ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: თებერვალი-2021 - №2(254), 2021
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 

- ფინანსთა მინისტრის 01.02.2021 წ. #20 ბრძანების თანახმად, ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. #996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. 

კერძოდ კი დაკორექტირდა 107-ე მუხლი, რომელიც ეხება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსებას, გაანგარიშების პირველ ნაწილში უნდა აისახოს ინფორმაცია მოსაკრებლის გადამხდელის რეკვიზიტების, გაანგარიშების ტი პის (პირველადი/შესწორებული), საანგარიშო პერიოდის შესახებ, ასევე, ეკონომიკური საქმიანობის ("NACE") კოდი. 

გაანგარიშების ყველა გვერდზე უნდა მიეთითოს გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელისმოწერით დადასტურდეს გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის მითითებით. 

გაანგარიშების მე-3 ნაწილი წარმოდგენილია შემდეგი სახით:
     

• თუ წლის შიგნით რომელიმე საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა აღემატება ამავე პერიოდის გეგმურ მოცულობას, გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა. 

• თუ ადგილი აქვს ლიცენზიის/მისი ნაწილის იჯარით გაცემას, მოსაკრებლის გაანგარიშებას და გადახდას ახორციელებს ლიცენზიის მესაკუთრე. 

• თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია განცხადებით მიმართოს ლიცენზიის გამცემ ორგანოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. 

მაგალითი 1: 

პირმა 2021 წლის მარტის თვეში მიიღო სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზია 2026 წლის მარტამდე მოქმედების ვადით. ლიცენზიაზე დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 15 000 მ3, შემდეგ წლებში 20 000 მ3-ს, ხოლო 2026 წელს (პირველ მარტამდე) - 2 000 მ3-ს. 
მოცემულ შემთხვევაში: 

2021 წლის წლიური გეგმა მოიცავს 10 თვეს - მარტიდან დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდს. შესაბამისად, რადგან აღნიშნული პერიოდი აღემატება 6 თვეს, 15 ივლისის და მომდევნო წლის 15 იანვრის სავადო თარიღებისთვის წარდგენილი ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდების გაანგარიშებებში ასახულ უნდა იქნეს თვიური ლიმიტის შესაბამისად განსაზღვრული 2021 წლის გეგმით გათვალისწინებული ასათვისებელი რესურსის მოცულობა. მოცემული მაგალითის პირობებში, 2021 წლის I არასრული ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის (მარტი-ივნისი) გაანგარიშებაში (სვ.4) ასახვას ექვემდებარება 6 000 მ3 (15 000/10*4), ხოლო II ექვსთვიანი (ივლისი-დეკემბერი) საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში, რომელიც წარედგინება საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა - 9000 მ3 (15 000/10*6). 

2022-2025 წლებში (ემთხვევა კალენდარულ წელს), ყოველი წლის ექვსთვიან პერიოდებზე სავადო თარიღებისთვის (არაუგვიანეს 15 ივლისი და მომდევნო წლის 15 იანვარი) წარდგენილ გაანგარიშებაში, ასახულ უნდა იქნეს შესაბამისი წლის ათვისების გეგმით განსაზღვრული რესურსის მოცულობა თანაბარ ნაწილებად (წლიური გეგმის 1/2-ის ოდენობით), მოცემული მაგალითის პირობებში - 10 000 მ(20 000/2).
 
2026 წლის წლიური გეგმა მოიცავს 2 თვეს - იანვრიდან თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდს. შესაბამისად, რადგან აღნიშნული პერიოდი არ აღემატება 6 თვეს, წლიური გეგმით მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (2000 მ3) სრულად ექვემდებარება ასახვას 2026 წლის 15 ივლისისთვის წარსადგენ გაანგარიშებაში. 

