ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: ივლისი-2021 - №7(259), 2021
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები

მეთოდური მითითებაბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ

- 19-07-2021-ში შემოსავლების სამსახურის მიერ განახლდა მეთოდური მითითება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებასთან დაკავშირებით. გადასაწყვეტ საკითხად წარმოდგენილია გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მოსაკრებლის ნაწილში იმ შემთხვევებში, როდესაც:

– ლიცენზიის მფლობელმა საანგარიშო წლის განმავლობაში გაასხვისა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.

– ლიცენზიის მფლობელმა საანგარიშო წლის განმავლობაში დააკორექტირა სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).

– პირი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე მთავრობის განკარგულებით გათავისუფლებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან.

– ლიცენზიაზე არ იძებნება დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა.

ამ ყოველივესთან მიმართებაში განხილულია შემდეგი მაგალითები:

მაგალითი 1

ფაქტობრივი გარემოება

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 26 000 მ3. 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 14 000 მ3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი. გადამხდელმა 2021 წლის 1 ივლისს განახორციელა ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 20  000 მ3 ოდენობით.

შეფასება

მოცემულ შემთხვევაში პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 2021 წლის სასარგებლო წიაღისეულის ათვისების დაკორექტირებული წლიური გეგმით განსაზღვრული ოდენობის ნახევარი 10 000 მ3. 2021 წლის II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 14 000 მ3. ვინაიდან პირმა განახორციელა ათვისების გეგმის დაკორექტირება 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის სავადო თარიღის დადგომამდე და ცვლილების შედეგად, განსაზღვრული მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეიმცირა 20 000 მ3 მოცულობამდე, ამ პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების დაკორექტირებული წლიური გეგმით განსაზღვრული ოდენობის ნახევარი 10 000 მ3. ხოლო II ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში გადამხდელს უფლება აქვს მოახდინოს გადაანგარიშება და ჯამში მოსაკრებლის გადახდევინებას დაუქვემდებაროს წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა კორექტირების გათვალისწინებით. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ წლის შედეგების მიხედვით გაანგარიშებებში ასახული რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების ამავე წლის გეგმით გათვალისწინებულ მოცულობას და იმავდროულად, ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობაც არ აღემატება გეგმურ მოცულობას (დაკორექტირებულს), მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა. 

შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 24 000 მ3-ს (10 000 მ3 + 14 000 მ3), წლის მეორე (ბოლო) საანგარიშო პერიოდის გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 4 000 მ3 (10000 მ3+14 000მ3-20 000 მ3) რესურსის მოცულობა.

მაგალითი 2

ფაქტობრივი გარემოება

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 26 000 მ3. 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 14 000 მ3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი. გადამხდელმა 2021 წლის 10 აგვისტოს განახორციელა ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 20  000 მ3 ოდენობით.შეფასებაამ შემთხვევაში პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 2021 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 13 000 მ3. 2021 წლის II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 14 000 მ3.

მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელმა წლის მანძილზე განახორციელა ათვისების გეგმის დაკორექტირება და ცვლილების შედეგად, განსაზღვრული მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეიმცირა 20 000 მ3 მოცულობამდე, 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშება არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. ხოლო II ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში გადამხდელს უფლება აქვს მოახდინოს გადაანგარიშება და ჯამში მოსაკრებლის გადახდევინებას დაუქვემდებაროს წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა კორექტირების გათვალისწინებით. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ წლის შედეგების მიხედვით გაანგარიშებებში ასახული რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების ამავე წლის გეგმით გათვალისწინებულ მოცულობას და იმავდროულად, ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობაც არ აღემატება გეგმურ მოცულობას (დაკორექტირებულს), მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 27 000 მ3-ს (13 000 მ3 +14 000 მ3), წლის მეორე (ბოლო) საანგარიშო პერიოდის გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 7 000 მ3 (13 000 მ3+14  000 მ3-20 000 მ3) რესურსის მოცულობა.

მაგალითი 4

ფაქტობრივი გარემოება
 
პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენების) ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 100 000 მ3.

– 2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია.

– 2021 წლის II კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 15 000 მ3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი.

– 2021 წლის III კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 17 000 მ3 მოცულობის რესურსი.

– 2021 წლის IV კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 25 000 მ3 მოცულობის რესურსი.
 
გადამხდელმა 2021 წლის 2 აპრილს განახორციელა ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 80 000 მ3 ოდენობით.

