ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: აპრილი-2022 - №4(268), 2022
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

სიტუაციური სახელმძღვანელოები 

– 26.04.2022-ში ქონების გადასახადის ნაწილში გამოქვეყნდა #1429 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომელიც ეხება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს შეღავათს ქონების გადასახადში. 

მენუალი დამტკიცებულია 2022 წლის 6 აპრილისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით. 

ფაქტობრივი გარემოებები 

საწარმოს 2021 წლის 1 მარტიდან მინიჭებული აქვს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. საწარმომ ჩათვალა, რომ სსკ-ის 23-ე მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი შეღავათის ნორმა გამოიყენება მთელ წელზე და შესაბამისად, 2021 წლის ქონება არ დაბეგრა გადასახადით. 

შეფასება 

- სსკ-ის 23-ე მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება. 

- საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი“-ს (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-12 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ. სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ. პირი სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების თვის დასაწყისიდან. 

იმის გათვალისწინებით, რომ პირი საერთაშორისო სტატუსის მქონე საწარმოდ ითვლება 2021 წლის 1 მარტიდან, შესაბამისად შეღავათით ისარგებლებს 10 თვის პროპორციულად განსაზღვრულ ქონების გადასახადში ქონების წლიური გადასახადის 10/12-ით. 

ღონისძიებები 

პირს დაერიცხება ქონების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით. 

– 26.04.2022-ში გამოქვეყნდა #1516 მენუალი - მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის შეღავათი საშემოსავლო გადასახადში. 

ფაქტობრივი გარემოებები 

ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მინიჭებული აქვს ყაზბეგის მუნიცი პალიტეტის მიერ. პირი 2 წლის განმავლობაში დაქირავებით მუშაობას ეწევა სხვა მაღალმთიან დასახლებაში, კერძოდ ბაკურიანში მდებარე საწარმოში. დამქირავებელმა აღნიშნულ პირებს 6000 ლარის ოდენობით გაცემული ხელფასი არ დაუბეგრა საშემოსავლო გადასახადით. 

შეფასება 

- სსკ-ის 82-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა. 

- მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: არის საქართველოს მოქალაქე; რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. 

იგივე მუხლის მე-6 პუნქტიდან(ბ) გამომდინარე, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უწყდება, თუ: შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა). 

მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მუდმივი საცხოვრებელი და საქმიანობის ადგილები მდებარეობს სხვადასხვა მაღალმთიან დასახლებაში, აღნიშნული პირი მაინც ისარგებლებენ შეღავათით, რადგან 6000 ლარიანი შეღავათი ეხება ნებისმიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალს. 

ღონისძიებები 

პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება. 

სხვა საგადასახადო ცვლილებები 

– 11.04.2022-ში შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდა მეთოდური მითითება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების შესახებ“. 

ბრძანებით დამტკიცებულ დანართ #1-ში წარმოდგენილია „საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით, 167-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციებისაგან ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები“, კერძოდ: 

`სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელისა და ნახევრადმისაბმელის (შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალება) დეკლარირების ვადის დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციისაგან პირის გათავისუფლება, თუ დეკლარირების ვადა დარღვეულია არაუმეტეს 60 კალენდარული დღით და სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია, შესაძლებელია განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, შემდეგი პირობების დაცვით: 

ა) გაფორმების ორგანოში ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენისას, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #96 დადგენილებით დამტკიცებული „სსი პ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთების“ მე-13 გრაფით გათვალისწინებულ მომსახურების საფასურის (შემდგომში – მომსახურების საფასური) გადახდისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცევის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას საბაჟო სანქციის ოდენობის გრაფაში მიუთითოს ნულოვანი თანხა; 

ბ) სამართალდამრღვევი პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადების, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცევისა და მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ ინფორმაციის, წარმოდგენის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანება პირის საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების შესახებ და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი ჯარიმის თანხის კორექტირება~. 

უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) დეკლარირების ვადის დარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 165 ე მუხლით გათვალისწინებული სანქციისაგან პირის გათავისუფლება შესაძლებელია მოახდინოს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ დეკლარირების ვადა დარღვეულია არაუმეტეს 60 კალენდარული დღით, სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია და სამართალდამრღვევი პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილია საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადება, ასევე მითითებული უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცევის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ ინფორმაცია. ამ პირობებში საბაჟო დეპარტამენტს შეუძლია გამოსცეს ბრძანება საბაჟო სანქციისგან პირის გათავისუფლების შესახებ და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მოახდინოს შესაბამისი ჯარიმის თანხის კორექტირება. 
ექსპორტში/რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადების ვადის დარღვევისა და უკანონო განკარგვისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციებისაგან საბაჟო დეპარტამენტს შეუძლია პირის გათავისუფლება, თუ საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით სამართალდამრღვევი პირის მიერ წარდგენილია განცხადება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია და პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გამოცხადების ვადის დარღვევის შემდეგ დატოვებული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორია, ამ პირობებშიც საბაჟო დეპარტამენტს აქვს უფლება გამოსცეს საბაჟო სანქციისგან პირის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მოახდინოს შესაბამისი ჯარიმის თანხის კორექტირება. 