მაგალითი 2: 

პირმა 2021 წლის სექტემბრის თვეში მიიღო სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზია 2026 წლის სექტემბრამდე მოქმედების ვადით. ლიცენზიაზე დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 4 000 მ3-ს, შემდეგ წლებში 12 000 მ3-ს, ხოლო 2026 წელს (პირველ სექტემბრამდე) - 8 000 მ3-ს. 

მოცემულ შემთხვევაში: 

2021 წლის წლიური გეგმა მოიცავს 4 თვეს - სექტემბრიდან დეკემბრის  ჩათვლით პერიოდს. შესაბამისად, რადგან აღნიშნული პერიოდი არ აღემატება 6 თვეს, წლიური გეგმით მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (4000 მ3) სრულად ექვემდებარება ასახვას 2022 წლის 15 იანვრისთვის წარსადგენ გაანგარიშებაში. 

2022-2025 წლებში, ყოველი წლის ექვსთვიან პერიოდებზე სავადო თარიღებისათვის (არაუგვიანეს 15 ივლისი და მომდევნო წლის 15 იანვარი) წარდგენილ გაანგარიშებაში, ასახულ უნდა იქნეს შესაბამისი წლის ათვისების გეგმით განსაზღვრული რესურსის მოცულობა თანაბარ ნაწილებად (წლიური გეგმის 1/2-ის ოდენობით), მოცემული მაგალითის პირობებში - 6 000 მ3 (12 000 მ3/2). 

ლიცენზიის დასრულების წელს (2026 წელს) - ვინაიდან წელი არის არასრული (მოიცავს 8 თვეს), 15 ივლისის და მომდევნო წლის 15 იანვრის სავადო თარიღებისთვის წარდგენილ ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდების გაანგარიშებებში ასახულ უნდა იქნეს თვიური ლიმიტის შესაბამისად განსაზღვრული 2026 წლის გეგმით გათვალისწინებული ასათვისებელი რესურსის მოცულობა. მოცემული მაგალითის პირობებში, 2026 წლის I ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში (სვ.4) ასახვას ექვემდებარება 6 000 მ3 (8 000 მ3/8*6), ხოლო II ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში 2 000 მ3 (8 000 მ3/8*2). 

დ.ვ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიების შემთხვევაში, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე მოპოვებული სასარგებლო წიღისეულისთვის ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით; 

დ.ზ) შავ ზღვაში თევზჭერაზე – თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობა; 

დ.თ) სხვა ბუნებრივ რესურსებზე – თვის განმავლობაში ფაქტობრივად მოპოვებული ბუნებრივი რესურსის მოცულობა (ოდენობა); 

დ.ი) ლიცენზიის გარეშე მოსაპოვებელ სასარგებლო წიაღისეულზე - კვარტალის განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის პროპორციულად. ამასთანავე, თუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა ან თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრულს, მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით; 

ე) მე-5 სვეტში აისახება ბუნებრივი რესურსის ის მოცულობა (რაოდენობა), რომელიც არ ექვემდებარება მოსაკრებლის გადახდას. ასევე, წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშების ამ სვეტში ასასახი მონაცემები შეიძლება წარმოიქმნას იმ შემთხვევაში, როცა გაანგარიშების მე-4 სვეტში ასახული ბუნებრივი რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას, იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიღისეულის ოდენობა არ აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას. 

მაგალითი 3: 

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2019 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა შეადგენს 20 000 მ3. 2019 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 14 000 მ3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი. 

მოცემულ შემთხვევაში: 

პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: 

2019 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისთვის წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ. 4) უნდა აისახოს 2019 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 10 000 მ3

2020 წლის 15 იანვრის სავადო თარიღში წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ. 4) უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 14 000 მ3. იმის გათვალისწინებით, რომ წლის მანძილზე ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა (14 000 მ3) ნაკლებია ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ 2019 წლის ასათვისებელ წლიურ მოცულობაზე (20000 მ3) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება 20 000 მ3 ოდენობის ბუნებრივ რესურსზე. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 24 000 მ3-ს (10 000 მ3 +14 000 მ3), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 4 000 მ3 ((10 000 მ3+14 000 მ3)- 20 000 მ3) რესურსის მოცულობა. 

