ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: მაისი - №5(269), 2022
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 

- ფინანსთა მინისტრის მიერ 10.05.2022-ში მიღებული #141 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. 
ცვლილების თანახმად საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შემდეგ აკრძალულია ქვეყნის შიგნით აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მიწოდება. იმპორტიორს, რომელმაც აქციზური მარკა მიიღო აღნიშნულ ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდში მითითებული საქონლის ნიშანდების მიზნით, უფლება აქვს აქციზური მარკით ნიშანდება მოახდინოს საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდეც, იქამდე, სანამ განხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურა. 

792 მუხლის მე-2 პუნქტს დამატებული `ტ~ ქვეპუნქტის მიხედვით შერჩეული პირის მიერ მატერიალური ფორმის აქციზური მარკების გაცემა ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი იმპორტირებული სითხეებისთვის უნდა მოხდეს 10 800-ცალიანი შეკვრით (მშრალი). 

თამბაქოს და ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლის მწარმოებელთან გაგზავნამდე აქციზური მარკების შეფუთვა უნდა მოხდეს აქციზური მარკების გაცემის ადგილზე, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, მეწარმე სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის, შემოსავლების სამსახურის თუ შერჩეული პირის წარმომადგენლების თანდასწრებით და ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. 

მატერიალური ფორმის მარკებით საქონლის სავალდებულო ნიშანდებისას მეწარმე-სუბიექტის და ფიზიკური პირის მოვალეობაა უზრუნველყოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00, 2403 99 100 00, 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებული საქონლისთვის მიღებული მატერიალური აქციზური მარკის მონაცემთა ბაზაში გააქტიურება აქციზური მარკის მიღებისთანავე, მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღეში. 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლისთვის მიღებული მატერიალური აქციზური მარკის მონაცემთა ბაზაში გააქტიურება კი უნდა მოახდინოს იქამდე, სანამ განახორციელებს საქონლის მიწოდებას. 

ცვლილება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესში 

- ფინანსთა მინისტრის მიერ 04.05.2022-ში მიღებული #134 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა „ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესში“ ინსტრუქციაში. ბრძანება ამოქმედდა მიმდინარე წლის 4 ივნისიდან. 

ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ პირი აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით დადგენილ დღგ ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების პირობებს, მას შეუძლია, მიმართოს საგადასახადო ორგანოს მოითხოვოს ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება. ამ შემთხვევაში, ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლის მიუხედავად, პირს აქვს ვალდებულება რომ შეასრულოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. 

მე-4 მუხლის მე-7-მე-9 პუნქტები წარმოდგენილია შემდეგი სახით: 

„7. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება განცხადებაში დაფიქსირებული ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახე ან/და ობიექტის რაოდენობა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, განცხადებით (დანართი #1) მიმართოს საგადასახადო ორგანოს ცვლილების მოთხოვნით, რის შემდეგაც დარიცხვა მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან უნდა განხორციელდეს შემდგომ წარდგენილ განცხადებაში დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახის ან/და ობიექტის რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში, გადამხდელზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას (გარდა საქმიანობის სახისა და სხვა მისამართზე ობიექტის დამატების შემთხვევისა). 

8. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ცვლილებამდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს (დანართი №1). ასეთ შემთხვევაში, გადამხდელზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას. 

9. დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად“. 

ფინანსთა მინისტრის ბრძანება #994 

- ფინანსთა მინისტრის 18.05.2022-ში მიღებული #150 ბრძანებით ცვლილება შევიდა „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესში“. 

ცვლილების მიხედვით წესის 81-ე მუხლს (ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) დაემატა ახალი 51 პუნქტი, რომლის თანახმადაც საბაჟო დეპარტამენტი ადგენს ოქმს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ და განიხილავს აღნიშნულ საქმეს, უწესებს ადმინისტრაციულ სახდელს იმ სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით, 4211 მუხლის პირველი – 21 ნაწილებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებით, 1291 მუხლით, 1553 მუხლის პირველი–მე-6 და მე-7–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებით, 17417, 17715, 1793, 1911 და 194-ე მუხლებით. შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართულ მასალებთან ერთად ეგზავნება რაიონის ან ქალაქის სასამართლოს განხილვისთვის. 

თუ სამართალდამრღვევი არ დავობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, ამის დასადასტურებლად ოქმის შესაბამის გრაფაში უნდა აღნიშნოს და მოაწეროს ხელი, რის შემდეგაც ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული ჯარიმის თანხა, რომელიც მითითებულია ოქმში. 

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები 

- 04.05.2022-ში ეროვნულმა ბანკმა #52/04 ბრძანებით დაამტკიცა საოპერაციო რისკის მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაცვლის წესი. 
აღნიშნული წესის მიზანია ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის მიმდინარეობდეს ინფორმაციის გაზიარება-ანალიზის პორტალის საშუალებით ოპერატიული და ცენტრალიზებული გაცვლა საოპერაციო რისკის მოვლენების შესახებ. 

