ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: იანვარი-2021 - №1(253), 2021
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 

- ფინანსთა მინისტრის 11.01.2021-ის #3 ბრძანების თანახმად, დაკორექტირდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 401 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმადაც საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად, ჩაითვლება პირი, რომელიც შექმნილია ან რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი საშემოსავლო თუ მოგების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით (მაგალითად: თიზ-ის საწარმო, სპეციალური სავაჭრო კომპანია, ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი, მაღალმთიანი დასახლების საწარმო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ვირტუალური ზონის იურიდიული პირი), ასევე პირი რომელიც ახორციელებს საშემოსავლო თუ მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ სანებართვო საქმიანობას (მაგალითად: აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატის სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი და ეს ყოველივე არ ეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მომწყობ პირს. 

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის („გ“ - საწარმოს მიერ საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირად არ ჩაითვლება სპეციალური სავაჭრო კომპანია იმ ოპერაციებთან მიმართებაში, რომელთა მიმართ კმაყოფილდება ამავე კოდექსის 241 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა („გ“ _ საბაჟო საწყობში შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით არანაკლებ საბაჟო ღირებულებით შეისყიდოს უცხოური საქონელი სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსაგან). 

- 12.01.2021-ის #4 ბრძანებით კი ინსტრუქციის 112-ე მუხლს დაემატა 38-40 პუნქტები, რომელთა მიხედვით, პირი, რომელიც ახორციელებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს ინფორმაცია, რათა შეუმცირდეს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გადავადებული საშემოსავლო გადასახადი. მოცემული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო განახორციელებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე იმ საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, რომელზეც გაგრძელებული იყო გადასახადის გადახდისთვის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადა. 

წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღდგება შესაბამისად შემცირებული საშემოსავლო გადასახადი. 

- ამავე 112-ე მუხლს 15.01.2021-ის #7 ბრძანებით დაემატა 42-44 პუნქტები: 

„42. პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია, რათა ამავე მუხლის 130-ე ნაწილის მიხედვით, შეუმცირდეს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გადავადებული საშემოსავლო გადასახადი (გადასახადი, რომელზეც გაგრძელებულია საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადა). 

43. ამ მუხლის 42-ე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო განახორციელებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე იმ საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, რომელზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის მიხედვით გაგრძელებული იყო გადასახადის გადახდისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადა. 

44. ამ მუხლის 42-ე პუნქტით განსაზღვრული წესით წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღდგება ამავე მუხლის 43-ე პუნქტის შესაბამისად შემცირებული საშემოსავლო გადასახადი“. 

მე-4 და მე-7 ბრძანებების მოქმედება ვრცელდება 2021 წლის 7 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

- 15.01.2021-ის #8 ბრძანების თანახმად ინსტრუქციის 112-ე მუხლის ფარგლებში 2021 წლის 1 მარტამდე დამქირავებელი ვალდებულია 112 მუხლის შესაბამისად „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ელექტრონულად ასახოს 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით 112 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია (`ა~ - აქტიური სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. `ბ~ - შეჩერებული სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც დროებით ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას და ამავდროულად შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი აღემატება 90 კალენდარულ დღეს).
 
ფინანსთა მინისტრის ბრძანება #994 

- ფინანსთა მინისტრის 21.01.2021-ის #10 და #11 ბრძანებებით ცვლილებები შევიდა ამავე პირის #994 ბრძანებით დამტკიცებულ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესში. 

კერძოდ კი, 3718 მუხლის შემდეგ დაემატა 3719 და 3720 მუხლები, რომლებიც ამოქმედდება მიმდინარე წლის პირველი მარტიდან.
 
„მუხლი 3719. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის პროცესი 

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა. 

2. ამ მუხლის მიზნებისათვის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს. 

3. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით. 

4. დამქირავებელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ახსნა-განმარტებები და ყველა ის დოკუმენტაცია, რაც განსაზღვრავს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის ან/და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სისწორის დადგენას, რაც აისახება „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმში. 

5. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას. 

6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ განხორციელდა დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარება ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ის მოძიება, ამასთან, თუ დამქირავებელი უარს აცხადებს წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ახსნა-განმარტებები ან/ და შესაბამისი დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო კონტროლის დანიშვნის თაობაზე, ამ წესის II კარით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 

მუხლი 3720. „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმი 

1. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს დანართი №246-ით გათვალისწინებულ „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმს. 

2. „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმში აისახება შესწავლის შედეგად გამოვლენილ ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაცია. 