შეფასება

მოცემულ შემთხვევაში: პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

ვინაიდან პირმა განახორციელა ათვისების გეგმის დაკორექტირება 2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდის დადგომამდე და ცვლილების შედეგად, განსაზღვრული მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეიმცირა 80 000 მ3 მოცულობამდე, ამ პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების დაკორექტირებული წლიური გეგმით განსაზღვრული ოდენობის მეოთხედი 20 000 მ3. ხოლო II კვარტლის საანგარიშო პერიოდის და ყოველი შემდგომი პერიოდების მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმური მოცულობის 1/4 კორექტირების გათვალისწინებით, თუ რომელიმე საანგარიშო პერიოდში პირის მიერ ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა არ აღემატება ამ რაოდენობას.

მოცემულიდან გამომდინარე:

2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 20 000 მ3.

2021 წლის II კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 20 000 მ3.

2021 წლის III კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 20 000 მ3.

2021 წლის IV კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 25 000 მ3 იმის გათვალისწინებით, რომ წლის შედეგების მიხედვით გაანგარიშებებში ასახული რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების ამავე წლის გეგმით გათვალისწინებულ მოცულობას და იმავდროულად, ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობა არ აღემატება გეგმურ მოცულობას (დაკორექტირებულს), მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა კორექტირების გათვალისწინებით.

შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 85 000 მ3-ს (20 000 მ3 +20  000 მ3 +20 000 მ3+ 25 000 მ3), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 5 000 მ3 ((20 000 მ3+20 000 მ3 + 20 000 მ3 + 25 000 მ3)-80  000 მ3) რესურსის მოცულობა.
 
ცვლილება საგადასახადო კოდექსში

- 22-07-2021-ში მიღებულ იქნა #809-Vრს-Xმპ კანონი, რომლის მიხედვითაც ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლში, რომელიც ეხება ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას, კერძოდ კი განივრცო ჰ5 მუხლი და მის მიხედვით შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში თუ სარგებლობაში არსებული, სახელმწიფო ორგანოს ანდა მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში და ასევე საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად.

მოცემული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ანდა საწარმოს თუ ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე ან მათ ნაწილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უძრავ ქონებას გადასცემს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობაში ან უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისთვის.

ეს ყოველივე 26.07.2021-დან ძალაშია და მისი მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მიმდინარე წლის ივლისის თვეში გადასახადების „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ #996 ბრძანებაში სამი ცვლილება შევიდა:

- 16.07.2021-ის #170 ბრძანების საფუძველზე ინსტრუქციას დაემატა ახალი XVI3 თავი – „ცალკეულ შემთხვევებში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი“, რომელიც ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-12-მე-14 ნაწილებისგან განსხვავებული წესით. მოცემულის შესაბამისად განისაზღვრა, რომ ტურისტული პროდუქტის მიწოდებისას მასში შემავალი მომსახურებები, ჩაითვლება იმ ქვეყანაში გაწეულად, სადაც ხდება ამ მომსახურებებით ფაქტობრივი სარგებლობა ან და გამოყენება და ეს ეხება 2021 წლის იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
 
ამ ბრძანებით დაკორექტირდა დანართი #III-192, რომელიც წარმოადგენს განაცხადს დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მისი შინაარსი კი ასეთია:
 
– გაცნობებთ, რომ ვახორციელებ: 

მეორადი ნივთ(ებ)ის მიწოდებას.

ხელოვნების ნიმუშ(ებ)ის მიწოდებას.

საკოლექციო ნივთ(ებ)ის მიწოდებას;

ანტიკვარული ნივთ(ებ)ის მიწოდებას.

გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1612 მუხლის შესაბამისად დამარეგისტრიროთ დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების უფლების მქონე დასაბეგრი დილერების რეესტრში და მომცეთ უფლება, რეგისტრაციის თვის დასაწყისიდან არანაკლებ 24 თვის განმავლობაში გამოვიყენო დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემა.
 
ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დასაბეგრ პირს შეუძლია სრულად ჩაითვალოს დღგ, თუ მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია, ასევე:

– თუ კალენდარული წლის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, არ არის საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლები, მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში ამ პუნქტის შესაბამისად ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას.

– თუ ცალკეული საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, არ არის საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლები, ხოლო კალენდარული წლის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში დამატებით ჩაითვალოს ამ პუნქტის მიხედვით ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა.

ამავე ბრძანების საფუძველზე დაკორექტირებული 112-ე მუხლის მიხედვით საქონლის იმპორტირებისას, ამ საქონლის სატრანსპორტო და უშუალოდ მასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯები, რომელიც შეიტანება საქონლის საბაჟო ღირებულებაში, განიხილება საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების ნაწილად და ექვემდებარება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას.