ამავე ბრძანებით დამტკიცებულ დანართ #2-ში კი დამტკიცებულია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები“, კერძოდ: 

„საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამავე კოდექსის 274-ე მუხლის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან, თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები: 

ა) გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული თარიღისთვის ან სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადის ნაწილში/ აღიარებული მოსაკრებლის ნაწილში; 

ბ) პირს, საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენის წინა დღის მდგომარეობით 12 კალენდარული თვის განმავლობაში, იგივე ქმედება ჩადენილი არ ჰქონია“. 

აქვე შევნიშნავთ, რომ #2 დანართის მიზნებისათვის საგადასახადო დეკლარაციის თუ გაანგარიშების წარმოდგენის თვე ითვლება სრულ კალენდარულ თვედ. 

მომსახურების დეპარტამენტის მიერ 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლების შემდეგ, პირის მიერ იმავე საგადასახადო დეკლარაციის თუ გაანგარიშების შემდგომი დაზუსტებისას, როდესაც შესწორებული გაანგარიშებით დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა არ აღემატება პირველადი დეკლარაციით დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ს, მომსახურების დეპარტამენტს უფლება აქვს არ მოახდინოს დაზუსტებული დეკლარაციით თუ გაანგარიშებით დაანგარიშებული სანქციის დაკისრება. 
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტს უფლება აქვს პირი გაათავისუფლოს 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი: 

`ა) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოვლენილია უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის საფუძველზე; 

ბ) გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის, პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში; 

გ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის შემდგომ, მაგრამ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტზე შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, პირს წარდგენილი აქვს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია; 

დ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილ განცხადებაში პირმა დააფიქსირა ამ განცხადების წარდგენის თვეში (მიმართვის თვის დასაწყისიდან მიმართვის მომენტამდე) განხორციელებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.~ 

– ფინანსთა მინისტრის 5.04.2022-ში მიღებული #101 ბრძანებით ცვლილება შევიდა ამავე პირის 2019 წლის #254 ბრძანებით დამტკიცებულ „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესში“. 

ცვლილების თანახმად უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებით შექმნილი საგანგებო გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი და, თანმხლები დოკუმენტების შესაბამისად, უკრაინის დანიშნულებით გადასაადგილებელი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), ასევე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის მფლობელი, რომელიც შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანას კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, თავისუფლდება მოცემული სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება (სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა) შესრულებულია 2022 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში ანდა ექსპორტის პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებულია 2022 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე პერიოდში და პირი უზრუნველყოფს ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარირებული ექსპორტის პროცედურის, რეექსპორტის დასრულებას ან სხვა საბაჟო პროცედურაში მოქცევას 2022 წლის 1 სექტემბრამდე. 

– 07.04.2022-ის შემოსავლების სამსახურის #8724 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესში“. 

ცვლილების საფუძველზე #13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლს, რომელიც ეხება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ოპერაციების ჩაწერის წესებს, დაემატა 23-ე და 24-ე პუნქტები, რომლის მიხედვითაც: 

„23. გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომლის წარმოშობის მომდევნო წლის 1 იანვრიდან გასულია 3 წელი, გარდა ლატარიის გადასახდელის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხისა და ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, თუ მას ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის მომდევნო წლის 1 იანვრიდან გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე პერიოდში არ უფიქსირდება ამ ბარათზე გატარებული ოპერაცია (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე). 

24. ამ მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმება ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ, ყოველი წლის 15 იანვარს“. 

იმ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც 2019 წლის პირველი იანვრიდან ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არ უფიქსირდება 23-ე პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია, ბრძანების ამოქმედებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში უუქმდება 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის ზედმეტად გადახდილად ფიქსირდება. 

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები 

– პარლამენტის მიერ 12.04.2022-ში მიღებული #1477-VIIIმს-ხმპ კანონის საფუძველზე ცვლილება შევიდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც ამოქმედდება 01.06.2022 დან. 

