ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
წელს საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპი 9% იქნება - №9(273), 2022
ინფლაცია კი, წელიწადზე მეტია, ორნიშნაა 

ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს ეკონომიკის 5% იანი ზრდაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების მანძილზე ხელისუფლების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა და ამ მაჩვენებლით საქართველო გამორჩეულია მრავალი, მათ შორის განვითარებული ქვეყნებისგანაც კი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მომავალ წელს საკმაოდ მოკრძალებული, 5%-იანი ზრდა უკვე ბევრი არაფერია ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. 

ამასთანავე, 12 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაავრცელა ახალი ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2023 წლისთვის 4%-მდე შეამცირა. წლის დასაწყისში კი პროგნოზი ბევრად ოპტიმისტური იყო. სავალუტო ფონდი აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2023 წელს ეკონომიკის 5.8%-იან ზრდას პროგნოზირებდა. 

ახალ ანგარიშში ფონდმა უცვლელად დატოვა მიმდინარე წლის 9%-იანი ზრდის პროგნოზი. 

IMF-ის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში სამომხმარებლო ფასები 6%-ით გაიზრდება, წელს კი ინფლაცია საშუალოდ 11.6% იქნება. 

ფონდი მომავალ წელს უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდას ელის. წელს ნავარაუდებია 18.7%-იანი მაჩვენებელი, რაც მომავალ წელს 19.5%-მდე გაიზრდება. 

IMF-ის მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის განცხადებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, წელს, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდება. 

„ტურიზმის მოსალოდნელზე სწრაფმა აღდგენამ, შემომავალი ფულადი გზავნილების ზრდამ, ასევე იმიგრაციასთან დაკავშირებულმა ნაკადებმა ხელი შეუწყო ქვეყნის საგარეო პოზიციის განმტკიცებას და შიდა მოთხოვნის შენარჩუნებას. 

2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 9%-მდე გავზარდეთ, რადგან დღეის მდგომარეობით, უკრაინაში მიმდინარე ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე არ რეალიზებულა. ეკონომიკის ზრდამ განამტკიცა საბანკო სექტორის მდგრადობა. ინფლაციამ შემცირება დაიწყო, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელზე გაცილებით მაღლა ნარჩუნდება“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა. 

ამასთან, გამოწვევების ფონზე, IMF ელის, რომ მომავალ წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 2.7% მდე შემცირდება, რაც 2001 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამავე დროს, სავალუტო ფონდის პროგნოზით არსებობს 25%-იან ალბათობა, რომ ზრდა 2%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდება. 

ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი და უცვლელი ორნიშნა ინფლაცია 

მიმდინარე წელს რვა თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 10,3%-ია. აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში ზრდამ 14,9% შეადგინა, მეორე კვარტალში კი მშპ-ის ზრდა მნიშვნელოვნად ნაკლები _ 7,1% იყო. ივლისში ზრდის ტემპმა კვლავ მოიმატა და 9,7% შეადგინა. კიდევ უფრო მეტი იყო აგვისტოში. ზაფხულის ბოლო თვეში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. სწორედ ამ მაჩვენებლებით ამაყობს საქართველოს ხელისუფლება და აცხადებს, რომ მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად უკვე მეორე წელია მაღალი ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში. 

„უკვე მეორე წელია, მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ~, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოქტომბრის დასაწყისში. 

კითხვაზე, დროებითი ხომ არ არის ეს ეფექტი – მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უკვე მეორე წელია, არის. 

„დროებითი შეიძლება იყოს რამდენიმე თვე. უკვე მეორე წელია, მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შეიძლება, ეს „დროებითი“ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს რამდენიმე წელიწადი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

და, აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ღარიბაშვილმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უკვე ცნობილი იყო მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი: ბიუჯეტის პროექტით ზრდა 5% იქნება, მოგვიანებით კი სავალუტო ფონდმა სულაც 4%-იანი ივარაუდა. 

სავალუტო ფონდის პროგნოზებით, რომლის მიხედვითაც წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება, საქართველო მე-9 ადგილზეა 190 ქვეყანას შორის. 