მაგალითი 4: 

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2019 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა შეადგენს 20 000 მ3. 2019 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელმა მოიპოვა 18 000 მ3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 8 000 მ3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი. 

მოცემულ შემთხვევაში: 

პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: 

2019 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისთვის წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ. 4) უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 18 000 მ3

2020 წლის 15 იანვრის სავადო თარიღში წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/ მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ. 4) უნდა აისახოს 2019 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 10 000 მ3. იმის გათვალისწინებით, რომ წლის მანძილზე ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა (26 000 მ3) აღემატება ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ 2019 წლის ასათვისებელ წლიურ მოცულობას (20 000 მ3) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფაქტობრივად მოპოვებული 26 000 მ3 ოდენობის ბუნებრივ რესურსზე. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 28 000 მ3-ს (18 000 მ3+10 000 მ3), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 2 000 მ3 ((18000 მ3+10 000 მ3)- 26 000 მ3) რესურსის მოცულობა. 

მაგალითი 5: 

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2019 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა შეადგენს 20 000 მ3. 2019 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელმა მოიპოვა 16 000 მ3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 4 000 მ3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი. 

მოცემულ შემთხვევაში: 

პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

2019 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისთვის წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ. 4) უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 16 000 მ3

2020 წლის 15 იანვრის სავადო თარიღში წარმოდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/ მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ. 4) უნდა აისახოს 2019 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 10 000 მ3. იმის გათვალისწინებით, რომ წლის მანძილზე ფაქტობრივად მოპოვებულია ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2019 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა (20 000 მ3) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება რესურსის ამ მოცულობაზე (20 000 მ3). შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 26 000 მ3-ს (16 000 მ3+10 000 მ3), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 6 000 მ3 ((16 000 მ3+10 000 მ3)-20 000 მ3) რესურსის მოცულობა. 

ვ) მე-6 სვეტში აისახება მოსაკრებლის გადახდას დაქვემდებარებული ბუნებრივი რესურსის მოცულობა (რაოდენობა) (სვტ.4 – სვტ.5). 

ზ) მე-7 სვეტში აისახება მოსაკრებლის ის განაკვეთი, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრულია პირველ სვეტში მოცემული მოსაკრებლის გადახდას დაქვემდებარებული თითოეული სახეობის რესურსისთვის. 

თ) მე-8 სვეტში აისახება მე-6 და მე-7 სვეტებში მოცემული სიდიდეების ნამრავლი. 

5. იმ შემთხვევაში, როცა მოსაკრებლის გადამხდელი ანგარიშგებას ახორციელებს ლიცენზიის მიღების თარიღის გათვალისწინებით და, შესაბამისად, ექვსთვიანი პერიოდი არ ემთხვევა კალენდარული წლის ექვსთვიან პერიოდს, ამ წესით განხორციელებული ანგარიშგება მოიცავს 2021 წლის I ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის ნაწილს, პირს უფლება აქვს ამავე გაანგარიშებით შეიმციროს თვიური ლიმიტის შესაბამისად განსაზღვრული 2021 წლის გეგმით გათვალისწინებული ასათვისებელი რესურსის მოცულობა. ამასთან, 2021 წლის ექვსთვიანი და ყოველი შემდგომი პერიოდის გაანგარიშება წარდგენილ უნდა იქნეს 15 ივლისის და 15 იანვრის სავადო თარიღების მიხედვით. 

- ფინანსთა მინისტრის 16.02.2021-ის #33 ბრძანების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის, მოიჯარის ანდა მძღოლის მომართვის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გასცეს ინფორმაცია აღნიშნულ პირთა სატრანსპორტო საშუალებით საქონლის ტრანსპორტირების მიზნით გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში მითითებული გამყიდველის, გამგზავნის ან მყიდველის,მიმღების დასახელების, სახელის და გვარის, საიდენტიფიკაციო/ პირადი ნომრის და ტრანსპორტირების თარიღის შესახებ. 