- 21.07.2021-ის #178 ბრძანების საფუძველზე ინსტრუქციის V მუხლი – „პირადი საგადასახადო მრჩეველი“ ამოღებულია და ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული ნორმები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს აღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედ პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელშეკრულებებთან მიმართებაში, ამ ხელშეკრულებების მოქმედების ვადით.

- 27.07.2021-ის #184 ბრძანების თანახმად კი დაკორექტირდა 471 მუხლი – უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე დღგ-ის გამოანგარიშების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და მისი ინფორმირების წესი, რომლის მიხედვითაც უცხოელი დასაბეგრი პირი განმარტებულია როგორც დასაბეგრი პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ციფრული მომსახურების გაწევაში. თავის მხრივ, ციფრული მომსახურება გულისხმობს ტელესაკომუნიკაციო მომსახურებას, ინსტრუქციის #III-031 დანართის შესაბამისად, რადიო ან ტელესამაუწყებლო მომსახურება #III-032 დანართის შესაბამისად და ელექტრონულად გაწეული მომსახურება #III-033 დანართის შესაბამისად.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა უცხოელ დასაბეგრ პირს, თუ მის მიერ გაწეული ციფრული მომსახურების გაწევის ადგილს წარმოადგენს საქართველო და ეს ოპერაცია არ იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით. ნახსენები დასაბეგრი პირი, საქართველოში დღგ-ის ანგარიშგების და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის საშუალებით ავსებს სარეგისტრაციო ფორმას ინსტრუქციის #III-034 დანართის მიხედვით.

მოცემული მუხლის ფარგლებში:

• დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ ციფრული მომსახურების გაწევა.

• დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ციფრული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება, დღგ-ის გარეშე.

• დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კვარტალი, ანუ დროის მონაკვეთი:

– 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით (I კვარტალი).

– 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით (II კვარტალი).

– 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით (III კვარტალი).

– 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით (IV კვარტალი).

– დღგ-ის განაკვეთი შეადგენს 18%-ს.

• უცხოელ დასაბეგრ პირს საქართველოს ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება შეუძლია შეასრულოს სამ სხვადასხვა ვალუტაში სურვილის შესაბამისად და ესენია: აშშ დოლარი, ევრო ან ლარი.

საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გამწევი უცხოელი დასაბეგრი პირი ვალდებულია აღრიცხოს მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გაწევა, საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით, შეინახოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია იმ წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომელშიც გაწეული იქნა მომსახურება და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის მეშვეობით, მისი პირადი გვერდიდან, ყოველ საანგარიშო პერიოდზე წარმოადგინოს საგადასახადო დეკლარაცია ამ ინსტრუქციის #III-035 დანართის შესაბამისად, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა და გადასახადი გადაიხადოს არაუგვიანეს ამავე თვის ბოლო დღისა. საგადასახადო ვალდებულების შესრულების თარიღად ითვლება გადახდილი თანხის სახაზინო სამსახურის შესაბამის ანგარიშზე ასახვის თარიღი.

ამავე ბრძანების თანახმად 471 მუხლის მოქმედება შეჩერებულია 2021 წლის 1 ოქტომბრამდე. 

ცვლილება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში

- 12-07-2021-ში მიღებული #723-Vრს-Xმპ კანონით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს დაემატა 252 მუხლი, შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიღების გარეშე.

მოცემული მუხლის თანახმად დაუშვებელია შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება ამ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემამდე, ასევე დაუშვებელია ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუმცა ეს უკანასკნელი შეზღუდვა არ ვრცელდება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე სამშენებლო საქმიანობისთვის, რომელიც არ უნდა სცდებოდეს შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადას.

ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის სამშენებლო საქმიანობისთვის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტით.

მოცემული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 1 იანვრამდე გაიცა.

კოდექსს ასევე დაემატა 1033 მუხლი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი.

მოცემული მუხლის მიზნებისთვის მშენებლობადამთავრებულ ობიექტად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა, დამთავრებულია.

