შესახებ. 

– იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სუბიექტი მშობელ საწარმოს. 

– ანგარიშგების წარდგენის დროისთვის აქვს თუ არა სუბიექტს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (შემდგომ – სდპ) სტატუსი. ასევე, მიეთითება სდპ-ის სახე. 

– ჯგუფის შექმნის თარიღთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

– წარმოადგენს თუ არა სუბიექტი ანგარიშვალდებულ საწარმოს, რომლის ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის შესაბამისად. 

– მოიცავს თუ არა სუბიექტის საქმიანობა წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას. 

– ანგარიშგების წარდგენის დროისთვის წარმოადგენს თუ არა ფუნქციონირებად საწარმოს მის მიერ გამოყენებული სტანდარტის შესაბამისად. 

აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების, ჯგუფის შემთხვევაში კი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის ჩატარებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა დღგ-ს გარეშე, ეროვნულ ვალუტაში. თუ მოცემული თანხა ანგარიშგების წარდგენის დროისთვის სრულად გადახდილი არ არის, სუბიექტი აუდიტორის დამატების ჩანართში მიუთითებს აუდიტის ჩატარებისთვის გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობას სრულად, ეროვნულ ვალუტაში, ერთეულ ლარში. 

სუბიექტმა ციფრული ფორმების შევსებამდე უნდა მიუთითოს ანგარიშგება ხორციელდება ერთეულ თუ ათასეულ ლარებში. მესამე და მეოთხე კატეგორიის სუბიექტები მონაცემებს წარადგენენ მხოლოდ ერთეულ ლარში. 

- შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.12.2020-ის #37332 ბრძანების საფუძველზე დაკორექტირდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის #13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის პირველი იანვრიდან. 

ცვლილების თანახმად სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორი პირების მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განაცხადი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყოფის შესახებ, საგადასახადო ორგანოს მიერ განიხილება, როგორც სათანადო ინფორმაცია და აღნიშნული თანხების დარიცხვას, სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორი პირებისათვის გახსნილ მოსაკრებლის ბარათზე, სათანადო პროცედურების დაცვით, მოახდენს ელექტრონული ველის (მოსაკრებლის ნიშნის) გამოყოფის თარიღით. 

იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე საანგარიშო კვარტალში მოთხოვნილია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი, მომდევნო საანგარიშო კვარტალისათვის მოსაკრებლის თანხის დარიცხვა მოხდება მომდევნო კვარტალის პირველი სამუშაო დღის თარიღით. ხოლო, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის მოთხოვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შემთხვევაში, მოსაკრებლის თანხის დარიცხვა მოხდება ეტაპის დაწყების თარიღით, რომელიც შეთანხმებულია შემოსავლების სამსახურთან. 

იხილეთ ასევე: 

– 17-12-2020-ის მთავრობის #753 დადგენილება, „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის #47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 18-12-2020-ის მთავრობის #755 დადგენილება, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

– 18-12-2020-ის მთავრობის #757 დადგენილება, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის #365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 24-12-2020-ის მთავრობის #797 დადგენილება, „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის #84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 28-12-2020-ის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს #3 დადგენილება, „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის #2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

სხვა სიახლეების გასაცნობად, ისარგებლეთ განახლებადი საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზით "ააფ-ინფო კონსულტანტი" (579-29-31-31). 

მარიამ აფრასიძე