- ფინანსთა მინისტრის 17.02.2021-ის #36 ბრძანების თანახმად, რომელიც ამოქმედდება 19.03.2021 ში, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საგადასახადო აღრიცხვა, შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსთვის ვიდეოზარით მიმართვის საფუძველზე. საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე ფიზიკური პირის ვიდეოზარით მიმართვა ასევე წარმოადგენს მოცემული ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის მოთხოვნას. ცალკეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით მიმართვის ნაცვლად, პირს მოსთხოვოს #I-01 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა. 

ფინანსთა მინისტრის ბრძანებები #994 და #999 

- ფინანსთა მინისტრის 11.02.2021-ის #30 ბრძანების საფუძველზე დაკორექტირდა ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. #994 ბრძანებით დამტკიცებული `მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის~ 46-ე მუხლი, რომელიც ეხება საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლოსადმი. 

ცვლილების თანახმად საგადასახადო ორგანო, აღსრულების ეროვნული ბიურო პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს რაიონულ სასამართლოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის შედგენიდან ან ქონების შეფასების შესახებ დასკვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, თუ ჯამურად გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 500 ლარს (გარდა წესის XVIII თავით გათვალისწინებული, დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადების შემთხვევისა). 

საჯარო შეტყობინების შედეგად აღიარებული საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის გასვლიდან 10 კალენდარული დღის შემდეგ. 

- ფინანსთა მინისტრის 25.02.2021-ის #38 ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. #994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის ფარგლებში, რომელიც ეხება სმფ-ის ჩამოწერის დოკუმენტის გაფორმებას, თუ უფლებამოსილი პირის მიერ შეუძლებელია დანართ #24-ში მითითებული სმფ-ის ფაქტობრივად არსებულთან შედარება, მას უფლება აქვს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს საკუთარი ხარჯებით შესაბამისი სპეციალისტის მოწვევა, გარდა 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რომელიც გულისხმობს, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსს აქვს უფლებამოსილება ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ანდა ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს რაოდენობრივი/თანხობრივი ზღვარი, რომლის ფარგლებში, დანართ #24-ში მითითებული სმფ ები ფაქტობრივად არსებულის შესაბამისად ჩაითვლება. 

- ფინანსთა მინისტრის 17.02.2021 წ. #35 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. #999 ბრძანების დამტკიცებულ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციაში, ცვლილების თანახმად თუ ფიზიკური პირი მიმდინარე საანგარიშო წელს გადაწყვეტს მიკრობიზნესის სტატუსის მიღებას ანდა დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მიკრობიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლას, მის მიერ მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ანდა წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას, ხოლო მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით. 

„მაგალითი 2. 

გიორგიმ 2021 წლის 25 ივნისიდან მიიღო მიკრობიზნესის სტატუსი. მოცემული მომენტისათვის მისი ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 15 000 ლარს, ბიუჯეტში კი მიმდინარე გადასახდელების სახით გადახდილი ჰქონდა 1000 ლარი. საანგარიშო წლის დასრულებამდე მან კიდევ მიიღო შემოსავალი 7000 ლარის ოდენობით. 

ანალიზი: 

ვინაიდან გიორგიმ სტატუსი მიიღო 2021 წლის 25 ივნისიდან, მიკრობიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმი გავრცელდება მის მიერ 2021 წლის 25 ივნისიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, ანუ 7000 ლარზე. ამასთან, მის მიერ სტატუსის მინიჭებამდე შემოსავლები (15 000 ლარი) დაექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას. 
გიორგის მიერ 2022 წლის 1 აპრილამდე წარსადგენ დეკლარაციაში სპეციალური რეჟიმით დაქვემდებარებული შემოსავლების აღრიცხვის ნაწილში აისახება 7 000 ლარი. ამასთან, ფიზიკურ პირს სტატუსის მიღების შემდგომ მიმდინარე გადასახდელები აღარ დაერიცხება“. 

