ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: აპრილი-2021 - №4(256), 2021
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

სიტუაციური სახელმძღვანელოები 

- 2021 წელს პირველად გამოქვეყნდა სიტუაციური სახელმძღვანელოები, `საგადასახადო ანგარიშგების~ ნაწილში, ასევე კატეგორიაში `სხვადასხვა~ . 

- მენუალი #2327 მომზადებულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებაში 2021 წლის 1 თებერვალს ამავე პირის #20 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით და ეხება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრას, ამასთან სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2021 წლის 4 მარტისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით. 

ფაქტობრივი გარემოებები: 

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშახრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 20 000 მ3
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ პირის მიერ 2021 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისათვის წარმოდგენილ გაანგარიშებაში ასახულია მოპოვებული/ მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსების მოცულობა ნული მ3 ოდენობით, ხოლო 2021 წლის მეორე სავადო თარიღისთვის (15.01.2022) წარმოდგენილ გაანგარიშებაში ასახულია ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 14000მ3

შეფასება: 

`ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-6-ე მუხლის პირველი პუნქტის `ზ“ ქვეპუნქტის თანახმად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი გაანგარიშებას ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში. 

2021 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისთვის წარდგენილ გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარებოდა ლიცენზიით განსაზღვრული 2021 წელს ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი - 10 000მ3

2022 წლის 15 იანვრის სავადო თარიღისათვის წარდგენილ გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარებოდა ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა _ 14 000 მ3

წლის მანძილზე ფაქტობრივად მოპოვებული რესურსი (14 000 მ3) არ აღემატება ათვისების გეგმით გათვალისწინებულ 2021 წლის ასათვისებელ წლიურ მოცულობას - 20 000 მ3, შესაბამისად მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ამ ოდენობის რესურსზე. 

ვინაიდან გაანგარიშებაში ასახვას დაქვემდებარებული რესურსის ჯამური მოცულობა (წლიური) შეადგენს 24 000 მ3 (10 000 მ3+14 000 მ3), სხვაობა 4 000 მ3 რესურსის მოცულობა ასახვას ექვემდებარება გაანგარიშებაშის მე-5 სვეტში (გეგმით გათვალისწინებულზე მეტი მოცულობა, რომელიც არ ექვემდებარება მოსაკრებლის გადახდას). 

ღონისძიებები: 

2021 წლის 15 ივლისის სავადო თარიღით დარიცხვას დაექვემდებარება მოსაკრებლის ძირითად ნაწილში 10 000მ3 მოცულობის რესურსის მიხედვით გამოანგარიშებული მოსაკრებლის თანხა. 

ამასთან `ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ~ საქართველოს კანონის მე 10 მუხლის და სსკ-ს 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პირს 2021 წლის 15 ივლისის სავადო თარიღის მიხედვით დაერიცხება ჯარიმა მოსაკრებლის თანხის შემცირებისთვის, 10 000 მ3 მოცულობის რესურსის მიხედვით გამოანგარიშებულ მოსაკრებლის თანხაზე. 
2022 წლის 15 იანვრის სავადო თარიღით შემცირებას დაექვემდებარება მოსაკრებლის ძირითად ნაწილში 4 000 მ3 მოცულობის რესურსის მიხედვით გამოანგარიშებული მოსაკრებლის თანხა. 

- მენუალი #2543, რომელიც ეხება საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ერთდროულად გამოყენებას. 

ფაქტობრივი გარემოებები: 

2020 წლის 20 მარტს შპს „X“-ის მიერ სგპ-ს გავლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა საბაჟო დეკლარაციით წინასწარ (2020 წლის 18 მარტს) დეკლარირებული საქონელი, იმპორტის გადასახდელის ოდენობამ შეადგინა 14614 ლარი. 

რისკების მართვის სისტემის მიერ საბაჟო დეკლარაციისთვის განისაზღვრა „ყვითელი/წითელი დერეფანი~. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე და სატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა. 
საქონლის წარდგენის/დანიშნულების ადგილად განისაზღვრა გეზ-ი, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალება, გეზ-ის ნაცვლად, გამოცხადდა შპს `X~-ის საწყობში. სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონელი გადმოიტვირთა შპს `X~-ის საწყობში და მოხდა საქონლის განკარგვა. 

