ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
რა პირობებით გასცემენ ბანკები იპოთეკურ სესხებს
#1(121), 2010
სიტყვა "იპოთეკა" ბერძნულად დაგირავებას, გირაოს ნიშნავს. შესაბამისად, იპოთეკურია სესხი, რომელიც უძრავი ქონების გირავნობის ქვეშ გაიცემა. ბუნებრივია, იპოთეკური სესხის მიზნობრიობას თავად მსესხებელი განსაზღვრავს და იგი მას საკუთარი საჭიროების შესაბამისად გამოიყენებს. თუმცა, ბოლო წლებში იპოთეკურ სესხს უწოდებენ ისეთ სესხს, რომელსაც მსესხებელი უძრავი ქონების შეძენის, აშენებისა თუ გარემონტების მიზნით იღებს.

ქართულ საბანკო სექტორს იპოთეკური სესხების გაცემის ათწლიანი გამოცდილება აქვს. ეს პროდუქტი პირველებმა "თიბისი ბანკმა" და "საქართველოს ბანკმა" დანერგეს, რომლებსაც ნელ-ნელა სხვა ბანკებიც დაემატნენ, ვინაიდან ქვეყანაში და განსაკუთრებით დედაქალაქში ბინათმშენებლობის ბუმი დაიწყო. იპოთეკური სესხების გამცემი ბანკების რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ იზრდებოდა თავად სესხების მოცულობები და ვადიანობა. ბანკებმა გაამარტივეს დეველოპერულ ფირმებსა თუ სამშენებლო კომპანიებზე, ასევე ფიზიკურ პირებზე იპოთეკური თუ სხვა ტიპის სესხების გაცემის პროცედურები. ქვეყანაში საკრედიტო ბუმი შეიქმნა. ასეთ პირობებში ქართველ ექსპერტთა ნაწილი ბანკების მხრიდან სწორედ სესხების გაცემასთან დაკავშირებულ არასწორ მენეჯმენტზე ალაპარაკდა და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებდა. გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, რუსულმა სამხედრო ინტერვენციამ და ალბათ, თავად ბანკების მიერ რისკების არასწორმა გათვლამ ქართული საბანკო სექტორი სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა. ბანკებიდან დეპოზიტების გადინება დაიწყო და ეროვნული ბანკის დროული, ადექვატური ნაბიჯები რომ არა, საბანკო სექტორის კრახი გარდაუვალი იქნებოდა. სხვა ღონისძიებების პარალელურად, ბანკებმა შეზღუდეს და ერთხანს სრულად შეწყვიტეს როგორც კერძო პირების დაკრედიტება იპოთეკური სესხებით, ასევე დეველოპერული თუ სამშენებლო კომპანიების პროექტების დაფინანსება. მას შემდეგ, რაც საბანკო სექტორში მდგომარეობა დარეგულირდა, ბანკებმა ამ ტიპის სესხების გაცემა კვლავ განაახლეს.

ამჟამად საქართველოში 19 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს და მათგან მხოლოდ 7 გასცემს იპოთეკურ სესხებს. ეს ბანკებია: "ბაზისბანკი", "თიბისი ბანკი", "კორ სტანდარტ ბანკი", "პროკრედიტ ბანკი", ბანკი "რესპუბლიკა", "საქართველოს ბანკი" და "ხალიკ ბანკი საქართველო". ისინი იპოთეკურ სესხებს სთავაზობენ ყველას, ვისაც სურს საცხოვრებელი ბინის, სახლების, აგარაკების შეძენა, აშენება ან გარემონტება, ასევე ავეჯის ყიდვა. აქვე აღვნიშნავთ, რომ "საქართველოს ბანკი" გასცემს ორი სახის იპოთეკურ სესხს: "იპო+" და "ახალი იპო+".

"ახალი იპო+"-ის დროს, "იპო+"-სთან შედარებით, მეტია სესხის ვადიანობის მაქსიმუმი, მნიშვნელოვნად ნაკლებია წლიური საპროცენტო განაკვეთი. სამაგიეროდ, მსესხებლის თანამონაწილეობა (თანაც, სადეპოზიტო თანამონაწილეობა) არ უნდა იყოს 24%-ზე ნაკლები, ხოლო ყოველთვიური შემოსავალი - 600 დოლარზე ნაკლები.

