ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
დიდი მოგება და "ესტონური მოდელის" მიღმა დარჩენილი საფინანსო სექტორი - №12(276), 2022
"ესტონური მოდელის" რეჟიმში მოხვედრის რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ მთავრობამ საფინანსო სექტორს, წინასაახალწლოდ, სიურპრიზი მოუმზადა. 2022 წლის ნოემბრის ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე ბანკებს (მათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და საკრედიტო კავშირებიც მიაყოლეს) გამოუცხადეს, რომ ეს რეჟიმი საერთოდ დაევიწყებინათ და მოგების გადასახადის ახალი განაკვეთით დაბეგვრისთვის მომზადებულიყვნენ. არადა, საბანკო სექტორს მთავრობისგან პირობა ჰქონდა მიღებული, რომ "ესტონური მოდელის" რეჟიმზე 2023 წლიდან გადავიდოდნენ. 

ასე რომ, "ესტონური მოდელი", რომელიც კომპანიის მიერ მიღებული მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიას მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, საფინანსო სექტორზე აღარ გავრცელდება. უფრო მეტიც, მოგების გადასახადი მათთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. 
იმავდროულად, განისაზღვრა, რომ საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის მიერ 2023 წლისა და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან აღარ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში აღარ ჩაირთვება. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ბანკების მიერ მიღებული მაღალი მოგება დაასახელა. 

"ეკონომიკური საბჭოს ფორმატში მნიშვნელოვანი განხილვები გვქონდა და გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. გადავწყვიტეთ, ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. `ესტონურ მოდელზე~, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. ეს `ესტონური მოდელის~ ჩანაწერი გაუქმდება. გაუმართლებელია, რადგან ბანკებს ამხელა მოგება აქვთ. 2 მლრდ იქნება ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლომდე. გარდა ამისა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერმა ასევე დასძინა, რომ ქვეყანას ძლიერი საბანკო სექტორი აქვს, საიდანაც 2 ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ამასთანავე ბანკებს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეაქვთ, თუმცა "ესტონური მოდელის" რეჟიმი კარგად განვითარებულ საბანკო სექტორს არ სჭირდება. 

ამ ცვლილების მხარდამჭერთა მხრიდან, ერთ-ერთ დამატებით სამოტივაციო არგუმენტად ისიც გაჟღერდა, რომ ბანკების მოგების დიდი ნაწილი, როდესაც ხდებოდა მისი დივიდენდებად განაწილება, გადიოდა საზღვარგარეთ იმ ქვეყნების რეზიდენტებზე, რომლებთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებები „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“. ამის გამო, დივიდენდებზე 5% საშემოსავლო გადასახადის დაკავება აღარ ხდებოდა და გამოდიოდა, რომ ბანკების მოგების გადასახადით დაბეგვრა უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ 15%-იანი განაკვეთით შემოიფარგლებოდა. 

მთავრობის გადაწყვეტილება მოგების გადასახადის გაზრდის შესახებ მოულოდნელი აღმოჩნდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის. 
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში, მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელის კიდევ ერთხელ გადავადებაზე მსჯელობა მიმდინარეობდა და საფინანსო სექტორში იყო მოლოდინი, რომ ის აღარ ამოქმედდებოდა, მაგრამ გადასახადის 20%-მდე გაზრდას არ ელოდნენ. 

"უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ბანკებისთვის მოგების გადასახადის "ესტონური მოდელი" შესაძლოა, არ ამუშავებულიყო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ მოგების გადასახადი 15%-დან 20% მდე გაიზრდებოდა", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, აღნიშნულ ცვლილებებზე ინფორმაციის მოწოდება ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა. 

"გავიგეთ სამი ცვლილების შესახებ. ეს იყო, რომ "ესტონური მოდელი" არ ამოქმედდება, საერთოდ გაუქმდება, თუ გარკვეული ვადით არ ამოქმედდება, აქაც არსებობს კითხვის ნიშანი. მეორე ნაწილია, მოგების გადასახადის ზრდა. მესამეა, EFR-ის აღრიცხვაზე გადასვლა, სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის კუთხით, რაც ასევე ეფექტს ახდენს როგორც გადასახადზე, ასევე რეალურად მოგება/ზარალზეც. თეორიულად EFR-ის ანგარიშგებაზე გადასვლას მივესალმებით. უბრალოდ, რა ეფექტი ექნება ეკონომიკაზე, ამასაც ვნახავთ", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი არველაძემ საინფორმაციო პორტალ "ბიემჯი"-სთან ასევე აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდა სიურპრიზი იყო. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, ე.წ. ესტონური მოდელის კიდევ გადავადებაზე მსჯელობა მიმდინარეობდა და მოლოდინიც იყო, მაგრამ გადასახადის 20%-მდე გაზრდას არ ელოდნენ. "ჯამში, ორივე ნაწილში სიურპრიზი გამოვიდა", - განაცხადა არველაძემ. 

საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 16 დეკემბერს მიიღო ინიციირებული კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", საქართველოს კანონი #2439-IXმს-Xმპ, რომელიც საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე 23.12.2022 წ. გამოქვეყნდა და 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 

კანონში ცვლილებების შესახებ განმარტების ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებების მომზადება გამოწვეულია ფინანსური ინსტიტუტებისთვის (კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი) ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის პრინციპის შეცვლის, მოგების გადასახადის დაბეგვრის არსებული პრინციპის შენარჩუნების, გაცემულ დივიდენდზე გადასახადის გაუქმების და მოგების გადასახადის განაკვეთის ოპტიმიზაციის აუცილებლობით. 

დოკუმენტის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და საკრედიტო კავშირები, აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ახორციელებენ, ამავე წესით განსაზღვრული, სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას. 2023 წლიდან აღნიშნული სუბიექტები ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას განახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით. ასევე, კანონპროექტის მიხედვით შენარჩუნდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მოგების გადასახადით დაბეგვრის არსებული (მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ. კლასიკური მოდელი) რეჟიმი. 

კანონპროექტის მიხედვით აღარ დაიბეგრება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ 2023 წლის და შემდგომ პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით იბეგრება 5 პროცენტით, ამავე დროს აღნიშნული სუბიექტების დასაბეგრი მოგება დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად 15 პროცენტისა. "ეს აუცილებელია ბიუჯეტის გამოწვევების საპასუხოდ, ასევე სამართლიანი დაბეგვრის და ადმინისტრირების გამარტივების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოგების გადასახადის განაკვეთის ცვლილება, მათ მიერ გაცემულ დივიდენდზე გადასახადის გაუქმება, აგრეთვე ერთობლივი შემოსავლიდან ცალკეული ხარჯების გამოქვითვის პრინციპის ცვლილება გავლენას არ იქონიებს 2023 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან 2023 წლის ბიუჯეტში გადახდილი მოგება მიიმართება 2022 წელს გენერირებული მოგების მიხედვით, მოგების გადასახადის დაბეგვრის არსებული მოდელის გათვალისწინებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი 2023 წლის 1 იანვრიდან ფინანსური ინსტიტუტების (გარდა სადაზღვევო ორგანიზაციებისა) დაბეგვრის "ესტონურ მოდელზე" გადავიდოდნენ, ბიუჯეტი დაახლოებით 127 მილიონ ლარს დაკარგავდა. 

რაც შეეხება ფინანსური ინსტიტუტებისთვის (გათვლებში გამოყენებულია 14 ბანკის, 182 სესხის გამცემი სუბიექტის, 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და 1 საკრედიტო კავშირის მონაცემები) მოგების გადასახადის განაკვეთის ცვლილების გავლენას 2024 წლის საბიუჯეტო შემოსავლებზე. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს ფინანსურ ინსტიტუტების მიერ გენერირებული დასაბეგრი მოგება შეადგენდა დაახლოებით 1,732 მილიარდ ლარს. არსებული საგადასახადო სისტემით საფინანსო სექტორს მოგების გადასახადში უნდა მიემართა 260 (1.732*0.15) მილიონი ლარი და დივიდენდის სახით კი 74 (1.732*0.85*0.05) მილიონი ლარი. ახალი განაკვეთის პირობებში ბიუჯეტში გენერირებული იქნებოდა 346 მილიონი ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური ინსტიტუტები წინა წლების განმავლობაში თითქმის არ ანაწილებდნენ მიღებულ მოგებას, საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება დაახლოებით 86 (346-260) მილიონი ლარით, ხოლო იმ დაშვებით, რომ ფინანსური ინსტიტუტები წინა წლებში ანაწილებდნენ კუთვნილ მოგებას, აღნიშნული ცვლილების დადებითი ეფექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქნება 12 (346-260-74) მილიონი ლარი. 