შეფასება: 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა, იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/ მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ არსებობს უკანონოდ განკარგული/დაკარგული/ განადგურებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, იწვევს დაჯარიმებას იმავე ან იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „X~-ის ქმედებაში იკვეთება საქართველოს საბაჟო კოდექსის როგორც 170-ე მუხლით, ასევე 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ნიშნები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქმედება, რომლისთვისაც შპს „X~-ს შეეფარდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, მოიცავს ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლით. 

ღონისძიებები: 

შპს „X“-ს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი (ან მე-2) ნაწილის შესაბამისად. 

- მენუალი #2544 - გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევა. 

ფაქტობრივი გარემოებები: 

ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გარეშე ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამეწარმეო საქმიანობას სავაჭრო ობიექტის, მათ შორის, ავტომობილის მეშვეობით, აგრეთვე, ქუჩაში საქონლის დატარებით ანდა მომსახურების გაწევით. 

I ვარიანტი: 

ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოში არ არის აღრიცხული გადასახადის გადამხდელად. 

II ვარიანტი: 

ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოში აღრიცხულია გადასახადის გადამხდელად. 

შეფასება: 

სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, 66-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში. ამასთან, სსკ-ის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 

ამასთან, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. 

I ვარიანტი: ფიზიკურ პირი, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა დარეგისტრირებულიყო ინდივიდუალურ მეწარმედ, რაც ავტომატურად გულისხმობს საგადასახადო რეგისტრაციასაც. 

II ვარიანტი: იმ დაშვებით, რომ ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოში უკვე აღრიცხულია გადასახადის გადამხდელად, რაც საშუალებას იძლევა, რომ მის მიმართ გატარდეს დროული დეკლარირების, დეკლარაციის სისწორის და გადასახადების დროული გადახდის ღონისძიებები, ითვლება, რომ დაკმაყოფილებულია გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის პრინციპები. 

ღონისძიებები: 

I ვარიანტი: ფიზიკური პირი დაჯარიმდება სსკ-ის 273-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, სსკ-ის 66-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდება აღნიშნული პირის საგადასახადო რეგისტრაცია. 

II ვარიანტი: ფიზიკური პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება. 

ფინანსთა მინისტრის ბრძანება #994 

- ფინანსთა მინისტრის 23-04-2021-ის #94 ბრძანებით ცვლილება შევიდა მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესში. 
XV1 თავის შემდეგ დაემატა XV2 თავი, რომელიც ეხება საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 111 ნაწილის შესაბამისად აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებას და 653-656 მუხლები. 

653 მუხლის მიხედვით, რომელიც ეხება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების პროცედურას, თუ პირს სურს დაფაროს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა (იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც მის მიერ შეძენილ ქონებაზე ვრცელდება საგადასახადო გირავნობა თუ იპოთეკა), რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც მისი ქონების მიმართ გავრცელებულია ეს საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, მას გაუფორმდეს ხელშეკრულება ამ საგადასახადო დავალიანებაზე კოდექსის 238-ე მუხლის მე-8-მე-10 ნაწილებით დადგენილი წესით და პირობებით. 

აქვე წარმოგიდგენთ 238-ე მუხლის მე-8-მე-10 ნაწილებს: 

8. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით საურავის დარიცხვა არ ჩერდება. 

81. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 50 000 ლარს არ აღემატება. 

9. გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები. 

10. თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ. 

654 მუხლი კი ეხება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას. საგადასახადო ორგანო განიხილავს პირის მიერ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით წარდგენილ განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტაციას და ადგენს მის შესაბამისობას გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, შემდგომ ამოწმებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის ოდენობას პირის საკუთრებაში ქონების გადასვლის მომენტისთვის და პირს აცნობებს დაზუსტებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ოდენობას, რომელზეც შესაძლებელია გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების დადება. 

თუ განცხადება პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანოს უფროსს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

655 მუხლი ეხება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებას. 

მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოსა და პირს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის პირობები, ვადები და გადახდის გრაფიკი და სხვა საკითხები, პირთან, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების (გრაფიკის) გაფორმება არ ზღუდავს გადასახადის გადამხდელს, თავის მხრივ გააფორმოს გადავადების ხელშეკრულება პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულ თანხაზე. 

პირმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაიხადოს გრაფიკით დადგენილ ვადაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც მისი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა. ამასთან, პირმა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს საგადასახადო ორგანოში გადახდიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. 

გადავადებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, ქონებაზე შესაძლებელია გაუქმდეს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც ეხება ქონებაზე ყადაღის დადებას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას. 

656 მუხლი კი მოიცავს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დეტალებს. 
გადაწყვეტილება უქმდება, თუ: 

– პირმა დაარღვია აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ანდა მისი დანართით გათვალისწინებული პირობები. 

– პირმა სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. 

– ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სრულად არის გადახდილი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება (მას არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება პირადი აღრიცხვის ბარათზე). 

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები 

- 28.04.2021 წ. პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა #474-IVმს-Xმპ კანონი, რომლის თანახმად ცვლილება შევიდა `ეროვნული ბანკის შესახებ~ ორგანულ კანონში, რომელიც ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან. 

ცვლილების მიხედვით დაკორექტირდა 30-ე და 32-ე მუხლები, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს აქვს უფლება მთავრობისა და ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების შესყიდვის გზით აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები კომერციულ ბანკთან, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს სადისკონტო ოპერაციებით შესყიდული ფასიანი ქაღალდები. 

ეროვნულ ბანკს აქვს უფლებამოსილება ჰქონდეს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეების, საპენსიო სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. ბანკს შეუძლია კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნებისთვის გახსნას ანგარიში _ სარეზოლუციო ფონდი. 

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 29.04.2021 წ. მიღებული #55/04 ბრძანებით დაკორექტირდა კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესი. 

წესის თანახმად ბანკები ვალდებული არიან 2020 წლის მე-4 კვარტალის და 2021 წლის პირველი კვარტალის კვარტალური ანგარიშგებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები შეასრულონ ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მითითების შესაბამისად და არ ეკისრებათ აღნიშნული ანგარიშგების გამოქვეყნება საანგარიშგებო კვარტალის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. 

სხვა ცვლილებები 

- ფინანსთა მინისტრის 05.04.2021-ის #74 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ანდა მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესში, ბრძანება ძალაში შევიდა 6 აპრილიდან და მისი მოქმედება ვრცელდება 2021 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

წესის ძალაში შესვლის მომენტისთვის მოქმედი აზარტული თუ მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელების და ლატარიის ორგანიზატორის მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაში მონაწილეობისთვის 2021 წლის 1 მარტამდე რეგისტრირებული მოთამაშის ვერიფიკაციისთვის მოქმედებს შემდეგი წესი: 

ა) თუ 2021 წლის 1 მარტამდე რეგისტრირებულ მოთამაშეს ვერიფიკაცია გავლილი აქვს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე წესის შესაბამისად, ასეთი მოთამაშე 2022 წლის 1 იანვრამდე ჩაითვალოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად. 

ბ) თუ 2021 წლის 1 მარტამდე რეგისტრირებულ მოთამაშეს ვერიფიკაცია გავლილი არ აქვს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე წესის შესაბამისად, 2021 წლის 1 აპრილამდე ასეთი მოთამაშის აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით ვერიფიცირების შემთხვევაში, ასეთი მოთამაშე 2022 წლის 1 იანვრამდე ჩაითვალოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად. 

2022 წლის 1 იანვრის შემდეგ მოთამაშე ჩაითვლება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად იმ მომენტიდან, როდესაც ის დააკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების დროის მიუხედავად: 
– გავლილი აქვს ვერიფიკაცია ამ წესის შესაბამისად; 

– გააქტიურებული აქვს ტელეფონის ნომერი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნილი მოკლევადიანი ერთჯერადი კოდით; 

– საქართველოს მოქალაქის და ბინადრობის მოწმობის მფლობელის შემთხვევაში, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები გადამოწმებული უნდა იყოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. 