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები 

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 09.02.2021-ის #17/04 ბრძანებით ცვლილება შევიდა კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში. 
მე-2 მუხლის პირველ პუნქტს ახალ ტერმნთა განმარტებების სახით დაემატა „ჟ“-„ყ“ ქვეპუნქტები: 

„ჟ) ცვალებადი ანაზღაურების გამომუშავების პერიოდი (აცცრუალ პერიოდ) – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ფასდება ანაზღაურების მიმღები პირის მიერ შესრულებული სამუშაო შესაბამისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების საფუძველზე, რათა განისაზღვროს მისთვის მისანიჭებელი ცვალებადი ანაზღაურების ოდენობა. მატერიალური რისკის ამღებ პირთათვის (გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა) ცვალებადი ანაზღაურების გამომუშავების პერიოდი უნდა მოიცავდეს მთლიანი წლის შედეგებს. 

რ) ცვალებადი ანაზღაურების მინიჭება (award) – ცვალებადი ანაზღაურების გამომუშავების პერიოდის შედეგების შესაბამისად ანაზღაურების მიმღები პირისთვის ცვალებადი ანაზღაურების მინიჭება, მიუხედავად იმისა, როდის მოხდება მინიჭებული ცვალებადი ანაზღაურების გადახდა ან/და მიკუთვნება. 

ს) ცვალებადი ანაზღაურების მიკუთვნება (vesting) – მომენტი, როდესაც ანაზღაურების მიმღები პირი ხდება მინიჭებული ცვალებადი ანაზღაურების მესაკუთრე, მიუხედავად იმისა, მინიჭებულ ცვალებად ანაზღაურებას ეხება თუ არა შეკავების ან/და უკან დაბრუნების პირობა. 

ტ) გადავადების პერიოდი (deferral period) – პერიოდი ანაზღაურების მიმღები პირისთვის ცვალებადი ანაზღაურების მინიჭებასა და მის მიკუთვნებას შორის, როდესაც ანაზღაურების მიმღები პირი ჯერ კიდევ არ არის მისთვის მინიჭებული ანაზღაურების მესაკუთრე. 

უ) ცვალებადი ანაზღაურების შემცირება (malus) – ბანკის მიერ, რისკების რეალიზებისას, ამ კოდექსის მე-19 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, გადავადებული ცვალებადი ანაზღაურების მიკუთვნებამდე მისი სრული ან ნაწილობრივი შემცირება. 

ფ) ცვალებადი ანაზღაურების დაბრუნება (clawback) – ბანკის მიერ ანაზღაურების მიმღები პირისგან ცვალებადი ანაზღაურების უკან დაბრუნება მისი გადახდის ან/და მიკუთვნების შემდეგ, ამ კოდექსის მე-19 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. 

ქ) დისკრეციული საპენსიო სარგებელი – დამატებითი საპენსიო სარგებელი, რომელიც ბანკის მიერ დისკრეციულ საფუძველზეა გაცემული მატერიალური რისკის ამღები პირის ან სხვა თანამშრომლის მიმართ, როგორც ცვალებადი ანაზღაურების ერთ-ერთი ფორმა. საპენსიო გადახდები და შენატანები, რომელიც არ არის დამოკიდებული მისი მიმღების საქმიანობის შედეგებზე, არ მიიჩნევა დისკრეციულ საპენსიო სარგებლად. 

ღ) მნიშვნელოვანი ბანკი - ბანკი, რომელიც მთლიანი აქტივების სიდიდის მიხედვით მიეკუთვნება საქართველოში მოქმედი სამი უდიდესი ბანკიდან ერთ-ერთს. ბანკმა, მნიშვნელოვან ბანკად კლასიფიცირების შემთხვევაში, კოდექსის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს 1 წლის ვადაში. 