ექსპლუატაციაში მიღება ეხება იმ ობიექტს, რომელზედაც გაცემულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვა და რომლის მშენებლობა, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით, დამთავრებულია, ასევე იმ ობიექტს, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, მაგრამ იგი დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის დეტალური გეგმის არეალშია განთავსებული და მისი მშენებლობა, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით, დამთავრებულია.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს უფლება ექსპლუატაციაში მიიღოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობა, მათ შორის, შენობა-ნაგებობების კომპლექსის დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი მშენებლობადამთავრებული ობიექტი, რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა და რომლის მშენებლობა წარმოებულია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით (მათ შორის, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილებით, ფუნქციური ზონირების დარღვევით) ან შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე. ეს ნაწილი ვრცელდება ასევე იმ ობიექტზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა მისი მშენებლობა დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის თუ განაშენიანების დეტალური გეგმის არეალშია წარმოებული.

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 06.07.2021-ში მიღებული #88/04 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესი.

წესის მიზანად დასახულია საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზის შექმნის და მისი გამოყენების პროცესის ხელშეწყობა, მკაფიოდ განსაზღვრული განმარტებების, მონაცემების უსაფრთხო გაზიარების, დამუშავების თუ შენახვასთან დაკავშირებული რისკების შემცირების ღონისძიებების განსაზღვრით, ასევე წესი ადგენს პროცესებში ჩართული მხარეების უფლება-მოვალეობებს.
 
თავად საკრედიტო რეესტრის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურ მართვას, მაგალითად, საკრედიტო ორგანიზაციებში რისკების შეფასებას ინდივიდუალურ და კონსოლიდირებულ დონეზე, სასესხო პორტფელების დინამიკის მონიტორინგს, საკრედიტო რისკის მიმღებლობის შეფასებას რეფინანსირებული და უარყოფილი სასესხო პორტფელის მიხედვით, საკრედიტო ორგანიზაციების სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობის მონიტორინგს პრუდენციული ფორმების წარმოების გზით.

ასევე ხელი შეეწყოს აგრეგირებული მონაცემების გამოყენებას როგორც რეკონსილაციისთვის, ასევე შიდა რეპორტინგისთვის, სექტორული კვლევების მომზადებას, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სცენარების, ანალიზების ჩატარებას, საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) დანერგვის ხელშეწყობას. საკრედიტო რეესტრის მიზანია შეამსუბუქოს ანგარიშგების ტვირთი კომერციული ბანკებისთვის და საკრედიტო რეესტრის მონაწილე სხვა სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ანგარიშგების ეფექტური და მარტივი გზით წარმოდგენის შესაძლებლობის შექმნით.

ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას დაქვემდებარებული ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია გახდეს საკრედიტო რეესტრის მონაწილე.

საკრედიტო რეესტრის მონაწილე კი ვალდებულია ამ წესით განსაზღვრული მონაცემები ეროვნულ ბანკს მიაწოდოს ყოველი თვის 10 რიცხვამდე, წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით, ამ წესის შესაბამისად და უზრუნველყოს ზუსტი მონაცემების წარდგენა, მათი სისწორე, სანდოობა და სისრულე.

მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკს უფლება აქვს საკრედიტო რეესტრის მონაწილე სესხის გამცემი ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან სანქცია.

კომერციული ბანკი ვალდებულია წესით განსაზღვრული მონაცემები 2023 წლის პირველ იანვრამდე მიაწოდოს ეროვნულ ბანკს ყოველი თვის 20 რიცხვამდე.

- 14.07.2021-ის #95/04 ►ბრძანებით ცვლილება შევიდა ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესში.

ცვლილების თანახმად, რომელიც 2018 წლის 18 სექტემბრის #206/04 ბრძანებაში შევიდა, ლიცენზირებულმა რეგისტრატორმა რეესტრის წარმოება უნდა უზრუნველყოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზირებული რეგისტრატორი ვალდებულია ნომინალურ მფლობელებს მოსთხოვოს მის ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის ვინაობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნომინალური მფლობელი ვალდებულია რეგისტრატორს არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა წარუდგინოს მის სუბრეესტრში აღრიცხულ რეგისტრირებულ მფლობელთა სია (მათ შორის, ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ), მათი ვინაობის, საკონტაქტო ინფორმაციისა და მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და კლასის მითითებით~.

- 15.07.2021-ის #100/04 ბრძანების საფუძველზე კომერციული ბანკების და. მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში ცვლილების მიხედვით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება 15 000 ლარის ოდენობით დაჯარიმება, თითოეულ ასეთ ყადაღასთან მიმართებაში.ამავე თარიღში საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესშიც დაკორექტირდა ეს საკითხი და ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 10 000 ლარს თითოეულ ასეთ ყადაღაზე.

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 14.07.2021-ის #98-04 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში.