ასევე ორი სახის იპოთეკურ სესხს გასცემს "ბაზისბანკი", სადაც ერთს ჰქვია უბრალოდ "იპოთეკური სესხი" და მეორეს "სასარგებლო იპოთეკა". მათ შორის რამდენიმე განსხვავებაა. ჯერ ერთი, წლიური საპროცენტო განაკვეთი პირველის შემთხვევაში 16%-იდან იწყება და მეორის შემთხვევაში 16%-დან 20%-მდე შეიძლება იყოს; მეორეც, "იპოთეკურ სესხზე" თანამონაწილეობა არ მოითხოვება, "სასარგებლო იპოთეკაზე" კი თანამონაწილეობა არის: ა) 0%, თუ წარმოდგენილი უზრუნველყოფა (ან უზრუნველყოფები) სესხის მოცულობის მინიმუმ 150%-ია; და ბ) 30%, თუ წარმოდგენილი უზრუნველყოფა შეადგენს სესხის მოცულობის მხოლოდ 100%-ს; მესამე, მსესხებლის შემოსავალი არ უნდა იყოს "იპოთეკური სესხის" დროს 400 ლარზე და "სასარგებლო იპოთეკის" დროს 600 ლარზე ნაკლები; მეოთხე, "სასარგებლო იპოთეკის" შემთხვევაში ბანკი მსესხებელს სთავაზობს ბონუსს: ყოველი წლის ბოლოს, მსესხებელს შეუძლია ისარგებლოს დამატებითი სესხით, მის მიერ დაფარული თანხის 80%-ის ოდენობით.

სად რომელ ვალუტაში და რა მოცულობის სესხებს გასცემენ

ქართული კომერციული ბანკები იპოთეკურ სესხებს გასცემენ ლარში, აშშ დოლარსა და ევროში; თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი შვიდივე ბანკი არ იძლევა სესხს სამივე ვალუტაში. ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში უძრავი ქონებისა და სხვა მეტნაკლებად ძვირადღირებული საქონლის ყიდვა-გაყიდვა, როგორც წესი, აშშ დოლარში ხდება, ამ ვალუტაში იპოთეკურ სესხებს შვიდივე ბანკი გასცემს.

ჩვენს ეროვნულ ვალუტაში ანუ ლარში სესხის აღება შესაძლებელია 4 ბანკში: "ბაზისბანკში", "პროკრედიტ ბანკში", "ხალიკ ბანკ საქართველოსა" და "საქართველოს ბანკში". ამ უკანასკნელში ლარში გაცემა ა.წ. 25 იანვრიდან წარმოებს. სწორედ ამ დღეს "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა ერთ-ერთი ტელეარხის პირდაპირი ეთერიდან პოტენციურ კლიენტებს ურჩია, რომ იპოთეკური სესხები ლარში აიღონ, ვინაიდან მათ შემოსავლებიც ეროვნულ ვალუტაში აქვთ. დღეს, როცა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში თანდათან ეცემა, გილაურის რჩევა ლოგიკურია, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუკი ბანკი კლიენტთან ხელშეკრულებაში არ ჩაწერს, რომ ეს სესხი მიბმულია ლარის კურსთან დოლართან მიმართებაში.

ევროში იპოთეკურ სესხებს გასცემს 3 ბანკი: "პროკრედიტ ბანკი", ბანკი "რესპუბლიკა" და "ხალიკ ბანკი საქართველო".     