ყ) სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკი - „სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის #174/04 ბრძანებით განსაზღვრული სისტემური მნიშვნელობის ბანკი. ბანკმა, სისტემურად მნიშნველოვან ბანკად კლასიფიცირების შემთხვევაში, კოდექსის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს 1 წლის ვადაში“. 

ამ ცვლილების თანახმად ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი სრულად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ბანკის ორგანიზაციულ სტრუქტურაში და დეტალურად უნდა იცნობდეს ბანკის მიზანს, საჭიროებებს, სისუსტეებს, ასევე იცნობდეს იმ ჯგუფის სტრუქტურას, რომელსაც ბანკი ეკუთვნის და უნდა ფლობდეს ინფორმაციას ყველა იმ მნიშვნელოვან რისკებსა და პრობლემებზე, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ მთლიან ჯგუფზე ან ბანკის შვილობილ კომპანიებზე. ბანკს უნდა გააჩნდეს ანგარიშგების ისეთი სისტემა, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის სრულად ინფორმირებას ბანკის ზოგად საქმიანობაზე, ფინანსურ მდგომარეობაზე, ბანკის წინაშე არსებულ მატერიალურ რისკებსა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ბანკის ბიზნეს საქმიანობაზე. 

რისკების დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საოპერაციო დირექტორი, ფინანსური დირექტორი, შიდა აუდიტის უფროსი ან სხვა მმართველობით პოზიციაზე დანიშნული პირი. 

ეროვნულ ბანკს აქვს უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ბანკის ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ და არსებულ რეგულაციებთან გამოვლენილი შეუსაბამობების შემთხვევაში მოსთხოვოს ბანკს ცვლილებების განხორციელება. ეროვნულ ბანკი ასევე უფლებამოსილია, მოითხოვოს ბანკისგან შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, რომ ანაზღაურების სისტემიდან მომდინარე წახალისებები სათანადოდ ითვალისწინებს ბანკის რისკებს, საზედამხედველო კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნებს და შემოსავლების მიღების ალბათობებს. 

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე დაკორექტირდა კორპორაციული მართვის კოდექსის სხვადასხვა მუხლიც და ამასთან ბანკებმა უნდა უზრუნველყონ წესდებების, პოლიტიკებისა და ხელშეკრულებების ამ ბრძანებით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა, არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა, ანაზღაურებისა და ნომინაციის კომიტეტების დამოუკიდებელი თავმჯდომარეების მოთხოვნასთან შესაბამისობა კი არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა. 

- 25.02.2021-ის #26/04 ბრძანებით, საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულებაში კორექტირების შედეგად ექვაირერი ვალდებულია 2021 წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყოს სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებთან (მათ შორის, ამ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით) მატერიალური ფორმით უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისობა მოთხოვნებთან. თუ ექვაირერს დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის (იხ. ქვემოთ) შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მიღებული აქვს სარწმუნო ინფორმაცია სავაჭრო ან მომსახურების ობიექტის საქმიანობის შესახებ, უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ არ ვრცელდება სავაჭრო ან მომსახურების ობიექტის საქმიანობის სფეროს ხელშეკრულებაში განსაზღვრის ვალდებულება. ექვაირერი ვალდებულია მის ხელთ არსებული საშუალებებით სავაჭრო ან მომსახურების ობიექტს წინასწარ, 2021 წლის 1 ივნისამდე, მიაწოდოს ინფორმაცია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

(მუხლი 10. ექვაირერის საქმიანობა 

1. ექვაირერი და სუბ-ექვაირერი უფლებამოსილია მომსახურება გაუწიოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტს, რომლის მიმართაც გაატარა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის და მის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ღონისძიებები და მიიღო სარწმუნო ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის შესახებ). 

სხვა ცვლილებები 

- პარლამენტის მიერ 18.02.2021-ში მიღებული #240-IVმს-Xმპ კანონის თანახმად, ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც პანდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი ჯარიმდება 20 ლარით. 

