ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციები მომზადდა - №11(263), 2021
მთავრობის გათვლებით, ახალი წესების ამოქმედების შემდეგ აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონ ადამიანს შეეზღუდება

მოთამაშის ასაკობრივი ზღვრის გაზრდა, რეკლამის შეზღუდვა და დაბეგვრის ახალი რეჟიმი - ეს ის მთავარი ცვლილებებია, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ სათამაშო ბიზნესს მოუმზადა და რომელიც 29 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა. აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში, არაერთხელ ყოფილა საუბარი, თუმცა კანონმდებლობაში მკაცრი ცვლილებების გატარება ვერასოდეს მოხერხდა. ამჯერად, მთავრობაში ირწმუნებიან, რომ პოზიციას აღარ შეცვლიან. უფრო მეტიც, სამომავლოდ ონლაინ თამაშების საერთოდ აკრძალვასაც კი განიხილავენ. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2020 წელს აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობამ 32 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 6.23 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ბოლო 10 წელიწადში კი 31.97 მილიარდი ლარით (2010 წელს - 112 მილიონი ლარი). სპეციალისტების განცხადებით, სათამაშო ბიზნესის ასეთი მასშტაბური ზრდა ონლაინ თამაშების გააქტიურებას უკავშირდება. "ვისაც აქვს სმარტფონი, ყველას ჯიბეში, ფაქტობრივად, პატარა ონლაინ სამორინე აქვს გახსნილი, მით უმეტეს, რომ რეგისტრაციის საკითხი არის აბსოლუტურად ქაოსური და მარტივი", - ამბობს "აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის" ხელმძღვანელი გუგა ბესელია. 

ამ სტატისტიკის გამოქვეყნებიდან ზუსტად ერთ თვეში, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციები დააანონსა. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა კი აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და კანონპროექტი, ფაქტობრივად, მზად იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სათამაშო ბიზნესის მკაცრ რეგულირებაზე რამდენიმე წელია მიდის საუბარი, თუმცა, მკვეთრი ნაბიჯები არასოდეს გადადგმულა, ამიტომაც სათამაშო ბიზნესის მონაწილეებისთვის პრემიერ მინისტრის განცხადებები მოულოდნელი აღმოჩნდა. 

"აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტით, თამაშის მსურველთა ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე გაიზრდება. კერძოდ, 25-წლამდე მყოფ მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტული თამაში როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში (არსებული კანონით, ონლაინ სამორინეში თამაში დაშვებულია 18 წლიდან, კაზინოში - 21 წლიდან). ამასთანავე, ასაკის მიუხედავად, აზარტული თამაშების უფლება, საერთოდ ჩამოერთმევათ საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ პირების, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელფასს ან დახმარებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, "აკრძალულთა სიაში" მყოფი მოქალაქეები აზარტული თამაშების სივრცეში თუ მაინც მოხვდებიან, ფინანსური სანქციები დაეკისრებათ პროვაიდერებს. მთავრობის გათვლებით, ამ სქემით, დაახლოებით, მილიონი ადამიანი ვეღარ ითამაშებს. 

საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკას, რომ ასაკობრივ ცენზში მყოფი ადამიანები თამაშს სხვისი პირადი მონაცემების გამოყენებით შეძლებენ და ცვლილებები შედეგიანი ვერ იქნება, არ იზიარებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა. მისი განცხადებით, ამოქმედებულია ვერიფიკაციის მექანიზმი, რომელიც მკაცრად კონტროლდება. მოთამაშე სისტემაში ვერიფიკაციის გავლის გარეშე ვერ მოხდება, რაც სხვისი პირადი მონაცემების გამოყენებას, ფაქტობრივად, მინიმუმამდე ამცირებს. 

"რეგისტრაცია ხდება ადამიანის უშუალო ჩართვით, ასე ვთქვათ, ონლაინ, ღია ეთერში დამოწმებით, მისი პირადობის მოწმობის, თუ სხვა საიდენტიფიკაციო მახასიათებლის დეკლარირებით, განთავსებით და მისი კონტროლით. ახლა, თუ შეზღუდული ასაკის მქონე პირი კოლაბორაციაში შევიდა მისი ოჯახის უფროს, 25 წელს ზევით წევრთან, რომ მამა, ბაბუა, ან ბებია თვითონ დარეგისტრირდეს და თავისი ე.წ. ექაუნთით ათამაშოს, ეს უკვე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და სხვაგვარი მიდგომის საგანი გახდება. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ ოჯახის შიგნით ასეთი თანამშრომლობა შედგა, ეს, მასობრივად მაინც ვერ მოხდება" , – განაცხადა დუნდუამ. 