ბუნებრივია, პოტენციური მსესხებლის მიერ ბანკის შერჩევა დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე, თუ რომელ ვალუტაში სჭირდება მას თანხა, რა მოცულობისა და ბანკების მხრიდან შემოთავაზებული პირობებიდან მისთვის რომელია უფრო ხელსაყრელი. მაგალითად, თუ საჭირო თანხის მოცულობა 1 000 აშშ დოლარზე (ან მის ეკვივალენტზე ლარში) ნაკლებია, მაშინ სესხის აღების მსურველმა უნდა მიმართოს "პროკრედიტ ბანკს", ვინაიდან მხოლოდ ეს ბანკი გასცემს 1 000 დოლარზე უფრო მცირე მოცულობის იპოთეკურ სესხებს. კერძოდ, აქ გასაცემი სესხების მოცულობები ასეთი გახლავთ: 50 აშშ დოლარიდან 100 000 აშშ დოლარამდე (ეკვივალენტი ევროში) და 100 ლარიდან 20 000 ლარამდე. სხვები კი შემდეგი მოცულობის იპოთეკურ სესხებს გვთავაზობენ:

"ბაზისბანკი" - 1 000-100 000 აშშ დოლარი (ან მისი ეკვივალენტი ლარში);

"თიბისი ბანკი" - 2 000-150 000 აშშ დოლარი;

"კორ სტანდარტ ბანკი" - 5 000-150 000 აშშ დოლარი;

ბანკი "რესპუბლიკა" - დაწყებული 2 000 აშშ დოლარი/ევროდან და ზემოთ შეუზღუდავად;

"ხალიკ ბანკი საქართველო" - 5 000-150 000 აშშ დოლარი ან 5 000-120 000 ევრო ან 10 000-250 000 ლარი;

"საქართველოს ბანკში" "იპო+"-ის დროს იწყება 3 000 აშშ დოლარი/ლარი-დან და ზედა ზღვარზე არაფერია ნათქვამი, ხოლო "ახალი იპო+"-ის დროს სესხის მაქსიმალური მოცულობა არის 240 000 აშშ დოლარი/ლარი.

როგორია სესხების ვადიანობა და წლიური საპროცენტო განაკვეთები

მინიმალური ვადა, რომლითაც ბანკები პოტენციურ კლიენტებს იპოთეკურ სესხებს სთავაზობენ, 6 თვეა. გამონაკლისს წარმოადგენს "ხალიკ ბანკი საქართველო", სადაც ამ სახის სესხის აღება 2 თვის ვადითაც არის შესაძლებელი. მაქსიმალური ვადა კი ძირითადად 10 წელია, თუმცა გამონაკლისები აქაც არის. კერძოდ, "კორ სტანდარტ ბანკი" რემონტის დროს გასცემს მაქსიმუმ 5 წლით, `პროკრედიტ ბანკი~ დოლარში გასცემს 15 წლით და ლარში 2 წლით; "საქართველოს ბანკი", რომელსაც 2 ტიპის იპოთეკური სესხი აქვს, "იპო+"-ს 6 თვიდან 10 წლამდე და "ახალი იპო +"-ს მაქსიმუმ 14 წლის ვადით გასცემს. "ხალიკ ბანკ საქართველოს" მიერ ლარში გაცემული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 7 წელია, ხოლო რაც შეეხება ბანკ "რესპუბლიკას", აქ სესხის აღება 25 წლითაც კი არის შესაძლებელი.

სესხის აღების პირობებში ნებისმიერ ნიუანსს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ყველაზე არსებითი მაინც სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის ზომაა. შვიდივე ბანკში, სადაც გასცემენ იპოთეკურ სესხებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის სიდიდე დამოკიდებულია სესხის მოცულობასა და ვადაზე, მიმდინარე სამსახურში მსესხებლის მუშაობის სტაჟსა და შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე, მსესხებლის დოკუმენტურად დადასტურებულ შემოსავალზე, ოჯახის დანარჩენ წევრთა შემოსავალზე (რომელიც ასევე დოკუმენტურადაა დადასტურებული), აგრეთვე იმ ორგანიზაციის რეიტინგსა და საიმედოობაზე, რომელშიც მუშაობს მსესხებელი.

