ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: აგვისტო-2021 - №8(260), 2021
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები

სიტუაციური სახელმძღვანელოები

- 13.08.2021-ში სიტუაციურ სახელმძღვანელოებს დაემატა #1514 `მენუალი~, რომელიც ეხება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის საშემოსავლო გადასახადში შეღავათს.ფაქტობრივი გარემოებები:
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირმა 2020 წელს 50 000 ლარად გაყიდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც შეძენილი ჰქონდა 2019 წელს 42 000 ლარად.

ვარიანტი I _ საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე.

ვარიანტი II _ საცხოვრებელი სახლი მდებარეობს თბილისში.

ორივე ვარიანტში: პირმა წარადგინა 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ისარგებლა საგადასახადო შეღავათით 6000 ლარის ოდენობით და მისმა კუთვნილმა საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 100 ლარი ((50000-42000)-6000)-ის 5%.შეფასება:

სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

სსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

ვარიანტი I _ იმის გათვალისწინებით, რომ აქტივების რეალიზაცია წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალზე პირი ისარგებლებს 6000 ლარამდე შეღავათით.

ვარიანტი II _ იმის გათვალისწინებით, რომ 6000 ლარიანი შეღავათი ეხება უშუალოდ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალს, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში პირი ვერ ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით. ღონისძიებები:

ვარიანტი I _ პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

ვარიანტი II _ პირს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.

_ 13.08.2021-ში გამოქვეყნდა ასევე #2545 `მენუალი~ სამორინის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლისგან გათავისუფლების შესახებ. 

ფაქტობრივი გარემოებები:

პირმა ქალაქ ბათუმში ააშენა ასნომრიანი სასტუმრო, რომელიც 2012 წლის 31 დეკემბერს შევიდა ექსპლუატაციაში. სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ პირზე გაიცა სამორინეს მოწყობის ნებართვა.

ვარიანტი I _ პირმა 2015 წლის პირველ სექტემბერს მიღებული ნებართვის მოქმედების ვადის (31.08.2020) გასვლის შემდეგ 2020 წლის 1 სექტემბერს ნებართვის გამცემისგან მიიღო სამორინეს მოწყობის ახალი ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა სრულდება 2025 წლის 30 აგვისტოს.

ვარიანტი II _ პირმა 2013 წლის პირველ სექტემბერს მიღებული ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ (01.09.2018წ.) შეაჩერა სამორინეს ფუნქციონირება, რომელიც განაახლა 2020 წლის 1 სექტემბერს მიღებული სამორინეს მოწყობის ნებართვით. პირი სამორინეს ფუნქციონირებას ახორციელებდა 2025 წლის პირველ სექტემბრამდე.

ორივე ვარიანტში _ პირმა არ მოახდინა სანებართვო მოსაკრებლის გადახდა სამორინეს ფუნქციონირებისათვის, იმ პირობით, რომ ის ახორციელებდა სამორინეს ფუნქციონირებას ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე. 

შეფასება:

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის პირველი, მე-3 და მე-8 პუნქტების თანახმად, ნებართვის გაცემას ექვემდებარება სამორინეს მოწყობა, სამორინის მოწყობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით, აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვების სხვა პირისთვის გადაცემა.

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ კანონის თანახმად, მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე შეადგენს 250000 ლარს. ამასთან, ამავე მუხლის მე-102 შესაბამისად, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, ახლად აშენებული* არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.

I ვარიანტში _ იმის გათვალისწინებით, რომ პირი 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 10 წლის განმავლობაში ფლობდა სამორინეს მოწყობის ნებართვას და სამორინეს ფუნქციონირებას ახორციელებდა ქალაქ ბათუმში ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე იგი გათავისუფლდება სამორინეს მოწყობისთვის გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან.

II ვარიანტში _ იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ნებართვის ვადის გასვლიდან ახალი ნებართვის მიღებამდე სამორინის ფუნქციონირება შეჩერებული ჰქონდა ორი წელი (01.09.2018-31.08.2020), შესაბამისად, პირი ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობისთვის გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდება მხოლოდ 2013 წლის პირველი სექტემბრიდან 10 წლის განმავლობაში 2023 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდზე. ამასთან, პირი ვალდებული იყო გადაეხადა სამორინეს მოწყობისთვის გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებელი 2023 წლის პირველი სექტემბრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდზე. 

