ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: მაისი-2021 - №5(257), 2021
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 

- ფინანსთა მინისტრის 19.05.2021-ის #114 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. 

ცვლილების თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასაქონლო ზედნადებში მითითებული გამყიდველის, გამგზავნის ანდა მყიდველის თუ მიმღების ან ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის, მათ შორის, მძღოლის დასახელების,სახელის და გვარის, საიდენტიფიკაციო თუ პირადი ნომრის, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის და ტრანსპორტირების თარიღის შესახებ ინფორმაცია გასცეს მხოლოდ აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის და მოიჯარის მომართვის და ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის, მათ შორის, მძღოლის მომართვის შემთხვევაში. 

- 31.05.2021-ის #126 ბრძანებით კი 792 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები, რაც გულისხმობს, რომ მატერიალური ფორმის აქციზური მარკების გაცემა ხდება შეფუთული სახით, სადაც წარმოდგენილია 10-ცალიანი აქციზური მარკა (თვითწებადი) ლენტით და აქციზური მარკა 100-ცალიანი თვითწებადი ლენტით. 

ფინანსთა მინისტრის ბრძანება #994 

- ფინანსთა მინისტრის 19.05.2021-ის #113 ბრძანებით ცვლილება შევიდა მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესში. 

კერძოდ, წესს დაემატა 3721 მუხლი – „გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის პროცესი, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სსკ-ის 491 მუხლის (ზოგადი ანალიტიკური პროცედურები) ფარგლებში მოახდინოს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინტრუქციის 111 მუხლით განსაზღვრულ „გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის ანალიზი. ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა შესაძლებელია განხორციელდეს გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციით, რა დროსაც გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ახსნა-განმარტება თუ სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია, ეს უკანასკნელი კი მონაცემების შესწავლის პროცესში მიღებულ ინფორმაციას ასახავს შესაბამის პროგრამულ მოდულში. 

- 31.05.2021-ის #125 ბრძანებით კი დაკორექტირდა წესის 63-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით იდება ხელშეკრულება, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. ხელშეკრულებაში აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის პირობები, ვადები და გადახდის გრაფიკი, ასევე გადავადებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 

საგადასახადო ორგანოს შეუძლია აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად, გადასახადის გადამხდელს, ელექტრონული ფორმით გაუგზავნოს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი, ასევე, შეტყობინება მოცემულის შესახებ. გადამხდელი ვალდებულია ამ დოკუმენტების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშო დღეში შესაბამისი ელექტრონული პროგრამის საშუალებით დაადასტუროს ხელშეკრულების დადებაზე თანხმობა ან საგადასახადო ორგანოში გამოცხადების გზით დადოს ხელშეკრულება. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხელშეკრულების დადასტურების (ელექტრონული ფორმით დადების) შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა სავალდებულო არ არის.

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები 

- ეროვნული ბანკის მიერ 07.05.2021-ში მიღებული #58/04 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციაში, კერძოდ კი: 

- პირისთვის ანგარიშის გასახსნელად, კომერციული ბანკი ვალდებულია აიღოს ამ პირის ხელმოწერის ნიმუში, ან პირისათვის ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით ოპერაციაზე დასტურისთვის გამოიყენოს სანდო და უსაფრთხო ალტერნატიული საშუალება, რომლის დანერგვამდე 30 კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს; 

- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდი/ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდისთვის იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს ანგარიშის გახსნისთვის ესაჭიროება ასევე შემდეგი დოკუმენტები: 
განაცხადი ერთობლივი საინვესტიციო ფონდის თუ ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანიის (უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში _ მისი ფილიალის) უფლებამოსილი პირი, იმ საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდის შემთხვევაში კი, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, ხელს აწერს საინვესტიციო კომპანიის უფლებამოსილი პირი; 

საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანიის, ხოლო იმ საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდის შემთხვევაში, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია – საინვესტიციო კომპანიის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საპენსიო სააგენტოს ან საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის მიერ გახსნილ ვადიანი დეპოზიტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, შეტანა, გადარიცხვა და გატანის განხორციელება შესაძლებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშის მეშვეობით. 

- ასევე 07.05.2021-ის #59/04 ბრძანების თანახმად „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საპენსიო სააგენტოს ან საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის მიერ კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების პირობების შესაბამისად სერტიფიკატის ფლობა ითვლება სერტიფიკატის ნომინალურად ფლობად, დაგროვებითი საპენსიო სქემისა და მისი მონაწილეების სასარგებლოდ. 

ვალდებულება კი, რომელიც გულისხმობს სერტიფიკატის შეძენამდე პირის პასუხისმგებლობას სერტიფიკატის გამომშვებ ბანკში იქონიოს საბანკო ანგარიში, სერტიფიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება (შეძენა, საპროცენტო სარგებლის გადახდა, დაფარვა) უნდა განახორციელოს აღნიშნული ანგარიშის მეშვეობით და სერტიფიკატის განაღდება მისი ვადის ამოწურვისას ან გამოსყიდვისას უნდა განხორციელდეს პირის მიმდინარე ანგარიშის მეშვეობით – არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სსი პ – საპენსიო სააგენტოს ან საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის მიერ შეძენილ სერტიფიკატზე. ამ შემთხვევაში სერტიფიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება შესაძლებელია მოხდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშის საშუალებით. 