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოგების გადასახადის ე.წ. "ესტონური მოდელი", რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა, ამ ეტაპზე საბანკო სექტორს არ სჭირდება. დავითაშვილის თქმითვე, ეს მოდელი ხელშემწყობი მექანიზმია და ის საქართველოს საბანკო სისტემას მაჩვენებლებიდან გამომდინარე, არ სჭირდება. 

"ვხედავთ, რომ დღეს საბანკო სექტორი არის ძლიერი, წამყვანი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკონომიკისთვის საამაყო. დღეს ასევე ვხედავთ, რომ საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად განვითარებულია, მაშინ როცა `ესტონური მოდელი~ ძირითადად საშეღავათოა და ამიტომ ბანკებს არ სჭირდებათ ამ ეტაპზე ეს მოდელი. ამ საკითხზე იყო ბანკებთან კომუნიკაცია და ეს გადაწყვეტილება მათთან კომუნიკაციის შედეგადაც იქნა მიღებული. ეს არ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და ძალიან მკაფიო ლოგიკა არსებობს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავითაშვილმა. 

მისივე განმარტებით, სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკას არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე აკორექტირებს. მინისტრის განცხადებით, საგადასახადო ცვლილებები ორი მიზნით დაიგეგმა: მოწყვლადი ჯგუფების სწორი საკომპენსაციო პაკეტების შემუშავება და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. 

"ეს ადეკვატური პოლიტიკაა იმ რეალობაზე, რომელიც გვაქვს, ანუ სახელმწიფო, სიტუაციიდან გამომდინარე აკორექტირებს პოლიტიკას, იმისთვის, რომ ქვეყანაში, ერთი მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია სწორად განვახორციელოთ და მეორე მხრივ, შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდა და მდგრადობა. დღეს, ჩვენი ბიუჯეტის სულისკვეთება სწორედ ეს არის. ამას ეხება მთავარი აქცენტები, რადგან მსოფლიოში ძალიან დიდი გაურკვევლობაა, მსოფლიო ეკონომიკების მოსალოდნელი რეცესიებიდან გამომდინარე. ამიტომ ხდება მოწყვლადი ჯგუფებისთვის სწორი საკომპენსაციო პაკეტების შეთავაზება, ამავე დროს საქართველოს ბიუჯეტში შენარჩუნებულია აქცენტი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ კაპიტალურ დანახარჯებზე, რათა ეკონომიკამ მომავალში ზრდა გააგრძელოს და იყოს მდგრადი", - განაცხადა დავითაშვილმა.. 

რაც შეეხება საბანკო სექტორის მოგებას, ეროვნულ ბანკს 2022 წლის მთლიანი მაჩვენებელი ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს. იანვარ-ნოემბრის მონაცემებით კი საბანკო სექტორს მართლაც სოლიდური წმინდა მოგება უფიქსირდებათ - 1,974 მილიარდი ლარი. 11 თვეში მათ მიერ გადახდილმა მოგების გადასახადის მოცულობამ 305,9 მილიონი ლარის შეადგინა. 2022 წლის 11 თვეში კომერციულმა ბანკებმა 6,750 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს. აქედან საპროცენტო შემოსავლებმა - 5,105 მილიარდი ლარი შეადგინა. 1,644 არასაპროცენტო შემოსავლები იყო, 516 მილიონი ლარი საკომისიო გადასახდელებიდან მიღებული შემოსავლებია, ხოლო ჯარიმა-საურავებიდან ბანკებმა - 88,3 მილიონი ლარი მიღეს. 

მოგების გადასახადის "ესტონური მოდელი" ბიზნესისთვის 2018 წლიდან ამოქმედდა, რომელიც ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება. მთავრობაში განმარტავენ, რომ "ესტონურმა მოდელმა" გაამართლა და რეინვესტირების მოცულობა გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს რეინვესტირების მაჩვენებელი - 24,6 მილიონი დოლარი იყო, 2019 წელს - 635,1 მილიონი დოლარი, 2020 წელს - 500,5 მილიონი დოლარი, 2021 წელს - 769,9 მილიონი დოლარი შეადგინა. 2022 წლის სამ კვარტალში (სრული წელი ჯერ გამოქვეყნებული არ არის) საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1,006 მილიარდი დოლარი. 

მაკა ხარაზიშვილი