კერძოდ კი, მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ტერმინთა განმარტების სახით, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვანი წილი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) განმარტებულია როგორც – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული პუნქტის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ანდა ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ პუნქტზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან ხმის უფლების მქონე წილში თუ აქციებში წილის ოდენობისა პუნქტში.

ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა და აქციონერთა ჯგუფი კი გულისხმობს ახლონათესაური კავშირის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული პირველი რიგისა და მეორე რიგის მემკვიდრეები) მქონე პარტნიორთა ან აქციონერთა ჯგუფს, ან პარტნიორ-აქციონერებს, რომლებიც ერთმანეთთან, გარდა პუნქტისა, სხვა კომერციული ინტერესებითაც არიან დაკავშირებული.

ამავე ბრძანების მიხედვით პუნქტი ვალდებულია დირექტორის დანიშვნამდე, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორის თუ აქციონერის ანდა ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილებამდე, თანხმობის მისაღებად ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია მოცემული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების და 31 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. განაცხადს ეროვნული ბანკი მისი წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და პუნქტს მისცემს თანხმობას ან გადასცემს დასაბუთებულ უარს.
 
მე-7 მუხლის შემდგომ დამატებული 71 მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, პუნქტი ვალდებულია წერილობითი ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ამ ინფორმაციის საფუძველზე ეროვნული ბანკი ახდენს ცვლილებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და შესაბამის სარეგისტრაციო რეესტრში.
 
111 მუხლის მიხედვით ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ გაწეული მომსახურების ქვითრის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების დროს, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისობა „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე~ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 თებერვლის #18/04 ბრძანების მოთხოვნებთან. კლიენტის მიერ მომსახურების ქვითრის დედნის ელექტრონული სახით მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ სანდო და დაცული გზით, რომელსაც კომერციული ბანკები იყენებენ იმ ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის ხელმისაწვდომობისთვის, რომელი ელექტრონული ხელმოწერის საბანკო სექტორში გამოყენებაც ხორციელდება ამ პუნქტში აღნიშნული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია განახორციელოს ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ქვითრის ელექტრონული სახით შენახვა.

პუნქტმა რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა, სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

სხვა ცვლილებები

- 01.07.2021-ში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ მიღებული #1-1/285 ბრძანების თანახმად დაკორექტირდა მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, სტანდარტული პირობების ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი საბალანსო ელექტროენერგიის მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს რეგულირებადი ზედა ზღვრული ტარიფის მქონე ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან კომისიის მიერ შესაბამისი კვალიფიციური საწარმოსათვის დადგენილი წარმოების ტარიფის ზედა ზღვრით,

- იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 07.07.2021-ის #45 ბრძანების საფუძველზე შეიცვალა `სახელმწიფო პროგრამის~ `აწარმოე საქართველოში~ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადები, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგის განხორციელების ბოლო ვადა შესაძლოა 2021 წლის 30 ივნისის ნაცვლად განისაზღვროს 2021 წლის 30 ივლისით, მხოლოდ იმ ბენეფიციარების მიმართ, რომლებიც ვადის გადაწევის თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავენ სააგენტოს მიმდინარე წლის 10 ივლისამდე.

- 16.07.2021-ში მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის #ნ-12 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ამავე პირის 2017 წლის 12 ივლისის #ნ-9 ბრძანებაში. ამ ცვლილების თანახმად:
 
მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით სამსახური უფლებამოსილია, აუდიტორული ფირმისათვის მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე, მოახდინოს ცალკეული გარიგების პარტნიორის მიერ შესრულებული გარიგებების თემატური მონიტორინგი.
     
 
სავალდებულო წესით მონიტორინგის ვადის დადგომამდე აუდიტორს, აუდიტორულ ფირმას შეუძლია, საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართოს სამსახურს მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ. სამსახური, გარდა მე-20 მუხლის 53 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა (როდესაც სამსახური მონიტორინგის განხორციელების შესახებ უარის თქმის გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში) განცხადებას განიხილავს მისი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

 ის აუდიტორული ფირმა, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი, შესრულებული აქვს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით სამსახურის რეკომენდაციები და შესასრულებელი ღონისძიებები, შეუძლია, მომდევნო, სავალდებულო წესით მონიტორინგის ვადის დადგომამდე საკუთარი ინიციატივით მიმართოს სამსახურს მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ, თუ ბოლო მონიტორინგის შედეგებით:

) აუდიტორულ ფირმას არ მინიჭებია და სურს მოიპოვოს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება.

ბ) მიენიჭა სუბიექტისათვის (გარდა სდპ-ისა) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და სურს ვადამდე (განმეორებითი) მონიტორინგი.