ღონისძიებები:

I ვარიანტში _ პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება.

II ვარიანტში _ პირს დაეკისრება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

* "ქალაქ ბათუმის, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სასტუმროს ახლად აშენებულად ჩათვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 მარტის #62 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმრო ახლად აშენებულად ჩაითვლება სასტუმროს შენობანაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში შესვლის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 წლის განმავლობაში.

სიტუაციურ სახელმძღვანელოში არსებული თარიღები პირობითია.

ცვლილება საგადასახადო კოდექსში

- 02.08.2021-ში პარლამენტის მიერ მიღებული #884-Vრს-Xმპ კანონის თანახმად ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში, რომელიც ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან. მოცემული ცვლილებები კავშირშია ახალ „მეწარმეთა შესახებ“ #875 კანონთან, რომელიც ამავე პერიოდიდან ამოქმედდება, ამასთან მოცემულ კანონთან დაკავშირებული წესები ეტაპობრივად დამტკიცდება შესაბამისი ორგანოების მიერ. შესაბამისად ორივე კანონში მომხდარი ცვლილებები, დამტკიცებული წესები განხილული უნდა იყოს კომპლექსურად, რადგან გარკვეული მუხლები თუ პუნქტები კვლავ დასახვეწია.
 
ცვლილება შეეხება მე-8 მუხლის მე-12 ნაწილში განმარტებული დივიდენდის რაობის შემდგომ ჩამოყალიბებულ ნაწილს, თუ რა არ არის დივიდენდი და `ა~ პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

დივიდენდი არ არის _ იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება.

დაკორექტირდა მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ ის განახორციელა მეწარმე ფიზიკურმა პირმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში.

შეგახსენებთ, თუ რას მოიცავს ზემოაღნიშნული პუნქტები:

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი _ `საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა~.

მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები:

`1. სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, საარბიტრაჟო, სამედიატორო, სანოტარო, აუდიტორული ან საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა, აგრეთვე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის განსახორციელებლად მუდმივად დასაქმებულია 5 პირი მაინც, რომელიც არ არის წარმოების მფლობელის ოჯახის წევრი. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელია მეწარმის სამართლებრივი ფორმის დაფუძნება~.

ცვლილების თანახმად:

– განაწილებულ მოგებად არ ითვლება `მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული პირისა) დივიდენდების განაწილება.

– „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი) მიერ მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები საწარმოს მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

– 158-ე მუხლის `დღგ-ით დასაბეგრი პირის~ მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა.

აქვე უნდა ითქვას, რომ 02.08.2021-ში მიღებულ იქნა #875-Vრს-Xმპ კანონი მეწარმეთა შესახებ, რომლის საფუძველზეც 2022 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდება „მეწარმეთა შესახებ“ 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონი და ამ პერიოდიდან ამოქმედდება ახალი #875 კანონი.

როგორც კანონის მიმღებები იუწყებიან, აღნიშნული კანონით მოწესრიგდება სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებასთან, ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოებასთან, შენატანებთან, სამეწარმეო საზოგადოების ორგანოებთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან, ანგარიშგებასთან და აუდიტთან, ხანდაზმულობასა და გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებული საკითხები.
კანონი განსაზღვრავს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირის დაფუძნების პროცედურებს, არსებობის ფორმებსა და მათი არსებობის პროცესში ამავე სუბიექტის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხებს.

2021 წლის 1 ნოემბრამდე იუსტიციის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს მოცემული კანონით გათვალისწინებული სტანდარტული წესდებების დამტკიცება:

– საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა შექმნას აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული პორტალი.

– ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უნდა უზრუნველყოს იმ საწარმოს დაშლის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო.

– აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილმა შესაბამისმა მინისტრმა უზრუნველყონ იმ საწარმოს დაშლის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

- ფინანსთა მინისტრის 03.08.2021-ის #193 ბრძანებით დაკორექტირდა ინსტრუქცია `გადასახადების ადმინისტრირების შესახებ~.