როგორც წესი, ბანკები მათთან წლიური საპროცენტო განაკვეთის მინიმუმს მიუთითებენ, ხოლო მაქსიმუმზე არაფერს ამბობენ. გამონაკლისია ორი შემთხვევა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, "ბაზისბანკში" "სასარგებლო იპოთეკაზე" წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 16-20%; ასევე "პროკრედიტ ბანკი" აკონკრეტებს, რომ აქ წლიური საპროცენტო განაკვეთი აშშ დოლარში იპოთეკურ სესხებზე 17-22%-ის და ლარში 20-24%-ის ფარგლებშია. დანარჩენ შემთხვევებში საპროცენტო განაკვეთები იწყება: "ბაზისბანკში" 16%-დან, "თიბისი ბანკში" 14.9%-დან, "კორ სტანდარტ ბანკში" 18%-დან, ბანკ "რესპუბლიკაში" 13%-დან, "ხალიკ ბანკ საქართველოში" 15%-დან, "საქართველოს ბანკში" "იპო+"-ზე დოლარში 14,5%-დან და ლარში 15%-დან. ამავე ბანკში "ახალ იპო+" ზე მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთია 14%, მინიმუმზე კი არაფერია ნათქვამი.

როგორც ვხედავთ, ყველაზე მიმზიდველ შესაძლო საპროცენტო განაკვეთებს გვთავაზობენ ბანკი "რესპუბლიკა" და "საქართველოს ბანკი". გარდა ამისა, ბანკ "რესპუბლიკაში" სესხების ვადიანობაც ყველაზე მაღალია (25 წლამდე) და არც მოცულობებია შემოსაზღვრული. სხვა საქმეა, ეს სესხები მსურველთა რამდენად ფართო წრისთვის არის ხელმისაწვდომი, რაზეც ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.            

სესხის დაფარვის პრინციპი

სესხის დაფარვის პრინციპი ყველა ბანკში ერთნაირია და გულისხმობს მსესხებლის მიერ გარკვეული პერიოდულობით რაღაც თანხის გადახდას, ამასთან ისე, რომ თითოეული დაფარვისას ერთი და იგივე თანხას შეადგენდეს სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამი. მაგალითად, "ბაზისბანკში" სესხის დაფარვა ხორციელდება მსესხებლის მიერ შემოსავლის მიღების პერიოდულობის შესაბამისად (თვეში 2-ჯერ ან ყოველთვიურად); "თიბისი ბანკში" ხორციელდება ყოველთვიურად და  სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სესხის მთლიანად ან ნაწილობრივ წინასწარ გადახდა, ოღონდ ამ შემთხვევაში მსესხებელი დამატებით იხდის პირგასამტეხლოს, წინასწარ გადახდილი თანხის 2%-ის ოდენობით. ბანკ "რესპუბლიკაში" თქვენ შეგიძლიათ დაფაროთ სესხი თქვენი შემოსავლის წყაროს შესაბამისად: ხელფასის შემთხვევაში - ყოველთვიურად, სხვა სახის შემოსავლის შემთხვევაში - ყოველთვიურად ან ყოველკვარტალურად.

სესხის უზრუნველყოფა

იმისათვის, რომ ბანკმა იპოთეკური სესხი გასცეს, ეს სესხი მსესხებლის მხრიდან რაღაცით უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ეს "რაღაცა" აუცილებელი წესით არის ხოლმე თავად დასაკრედიტებელი უძრავი ქონება. როდესაც აღნიშნული ქონებას საკმარისად არ მიიჩნევს, ბანკი სხვა ქონების სახით ითხოვს დამატებით უზრუნველყოფას, რაც შეიძლება იყოს მსესხებლის ან ნებისმიერი სხვა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თუ სატრანსპორტო საშუალება.
 
გარდა ამისა, "თიბისი ბანკში" მოითხოვება, რომ უზრუნველყოფის ობიექტი აუცილებელი წესით იყოს დაზღვეული სესხის მოქმედების განმავლობაში მინიმუმ სესხის თანხაზე და დაზღვევის ყოველწლიურად გადასახდელი საკომისიო შეადგენს სადაზღვევო თანხის 0,32%-ს; ასევე მოითხოვება მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მოქმედების სრულ პერიოდზე და დაზღვევის ყოველწლიური საკომისიო შეადგენს სესხის მიმდინარე თანხის 1%-ს.