ძირითადად ნავთობექსპორტიორი და ტურიზმზე დამოკიდებული პატარა ქვეყნების (სეიშელი, ბარბადოსი, მალდივები, ბაჰამა და ა.შ.) ეკონომიკები იზრდება სწრაფად. 

ნავთობექსპორტიორების ეკონომიკა იზრდება ნავთობის გაძვირების გამო და ტურიზმზე მაღალდამოკიდებულების პოსტპანდემიური ეფექტის გამო _ ტურიზმი მნიშვნელოვნად აღდგა, მათ შორის, საქართველოში. სამაგიეროდ, 2020 წელს დიდი ვარდნა ჰქონდა როგორც საქართველოს, ასევ ტურიზმზე დამოკიდებულ სხვა პატარა ქვეყნებს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის 9%-იანი ზრდის პროგნოზი აგვისტოს დასაწყისში საქართველოს ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა. სებ-მა სწორედ აგვისტოში განაახლა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი და მაჩვენებელი 4%-დან 9%-მდე გაზარდა. 

ეროვნულმა ბანკმა მიიჩნია, რომ ქვეყანაში მზარდი ერთობლივი მოთხოვნა, გაზრდილი ფულადი გზავნილები, საბანკო დაკრედიტებისა და ტურიზმის აღდგენის ტემპი მთლიანობაში ქმნის საფუძველს, რომ წლიურად ეკონომიკის ზრდამ 9%-ს მიაღწიოს. 

„ეკონომიკური აქტივობა სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს, რისი მნიშვნელოვანი ხელშემწყობიც ბოლო თვეებში ფულადი გადმორიცხვების რეკორდული დონე, აღდგენილი ტურიზმი და მაღალი დაკრედიტებაა. წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა“, _ მითითებულია სებ-ის აგვისტოს განცხადებაში. 

ოპტიმისტურია მთავრობის განცხადება. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში მითითებულია, რომ მომავალ წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი 39%-მდე შემცირდება. 

„2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მთავრობის ვალი და მშპ-ის 60%-ს გადააჭარბა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ს 9,3% შეადგინა. ეკონომიკური რეცესია 2021 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და რეალური ეკონომიკა 4,1%-ით შემცირდა, თუმცა მეორე კვარტლიდან ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაიწყო. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების, საფინანსო სექტორის ზრდის, წმინდა ფულადი გზავნილების და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, რის შედეგადაც 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10,4% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელი გახდა 2020 წელს მიღებული დანაკარგის სრული აღდგენა და 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის დონე 2,9%-ით გაიზარდა. 2021 წელს ეკონომიკის აღდგენის პარალელურად შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ ის 6,1%-მდე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოსცდა მშპ-ის 50%-იან ნიშნულს. 

2022 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 6%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 64,8 მლრდ ლარს შეადგენდა. ამავდროულად, კვლავ მაღალი იყო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და მშპ-ის 4,4%-ს შეადგენდა. 2022 წელს კვლავ გაგრძელდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა, ხოლო 8 თვის მონაცემებით რეალური ეკონომიკური ზრდა კვლავ ორნიშნა მაჩვენებლით არის და 10,3%-ს შეადგენს. 

მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, მომზადდა და პარლამენტს წარედგინა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 8,5%, ხოლო ნომინალური მშპ-ის პროგნოზი შეადგენს 72,2 მლრდ ლარს. მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა დაგეგმილთან შედარებით 700,0 მლნ ლარზე მეტით შემცირებული ვალის აღება, შედეგად ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 3,2% მდე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოსცდა მშპ-ის 40%-ს. აღნიშნული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ორწლიან პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია, რამაც შესაძლებელი გახადა ვალის მაჩვენებლის პანდემიამდელ დონეზე შემცირება“, – განმარტავს მთავრობა. 