ასევე ამოქმედდება "შავი სიის" მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქის ოჯახის წევრს, სასამართლოს გავლით შეეძლება კონკრეტული პირისთვის აზარტული თამაშის უფლების აკრძალვა. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეტანა ხდება 5 წლის ვადით. ხოლო დამოკიდებულ პირთა სიიდან, პირის მონაცემების ამოღება ასევე შესაძლებელია, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, ამავე პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში. ამასთანავე, მოქალაქეებს, რომლებიც თავს ვერ აღწევენ აზარტულ თამაშებს, "შავ სიაში" მოხვედრა საკუთარი განცხადების საფუძველზეც შეეძლებათ. აზარტული თამაშების პროვაიდერის სისტემის გამოყენებით აიკრძალება ერთი პირიდან მეორეზე თანხის გადარიცხვა. ასევე აიკრძალება თანხის გადარიცხვა აზარტული თამაშების უცხოური პროვაიდერების ანგარიშებზე. ეს აკრძალვა შეეხებათ საქართველოში რეგისტრირებულ ბანკებს და საგადახდო სისტემების პროვაიდერებს. ამ აკრძალვის მიზანია ის, რომ მოქალაქეებმა უცხოური აზარტული საიტების გამოყენება ვერ შეძლონ. 

"აზარტული თამაშების ორგანიზატორები ვალდებულნი იქნებიან მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე, ან თანხა გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე. ასევე, აიკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშის შესაძლებლობებს. სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და თანხის გატანის წესი, ასევე, მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება კანონქვემდებარე აქტით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

ყველა ეს შეზღუდვა თუ აკრძალვა ეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არსებულ ლიბერალურ რეჟიმში გააგრძელებენ აზარტულ თამაშებს, მთავარია პირი იყოს სრულწლოვანი (18 წლის). 

ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, "საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს უფლება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე იგი ვალდებულია, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ცნობილი გახდება, რომ მომხმარებელი იყენებს უცხოურ კომპანიას უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელების მიზნით, მან უნდა შეზღუდოს ასეთ კომპანიასთან მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა". 

ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა დაბეგვრის ახალი რეჟიმის ამოქმედება ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის. განაწილებული მოგების გადასახადის სისტემა იცვლება გგღ-ის 10%-ის დაბეგვრის წესით. კერძოდ, ახალი მოდელით დაიბეგრება მათ მიერ ფსონების სახით მიღებულ თანხასა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის (გგღ) 10%. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ეს ცვლილება სათამაშო ბიზნესის დასაბეგრ ბაზას 65-70%-ით გაზრდის. ამასთანავე, ნებისმიერი მოცულობის მოგებული თანხის გატანა 2%-ის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება. სამინისტროს გათვლებით, თუკი გამკაცრებული რეგულაციები სექტორის ბრუნვას შეამცირებს, ბიუჯეტი არაფერს დაკარგავს და ეს დანაკლისი გაზრდილი გადასახადებით დაბალანსდება. 

"ბუნებრივია, ახალი რეგულაციები გამოიწვევს სექტორში მნიშვნელოვნად შემცირებას. მეორე მხრივ, გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოს იმას, რომ მეტნაკლებად დააბალანსოს ის დანაკლისი, რაც იქნება წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც ეტაპების მიხედვით მოხდება დაბეგვრის შესაბამისი მექანიზმების უფრო მეტად ჩამოყალიბება, დანაკლისი არ იქნება ერთ რომელიმე წელზე, ეს იქნება გათვალისწინებული პერიოდზე, რომელიც დაბალანსდება წლების განმავლობაში. ამ შემთხვევაში, საუბარი არ არის, წელს ან მომდევნო წლიდან სრულად იკრძალება ყველაფერი. ამ შემთხვევაში, საუბარია იმაზე, რომ ერთი მხრივ, სექტორი მნიშვნელოვნად იზღუდება და მეორე მხრივ იზრდება საგადასახადო ტვირთი, რაც პარალელურად გულისხმობს იმას, რომ სექტორის შემცირების ფონზე, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. 

რაც შეეხება რეკლამების შეზღუდვას, რეკლამების განთავსება იკრძალება ტელევიზიით, ღია (ბილბორდებზე) და ონლაინ სივრცეში (ქართულ ვებ-გვერდებზე). სათამაშო ბიზნესს რჩება სპონსორობის უფლება. კერძოდ, აზარტული თამაშების კომპანიებს კვლავ შეეძლებათ საფეხბურთო კლუბების, სატელევიზიო გადაცემების თუ სხვა აქტივობების სპონსორობა, თუმცა მათი ბრენდისა და ლოგოს გამოჩენა შეიზღუდება. ამ შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესი საერთოდ უარს ამბობს სპორტული ღონისძიებების სპონსორობაზე. კერძოდ, რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მთავრობას ,,დაემუქრა~, რომ სპორტის არცერთ სახეობას აღარ დააფინანსებს და სპორტი ამ გადაწყვეტილებით ათეულობით მილიონ ლარს დაკარგავს. 