სხვა ცვლილებები 

- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 31.05.2021-ის #10 ბრძანებით ცვლილება შევიდა „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესში“ ამავე პირის 2019 წლის 21 მაისის #ნ-6 ბრძანებაში. 

წესის თანახმად სუბიექტი, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოსი, ვალდებულია ანგარიშგების ატვირთვის ჩანართში ატვირთოს მისთვის კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, მმართველობის ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში, ხოლო ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, ასევე, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, კონსოლიდირებული მმართველობის ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში, ამასთან ცვლილების თანახმად ანგარიშგებები სუბიექტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე. თუ წარსადგენი ანგარიშგებები ან აუდიტირებული ანგარიშგებები შედგენილია უცხო ენაზე, სუბიექტმა უნდა ატვირთოს უცხო ენაზე შედგენილი ანგარიშგება და შესაბამისი, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. ქართულენოვან თარგმანში ბუღალტრულ აღრიცხვასთან, ფინანსურ ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული ტერმინები მითითებული უნდა იქნეს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ლექსიკონის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე _ წწწ.სარას.გოვ.გე. სუბიექტმა ქართულ ენაზე შედგენილი ანგარიშგება თუ სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი უნდა ატვირთოს ერთიან დოკუმენტად ანგარიშგების ვებგვერდზე ანგარიშგების ჩანართის „ქართულის“გრაფაში. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ანგარიშგებას ან მის სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანს წარადგენს უცხო ენაზე, დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ანგარიშგების ჩანართის შესაბამის გრაფაში. 

დაკორექტირდა მე-16 მუხლის სათაური და მისი ქვეპუნქტები, აღნიშნული მუხლი წარმოდგენილია როგორც „აღმოჩენილი შეუსაბამობები და ანგარიშგების წარდგენა სამსახურისთვის“. 

ზემოაღნიშნული მუხლის ფარგლებში, სუბიექტის მიერ გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერის შემდეგ, სისტემის მიერ გადაგზავნის დადასტურებისას, ანგარიშგებები სამსახურისთვის წარდგენილად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას. აუდიტირებული ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, სუბიექტი ანგარიშგებას უგზავნის აუდიტორს, რომელიც ადასტურებს ანგარიშგებას (წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად). ამ შემთხვევაში, ანგარიშგება სამსახურში წარდგენილად ჩაითვლება აუდიტორის მიერ გადაგზავნის ღილაკზე დაჭერისა და სისტემური დასტურის მიღების შემდეგ. შესაბამის ვადაში სამსახურისთვის ანგარიშგების თუ ანგარიშგებების წარდგენაზე პასუხისმგებელია სუბიექტი. 

მე-20 მუხლის - სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშგებების გადამოწმების ფარგლებში კი, თუ სუბიექტი ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს, არააუდიტირებული ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, სამსახურის მიერ გაცემული სანქციის საფუძველზე, მას ეგზავნება შეტყობინება ვებგვერდზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად სუბიექტს განესაზღვრება დამატებითი ვადა. სამსახურის მიერ მისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი. 

თუ სუბიექტი ანგარიშგებას ხელახლა წარადგენს, ანგარიშგების პირველ გვერდზე სრულად უნდა იყოს მითითებული ანგარიშგების ხელახლა წარდგენის მიზეზები და განხორციელებული ცვლილებები. 

ციფრული ლარის პროექტი 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იგი ციფრული ლარის პროექტზე თანამშრომლობისთვის ფინტექ კომპანიებს იწვევს. 

საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (СBDС-Central Bank Digital Currencies) გამოშვებას განიხილავს. CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს. 

ბანკის თქმით, CBDC-ს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს, რასაც დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. CBDC-ის გამოშვებით შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას. ასევე, შესაძლებელია გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა და ხელი შეეწყოს ლარიზაციის პროცესს. 

ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტა შესაძლოა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს ფინანსური ეკოსისტემისთვის და საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს კერძო ინოვაციების და ახალი ფინანსური ტექნოლოგიების შექმნაზე. ამდენად, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, ინტერფეისის დიზაინის, მომხმარებელთა მართვის, KKYC და AML/CFT ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეგულაციებთან თავსებადობის და მონაცემთა მართვაში. 

თუ დაინტერესებული ხართ CBDC ტექნოლოგიის განვითარებაში მონაწილეობით და გსურთ გახდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ამბიციურ პროექტის მონაწილე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – innovationoffice@nbg.gov.ge.
 
იხილეთ ასევე: 

– 18.05.2021-ის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის #ნ-9 ბრძანება, „მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 ივნისის #ნ 10 ბრძანებაში ცვლილების შესახებ, სადაც „მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი“ ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით. 

– 19.05.2021-ის ფინანსთა მინისტრის #115 ბრძანება, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 28.05.2021-ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #68/04, ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ. 

– 28.05.2021-ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება #70/04, კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ. 

სხვა სიახლეების გასაცნობად, ისარგებლეთ განახლებადი საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზით "ააფ-ინფო კონსულტანტი" (579-29-31-31). 

მარიამ აფრასიძე