ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი - მაჩვენებელი, რომელიც საგანგაშოა - №4(256), 2021
რაც უფრო იზრდება დეფიციტი, მით მეტად ვშორდებით ევროკავშირს 

არსებობს მრავალი ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს, თუ რა მდგომარეობაა ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაში: ვითარება საიმედოა და ხელსაყრელი თუ, პირიქით, საქმე საგანგაშოდაა. სწორედ ერთ-ერთ მაჩვენებელზე გავამახვილებთ ყურადღებას, რაც საქართველოს შემთხვევაში დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ შეიცავს. 

გარდა სხვა მრავალი მაჩვენებლისა, რაც ეკონომიკური მდგომარეობის არასახარბიელო სიტუაციას ასახავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ბოლო წლებში სულ უფრო მზარდია და გასულ წელს შეიძლება ითქვას, რეკორდულ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ეკონომიკის ექსპერტები ამ მიმართულებითაც ამახვილებენ ყურადღებას და ხელისუფლებას მოუწოდებენ, პასუხისმგებლობით მოექცნენ ბიუჯეტის დეფიციტის მუდმივად გაუარესების ტენდენციას.
 
რა არის ბიუჯეტის დეფიციტი? 

ბიუჯეტის დეფიციტი განმარტებულია კანონით „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“: 

"მუხლი 15. სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი და დეფიციტი 

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, ხოლო საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებს შორის სხვაობა – ბიუჯეტის მთლიანი სალდო. 

2. დადებითი მთლიანი სალდო არის სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი, ხოლო უარყოფითი მთლიანი სალდო – დეფიციტი“. 

ასე რომ, ბიუჯეტის დეფიციტია, როდესაც საბიუჯეტო ხარჯები აჭარბებს საბიუჯეტო შემოსავლებს. ამიტომ, რადგან ბიუჯეტის ფული აღარ ჰყოფნის ხარჯების დასაფარად, მთავრობა იძულებული ხდება ფული ისესხოს. ვალის ზრდა კი თავისთავად რისკის შემცველია. ასევე, უცხოური ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხების უსასრულო აღება ვერ გაგრძელდება. როდესაც ვალი იმდენად იზრდება, რომ ქვეყანას მისი გადახდის საშუალება აღარ აქვს, მაშინ ცხადდება დეფოლტი. ქვეყანას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ვალებს კი ჩამოაწერენ, მაგრამ, ასეთ ქვეყანაში აღარც ინვესტორები შედიან და არც აღარავის ეხალისება ბიზნესის კეთება. ასეთი დამოკიდებულება და შედეგად წარმოქმნილი მდგომარეობა კი ბევრად უარესია, ვიდრე დიდი ვალის ქონა. 

სწორედ იმიტომ, რომ ქვეყნის მთავრობა ვალების აღებით უსასრულოდ არ „გაერთოს“ და სახელმწიფოს იმხელა ვალი არ აჰკიდოს, რომლის გადახდაც შესაძლოა გაუჭირდეს, კახა ბენდუქიძის ინიციატივით, წინა ხელისუფლებისდროინდელმა პარლამენტმა 2011 წელს მიიღო კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, იგივე „თავისუფლების აქტი“. სხვა რამდენიმე შეზღუდვასთან ერთად კანონში ყურადღებაა გამახვილებული ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ. 

"მუხლი 2. მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა 

1. ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის, მოსახლეობის კეთილდღეობის, მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დგინდება მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები: 

ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება - არაუმეტეს 3 პროცენტისა; 

ბ) საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება - არაუმეტეს 60 პროცენტისა".
 
როგორც ვხედავთ, ამ კანონით, მთავრობა ვალდებულია ბიუჯეტის დეფიციტმა არ გადააჭარბოს მშპ-ის 3%-ს. 

თუ გადავხედავთ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, ვნახავთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტის ლიმიტი, რომელიც განსაზღვრულია „თავისუფლების აქტით“, არ დარღვეულა. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მეოთხე თავის ბოლოში ორაბზაციანი განმარტებაა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვრულ პარამეტრებთან დაკავშირებით:

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების ზღვრული მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 3%-ს. 2019 წლის სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2.7%-ის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 1 297.4 მლნ ლარს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2.6%-ია. 