გ) შეზღუდვით მიენიჭა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და სურს ვადამდე (განმეორებითი) მონიტორინგი.

 მე-7 მუხლს დაემატა 51 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ქსელის ფარგლებში ხარისხის კონტროლის სისტემის მიმოხილვის დოკუმენტაცია, დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს ხკსს 1-ის 48-ე-56-ე პუნქტების მოთხოვნებს.

 მე-14 მუხლის 31 პუნქტის თანახმად მონიტორინგის შედეგად აუდიტორისთვის, აუდიტორული ფირმისთვის თუ გარიგების პარტნიორისთვის მიცემული შესასრულებელი ღონისძიებების შესრულების კონტროლი ხდება თემატური მონიტორინგით, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების ფარგლებში საჭირო ხდება მონიტორინგის სრულად (კომპლექსურად) ჩატარება.

 მე-15 მუხლის 11 პუნქტის თანახმად მონიტორინგის პროცესის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ვადის ათვლა დაიწყება მონიტორინგის დაწყების შესახებ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან. თუ აუდიტორის, აუდიტორული ფირმის თუ გარიგების პარტნიორი დოკუმენტაციას და საჭირო ინფორმაციას სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს, მოცემული ვადის ათვლა შეჩერდება.

 მე-13 მუხლის, სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ დამატებითი მოთხოვნების ფარგლებში აუდიტორულ ფირმას, რომელსაც სურს ჩაატაროს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ელექტრონული ფორმით, აუდიტისთვის განკუთვნილი, სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით უნდა განახორციელოს აუდიტის მართვასა და ინფორმაციის, დოკუმენტაციის დაკომპლექტება-არქივაცია (ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან).

 21-ე მუხლს დაემატა 33, 34, 35, 36, 37, 38, 39 პუნქტები:

„33. სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელზეც სამსახურის მიერ გაიცა პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა და მის გარიგების პარტნიორს, რომელსაც სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მიენიჭა სდპ-ისთვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება.
 
34. საბოლოო დასკვნითი შეფასების გაცემისას სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს სდპ-ების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება გარიგების პარტნიორისთვის.

35. აუდიტორული ფირმისათვის სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების მიუხედავად გარიგების პარტნიორი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, თუ იგი არ ყოფილა მონიტორინგს დაქვემდებარებული ან ბოლო მონიტორინგით არ მინიჭებია სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება.

36. სამსახური უფლებამოსილია, აუდიტორული ფირმის ინიციატივით, თემატური მონიტორინგის განხორციელების გზით, სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება მიანიჭოს აუდიტორული ფირმის (რომელზეც გაცემულია პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა) გარიგების პარტნიორს. საბოლოო დასკვნითი შეფასების გაცემისას სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს სდპ-ების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება გარიგების პარტნიორისთვის.

37. პირველი ზომითი კატეგორიის საწარმოებისა და პირველი ზომითი კატეგორიის ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის (რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით დადგენილი წესით) განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც სამსახურის მიერ გაიცა პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის დასკვნა.

38. მეორე ზომითი კატეგორიის საწარმოებისა და მეორე ზომითი კატეგორიის ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის (რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით დადგენილი წესით) განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც სამსახურის მიერ გაიცა პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის დასკვნითი შეფასება.

39. ამ მუხლის 37 და 38 პუნქტების შესაბამისად, გარიგების პარტნიორისთვის მინიჭებული უფლებამოსილება/შეზღუდვები ვრცელდება ნებისმიერ აუდიტორულ ფირმაში საქმიანობისას (ფირმისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში) ან საქმიანობის ინდივიდუალურად განხორციელებისას, გარიგების პარტნიორის მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე".

იხილეთ ასევე:
 
– 21.07.2021-ის ფინანსთა მინისტრის #180 ბრძანება, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

– 14.04.2021-ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #90/04 ბრძანება „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2018 წლის 30 ნოემბრის #253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

– 30.07.2021-ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #111/04 ბრძანება, „კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 22 ივნისის #92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

– 09.07.2021-ის ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის #166 – #1-1/317 ერთობლივი ბრძანება, ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ.

– 19.07.2021-ის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის #ნ-13 ბრძანება, „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2019 წლის 21 მაისის #ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

სხვა სიახლეების გასაცნობად, ისარგებლეთ განახლებადი საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზით "ააფ-ინფო კონსულტანტი" (579-29-31-31).

მარიამ აფრასიძე