პანდემიის პირობებში დახურულ საჯარო სივრცეში ხელმეორედ პირბადის არმქონე პირის დაშვებისთვის დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმე დაჯარიმდება 1000 ლარით. 
საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, ასევე ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დამრღვევი ჯარიმდება - 20 ლარის ოდენობით, განმეორებით შემთხვევაზე კი 40 ლარით. 

- 04.02.2021-ში მიღებული #166-IVმს-Xმპ კანონის საფუძველზე 2020 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 2022 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყონ კოოპერატივების წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობისა და საკუთარი წესდებების კანონთან შესაბამისობა. 

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 12.02.2021 წ. #01-15/ნ ბრძანებით თანდართული სამუშაო დროის აღრიცხვის წესი (დანართი #1) და სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა (დანართი #2). ბრძანების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოგვყავს დანართი #1 სრულად: 

`სამუშაო დროის აღრიცხვის წესი 

მუხლი 1 

1. სამუშაო დროის აღრიცხვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის (დანართი №2) კომპონენტებს, შევსებისა და წარმოების პროცედურებს. 

2. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა არის დასაქმებულთა სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხულ მონაცემებს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი საათების შესახებ. 

3. სამუშაო დროის აღრიცხვა, ამ წესის შესაბამისად, სავალდებულოა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დამსაქმებლებისთვის (ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება). 

მუხლი 2 

1. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით. 

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით დადგენილი სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა უნდა მოიცავდეს არანაკლებ ამ წესით განსაზღვრულ მონაცემებს, თუმცა დამსაქმებელი უფლებამოსილია, მიუთითოს სხვა დამატებითი ინფორმაცია ან აღრიცხოს სამუშაო დრო ნებისმიერი სხვა ფორმით ამ წესით დადგენილი მინიმალური მონაცემების გათვალისწინებით. 

3. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან/და პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში. 

4. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი დგინდება დამსაქმებლის მიერ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 10 რიცხვისა. 

5. ცვლაში მუშაობისას, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმას თან უნდა დაერთოს დამსაქმებლის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამტკიცებული ცვლის განრიგი. თუ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ცვლის განრიგმა განიცადა ცვლილება, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმას, ცვლის განრიგთან ერთად დაერთვის ცვლილების ამსახველი დოკუმენტი. 

მუხლი 3 

1. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. 

2. დასაქმებული უფლებამოსილია დამსაქმებლისგან მოითხოვოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ის გაცნობა. 

მუხლი 4 

1. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა, როგორც ყოველთვიური დოკუმენტი, საბოლოო წერილობითი ან/ და ელექტრონული დოკუმენტის სახით შევსებული და ხელმოწერილი 1 წლის განმავლობაში ინახება დამსაქმებელთან ან მის მიერ განსაზღვრულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში/პირთან. 

2. დამსაქმებელი ვალდებულია, განსაზღვროს სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/ შევსებაზე, შენახვაზე და დასაქმებულებისთვის გაცნობაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი ან სტრუქტურული ქვედანაყოფი. 

მუხლი 5 

1. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას მიეთითება: 

ა) გრაფაში „ორგანიზაციის დასახელება“ – ორგანიზაციის/დაწესებულების სრული დასახელება; 

ბ) გრაფაში „სტრუქტურული ერთეული“ – ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის/ დანაყოფის/ ქვედანაყოფის, როგორიცაა დეპარტამენტი, სამსახური, სამმართველო და ა.შ. სრული დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

გ) გრაფაში „შედგენის თარიღი“ – პასუხისმგებელი პირის მიერ სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შედგენის თარიღი; 

დ) გრაფაში „საანგარიშო პერიოდი (-დან, -მდე)“ – საანგარიშო პერიოდის დაწყებისა და დასრულების თარიღები; 

ე) გრაფაში „საიდენტიფიკაციო კოდი“ – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უნიკალური და მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი; 