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების ზღვრული მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 60%-ს. საანგარიშო პერიოდის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრულმა მოცულობამ შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 39.8%". 

ბუნებრივია, ქვეყანაში 2019 წელს ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო 2020-თან შედარებით – არც კორონაპანდემია იყო გავრცელებული და არც რამდენიმე ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადებულა. მაგრამ, როგორც შესრულების ანგარიშიდან ჩანს, ბიუჯეტის დეფიციტი 3%-იან ლიმიტს საკმაოდ იყო უკვე მიახლოებული. რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, მდგომარეობა უკვე გაცილებით მძიმე და ექსპერტების მოსაზრებით, საგანგაშოა.
 
ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში, როდესაც მთავრობამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და მას „ანტიკრიზისული ბიუჯეტი“ დაარქვა, ხელისუფლების ოპონენტებმა სახიფათო მოლოდინებზე გაამახვილეს ყურადღება. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს შორის ერთ-ერთზე, სწორედ გაზრდილ დეფიციტზე ამახვილებდა ყურადღებას. 

„ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი უპრეცედენტო ნიშნულს აღწევს და 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.5 პროცენტის ოდენობითაა დაგეგმილი, ნაცვლად თავდაპირველი 2.5 პროცენტისა. პანდემიის შედეგად ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე ბიუჯეტის დეფიციტის დროებითი ზრდა გარდაუვალი იყო, მაგრამ მისი მოცულობა შეიძლება ნაკლები ყოფილიყო, მთავრობას ბიუჯეტში არსებული მრავალი უსარგებლო, არაპრიორიტეტული, ბიუროკრატიული და პოლიტიკურად მოტივირებული ხარჯი რომ შეეკვეცა. დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყარო საგარეო ვალდებულებების ზრდაა, რომლებიც 5.2 მილიარდით მატულობს. შედეგად, მთავრობის ვალი 2020 წელს 28.4 მილიარდ ლარს უტოლდება და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 13.2 პროცენტული პუნქტით იზრდება, რაც 54.4 პროცენტს შეადგენს. მთავრობის ვალი სწრაფად უახლოვდება მთლიანი შიდა პროდუქტის 60-პროცენტიან ზედა ზღვარს, რომელიც დაწესებულია ქვეყნის კანონმდებლობით და რაც ვალის მდგრადობის რისკებს წარმოშობს“, – დაწერა რომან გოცირიძემ ჟურნალ „ფორბს ჯორჯიაში“. 
     

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გასულ წელს ბიუჯეტში ცვლილების შეტანა მიმოიხილა და ყურადღება გაამახვილა დეფიციტის მკვერ ზრდაზე. „ანტიკრიზისული ბიუჯეტის“ დამტკიცებამდე უკვე არსებობდა გარკვეული ცვლილებები თავდაპირველად დამტკიცებულ მაჩვენებლებთან შედარებით. 
ეს მაჩვენებლები გახლდათ პროგნოზი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანისას. უკვე წლის დასრულების შემდეგ კი ცნობილი გახდა შესრულების ანგარიში. 

ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებული 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ჩანს, რომ ბიუჯეტის დეფიციტმა 4,264.377 მლრდ ლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით კი, 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე ფასებში 49,407.300 მლრდ ლარის ტოლია. ამ მონაცემებით კი გამოდის, რომ ბიუჯეტის დეფიციტი არათუ 3-ს, არამედ 8%-ს აჭარბებს. 

ეკონომიკის ექსპერტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის მზარდი ტენდენცია ქვეყნისთვის საფრთხეს შეიცავს. 

„ზოგადად, დეფიციტი გრძელვადიან პერიოდში ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს ნიშნავს მეტ ვალს, მეტ აღებულ პასუხისმგებლობებს, რომლის შემცირება დროში რთულია, ნიშნავს უარყოფით შეფასებებს სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციებისგან, როგორიცაა მაგალითად „ფიტჩი“. ნიშნავს, რომ ეკონომიკა რისკიანია. ნიშნავს, რომ ყოველი შემდეგი ვალი უფრო ძვირი ჯდება და ნიშნავს, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ფულის მოძიება შეიძლება ვერ შევძლოთ. 9% პრაქტიკულად 3-ჯერ მეტია, ვიდრე ბოლო წლების 3%-იანი დეფიციტი“, – ამბობს ხორგუაშვილი. 