"პროკრედიტ ბანკში" 7000 ლარამდე, 4000 აშშ დოლარამდე ან მის ეკვივალენტამდე ევროში, იპოთეკური კრედიტები გაიცემა გირაოს გარეშე. ყველა სხვა შემთხვევაში სესხის უზრუნველყოფა შეიძლება იყოს: ტრანსპორტი, უძრავი ქონება, შესაძენი ქონება და ა.შ.

თანამონაწილეობა

იპოთეკური სესხის გასაცემად მსესხებლის თანამონაწილეობას არ მოითხოვენ: "თიბისი ბანკი", "პროკრედიტ ბანკი" და "ხალიკ ბანკი საქართველო".

იმისათვის, რომ იპოთეკური სესხი გასცეს, ოთხი კომერციული ბანკი ("კორ სტანდარტ ბანკი", ბანკი "რესპუბლიკა", "საქართველოს ბანკი" და "ბაზისბანკი" - "სასარგებლო იპოთეკაზე") მსესხებლის თანამონაწილეობას მოითხოვს; ანუ მსესხებელს სესხის აღებამდე უკვე უნდა ჰქონდეს დასაკრედიტებელი ობიექტის შესაძენად, ასაშენებლად თუ გასარემონტებლად საჭირო თანხის რაღაც ნაწილი. კერძოდ, "კორ სტანდარტ ბანკში" თანამონაწილეობის ზომა ყიდვა-აშენების დროს 30%-დან და რემონტის დროს 0%-დან იწყება; ბანკ "რესპუბლიკაში" მსესხებლის მხრიდან თანამონაწილეობა არ არის 20% ზე ნაკლები.

ცალკე უნდა ითქვას თანამონაწილეობის პრინციპზე "საქართველოს ბანკში". აქ თანამონაწილეობა ნიშნავს კლიენტის მხრიდან გარკვეული თანხის არა მხოლოდ ქონას, არამედ განთავსებას საბარათე ანგარიშზე ამავე ბანკში და თანამონაწილეობა "იპო+"-ის შემთხვევაში 0% დან იწყება, ხოლო "ახალი იპო+"-ის შემთხვევაში მინიმალური თანამონაწილეობა 24%-ს შეადგენს.

ყურადსაღებია, რომ ნებისმიერი მოცულობის თანხა, რომელსაც მსესხებელი ყოველთვიურად დაზოგავს საბარათე ანგარიშზე, შეამცირებს სესხზე საპროცენტო განაკვეთს; მსესხებლის დანაზოგი გამოაკლდება სესხის თანხას და მხოლოდ სხვაობიდან მოხდება იპოთეკური სესხის პროცენტის გამოთვლა. ამასთან მსესხებელი საბარათე ანგარიშზე დარჩენილი თანხის გამოყენებას შეძლებს ნებისმიერ დროს. რაც მეტია თანხა მსესხებლის ანგარიშზე, მით ნაკლებია პროცენტი იპოთეკურ სესხზე.

"ბაზისბანკთან" დაკავშირებით ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ანუ აქ "იპოთეკურ სესხზე" თანამონაწილეობა არ მოითხოვება, ხოლო "სასარგებლო იპოთეკაზე" თანამონაწილეობა არის ან 0%, თუ წარმოდგენილი უზრუნველყოფა (ან უზრუნველყოფები) სესხის მოცულობის მინიმუმ 150%-ია, ან 30%, თუ წარმოდგენილი უზრუნველყოფა შეადგენს სესხის მოცულობის მხოლოდ 100%-ს.

ვის შეუძლია იპოთეკური სესხით სარგებლობა

ბანკიდან იპოთეკური სესხის ასაღებად მხოლოდ გირავნობა და თუნდაც კიდევ თანამონაწილეობა არ გახლავთ საკმარისი; ამასთან ერთად აუცილებელია გარკვეული მოცულობის სტაბილური შემოსავლის ქონა, რაც პოტენციური მსესხებლის მხრიდან დოკუმენტურად იქნება დადასტურებული. ზოგიერთი ბანკი კი მსესხებლისგან გარკვეულ სამუშაო სტაჟსაც ითხოვს.