ცვლილების მიხედვით დაკორექტირდა მუხლი 641, რომელიც ეხება მომხმარებლის უფლებების დაცვას და რომლის თანახმადაც ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის წარმომადგენელსა და სესხის გამცემ სუბიექტს შეიძლება დაუდგინოს: 

ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით (გარდა საპროცენტო სარგებლისა), მე-7 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (წინსწრებით დაფარვის საკომისიოსთვის) და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები. 

ბ) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემისას ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლის უფლებების დაცვის (მათ შორის, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების) წესი. 

გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-300 მუხლის 2 1 ნაწილითა და 301-ე მუხლის 1 2 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები ან/და დამატებითი წესები. 

დადგენილი მოთხოვნების შესრულებისთვის და აღნიშნული კანონის გამართული ფუნქციონირებისთვის ეროვნული ბანკი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს, გასცემს წერილობით მითითებებს და გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, ბანკი უფლებამოსილია დააწესოს სანქციები და შეზღუდვები. 

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2022 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ 

– 04.04.2022-ში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის #ნ-3 ბრძანებით შემოღებულ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ მიღებული და გამოცემული `ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები – 2022 წელი~, რომელიც განთავსდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე (www. saras.gov.ge). 

ბრძანების თანახმად სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა 2022 წლის პირველ იანვარს და შემდგომ დაწყებული საანგარიშგებო პერიოდისთვის. 
სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები სამსახურის მიერ განახლდება მოქმედი ინგლისურენოვანი რედაქციის განახლებიდან 6 თვის ვადაში და ასევე იგეგმება თარგმანის პერიოდული რედაქტირება. 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 

– 20.04.2022-ში გამოქვეყნებული მთავრობის #212 დადგენილებით დამტკიცდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. 

ძალადაკარგულად გამოცხადდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2020 წლის 18 მაისის #312 დადგენილება.

აღნიშნული პროგრამის სისრულეში მოსაყვანად ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა უნდა მოიძიონ საჭირო დაფინანსება, რომელიც შეადგენს 35 000 000 ლარს. 

პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)ი პ - სოფლის განვითარების სააგენტო და მისი ამოცანაა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა. 

პროგრამა მოიცავს სუბსიდიის მოცულობის განსაზღვრას შემდეგი პირობებით: 

ა) თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ჯამურად გააჩნია 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/ და ქულით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით, მიწის ნაკვეთ(ებ)ის თითოეულ ასეთ მესაკუთრე ბენეფიციარზე; 

ბ) თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, ჯამურად ასეთ თანამესაკუთრე ბენეფიციარებზე; 

გ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ(ებ)ს მიწის ნაკვეთები გააჩნია(თ) როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში, სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებასა და თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ-ცალკე, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით; 

დ) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ისშემთხვევაში სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე, რომელიც ბანკში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობის დოკუმენტს, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია ან ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე და რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია. 

აღნიშნული სუბსიდიის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში უნდა ჰქონდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ჯამური ფართით არანაკლებ 0.25 ჰა-ისა და არა უმეტეს 1.25 ჰა-ისა ან არა უგვიანეს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოახდინოს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაცია ან ინფორმაციის იმ სახის დაზუსტება, რომლითაც იდენტიფიცირებადი იქნება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს „ფერმათა/ ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. 

რაც შეეხება სუბსიდიის გაცემას, სააგენტო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბანკს გადასცემს ბენეფიციარების ჩამონათვალს, მოახდენს ბანკში გახსნილ საკუთარ ანგარიშზე პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებული სუბსიდიის თანხის განთავსებას, თავის მხრივ ბანკი, სააგენტოდან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოახდენს ბენეფიციარების ბარათებზე შესაბამისი რაოდენობის ქულების ან თანხის დარიცხვას, ბანკმა უნდა უზრუნველყოს საქონლის მიმწოდებლებისთვის ისეთი პოსტერმინალების გადაცემა, რომლის საშუალებითაც ბენეფიციარები შეძლებენ გამოიყენონ ბარათებზე დარიცხული ქულები ან თანხა, რომლის გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი. 

იხილეთ ასევე: 

– 26.04.2022-ის მთავრობის #224 დადგენილება, ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების შემოწმებისათვის მინიმალური პირობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ. 

– 12.04.2022-ის ფინანსთა მინისტრის #111 ბრძანება, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 26.04.2022-ის მთავრობის #225 დადგენილება, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ. 

– 12.04.2022-ის მთავრობის #195 დადგენილება, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2021 წლის 2 აპრილის #147 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 5.04.2022-ის მთავრობის #173 დადგენილება, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 13 ივნისის #336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის #39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

მარიამ აფრასიძე