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზს წინა წლების რეცესიაში და მთავრობის მიერ დიდი მოცულობით ვალების აღებაში ხედავს. მისი თქმით, პანდემიურ 2020 წელს მკვეთრად შემცირდა ეკონომიკა, 2021-ში იყო გარკვეული ამოსვლა. ამოსვლა და ბიძგი გრძელდება 2022-ში. როგორც ხორგუაშვილი ამბობს, ამჟამინდელი ეკონომიკის ზრდის ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ ისიც, რომ 2020 ში მთავრობამ აიღო 10 მლრდ ლარზე მეტი ვალი, ეს ფული მიმართა ეკონომიკაში გასულ 2021 წელს და ნასესხები ფულის ეკონომიკაში ჩასხმა გრძელდება წელსაც. 

„მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით ნაკლებ ვალს იღებენ, საბოლოო ჯამში მაინც დიდ ვალს იღებენ, განსაკუთრებით შიდა ვალს, რაც მერე კიდევ სხვა პრობლემებსაც იწვევს, მათ შორის ინფლაციასაც“, – ამბობს ხორგუაშვილი. 

ეკონომისტის აზრით, ამჟამინდელი ზრდა არის ასევე გამოწვეულია იმისგან, რომ უამრავი ადამიანი შემოდის ქვეყანაში და ხარჯავენ ფულს. ეს მოვლენა კი აძლევს ერთგვარ ბიძგს ეკონომიკას და ზრდას უწყობს ხელს, თუმცა, ამ ყველაფერს დიდი ალბათობით მოკლევადიანი ეფექტი ექნება. 

„სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენი ქვეყნის მსგავსი ქვეყანაში თუ არ შემოვიდა ინვესტიციები, გვექნება დაბალი ეკონომიკური ზრდა. ბოლო წლებში სწორედ ასეც ხდებოდა. ბოლო 10 წლის მანძილზე საშუალო წლიური ზრდა გვაქვს 3%, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ ინვესტიციების პრობლემა გვქონდა და მომავალ წელსაც იქნება იგივე პრობლემა. ეკონომიკის ზრდის დღევანდელი დროებითი ეფექტი რომ ამოიწურება, დავუბრუნდებით ისევ დაბალ ეკონომიკურ ზრდას“, _ ამბობს ხორგუაშვილი. 

აქვე, ეკონომიკის ზრდის მთავარი გამაუფასურებელი ინფლაციაც შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვახსენოთ. მშპ-ის ზრდის ტემპისგან განსხვავებით, რომელიც მთავრობის წარმომადგენლების თქმის მიუხედავად ბოლო თვეებში ნამდვილად არ არის მუდმივად ორნიშნა, წლიური ინფლაცია გასული წლის ივლისიდან მოყოლებული ორნიშნა მაჩვენებელს არ ჩამოსცილებია. 

ცხრილში მოცემულია მიმდინარე წლის თვეებში ეკონომიკის როგორი ზრდის ტემპი და აგრეთვე რამხელა ინფლაციაა. 
     

როგორც ცხრილში ჩანს, ზრდის ტემპმა მხოლოდ იანვარ-თებერვალში გადაასწრო ინფლაციის მაჩვენებელს დანარჩენ თვეებში კი ინფლაცია ბევრად აჭარბებს ეკონომიკის ზრდას. შესაბამისად, კარგად ჩანს, რომ არსებული ზრდის ტემპი სინამდვილეში მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებით გავლენას ვერ ახდენს, რადგან გაზრდილი სამომხმარებლო ფასები ამ ზრდას, ფიგურალურად რომ ვთქვათ, „ჭამს“. 

2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ. 

„ბიუჯეტი არის მაკროეკონომიკურად გაუმართავი. ბიუჯეტის ზრდას ხელისუფლება იყენებს პროპაგანდისტულად და მანიპულაციურად. 2019 წელთან შედარებით ბიუჯეტი იზრდება 8 მლრდ ლარით, მაგრამ ინფლაციის და რეალური მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ბიუჯეტი 4 წელიწადში მხოლოდ 10,9%-ით იზრდება. ამ ბიუჯეტის რეალური მსყიდველუნარიანობა ინფლაციამ შეჭამა“, _ განაცხადა გოცირიძემ. 