ოპერატორს აქვს ვალდებულება ინტეგრირება მოახდინოს სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან არაუგვიანეს 2021 წლის 1 მაისისა, საქართველოს მოქალაქის და ბინადრობის მოწმობის მფლობელის შემთხვევაში კი 2021 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 მაისამდე რეგისტრირებული მოთამაშის მონაცემების გადამოწმება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში უზრუნველყოს არაუგვიანეს 2021 წლის 10 მაისამდე.

- 08.04.2021 წ. საქართველოს მთავრობის #166 დადგენილებით დამტკიცდა მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესი. 

აღნიშნული წესის მიზანია საქართველოს მიწის ფონდის შესახებ არსებული და შექმნილი ისეთი ინფორმაციის მობილიზება და მართვა, რამაც წვლილი უნდა შეიტანოს იმაში, რომ ქვეყნის აგრარული და ეკონომიკური სექტორების თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად განხორციელდეს მიწის რესურსების მართვა, მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლი, მიწის ნაყოფიერების ამაღლება და სივრცული დაგეგმარების მოწესრიგებასთან, მიწის ფლობასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 

წესის მიზანია მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის ერთიანი პრინციპების განსაზღვრა, რის მიხედვითაც შეიქმნება საქართველოს მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა, რაც ნიშნავს რომ ეს უკანასკნელი იქნება საქართველოს მიწის ფონდის შესახებ მონაცემების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონული სისტემა. 

მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების უფლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ არსებული ნაერთი ინფორმაცია აისახება მიწის ბალანსში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების შემადგენელი მიწის ნაკვეთებისა და მათი საკადასტრო მონაცემების შესახებ ინფორმაცია - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კადასტრში. 

მიწის ბალანსში შეიტანება შემდეგი სახის ნაერთი ინფორმაცია: 

ა) საქართველოს მიწის ფონდის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და არარეგისტრირებული ფართობების რაოდენობის შესახებ; 

ბ) საქართველოს მიწის ფონდის შემადგენელი მიწის ფართობების საკუთრებისა და მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით განაწილების შესახებ. 

გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების კატეგორიების მიხედვით განაწილების შესახებ; 

დ) დამუშავებული (ფაქტობრივად გამოყენებული) და დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების შესახებ. 

ე) სახელმწიფო ტყის ტერიტორიის მიწის ფართობების შესახებ. 

ვ) დაცული ტერიტორიების მიწის ფართობების შესახებ. 

ზ) ზედაპირული წყლის ობიექტებით დაკავებული მიწის ფართობების შესახებ. 
მიწის ბალანსის გამოქვეყნება უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააგენტოს ვებგვერდებზე (www.mepa.gov.ge, www.land.gov.ge), პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, ხოლო სავალდებულო წესით – ყოველწლიურად, საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემების შესაბამისად, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 ივლისისა. 

მიწის ბალანსის გამოქვეყნება შესაძლებელია მატერიალური სახითაც. 

მონაცემთა ერთიან ბაზაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა მიწის ნაკვეთების მიხედვით განხორციელდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მათი ამ წესით განსაზღვრული საკადასტრო მონაცემების მიხედვით. 

მოცემული წესი სრულად ამოქმედდება 2023 წლის 1 დეკემბრიდან. 

იხილეთ ასევე: 

– 08.04.2021 წ. საქართველოს მთავრობის #163 დადგენილება, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის #667 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

– 08.04.2021 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის #79 ბრძანება, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2020 წლის 18 ნოემბრის #275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 16.04.2021 წ. საქართველოს მთავრობის #173 დადგენილება - „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 21.04.2021 წ. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №52 ,,მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 06 აგვისტოს № 33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ~. 

– 28.04.2021 წ. #473-IVმს-Xმპ საქართველოს კანონი, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ამოქმედდება 2022 წლის იანვრიდან. 

– 29.04.2021 წ. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-8 „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ 16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ~. 

სხვა სიახლეების გასაცნობად, ისარგებლეთ განახლებადი საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზით "ააფ-ინფო კონსულტანტი" (579-29-31-31). 

მარიამ აფრასიძე