"ბაზისბანკიდან" "იპოთეკური სესხის" აღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომლის ყოველთვიური შემოსავალია მინიმუმ 400 ლარი (შრომის ანაზღაურების სახით, საიჯარო შემოსავლის სახით ან დივიდენდის სახით). მსესხებლის საერთო სამუშაო სტაჟი არ უნდა იყოს 2 წელზე, ხოლო მიმდინარე სამუშაო ადგილზე მუშაობისა – 6 თვეზე ნაკლები. იგივე მოეთხოვება აქ "სასარგებლო იპოთეკის" მსურველს, ოღონდ მისი ყოველთვიური შემოსავალი არ უნდა იყოს 600 ლარზე ნაკლები.

"თიბისი ბანკიდან" სესხის მისაღებად მოთხოვნები მსესხებლის მიმართ განსხვავდება შემოსავლის ტიპის მიხედვით. კერძოდ, ხელფასის შემთხვევაში ყოველთვიური შემოსავლის მინიმალურ ოდენობას წარმოადგენს 300 აშშ დოლარი და მუშაობის ხანგრძლივობა მიმდინარე სამსახურში (გასული უნდა იყოს საგამოცდო პერიოდი) მინიმუმ 2 წელი; დივიდენდის შემთხვევაში ყოველთვიური შემოსავლის მინიმალურ ოდენობას წარმოადგენს 800 აშშ დოლარი და კომპანია, რომელიც გასცემს დივიდენდებს, უნდა აკმაყოფილებდეს ბანკის დადგენილ კრიტერიუმებს; იჯარის შემთხვევაში ყოველთვიური შემოსავლის მინიმალურ ოდენობას წარმოადგენს 400 აშშ დოლარს და საიჯარო ფართის გაქირავების ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ ბოლო 6 თვე. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იყოს უძრავი ქონების ექსპერტის დადებითი რეკომენდაციები.

"კორ სტანდარტ ბანკიდან" იპოთეკური სესხის მისაღებად ყოველთვიური შემოსავლის მოცულობა არ უნდა იყოს 400 აშშ დოლარზე ნაკლები.

"პროკრედიტ ბანკი" არ აკონკრეტებს აუცილებელი ყოველთვიური შემოსავლის მინიმუმს და აცხადებს, რომ აქ იპოთეკური სესხის აღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით, ხოლო ვისაც "პროკრედიტ ბანკში" სახელფასო ანგარიში აქვს გახსნილი, შეუძლია იპოთეკური შეღავათიანი კრედიტი აიღოს.

ბანკ "რესპუბლიკადან" იპოთეკური სესხის მისაღებად მსესხებლის მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი 400 აშშ დოლარი/ევრო და სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1,5 წელი უნდა იყოს. გარდა ამისა, სესხის მისაღებად აუცილებელია შემოსავალი ერთხელ მაინც იყოს ჩარიცხული ბანკ "რესპუბლიკაში".

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ "საქართველოს ბანკი" გასცემს ორი სახის იპოთეკურ სესხს - "იპო+" და "ახალი იპო+". "იპო+"-ის ასაღებად აუცილებელი მინიმალური შემოსავალი არ კონკრეტდება, მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ "იპო+"-ით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც აქვს ყოველთვიური, სტაბილური შემოსავალი. "ახალი იპო+"-ით სარგებლობა კი შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან პირს, ვისაც აქვს სტაბილური შემოსავალი მინიმუმ 600 აშშ დოლარი. "იპო +"-ით ან "ახალი იპო +"-ით სარგებლობისას მსესხებელს საჩუქრად გადაეცემა: VISA ან MasterCard პლასტიკური ბარათი; დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტი; საკრედიტო ბარათი; სადაზღვევო პროდუქტები: სიცოცხლისა და შრომისუუნარობის დაზღვევა; უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა.