სხვა ქვეყნებში 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მკვლევარი, ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე სავალუტო ფონდის განახლებულ მაჩვენებლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წელს ყველაზე მაღალი ზრდა გაიანაში იქნება. 

„წელს ყველაზე სწრაფად გაიანას ეკონომიკა იზრდება – 58%-ით! პირდაპირი გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ნავთობმა ამოხეთქა. 2019 წელს ახალი საბადოები აღმოაჩინეს და ბოლო 3 წელიწადში გაიანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 3-ჯერ გაიზარდა. მომავალ წლებშიც შთამბეჭდავი ზრდა ექნებათ და 2027 წელს სიმდიდრით მე-5 ქვეყანა იქნება მსოფლიოში, ერთ მოსახლეზე 100 ათას დოლარზე მეტი წლიური შემოსავლით. 2019 წელს მე-100 ადგილზე იყო, საქართველოზე ქვემოთ. ამათი ნავთი არა და, წყალი გადმოგვსხმოდეს. 

სამწუხაროდ, ოფიციალური მონაცემებით წელს რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 3.4%-ით შემცირდება, თუმცა კლება 2023 წელსაც გაგრძელდება და ჯამში, 6%-ით შემცირდება. სავალუტო ფონდი აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზში რუსეთის ეკონომიკის 8.5%-ით კლებას ელოდა. რუსეთს ძალიან დაეხმარა ბუნებრივ რესურსებზე გაზრდილი ფასები და დიდი არადასავლური განვითარებადი ქვეყნები, რომლებმაც რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები შეინარჩუნეს და ზოგმა გაზარდა კიდეც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მარტიდან რუსეთმა ეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნება შეწყვიტა და რეალური სურათის დანახვა რთულია. გარდა ამისა, ეს შეფასება არ მოიცავს სექტემბრიდან განვითარებულ მოვლენებს. მაგალითად, მობილიზაციის გამო ემიგრაციის დაჩქარებას, ნავთობის შედარებით გაიაფებას და სანქციების ახალ პაკეტს. 

არანაკლებ რთული სიტუაციაა ბელარუსში, წელს მისი ეკონომიკა 7%-ით შემცირდება. 

უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდება. ბევრია, მაგრამ გაზაფხულზე 50%-ით შემცირების პროგნოზი იყო. 2023-ში რა იქნება, არ ვიცით. ომი თუ დასრულდა, ძალიან სწრაფი ზრდა ექნება, გაიანას გადაასწრებს ზრდის ტემპით. 

წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება. ევროკავშირის ეკონომიკაც 3.2%-ით გაიზრდება, ამერიკის 1.6%-ით, ბრიტანეთის 3.6%-ით, იაპონიის 1.7%-ით, საფრანგეთის 2.5%-ით, გერმანიის 1.5%-ით. ასე რომ არანაირი რეცესია არ არის მსოფლიოში, მითუმეტეს დასავლეთის ქვეყნებში. რომ არა ომი, ექნებოდათ უკეთესი წელი, მაგრამ უკრაინის დახმარებას (განსაკუთრებით რუსულ გაზზე, ნავთობზე და ბაზარზე თანდათანობით უარის თქმით) გარკვეულწილად საკუთარი კეთილდღეობა შესწირეს“, _ წერს ბესო ნამჩავაძე. 

დასასრულ, ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ. ცხადია, წლევანდელი ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი კარგი მოვლენაა და მაგაზე ორი აზრი არც შეიძლება იყოს. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს მაღალი ტემპი მნიშვნელოვნად განპირობებულია წინა წლების რეცესიით – თითქმის გაჩერებული ეკონომიკის შემდეგ ოდნავი გამოცოცხლებაც შთამბეჭდავი რიცხვებით გამოისახება. მომავალი წლისთვის შემცირებული პროგნოზი ნამდვილად დასაფიქრებელია. ასევე, რაც უფრო დიდხანს გასტანს ეკონომიკის ზრდის ტემპზე მაღალი ინფლაცია, მოსახლეობის კეთილდღეობა ნამდვილად ვერ გაუმჯობესდება. 

თემურ იობაშვილი