ის, რომ „თავისუფლების აქტით“ დადგენილი ზღვარი დარღვეულია, ხორგუაშვილს არ უკვირს. მისი თქმით, მთავრობა დადგენილ ნორმას პირველად არ არღვევს. 

„კანონი ხშირად დარღვეულა. პირველად არაა, რომ 3%-ს გავცდით. იგივე მოხდება ვალის შემთხვევაშიც. გავცდებით 60%-ს. არავინაა შემდავებელი. არღვევს კანონს მთავრობა და ბერკეტი არ არსებობს, რომ მოეთხოვოს“, – ამბობს ზვიად ხორგუაშვილი. 

ასე რომ, ბიუჯეტის მზარდი დეფიციტი მხოლოდ საგარეო ვალის აღებას არ ნიშნავს. თავის მხრივ საგარეო ვალის ზრდა და პროცენტული შეფარდების გაუარესება მშპ-სთან უკვე სამომავლო ვალის აღებასაც ართულებს. ჯერ აძვირებს და უარეს შემთხვევაში დონორები უბრალოდ, აღარ ენდობიან მაღალი დეფიციტის მქონე ქვეყანას. ასეთ შემთხვევაში კი უკვე ქვეყნის ვალაუვალობის და დეფოლტის რისკიც მატულობს. 

აქვე, წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებაც შეგვიძლია აღვნიშნოთ. გასული წლის 29 დეკემბერს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. პროექტი ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი რთულ სიტუაციაში დაიგეგმა. 

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც მომავალი წლის ბიუჯეტზეც აისახა. მისი თქმით, პანდემიის გამო, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დანაკარგი 2 მილიარდ 200 მილიონ ლარი იქნება, ამას ემატება ბიზნესის მხარდაჭერისა და ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები, რამაც ჯამში 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

„შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაგვეზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 9,1 პროცენტამდე და 2021 წელსაც შეუძლებელი გახდა მისი შემცირება 7,6 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე. დეფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მთავრობის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, რომლის მაჩვენებელიც 2021 წელს სცდება 60-პროცენტიან ზღვარს. ახლა, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რა პირობებში გვიწევდა 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა გასული წლის დეკემბერში. 

საყურადღებოა მნიშვნელოვანი მომენტი. რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მას შემდეგ ყველა მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის მომავალი ევროპაშია და ევროკავშირის წევრობაც გვსურს. ახლა კი ვნახოთ, რა კავშირია ბიუჯეტის დეფიციტსა და ევროკავშირის წევრობას შორის. 1992 წელს, ევროკავშირის დამფუძნებელმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მაასტრიხტის ხელშეკრულებას, რომელიც გარკვეულ მოთხოვნებს განსაზღვრავს. 

იმისთვის, რომ წევრობის კანდიდატმა სახელმწიფომ შეძლოს ეკონომიკურ და სავალუტო კავშირში გაწევრება, რამდენიმე კრიტერიუმის გარდა ასევე მოუწევს დააკმაყოფილოს მაასტრიხტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნორმები: 

გაწევრების მსურველ სახელმწიფოში შენარჩუნებული უნდა იყოს ფასების სტაბილურობა და ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი, შემოწმებამდე ერთი წლის განმავლობაში მაინც; ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 1,5%-ზე მეტით არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმუმ იმ სამი წევრი სახელმწიფოს ინფლაციის საშუალო ტემპებს, რომლებმაც ფასების სტაბილურობის სფეროში საუკეთესო შედეგებს მიაღწიეს; 

ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს, ხოლო სახელმწიფოს ვალი კი – მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს... 

ასე რომ, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა მხოლოდ ვალების მატებას არ ნიშნავს. როგორც მაასტრიხტის ხელშეკრულებით დადგენილი ნორმები ამბობს, რაც უფრო იზრდება საქართველოში ბიუჯეტის დეფიციტი, მით მეტად იზრდება მანძილი ევროკავშირის წევრობამდე... 

თემურ იობაშვილი