ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: ოქტომბერი-2022 - №10(274), 2022
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

- ფინანსთა მინისტრის მიერ 18.10.2022-ში მიღებული #358 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. 
ცვლილების მიხედვით სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი ან წერილი არ საჭიროებს ხელმოწერას, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას. ასევე, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. მოცემულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს თუ წერილს. 

- შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ 21.10.2022-ში მიღებული და ამოქმედებული #26810 ბრძანებით ცვლილება შევიდა ამავე პირის მიერ დამტკიცებულ „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ 2020 წლის 12 თებერვლის #3386 ბრძანებაში. 

ცვლილების თანახმად „სასაზღვრო ზოლში ზოგიერთი სამეურნეო საქმიანობის დაშვების შესახებ“ პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 14 აპრილის #100 ბრძანებით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის #674 განკარგულებით გათვალისწინებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მომიჯნავედ არსებული, სავაჭრო ობიექტის მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: #22.30.02.800) განისაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონად. 

აქვე შევნიშნავთ, რომ 12.02.2020 წლის ბრძანებით საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრული იყო მხოლოდ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ მთავრობის 2020 წლის 4 მაისის #754 განკარგულებით გათვალისწინებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მომიჯნავედ არსებული, სასაწყობე მეურნეობის, სავაჭრო ობიექტისა და ავტოსაგასამართი სადგურის აშენებისათვის და მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: #74.01.15.054). 

- 13.10.2022-ში შემოსავლების სამსახურის უფროსის #26094 ბრძანებით დამტკიცდა „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითება, რომელიც გამოიყენება 2022 წლის 1 იანვრიდან გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისების მიმართ. 

აღნიშნული მეთოდური მითითების მიზნებისთვის, სავაჭრო ობიექტი არის მაღაზია (მარკეტი, სუპერმარკეტი ან ჰიპერმარკეტი), სადაც არასასურსათო საქონლის საცალო რეალიზაცია ხორციელდება „ღია საწყობის“ პრინციპით, არაარსებითი დანაკარგად კი განხილულია გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებში მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის დანაკლისის ჯამი, რომლის საბაზრო ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული, მათ შორის დანაკლისად დაბეგრილი, არასასურსათო საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა (დღგ-ის გარეშე) ჯამის 0,5%-ს. 

მითითებიდან გამომდინარე გათვალისწინებული არაარსებითი დანაკარგი, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის არ განიხილება დანაკლისად. 

მაგალითი #1 

ფაქტობრივი გარემოება 

შპს „X“-ის საგადასახადო რეგისტრაციის პერიოდი სრულად მოიცავს 2022-2023 წლებს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ორი სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან საწარმო ახორციელებდა სურსათის, არასასურსათო საქონლის და სხვა საქონლის რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით. 

მოცემულ პირობებში, შპს „X“-ის 2022 წლის შემოსავალმა შეადგინა 2 000 000 ლარი (დღგ-ის გარეშე). მათ შორის: 

● სურსათის რეალიზაციიდან _ 1 000 000 ლარი (თითოეული სავაჭრო ობიექტიდან 500 000 ლარი); 

● არასასურსათო საქონლის (ჰიგიენის საშუალებების) რეალიზაციიდან _ 700 000 ლარი (თითოეული სავაჭრო ობიექტიდან 350 000 ლარი); 

● სხვა საქონლის (საყოფაცხოვრებო ტექნიკის) რეალიზაციიდან _ 300 000 ლარი. 

შპს „X“-ის ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ ორივე სავაჭრო ობიექტში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2023 წლის მაისის თვეში ერთ-ერთ მათგანში გამოვლინდა დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე), ჯამში 5 000 ლარი. მათ შორის: 

● სურსათის დანაკლისი _ 2000 ლარი; 

● არასასურსათო საქონლის (ჰიგიენის საშუალებების) დანაკლისი _ 2 000 ლარი; 

● სხვა საქონლის (საყოფაცხოვრებო ტექნიკის) დანაკლისი _ 1 000 ლარი. 