3. შესწავლის შედეგად მიღებული შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც თანხვედრაშია „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ არსებულ ინფორმაციასთან, აღნიშნულ ოქმში არ აისახება, შეუვსებელი ველები გადაიხაზება და კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 

4. „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმი შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.“. 

განივრცო მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი და წარმოდგენილია შემდეგი სახით: 

„4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს როგორც ერთი კონკრეტული გადასახადის გადამხდელის, ასევე რამდენიმე გადასახადის გადამხდელის, კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ, ასევე მსგავსი ან იდენტური საქმიანობის სახით, გადასახადის ტიპით ან სხვა მსგავსი მახასიათებლებით პირთა ჯგუფის მიმართ.“ 

ახალდამატებული 154 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით, საკონტროლო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები აუდიო მტკიცებულების შექმნის მიზნით. 

იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული საკონტროლო შესყიდვით დადასტურდა საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ელექტრონული ფორმით ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს, რომელშიც მიეთითება სამართალდარღვევის გამოვლენის დამადასტურებელი აუდიო მტკიცებულების შესახებ. 

„საგადასახადო სამართალდარღვევათა აღმოსაფხვრელად პირს განესაზღვრება 2 სამუშაო დღის ვადა. თუ საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა გამოვლინდა ამ წესის 154 მუხლის შესაბამისად განხორციელებული პროცედურით, საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად პირს შეიძლება განესაზღვროს ვადა 10 სამუშაო დღემდე“. 

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები 

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #6/04 ბრძანებით, თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ პროვაიდერმა დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მათ შორის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონი, სსი პ – ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან (AML/CFT) დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, ეროვნული ბანკის შემოწმების შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები, წერილობითი მითითებები ან არ შეასრულა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები, ეროვნული ბანკი პროვაიდერს ან მის ადმინისტრატორებს დააკისრებს ფულად ჯარიმებს. 

კერძოდ კი: 

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-5, მე-7, მე-8 ან მე-11 პუნქტებით განსაზღვრული დებულებების დარღვევების შემთხვევაში ჯარიმა არის 5 000 ლარი, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. (მე-5, მე-7, მე-8 ან მე-11 პუნქტები: 

– პროვაიდერს უფლება არ აქვს, თავისი ვალდებულების უზრუნველყოფისთვის მომხმარებლის ფულადი სახსრები გამოიყენოს. 

– საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მას ელექტრონული ფული ფულად სახსრებზე გადაუცვალოს. 

– დაუშვებელია ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ მომსახურების განხორციელებისთვის მიღებულ ფულად სახსრებზე სარგებლის დარიცხვა ელექტრონული ფულის მომხმარებლის სასარგებლოდ. 

– იურიდიული პირი, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე ელექტრონული ფულის სქემაში შეიძლება მონაწილეობდეს, როგორც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები, და არ შეიძლება მოქმედებდეს, როგორც გადამხდელი, გარდა გადამხდელისთვის განხორციელებული ოპერაციის თანხის დაბრუნების შემთხვევისა. ელექტრონული ფულის პროვაიდერი ვალდებულია ამ პირთა მიერ ელექტრონული ფულის მიღებიდან არაუგვიანეს 15 საბანკო დღისა უზრუნველყოს აღნიშნული ელექტრონული ფულის მოცულობის ეკვივალენტური ფულადი სახსრების აღნიშნულ პირთა საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვა). 

პროვაიდერის მიერ მომხმარებლისაგან საგადახდო დავალების მიღების, გაუქმებისა თუ შესრულებასთან დაკავშირებული (მათ შორის, შესრულების ვადებთან, გადარიცხული და ჩარიცხული თანხის ოდენობებთან დაკავშირებული) მოთხოვნების და არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის თანხის მომხმარებლისათვის ანაზღაურებასთან დაკავშირებული „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე _ 300 ლარის ოდენობით. 

მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ განსაზღვრული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით, თითოეულ წარუდგენელ დოკუმენტზე. 

პროვაიდერის ყოველთვიური ანგარიშგების დადგენილი ფორმით ან დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 

პროვაიდერის კვარტალური ანგარიშგების ცალკეული ფორმის დადგენილი ფორმითა ან დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში – 200 ლარით. 

ყოველთვიური ან ყოველკვარტალური ანგარიშგებებით (გარდა მომხმარებელთა ფულადი სახსრების შესახებ ანგარიშგებისა) არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 100 ლარის ოდენობით, თითოეულ არაზუსტ ფორმაზე. 

