ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: თებერვალი-2023 - №2(278), 2023
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

- 09.02.2023-ში პარლამენტის მიერ მიღებული #2578-XIმს-Xმპ კანონით ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში, რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. 

ცვლილების მიხედვით, ამ კოდექსის 39-ე მუხლის, რომელიც ეხება საგადასახადო საიდუმლოებას, მე-2 ნაწილს ემატება „წ“ და „ჭ“ ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ანდა ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ამასთან მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს ასევე: 

„წ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო შესყიდვების სააგენტოს – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; 

ჭ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას“. 

ცვლილება საგადასახადო კოდექსსა და სისტემურ ელექტრონული ფორმით აზარტული ან მომგებიანი თამაშობების ორგანიზების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში 

- 09.02.2023-ში მიღებული კანონების საფუძველზე ცვლილებები განხორციელდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონებში, ასევე ამავე საკითხებთან დაკავშირებით დაკორექტირდა საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლებიც, რომლებიც ამოქმედდება 2024 წლის 1 ივნისიდან. 

საგადასახადო კოდექსის მხრივ, #2590-XIმს Xმპ კანონის მიხედვით ფიზიკური პირის მიერ აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული შემოსავლის ნაცვლად განიხილება ფიზიკური პირის მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული შემოსავალი. 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მიღებული #2585-XIმს-Xმპ კანონის თანახმად დაწესდა ახალი სანებართვო საქმიანობის სახეები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ანდა მომგებიანი თამაშობების ორგანიზებაზე, რომელიც ამოქმედდება 2024 წლის 1 ივნისიდან, კერძოდ კი ნებართვის სახეებს დაემატა: 

სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 

თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სამორინის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 

სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 

თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 

სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 

ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 

ამავე კანონის თანახმად პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის  გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების შესრულებისთვის. 

- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ #2586-XIმს-Xმპ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტს დამატებული „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებით დადგინდა სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობები, რომელიც ასევე ამოქმედდება 2024 წლის 1 ივნისიდან: 

„ზ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − წელიწადში 5 000 000 ლარი. 

თ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, რომლის ნებართვა გაიცემა სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, − წელიწადში 100 000 ლარი. 

ი) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება, გარდა ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − წელიწადში 1 000 000 ლარი. 

კ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება, რომლის ნებართვა გაიცემა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, − წელიწადში 100 000 ლარი. 

ლ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება − წელიწადში 100 000 ლარი“. 

- გარდა ამისა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ ასევე 09.02.2023-ში მიღებული #2584-XIმს-Xმპ კანონით აიკრძალა საქართველოს შიდა საგზაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა. 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 

- ფინანსთა მინისტრის მიერ 03.02.2023-ში მიღებული #34 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. 
ცვლილების მიხედვით დაკორექტირდა ინსტრუქციის 733 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელსაც დაემატა ახალი „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც დღგ-ის თანხის კორექტირებისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ: 

ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/ და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული; 

ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა; 

გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული; 

დ) უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. 

ამ უკანასკნელის შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამავე ბრძანებით დამატებული მე 10-მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით: 

„10. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: 

ა) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, დღგ-ის თანხის კორექტირების მიზნით, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს #III-241 დანართით დადგენილი ფორმის დეკლარაციას, რომელშიც მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად; 

ბ) თუ კორექტირების გამომწვევი გარემოება დადგა საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება საგადასახადო ორგანოს მიერ. 

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციით მოთხოვნილი დღგ ით დასაბეგრი თანხის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო, დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან ორი თვის ვადაში. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა. დღგ-ით დასაბეგრი თანხა დაკორექტირდება საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ამასთანავე, დღგ-ის თანხის კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა“.
     
     

- 13.02.2023-ში მიღებული #39 ბრძანებით დაკორექტირდა ინსტრუქციის მე-2 და მე-3 მუხლები, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ან საბაჟო ვალდებულების წარმოშობისას ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს და განაცხადის ნაცვლად შესაძლებელია აღნიშნული პროცესი განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსთვის ვიდეოზარით მიმართვის საფუძველზე. 

საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე ფიზიკური პირის ვიდეოზარით მიმართვა ასევე წარმოადგენს ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის მოთხოვნას. ცალკეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით მიმართვის ნაცვლად, პირს მოსთხოვოს #I-01 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა. 

ფინანსთა მინისტრის ბრძანება #994 

- ფინანსთა მინისტრის მიერ 24.02.2023-ში მიღებული #55 ბრძანებით ცვლილება შევიდა „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესში“. 

ცვლილების თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურების შესახებ“ განცხადების წარდგენამდე, ვადაგასული თუ გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი საქონელი გამოაცალკევოს ვარგისი საქონლისგან. ამასთან, აღნიშნულის შეუსრულებლობა ითვლება ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების გამომრიცხველ გარემოებად. 

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები 

- 22.02.2023-ში მიღებული #2627-XIმს-Xმპ ორგანული კანონის საფუძველზე, ცვლილება შევიდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში, რომელიც ამოქმედდება 01.07.2023-დან. 

ცვლილების მიხედვით აღნიშნულ კანონს დაემატა ახალი ტერმინი _ მიკრობანკი, რომელიც არის სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, იგი ლიცენზირებულია ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას. 

მიკრობანკს უფლება აქვს, ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის შესაბამისად მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) და აწარმოოს პირთა ფართო წრისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება. 

ამასთან, 48-ე მუხლს, რომელიც ეხება ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას, დაემატა მე-16 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარავი თანხა არ აქვს, ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის აუცილებელი ხარჯების დასაფარავად გასცეს თანხა, რომელიც დაკმაყოფილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ თანხის გაცემისა და დაკმაყოფილების წესს დაადგენს ეროვნული ბანკი. 

სხვა ცვლილებები 

- ფინანსთა მინისტრის 16.02.2023-ში მიღებული #48 ბრძანებით ცვლილება შევიდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დებულებაში. მოცემული ბრძანების მოქმედება ვრცელდება 2023 წლის 2 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

ცვლილების თანახმად სამსახურის ძირითად ფუნქციებს, დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის ფარგლებში (იმ სახელმწიფოთა განსაზღვრა, რომელთა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილ წევრსაც ექნება რეესტრში დარეგისტრირების უფლება) დაემატა ახალი პუნქტები: 

„უ1) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა ზედამხედველობა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა. 

2) შესაბამის რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიცირებული ბუღალტრების, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების, აუდიტორების, აუდიტორული (აუდიტური) და საბუღალტრო ფირმების მიერ ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა. 

3) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებული პირის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად, სახელმძღვანელო მითითებების გამოცემა და მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება“. 

ამავე ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა სამსახურის აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულები, რომელთაც წარმოადგენენ საბჭოს სამართლებრივი მხარდაჭერის და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამმართველო. 

ასევე განისაზღვრა ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულები _ ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო და ანგარიშგებების ადმინისტრირების სამმართველო. 

- ფინანსთა მინისტრის #56 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2020 წლის 18 ნოემბრის #275 ბრძანებაში. 

ცვლილების შედეგად სეს ესნ-ის V კარის 26-ე ჯგუფის 2601 სასაქონლო პოზიცია ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
     

იხილეთ ასევე: 

– 09.02.2023-ის #2587-XIმს-Xმპ კანონი ,„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 28.02.2023-ის მთავრობის #87 დადგენილება, „ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2019 წლის 16 ივლისის #335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მთავრობის 2022 წლის 2 მარტის #105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე. 

– 21.02.2023-ის საქართველოს მთავრობის #73 დადგენილება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. 

– 20.02.2023-ის შემოსავლების სამსახურის უფროსის #3126 ბრძანება, „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამავე პირის 2020 წლის 11 სექტემბრის #27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 10.02.2023-ის მთავრობის #60 დადგენილება, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ ამავე პირის 2020 წლის 2 ივლისის #403 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

– 17.02.2023-ის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება #ნ-1 „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის #ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე~.
 
მარიამ აფრასიძე