2023 წლის სხვა თვეებში დანაკლისი არ გამოვლენილა. 

შეფასება და შედეგი 

წინამდებარე მეთოდური მითითების მიზნებისთვის, არაარსებითი დანაკარგის გამოანგარიშებისთვის, მხედველობაში მიიღება მხოლოდ არასასურსათო საქონლის (განსახილველ შემთხვევაში, ჰიგიენური საშუალებების) რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი _ 700 000 ლარი. ამდენად, შპს „X“ ის 2023 წლისათვის არაარსებითი დანაკარგი იქნება (700 000*0,5%) 3 500 ლარი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ არასასურსათო საქონლის, კერძოდ ჰიგიენური საშუალებების დანაკლისის ნაწილში. შესაბამისად, 2023 წლის მაისის თვეში დაბეგვრას დაექვემდებარება სხვა საქონლის (საყოფაცხოვრებო ტექნიკის) ნაწილში გამოვლენილი დანაკლისი (1 000 ლარი), ხოლო, რაც შეეხება სასურსათო საქონელში გამოვლენილ დანაკლისს, მის მიმართ გამოიყენება ,,სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითება. 

თუ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან მიმართებაში, არ არსებობს ან არსებობს არასრული წინა კალენდარული წელი, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან პირველივე სრული კალენდარული წლის ბოლომდე, არაარსებითი დანაკარგი დგინდება ამ პერიოდის თითოეული კალენდარული თვის მიმართ ცალ-ცალკე. ამ პერიოდში პირველად გამოვლენილი დანაკლისის შემთხვევაში, დანაკლისის გამოვლენის კალენდარული თვის მიმართ არაარსებითი დანაკარგი არის არასასურსათო საქონლის დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან ამ დანაკლისის გამოვლენის კალენდარული თვის ჩათვლით, გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული არასასურსათო საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამის 0,5%: 

მაგალითი #2 

ფაქტობრივი გარემოება 

შპს „X“-ის საგადასახადო რეგისტრაციის პერიოდი არასრულად მოიცავს 2022 წელს (პირი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 01.06.2022 ში) და სრულად მოიცავს 2023 წელს. ამასთან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან საწარმო ახორციელებდა არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის) რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით. 

შპს „X“-ის ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ სავაჭრო ობიექტებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2022 წლის ნოემბრის თვეში გამოვლინდა არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის) დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე), ჯამში 2 000 ლარი. გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თვიდან (ივნისი/2022) დანაკლისის პირველად გამოვლენის კალენდარული თვის ჩათვლით (ნოემბერი/2022), გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის) სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამმა 600 000 ლარი შეადგინა (დღგ-ის გარეშე). 

შეფასება და შედეგი 

2022 წლის ნოემბრის თვის არაარსებითი დანაკარგი იქნება (600 000 * 0,5%) 3 000 ლარი, შესაბამისად, ამ თვეში არ წარმოიშობა დასაბეგრი დანაკლისი, ამასთან, პირი უფლებამოსილია 2022 წლის ნოემბრის თვის არაარსებითი დანაკარგის გამოუყენებელი ნაწილი, (3 000 – 2 000) 1 000 ლარი გამოიყენოს შემდგომ პერიოდებში. 

მეორედ და ყოველ შემდგომ ჯერზე გამოვლენილი დანაკლისის შემთხვევაში, დანაკლისის გამოვლენის კალენდარული თვის მიმართ არაარსებითი დანაკარგი არის არასასურსათო საქონლის დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან ამ დანაკლისის გამოვლენის კალენდარული თვის ჩათვლით, გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული არასასურსათო საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამის 0,5%, იმ პირობით, რომ აღნიშნული თანხა უნდა შემცირდეს წინა კალენდარულ თვეებში გამოყენებული არაარსებითი დანაკარგებით: 

მაგალითი #3 

ფაქტობრივი გარემოება 

ფაქტობრივი გარემოება იგივეა, რაც მე-2 მაგალითში და ამასთან: 

● შპს „X“-ის ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ სავაჭრო ობიექტებში მე-2-ჯერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2023 წლის იანვრის თვეში გამოვლინდა არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის) დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე), ჯამში 5 000 ლარი. 

● გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თვიდან (ივნისი/2022) დანაკლისის მე-2-ჯერ გამოვლენის თვის ჩათვლით (იანვარი/2023), გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის) სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამმა 1 000 000 ლარი შეადგინა (დღგ-ის გარეშე). 

შეფასება და შედეგი 

2023 წლის იანვრის თვის არაარსებითი დანაკარგი იქნება ((1 000 000 * 0,5%) – 2 000) 3 000 ლარი. შესაბამისად, ამავე თვეში დაბეგვრას დაექვემდებარება არაარსებით დანაკარგზე მეტი ოდენობით არსებული დანაკლისი (5000 – 3 000) 2 000 ლარი. 

მოცემული მეთოდური მითითების მიზნებისთვის, არასასურსათო საქონელი არის ნებისმიერი პროდუქტი, გარდა: 

ა) სურსათი 

ბ) აქციზური საქონელი; 

გ) ღვინო; 

დ) მარკირებას/ნიშანდებას დაქვემდებარებული სასმელები; 

ე) ფარმაცევტული პროდუქტი ან/და საკვები დანამატები; 

ვ) ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ან/და სამშენებლო ან/და სხვა დანიშნულების: 

ვ.ა) ტექნიკა; 

ვ.ბ) მოწყობილობა; 

ვ.გ) ინვენტარი; 

ვ.დ) ავეჯი; 

ვ.ე) ტექსტილი; 

ზ) ტანსაცმელი ან/და ფეხსაცმელი ან/და სხვა სამოსი და შესაბამისი აქსესუარები; 

თ) კოსმეტიკა ან/და პარფიუმერია.

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები 

- ეროვნული ბანკის პეზიდენტის 12.10.2022 ის #139/04 ბრძანებით ცვლილება შევიდა „NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესში, რომლის მიხედვითაც ტერმინი – ანგარიშგება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 
     

ანგარიშგება - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დანართი #1 და დანართი #4, „სესხის გამცემი სუბიექტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე~ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დანართი #4 და დანართი #5, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დანართი #3, „საკრედიტო კავშირებისათვის სესხის გაცემის პირობებისა და რისკის დონეების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგება, „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის #32/04 ბრძანებით დამტკიცებულ დანართ #8-ში მოცემული სტატისტიკური მონაცემების ანგარიშგება მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ“. 

ასევე 12.10.2022-ში მიღებული #138/04 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში“, რომლის მიხედვითაც პუნქტმა ეროვნულ ბანკს კონსოლიდირებული კვარტალური ანგარიშგება (დანართი #3) უნდა წარუდგინოს ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით საანგარიშგებო კვარტლის დამთავრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, „NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის #69/04 ბრძანებით განსაზღვრული წესით.

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 31.10.2022-ის #152/04 ბრძანებით დამტკიცდა კომერციული ბანკების ლიცენზირების წესი. 

აღნიშნული წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების, უცხოური სანდო ბანკის ფილიალის, უცხოური ბანკის ფილიალის და შვილობილი ბანკის ლიცენზირების საკითხებს. 

საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი, საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია. 

საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად იურიდიულმა პირმა წერილობით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს. წერილობითი მიმართვა წარდგენილი უნდა იყოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირის მიერ და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. წერილობითი მიმართვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ეროვნული ბანკი გადაამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის ფორმალურ შესაბამისობას კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სრულყოფილი ინფორმაცია, ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას მის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გასვლის შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი მის მიღებაზე იღებს უარს. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სრულყოფილი წერილობითი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი წერილობით უდასტურებს პირს მის მიღებას, რომელშიც მიეთითება ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა. 

„ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას განიხილავს სრულყოფილი წერილობითი მიმართვის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 6 თვის ვადაში. განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტულ შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში ჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება და განისაზღვრება ვადა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად (მათ შორის, რამდენჯერმე). ლიცენზიის მაძიებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ვადის დინების განახლების საფუძველია, ხოლო დადგენილ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. განხილვის შედეგად, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობებს ლიცენზიის გაცემაზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს, თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სალიცენზიო მოთხოვნებს ან/და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში~. 

წესის თანახმად, ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე საბანკო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე არსებითად ახალი და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების და ფინანსურ მომსახურებაზე მომხმარებელთა წვდომის გაზრდის მიზნით, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს იურიდიულ პირზე გასცეს პირობითი ლიცენზია კომერციული ბანკის ლიცენზირებისათვის კანონმდებლობით მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დროებით გამარტივებით. პირობითი ლიცენზიის გაცემისას, რისკების შემცირების მიზნით, ბანკს შეუძლია განსაზღვროს შესაბამისი შეზღუდვები ან ინდივიდუალური, დამატებითი მოთხოვნები, მათი სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები. 

სხვა ცვლილებები 

- 17.10.2022-ის მთავრობის #490 დადგენილებით ცვლილება შევიდა ამავე პირის 2005 წლის #136 ბრძანებით დამტკიცებულ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში“. 
ცვლილების თანახმად: 

ლიცენზიის გაცემა დაუშვებელია ინერტული მასალის მოპოვების მიზნით, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა (გარდა მდინარე რიონის ძირითადი კალაპოტისა და მისი შენაკადებისა) ჭალა-კალაპოტებიდან და ჭალისზედა პირველი ტერასებიდან, შავი ზღვის შესართავიდან 20 კილომეტრის მანძილზე პირდაპირი ხაზით. მოცემულ დიაპაზონში ინერტული მასალის მოპოვება ნებადართულია ამ დებულების 74 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-4 პუნქტით ან მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე იმ შემთხვევებში, თუ მოპოვება წარმოებს ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან შავი ზღვის ნაპირების აღდგენის მიზნით. მოპოვება დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, თუ მითითებულ საზღვრებში ინერტული მასალა დასაწყობებულია (ტექნოგენური დანაგროვი) ჰიდროელექტროსადგურისთვის საჭირო სამშენებლო/ საექსპლოატაციო სამუშაოების შედეგად. 

74 მუხლის პირველ პუნქტს დამატებული „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით: სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მშენებლობის პროცესში გამოსაყენებლად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი, თუ კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის მიზნით, პროექტის ღირებულება ან საინვესტიციო მოცულობა შეადგენს არანაკლებ 100 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობას. ამ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, წარადგინოს პროექტის ან საინვესტიციო მოცულობის არანაკლებ 100 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

ერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ლიცენზიისგან თავისუფლდება მხოლოდ 200 000 მ3-ამდე მოცულობის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გარდა 74 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ (– სამშენებლო სამუშაოების წარმოების ტერიტორიასა და ამავე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით) და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ შემთხვევაში, ერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლება დაიშვება სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით გათვალისწინებული ოდენობით. 

ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები შეასრულოს ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 თვისა, გარდა 74 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები განახორციელოს ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში. „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრულ ვადაში“. 

იხილეთ ასევე: 

– 20/10/2022-ის საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე~. 

– 12.10.2022-ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #138/04 ბრძანება, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 28 თებერვლის #37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 26.10.2022-ის მთავრობის #501 დადგენილება, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ ამავე პირის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

– 31.10.2022-ის მთავრობის #512 დადგენილება, „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამავე პირის 2018 წლის 28 ივნისის #345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 31/10/2022-ის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება "კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე".
 
მარიამ აფრასიძე