"ხალიკ ბანკი საქართველოდან" იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი ხელფასის, დივიდენდის ან იჯარის სახით, მინიმუმ 300 ლარის ოდენობით; ამასთან მინიმალური სამუშაო გამოცდილება უნდა შეადგენდეს 1 წელს (მიმდინარე სამსახურში საცდელი პერიოდის გასვლის პირობით) ან 1.5 წელს (ბიზნესიდან მიღებული შემოსავლის შემთხვევაში); თუ თქვენი შემოსავალი არ არის საკმარისი ოდენობის სასურველი თანხის მისაღებად, შეგიძლიათ თანამსესხებლად აიყვანოთ თქვენი ოჯახის მაქსიმუმ 2 წევრი, რომელიც ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ბანკის მოთხოვნილ კრიტერიუმებს.

საჭირო საბუთები და პროცედურა

იპოთეკური სესხის მისაღებად წარსადგენი საბუთების ნუსხა და გასავლელი პროცედურები თითქმის ყველა ბანკში ერთნაირია. კერძოდ, მოითხოვება საბუთები: განაცხადი კრედიტის მიღებაზე; საკრედიტო განაცხადის შევსებული ფორმა; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები (თუ შემოსავლის წყაროა ხელფასი: ხელფასის ცნობა და რეკომენდაცია სამსახურიდან. თუ შემოსავლის წყაროა იჯარა: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; საიჯარო ხელშეკრულების ორიგინალი. თუ შემოსავლის წყაროა დივიდენდი: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; იურიდიული პირის აქციონერთა/პარტნიორთა ხელშეკრულების ასლი; აქციონერთა/პარტნიორთა იმ კრების ოქმის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, რომელზეც მიიღეს დივიდენდების განაწილების გადაწყვეტილება ან ამონაწერი დივიდენდების გამცემი კომპანიის საბუღალტრო პროგრამიდან ან საბანკო ანგარიშიდან. თუ სხვა სახის შემოსავალია, შემოსავლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი). უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი ქონების საკუთრების დამადასტურებელი საბუთი; ბანკი იტოვებს უფლებას სესხის დასამტკიცებლად მოითხოვოს  დამატებითი საბუთები, რომლებიც არ არის მითითებული ჩამონათვალში.

საჭირო პროცედურა კი შემდეგი შინაარსისაა: კრედიტის მიღებაზე განაცხადის შევსება და საკრედიტო ექსპერტთან გასაუბრება; საჭირო საბუთების წარმოდგენა ბანკში; უზრუნველყოფის ობიექტების დათვალიერება; უზრუნველყოფის ობიექტების დაგირავება.

სესხის შესახებ საკრედიტო კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების საშუალო ვადა არის ბანკში საბუთების სრულად წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღე.

და ბოლოს, ისევ დავუბრუნდებით ბატონი ირაკლი გილაურის 25 იანვრის სატელევიზიო გამოსვლას. მისი ინფორმაციით, საბანკო დეპოზიტებზე შემოდინებები იმდენად გაიზარდა, რომ წლიური საპროცენტო განაკვეთები მცირდება. იგივე "საქართველოს ბანკში" აშშ დოლარში ერთწლიან ანაბარზე განაკვეთი თუ 11,75% იყო, ამჟამად არის 10,5% და სულ მალე (2010 წლის პირველ ნახევარში) მინიმუმ 9%-ზე ჩამოვა, 2011 წლის დასაწყისში კი 7-8% იქნება. მისივე თქმით, ცხადია, საპროცენტო განაკვეთები ნელ-ნელა სესხებზეც დაიკლებს. მაგალითად, "საქართველოს ბანკში" უკვე დაიწია და იმ დონეზეა, რაც კრიზისამდე იყო.

როგორც ვხედავთ, იპოთეკური სესხის აღების მსურველი სანამ რომელიმე კომერციულ ბანკს მიაკითხავდეს, მანამდე მას ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსის გათვალისწინება მოუწევს. იმედია, ჩვენი მიმოხილვითი სტატია მათ გარკვეულ დახმარებას გაუწევს.

დალი ჩიკვაიძე