პორტალი, რომელიც შედგება ორი მოდულისგან, ექსპლუატაციაში გაეშვა 2022 წლის პირველ ივნისს, იგი მოიცავს საოპერაციო რისკების გარეშე მონაცემთა ბაზის და ინფორმაციის გაზიარების მოდულებს. 

პორტალზე კომერციული ბანკის მომხმარებლის პირველად რეგისტრაციას განახორციელებს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი და კომერციულ ბანკს გაუგზავნის მომხმარებლის მონაცემებს, ასევე ავტორიზაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ეროვნულმა ბანკმა არაუგვიანეს 2022 წლის 15 მაისისა უნდა უზრუნველყოს კომერციული ბანკებისთვის მომხმარებლის მონაცემების მიწოდება. 

საოპერაციო რისკების გარეშე მონაცემთა ბაზის მოდულში კომერციული ბანკი ვალდებულია ატვირთოს ყოველთვიური საოპერაციო რისკების დანაკარგები მოცემული წესის დანართი #1-ის შესაბამისად, ეროვნული ბანკი კი კომერციულ ბანკებს კვარტალურად გაუზიარებს მიღებული საოპერაციო რისკების დანაკარგების კონსოლიდირებულ მონაცემებს. ინფორმაციის გაზიარების მოდულის საშუალებით კომერციული ბანკი შეძლებს დარეგისტრირებული მსხვილი საოპერაციო რისკების მოვლენათა რეესტრის დათვალიერებას, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული შეტყობინების ნახვას და მსხვილი საოპერაციო რისკის მოვლენის შესახებ შეტყობინების რეგისტრაციასა და რეგისტრირებული შეტყობინების შესახებ სავალდებულო დამატებითი ინფორმაციის შევსებას შეტყობინების რეგისტრაციიდან შვიდი კალენდარული დღის ვადაში. 

– მსხვილი საოპერაციო/კიბერრისკის მოვლენის მაღალი ალბათობით მოლოდინის ან დაფიქსირების შემთხვევაში კომერციული ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს მოვლენა პორტალზე ამ წესის შესაბამისად, მოვლენის/ფაქტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. 

– კომერციული ბანკის მიერ პორტალის მეშვეობით გაზიარებული ინფორმაციის სისრულეზე, სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომერციულ ბანკს. იგი ვალდებულია დაიცვას პორტალის მეშვეობით გაზიარებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. 

– კომერციული ბანკი ვალდებულია: 

ა) უზრუნველყოს თავისი შიდა სისტემების თავსებადობა პორტალის გამოყენების მოთხოვნებთან; 

ბ) პორტალზე პირველი ავტორიზაციისთანავე შეცვალოს ეროვნული ბანკის მიერ მისთვის გადაცემული ერთჯერადი პაროლი; 

გ) პორტალზე პირველი ავტორიზაცია განახორციელოს ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებლის მონაცემების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში; 

დ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს პორტალზე უწყვეტ წვდომასთან ან/და ინფორმაციის/ დოკუმენტების გადაცემასთან დაკავშირებით პრობლემების არსებობის შესახებ; 

ე) ინფორმაციის/დოკუმენტების გაგზავნასთან დაკავშირებული პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება უზრუნველყოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული ალტერნატიული საშუალებით. ნებისმიერი მიზეზის გამო პორტალის ფუნქციონირების შეფერხება კომერციულ ბანკს არ ათავისუფლებს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაგზავნის ვალდებულებისაგან; 

ვ) დაიცვას უსაფრთხოების პროცედურები პორტალზე არაავტორიზებული წვდომის თავიდან არიდების მიზნით და დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს, თუ მას გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვი ან მიიღებს შესაბამის ინფორმაციას პორტალზე განხორციელებული არაავტორიზებული წვდომის შესახებ. 

- 10.05.2022-ში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით ცვლილება შევიდა „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“. 

განიმარტა ტერმინი `ფულადი გასაცემელი~, რაც გულისხმობს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვადო ფულად გასაცემელს, მათ შორის, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებისმიერი სხვა გასაცემელი ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით. ფულად გასაცემელში არ შედის ფულადი სახის სოციალური დახმარება – საარსებო შემწეობა, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობა. 
დაკორექტირდა მუხლი 39 _ საცალო რისკის პოზიციები: 

`1. რისკის პოზიციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, უნდა შეიწონოს 75% რისკის წონით. 