ვ) გრაფაში 1 – რიგითი ნომერი; 

ზ) გრაფაში 2 – დასაქმებულის გვარი, სახელი, თანამდებობა (სპეციალობა, პროფესია); 

თ) გრაფაში 3 – პირადი ნომერი ან ტაბელის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 

ი) გრაფებში 4 და 6 – საანგარიშო პერიოდში/თვის განმავლობაში აღნიშვნები სამუშაოზე გამოცხადების/ არგამოცხადების შესახებ თარიღების მიხედვით შესაბამისად თვის პირველ და მეორე ნახევარში; 

კ) გრაფებში 5 და 7 – შესაბამისი თვის პირველ და მეორე ნახევარში ნამუშევარი საათების ჯამი; 

ლ) გრაფაში 8 – თვის განმავლობაში ნამუშევარ დღეთა ჯამური რაოდენობა; 

მ) გრაფაში 9 – თვის განმავლობაში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; 

ნ) გრაფაში 10 – თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; 

ო) გრაფაში 11 – თვის განმავლობაში ღამით (22.00 დან 6.00-მდე პერიოდი) ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; 

პ) გრაფაში 12 – თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; 

ჟ) გრაფაში 13 – თვის განმავლობაში სხვა 10-12 გრაფებისგან განსხვავებული, მათ შორის დისტანციურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; 

რ) გრაფაში 14 – თვის განმავლობაში დროებითი შრომისუუნარობის პერიოდის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების (საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის) პერიოდი; 

ს) გრაფაში 15 – თვის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი; 

ტ) გრაფაში 16 – ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდი; 

უ) გრაფაში 17 – თვის განმავლობაში სხვა 14 16 გრაფებისგან განსხვავებული გაცდენილი დღეების/ საათების ჯამური რაოდენობა; 

ფ) გრაფაში 18 – თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეების ჯამური რაოდენობა; 

ქ) გრაფაში „პასუხისმგებელი პირი“ – დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/შევსებაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა და ხელმოწერა; 

ღ) გრაფაში „ორგანიზაციის/სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი“ _ ორგანიზაციის/ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, ხელმოწერა და თარიღი. 

2. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და შევსებაზე პასუხისმგებელი პირი ერთი და იგივე პირია, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა დასტურდება ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელმოწერით. 

3. ერთი და იგივე დასაქმებულის მიერ ერთსა და იმავე ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ან ამ ორგანიზაციის/ დაწესებულების ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში ორ სხვადასხვა თანამდებობაზე (სპეციალობით, პროფესიით) დასაქმების შემთხვევაში (შეთავსებით სამუშაო), სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე თვითოეულ თანამდებობაზე (სპეციალობით, პროფესიით) ნამუშევარი საათების გათვალისწინებით. 

4. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას გამოიყენება შემდეგი პირობითი აღნიშვნები: 

ა) „გ“ – გაცდენა; 

ბ) „ს/ფ“ – საავადმყოფო ფურცელი; 

გ) „შ“ – ანაზღაურებადი შვებულება; 

დ) „უხ/შ“ – შვებულება ანაზღაურების გარეშე; 

ე) „X“ – დასვენების და უქმე დღეები~. 

იხილეთ ასევე: 

- 26.02.2021-ის ფინანსთა მინისტრის #43 ბრძანება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ. 

- 04.02.2021-ის ფინანსთა მინისტრის #24, „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ. 

- 25.02.2021-ის ფინანსთა მინისტრის #39 ბრძანება, „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს #254 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

- 16.02.2021-ის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის #ს 11 ბრძანება, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 22 სექტემბრის #ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

- 08.02.2021-ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის #1-1/33 ბრძანება, `საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის #1 1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

სხვა სიახლეების გასაცნობად, ისარგებლეთ განახლებადი საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზით "ააფ-ინფო კონსულტანტი" (ტელ. 579-29-31-31). 

მარიამ აფრასიძე