რეკლამის შეზღუდვას აპროტესტებს ოპოზიციის ნაწილი და კერძო ტელევიზიების ხელმძღვანელები. მათი განცხადებით, რეკლამის შეზღუდვა მათ მილიონობით ლარს დააკარგვინებს და საერთოდ დახურვის წინაშე დააყენებს. კანონპროექტის ამ ნაწილის მოწინააღმდეგები პროექტის დაჩქარებული წესით განხილვასა მედიაზე ზეწოლად აღიქვამენ. 

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მართალია, ინიციატივა და კანონპროექტი კეთილშობილურია, თუმცა მისი დაჩქარებული წესით განხილვა ეჭვს აჩენს, რომ ის „კრიტიკულ მედიასთან ბრძოლას უფრო ემსახურება“. 

„მე ჩავთვლიდი, რომ ეს არის უკიდურესად კეთილშობილური და დროული ინიციატივა და მივესალმებოდი მის განხილვას, რომ არ იყოს ერთი რეალობა – კანონპროექტი გამოიყურება როგორც ლუდომანიასთან ბრძოლის ინიციატივა, თუმცა ლუდომანიასთან არაეფექტიანი ბრძოლა იქნება ბრძოლა კრიტიკული მედიის წინაღმდეგ, რადგან სარეკლამო შემოსავლების ძალიან დიდი წილი არის სწორედ ამ ბიზნესიდან, რომელიც კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიას აძლევს არსებობის შესაძლებლობას. კანონპროექტი, რომელსაც კეთილშობილური მიზნები აქვს, მეორე მხრივ, შეფარულად ატარებს კონკრეტულ მიზანს, რომ საარსებო წყარო გადაუკეტოს კრიტიკულ მედიას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ბუნებრივია კანონის ავტორები ამ შეფასებას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი არის აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობისა და რეკლამის სახით მოქალაქების პროვოცირების შეზღუდვა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, მედიის ნაწილთან ერთად, სათამაშო ბიზნესის ახალი წესებით რეგულირებას, კატეგორიულად ეწინააღმდეგება და სათამაშო ბიზნესის ახალი წესებით რეგულირებას, ამ სფეროს 20 წლით უკან დაბრუნების მცდელობად აფასებს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია. მისი ხელმძღვანელის გიორგი მამულაშვილის განცხადებით, ასეთი მკაცრი რეგულაციების ფონზე დაზარალდება არა მარტო ეს ინდუსტრია, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა, უამრავი ადამიანი კი უმუშევარი დარჩება. 

"სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზის 65-70%-ით გაზრდა ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია. ეს, ფაქტობრივად, ბიზნესის დანგრევაა, რადგან ბიზნესს მოუწევს ყოველთვის ოპტიმიზაცია გააკეთოს, ეს კი შეიძლება მოხდეს კონკრეტული სამუშაო ადგილების შემცირებით, რაც საკმაოდ დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის. სათამაშო ბიზნესი ვეღარ განახორციელებს ინვესტიციებს. საქართველო ყოველთვის საინტერესო იყო აღნიშნულ სფეროში სხვადასხვა უცხოური ქვეყნებისთვის. ინვესტიციების განხორციელებისთვის. ეს მიმზიდველობა როდესაც დაიკარგება, საქართველოს აღარ ექნება საშუალება გახდეს რეგიონში არსებული ე.წ. ჰაბი აზარტული თამაშების მიწოდების და განვითარების კუთხით. ბევრმა ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ მიიღო სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების კანონი. შესაბამისად, ეს ხალხი გადაინაცვლებს ახალ ბაზარზე და საქართველო ეკონომიკურად დაზიანდება", - აცხადებს მამულაიშვილი. 

რაც შეეხება ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე აწევას, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. მისი განცხადებით, ეს გამოიწვევს ამ კონტიგენტის გადასვლას უცხოურ საიტებზე. 

"დღეს კი არ არსებობს ტექნოლოგია, რომ მოხდეს სრული შეზღუდვა. მაშინ უნდა ჩავკეტოთ ქვეყანა, როგორც ეს ირანმა გააკეთა. შესაბამისად, გაჩნდება ბევრი არალეგალური საიტი, კრიპტოკაზინო. დაიწყება "ხელზე მაზაობა". ეს დააზიანებს იმ ახალგაზრდებს, ვინც ამ თამაშებში იქნება ჩართული", - აცხადებს მამულაიშვილი. 