2. ფულადი გასაცემლების ბენეფიციარების მიმართ არსებული რისკის პოზიციები, რომელთა დაფარვის პირდაპირი წყარო არის ფულადი გასაცემლები, უნდა შეიწონოს 35% რისკის წონით, თუკი კმაყოფილდება შემდეგი პირობები: 

ა) მსესხებელს ფულადი გასაცემლები უნდა ერიცხებოდეს გამსესხებელ ბანკში და ბანკს უნდა ჰქონდეს უპირობო წვდომა (მათ შორის, მსესხებლის ნებართვა), რომ ყოველთვიური გადახდები ავტომატურად ჩამოაჭრას მსესხებელს შესაბამისი ანგარიშიდან; 

ბ) მსესხებლის გარდაცვალების რისკი დაზღვეული უნდა იყოს ბანკის სასარგებლოდ ან ბანკს შექმნილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეზერვები აღნიშნული რისკიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგებისთვის; 

გ) სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის დაცული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ განსაზღვრული დასაშვები ნორმები; 

დ) სესხის მაქსიმალური ვადა უნდა განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების“ შესაბამისად“. 

კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს უნდა მიმართონ და თანხმობა მიიღონ იმისათვის, რომ გამოიყენონ 35% რისკის წონა რისკის პოზიციებისათვის, რომელთა დაფარვის წყარო არის ფულადი გასაცემლები. 

სხვა ცვლილებები 

- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 18.05.2022-ში მიღებული #5 ბრძანებით ცვლილება შევიდა „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესში“, რომელიც ამოქმედდება 2022 წლის 1 ივლისიდან. 

ცვლილების თანახმად მე-12 მუხლს დაემატა 121 მუხლი, რომლის მიხედვითაც სააღრიცხვო საქმიანობების სფეროში მოქმედმა სუბიექტმა, სააღრიცხვო საქმიანობების გამწევი პირის შესახებ ინფორმაციის ჩანართში უნდა მიუთითოს დასაქმებული სააღრიცხვო საქმიანობის მომსახურების მიწოდების გამწევი პირების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ფაქტობრივი მისამართი და საქმიანობის მიმართულება (აუდიტი, ბუღალტერია, საგადასახადო კონსულტაცია). 

ამ მუხლის მიზნებისთვის სააღრიცხვო საქმიანობა განიმარტება „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საქსტატის“ საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ შესაბამისად. 

- 04.05.2022-ის შემოსავლების სამსახურის უფროსის #11286 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესში“. 

2022 წლის 14 მაისიდან შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი მომსახურების გაწევისთანავე მოახდენს გადასახდელი ვალდებულების ბარათზე ასახვას შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისთვის საფასურებისა და მათი განაკვეთების 54-ე, 543, 544, 57-ე და 86-ე გრაფებით, ასევე საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მიერ 59-ე გრაფით, ასევე 104-ე–120-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას და დადგენილების 18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისთვის. 
საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული, მომსახურების გაწევისას ბარათზე ვალდებულების ასახვა მოხდება საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციისთანავე. 

- 10.05.2022-ის შემოსავლების სამსახურის უფროსის #11720 ბრძანებით ცვლილება შევიდა ამავე პირის „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ 2021 წლის 25 ოქტომბრის #33619 ბრძანებაში. 

კერძოდ კი დანართ #1-ს, რომელიც ამოქმედდება 2022 წლის 16 მაისიდან („მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის შესაზღუდი მომსახურების სახეები“) დაემატა შემდეგი ქვეპუნქტები: 

„ნ) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილების მოთხოვნა ქ. თბილისის სერვისცენტრებში საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ როგორც საკუთარი, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის სახელით; 

ო) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის აღდგენის მოთხოვნა ქ. თბილისის სერვისცენტრებში საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ როგორც საკუთარი, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის სახელით; 

პ) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების/ გაუქმების მოთხოვნის რეგისტრაცია; 

ჟ) ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მინიჭების/ გაუქმების მოთხოვნის რეგისტრაცია; 

რ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების/ გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნის რეგისტრაცია; 

ს) სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების/გაუქმების მოთხოვნის რეგისტრაცია; 

ტ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების/შეწყვეტის, შეჩერების/საქმიანობის აღდგენის, საქმიანობის სახის ან/და განხორციელების ადგილის ცვლილების მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრში ასახვის მოთხოვნის რეგისტრაცია“. 

იხილეთ ასევე: 

– 12.04.2022-ის ფინანსთა მინისტრის #111 ბრძანება, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ (გამოქვეყნდა 13.04.2022 წ., ამოქმედდა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს). 

– 23.05.2022-ის ფინანსთა მინისტრის #156 ბრძანება, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 02.05.2022-ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #46/04 ბრძანება, „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2020 წლის 17 აგვისტოს #151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 25.05.2022-ის მთავრობის #268 დადგენილება, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ ამავე პირის 2005 წლის 21 სექტემბრის #162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 31.05.2022-ის მთავრობის #273 დადგენილება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ. 

მარიამ აფრასიძე