ცვლილება შევიდა ინსტრუქციის 401 მუხლში, რომელიც ეხება მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის (დანართი #II-086) შევსებას, კერძოდ კი დეკლარაციის III ნაწილის მეორე სვეტში აისახება მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით (მათ შორის, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ რელევანტური სტატუსის მინიჭებამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება), შესაბამისი მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა და მოგების გადასახადი, მესამე სვეტში კი მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, შესაბამისი მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა და მოგების გადასახადი.

- ამავე თარიღის #192 ბრძანებით ამოღებულ იქნა დანართი #II-06-ი („გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“) დეკლარაციის დანართი „გ“ (დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე დაბრუნებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი და დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას), ასევე ამოღებულია 38-ე მუხლის მე-9 პუნქტი (ეს უკანასკნელი განმარტავდა დეკლარაციის დანართ `გ~-ში აღსარიცხ გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების ფაქტობრივად დადგენით დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე დაბრუნებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილ და დეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ექვემდებარებოდა აღდგენას, ფიზიკურ პირზე თანხის დაბრუნების თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით).

- 05.08.2021-ის #197 ბრძანების თანახმად ინსტრუქციის 72-ე მუხლს დაემატა ახალი მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის (დღგ-ის ჩათვლით სარგებლობის წესი) პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას, დღგ‑-ის ჩათვლის მიღების საფუძველია დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

`ა) არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ.

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია დღგ-ის თანხა.

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ბიუჯეტში გადახდილია სრულად ან არასრულად გადახდის შემთხვევაში – საგადახდო დავალებაში მითითებულია დღგ საქონლის იმპორტთან დაკავშირებით~.

_ შემოსავლების სამსახურის მიერ 05.08.2021‑-ში #25697 ბრძანებით გამოიცა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ეხება ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის თუ დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვას.

აღნიშნული ბრძანების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდება „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების უფლების შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის #13617 ბრძანება, ახალი კი ამოქმედებულია, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი მე‑-7‑-მე-10 პუნქტებისა, რომლებიც ამოქმედდება როგორც კი შეიქმნება შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა.

1. დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ჩაითვალოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად.

2. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია).

3. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მქონე კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

5. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი (მათ შორის, დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში), შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად.

6. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56 3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა გავრცელდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში.

7. იმ საანგარიშო პერიოდზე ან საკითხზე, რომელზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პროგრამულად განხორციელდეს ზემოაღნიშნულ პერიოდში/პერიოდებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შეზღუდვა.

8. „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანების გამოცემისთანავე, ბრძანების გამოცემის შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ ოპერაციებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქონების განკარგვის აკრძალვის უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელს შეეზღუდოს სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის უფლება.

9. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის აუდიტის დეპარტამენტი და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა საშუალება გამოწეროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

10. ამ ბრძანების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის ვალის მართვის დეპარტამენტი და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა საშუალება გამოწეროს შესაბამისი სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით~.

POS ტერმინალის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

- 31.08.2021-ის ფინანსთა მინისტრის #223 ბრძანებით დამტკიცდა POშ ტერმინალის ავტორიზაციის წესი.

წესი განსაზღვრავს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, შერჩეული პირის მიერ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის ნებართვისა) მაძიებლისა თუ მფლობელისთვის მისაწოდებელი POშPტერმინალის შემოსავლების სამსახურის მიერ ავტორიზაციის წესებს.

ავტორიზაცია შედგება 3 საფეხურისგან:


შერჩეული პირის მიერ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის ნებართვისა) მაძიებლისთვის თუ მფლობელისთვის მისაწოდებელი POშ ტერმინალის წარდგენა შემოსავლების სამსახურისთვის.


შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით შექმნილი სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესში აღმოცენებული საკითხების განმხილველი კომისიის მიერ წარმოდგენილი POშ ტერმინალის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობის დადგენა.


POS ტერმინალის ავტორიზაცია.

კანონში განმარტებულია საკითხთან დაკავშირებული ყველა ტერმინი, POS ტერმინალის ავტორიზაციის მისაღებად შერჩეულმა პირმა წერილობით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლებიც მოიცავს POS ტერმინალის მწარმოებლის რეკვიზიტებს, შერჩეულ პირსა და POS ტერმინალის მწარმოებელს შორის გაფორმებული შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტს, POS ტერმინალის ტექნიკური მახასიათებლებს, საექსპლუატაციო დოკუმენტაციას, სადაც აღწერილია ტერმინალის ფუნქციონალი.
 
საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 09.08,2021‑-ში მიღებული #120/04 ბრძანებით ცვლილება შევიდა ამავე პირის 2020 წლის 22 სექტემბრის #170/04 ბრძანებაში.

ცვლილების თანახმად საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის მე-4 მუხლს (გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციაზე, რეგისტრაციაზე ან აღიარებაზე) დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკს უფლება აქვს რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე, მოახდინოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება მოცემული წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენის გარეშე (გარდა კანონით საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარებისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციისა) და, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ვადა ამ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის, ამასთან ეს უფლება შეუძლია გამოიყენოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების მიზნით ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილი განაცხადების განხილვისას.

სხვა ცვლილებები

- 02.08.2021-ში შრომის კოდექსის მე-12 მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, რომელიც ეხება შრომითი ხელშეკრულების დადებას, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ მეწარმეზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან 48 თვე არ გასულა (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს მთავრობის მიერ დადგენილ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ მოცემულის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები.

კანონი ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან.

- 02.08.2021-ში მიღებული 877-Vრს-Xმპ კანონის საფუძველზე ცვლილება განხორციელდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში, რომელიც ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან.

კორპორაციული მართვის ანგარიშგება სულ მცირე უნდა მოიცავდეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის 151 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შემთხვევაში შემდეგ მონაცემებს:

– კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მნიშვნელოვანი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას;
 
– იმ ფასიანი ქაღალდების მფლობელების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც განსაკუთრებული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა, და ამ უფლების აღწერას;

– ხმის მიცემის უფლების განხორციელების შეზღუდვის (კერძოდ, გარკვეული პროცენტის ფასიანი ქაღალდების ან ხმის რაოდენობის მფლობელებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის) შესახებ ინფორმაციას;

– მმართველობითი ორგანოს წევრთა დანიშვნასა და შეცვლასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე წესდების ცვლილების შესახებ ინფორმაციას;

– ინფორმაციას მმართველობითი ორგანოს წევრთა უფლებამოსილებების შესახებ.

- 20.08.2021-ის მთავრობის დადგენილებით, ცვლილება შევიდა „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ამავე პირის 2021 წლის 12 იანვრის #5 დადგენილებაში.

ცვლილების თანახმად ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით 2021 წლის იანვრიდან 1 აგვისტოს მდგომარეობით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის არ წარმოადგენს მოცემული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი სუბსიდირება განხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შესაბამის იურიდიულ პირებს (ლიცენზიანტებს) შორის.

2021 წლის 1 აგვისტოდან თანხის გადარიცხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის არ წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი ანაზღაურება მოხდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“ მთავრობის 2021 წლის 25 მაისის #236 დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს ან თავისუფალ მიმწოდებლებს შორის, ან შესაბამის მეწარმე სუბიექტებს შორის ამ დადგენილების აღსრულების მიზნით დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

აღნიშნული წესის მიზანია, მეწარმე სუბიექტების დახმარების მიზნით, განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის სახეებში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი – სეკ 006-2016 (NACE-REV-2)) მოქმედი მეწარმე სუბიექტებისთვის 2021 წლის განმავლობაში საანგარიშო თითოეულ თვეში (შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის ოდენობით სუბსიდირება.იხილეთ ასევე:

– 02.08.2021-ის მთავრობის #387 დადგენილება „აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 10 აპრილის #236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

– 04.08.2021-ის მთავრობის #395 დადგენილება, „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ.

– 05.08.2021-ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის #012036/21 ბრძანება, პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ.

– 13.08.2021-ის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის #ს-51ბრძანება, „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის #ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

– 17.08.2021-ის მთავრობის #416 დადგენილება, „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2020 წლის 8 ოქტომბრის #619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

სხვა სიახლეების გასაცნობად, ისარგებლეთ განახლებადი საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზით "ააფ-ინფო კონსულტანტი" (579-29-31-31).

მარიამ აფრასიძე