პროვაიდერის მიერ უცხო ქვეყნის ისეთ პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, რომელიც არ არის „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში – 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 

მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგზე გატანის შესახებ ეროვნული ბანკისთვის დადგენილ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში – 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე. 

ასევე განხილულია პროვაიდერთან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის, პროგრამული სისტემის არქონის ან შესრულებული საგადახდო ოპერაციების აღრიცხვის მოთხოვნების დარღვევის, ასევე შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის, მოთხოვნილი ფორმით და დადგენილ ვადებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ დაკისრებული ჯარიმები. 

- ეროვნული ბანკის 28.01.2021-ის #9/04 ბრძანების თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტად (სგს) რეგისტრაციისთვის განცხადებას სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად, რომელიც ჩამოთვლილია სესხის გამცემი სუბიექტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის მე-3 მუხლში, უნდა დაერთოს ასევე სგს-ის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული სერვისის ინტეგრაციის დასტური. 

სგს ვალდებულია დაიცვას „სესხის გამცემი სუბიექტის ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს #119 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები. 

- 29.01.2021-ის ეროვნული ბანკის #10/04 ბრძანების საფუძველზე დაკორექტირდა კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესი, რომლის თანახმადაც კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის ანგარიშვალდებული პირი (შემოსავლების სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდა) თუ სამსახურს არ წარუდგენს ანგარიშგებას საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ დაჯარიმდება 15000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგონოს გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად და იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტი ან გარიგების მონაწილე პირი სანქციადაკისრებული ან დაკავშირებული პირია. 

სხვა ცვლილებები 

- შემოსავლების სამსახურის უფროსის 21.01.2021-ის #465 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესში, მეთოდური მითითების 23-მუხლს დაემატა ახალი მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები.
 
ცვლილების თანახმად, პირს, რომლესაც საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის (ფინანსთა მინისტრს/შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს 2020 წელს (მათ შორის, 2020 წლის თებერვალში, მარტში, აპრილსა და მაისში) გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ან/და ქონების გადასახადის გადახდისთვის ამ კოდექსით განსაზღვრული ვადა გაუგრძელოს არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა. ასეთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით გათვალისწინებული საურავი არ ერიცხება) შესაბამისად გაგრძელებული ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის განსაზღვრული ვადა და შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას, რომ ახორციელებს კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, გადასახდის გადახდის ვადის გაგრძელების სავადო თარიღში, შეუმცირდება შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი. 

(309-ე მუხლის 115 ნაწილი. ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2020 ან 2021 წელსაა გათვალისწინებული, გათავისუფლებულია `ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის~ (სეკ 006-2016): 

ა) 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; 

ბ) 56.1 კოდით (რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; 

გ) 56.3 კოდით (სასმელებით მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; 

დ) 79 კოდით (ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება). 

პირი, რომელიც მოცემულ რომელიმე საქმიანობასთან ერთად ახორციელებს სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, შემოსავლების სამსახურს დამატებით წარუდგენს ინფორმაციას იმ საშემოსავლო გადასახადის შესახებ, რომელიც მიეკუთვნება ზემოაღნიშნულ საქმიანობას. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, გადასახადის გადახდის ვადის გაგრძელების სავადო თარიღში, შემცირდება ის საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიეკუთვნება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას. 

- 15.01.2021-ში მიღებული შემოსავლების სამსახურის უფროსის #107 ბრძანების საფუძველზე ჩამოყალიბდა ბრძანება დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. მოცემულობა ამოქმედდა 2021 წლის 20 იანვრიდან. 

– დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ჩაითვლება არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელად. 

– კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, უნდა გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია). 

– არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი (მათ შორის, დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში), შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად. 

– კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი მინიჭებულად ითვლება მოცემული ბრძანების ამოქმედებისთანავე იმ პირისათვის, რომელიც ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის წარადგენს დღგ ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია). წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირი ჩაითვალება დღგ-ის არაკვალიფიციურ გადამხდელად. 

იხილეთ ასევე: 

– 22.01.2021-ის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის #ნ-1 ბრძანება, „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის #ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 28.01.2021-ის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

– 28.01.2021-ის მთავრობის #33 დადგენილება, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 12 თებერვლის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 21.01.2021-ის მთავრობის #25 დადგენილება, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

– 21.01.2021-ის მთავრობის #18 დადგენილება, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 30 ნოემბრის #716 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

სხვა სიახლეების გასაცნობად, ისარგებლეთ განახლებადი საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზით "ააფ-ინფო კონსულტანტი" (579-29-31-31). 

მარიამ აფრასიძე