ფინანსთა სამინისტროში კი, პირიქით მიაჩნიათ, რომ სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოახერხებენ რეგულაციების აღსრულების პროცესს. მიხეილ დუნდუა განმარტავს, რომ აზარტულ თამაშებზე რეგულაციების გამკაცრება საზოგადოების მოთხოვნაა. მისი თქმით, ლუდომანების პრობლემა ამ შეზღუდვებმა შეიძლება ბოლომდე ვერ გადაჭრას, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში რეგულაციების კონტროლი არც ისე რთული იქნება. 

"იმისთვის, რომ გარკვეული აკრძალვები შემოვიღოთ, აუცილებელია მისი კონტროლის მექანიზმები გვქონდეს. რამე ავკრძალოთ, შევზღუდოთ, მაგრამ ვერ ვაკონტროლებდეთ, შეუძლებელს ხდის მის აღსრულებას. მოკლედ, ამ პროცესმა გრძელი გზა გაიარა და ჩვენ უკვე შეგვიძლია ამ აკრძალვების და შეზღუდვების დაწესება და გაკონტროლება", – განაცხადა დუნდუამ. 

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იწონებს მთავრობის პათოსს და აღნიშნავს, რომ სათამაშო ბიზნესი მოსახლეობის გაღარიბების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია. ამასთანავე, ისინი 2024 წლამდე ონლაინ კაზინოების სრულად გაუქმება ითხოვენ. 

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სუიციდის სტატისტიკაში დიდი წილი სწორედ სათამაშო ბიზნესის გამო გაკოტრებულ ადამიანებზე მოდის. ამასთან, საქართველოს ნახევარი მილიონი მოქალაქე დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე. მათი უმრავლესობა ასოციალურია და არანაირი ინტერესი ოჯახის, სამუშაოს, მეგობრებისა და ა.შ. მიმართ აღარ გააჩნიათ. აზარტული თამაშების რეგულირების სახელმწიფო კომისიის მუშაობის პერიოდში შეთანხმდა განსახილველი საკითხების უმრავლესობა. პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ჩართული იყვნენ საქართველოს საპატრიარქო, იუნისეფი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, დარგის ექსპერტები და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები. ქვეყანაში აზარტული თამაშების დასარეგულირებლად მთელი რიგი ეფექტიანი ზომები განისაზღვრა, თუმცა შემდეგ პროცესი ისევ საეჭვოდ შეჩერდა. ეს ზომები დაგვიანებულია, რადგან ამ პერიოდში ათეულ ათასობით ადამიანი გაკოტრდა და ასობით ახალგაზრდამ სიცოცხლე მოისწრაფა, თუმცა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მისასალმებელია", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში (სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმა; დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ; ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი). 

"ლუდომანიის პრევენციის ცენტრის" კვლევით, არსებობს მილიონი ანგარიში, რომელთაგან საშუალოდ 35%-მდე არის აქტიური. ანუ 350 000-მდე ადამიანი თამაშობს რეგულარულად. ამასთანავე, თბილისში გამოკითხული 16 წლის ასაკის ბავშვების 63%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან, 17 წლის ასაკში - 62%-ს, 18 წლის ასაკში კი - 90%-ს. ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ბესელია ამბობს, რომ ასეთი შეზღუდვები შედეგს ვერ მოიტანს, სანამ თამაშდამოკიდებულება აღიარებული არ იქნება როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. "საუბედუროდ, საქართველოში არ არის ლუდომანია აღიარებული, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა და აქედან გამომდინარე, უკვე რთული ხდება თუნდაც რეკლამის შეზღუდვაზე და აკრძალვაზე საუბარი. იმიტომ, რომ თუ ლუდომანია არ არის პრობლემა, მაშინ რატომ უნდა ავკრძალოთ", - აცხადებს გუგა ბესელია. 

"აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი უკვე პარლამენტშია, დაწყებულია საკომიტეტო მოსმენები. საინტერესოა, მოახერხებენ თუ არა სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის კიდევ ერთხელ გადარწმუნებას რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. მთავრობის გეგმის მიხედვით, სათამაშო ინდუსტრიას ახალი რეგულაციების ქვეშ საქმიანობა უკვე გაზაფხულიდან მოუწევს.
 
კანონპროექტის მიხედვით, ამ ინდუსტრიას ახალი რეგულაციები ქვეშ საქმიანობა უკვე 2022 წლის 1 იანვრიდან მოუწევს. აღსრულების მექანიზმების ამოქმედებას კი მთავრობა რამდენიმე თვეში გეგმავს. 

მაკა ხარაზიშვილი